Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N198
2016 წლის ივლისი
ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტი ბულგარეთის წინააღმდეგ (განჩინება) Bulgarian Helsinki Committee v. Bulgaria (dec)
(საჩივარი- N 35653/12 და 66172/12)
გადაწყვეტილება, 28 ივნისი, 2016
34-ე მუხლი
ფაქტები: აღნიშნული საქმე ეხებოდა შემდეგ საკითხს: შეეძლო თუ არა მომჩივან ორგანიზაციას გარდაცვლილი არასრულწლოვნების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საჩივრის წარდგენა.
მომჩივან ორგანიზაციას არ ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ისინი დავობდნენ ორი მოზარდის სახელით, რომლებიც გარდაიცვალნენ 2006 წლის ოქტომბერსა და 2007 წლის ოქტომბერში, ფსიქიკურად დაავადებულ ბავშვთა სახლებში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ამგვარ სახლებში არსებული მდგომარეობისა და მოზარდების სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია შეიტყო 2007 წელს სატელევიზიო დოკუმენტური გადაცემის მეშვეობით. ფსიქიკურად დაავადებულ ბავშვთა სახლებში სიკვდილიანობის მიზეზების დასადგენად ორგანიზაციამ სახელმწიფოს მოთხოვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ორგანიზაცია დავობდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევას, რადგან ფსიქიკურად დაავადებულ ბავშვთა სახლებში არ არსებობდა სამედიცინო და სხვა სახის დახმარება, რაც თავისთავად ხელს უწყობდა მოზარდების სიკვდილიანობას.
მომჩივანი ორგანიზაცია არ იყო სავარაუდო დარღვევის არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მსხვერპლი. ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, უნდა მიეღო თუ არა სასამართლოს ამგვარი საჩივრები. სასამართლო გამოძიება მიზნად ისახავდა დაედგინა, იყო თუ არა ეს სიტუაცია მსგავსი საქმისა სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სასარგებლოდ რუმინეთის წინააღმდეგ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, ECHR 2014). ზემოხსენებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიიღებდა ისეთ საჩივარს წარმოებაში, სადაც მხარე არ წარმოადგენდა მსხვერპლს. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მომჩივანი ორგანიზაციის პოზიცია, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, შემდეგი მიზეზების გამო: ვალენტინ კამპეანუ მოწყვლადი იყო და სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა; კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან მიმართებით წარდგენილი ბრალდებები სერიოზული ხასიათის იყო; არ არსებობდნენ მემკვიდრეები ან კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც მისი სახელით საჩივარს წარადგენდნენ; მომჩივან ორგანიზაციას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ვალენტინ კამპეანუსთან და ის ჩართული იყო ეროვნულ სამართალწარმოებაში კამპეანუს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც არ იყო სადავო, რომ მომჩივან ორგანიზაციას შეეძლო მისი სახელით მოქმედება
სამართალი: წინამდებარე საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები იყო გადამწყვეტი ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტის მიერ საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების შესწავლისას.
სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილ არასრულწლოვნებს, რომლებიც ფსიქიკურად დაავადებულები იყვნენ და დაბადებისთანავე მიატოვეს, არ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ გაესაჩივრებინათ ბავშვთა სახლებში არსებული პირობები. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი სახელით გაკეთებული ბრალდებები სერიოზული ხასიათის იყო. უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად მოზარდების დედები იყვნენ მათი კანონიერი წარმომადგენლები, მათ შორის კავშირი არ დამყარებულა. ფაქტობრივად, არავინ იყო მათი ინტერესების დამცველი და, შესაბამისად, მათი სახელით საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერავინ შეიტანდა. ამდენად, მათი სიტუაციის ვალენტინ კამპეანუს საქმეში არსებულ სიტუაციასთან შედარება შესაძლებელია. თუმცა მათ შორის განსხვავებაა შემდეგ ორ ასპექტში: პირველი, მომჩივან ორგანიზაციას გარდაცვლილ მოზარდებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ორგანიზაცია ეროვნულ გამოძიებაში ჩაერთო მათი გარდაცვალებიდან 4-5 წლის შემდეგ, მაშინ როცა პროკურატურას უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ორგანიზაციას არ შეეძლო პროკურატურისთვის მიემართა ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მეორე, მომჩივანი არ იყო ჩართული ეროვნულ სამართალწარმოებაში. შესაბამისად, ის არ იყო უფლებამოსილი სასამართლოში გაესაჩივრებინა პროკურატურის გადაწყვეტილება, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ვალენტინ კამპეანუს სახელით შეტანილი საჩივრისგან განსხვავებით, აღნიშნული საჩივრები კონვენციასთან არ იყო ratione personae შესაბამისი და ის დაუშვებლად იქნა ცნობილი.
აღნიშნული განჩინება მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს იმ სიძნელეებს, რომლებსაც მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაციები აწყდებიან, როდესაც ცდილობენ ევროპული სასამართლოს დარწმუნებას, რომ არსებობს ,,განსაკუთრებული გარემოებები’’, რომლებიც ამართლებს გარდაცვლილი მოზარდების ინტერესების დაცვას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე.
დასკვნა: დაუშვებელი (ratione personae-სთან შეუსაბამო).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები