დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
განჩინება
საჩივარი № 26290/12
„ზეინაბ ბურდიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
(Zeinab BURDIASHVILI and others
against Georgia)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
განნა იუდკივსკა, თავმჯდომარე,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ნონა წოწორია,
პაულო პინტო დე ალბუკერკი,
კრზისტოფ ვოიტიეცეკი,
ეგიდიუს კურისი,
გაბრიელ კუცსკო-შტადმაიერი, მოსამართლეები,
და მარიალენა ცირლი, სექციის მდივანი
2012 წლის 1 მაისს შეტანილი საჩივრის გათვალისწინებით, ასევე მოპასუხე სახელმწიფოს დაკვირვებისა და მომჩივნის მიერ საპასუხო განმარტებების გათვალისწინებით ითათბირა რა საქმეზე, გადაწყვიტა:
ფაქტები
1. მომჩივანთა სია მოცემულია დანართში. ყოველი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და წარმოდგენილი არიან ქალბატონი ნათია კაციტაძისა და ბატონი ფილიპ ლიჩის მიერ, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას თბილისსა და ლონდონში ეწევიან.
2. საქართველოს მთავრობას (მთავრობა) წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, ბატონი ლევან მესხორაძე.
A. საქმის გარემოებები
3. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტები შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს.
1. პრეისტორია
4. საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიის შესახებ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი (1997 წლის 11 დეკემბრის კანონი) ადგენდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში იყვნენ სხვადასხვა ფორმის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ყოფილი „საბჭოთა კავშირის“ ტერიტორიაზე, ასევე მათი პირველი თაობის მემკვიდრეებს შეუძლიათ მოითხოვონ არამატერიალური ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, კანონის მე-9 მუხლით დადგენილია:
„პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიების შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, აგრეთვე მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი.“
5. მიუხედავად ზოგადი ვალდებულებისა, რომელიც 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლში აისახა, საქართველოს არ მიუღია კანონმდებლობა შესაბამისი კომპენსაციის გაცემის პროცედურებისა და ოდენობის განსასაზღვრად.
2. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ
6. 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში, საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ (Klaus and Yuri Kiladze v. Georgia), სასამართლომ დაადგინა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან, რადგან მან ვერ შეძლო გაეტარებინა აუცილებელი ზომები 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე არამატერიალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის მიღებაზე მომჩივანთა უფლების ეფექტური რეალიზაციის უზრუნველსაყოფად (იხ. კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ (Klaus and Yuri Kiladze v. Georgia) №7975/06, §§ 68 და 74-77, 2010 წლის 2 თებერვალი).
7. კონვენციის 46-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევის დადგენა შეეხება პირთა ფართო წრეს და ასახავს სტრუქტურულ პრობლემას, საჭიროა აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონისძიებების სასწრაფო წესით გატარება, რათა საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლმა პირებმა, რომლებიც 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის სამიზნეს წარმოადგენენ, შეძლონ აღნიშნული მუხლის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლებით ეფექტურად სარგებლობა (იხ. კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ (Klaus and Yuri Kiladze), ზემოთ ციტირებული, §§ 84 და 85). კონვენციის 41-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თუ აუცილებელი ღონისძიებები (საკანონმდებლო და სხვა) კვლავ არ იქნებოდა გატარებული გადაწყვეტილების საბოლოოდ გახდომიდან 6 თვის შემდეგ, მოპასუხე სახელმწიფოს თითოეული მომჩივნისთვის 4 000 ევროს გადახდა მოუწევდა არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (იქვე, §90).
8. რადგან აუცილებელი ზოგადი ღონისძიებები არ ყოფილა გატარებული მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ზემოთ ხსენებულ 6 თვიან ვადაში, ორივე მომჩივანმა მიიღო 4 000 ევრო მოპასუხე სახელმწიფოსგან, სასამართლოს მითითების შესაბამისად.
3. კანონმდებლობის შესწორების პირველი ტალღა - 2011 წლის 19 აპრილის ცვლილებები
9. სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მითითებული ზოგადი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 2011 წლის მარტსა და აპრილში, საქართველოს პარლამენტმა წარადგინა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
10. 2011 წლის 14 აპრილს მთავრობამ ზემოთაღნიშნული ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს (იხილეთ 25-ე და 26-ე პარაგრაფები დაბლა).
11. ცვლილებათა ეს კანონპროექტი მცირედი შესწორებებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2011 წლის 19 აპრილს და ამოქმედდა 2011 წლის 18 მაისს (შემდეგში „2011 წლის 19 აპრილის ცვლილებები“).
12. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის 26-29 ნაწილების ახალი რედაქციის თანახმად, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, 2014 წლის პირველ იანვრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის უნდა მიემართათ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით. კოდექსის ახალი ნორმებით დადგინდა ამგვარი სარჩელის შეტანის არაერთი დამატებითი პროცედურა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვისა და შემდგომი გასაჩივრების პროცედურებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს უკანასკნელი მოქმედებდა როგორც საბოლოო ინსტანცია მსგავს საკითხებზე.
13. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, რომელიც უნდა გადახდილიყო 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის თანახმად, არ განსაზღვრულა არცერთი ზემოთხსენებული საკანონმდებლო ცვლილებით. ნაცვლად ამისა, კანონის მე-9 მუხლს ახალი მე-4 ქვეპუნქტი დაემატა, რომელმაც კომპენსაციის შესატყვისი ოდენობის განსაზღვრის კომპეტენცია შესაბამის ადგილობრივ სასამართლოს მიანიჭა ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით:
მუხლი 9.4
„ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის... [თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გაძევება, იძულებითი დასახლება სპეციალურ საცხოვრებელ ადგილზე ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ან გარდაცვალება], აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო.“
14. საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან ხუთი თვის თავზე სასამართლოში 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძვლზე წარდგენილი 3,000-ზე მეტი სარჩელი დარეგისტრირდა, რომელთაგან 73 საქმეზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კომპენსაციების ოდენობა განხილულ საქმეებში მერყეობდა 100-დან 500 ლარამდე (46-დან 230 ევრომდე, შესაბამისად), მაქსიმალური ოდენობა განესაზღვრათ იმ მსხვერპლთა პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებიც სიკვდილით დაისაჯნენ.
4. მომჩივანთა საქმეები
15. ოთხივე მომჩივანი (იხილეთ დანართი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პირველი რიგის მემკვიდრეა. 2011 წლის ივლისში, 2011 წლის 19 აპრილის ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ (იხილეთ 9-14 პარაგრაფები მაღლა), მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე.
16. პირველმა მომჩივანმა მოითხოვა 15 000 ლარი (7000 ევრო). მან სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითა საკუთარ ასაკზე (72 წლის იყო), ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფაქტზე, რომ სასამართლოს 1998 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მისი მამა, როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი თვითნებური მსჯავრის საფუძველზე საბჭოთა სამხედრო ტრიბუნალის მიერ, ანტი-საბჭოთა განცხადებებისთვის 1942 წლის ოქტომბერში მსროლელთა ჯგუფმა სიკვდილით დასაჯა.
17. რაც შეეხება მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნებს, რომლებიც დედმამისშვილები არიან, ერთად მოითხოვეს 25 000 ლარი (11 820 ევრო). მომჩივნებმა მიუთითეს, რომ მათი მამა, 1997 წელს, აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად საბჭოთა სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1951 წელს ღალატისთვის თვითნებური გასამართლების საფუძვლით; მას ჯერ მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა 1955 წელს შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა პატიმრობიდან.
18. 2011 წლის 17 აგვისტოს და 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი დამოუკიდებელი და ურთიერთდაუკავშირებელი სასამართლო განხილვა გამართა, რომლებზეც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები. 2011 წლის 1-ლ და 15 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილებები. პირველმა მომჩივანმა მიიღო 400 ლარი (190 ევრო), მეორემ, მესამემ და მეოთხემ მთლიანობაში მიიღეს 290 ლარი (137 ევრო).
19. ადგილობრივი სასამართლოს დასაბუთება გადაწყვეტილებებში ორივე საქმეზე მსგავსი იყო. შესაბამისად, პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ადგილობრივი შესაბამისი ნორმები და ასევე სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება კლაუს და იური კილაძეების საქმეზე (Klaus and Yuri Kiladze) (ციტირებულია ზემოთ), მიუთითა, რომ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილი არ ყოფილა და შესაბამისად ყოველი ინდივიდუალური საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისი სასამართლოს მიერ. მეორე მხრივ, რადგან შეუძლებელი იყო იმ ტანჯვის, უსამართლობისა და ზიანის შეფასება, რაც საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების განსხვავებულ, განუსაზღვრელად ინტენსიურ ფორმებს მოჰყვა, ნებისმიერი ოდენობის კომპენსაცია, თავისი არსით მხოლოდ სიმბოლური თუ იქნებოდა. ვერანაირი ფულადი კომპენსაცია ვერასდროს იქნებოდა საკმარისი არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ამ საქმეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აღიარა ისტორიული უსამართლობა როგორც ასეთი. ადგილობრივმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ სრულად აღასრულა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის მიერ გაკრიტიკებული „საკანონმდებლო ვაკუუმის“ შევსებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით.
20. რაც შეეხება სააპელაციო დონეზე განხილვებს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა არგუმენტაციის საპასუხოდ, რომ ადგილობრივი კომპენსაცია არაპროპორციული იყო [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ კლაუს და იური კილაძეების საქმეში (Klaus and Yuri Kiladze) (ციტირებულია მაღლა, §90) მიკუთვნებულთან შედარებით, განაცხადა რომ ადგილობრივ სასამართლოებს ჰქონდათ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება ოდენობის განსაზღვრისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აცნობიერებს, რომ მოპასუხე სახელმწიფო უფლებამოსილია აირჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, ზოგადი და/ან საჭიროებისამებრ შესაბამისი ინდივიდუალური გზები ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებისთვის, რათა წერტილი დაესვას იმ დარღვევებს, რომელიც სასამართლომ აღმოაჩინა (იქვე, §88); სასამართლოს არ განუსაზღვრავს მოპასუხე სახელმწიფოსთვის კომპენსაციის რაიმე კონკრეტული ოდენობა, რომელიც მას უნდა გადაეხადა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოში არსებულ მინიმალურ ხელფასზე ნაკლები (დაახლოებით 74 ევრო), ასევე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს მთავრობის საბიუჯეტო შესაძლებლობები და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო რაოდენობა (რამდენიმე ათასი ადამიანი).
5. კანონმდებლობის შესწორებების მეორე ტალღა – 2014 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებები
21. 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში - კლაუს და იური კილაძეები (Klaus and Yuri Kiladze) (ციტირებულია მაღლა) - სასამართლოს მიერ განსაზღვრული ზოგადი ღონისძიებების შემდგომი განხორციელების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ტალღა 2014 წლის 31 ოქტომბერს წამოიწყო მოპასუხე სახელმწიფომ. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს პარლამენტმა რამდენიმე მნიშნველოვანი ცვლილება განახორციელა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, რომლებიც ძალაში შევიდა 2015 წლის პირველ იანვარს (შემდეგში „2014 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებები“)).
22. კერძოდ, 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის 9.4 მუხლის ახალი რედაქციით განისაზღვრა საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაციის ოდენობის ფარგლები. შესაბამისად, კომპენსაციის მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით (454 ევრო), ხოლო მაქსიმალური - 2000 ლარით (908 ევრო). კანონის ეს ნორმა ასევე აკონკრეტებდა, რომ კომპენსაციის ზუსტი ოდენობა უნდა განისაზღვროს ადგილობრივი სასამართლოების მიერ ზემოთ ხსენებულ ფარგლებში, თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მაგალითად, განხორციელებული დევნის სიმძაფრე, მომჩივნის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა - საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის - და სხვა შესაბამისი ფაქტორები.
23. გარდა ამისა, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების იმ მსხვერპლთა დასახმარებლად, რომელთა სარჩელებიც უკვე განიხილეს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის 9.4 მუხლის მანამდე მოქმედი რედაქციის საფუძველზე, 2014 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებებით გათვალისწინებული იქნა ამ ცვლილებებისთვის უკუძალის მინიჭება. კერძოდ, ამ ცვლილებების მიხედვით, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს ან მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე განესაზღვრათ კომპენსაცია იმ ოდენობით, რომელიც კანონის (შეადარეთ მე-13 და 22-ე პარაგრაფები) 9.4 მუხლით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებია, შეეძლოთ ხელახლა მიემართათ სასამართლოსთვის საქმის გარემოებების თავიდან შეფასებისათვის, 9.4 მუხლის ახალი რედაქციის საფუძველზე კომპენსაციის ოდენობის ხელახლა განსაზღვრისათვის და სხვაობის მოთხოვნისთვის.
24. 2014 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებებით შემოთავაზებული იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის 26-ე ნაწილის ახალი რედაქცია, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთად, რომელმაც შეინარჩუნა საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ან მათი პირველი რიგის მემკვიდრეთა სარჩელების განხილვის განსჯადობა აღმოსავლეთ საქართველოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიენიჭა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსარჩელეების საქმეების განხილვის უფლებამოსილება.
B. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტები
25. 2011 წლის 10 მარტს, მათი 1108-ე შეხვედრის მიმდინარეობისას, 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების - კლაუს და იური კილაძეების საქმეზე (Klaus and Yuri Kiladze) (ციტირებულია მაღლა) - აღსრულების ზედამხედველობის კონტექსტში, კომიტეტმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
„მინისტრების მოადგილეები,კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ სამართლიანი დაკმაყოფილება, ისევე როგორც საურავი მომჩივნებს წესისამებრ მიეცათ;ინტერესით იღებენ მხედველობაში პარლამენტის სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა გაუგზავნეს და რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო პროექტი მომზადდა, რომელიც თავის მხრივ პარლამენტს გაეგზავნება 2011 წლის მარტში;1115-ე შეხვედრაზე (2011 წლის ივნისი) იწვევენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა წარადგინონ კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმა.“
26. 1115-ე შეხვედრის მიმდინარეობისას, რომელიც 2011 წლის 8 ივნისს გაიმართა, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ახალი გადაწყვეტილება შემდეგ საკითხზე:
“მინისტრების მოადგილეებმა,
1. კმაყოფილებით გაიზიარეს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც აპრილში ორი კანონპროექტი განიხილებოდა პარლამენტში, რომლის აღსრულება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის მაისში უნდა დაწყებულიყო: პირველი, მსხვერპლთა მიმართ კომპენსაციის უზრუნველყოფისთვის 1997 წლის 11 დეკემბრის კანონს ცვლიდა; მეორე - ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს კომპენსაციის გაცემის პრაქტიკული პროცედურების დასადგენად;
2. ასევე კმაყოფილებით მიიღეს მხედველობაში ინფორმაცია (2011 წლის 19 აპრილის ცვლილებების მიღება [1997 წლის 11 დეკემბრის კანონში] და გამოქვეყნება საკანონმდებლო მაცნეში), სამოქმედო გეგმის წინასწარ განსაზღვრულ ვადაში განხორციელების შესახებ;
3. შესაბამისად, გადაწყვიტეს ამ საქმის სტანდარტული ზედამხედველობის პროცედურისთვის დაქვემდებარება.”
27. და ბოლოს, 2015 წლის 12 მარტს, 1222-ე შეხვედრაზე, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია (CM/ResDH(2015)41) კლაუს და იური კილაძეების საქმეზე (Klaus and Yuri Kiladze) (ციტირებულია მაღლა) 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
„მხედველობაში მიიღო რა სასამართლოს მიერ კომიტეტისთვის გადაცემული საბოლოო გადაწყვეტილება და დადგენილი დარღვევა; ...
მოიწვია რა მოპასუხე სახელმწიფო რათა წარედგინა ინფორმაცია ზემოთაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ;
გამოიკვლია რა მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოქმედებათა ანგარიში, რომელიც მიუთითებდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე და შეიცავდა მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების აღსრულების შესახებ...;
დაკმაყოფილდა რა, რომ 46-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა ღონისძიება განხორციელდა,
გამოაცხადა, რომ კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით მისთვის განსაზღვრული ფუნქციები ამ საქმეში შეასრულა და
გადაწყვიტა დახუროს მისი შესწავლა.“
საჩივრები
28. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათი სარჩელების განხილვა, 2011 წლის 19 აპრილის ცვლილებების საფუძველზე, რომელმაც შედეგად არასერიოზული კომპენსაციის გადახდა განაპირობა, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
კანონმდებლობა
29. მომჩივნები კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე სადავოდ ხდიდნენ მათი არამატერიალური ზიანის მოთხოვნის შესახებ საქმის განხილვას ადგილობრივ სასამართლოში. ამ მუხლების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 6 § 1
„სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ ...“
1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. არავის უნდა ჩამოერთვას მისი ქონება, გარდა საჯარო საჭიროების არსებობისას, კანონისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით. ...“
A. მხარეთა არგუმენტები
30. მთავრობამ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გაეუმჯობესებინათ კომპენსაციის პირველადი მექანიზმი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ტალღის შედეგი იყო (იხილეთ მე-9 და მე-14 პარაგრაფები), ასევე იმისათვის, რომ საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა სათანადო და ღირსეული ყოფილიყო, საქართველომ საკანონმდებლო ცვლილებათა, ფინანსური და საბიუჯეტო ღონისძიებების მეორე ტალღა წამოიწყო (იხილეთ 21-ე და 24-ე). ამ ახალი ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო (1) გასაცემი კომპენსაციის ოდენობის გაზრდა; (2) კანონმდებლობის დონეზე კომპენსაციის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობების განსაზღვრა სამართლებრივი განჭვრეტადობისთვის; და (3) ამგვარი საქმეების განმხილველი სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის გაზრდა.
31. მომჩივნებმა საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ცვლილებების არც პირველი და არც მეორე ტალღა, საბიუჯეტო და ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც მოპასუხე სახელმწიფომ მიიღო არ ყოფილა საკმარისი მისი საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულებისთვის, რომელიც მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევების დადგენას მოჰყვა სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე კლაუს და იური კილაძეები (Klaus and Yuri Kiladze). მოპასუხე სახელმწიფოს მცდელობების სავარაუდო არასაკმარისობის გათვალისწინებით, შეესრულებინა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მომჩივნები იმეორებდნენ, რომ ხარვეზიანი საბიუჯეტო და საკანონმდებლო ჩარჩოს გამო მათი ინდივიდუალური საქმეების განხილვა ადგილობრივი სასამართლოების მიერ აშკარა პროცედურული დეფექტებით მიმდინარეობდა, რასაც შედეგად არასერიოზული კომპენსაციის მიკუთვნება მოჰყვა. კერძოდ, მთავარი პრობლემა მდგომარეობდა ადგილობრივი სასამართლოს სავარაუდო მარცხში, რომელიც 2011 წლის 19 აპრილის ცვლილებების ხარვეზულობით იყო გამოწვეული, მხედველობაში მიეღო თითოეულ მოსარჩელესთან და მის საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებები და საკუთარი გადაწყვეტილებები და კომპენსაციის ოდენობა დაეფუძნებინა კონკრეტულ გარემოებებზე. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ტალღას, 2014 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებებს, მომჩივნები იზირებენ, რომ კანონით კომპენსაციის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობების განსაზღვრა მოვლენების პოზიტიური განვითარება იყო. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ შიშობდნენ, რომ ადგილობრივ სასამართლოებს არ ექნებოდათ ცხადი მითითებები კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით.
B. სასამართლოს შეფასება
32. პირველ რიგში, სასამართლო თვლის, რომ ეს საქმე უკვე განსხვავდება კლაუს და იური კილაძეების (Klaus and Yuri Kiladze) საქმისგან. უკანასკნელში სასამართლომ აღმოაჩინა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მომჩივნის მოთხოვნა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე არამატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარყოფილ იქნა ადგილობრივ სასამართლოში შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის გამო (იხ. კლაუს და იური კილაძე (Klaus and Yuri Kiladze), ციტირებულია მაღლა, §§ 15-21 და 71-77, ასევე პარაგრაფები 4-8 მაღლა). წინამდებარე საქმეში მომჩივნების იდენტური მოთხოვნა დაკმაყოფილდა 2011 წლის 19 აპრილის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც უკვე მიღებული იყო. ამ მოცემულობაში ვერც კი ვივარაუდებთ, რომ მომჩივანს საკუთარი, კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის დადგენა სურთ კლაუს და იური კილაძეების საქმის (Klaus and Yuri Kiladze) ისტორიულ გარემოებებზე დაყრდნობით, რომელიც ამ დროისთვის ამოწურულია.
33. მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საჩივრის რეალური სადავო საკითხი არის მომჩივნების მცდელობა წარმოაჩინონ, რომ 2011 წლის 19 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ადგილობრივი სასამართლოების მიერ მათი სარჩელების განხილვამ წარმოაჩინა მოპასუხე სახელმწიფოს მარცხი იმ ვითარების შეცვლაში, რამაც თავის მხრივ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევის დადგენა განაპირობა კლაუს და იური კილაძეების (Klaus and Yuri Kiladze) საქმეზე (იხ. 28-ე, 30-ე და 31-ე პარაგრაფები მაღლა). სხვა სიტყვებით, მომჩივნებს სურთ, მოპასუხე სახელმწიფომ პასუხი აგოს სასამართლოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე ზემოთ ხსენებულ 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებული ზოგადი ღონისძიებების შეუსაბამოდ განხორციელებისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე აქვს უფლებამოსილება, გაარკვიოს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მისი კონვენციის 46-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების შესრულების საკითხი (შედარებისთვის ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ (№ 2) (Bochan v. Ukraine) [დიდი პალატა], № 22251/08, § 35, ECHR 2015; ეგმეზი კვიპროსის წინააღმდეგ (Egmez v. Cyprus) (განჩინება), № 12214/07, § 50, 18 სექტემბერი 2012; კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ (№ 2) (Kudeshkina v. Russia ) (განჩინება), № 28727/11, §§ 74-81, 17 თებერვალი 2015; რუჟა უნგრეთის წინააღმდეგ (Rózsa v. Hungary ) (განჩინება), № 53815/11. §15, 7 აპრილი 2015; ჰარაბინი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Harabin v. Slovakia) (განჩინება), № 33800/14, §31, 2 ივნისი 2015; შპს მელტექსი სომხეთის წინააღმდეგ (Meltex Ltd v. Armenia) (განჩინება), № 45199/09, §§ 37-41, 21 მაისი 2013; კოსტიჩა მოლდოვანი და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ (Costică Moldovan and Others v. Moldova) (განჩინება), № 8229/04, §§ 125-127, 15 თებერვალი 2011; ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ (Öcalan v. Turkey) (განჩინება), № 5980/07, 6 ივლისი 2010; კრჩმარი და სხვები სერბეთის წინააღმდეგ (Krčmář and Others v. the Czech Republic) (განჩინება), № 69190/01, 30 მარტი 2004, და ლიონსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Lyons and Others v. the United Kingdom) (განჩინება), № 15227/03, ECHR 2003-IX), სასამართლო ვერ შევა დისკუსიაში იმის შესახებ, 2011 წლის 19 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები იყო თუ არა საკმარისი საქმეზე კლაუს და იური კილაძე საქართველოს წინააღმდეგ (Klaus and Yuri Kiladze v. Georgia) 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში წარმოჩენილი ვითარების გამოსწორებისთვის.
34. მიუხედავად ამისა ნათელია, რომ სასამართლო არ გამორიცხავს რომ, მხოლოდ იმიტომ რომ მოპასუხე სახელმწიფომ ზოგადი ღონისძიებები გაატარა კლაუს და იური კილაძეების (Klaus and Yuri Kiladze) საქმეში აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, ამ საქმეზე ადგილობრივ დონეზე მიმდინარე სამართალწარმოება ახალ პრობლემებს წარმოშობდა (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) შვეიცარიის წინააღმდეგ (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland) (№ 2) [დიდი პალატა], № 32772/02, §62, ECHR 2009, და ეგმეზი (Egmez), ციტირებულია მაღლა, § 51). მიუხედავად ამისა, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ არსებული საჩივარი ვერ იქნება იმ გარემოების მიხედვით განხილული, რომელიც კლაუს და იური კილაძეების საქმეში იქნა შესწავლილი, ასევე არ შეიძლება დაუკავშირდეს კონვენციით გარანტირებული უფლებების განგრძობადი დარღვევის სპეციფიურ კონტექსტს (იხილეთ 32-ე პარაგრაფი ზემოთ, შეადარეთ და დაუპირისპირეთ, მაგალითად, ლიუ რუსეთის წინააღმდეგ (Liu v. Russia) (№ 2), № 29157/09, §§ 65-58, 26 ივლისი 2011, ემრე შვეიცარიის წინააღმდეგ (Emre v. Switzerland ) (№ 2), № 5056/10, §§ 38-44, 11 ოქტომბერი, 2011; რონგონი იტალიის წინააღმდეგ (Rongoni v. Italy), № 44531/98, §§ 13-16, 25 ოქტომბერი 2001, და ივანტოჩი და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ (Ivanţoc and Others v. Moldova and Russia), № 23687/05, §§ 93-96, 15 ნოემბერი 2011).
35. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ მომჩივნებს სურდათ ადგილობრივი დონეზე არსებული პროცედურების სადავოდ გახდა, იმისგან დამოუკიდებლად 2011 წლის 19 აპრილის ცვლილებები საკმარისი იყო თუ არა 46-ე მუხლის მიზნებისთვის, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მხირადან კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე მითითების ფარგლებში, ისინი არ ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული სამართალწარმოებისას რაიმე პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. პროცედურული უსამართლობის დადგენის მოთხოვნის გარეშე, მომჩივნებმა ყურადღება მხოლოდ ამ პროცედურების შედეგზე გაამახვილეს, კერძოდ, მიღებული კომპენსაციის ოდენობაზე. საჩივარი, რომელიც ამგვარად ჩამოყალიბდა მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, უდავოდ „მეოთხე ინსტანციის“ ბუნებისაა (იხილეთ, სხვა წყაროთა შორის, „საფეხბურთო კლუბი მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (FC Mretebi v. Georgia), № 38736/04, § 31, 31 ივლისი 2007). გარდა ამისა, შესაბამისი ადგილობრივი გადაწყვეტილებები არ წარმოაჩენს რაიმე მიკერძოებულ ან აშკარად არაგონივრულ დასაბუთებას ამ საქმეში (შედარება საქმესთან დონაძე საქართველოს წინააღმდეგ (Donadze v. Georgia), № 74644/01, § 32, 7 მარტი 2006).
36. გარდა ამისა, საჩივარი ეროვნულ დონეზე საქმის შედეგთან დაკავშირებით ვერ იქნება ვალიდურად განხილული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლთან მიმართებით, რადგან, იმის გათვალისწინებით, რომ არც 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი, არც სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები (Klaus and Yuri Kiladze), 2011 წლის 19 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები (იხილეთ პარაგრაფები 9-14) ან რაიმე სხვა ადგილობრივი ან საერთაშორისო სამართლებრივი აქტი მომჩივნებს არ უქმნის ლეტიგიმურ მოლოდინს, რომ ისინი მიიღებენ განსაზღვრული ოდენობის კომპენსაციას იმ დროისთვის, როდესაც მათ საქმეებს ადგილობრივი სასამართლოები განიხილავდა (იხილეთ პარაგრაფები 6-7 და 19-20 მაღლა და შეადარეთ, მაგალითად, ლანჩავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Lanchava and Others v. Georgia) (განჩინება), № 25678/09, § 19, 7 თებერვალი 2012). 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი არ უზრუნველყოფს ქონების მოპოვების უფლებას. შესაბამისად ის ვერ განიმარტება გარანტად იმისა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგად დადგება სასურველი შედეგი (იხილეთ, mutatis mutandis, სლივენკო და სხვები ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko and Others v. Latvia) (განჩინება) [დიდი პალატა], № 48321/99, §121, ECHR 2002-II (ამონარიდი), და სარდინი რუსეთის წინააღმდეგ (Sardin v. Russia) (განჩინება), № 69582/01, ECHR 2004-II).
37. მიმდინარე მსჯელობის ჭრილში და მისაღებობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გათვალისწინებით, რომლებსაც ერთიანობაში გავლენა აქვს მიმდინარე საქმეზე, სასამართლო თვლის, რომ საჩივარი მთლიანობაში აშკარად უსაფუძვლოა და მიუღებელი უნდა იქნეს ცნობილი კონვენციის 35-ე მუხლის 3.a და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
ამ დასაბუთებაზე დაყრდნობით სასამართლო ერთხმად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გავრცელდა 2017 წლის 27 აპრილს.
მარიალენა ცირლიგანნა იუდკივსკა
მდივანითავმჯდომარე
დანართი
ქალბატონი ზეინაბ ბურდიაშვილი („პირველი მომჩივანი“) დაიბადა 1939 წელს და ცხოვრობს თბილისში.ქალბატონი ნინელი ჩახვაძე („მეორე მომჩივანი“) დაიბადა 1949 წელს და ცხოვრობს თბილისში.ქალბატონი მედეა ჩახვაძე („მესამე მომჩივანი“) დაიბადა 1951 წელს და ცხოვრობს ბათუმში.ბატონი ვაჟა ჩახვაძე („მეოთხე მომჩივანი“) დაიბადა 1957 წელს და ცხოვრობს ოზურგეთში.
Full & Egal Universal Law Academy