Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
1983 წლის დეკემბერი
ბრამელიდი და მალმსტრომი შვედეთის წინააღმდეგ (Bramelid and Malmstrom v. Sweden)
(საჩივარი- 8588/79 და 8589/79)
გადაწყვეტილება, 12 დეკემბერი, 1983
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
ფაქტები – წინამდებარე საქმე ეხებოდა ორ კერძო პირს, რომლებიც ფლობდნენ წილებს სტოკჰოლმის ფართოდ ცნობილ სავაჭრო დაწესებულებაში. 1977 წელს, ახალი სამეწარმეო აქტი იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი კომპანია, რომელიც ფლობდა 90%-ზე მეტი ხმის მიცემის უფლების მქონე აქციებს, უფლებამოსილი იყო უმცირესობაში მყოფი სხვა აქციონერებისთვის მოეთხოვა და იძულების წესით დაეთმობინებინა მათი დარჩენილი წილები თავდაპირველად ნაყიდ ფასში, თუ აქციები საჯარო შეთავაზების შედეგად იქნა შეძენილი, ან სხვაგვარად, არბიტრების მიერ ფიქსირებული ფასით. უმცირესობაში მყოფმა აქციონერებმა საჩივრით მიმართეს ევროკომისიას. კერძოდ, მეწილეები დავობდნენ, რომ მათ უნდა დაეთმოთ საკუთარი წილები უმრავლესობაში მყოფი აქციონერების სასარგებლოდ წილების საბაზრო ღირებულებაზე უფრო ნაკლებ ფასად (საბაზრო ღირებულება არბიტრების მიერ იყო დადგენილი).
სამართალი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ, პირველ რიგში, განიხილა, წარმოადგენდა თუ არა „წილები“ საკუთრებას კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში. კომისიამ აღნიშნა, რომ კომპანიაში წილის ქონა კომპლექსური საკითხია. ის ადასტურებს, რომ მესაკუთრე კომპანიაში ფლობს წილს, შესატყვის უფლებებთან ერთად (მაგ., ხმის მიცემის უფლება). საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ წილებს საწარმოში გარკვეული ეკონომიკური და ქონებრივი ღირებულება ჰქონდა. შესაბამისად, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ წილები წარმოადგენდნენ საკუთრებას კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში.
ევროკომისიამ აგრეთვე შეისწავლა ევროკონვენციის საკუთრების უფლების წინამდებარე მუხლის სამი წესიდან, თუ რომელი გამოიყენებოდა აღნიშნულ საქმეში. მომჩივნები ეყრდნობოდნენ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მეორე წინადადებას (ქონების ჩამორთმევას), ვინაიდან ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ წილები საჯარო ინტერესის გარეშე ჩამოერთმეოდათ, სამართლიანი კომპენსაციის გარეშე.
ევროკომისიამ მიიჩნია, რომ სადავო კანონმდებლობა არ წარმოადგენდა საკუთრების ჩამორთმევას, ,,ექსპროპრიაციის’’ გაგებითმ ვინაიდან ის ეხებოდა კერძო პირებს შორის ურთიერთობას და არა სახელმწიფოს ქმედებებს.
კომისიამ შემდეგ შეისწავლა, მომჩივნებისთვის წილის უმრავლესობისთვის დათმობის ვალდებულება, უტოლდებოდა თუ არა საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევას, რაც გათვალისწინებული იყო კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი წინადადებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ განაცხადა, რომ კონვენციის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, კერძო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობა მოიცავდა იმ წესებს, რომლებიც განსაზღვრავდა აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობების გავლენას საკუთრების უფლებაზე და ზოგიერთ შემთხვევაში, აიძულებდა პირს დაეთმო საკუთრება სხვა პირის სასარგებლოდ. ამის მაგალითებია: სამემკვიდრეო ქონების გაყოფა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწის კონტექსტში, ქორწინების შედეგად არსებული საერთო საკუთრების გაყოფა, კერძოდ აღსრულების პროცესში ქონების დაყადაღება და გასხვისება.
კომისიამ მიიჩნია, რომ ამგვარი წესი, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან. თუმცა, კომისიამ მაინც აღნიშნა, რომ როდესაც, კანონმდებლობა გავლენას ახდენს პირებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, სამათლებრივმა ნორმებმა არ უნდა მოახდინონ და შექმნან ისეთი უთანასწორობა, რომ გარიგების ერთმა პირმა თვითნებურად და უკანონოდ წაართვას საკუთრება მეორე პირს.
კომისიის მოსაზრებით, წინამდებარე საქმეში შვედეთის კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულ გარემოებებში უმცირესობაში მყოფ მეწილეებს ავალდებულებდა მათი წილი გაეყიდათ არბიტრების მიერ განსაზღვრულ ფასში, არ ქმნიდა იმგვარ უთანასწორობას, რომ საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლების დარღვევა გამოეწვია.
კომისიამ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მომჩივანთა წილის ფასს ადგენდნენ კვალიფიციური არბიტრები, დასაბუთებული გადაწყვეტილებით და იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც არ იყო თვითნებური ან არაგონივრული. შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ მომჩივანთა საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლება არ დარღვეულა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები