დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეორე სექცია
მისაღებობის განჩინება
საჩივრისა № 46365/06
თენგიზ ბაღათურია საქართველოს წინააღმდეგ
2010 წლის 16 ნოემბერი
2010 წლის 16 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ირენუ კაბრალ ბარეტო, თავმჯდომარე,
დიანუტ ჯოსიენი,
დრაგოლუბ პოპოვიჩი,
ანდრაშ შაიო,
ნონა წოწორია,
იშილ ქარაქაში,
კრისტინა პარდალოსი, მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმითი, სექციის მდივანი
ზემოაღნიშნული საჩივრისა და სასამართლოს განჩინების გათვალისწინებით, ერთობლივად იმსჯელა საქმის მისაღებობასა და არსებით მხარეზე (კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი) და მხარეთა წერილობითი განმარტებების გათვალისწინებით, გადაწყვიტა შემდეგი:
ფაქტები
მომჩივანი, თენგიზ ბაღათურია საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1953 წელს, ცხოვრობს თბილისში. მას სასამართლოში წარმოადგენდა ქალბატონი სოფიო ჯაფარიძე, თბილისში მოღვაწე ადვოკატი. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) თანმიმდევრულად წარმოადგენდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები: ბატონი დავით თომაძე და ბატონი ლევან მესხორაძე.
ა. საქმის გარემოებები
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოკლედ შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს:
1. წინაპირობები
მომჩივანი იყო კერძო ბინათმშენებლობის კოოპერატივის წევრი („კოოპერატივი“). 1999 წლის 30 მაისის შეთანხმებით, კოოპერატივმა, მის მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ, მომჩივნისთვის იკისრა თბილისის ცენტრში ასაშენებელი ბინის კორპუსში, პირველ სართულზე, 200 კვმ ფართობის ბინის გადაცემა.
2003 წლის 12 დეკემბერს კორპუსის მშენებლობა შეწყდა, კოოპერატივმა უარი განაცხადა მომჩივნის მიმართ მისი ვალდებულების შესრულებაზე, გარიცხა რა იგი კოოპერატივის წევრობიდან. მომჩივანმა სარჩელი აღძრა კოოპერატივის წინააღმდეგ, მოითხოვა ბინაზე („სადავო ბინა“) საკუთრების უფლების გადაცემა, 1999 წლის 30 მაისის შეთანხმების თანახმად. მან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მოითხოვა კოოპერატივისთვის ახალაშენებულ კორპუსში ბინების რეგისტრაციის უფლების აკრძალვა.
2. უზრუნველყოფის ღონისძიებები
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მომჩივნის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, მიწის მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა, კორპუსის ყველა ბინის რეგისტრაციის შეჩერება, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. განჩინება შეიცვალა იმავე რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, კოოპერატივის საჩივრის საფუძველზე. შედეგად, აკრძალვის შესახებ ჩანაწერი მიწის რეგისტრაციის ორგანოდან წაიშალა და კორპუსის ბინებზე დაუყოვნებლივ გავრცელდა კოოპერატივის წევრთა საკუთრების უფლება.
მომჩივანმა შემდეგში გაასაჩივრა 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 26 ნოემბერს მიიღო ახალი შუალედური განჩინება, რომლითაც დაადასტურა 2003 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მიღებული აკრძალვა. 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
2005 წლის 16 თებერვალს მომჩივანმა სარჩელი წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომლების წინააღმდეგ და მოითხოვა: მათთვის 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების აღსრულების დავალება და მისთვის განჩინების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება („2005 წლის 16 თებერვლის სარჩელი“).
თავდაპირველად, 2005 წლის 8 აპრილს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 16 თებერვლის სარჩელი დაუშვებლად ცნო. მომჩივანმა განჩინება გაასაჩივრა, იგი მიუთითებდა, რომ მისი მოთხოვნის არსს წარმოადგენდა იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა 2004 წლის 17 სექტემბრის აკრძალვის დაწესებამდე. საჩივრის განხილვის პროცესში, მომჩივანმა დააზუსტა, რომ მისი მიზანი იყო მიწის რეგისტრაციის ორგანოში არსებული ჩანაწერების გაუქმება, რომელიც ითვალისწინებდა კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინების განაწილებას. ამასთან, მოსარჩელემ უარი თქვა ზიანის ანაზღაურების შესახებ მის მოთხოვნაზე.
2005 წლის 5 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი 2005 წლის 8 აპრილის განჩინებაზე. მიწის რეგისტრაციის ორგანოსა და აღმასრულებლებს დაევალათ კოოპერატივის წევრთა საკუთრების უფლების გაუქმება კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინებზე. ამ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ მომჩივანმა უარი თქვა ზიანის ანაზღაურების შესახებ თავის მოთხოვნაზე.
არც მომჩივანს და არც მოპასუხე ორგანოებს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და, როგორც საქმის მასალიდან ირკვევა, მოგვიანებით აღსრულდა.
3. მომჩივნის საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებული სამართალწარმოება
2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ არსებითად დააკმაყოფილა მომჩივნის სამოქალაქო სარჩელი, კოოპერატივს დაავალა მომჩივნისთვის საკუთრებაში გადაეცა სადავო ბინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 4 ნოემბრისა და 2004 წლის 5 მაისის განჩინებების საფუძველზე, ამ უკანასკნელი თარიღით გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2005 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
4. აღსრულების პროცედურები
2005 წლის 21 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, რომელსაც დაევალა მომჩივნის საქმის აღსრულება, კოოპერატივს შესთავაზა 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება. კოოპერატივის თავმჯდომარემ, ბატონმა გ-მ, მომდევნო დღეს განაცხადა, რომ კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ყველა ბინა უკვე გადაცემული იყო მესამე პირებისთვის.
2005 წლის 7 ივლისს აღმასრულებელმა მეორედ მიმართა კოოპერატივს, აღესრულებინა 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, მიუთითა რა ბატონი გ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობაზე. მოვალემ უპასუხოდ დატოვა განმეორებითი მიმართვა. აღმასრულებელმა საქმე გამოსაძიებლად გადაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს, სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია აღსრულების პროცედურებზე, უფრო მკაცრი ზომების გამოყენებით. საბოლოოდ 2005 წლის 23 აგვისტოს ბატონი გ-ს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლოს საქმე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეშლის გამო.
2006 წლის 19 ივლისს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტში („აღსრულების დეპარტამენტი“) აღმასრულებლის მიერ 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების ვერ უზრუნველყოფის გამო. მომჩივანი მიუთითებდა, რომ მას შემდეგ რაც, მესამე პირთა საკუთრების უფლება შესაბამის ბინებზე მიწის რეგისტრაციის ორგანოში აღარ იყო რეგისტრირებული, აღარ არსებობდა დაბრკოლება განაწილებულ ბინაზე მისი საკუთრების უფლების აღრიცხვისთვის.
2006 წლის 7 აგვისტოს წერილით აღსრულების დეპარტამენტმა მომჩივანს აცნობა იმ ღონისძიებების შესახებ, რაც გატარებულ იქნა იმ მიზნით, რომ კოოპერატივს აღესრულებინა 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე შესთავაზა მომჩივანს, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებული იყო სადავო ბინის გადაცემასთან, განეხილათ აღსრულების პროცესში კორექტირების შეტანის შესაძლებლობები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. შეთავაზებას მომჩივანი არ გამოხმაურებია.
შემდგომში, აღამსრულებელსა და ბატონ გ-ს შორის ინტენსიურად განხორციელებულმა მიმოწერამ, მომჩივნისათვის ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო და 2007 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, წარმართულ სისხლის სამართლის პროცესში, ბატონი გ. გაათავისუფლა კოოპერატივის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
2007 წლის 22 აგვისტოს აღმასრულებელმა კოოპერატივის ყველა წევრს სთხოვა, მიეღწიათ შეთახმებისთვის მომჩივნისთვის სადავო ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, თითოეული მათგანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
2007 წლის 19 ოქტომბერს, აღმასრულებლის მეშვეობით ბატონმა გ-მ მომჩივანთან მიაღწია მორიგებას. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივის ყოფილმა თავმჯდომარემ გამოხატა მზადყოფნა, უსასყიდლოდ დაეთმო თავისი ბინა მომჩივნისთვის, მისი მხრიდან სადავო ბინაზე შემდგომ საჩივრებზე უარის თქმის სანაცვლოდ. მომჩივანმა შეთავაზება არ მიიღო.
საქმის მასალების მიხედვით, 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
ბ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულებისთვის ხელის შეშლა, სამეწარმეო პირის ან სხვა ორგანიზაციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად.
1999 წლის 16 აპრილის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის (აღმასრულებლის) საპროცესო გადაწყვეტილება, მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, თავის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას პირისთვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ.
საჩივარი
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-13 მუხლების, ასევე 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, მომჩივანი ჩიოდა ხელისუფლების მხრიდან 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვტილების აღუსრულებლობის გამო. იგი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე, ასევე მიუთითებდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სადავო ბინაში შესვლის შეუძლებლობის გამო, დაირღვა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება.
სამართალი
1. აღსრულების პროცესის სავარაუდო ნაკლოვანებებთან დაკავშირებით
მომჩივანი დავობდა აღსრულების პროცესის არაეფექტურობის გამო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-13 მუხლის, ასევე,1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, რომლებიც, შესაბამისად, შემდეგი შინაარსისაა:
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი
„ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ... აღჭურვილია გონივრულ და სამართლიან ვადაში ... სასამართლოს მიერ ...“
მე-13 მუხლი
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება...“
(ა) მხარეთა არგუმენტები
მთავრობა, სხვა არგუმენტებთან ერთად, მიუთითებდა, რომ 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება ratione materiae შეუსაბამო იყო კონვენციის მითითებულ მუხლებთან. მოვალეთა შეუვალი უარის გათვალისწინებით, დამორჩილებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით, აღსრულების ორგანოს არაერთჯერადი მცდელობის მხედველობაში მიღებით, სახელმწიფოს არ შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა (იხ შესტაკოვი რუსეთის წიანააღმდეგ (Shestakov v. Russia) (განჩინება), № 48757/99, 18 ივნისი, 2002). თუ, მომჩივანი, მიიჩნევდა, რომ აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოყენებული ზომები იყო არაეფექტური, მას შეეძლო აღეძრა სამოქალაქო სარჩელი ხელისუფლების უმოქმედობის გამო და მოეთხოვა კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვის.
მომჩივანმა მთავრობის მიერ შესტაკოვის (Shestakov) (იხ. ზემოთ მითითებული განჩინება) საქმეზე მითითების საპასუხოდ, განმარტა, რომ საქმე შეუსაბამო იყო, რამდენადაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის არასაკმარისი ძალისხმევა, ისევე, როგორც აღსრულების დეპარტამენტის არასათანადო რეაგირება აღსრულების ბიუროს მოქმედებებზე, იყო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ძირითადი მიზეზი. მიუთითა რა, საქმის შესაბამის გარემოებებზე, მან აღნიშნა, რომ მომჩივანმა აღსრულების პროცესში დაუშვა გადაცდომების მთელი რიგი. მიუთითა რა, 2005 წლის 16 თებერვლის სარჩელზე, იგი განმარტავდა, რომ მან გამოიყენა მთავრობის მიერ მითითებული სამოქალაქო სარჩელით მიმართვის შესაძლებლობა.
(ბ) სასამართლოს შეფასება
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს კერძო პირს და ძირითადი პრეტენზია დაკავშირებულია აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების ვერ უზრუნველყოფასთან, მიზანშეწონილია აღმასრულებლების წინააღმდეგ საქმისწარმოების დაწყება, იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, თვითონ გამოასწოროს ვითარება (იხ. მაგალითად, ნაზარეთიანი საქართველოს წინააღმდეგ (Nazaretian v. Georgia (განჩინება), № 13909/06, 7 ივლისი, 2009; სამოილენკო და პოლონსკა უკრაინის წინააღმდეგ (Samoylenko and Polonska v. Ukraine), № 6566/05, § 25, 18 დეკემბერი, 2008; ტიშკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ (Tishkevich v. Russia), № 2202/05, § 17, 4 დეკემბერი, 2008).
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მომჩივნის მიერაც იქნა აღიარებული, კოოპერატივის წინააღმდეგ აღსრულების პროცესის სავარაუდო ნაკლოვანებებთან დაკავშირებული მოთხოვნები, ზოგადად, სააღსრულებო უწყების ხელმძღვანელობისადმი უნდა ყოფილიყო მიმართული, თუმცა, მომჩივანს არასოდეს უცდია მათ მიმართ აღეძრა სამოქალაქო სარჩელი, რისი აშკარა საფუძველიც იქნებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად (იხილეთ ნაზარეთიანის (Nazaretian) საქმე, ზემოთ დასახელებული განჩინება). შესაბამისად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება აღმასრულებლის სავარაუდო უმოქმედობის გამო, რითაც ხელი ეშლებოდა კოოპერატივისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. რაც შეეხება მომჩივნის მითითებას 2005 წლის 16 თებერვლის სარჩელზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, ის აბსოლუტურად შეუსაბამოა/არარელევანტურია, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება - ბინების რეგისტრაციის დროებითი შეჩერება და არა 2004 წლის 12 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. უფრო მეტიც, თუ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, აღეძრა სარჩელი, და წარმატებულადაც, უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების აღუსრულებლობის გამო, კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ არასოდეს სცადა მან იგივე სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის შესაბამისი ნაწილი მიუღებლად უნდა გამოცხადდეს, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები ამოწურული არ ყოფილა.
2. რაც შეეხება საჩივრის სხვა ნაწილებს,
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არასოდეს უცხოვრია სადავო ბინაში, შესაბამისად არ შეუძლია იდავოს „საცხოვრისზე“ კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე (იხილეთ მაგ., ზეჰენტერი ავსტრიის წინააღმდეგ (Zehentner v. Austria), № 20082/02, §§ 52-53, ECHR 2009‑...; მაკკანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McCann v. the United Kingdom), № 19009/04, § 46, 13 მაისი, 2008).
შესაბამისად, მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე უნდა გამოცხადდეს აშკარად დაუსაბუთებლად და უკუგდებულ იქნეს, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
სტენლი ნაისმითიირენუ ქაბრალ ბარეტო
მდივანი თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy