© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
...
ფაქტები
მოსარჩელეები, ქ-ნი იოანა აპელ-ირგანგი და მისი მშობლები, ქ-ნი კერსტინ აპელი და ბ-ნი რონალდ ირგანგი არიან გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც დაიბადნენ 1993, 1956 და 1954 წლებში და ცხოვრობენ ბერლინში. სასამართლოს წინაშე ისინი წარმოადგინეს ბ-ნებმა რეიმარ ფონ ვედელმა და ჰასო ფონ ვედელმა, ადვოკატებმა, რომლებიც პრაქტიკას ბერლინში ეწევიან.
ა. საქმის გარემოებანი
საქმის ფაქტები, წარმოდგენილი მოსარჩელეების მიერ, შესაძლებელია შემდეგგვარად შეჯამდეს.
1. საქმის ვითარება
2006 წლის 30 მარტს Bundestag -მა ბერლინში გამოსცა პირველი აქტი, რომლითაც შეიცვალა 2004 წლის 26 ივნისის კანონი სკოლის შესახებ (Erstes Gesetz zur Änderung des Schulgesetzes). ახალი ცვლილებების აქტის 1 მუხლი აწესებდა ახალ, მე-6 პარაგრაფს, რომელიც უნდა ჩამატებულიყო მე-12 მუხლში და აღნიშნავდა შემდეგს:
"მე-7-დან მე-10 კლასებამდე, სახელმწიფო სკოლებში ეთიკა იქნება სტანდარტული საგანი, რომელიც წაეკითხება ყველა მოსწავლეს. ეთიკის გაკვეთილების მიზანი იქნება ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მიდრეკილებასა და უნარს, მიუხედავად მათი კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ იდეოლოგიური კუთვნილებისა, გაიაზრონ კონსტრუქციულად ინდივიდუალური ცხოვრებისა და სოციალური თანაცხოვრების, განსხვავებული ღირებულებითი სისტემებისა და ცხოვრების განმარტების ფუნდამენტური კულტურული და ეთიკური პრობლემები. მოსწავლეები, შესაბამისად შეიმეცნებენ დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრების საფუძვლებს და განივითარებენ სოციალური ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი დიალოგისა და ეთიკური განსჯის უნარს. ამ მიზნით, ცოდნა დაეფუძნება ფილოსოფიურ, რელიგიურ და ფილოსოფიის ეთიკას, სხვადასხვა კულტურებისა და ცხოვრების სტილის, ძირითადი მსოფლიო რელიგიებისა და ცხოვრების სტილის საკითხების შესწავლას. ეთიკის სწავლება დაეფუძნება ზოგად ეთიკურ პრინციპებს, ასახულს საბაზისო კანონში, ბერლინის კონსტიტუციაში და სკოლის შესახებ კანონის 1 და მე-3 მუხლებში გაწერილ სწავლებისა და განათლების მიზანს. ეთიკის გაკვეთილები ჩატარდება ფილოსოფიურად და რელიგიურად ნეიტრალურად. სკოლები რიგ საკითხებს მოიცავენ რელიგიასა და ფილოსოფიაში მომუშავე და ამ საგანში გაკვეთილების ჩამტარებელ ჯგუფებთან ერთად. ყოველი სკოლა თავად გადაწყვეტს თუ როგორ აწარმოოს ამგვარი თანამშრომლობა. ყოველმა სკოლამ უნდა შეატყობინოს მშობლებსა და მეურვეებს, დროულად და ჯეროვნად, ეთიკის გაკვეთილების მიზნის, შინაარსისა და ფორმატის შესახებ".
2006 წლის აპრილში მოსარჩელეებმა, რომლებიც პროტესტანტები არიან, შეიტანეს საკონსტიტუციო სარჩელი (ნო. 1 BvR 1017/06) აქტის წინააღმდეგ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში. 2006 წლის 14 ივლისს სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი მიუღებლად მიიჩნია სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებების ამოუწურველობის გამო, მიუთითა რა, რომ მოსარჩელეებს პირველ რიგში სკოლისათვის უნდა მიემართათ და მოეთხოვათ გათავისუფლება სკოლის შესახებ კანონის 46(5) მუხლის პირველი წინადადების მიხედვით (იხ. "შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა") და ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში წარედგინა სარჩელი ადმინისტრაციული სასამართლოებისათვის.
2006 წლის 20 ივლისს მოსარჩელეებმა თხოვეს სკოლას გაეთავისუფლებინათ პირველი მოსარჩელე ეთიკის გაკვეთილებზე დასწრების ვალდებულებიდან.
2006 წლის 29 ივლისს მათ სასწრაფო სარჩელი შეიტანეს ბერლინის ადმინისტრაციულ სასამართლოში, ითხოვდნენ რა დროებით გათავისუფლებას მთავარი სამართალწარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებამდე.
2006 წლის 1 აგვისტოს 2006 წლის 30 მარტის აქტი ძალაში შევიდა.
2. ადმინისტრაციული სასამართლოების გადაწყვეტილებანი
2006 წლის 21 აგვისტოს ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მან აღნიშნა, რომ მართალია სკოლის შესახებ კანონის 46(5) მუხლის პირველი წინადადება (იხ. "შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა") არ გამორიცხავდა გაკვეთილიდან სრული გათავისუფლების საშუალებას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მნიშვნელოვანი მიზეზი (wichtiger Grund) მოცემული დებულების მიხედვით, რომლითაც გამართლებული იქნებოდა მოთხოვნილი გათავისუფლება. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საბაზისო კანონის 7 §1 მუხლი ნებას რთავდა ბერლინის Land -ს შემოეღო ეთიკის სწავლება, რომლის მიზანიც გახლდათ ყველა მოსწავლისათვის პასუხისმგებლობით აღსავსე და ღირებულებებზე დაფუძნებული ქცევის სწავლება, როგორც ეს აღწერილია სკოლის აქტის 12(6) ნაწილში (იხ. ზემოთ). სკოლის მიზანი გახლდათ არა მარტო ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეთათვის საზოგადოების პასუხისმგებლობით აღსავსე წევრობის სწავლება. ადმინისტრაციულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ეთიკის სილაბუსი ნეიტრალური გახლდათ და უპირატესობას არ ანიჭებდა რომელიმე მრწამსსა თუ რელიგიას როგორც უფრო ლეგიტიმურს ან მნიშვნელოვანს. სკოლის აქტის 12(6) მუხლი აღნიშნავდა, რომ უნდა ისწავლებოდეს იდეებისა და ეთიკური მრწამსის მრავალფეროვნება რაც შეესაბამებოდა საბაზისო კანონში მოცემულ პრინციპებს და არ ეფუძნებოდა კონკრეტულ ეთიკურ სტანდარტს, მოუწოდებდა რელიგიური პლურალიზმისა და ფილოსოფიური მოსაზრებების ღიაობისაკენ და ასახავდა ხედვას, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანურ ღირსებას და პიროვნების ავტონომიურ და პასუხისმგებლობით აღსავსე განვითარებას. ადმინისტრაციულმა სასამართლომ დასძინა, ბოლოს, რომ პრაქტიკაში არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანებლობა ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს რელიგიურ და მოსაზრებათა ნეიტრალიტეტს. ამასთანავე, ეთიკის გაკვეთილების ჩატარების ფორმა პრაქტიკაში არ წარმოადგენდა სამართალწარმოების საგანს.
2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბერლინის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადასტურა, რომ ეთიკის გაკვეთილები შემოიფარგლებოდა რელიგიური საგნების სწავლებით და ამას ნეიტრალურად ახორციელებდა. გაკვეთილების დროს განხილულ ძირითად საკითხებს - ჰუმანიზმი, დემოკრატია და თავისუფლება - ემატებოდა ისეთი თემები როგორიცაა ტოლერანტობა, სხვათა მოსაზრებების/რწმენის პატივისცემა, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების ვალდებულება და კონფლიქტის ძალადობრივი გზებით მოგვარების პრევენცია - აღნიშნული სრულად შეესაბამებოდა საბაზისო კანონში გაწერილ ეთიკურ სტანდარტებს. ამგვარი გაკვეთილები არ წარმოშობდა პრობლემებს კონსტიტუციური სამართლის ფარგლებში. მეტიც, არ არსებობდა მტკიცებულება მასზედ, რომ პრაქტიკაში ეთიკის გაკვეთილების სწავლებისას ადგილი ჰქონდა კურსის მონახაზისაგან გადახვევას.
მოსარჩელეთა პასუხად, სადაც მათ მითითება გაკეთეს ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო სკოლების საკლასო ოთახებში ჯვრის დაკიდებაზე, ადმინისტრაციულმა სააპელაციო საამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მოსარჩელე არ იმყოფებოდა მსგავს ვითარებაში. მოსარჩელეები ჩიოდნენ ვალდებულებაზე დასწრებულიყო გაკვეთილებს, რომელიც "არ წარმოდგენდა რელიგიურს, ანუ სკულარულს". განმარტების მიხედვით, ვერ განხორციელდებოდა ჩარევა მათ რელიგიის თავისუფლებაში, რომელიც კიდევ უფრო უკეთ იყო გარანტირებული სკოლაში რელიგიურ-საგანმანათლებო გაკვეთილებზე დასწრებით, სადაც ისწავლებოდა ქრისტიანული მრწამსის ეთიკური ღირებულებანი. მოსარჩელეთა არგუმენტი მასზედ, რომ ეთიკის გაკვეთილი იყო ანტიკლერიკული და ანტირელიგიური სრულიად უსაფუძვლო გახლდათ. ამასთანავე "მასონურ იდეოლოგიაზე" მითითებისას მოსარჩელეებს, როგორც ჩანს, ერეოდათ ეთიკის გაკვეთილები ჰუმანიზმის გაკვეთილებში (Humanistische Lebenskunde), რომელიც გახლდათ ფილოსოფიური მრწამსის, მაგალითად რელიგიურ-გამანათლებლობითი გაკვეთილები, რომელიც არჩევითი იყო და შესაბამისად უადგილო გახლდათ მისი შედარება ეთიკის გაკვეთილებთან.
რაც შეეხება გაკვეთილიდან გათავისუფლების შეუძლებლობას, ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნავარაუდევი უფლება არჩევანი გაკეთებულიყო რელიგიურ-საგანმანათლებო გაკვეთილსა და ეთიკის გაკვეთილს შორის არ არსებობდა და არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია დაესწრო ეთიკის გაკვეთილს, როგორც ჩამნაცვლებელ საგანს იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც არ ესწრებოდნენ რელიგიურ-საგანმანათლებო გაკვეთილებს. ბერლინის კანონმდებელს არაფერი უშლიდა ხელს სავალდებულო გაეხადა ეთიკის გაკვეთილები ყველა მოსწავლისათვის.
3. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მოსარჩელეების წარმომადგენლებმა მიიღეს 2007 წლის 19 აპრილს, იგივე სამი მოსამართლისაგან შემდგარმა ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მეორე საკონსტიტუციო სარჩელი (no. 1 BvR 2780/06).
მან აღნიშნა, რომ საჩივარი მისაღები გახლდათ მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული გახლდათ სასწრაფო სამართალწარმოების შედეგად. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა მოსარჩელეების მიერ წამოწეული საკითხები დეტალურად განიხილეს და რომ ნაკლებად სავარაუდო გახლდათ განსხვავებული ფაქტების დადგენა ან განსხვავებულ დასკვნამდე მისვლა საქმის არსებითი განხილვისას ძირითადი სამართალწარმოების ფარგლებში.
საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი მხარის განხილვისას ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სავალდებულო ეთიკის გაკვეთილები, რომლისგანაც შეუძლებელი გახლდათ გათავისუფლება, არ არღვევდა არც პირველი მოსარჩელის უფლებას რელიგიის თავისუფლებაზე, გაწერილი საბაზისო კანონის 4 §1 მუხლში და არც მეორე და მესამე მოსარჩელის უფლებას აღზარდონ საკუთარი შვილები მათი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის მიხედვით, უფლება გარანტირებული საბაზისო კანონის 6 §2 მუხლით. ეთიკის გაკვეთილებზე დასწრების ვალდებულება ვერ განიმარტებოდა არაჯეროვან ზეწოლად მოწაფეებზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობდნენ მათ გადარწმუნებას რელიგიურ-საგანმანათლებლო გაკვეთილებზე დასწრებიდან. გაკვეთილების ცხრილში საათების რაოდენობა რელიგიურ-საგანმანათლებლო გაკვეთილებზე დამსწრე მოსწავლისათვის მართლაც იმაზე მეტი გახლდათ ვიდრე იმ მოსწავლეების, რომლებმაც აირჩიეს დაუსწრებლობა, თუმცა განსხვავება არ იყო მასშტაბური. ამგვარი დამატებითი საათები ჩვეულებრივი და ფართოდგავრცელებული პრაქტიკის ნაწილი გახლდათ იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეები ესწრებოდნენ არჩევით საგნებს და არსებობდა მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა თუ არა ეთიკის გაკვეთილები სავალდებულო საგანს.
ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მოსარჩელე არ იყო ვალდებული დასწრებოდა გაკვეთილს, რომლის სილაბუსიც ეწინააღმდეგებოდა მის მრწამსს. მაშინ, როდესაც საბაზისო კანონის 4 §1 და 6 §2 მუხლების მიხედვით, მოცემულ დებულებებში ასახული ფუნდამენტური უფლებები არ ექვემდებარებოდა არანაირ სამართლებრივ შეზღუდვას, ისინი იზღუდებოდნენ კონსტიტუციის მიერ, საბაზისო კანონის 7 §2 მუხლის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფოს აკისრებდა ვალდებულებას გაენათლებინა მოსწავლეები. სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულება- განახორციელოს მისი საგანმანათლებო მიზნები მშობლებისაგან დამოუკიდებლად, ხორციელდება ნეიტრალური და ტოლერანტული მიდგომით ამ უკანასკნელთა საგანმანათლებო სურვილებისა და იდეების მიმართ. ხელისუფლების მხარეს ვერ იარსებებდა ვერანაირი ინდოქტრინაცია ისევე, როგორც რომელიმე მრწამსის აშკარა ან ფარული იდენტიფიკაცია , საზოგადოებაში არსებული რელიგიური ჰარმონიისადმი საფრთხის შექმნის გამო. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, ბავშვის უფლება რელიგიის თავისუფლებაზე და მშობლის უფლება აირჩიოს მისი შვილების განათლება, განხილულ უნდა იქნას სახელმწიფოს საგანმანათლებლო ვალდებულების მოთხოვნების შესაბამისად. ტოლერანტობის მიღწევის გზაზე კანონმდებლის ვალდებულებას წარმოადგენს იმ დაძაბულობის დაბალანსება, რომელიც გარდაუვლად წარმოიშვება სახელმწიფო სკოლებში, სადაც დადიან სხვადასხვა მრწამსისა და მოსაზრებების მქონე მოსწავლეები. შედეგად, ეთიკის გაკვეთილები უნდა ჩატარდეს ექსკლუზიურად იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე მრწამსს არ არ ენიჭებოდეს რაიმე უპირატესობა საზოგადოებაში არსებული, მოსწავლეების მორალური, ეთიკური თუ რელიგიური მოსაზრებების საფუძველზე. იდეათა და მოსაზრებათა მრავალფეროვნებისადმი ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო სკოლის პრერეკვიზიტს ლიბერალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. სახელმწიფო მოქმედებდა მისი უფლებების ფარგლებში, როდესაც ცდილობდა ხელი შეეშალა საზოგადოების რელიგიურ თუ ფილოსოფიურ საფუძველზე სეგრეგაციისათვის და როდესაც ხელს უწყობდა უმცირესობების ინტეგრაციას. ამ მხრივ, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინტეგრაცია ვერ მიიღწევა მხოლოდ იმით, რომ რელიგიური თუ ფილოსოფიური უმრავლესობა თავს იკავებს უმცირესობის გარიყვისაგან, არამედ ასევე ითხოვს, რომ უმრავლესობამ არ თქვას უარი განსხვავებული მრწამსისა თუ მოსაზრებების მქონე პირებთან დიალოგზე. სახელმწიფო განათლების ერთ-ერთი ვალდებულება გახლავთ ამგვარი თანაცხოვრების სწავლება და პრაქტიკაში გამოყენებისათვის მზადება ტოლერანტობის სულისკვეთების გაძლიერებით. მოსწავლის უნარი - ჰქონდეს ტოლერანტული დამოკიდებულება და მზად იყოს აწარმოოს დიალოგი წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ მოთხოვნას დემოკრატიული თანაცხოვრებისა და საზოგადოებასთან თანაარსებობისათვის, სადაც ადგილი აქვს ურთიერთ პატივისცემას სხვადასხვა ფილოსოფიური მრწამსებისა და რწმნებისადმი.
ფედერალურმა საკონსტიიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს არ შეეძლოთ მოეთხოვათ გაკვეთილების დროს ბავშვის არიდება განსხვავებული მრწამსისა თუ მოსაზრებისაგან. საზოგადოებაში, სადაც ყოველ რწმენას უკავია საკუთარი ადგილი, ამგვარი უფლება არ გამომდინარეობდა საბაზისო კანონის 4 §1 მუხლიდან. შესაბამისად, სკოლა არ უნდა გაქილიკებულიყო ბიოლოგიის გაკვეთილებზე განვითარების თეორიის სწავლებისათვის, შექმნის ისტორიის მხოლოდ რელიგიურ-საგანმანათლებლო გაკვეთილებზე განხილვისათვის ან კონტრაცეფციისა და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების სწავლებისათვის სექსუალური სწავლების გაკვეთილზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოცემული წარმოდგენები განსხვავდებოდა რიგ რელიგიურ წრეებში დამკვიდრებული ფუნდამენტური პრინციპებისაგან. ის ფაქტი, რომ ბერლინის კანონმდებელმა გადაწყვიტა ჩაეტია საზოგადოებაში თანაცხოვრების ფუნდამენტური ღირებულებების სწავლება და სხვადასხვა რელიგიური და ფილოსოფიური მოსაზრებების სწავლება ერთ გაკვეთილში შეიძლება განხილულიყო ბავშვებისა და მშობლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო არ დაემორჩილებოდა მისი ნეიტრალურობის ვალდებულებას ეთიკის გაკვეთილის დაგეგმვისას და სწავლებისას.
რაც შეეხება მოსარჩელეთა არგუმენტს მასზედ, რომ გაკვეთილზე არდასწრების უფლების შეუძლებლობა ეწინააღმდეგებოდა პროპორციულობის პრინციპს, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელი ბერლინში მოქმედებდა საკუთარი უფლებების ფარგლებში - გაეორციელებინა საგანმანათლებო ვალდებულება ყველა მოსწავლის მიმართ, მიუხედავად იმისა იზიარებდნენ თუ არა ისინი გარკვეულ რელიგიურ თუ ფილოსოფიურ მოსაზრებას, გაეზიარებინა ღირებულებები საერთო სილაბუსით, სადაც წარმოდგენილი იყო სხვა რელიგიები და ფილოსოფიური მოსაზრებანი. განსაკუთრებული პრაქტიკული გარემოებებისა და ბერლინის საზოგადოებაში არსებული რელიგიური ორიენტაციის გათვალისწინებით, კანონმდებელს შეეძლო მიეჩნია, რომ გათვალისწინებული კანონიერი მიზნები - მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრირება და ტოლერანტული სულისკვეთების ხელშეწყობა - უკეთ მიიღწეოდა მხოლოდ ერთი, საერთო ეთიკის გაკვეთილებით, რომელიც სავალდებულო იქნებოდა ყველა მოსწავლისათვის, ვიდრე მათი გაერთიანება ცალკე რელიგიურ-საგანმანათლებლო გაკვეთილებში, ღირებულებების შესახებ შეკითხვების სხვა გაკვეთილებზე განხილვით ან მოსწავლეების ეთიკის გაკვეთილებიდან გათვისუფლებით.
ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა,- არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ეთიკის გაკვეთილები არანეიტრალური იყო. აქტის მუხლი 12(6) მეექვსე წინადადებაში ცალსახად მიუთითებს, რომ ეთიკა შეისწავლება სახელმწიფოს რელიგიური და იდეოლოგიური ნეიტრალიტეტის ვალდებულების გათვალისწინებით. კურსის მონახაზი მოიცავდა ამ მოთხოვნას და აღნიშნავდა, - მართალია მასწავლებლებს გააჩნიათ საკუთარი ხედვა გაკვეთილების დროს განხილული ეთიკური საკითხებისადმი, რაც მოსწავლეებს უნდა აეხსნას სარწმუნო ფორმით, მოსწავლეებზე არაჯეროვანი გავლენის მოხდენის გარეშე. ამასთანავე, კურსის შინაარსი ეხებოდა მორალის ფუნდამენტურ წესებს. მოსწავლეებს, შესაბამისად, თხოვდნენ ფუნდამენტური უფლებების - მოცემულს საბაზისო კანონსა და ბერლინის კონსტიტუციაში - გააზრებას, რაც სხვა წყაროებთან ერთად წარმოადგენდა ნებისმიერი სამოქალაქო თანაცხოვრების აუცილებელ საფუძველს. დაბოლოს, ეთიკის გაკვეთილი მოსწავლეებს ასწავლიდა დასავლურ კულტურაში დამკვიდრებულ ძირითად ღირებულებებსა და იდეებს, განმტკიცებულს განმანათლებლებითა და ჰუმანიზმით. მისი მიზანი გახლდათ მოსწავლეებს შორის განხილვის ხელშეწყობა იმ იდეებთან მიმართებაში, რომელიც გავრცელებული გახლდათ ფილოსოფიაში, კულტურაში, რელიგიასა და იდეოლოგიურ მოსაზრებებში. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ეთიკის გაკვეთილები შესაბამისობაში გახლდათ სახელმწიფოს ნეიტრალურობისა და განსხვავებული მრწამსის, რელიგიისა და ფილოსოფიებისადმი ღიაობის ვალდებულებასთან. არ არსეობდა მტკიცებულება რომ პრაქტიკაში ეთიკის გაკვეთილები არ შეესაბამებოდა კანონს ან კურსის მონახაზს.
მოსარჩელეები შეეხნენ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეთავაზებულ სასამართლო შეთანხმებას საკონსტიტუცო სარჩელის ფარგლებში ბრანდერბურგის Land -ში შემოღებული ეთიკის გაკვეთილებთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი იძლეოდა გაკვეთილებიდან გათავისუფლების რეკომენდაციას. ამ მხრივ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მორიგებაზე დათანხმებით მხარეებმა სარჩელს დაუკარგეს მიზანი და რომ შედეგად აღარ არსებობდა საჭიროება საქმე არსებითად განხილულიყო და მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება მოცემულ საკითხზე.
2009 წლის 26 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი რელიგიურ-საგანმანათლებლო გაკვეთილებისა და სახელმწიფო სავალდებულო ეთიკის გაკვეთილებისათვის თანასწორი მნიშვნელობის მინიჭების თაობაზე. რეგისტრირებულ ხმის მიმცემ პირთა დაახლოებით 29%-მა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და მხოლოდ 48.4% მისცა ხმა ცვლილების სასარგებლოდ, რაც მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით არ ჩაითვალა საკმარისად მაღალ მაჩენებლად საკანონმდებლო მინიმუმისათვის (რეგისტრირებულ ხმის მიმცემთა ერთი მეოთხედი) რათა მიღებულიყო მოცემული კანონი.
რეფერენდუმის დროს გამოქვეყნდა ბერლინის მთავრობის (Senat) მოსაზრება რომელიც აღნიშნავდა, რომ ბერლინის 3,400,000 მაცხოვრებელთა მესამედმა აღნიშნა, რომ მიეკუთვნებოდა 250 რელიგიური თუ ფილოსოფიური საზოგადოების მიმდინარეობას და რომ ბერლინის მოწაფეთა ნახევარი იმიგრანტი ოჯახებიდან გახლდნენ.
¨
ბ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
1. საბაზისო კანონი
საბაზისო კანონის 4 §1 მუხლი იცავს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და პირის თავისუფლებას გამოხატოს საკუთარი რელიგიური თუ ფილოსოფიური მრწამსი. მუხლი 6 §2 იცავს მშობლის ბუნებით უფლებას გაზარდოს და განათლება მისცეს საკუთარ შვილებს. მუხლი 7 §1 აღნიშნავს, რომ სკოლის სისტემა სრულიად უნდა იყოს სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ. მუხლი 7 §2 მიუთითებს, რომ მშობლებსა და მეურვეებს გააჩიანთ უფლება გადაწყვიტონ მიიღებს თუ არა მათი შვილი რელიგიურ განათლებას.
2. სკოლის აქტი
ბერლინის 2004 წლის 26 იანვრის სკოლის აქტის (Schulgesetz) მე-13 მუხლი აღნიშნავს, სხვათა შორის, რომ (არჩევითი) რელიგიური თუ ფილოსოფიური განათლება გაიცემა რელიგიური საზოგადოებისა და სხვა მრწამსის მქადაგებელი საზოგადოების მიერ რამდენიმე პირობის დაცვით, მათ შორის კი მათი შესაბამისობით კანონმდებლობასთან, რომელიც სავალდებულო განგრძობადი ხასიათისაა და მიზნად ისახავს რელიგიური თუ ფილოსოფიური მრწამსის მიწოდებას. მოცემულ საზოგადოებას ევალება უზრუნველყოს, რომ რელიგიურ-საგანმანათლებო და ფილოსოფიური გაკვეთილები ისწავლებოდეს ნებისმიერ სასწავლო საგანთან არსებული ზოგადი წესების გათვალისწინებით. მშობლებმა და მეურვეებმა უნდა გადაწყვიტონ, მანამდე სანამ ბავშვები მიაღწევენ თოთხმეტ წელს, დაესწრონ თუ არა ბავშვები მოცემულ გაკვეთილებს. სკოლები ვალდებულნი არიან შესთავაზონ მოსწავლეებს კვირაში ორი საათი მოცემული გაკვეთილებისათვის და უზრუნველყონ საკლასო ოთახები. მოსწავლეებს, რომლებიც არ ესწრებიან რელიგიურ-საგანმანათლებლო კლასებს შეუძლიათ ა დატოვონ სკოლის ტერიტორია.
მუხლი 46(5), სხვა საკითხებთან ერთად ეხება მოსწავლის ნაწილობრივ ან სრულ გათავისუფლების კურიკულუმში არსებული საგნიდან იმ შემთხვევაში, თუკი ამისათვის იარსებებს მნიშვნელოვანი მიზეზი.
3. კურსის მონახაზი
საშუალო განათლების კურსის მონახაზი (Rahmenlehrplan für die Sekundarstufe I) მე-7-დან მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის ეთიკის გაკვეთილებთან დაკავშირებით, განსაზღვრული ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ (Senatsverwaltung) 2006-2007 სასწავლო წლებისათვის ჩამოყალიბებულია 2.2 თავში (ეთიკის გაკვეთილების საფუძველი და მიზანი):
რელიგიური და იდეოლოგიური ნეიტრალიტეტი
"ეთიკის გაკვეთილების სწავლება უნდა იყოს რელიგიური და იდეოლოგიური ხედვისადმი ნეიტრალური. აკრძალულია საგნის რაიმე კონკრეტული კუთხითა თუ ინდოქტრინაციის ფორმით წარმოდგენა. თუმცა, კურსი არ უნდა იყოს ღირებულებისადმი ნეიტრალური (wertneutral). ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ ჰუმანურობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სულისკვეთებით. სხვათა მრწამსისადმი ტოლერანტულობა და პატივისცემა არის განათლების ნაწილი, ისევე როგორც პასუხისმგებლობა ბუნებრივი რესურსების დაცვისა და კონფლიქტის ძალადობრივი გზით მოგვარების პრევენციისადმი. ის რაც რეალობაში საკამათოა, გაკვეთილზე უნდა იქნას განხილული. მასწავლებელს, რა თქმა უნდა, ექნება საკუთარი ხედვა საკითხებზე და ღირებულებათა კონფლიქტი განხილული უნდა იქნას გაკვეთილზე და მოსწავლეებისადმი ახსნილი უნდა იყოს სარწმუნო ფორმით. ცალსახაა, რომ მასწავლებელმა არ უნდა განახორციელონ არაჯეროვანი გავლენა მოსწავლეებზე."
კურსის მონახაზის მე-5 თავი ეხება იმ ექვს თემას, რომელიც განხილულ უნდა იქნას ეთიკის გაკვეთილებზე: "იდენტობა, მეგობრობა და ბედნიერება", "თავისუფლება, პასუხისმგებლობა და სოლიდარობა", "დისკრიმინაცია, ძალადობა და ტოლერანტობა", "თანასწორობა, კანონი და სამართალი", "ბრალი, ვალდებულება და სინდისი" და "ცოდნა, იმედი და რწმენა". კურსის მონახაზი ყოველი საკითხისადმი სამი სხვადასხვა პერსპექტივით მიდგომას გვთავაზობს: ინდივიდუალური პერსპექტივა, სოციალური პერსპექტივა და იდეათა ისტორიის პერსპექტივა. შესაბამისად, პირველი საკითხის სფერო ეხება, სხვათა შორის, არისტოტელეს მეგობრობის სამ ტიპს; ძმობის იდეას და მრწამსის მქონე საზოგადოებას. მეორე საკითხი ფარავს პასუხისმგებლობის ეთიკასა და მრწამსს; ავტონომიას და უმრავლესობას; და მოყვასისადმი სიყვარულის რელიგიურ მეცნიერებას. მესამე საკითხის თემებს შორის არის სოციალური დარვინიზმი; კულტურული იდენტობა; მტრის სიყვარულის ფორმები მსოფლიო რელიგიის სულისკვეთებით; ტოლერანტობა; და პლატონური სიყვარული. მეოთხე საკითხი მოიცავს: კაცთა შორის თანასწორობისა და უთანასწორობის ანთროპოლიგიურ საფუძვლებსა და ეთიკას; კანონი და მორალი; სამართლიანობის თეორიები და პრინციპები. მეხუთე თემის კურიკულუმი ეხება ცოდვის წარმოშობის ქრისტიანულ სწავლებას; კოლექტიურ ბრალს; ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს; სინდისის წარმოშობასა და ბუნებას; "იდ", "ეგო" და "სუპერეგო" არსს. ბოლო საკითხი, კურსის მონახაზის მიხედვით, განიხილვს პლატონს; რენესანსს; ემპირიზმსა და რაციონალიზმს; უტოპიას; მეცნიერებას; რომანტიზმს; ზრდასა და პროგრასს; რწმენასა და ცრურწმენას; რელიგიებსა და იდელოგიებს; მონოთეიზმსა და პოლითეიზმს; რელიგიას, ეკლესიას და სახელმწიფოს, სეკულარიზაციას, საღმრთო ქადაგებებსა და რელიგიურ საზოგადოებას.
საჩივრები
მოსარჩელეები ჩიოდნენ, რომ პირველი მოსარჩელე ვალდებული გახლდათ დასწრებოდა ეთიკის გაკვეთილებს, რომელიც - მათი აზრით - შემოღებული იქნა სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ვალდებულების დარღვევით. მათი აზრით, მოცემული გაკვეთილები მოსწავლეებს თავს ახვევდა ხედვებს, რომელიც წინააღმდეგობაში გახლდათ მათ რელიგიურ მრწამსთან. ისინი ასევე დავობდნენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება ზედამხედველობა გაუწიოს განათლებას ასახულს საბაზისო კანონის 7 §1 მუხლში, არ კვალიფიცირდებოდა კონვენციის 9 §2 მუხლით დაწესებულ შეზღუდვად. ისინი ეფუძნებოდნენ კონვენციის მე-9 მუხლს და I ოქმის მე-2 მუხლის მეორე წინადადებას.
სამართალი
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ სავალდებულო ეთიკის გაკვეთილების შემოღება ბერლინის სკოლებში არღვევდა კონვენციის მე-9 მუხლითა და I ოქმის მე-2 მუხლის მეორე წინადადებით დაცულ მათ უფლებებს. მოცემული მუხლები მიუთითებენ შემდეგს:
მუხლი 9
"1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."
I ოქმის მე-2 მუხლი
"არავის შეიძლება აღეკვეთოს განათლების უფლება. განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებული მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, სახელმწიფო პატივს სცემს მშობლების უფლებას უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება."
მოსარჩელეები პირველ რიგში ჩიოდნენ, რომ ეთიკის გაკვეთილების შემოღება ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ვალდებულებას, რადგანაც სახელმწიფომ აირჩია კურსის შინაარსი, განსაზღვრა ტერმინი "ეთიკა" და დაადგინა "ძირითადი ღირებულებები", რომლებზე დაფუძნებითაც უნდა წარმართულიყო კურსი და გაწვრთნილიყვნენ მასწავლებლები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდებოდა ძირითადი გავლენა მოწაფეებზე. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ ეთიკის გაკვეთილების შინაარსი ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ მრწამსს. მათ მიხდვით, ფილოსოფიური მიმდინარეობანი, რომელიც ისწავლებოდა კურსის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ მრწამსს არაერთი კუთხით. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ იგი ძირითადად უარყოფდა ღმერთის არსებობას, იყო სეკულარული, ათეისტური და ანტირელიგიური ბუნების, შთაგონებული განმანათლებლობისა და ჰუმანიზმის პრინიპებით, როგორც ეს აღნიშნა კიდეც საკონსტიტუციო სასამართლომ. კურსის მონახაზი, რომელიც აშკარაა რომ განისაზღვრა რელიგიური საზოგადოებების მონაწილეობის გარეშე, მცირე დროს უთმობდა ქრისტიანობას მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა უმრავლესობის რელიგიას, სუნიტურ ისლამთან შედარებით, როგორც ეს აღინიშნა Hasan and Eylem Zengin v. Turkey საქმეში (ნო. 1448/04, 9 ოქტომბერი 2007). მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ გაკვეთილის დროს მოსწავლეების სავალდებულო აქტიური მონაწილეობა ეთიკის გაკვეთილებზე უფრო ინტენსიური იქნებოდა და შესაბამისად უფრო მეტად დაარღვევდა მათ რელიგიის თავისუფლებას ვიდრე ჯვრის არსებობა საკლასო ოთახის კედელზე, რომელიც ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ საბაზისო კანონთან შეუთავსებლად სცნო. დაბოლოს, მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს საგანმანათლებო ვალდებულება საბაზისო კანონის 7 §1 მუხლის მიხდვით არ ხვდებოდა რელიგიური თავისუფლების იმ შეზღუდვებში, რომელიც მოცემული გახლდათ კონვენციის 9 §2 მუხლში და შესაბამისად ვერ გაამართლებდა ეთიკის გაკვეთილებზე დასწრების ვალდებულებას. მათ აღნიშნეს (Zengin საქმეზე მითითებით, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 34), რომ გათავისუფლების შესაძლებლობა (რისთვისაც ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უმრავლესობას ჰქონდა სპეციალური დებულება) უსარგებლოდ შეიქმნდა ნებისმიერ უკანონო შეზღუდვას, როგორც ეს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა ეთიკის გაკვეთილების ბრანდერბურგის Land -ში შემოტანის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას. ამ მხრივ მათ აღნიშნეს, რომ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიუხედავად მოცემულ საქმეში, წინა საკონსტიტუციო სარჩელის საგანი არ გამხდარა მიზანშეუწონავი, რადგანაც რიგი მოსარჩელეებისა ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არ დათანხმდნენ შეთავაზებულ მორიგებას და მეტიც, ამ მხივ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში (no. 25159/04, Dreke v. Germany). ამასთანავე, 2006 წლის 6 სექტემბერს ბერლინის კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით რელიგიურ-საგანმანათლებლო კლასებზე დასწრება შემცირებული გახლდათ 25%, რადგან ეთიკის გაკვეთილების შემოღების შემდეგ მოსწავლეებს დაეკისრათ დამატებითი საათები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში მოსარჩელეები არ უნდა გამტყუნდნენ იმის გამო, რომ არ დაელოდნენ ეროვნული სასამართლოების წინაშე მიმდინარე ძირითადი სამართალწარმოების შედეგებს. მართლაც, როგორც აღინიშნა კიდეც ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა მოსარჩელეების მიერ წამოყენებული საკითხები დეტალურად განიხილეს და შესაბამისად, ისინი არ ელოდნენ, რომ მთავარი სამართალწარმოების შედეგად დადგინდებოდა ახალი ფაქტები ან გამოტანილი იქნებოდა განსხვავებული დასკვნები საქმის არსებითი განხილვისას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საჩივრები ძირითადად განხილულ უნდა იქნას I ოქმის მე-2 მუხლის მეორე წინადადების ჭრილში. იგი იმეორებს, რომ მოცემული დებულების განმარტების მთავარი პრინციპები, რომელიც წაკითხულ უნდა იქნას კონვენციის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების გათვალისწინებით, შეჯამებულ იქნა ორ ბოლოდროინდელ საქმეში (იხ. Hasan and Eylem Zengin, ციტირებული ზემოთ, §§ 47-55, და Folgerø and Others v. Norway [GC], no. 15472/02, § 84, ECHR 2007 III). სასამართლო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ კურიკულუმის შექმნა და დაგეგმვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენციაში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კურიკულუმში გაწერილი ინფორმაცია თუ ცოდნა უნდა იყოს ობიექტურად, კრიტიკულად, პლურალისტულად მიწოდებული, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს განივითარონ კრიტიკული აზროვნება რელიგიასთან დაკავშირებით მშვიდ გარემოში, რომელიც თავისუფალია უადგილო პროზელიტიზმისაგან. მათ ეკრძალბათ ინდოკტრინაციის მიზნით მოქმედება, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას მშობელთა რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის უპატივცემულობად, რადგანაც უპირველეს ყოვლისა მშობლები არიან პასუხისმგებელნი საკუთარი შვილების განათლებასა და სწავლებაზე. აღნიშნული წარმოადგენს შეზღუდვას, რომელიც დაცული უნდა იქნას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები უპირატესად ჩიოდნენ მასზედ, რომ ეთიკის გაკვეთილები არ იყო ნეიტრალური და რომ მისი სეკულარული ბუნება ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ მრწამსს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სკოლის აქტის 12(6) მუხლის მიხედვით, ეთიკის გაკვეთილების მიზანი გახლდათ ხელი შეეწყო მოსწავლეთა მიდრეკილებასა და უნარისათვის, მიუხედავად მათი კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ იდეოლოგიური კუთვნილებისა, გაეაზრებინათ კონსტრუქციულად ინდივიდუალური ცხოვრებისა და სოციალური თანაცხოვრების, განსხვავებული ღირებულებითი სისტემებისა და ცხოვრების განმარტების ფუნდამენტური კულტურული და ეთიკური პრობლემები. ამ მიზნით, ეთიკის გაკვეთილები მოსწავლეებს ასწავლიდა, სხვათა შორის, ფილოსოფიას, რელიგიას და ფილოსოფიურ ეთიკას, სხვადასხვა კულტურისა და ცხოვრების განსხვავებულ ფორმებს, ისევე როგორც მსოფლიოს ძირითად რელიგიებს. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, ღიაობა პლურალიზმისა თუ იდეებისა და მოსაზრებებისადმი წარმოადგენს სახელმწიფო განათლების პრერეკვიზიტს დემოკრატიულ და ლიბერალურ სახელმწიფოში, რომელიც ლეგიტიმურად იღწვის რელიგიურ თუ ფილოსოფიურ მოსაზრებებზე დაფუძნებული სეგრეგაციის განვითარების წინააღმდეგ და ხელს უწყობს უმცირესობათა ინტეგრაციას. მოსწავლის უნარი იყოს ტოლერანტული და ღია დიალოგისათვის წარმოადგენს დემოკრატიულ ცხოვრებაში ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას და ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრებას ურთიერთპატივისცემით მიუხედავად განსხვავებული მრწამსისა და რელიგიური რწმენისა.
სასამართლოს აზრით, ეთიკის გაკვეთილები შეესაბამება I ოქმის მე-2 მუხლში გაწერილი პლურალიზმისა და ობიექტურობის პრინციპებს (იხ.Zengin, ციტირებული ზემოთ, § 59; Folgerø,ციტირებული ზემოთ, § 88; და Konrad and Others v. Germany (dec.), no. 35504/03, ECHR2006 XIII) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს (იხ.Zengin, ციტირებული ზემოთ, §§ 26-27). იგი აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებულ Zengin, და Folgerø საქმეებში მან დაადგინა I ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ მოსარჩელეები მოცემულ საქმეებში ვალდებულნი იყვნენ დასწრებოდნენ რელიგიურ-საგანმანათლებლო გაკვეთილებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში ისინი მიეკუთვნებოდნენ ისლამის უმრავლესობისაგან განსხვავებულ მიმდინარეობას, და მეორე შემთხვევაში კი იმის გამო, რომ მათ არ გააჩნდათ რელიგიური მრწამსი. მოცემულ საქმეში აშკარაა, რომ ეთიკის გაკვეთილები, რომელზე დასწრებაც ევალება პირველ მოსარჩელეს ნეიტრალურია და არ ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას რომელიმე რელიგიას ან მრწამსს; მეტიც, მოცემული გაკვეთილების მიზანია მოსწავლეთათვის ღირებულებების საერთო საფუძვლის გაცნობა და სხვათა, მათგან განსხვავებული მრწამსისადმი ღიაობის სწავლება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, როგორც ფედერალურმა სასამართლომ აღნიშნა კიდეც, მართალია კურსის მიხედვით სავარაუდოა, რომ მასწავლებლებს შესაძლებელია გააჩნდეთ საკუთარი ხედვა კლასში განხილული ეთიკური საკითხებისადმი, ისინი ვალდებულნი არიან თემა მოსწავლეებს აუხსნან ჯეროვანი სანდოობით, მათზე არასაჭირო გავლენის მოხდენის გარეშე. რაც შეეხება ეთიკის სწავლების პრაქტიკულ მხარეს, სასამართლო აღნიშნავს, - მოსარჩელეებს არ წამოუყენებიათ, რომ 2006-2007 სასწავლო წლის განმავლობაში გაცემული ცოდნა არ სცემდა პატივს მათ რელიგიურ მრწამსს ან მიზნად ისახავდა მის ინდოქტრინირებას. ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გაკვეთილების სწავლება არ წარმოადგენდა მის წინაშე მიმდინარე სამართალწარმოების საგანს.
რაც შეეხება მოსარჩელეთა არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მიუხედავად გერმანიის ქრისტიანული ტრადიციისა, ქრისტიანული რელიგია არ იყო ადექვატურად წარმოდგენილი ეთიკის სილაბუსში, სასამართლო მიიჩნევს, - მიუხედავად იმისა, რომ მისი სასამართლო პრაქტიკა აღიარებს რომ ერთ კონკრეტულ რელიგიას შეაძლებელია ეკავოს უფრო დიდი ადგილი სკოლის კურიკულუმში ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი ისტორიისა და ტრადიციის გამო, აღნიშნული არ უნდა იქნას განხილული პლურალიზმისა და ობიექტურობისაგან გადახვევად, რაც შესაძლებელია გაუტოლდეს ინდოქტრინაციას (იხ.Zengin, ციტირებული ზემოთ, § 63, და Folgerø ციტირებული ზემოთ, § 89). ბერლინის სკოლების ხელმძღვანელობის არჩევანი ნეიტრალური კურსის სასარგებლოდ, რომელიც იძლევა საშუალებას ისწავლებოდეს განსხვავებული მრწამსები და მიმდევრობები თავისთავად, არ წარმოშობს საკითხს კონვენციის ფარგლებში. იგი აღნიშნავს, რომ ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა განსაკუთრებული ფაქტობრივი გარემოებები და რელიგიური მიმდინარეობანი ბერლინის Land -ში. ბერლინის კანონმდებლის გადაწყვეტილება მასზედ, რომ დასახელებული მიზნები უკეთ მიიღწეოდა ერთიანი სავალდებულო გაკვეთილით ვიდრე მოსწავლეების დაყოფით ჯგუფებად მათი რელიგიური და ფილოსოფიური მიმდინარეობის მიხედვით ან ეთიკის საგნის სხვა გაკვეთილებზე განხილვით ხვდება სახელმწიფოს თავისუფალ შეფასების ზღვარში და წარმოადგენს შეკითხვას, რომელიც, პრინციპში, არ არის სასამართლოს გადასაწყვეტი (იხ.Kjeldsen, Busk Madsen and Pedersen v. Denmark, 7 დეკემბერი 1976, § 53, Series A no. 23; Jiménez Alonso and Jiménez Merino v. Spain (dec.), no. 51188/99, ECHR 2000 VI; და Valsamis v. Greece, 18 დეკემბერი 1996, §§ 28 და 31-32, Reports of Judgments and Decisions 1996 VI).
რაც შეეხება მოსარჩელეთა არგუმენტს, რომ ეთიკის გაკვეთილები ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ მრწამსს, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც სკოლის აქტით და არც კურსის მონახაზით არ ჩანდა, რომ კურსი მიზნად ისახავდა რომელიმე რელიგიისათვის, კერძოდ კი ქრისტიანულისათვის, პრიორიტეტის მინიჭებას, უგულვებელყოფას ან გაკრიტიკებას. ამ მხრივ იგი აღნიშნავს, რომ კურსის მონახაზი განიხილავდა ეთიკური საკითხების მრავალფეროვნებას, მათ შორის "რელიგიურ მრწამსს გიყვარდეს მოყვასი", "მტრის სიყვარულს", ცოდვის წარმოშობის ქრისტიანულ სწავლებასა და ზოგადად რელიგიებს (მონოთეიზმი, პოლითეიზმი, ეკლესია და სახელმწიფო, რელიგიური მრწამსები). ამასთანავე, სკოლის აქტის 12 (6) მუხლი აღნიშნავს, რომ სკოლები რიგ საკითხებს გაივლიან ცალკეულ რელიგიურ თუ ფილოსოფიურ საზოგადოებებთან თანამშრომლობით. რაც შეეხება მოსარჩელეთა არგუმენტს, რომ ეთიკის გაკვეთილები შეიცავდა ქრისტიანული მრწამსის საწინააღმდეგო ან მის მიმართ კრიტიკული განწყობით გამსჭვალულ იდეებსა თუ ცნებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციიდან შეუძლებელია დავასკვნათ, რომ არსებობს უფლება არ მოვისმინოთ საკუთარისაგან განსხვავებული მრწამსის შესახებ U mutatis mutandis, Konrad ციტირებული ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ მოსარჩელეს შეუძლია განაგრძოს პროტესტანტული რელიგიის გაკვეთილებზე დასწრება, რომელიც ტარდება სკოლაში და რომ მის მშობლებს არაფერი უშლის ხელს ასწავლონ და ურჩიონ საკუთარ ქალიშვილს, როგორც ეს უნდა ხდებოდეს მათი, როგორც მშობლების ბუნებითი როლის მიხედვით და მისცენ მას რჩევები საკუთარი რელიგიური მრწამსის შესაბამისად (იხ. Kjeldsen, Busk Madsen and Pedersen, ციტირებული ზემოთ, § 54; Konrad, ციტირებული ზემოთ; და Jiménez Alonso and Jiménez Merino, ციტირებული ზემოთ). იგი აღნიშნავს ამ მხრივ, რომ მოსარჩელეებს სასამართლოს წინაშე არ ჩამოუყალიბებიათ არგუმენტი, რომელიც მათ წარადგინეს ეროვნული სასამართლოების წინაშე, რომლის მიხედვითაც ეთიკის გაკვეთილებზე დასწრება ართულებდა რელიგიურ გაკვეთილებზე დასწრებას. მითითება პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზზე ამ მხრივ საკმარისი არ გახლავთ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სავალდებულო ეთიკის გაკვეთილების შემოღებით ეროვნულ ხელისუფლებას არ გადაუჭარბებია I ოქმის მე-2 მუხლით დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულების-უზრუნველყოს ბავშვები განათლების უფლებით - ფარგლებში არსებული თავისუფალი შეფასების ზღვარისათვის (იხ.Costello-Roberts v. the United Kingdom, 25 მარტი 1993, § 27, Series A no. 247 C, და Martins Casimiro and Cerveira Ferreira v. Luxembourg (dec.), no. 44888/98, 27 აპრილი 1999). სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ ბერლინის ხელისუფლება არ იყო ვალდებული უზრუნველეყო ზოგადი გათავისუფლება ეთიკის გაკვეთილებიდან. ის ფაქტი, რომ სხვა Land-მა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, ამ მხივ არ ცვლის მოცემულ დასკვნას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკე საკითხი არ წარმოიშვება კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეთა საჩივრები არის აშკარდ დაუსაბუთებელი და შესაბამისად, უარყოფილი უნდა იქნას კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
შესაბამისად, სასამართლო ერთხმად
ცნობს სარჩელს მიუღებლად.
კლაუდია ვესტერდიკიპეერ ლორენსენი
სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy