ა. და ბ. საქართველოს წინააღმდეგ
A AND B v. GEORGIA
საჩივარი N 73975/16)
გადაწყვეტილება
10 თებერვალი 2022
ფაქტები
მომჩივნები არიან C-ს დედა და ვაჟიშვილი. C. მოკლული იქნა საკუთარი პარტნიორი D-ს მიერ, რომელიც იმ დროისთვის იყო პოლიციის თანამშრომელი. რამდენიმე წლის განმავლობაში, C-მ და მისმა ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე განაცხადეს ოჯახური ძალადობის მრავალრიცხოვანი ინციდენტების შესახებ, რომლებიც განხორციელდა D-ის მიერ. D. მსჯავრდებული იქნა მკვლელობისთვის. სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მომჩივნებს მიენიჭათ დაახლოებით 7000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, პირველი მომჩივანი, რომელიც მოქმედებდა მისი და მეორე მომჩივნის სახელით, კონვენციის მე-2, მე-3 და მე-14 მუხლების საფუძველზე დავობდა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ დაიცვა C. ოჯახში ძალადობისგან და არ ჩაატარა ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიება მის სიკვდილში ხელშემწყობ გარემოებებთან დაკავშრებით.
კონვენციიის მე-2 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა
საკუთარი პრეცედენტული სამართლისა და მომჩივნის საჩივრების ბუნების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წამოჭრილი საკითხები უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ასპექტების კუთხით, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (შედარებისთვის იხ. Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, § 104, 15 June 2021).
სასამართლოს შეფასება
39. ეროვნული ხელისუფლების ორმაგი წარუმატებლობის შესახებ მომჩივნის ბრალდებების გათვალისწინებით (რომელიც უკავშირდებოდა მათი ახლობლის ოჯახური ძალადობისგან დაცვის ნაკლებობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეფექტური გამოძიების არარსებობას) რომელიც წარმოიშვა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფენომენის არასაკმარისი აღიარებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ყველაზე მართებული გზა იქნება საჩივართა ერთდროული, ორმაგი შესწავლა კონვენციისმე-2 მუხლის შესაბამისად მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იხ. Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, § 47, 8 July 2021, სხვა მითითებებთან ერთად). მეორე, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის საკითხი შეუერთდა მათ საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილით, სტრასბურგის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჩივრის არსებით განხილვის დაწყებას ამ უკანასკნელი საჩივრით. მესამე, ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე საქმე პირდაპირ არ ეხება D-ს ძალადობრივ ქმედებებს, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება C-ს სიკვდილის შემდეგ, არამედ ხელისუფლების საპასუხო ქმედებას ან მის ნაკლებობას, და C-ს და მისი ოჯახის წევრების საჩივრებს მის მკვლელობამდე და მას შემდეგ. ის ფაქტი, რომ D. იყო პოლიციის თანამშრომელი და იცნობდა C-ს საჩივრების გამომძიებელ პირებს, შესაძლოა შეესაბამებოდეს სტრასბურგის სასამართლოს შეფასებას მე-2 მუხლის პროცედურულ და მატერიალურ ნაწილებთან მიმართებით და დაზარალებულის სტატუსის სავარაუდო დაკარგვას.
(ა) ზოგადი პრინციპები
40. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სუბსიდიარობის პრინციპის მიხედვით, პირველ რიგში, ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება კონვენციის ნებისმიერი დარღვევის გამოსწორება. ამასთან დაკავშირებით, საკითხი - შეუძლია თუ არა მომჩივანს განაცხადოს, რომ არის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლი, აქტუალურია კონვენციით გათვალიწინებული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე. მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება ან ღონისძიება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მას ჩამოერთვას „მსხვერპლის“ სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნულმა ორგანოებმა პირდაპირ ან არსებითად არ აღიარეს და შემდეგ გამოასწორეს კონვენციის დარღვევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ორივე პირობა დაკმაყოფილებულია, კონვენციის დამცავი მექანიზმის სუბსიდიარული ბუნება გამორიცხავს საჩივრის განხილვას (იხ. Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2), no. 14305/17, § 218, 20 November 2018). სუბსიდიარობის პრინციპი არ ნიშნავს ეროვნული საშუალებების გამოყენების შედეგად მიღებულ შედეგზე ყოველგვარ ზედამხედველობაზე უარის თქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში კონვენციით გარანტირებული უფლებები მოკლებული იქნება რაიმე არსს (მაგ. იხ., Nikolova and Velichkova v. Bulgaria, no. 7888/03, § 49, 20 December 2007).
41. საქმეებში, რომლებიც ეხება სახელმწიფო მოხელეების შესაძლო პასუხისმგებლობას, მათი სავარაუდო დაუდევრობის შედეგად გამოწვეული სიკვდილის გამო, ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნის მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულება სულაც არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფას ყველა შემთხვევაში. თუმცა, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი გარემოებები, როდესაც მხოლოდ ეფექტური სისხლის სამართლის გამოძეიბა შეძლებს დააკმაყოფილოს მე-2 მუხლით დაკისრებული საპროცესო პოზიტიური ვალდებულება. ასეთი გარემოებები შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, როდესაც სახეზეა სიცოცხლის მოსპობა ან მისთვის საფრთხის შექმნა ხელისუფლების ქმედების გამო, რომელიც სცილდება გადაწყვეტილებაში შეცდომას ან დაუდევრობას. როდესაც დადგინდა, რომ სახელმწიფო მოხელეების ან ორგანოების დაუდევრობა სცილდება გადაწყვეტილებაში შეცდომას ან დაუდევრობას, იმით, რომ მოცემულმა ხელისუფლებამ - სრულად გააცნობიერა მოსალოდნელი შედეგები და უგულებელყო მათზე მინიჭებული უფლებამოსილება - არ მიიღო აუცილებელი და საკმარისი ზომები რისკების თავიდან ასაცილებლად. ის ფაქტი, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის წინაშე მყოფ პირებს არ წაუყენებიათ ბრალი ან არ დასჯილან, შეიძლება შეადგენდეს მე-2 მუხლის დარღვევას, განურჩევლად სხვა სახის საშუალებისა, რომელიც პირებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი ინიციატივით (იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 59).
42. რაც შეეხება სახელმწიფოს შესაბამის არსებით პოზიტიურ ვალდებულებებს კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ისინი სრულყოფილად იქნა შეჯამებული საქმეში თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, პირველი საქმე, რომელიც ავლენს სახელმწიფოს წარუმატებლობას ოჯახში ძალადობისა და ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში (ციტირებული ზემოთ, §§ 48-51). გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სახელმწიფოს მიერ ქალების დაცვა ოჯახში ძალადობისგან არღვევს მათ კანონის წინაშე თანაბარი დაცვის უფლებას და რომ ეს წარუმატებლობა არ არის საჭირო, რომ იყოს განზრახი. ევროპულმა სასამართლომ ადრე უკვე დაადგინა, რომ „ზოგადი და დისკრიმინაციული სასამართლო პასიურობა [შექმნის] კლიმატს, ... რომელიც ხელს უწყობს ოჯახში ძალადობას“, წარმოადგენს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას (იხ. Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 191 et seq., ECHR 2009). ამგვარი დისკრიმინაციული მოპყრობა ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლების ქმედებები არ არის უბრალო წარუმატებლობა ან შეფერხება განსახილველ ძალადობასთან გამკლავებაში, არამედ წარმოადგენს ამგვარი ძალადობის განმეორებით პატიებას და ასახავს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მომჩივნის, როგორც ქალის მიმართ (იხ. Talpis v. Italy, no. 41237/14, § 141, 2 March 2017). მართლაც, ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე საჭიროა ხელისუფლების დაუყონებლივი რეაგირება, რომლებმაც უნდა დადგინონ არსებობს თუ არა რეალური და პირდაპირი საფრთხე ერთი ან მეტი ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირებული მსხვერპლისათვის, დამოუკიდებელი, პროაქტიული და ყოვლისმომცველი რისკის შეფასების განხორციელების გზით (იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, § 190).
(ბ) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(i) პროცედურული ვალდებულებები და მსხვერპლის სტატუსი
43. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საჩივრის არსი არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა და დაუდევრობა იყო ერთ-ერთ მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახში ძალადობა იქნა გამწვავებული, რაც საბოლოოდ C-ს მკვლელობით დასრულდა, და იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მაღალი რისკის შესახებ, რომელსაც C. წაააწყდებოდა თუ არ შესრულდებოდა პოლიციის მოვალეობები (რადგან იგი უჩიოდა ასევე პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც წვდომა ჰქონდა ცეცხლსასროლ იარაღზე) და, ამრიგად, შეეძლო დაედგინა, იყო თუ არა ის (კონკრეტული პოლციის თანამშრომელი) წარსულში ჩართული მსგავს შემთხვევებში ან ჰქონდა თუ არა ძალადობისკენ მიდრეკილება, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი უმოქმედობა და დაუდევრობა გასცდა უბრალო შეცდომის ან დაუდევრობის ფარგლებს. შესაბამისად, მომჩივნების მიერ ეროვნულ დონეზე გამოყენებულ დაცვის საშუალებებს შორის, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის ყველაზე აქტუალური იყო სისხლის სამართლის საქმისწარმოება, რომელიც აღძრული იყო პოლიციის თანამშრომლებისა და პროკურორების წინააღმდეგ (შედარებისთვის იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 60).
44. თუმცა, სტრასბუგის სასამართლო შეშფოთებით აღნიშნავს, რომ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანო არ ცდილობდა დაედგინა პასუხისმგებლობა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან C-ს მკვლელობამდე მომხდარ გენდერული ძალადობის მრავალ ინციდენტზე სათანადო რეაგირების არქონის გამო და არც ჩათვალა საჭიროდ, რომ მომჩივნისთვის მიენიჭებინა მსხვერპლის სტატუსი. პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის შესახებ არც კი დაწყებულა დისციპლინური გამოძიება და არ გადადგმულა ნაბიჯები პოლიციელების მოსამზადებლად, თუ როგორ უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება მომავალში ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე. რაც შეეხება მომჩივანთა საჩივრის იმ ნაწილს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროკურორის უმოქმედობას, ამასთან დაკავშირებით, მათ არანაირი პასუხი არ მიუღიათ (მომჩივნებმა არაერთხელ მოითხოვეს, მაგრამ ვერ მიიღეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსგან მათი სისხლის სამართლის საჩივრის ამ ასპექტის შესახებ). თუმცა, საქმის შესაბამისი გარემოებების, კერძოდ, არსებული მაჩვენებლების არსებობის გათვალისწინებით (რომლებიც მიუთითებს შესაძლო გენდერულ დისკრიმინაციაზე, რადგან ნაწილობრივ მაინც ასახავს სამართალდამცავი ორგანოების პასუხს მომჩივნისთვის და საჩივარზე, და ის ფაქტი, რომ მათ უფლება მისცეს სავარაუდო დამნაშავეს, რომ მონაწილეობა მიეღო მომჩივნისა და სავარაუდო ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაკითხვაში) სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, ჩაეტარებინათ არსებითი გამოძიება სამართალდამცავების რეაგირებაზე და მათ უმოქმედობაზე, რომელიც შესაძლოა მოტივირებული ყოფილიყო გენდერული დისკრიმინაციით, C-ს საჩივრებთან დაკავშრებით (შედარებისთბის იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 60). ის ფაქტი, რომ ძალადობის სავარაუდო ჩამდენი იყო თავად სამართალდამცავი ორგანოს წევრი და ის მუქარა, რომელსაც იგი იყენებდა მსხვერპლისა და მისი ოჯახის წევრების მიმართულებით და თვლიდა, რომ დაუსჯელი იყო, გამოძიებას ხდიდა მეტად საჭიროს.
45. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნას, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებები მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იქვე, §§ 58-60) ასევე, იგი აღნიშნავს სხვა ორი ეროვნული სამართალწარმოების არასაკმარისობაზე - დამნაშავის სისხლისსამართლებრივი დევნა და მომჩივნების მიერ სამართალდამცავი ორგანოები წინააღმდეგ აღძრული სამოქალაქო საქმისწარმოება. რაც შეეხება პირველს, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ D-ს სასამართლო პროცესი და გამამტყუნებელი განაჩენი არ მოიცავდა რაიმე მოკვლევას დანაშაულის ჩადენაში გენდერული დისკრიმინაციის შესაძლო როლის შესახებ. რაც შეეხება უკანასკნელს, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ დადებითი იყო, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა აღიარეს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ მიიღეს ზომები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დასასრულებლად და C-ს სიცოცხლის დასაცავად, სტრასბუგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ არ გააფართოვეს თავიანთი მოკვლევა იმ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ოფიციალური შემწყნარებლობა განპირობებული ყოფილიყო იმავე გენდერული მიკერძოებით. ეროვნულ სასამართლოებს ასევე, არ უპასუხიათ კითხვისთვის, იყო თუ არა მითითებები გაცემული შესაბამისი სამართალდამცავი თანამშრომლების მდუმარების ან თანხმობის შესახებ, მათი კოლეგა D-ს მიერ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობების შესახებ. ეროვნული სასამართლოების ეს ხარვეზები არ ჯდება მოპასუხე სახელმწიფოს მოვალეობასთან, გაუმკლავდნენ მოტივირებულ დანაშაულებს.
46. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების და ფულადი კომპენსაციის ბუნებისა და ოდენობის გათვალისწინებით, მომჩივნები ინარჩუნებენ მსხვერპლის სტატუსს 34-ე მუხლის მნიშვნელობით და რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
(ii) არსებითი პოზიტიური ვალდებულებები
47. თხელიძის საქმის მსგავსად, წინამდებარე საჩივრის გარემოებები ადასტურებენ, რომ აშკარად არსებობდა ოჯახში ძალადობის ხანგრძლივი მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ არსებობდა მსხვერპლისთვის პირდაპირი საშიშროება და რომ პოლიციამ იცოდა ან აუცილებლად უნდა სცოდნოდა ამ სიტუაციის ბუნების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ რისკების სერიოზულობის შესახებ, პოლიციამ ვერ გამოიჩინა საჭირო მონდომება და დაუშვა მნიშვნელოვანი ხარვეზები საკუთარ საქმიანობაში, როგორიცაა არაზუსტი, არასრული ან თუნდაც შეცდომაში შემყვანი მტკიცებულებების შეგროვება და არ ცდოლობდა ჩაეტარებინა სათანადო ანალიზი, თუ რა შეიძლება იყოს ძალადობის პოტენციური გამომწვევი ფაქტორები (შედარებისთვის იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 53). ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ ოჯახში ძალადობის ხსენებული ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვების ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად ჩადენილი ძალადობის დონის არასაკმარისი შეფასება, შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და თუნდაც ხელი შეუშალოს ოჯახურის ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც ხშირად უკვე საზოგადოების ზეწოლის ქვეშ არიან, რომ მომავალში შეატყობინონ მოძალადე ოჯახის წევრის შესახებ ხელისუფლებას (იქვე., § 54).
48. სტრასბურგის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ითვალისწინებდა სხვადასხვა დროებით შემაკავებელ ზომებს სავარაუდო მოძალადეების მიმართ (შედარებისთვის იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, 55), შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი ორგანოები მათ საერთოდ არ მიმართავდნენ. პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი სხვადასხვა ანგარიშებიდან და ჩანაწერებიდან არ ჩანს, რომ მსხვერპლს პოლიციამ ოდესმე მიაწოდა ინფორმაცია მისი პროცედურული უფლებებისა და მის ხელთ არსებული სხვადასხვა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დაცვის ზომების შესახეხ. ევროპული სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა, როგორც ჩანს, უფრო შემაშფოთებელია იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ მოძალადე თავად იყო პოლიციელი. უფრო მეტიც, მაშინ, როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად იცოდნენ, რომ იგი იყენებდა თავისი ოფიციალური სამსახურეობრივი პოზიციის სხვადასხვა ატრიბუტებს იმისათვის, რომ C-ზე ეძალადა (არაერთხელ შეაშინა სამსახურეობრივი იარაღით, ემუქრებოდა ცრუ ბრალდებებით C-ს მამისა და ძმის წინააღდეგ იმ შემთხვევაში თუ იგი პოლიციას შეატყობინებდა ძალადობის შესახებ და ა.შ.), პოლიციამ არა მხოლოდ არ დაასრულა საბოლოო დაუსჯელობისა და თვითნებობის დემონსტრაცია (იხ. Ushakov and Ushakova v. Ukraine, no. 10705/12, § 83, 18 June 2015), არამედ, პირიქით, უფლება მისცა სავარაუდო მოძალადეს მონაწილეობა მიეღო მისი მსხვერპლის დაკითხვაში და მალევე დაწინაურდა პოლიციის უფრო მაღალი წოდებით. ევროპული სასამართლო თვლის, რომ საქმის ეს ასპექტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან იგი წევრი სახელმწიფოებისგან მოელის, რომ გამოიძიებისას უფრო მკაცრები იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დასაჯონ სამართალდამცავები სერიოზული დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის, ოჯახში ძალადობისა და ზოგადად ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის. ევროპული სასამართლო ასევე მოელის, რომ ამ უკანასკნელის შესრულებისას სამართალდამცავები მეტად მკაცრები იყვნენ ჩვეულებრივ დამნაშავეებთან შედარებით, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ მოძალადეების ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ სახელმწიფოს მოვალეობას შეებრძოლოს დამნაშავეების მიერ საკუთარი თანამდებობის გამო განცდილი დაუსჯელობის გრძნობას და შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი (იხ, mutatis mutandis, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 92, 18 July 2019, და Makuchyan and Minasyan v. Azerbaijan and Hungary, no. 17247/13, § 157, 26 May 2020).
49. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სამართალდამცავი ორგანოების ზოგად და დისკრიმინაციულ პასიურობას ოჯახში ძალადობის შესახებ, შექმნას კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემდგომ გავრცელებას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. სხვადასხვა დამცავი ზომების უგულებელყოფით, რომლებიც პირდაპირ ხელმისაწვდომი იყო, ხელისუფლებამ არ აღკვეთა გენდერული ძალადობა მომჩივანთა ახლობლების მიმართ, რისი კულმინაციაც იყო სიკვდილი, და მათ ამ წარუმატებლობას შეუერთეს პასიურობა და თუნდაც შემგუებლობა სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით გაასამართლეს მსხვერპლის მკვლელობის ბრალდებით.
შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია თავისი არსებითი პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
სტრასბურგის სასამართლომ, მომჩივნებს მიანიჭა 35.000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.