დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 168
ნოემბერი 2013
Azemi v. Serbia (განჩ.) - 11209/09
განჩინება 5.11.2013 [II სექცია]
მუხლი 1
სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
სერბეთის პასუხისმგებლობა კოსოვოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო: დაუშვებლად იქნა მიჩნეული
ფაქტები – 1990 წელს მომჩივანმა პრიშტინას ოლქის სასამართლოში წამოიწყო წარმოება, რომლითაც ასაჩივრებდა სამუშაოდან თავის გათავისუფლებას. 2002 წელს კოსოვოს მუნიციპალურმა სასამართლომ მის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე და გამოსცა მისი სამუშაოზე აღდგენის ბრძანება. 2005 და 2006 წლებში გამოიცა სააღსრულებო ორდერები. 2010 წელს კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა 2002 წლის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. ამასობაში, 1999 წლის 10 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 1244-ე რეზოლუცია, რომლითაც კოსოვოში განათავსა საერთაშორისო სამოქალაქო (UNMIK) და უშიშროების (KFOR) წარმომადგენლობა. 2008 წლის თებერვალში კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამის შემდგომ იგი ცნო 89 ქვეყანამ.
სამართალი – მუხლი 1: აპლიკანტის საჩივარი სერბეთის წინააღმდეგ ეხებოდა კოსოვოს სასამართლოს მიერ 2002 წელს მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. რაც შეეხებოდა 1999 წლის 10 ივნისამდელ პერიოდს, საჩივრის ეს ნაწილი შეუთავსებელი იყო ratione temporis, იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთმა მხოლოდ 2004 წელს მოახდინა კონვენციის რატიფიცირება. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, სასამართლომ შენიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციით კოსოვო მოექცა საერთაშორისო სამოქალაქო და უშიშროების წარმომადგენლობის დაქვემდებარებაში. UNMIK-მა მიიღო ყველა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება და რეგულარულად აწვდიდა ცნობებს გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც პერიოდულად წარუდგენდა ანგარიშებს კოსოვოში არსებული მდგომარეობის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს. არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ სერბეთი ახორციელებდა რაიმე კონტროლს UNMIK-ზე, კოსოვოს სასამართლო ან სხვა ინსტიტუტებზე, რომელიც ჩამოყალიბდა UNMIK-ის რეგულაციების საფუძველზე. ვერც იმის თქმა შეიძლებოდა, რომ სერბეთის ხელისუფლება, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური ან პოლიტიკური თვალსაზრისით, მხარს უჭერდა კოსოვოს ინსტიტუციებს. გარდა ამისა, კოსოვოს მიერ შემდგომში დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ობიექტურად შეუშალა ხელი სერბეთს, დაეცვა უფლებები და თავისუფლებები კოსოვოს ტერიტორიაზე, რომელზედაც მას არ გააჩნდა ეფექტური კონტროლი. შესაბამისად, საჩივრის ეს ნაწილი იყო შეუთავსებელი ratione personae. იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აღუსრულებლობა შეიძლება მიეწეროს გაეროს ეგიდით მოქმედ საერთაშორისო სამოქალაქო ადმინისტრაციას, საჩივრის ეს ნაწილიც ratione personae იყო შეუთავსებელი.
დასკვნა: დაუშვებლად იქნა მიჩნეული (უმრავლესობა)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy