© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012.
წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე „ა. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”
(საჩივარი №3455/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
19 თებერვალი, 2009 წ.
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ შესაძლოა, დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე „ა. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჟან პოლ კოსტა, თავმჯდომარე,
ქრისტოს როზაკისი,
ნიკოლას ბრატცა
ფრანსუაზ ტულკენსი,
ჯოზეფ კასადევალი,
ჯიოვანი ბონელოს,
ირენეუ კაბრალ ბარეტო,
ელიზაბეტ სტეინერი,
ლეხ გარლიცკი,
ხანლარ ჰაჯიევი,
ლილიანა მიოვიჩი,
ეგბერტ მაიერი,
დევიდ თორ ბიორგვინსონი,
ჯორჯ ნიკოლაუსი,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
მიხაი პოალელუნგის, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილი, სასამართლო განმწესრიგებლის მოადგილე
2008 წლის 21 მაისსა და 2009 წლის 4 თებერვალს გამართული დახურული თათბირების შედეგად, 2009 წლის 4 თებერვალს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმე დაიწყო 2005 წლის 21 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის არმქონე თერთმეტი პირის (შემდეგში „მომჩივნები“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის (№3455/05) საფუძველზე. თავმჯდომარე დაეთანხმა მომჩივანთა თხოვნას მათი ვინაობის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებით (სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ლონდონში არსებული იურიდიული კომპანია „Birnberg Pierce and Partners“, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას (შემდეგში „მთავრობა“) სახელმწიფოს წარმომადგენელი, ბ-ნი დ. უოლტონი, საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა უწყებიდან.
3. მომჩივნები კონკრეტულად ჩიოდნენ, რომ მათი დაპატიმრება მოხდა კონვენციის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-14 მუხლის დარღვევით და რომ მათ არ გააჩნდათ დაცვის სათანადო საშუალებები, რაც კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილათან და მე-13 მუხლთან შეუსაბამო იყო.
4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამარათლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 2007 წლის 11 სექტემბერს, აღნიშნული სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით: ჯოსეფ კასადევალი, ნიკოლას ბრატცა, ჯოვანი ბონელო, ქრისტაქ ტრაია, სტანისლავ პავლოვიჩი, ლეხ გარლიცკი, ლილიანა მიოვიჩი და ასევე, ლოუერენს ერლი, სექციის განმწესრიგებელი, საქმეზე იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას და არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა იურისდიქციის დათმობასთან დაკავშირებით (კონვენციის 30-ე და სასამართლოს რეგლამენტის 72-ე მუხლები).
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
6. მომჩივნებმა და მთავრობამ, თითოეულმა წარადგინეს წერილობითი განმარტებები საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა ლონდონის ორი არასამთავრობო ორგანიზაციისგან – “Liberty” და “Justice”, რომელთა მონაწილეობა წერილობით პროცედურაში ნებადართულ იქნა თავმჯდომარის მიერ (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
7. საქმის საჯარო განხილვა გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 21 მაისს (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის სახელით
ბ-ნი დ. უოლტონი, სახელმწიფოს წარმომადგენელი,
ბ-ნი ფ. სეილსი, დედოფლის ადვოკატი,
ქ-ნი ს. ივიმი,ადვოკატი,
ბ-ნი ს. ბრავინერ-რომანი,
ქ-ნი ქ. ჩალმერსი,
ბ-ნი ი. ადამსი,
ბ-ნი ჯ. ედატი,
ბ-ნი ლ. სმიტი,მრჩევლები;
(ბ)მომჩივნების სახელით
ქ-ნი გ. პირსი,
ქ-ნი მ. უილის სტიუარტი,
ბ-ნი დ. გუედალა, იურისტები,
ბ-ნი ბ. ემერსონი, დედოფლის ადვოკატი,
ბ-ნი რ. ჰუსეინი,
ბ-ნი დ. ფრიდმანი, ადვოკატი
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ემერსონისა და ბ-ნი სეილსის მიმართვები და მათი პასუხები სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
ა. დეროგაცია - კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევა
9. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორი მათგანი დაეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ შენობებს, ხოლო მესამე – პენტაგონს, რამაც დიდი მსხვერპლი და ქონების განადგურება გამოიწვია. პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა ექსტერმისტულმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ-ყაიდამ, რომელსაც ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანებლობდა. გაერთიანებული სამეფო შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებს ავღანეთში, სადაც მდებარეობდა ალ-ყაიდას საწვრთნელი ბანაკები.
10. მთავრობა ამტკიცებდა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა ცხადყო, რომ საერთაშორისო ტერორისტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ასოცირდებოდა ალ-ყაიდასთან, ჰქონდათ განზრახვა და შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო სამიზნეებზე უპრეცედენტო მასშტაბის შეტევები განეხორციელებინათ. ამასთან, ალ-ყაიდასა და მისი წევრების დაქსაქსული და გლობალური სტრუქტურისა და მათი ფანატიზმის, დაუნდობლობისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით, სახელმწიფოსთვის რთული იქნებოდა შემდგომი შეტევების თავიდან აცილება. მთავრობის შეფასებით, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისი მჭიდრო კავშირების გამო, განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდა. მთავრობას მიაჩნდა, რომ არსებობდა საგანგებო მდგომარეობა, რაც ერის არსებობას საფრთხეს უქმნიდა. ამასთან, მან ჩათვალა, რომ საფრთხე ძირითადად, მაგრამ არა ექსკლუზიურად, გაერთიანებულ სამეფოში მყოფი რამდენიმე უცხოელისგან მოდიოდა, რომლებიც ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტური ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ქსელს ქმნიდნენ. უცხო ქვეყნების აღნიშნულ მოქალაქეთა ნაწილის დეპორტაცია ვერ ხდებოდა, რადგან მათი წარმომავლობის ქვეყნებში არსებობდა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რისკი.
11. 2001 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფო მდივანმა გამოსცა –ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან გადახვევის შესახებ ბრძანება” 1998 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად (შემდეგში „1998 წლის კანონი“, იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 94), რომელშიც მან, კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის დეროგაციის შესახებ წარსადგენი შეტყობინების პირობები მიუთითა. 2001 წლის 18 დეკემბერს მთავრობამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს წარუდგინა დეროგაციის შესახებ შეტყობინება. ამ შეტყობინებაში ეწერა:
„საგანგებო მდგომარეობა გაერთიანებულ სამეფოში
ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა (კოლუმბიის ოლქი) და პენსილვანიაში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა რამდენიმე ათასი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მათ შორის არის ბევრი ბრიტანელი და 70 სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. 1368 (2001) და 1373 (2001) რეზოლუციებით, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ თავდასხმები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა.
საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე განგრძობადია. უშიშროების საბჭომ 1373 (2001) რეზოლუციით, გაერთიანებული ერების წესდების VII თავის შესაბამისად, მოსთხოვა სახელმწიფოებს, მიეღოთ ზომები ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად, რაც გულისხმობს იმ პირთათვის, ვინც აფინანსებს, გეგმავს, მხარს უჭერს ან ახორციელებს ტერორისტულ თავდასხმებს, უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმას.
გაერთიანებული სამეფოსათვის არსებობს ტერორისტული საფრთხე იმ პირთაგან, ვინც ჩაბმულია საერთაშორისო ტერორიზმში. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებიან პირები, ვინც ეჭვმიტანილია საერთაშორისო ტერორიზმის აქტების ჩადენასთან, მომზადებასა ან წაქეზებასთან კავშირში, იმ ორგანიზიაციების ან ჯგუფების წევრობაში, ან მათთან კავშირში, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული და რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონვენციის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით, გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო მდგომარეობაა.
ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ 2001 წლის კანონი
საგანგებო მდგომარეობის შედეგად, 2001 წლის ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ აქტში შედის, inter alia, დებულება უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებისა და დაპატიმრების გაფართოებული უფლებამოსილების შესახებ, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა გაერთიანებული სამეფოდან გაძევება ან დეპორტაციაა განზრახული, მაგრამ მოცემული დროისთვის შეუძლებელია და შესაბამისად, მათი დაპატიმრება დღეს არსებული ეროვნული კანონმდებლობით უკანონოა. დაკავებისა და დაპატიმრების გაფართოებული უფლებამოსილება გამოიყენება მაშინ, როცა სახელმწიფო მდივანი გამოსცემს უწყებას, რომელშიც უთითებს საკუთარ მოსაზრებას, რომ პირის დარჩენა გაერთიანებულ სამეფოში წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის და რომ იგი პირს საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. აღნიშნული უწყების გასაჩივრება შესაძლებელია საიმიგრაციო საჩივრების სპეციალურ კომისიაში (შემდეგში „საიმიგრაციო კომისია“), რომელიც დაარსდა 1997 წლის საიმიგრაციო საჩივრების სპეციალური კომისიის შესახებ კანონის საფუძველზე; საიმიგრაციო კომისიას ექნება უწყების გაუქმების უფლება, თუ მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა გამოცემულიყო. საიმიგრაციო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება კანონიერების შესამოწმებლად. ამასთან, უწყებას საიმიგრაციო კომისია გადასინჯავს რეგულარული შუალედების დაცვით. საიმიგრაციო კომისია ასევე უფლებამოსილია, დადგენილი პირობების დაცვით, პირი თავდებით გაათავისუფლოს. დაპატიმრებულს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს დაასრულოს თავისი პატიმრობა, თუ დათანხმდება, დატოვოს გაერთიანებული სამეფო.
2001 წლის ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ კანონით გათვალისწინებული დაპატიმრებისა და დაკავების გაფართოებული უფლებამოსილება წარმოადგენს ზომას, რომლის გამოყენება მკაცრად აუცილებელია სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე. ის წარმოადგენს დროებით დებულებას, რომელიც ძალაში შედის თავდაპირველი 15 თვიანი ვადით და შემდეგ კარგავს ძალას, თუ მისი მოქმედების ვადა პარლამენტის მიერ არ გაგრძელდა. შემდეგ იგი ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას პარლამენტის მიერ. ნებისმიერ დროს, როცა მთავრობა ჩათვლის, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ არსებობს, ან რომ გაფართოებული უფლებამოსილება აღარ არის მკაცრად აუცილებელი სიტუაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, სახელმწიფო მდივანი თავისი ბრძანებით აუქმებს დებულებას.
დაპატიმრების შიდასამართლებრივი უფლებამოსილებები (გარდა ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ 2001 წლის კანონით გათვალისწინებულისა)
მთავრობა უფლებამოსილია, 1971 წლის იმიგრაციის შესახებ კანონის (შემდეგში „1971 წლის კანონი“) საფუძველზე გააძევოს ან დეპორტაცია გაუკეთოს პირებს იმ მოტივით, რომ მათი ყოფნა გაერთიანებულ სამეფოში, ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით, ხელს არ უწყობს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. 1971 წლის კანონის მე-2 და მე-3 დანართების თანახმად, გაძევებამდე ან დეპორტაციამდე პირების დაკავება ან დაპატიმრება ასევე შესაძლებელია. გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ დაპატიმრების აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გაძევების მიზნით, ხოლო თუ ნათელი გახდა, რომ გონივნულ ვადაში გაძევება შეუძლებელია, დაპატიმრება ჩაითვლება უკანონოდ (რ. დურჰემის ციხის მმართველის წინააღმდეგ, ex parte სინგჰი [1984] All ER 983.
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტი
დადგენილია, რომ მე-5 მუხლის, 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს პირის დაკავებას დეპორტაციის მიზნით მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც პირის მიმართ “ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციისთვის” (ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (1996) 23 EHRR 413, პარაგრაფი 112). აღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მე-5 1-ლი ნაწილის (ვ ) პუნქტის თანახმად, დაპატიმრება აღარ მიიჩნევა დასაშვებად, თუ დეპორტაციის პროცედურა არ ხორციელდება სათანადო გულმოდგინებით და რომ ასეთ შემთხვევებში საჭიროა იმის განსაზღვრა, იყო თუ არა დეპორტაციის პროცესი გაჭიანურებული (პარაგრაფი 113).
ზოგ შემთხვევაში, როდესაც მიზანს წარმოადგენს პირის გაძევება ან დეპორტაცია ეროვნული უშიშროების მოტივით, განგრძობადი დაპატიმრება, შესაძლოა არ იყოს მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის შესაბამისი, როგორც ეს სასამართლომ ჩაჰალის საქმეში განმარტა. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, თუ პირი დაამტკიცებს, რომ თავის ქვეყანაში გაძევებას შედეგად კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობა მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, იმ საფრთხის სიძლიერის მიუხედავად, რასაც პირი ეროვნულ უშიშროებას უქმნის, დადგენილია, რომ მე-3 მუხლი კრძალავს პირის გაძევებას ან დეპორტაციას იმ ადგილას, სადაც არსებობს ამ მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური რისკი. თუ დეპორტაციისთვის ალტერნატიული ადგილის დაუყოვნებლივ არ მოიძებნა, მაშინ გაძევება ან დეპორატაცია, შესაძლოა, დროებით შესაძლებელი იყოს მიუხედავად იმისა, რომ გაძევება ან დეპორტაცია რჩება საბოლოო ამოცანად დარჩება და განხორციელდება საჭირო პირობების შექმნისთანავე. ამასთან, პირი დანაშაულის ჩადენისთვის შეიძლება ვერ მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, გაერთიანებული სამეფოს სისხლის სამართლის სისტემაში მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ არსებული მკაცრი წესებისა და მტკიცების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.
დეროგაცია კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად
მთავრობამ განიხილა ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ 2001 წლის კანონით გათვალისწინებული გაფართოებული უფლებამოსილების გამოყენების შესაბამისობის საკითხი კონვენციის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზოგ შემთხვევაში, დაპატიმრებული პირის გაძევების ან დეპორტაციის განგრძობადი მიზნის მიუხედავად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ “ხორციელდება ღონისძიებანი დეპორტაციისთვის” მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის მნიშვნელობით, როგორც ეს სასამართლომ ჩაჰალის საქმეში განმარტა. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც გაფართოებული უფლებამოსილების გამოყენება, შესაძლებელია, ეწინააღმდეგებოდეს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ გაერთიანებული სამეფოს ვალდებულებებს, მთავრობამ გადაწყვიტა, გამოიყენოს კონვენციის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის მინიჭებული დეროგაციის უფლებამოსილება და განაგრძობს ამ უფლებამოსილების გამოყენებას შემდგომ შეტყობინებამდე.“
დეროგაციის შესახებ შეტყობინებაში შემდეგ მითითებული იყო 2001 წლის ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მე-4 ნაწილის დებულებები.
12. 2001 წლის 12 ნოემბერს ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მოიცავს დებულებებს, რომლებიც საბოლოოდ 2001 წლის ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ კანონის მე-4 ნაწილი გახდა (შემდეგში „2001 წლის კანონი“, იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 90), წარდგენილი იყო თემთა პალატაში. პარლამენტმა კანონპროექტი ორ კვირაში მიიღო, თემთა პალატაში მისი 125 მუხლის განსახილველად გამოყოფილ სამ დღიან ვადაში, შესაბამისი პროგრამის რეჟიმში, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა ერთობლივი კომიტეტისა და შინაგან საქმეთა არჩეული კომიტეტის უკმაყოფილება გამოიწვია მათ მიერ საკითხის განსახილველად გამოყოფილმა დროის სიმცირემ.
13. 2001 წლის კანონი ძალაში 2001 წლის 4 დეკემბერს შევიდა. მისი არსებობის მანძილზე, თექვსმეტი პირი, ამჟამინდელი თერთმეტი მომჩივნის ჩათვლით, 21-ე მუხლის შესაბამისად კვალიფიცირებული და დაპატიმრებული იყო. პირველი ექვსი მომჩივანი კვალიფიცირებული იყო 2001 წლის 17 დეკემბერს, რასაც მათი მოკლე ვადაში დაპატიმრება მოჰყვა. მეშვიდე მომჩივანი კვალიფიცირებული და დაპატიმრებული იყო 2002 წლის თებერვლის დასაწყისში; მეცხრე მომჩივანი – 2002 წლის 22 აპრილს; მერვე მომჩივანი – 2002 წლის 23 ოქტომბერს; მეათე მომჩივანი – 2003 წლის 14 იანვარს; ხოლო მეთერთმეტე მომჩივანი კვალიფიცირებული იყო 2003 წლის 2 ოქტომბერს და ვინაიდან იგი უკვე დაპატიმრებული იყო ნორმის საფუძველზე, მისი პატიმრობა გაგრძელდა.
ბ. დეროგაციის პროცედურა
14. საიმიგრაციო საჩივრების სპეციალურ კომისიაში („საიმიგრაციო კომისია“, იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 91-93), პირველმა შვიდმა მომჩივანმა გაასაჩივრა დეროგაციის კანონიერება, ამტკიცებდნენ რა, რომ 2001 წლის კანონის შესაბამისად მათი დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-3, მე-5, მე-6 და მე-14 მუხლებით მათთვის მინიჭებულ უფლებებს. თითოეულმა ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო მდივნის მიერ მისი საერთაშორისო ტერორისტად კვალიფიცირება.
15. 2002 წლის 30 ივლისს, შეამოწმა რა საქმის როგორც ღია, ასევე დახურული მასალები და მოისმინა რა სპეციალური ადვოკატების განმარტებები მხარეთა ადვოკატისა და მესამე მხარის, “Liberty”-ს ადვოკატების განმარტებებთან ერთად, საიმიგრაციო კომისიამ გამოიტანა გადაწყვეტილება დეროგაციის კანონიერებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ საქმის ღია მასალების მიხედვით, იგი დარწმუნდა, რომ ალ-ყაიდასგან მომდინარე საფრთხემ გამოიწვია საგანგებო მდგომარეობის შექმნა, რაც საფრთხეს უქმნიდა ერის სიცოცხლეს კონვენციის მე-15 მუხლის მნიშვნელობით, ხოლო დახურულმა მასალებმა ეს მოსაზრება დაადასტურა.
საიმიგრაციო კომისიის განმარტებით, იმ ფაქტმა, რომ საზოგადოების საერთაშორისო ტერორისტთაგან დაცვის ამოცანის შესრულება ალტერნატიული მეთოდების გამოყენებითაც იყო შესაძლებელი, ვერ დაადასტურა, რომ რეალურად გამოყენებული საშუალებები არ იყო მკაცრად აუცილებელი. გარდა ამისა, რადგან დაპატიმრების მიზანს გაერთიანებული სამეფოს დაცვა წარმოადგენდა, იმ ფაქტმა, რომ დაპატიმრებულს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა, დაამტკიცა, რომ ზომები სათანადოდ იყო მორგებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებთან.
საიმიგრაციო კომისიამ უარყო მომჩივნების კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები. მან აღნიშნა, რომ რადგან ისინი ეხებოდა პატიმრობის პირობებს, მომჩივნებს საქმე უნდა აღეძრათ საერთო სასამართლოებში, და რომ საიმიგრაციო კომისიას არ გააჩნდა აღნიშნული საჩივრების განხილვის უფლებამოსილება, ვინაიდან იგი არ ეხებოდა “დეროგაციის საკითხს”. ამასთან, იგი დასაბუთებულად არ მიიჩნევდა მომჩივნების არგუმენტს, რომ განუსაზღვრელი ვადით დაპატიმრება ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს. ამასთან დაკავშირებით საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა, რომ დაპატიმრება არ იყო განუსაზღვრელი ვადით, ვინაიდან იგი რეგულირდებოდა 2001 წლის კანონის ვადებით და ვინაიდან 2001 წლის კანონის მიხედვით, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, მომჩივანთა კვალიფიკაცია ექვემდებარებოდა ავტომატურ გადასინჯვას საიმიგრაციო კომისიის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პრევენციული დაპატიმრების ვადა ჯერ არ იყო განსაზღვრული, არ წარმოადგენდა მე-3 მუხლის დარღვევას.
საიმიგრაციო კომისიამ არ გაიზიარა, რომ მე-6 მუხლი მიესადაგებოდა კვალიფიკაციის პროცესს. თითოეული მომჩივნის საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილად კვალიფიკაცია წარმოადგენდა არა “ბრალდებას”, არამედ ეჭვმიტანილობის შესახებ განაცხადს, ხოლო საიმიგრაციო კომისიაში მიმდინარე პროცესი არ ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალეულობის საკითხის განსაზღვრას. ამასთან, საკითხი არ ეხებოდა შესაბამის სამოქალაქო უფლებას და შესაბამისად, მე-6 მუხლის სამოქალაქო სამართლის ასპექტიც არ იყო გამოყენებადი.
თუმცა, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ დეროგაცია უკანონო იყო, ვინაიდან 2001 წლის კანონის შესაბამისი დებულებები, არღვევდა რა კონვენციის მე-14 მუხლს, გაუმართლებლად დისკრიმინაციული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. 2001 წლის კანონით დაცული უფლებამოსილებები შეიძლება შემოფარგლულიყო მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით, საფრთხე რომ ექსკლუზიურად, ან თითქმის ექსკლუზიურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან წამოსულიყო, რაზეც არსებული მტკიცებელებები არ მიუთითებდა. საიმიგრაციო კომისიამ თავისი გადაწყვეტილების 94-ე და 95-ე პარაგრაფებში აღნიშნა:
„94. იმისათვის, რომ განხორციელდეს მე-5 მუხლით დაცული თავისუფლების უფლების დაცვისგან ქმედითი დეროგაცია, ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტების მიმართ - და ჩვენ ვხედავთ მყარ არგუმენტებს ასეთი დეროგაციის სასარგებლოდ - დეროგაცია რაციონალურად უნდა გავრცელდეს საერთაშორისო ტერორიზმში ყველა იმ ეჭვმიტანილზე, ვისი გაძევებაც შეუძლებელია. მისი მოსახლეობის მხოლოდ უცხოელ ნაწილზე გავრცელება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, როგორც [მომჩივანთა ადვოკატი] ამტკიცებს, სავარაუდოდ საფრთხე ექსკლუზიურად, ან თითქმის ექსლკუზიურად, უცხოელებისგან მომდინარეობს.
95. მაგრამ ჩვენთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ამტკიცებს, რომ საფრთხე მხოლოდ უცხოელებისგან არ მომდინარეობს. ბრიტანეთის ბევრი მოქალაქე უკვე არის იდენტიფიცირებული, რომლებიც ძირითადად საზღვარგარეთ იმყოფებიან პატიმრობაში და რომლებიც შეესაბამებიან “საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილის განმარტებას. ამასთან, ჩვენთვის წარმოდგენილმა მოსაზრებებმა ცხადყო, რომ მისი [სახელმწიფო მდივნის] აზრით, გაერთიანებულ სამეფოში ბევრი პირია თავისუფალი, ვისზეც შესაძლოა მსგავსი კვალიფიკაციის გავრცელება. აღნიშნულ ვითარებაში, ჩვენთვის შეუძლებელია მივიჩნიოთ დეროგაცია სხვაგვარად, გარდა როგორც დისკრიმინაციული ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე.“
საიმიგრაციო კომისიამ გააუქმა დეროგაციის შესახებ 2001 წლის 11 ნოემბრის ბრძანება და 1998 წლის კანონის მე-4 ნაწილის თანახმად, 2001 წლის კანონის 23-ე მუხლის მიმართ შეუსაბამობის შესახებ დეკლარაცია გამოსცა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 94).
მან გადადო პირველი შვიდი მომჩივნის კვალიფიკაციის წინააღმდეგ წარდგენილი ინდივიდუალური საჩივრების განხილვა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 24-69) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივ ასპექტებზე სახელმწიფო მდივნის საჩივრისა და მომჩივანთა შესაგებელი საჩივრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
16. 2002 წლის 25 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (ა. და სხვები შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ, [2002] EWCA Civ 1502).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საიმიგრაციო კომისია უფლებამოსილი იყო, დაედგინა, რომ არსებობოდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ერის არსებობას. თუმცა, საიმიგრაციო კომისიის შეხედულებისგან განსხვავებით, მან დაადგინა, რომ შესაძლებელი იყო სახელმწიფო მდივნის მიდგომის ობიექტური გამართლება. არსებობდა გონივრული კავშირი ბრატანეთის მოქალაქეობის არმქონე პირების, რომელთა დეპორატაცია შეუძლებელი იყო მათი უსაფრთხოებისთვის არსებული საშიშროების გამო, დაპატიმრებასა და იმ მიზანს შორის, რომლის მიღწევაც სახელმწიფო მდივანს სურდა და რაც მდგომარეობდა ბრატანეთის მოქალაქეობის არმქონე იმ პირების გაძევებაში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ეროვნული უშიშროებისთვის. ამასთან, მომჩივნები დაპატიმრებული იქნებოდნენ არა უმეტეს იმ დრომდე, ვიდრე აღნიშნული საჭირო იყო მათ დეპორტაციამდე, ან იმ დრომდე, ვიდრე იარსებებდა საგანგებო მდგომარეობა, ან მანამ, სანამ ქვეყნის უშიშროებისთვის მათგან მომდინარე საფრთხე აღარ იარსებებდა. ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციას კონვენციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგოდ, რადგან ტერორიზმში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქეების მდგომარეობა არ გახლდათ უცხო ქვეყნის იმ ეჭვმიტანილი მოქალაქეების სიტუაციის ანალოგიური, ვისი დეპორტაციაც შეუძლებელი იყო მათი უსაფრთხოებისთვის არსებული საშიშროების გამო. ასეთ უცხოელ მოქალაქეებს ჰქონდათ არა ქვეყანაში დარჩენის უფლება, არამედ მხოლოდ ჰქონდათ უფლება, დროის მოცემულ პერიოდში, არ მომხდარიყო მათი გაძევება მათივე უსაფრთხოების გამო. როგორც სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, საერთაშორისო სამართალში მყარად არის დადგენილი, რომ ზოგიერთ სიტუაციაში სახელმწიფოებს შეუძლიათ, განსხვავებულად მოეპყრან საკუთარ მოქალაქეებსა და მათი მოქალაქეობის არმქონე პირებს, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს. მან ასევე დაასკვნა, რომ პარლამენტს ჰქონდა უფლებამოსილება, შემოთავაზებული ღონისძიებები მხოლოდ ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილ უცხოელებზე გაევრცელებინა, რადგან მას შეეძლო, დაედგინა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ იმ კატეგორიის დაპატიმრება, რომელზეც ზომები გავრცელდა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე “მკაცრად აუცილებელი” იყო, კონვენციის მე-15 მუხლის მნიშვნელობით.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საიმიგრაციო კომისიას, რომ კვალიფიციკაციის წინააღმდეგ აღძრულ საჩივართან დაკავშირებული განხილვა, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით, არ იყო “სისხლის სამართლის” პროცესი. თუმცა, მან დაადგინა, რომ მე-6 მუხლის სამოქალაქო სამართლი ასპექტი გამოყენებადი იყო, თუმცა პროცესი იმდენად სამართლიანი იყო, რამდენადაც აღნიშნულის მიღწევა გონივრულად შეიძლებოდა. მან დამატებით დაადგინა, რომ მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მათი დაპატიმრებით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
17. მომჩივნებს მიეცათ უფლება, საჩივრით მიემართათ ლორდთა პალატისთვის, რომელმაც გადაწყვეტილება 2004 წლის 16 დეკემბერს გამოიტანა ([2004] UKHL 56).
სამართლის ლორდების უმრავლესობამ, პირდაპირ თუ მინიშნებით, აღნიშნა, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის თანახმად მომჩივანთა დაპატიმრება არ წარმოადგენდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების ზოგადი უფლების შეზღუდვას (იხილეთ ლორდი ბინგემი, პარაგრაფები 8-9; ლორდი ჰოფმანი, პარაგრაფი 97; ლორდი ჰოუფი, პარაგრაფები 103-105; ლორდი სკოტი, პარაგრაფი 155; ლორდი როჯერი, პარაგრაფი 163; ბარონესა ჰეილი, პარაგრაფი 222). ლორდმა ბინგემმა პოზიცია შემდეგნაირად შეაჯამა:
„9. ... პირი, რომელიც ჩაიდენს ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერიოზულ დანაშაულს, იმის მიუხედავად მოქალაქეა იგი თუ არა, შეიძლება, რა თქმა უნდა, ბრალდებულ იქნას, გასამართლდეს და, თუ დამნაშავედ იქნება ცნობილი – აღეკვეთოს თავისუფლება. მაგრამ ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც, თავის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, წამება ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ემუქრება და რომლის დეპორტაცია მესამე ქვეყანაში შეუძლებელია, და ამავე დროს, მას არ ედება ბრალი რაიმე დანაშაულის ჩადენაში, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტისა და იმიგრაციის შესახებ 1971 წლის კანონის მე-3 დანართის თანახმად, არ შეიძლება დაპატიმრებული იქნას მაშინაც კი, როცა იგი ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ მიიჩნევა.“
18. ამასთან, ლორდთა პალატამ, რვა ხმით ერთის წინააღმდეგ (ლორდების ბინგემისა და სკოტის გარკვეული ყოყმანის შემდეგ), არ მიიჩნია საჭიროდ, შეეცვალა საიმიგრაციო კომისიის დასკვნა, რომ შექმნილი იყო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ერის არსებობას. ლორდმა ჰოუფმა ასე შეაფასა არსებული მტკიცებულებები:
„118. საქმის [ღია] მასალებში ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მთავრობამ სრულიად სამართლიანად მიიჩნია, რომ 2001 წლის ნოემბერში შექმნილი იყო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ერის არსებობას. ... გაერთიანებულ სამეფოს ემუქრებოდა თავდასხმა ალ-ყაიდას ქსელის მხრიდან, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი წევრების მეშვეობით გამოეწვია მასობრივი მსხვერპლი და ერის ფუნქციონირებაზე გამანადგურებელად ემოქმედა. აღნიშნული გამოვლინდა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში 2001 წლის 11 სექტემბრის განვითარებული მოვლენებით. გაერთიანებულ სამეფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელსაც ჰქონდა სურვილი და შესაძლებლობა, აქ განეხორციელებინა კოორდინირებული თავდასხმები, რაც ადამიანთა სიცოცხლისა და ქონებისთვის ასეთივე გამანადგურებელი იქნებოდა. არსებობდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდის თავდასხმებსა და ტერორიზმის სხვა აქტებში მონაწილე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს კავშირები ჰქონდათ გაერთიანებულ სამეფოსთან, და რომ ისინი და სხვები წარმოადგენდნენ განგრძობად საფრთხეს ამ ქვეყნისათვის. არსებობდა მზარდი მტკიცებულება, რომ ამ კამპანიაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისთვის მზადება მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ ერისათვის სერიოზული საფრთხე ძირითადად, თუმცა, შესაძლოა, არა ექკლუზიურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისგან მომდინარეობდა.
119. სურათი, რომელიც აღნიშნული განცხადებებიდან იკვეთება, შექმნილ საგანგებო მდგომარეობაზე მიუთითებს. ამ საგანგებო მდგომარეობას ქმნის საშიშროება, რომ ეს თავდასხმები განხორციელდება. ის საფრთხეს უქმნის ერის არსებობას, რადგან თავდასხმების განხორციელების შემთხვევაში, ყველა ჩვენთაგანი განიცდის მათგან გამოწვეულ საზარელ შედეგებს. თუმცა, ჯერ შეუძლებელი იმის თქმა, რომ არსებობს ამ თავდასხმების მყისიერი განხორციელების საფრთხე. სახელმწიფო მდივანმა 2001 წლის 15 ოქტომბერს თემთა პალატაში განაცხადა, რომ არ არსებობდა უახლესი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც გაერთიანებული სამეფოსათვის კონკრეტულ საფრთხეზე მიუთითებდა: იხილეთ „ჰენსარდი“, (თემთა პალატის დებატები, სვეტი 925). 2002 წლის 5 მარტს, სიტუაციის ასეთი შეფასება გამეორებულ იქნა ტერორიზმის საფრთხისგან დაცვის თემთა პალატის არჩეული კომიტეტის ანგარიშზე მთავრობის პასუხში (თემთა პალატა 348, პარაგრაფი 13), სადაც აღნიშნული იყო, რომ არასწორი იქნებოდა იმაზე მითითება, თითქოს არსებობდა კონკრეტული საფრთხის არსებობის შესახებ მტკიცებულება. იმ მასალის მიხედვით, რომელიც ჩვენთვის იქნა მოწოდებული, მე ვერ დავასკვნიდი, რომ არ იყო შექმნილი საგანგებო ვითარება. თუმცა, მივიჩნევდი, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც არსებული საფრთხეები ქმნის, ხასიათით ან ინტენსივობით განსხვავდება იმ საგანგებო მდგომარეობისგან, რაც ამ საფრთხეების განხორციელების შემთხვევაში შეიქმნებოდა. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ასეთი საგანგებო მდგომარეობის შექმნა ჯერ არაა გარდაუვალი. უნდა აღინიშნოს, რომ რადგან თავდასხმები სავარაუდოდ წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, შეიძლება ვერ მოხდეს იმ ეტაპის განსაზღვრა, როდესაც ისინი შეიძლება გარდაუვლად ჩაითვალოს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, და მე მას მხედველობაში ვიღებ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ეტაპი, როცა ერი გარდაუვალი თავდასხმით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის წინაშეა, ჯერ არ დამდგარა.“
ლორდმა ჰოფმანმა, რომელმაც გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, დაადასტურა, რომ არსებობდა გაერთიანებულ სამეფოზე სერიოზული ტერორისტული თავდასხმის განხორციელების საფრთხის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულება, თუმცა, მიიჩნია, რომ იგი არ გაანადგურებდა ერის სიცოცხლეს, ვინაიდან საფრთხე არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საშიშროება შექმნოდა: „ხელისუფლების ჩვენ ინსტიტუტებს ან ჩვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, არსებობას”. მან დაასკვნა, რომ “ერის არსებობისთვის რეალური საფრთხე ... მომდინარეობს არა ტერორიზმის, არამედ ამგვარი კანონებისგან.“
19. სამართლის სხვა ლორდებმა (ლორდებმა ბინგემმა, ნიკოლსმა, ჰოუფმა, სკოტმა, როჯერმა, კარსველმა და ბარონესა ჰეილმა, დრომელთა მოსაზრებასაც ლორდი უოკერი არ დაეთანხმა) უარყვეს მთავრობის არგუმენტი, რომ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, და არა სასამართლოებს, უნდა ემსჯელათ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებზე. ლორდმა ბინგემმა შემდეგნაირად გამოხატა თავისი აზრი:
„42. ამ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ, ჩემი აზრით, აპელანტებს უფლება აქვთ, სასამართლოებს მიმართონ პროპორციულობის თვალსაზრისით დეროგაციის შესახებ ბრძანებისა და [2001 წლის კანონის] 23-ე მუხლის კონვენციასთან შესაბამისობის განსახილველად; ხოლო [საკნონმდებლო და/ან აღმასრულებელი ხელისუფლების გასაწყვეტილების] პატივიცემის შესახებ არცერთი დოქტრინა სასამართლოებს ქმედითად არ უკრძალავს დასმული საკითხების განხილვას. აქედან გამომდინარე, მე სრულიად არ ვიზიარებ გეენრალური პროკურორის არგუმნტებს. კერძოდ, მე არ ვიზიარებ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სასამართლოებს შორის არსებულ განსხვავებაზე მისეულ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ ამ ქვეყანაში მოსამართლეებს არ ირჩევენ და ისინი ანგარიშვალდებული არ არიან პარლამენტის წინაშე. ასევე სიმართლეა, რომ . . . პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლოებს სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. მაგრამ დამოუკიდებულ მოსამართლეთა ფუნქცია – განმარტონ და გამოიყენონ კანონი, საქვეყნოდ აღიარებულია, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი, თავად კანონის უზენაესობის საფუძველი. გენერალურ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, რომ მიუთითოს სასამართლო ხელისუფლების სათანადო შეზღუდვებზე, მაგრამ იგი ცდება, როცა სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების პროცესს გარკვეულწილად არადემოკრატიულად წარმოაჩენს. ასეთი რამ განსაკუთრებით შეუსაბამოა წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვევებში, როცა პარლამენტი 1998 წლის კანონის მე-6 მუხლით პირდაპირ ადგენს, რომ არაკანონიერად უნდა იქნას ცნობილი ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის სასამართლოს, აქტი, თუ იგი არ შეესაბამება კონვენციით დაცულ უფლებას; ადგენს მოთხოვნას (მე-2 მუხლი), რომ სასამართლოებმა მხედველობაში მიიღონ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი; ადგენს მოთხოვნას (მე-3 მუხლი), რომ სასამართლოებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, ქმედითი გახადონ კონვენციის უფლებები და ადგენს დეროგაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გასაჩივრების უფლებას. შედეგად, რა თქმა უნდა, ამას პარლამენტში დედოფლის სუვერენული საკანონმდებლო უფლებამოსილების მიმართ უპირატესი ძალა არ ენიჭება, რადგან თუ ძირითადი კანონმდებლობა შეუსაბამოდ გამოცხადდება, კანონმდებლობა იურიდიულ ძალას არ დაკარგავს (მე-4 მუხლის მე-6 ნაწილი) და ღონისძიებების გატარება შესაბამის მინისტრს დაეკისრება (მე-10 მუხლი), რომელიც პასუხს აგებს პარლამენტის წინაშე. 1998 წლის კანონი სასამართლოებს ძალიან კონკრეტულ, სრულიად დემოკრატიულ უფლებამოსილებას ანიჭებს.“
20. შესაბამისად, უმრავლესობამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის თანახმად შეფარდებული პატიმრობის რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის შესაბამის ზომას და დაასკვნა, რომ იგი გონივრულად არ პასუხობდა უშიშროების საფრთხეს და აღნიშნული საფრთხის მიმართ არაპროპორციული იყო. ისინი დაეყრდნენ სამ ძირითად საფუძველს: პირველი, რომ დაკავების სქემა ეხებოდა მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე, საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს და არ ეხებოდა იმ საფრთხეს, რომელიც ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისგან მომდინარეობდა; მეორე, ის უფლებას უტოვებდა ეჭვმიტანილ საერთაშორისო ტერორისტებს, დაეტოვებინათ გაერთიანებული სამეფო და თავიანთი საფრთხის შემცველი საქმიანობა განეგრძოთ საზღვარგარეთ; მესამე, რომ კანონმდებლობის ტექსტი იმდენად ზოგადი ხასიათის იყო, რომ, იგი შესაძლოა გავრცელებულიყო პირებზე, ვინც ეჭვმიტანილი იყვნენ იმ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში, რომლებიც არ ჯდებოდა დეროგაციის ფარგლებში.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, ლორდმა ბინგემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საიმიგრაციო კომისიის დასკვნა, რომ ტერორისტული საფრთხე არ შემოიფარგლებოდა ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე პირებით, ეჭვქვეშ არ ყოფილა დაყენებული. ვინაიდან საიმიგრაციო კომისია იყო ფაქტების დადგენაზე პასუხისმგებელი ტრიბუნალი, საჭირო არ იყო მისი დასკვნების საფუძვლის შემოწმება, თუმცა არსებობდა მტკიცებულება, რომლის თანახმად: “დაზვერვის შედეგად, ათასზე მეტი პირი გაერთიანებული სამეფოდან დაფიქსირებულია, როგორც ავღანეთში საწვრთნელი ბანაკების მონაწილე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;” ითქვა, რომ ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქე გეგმავდა ავღანეთიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებას; ამასთან, მომჩივნებთან დაკავშირებული საქმის ზოგადი მასალებით ცხადი გახდა ტერორისტულ ქსელებში ბრიტანეთის მოქალაქეებისა და გაერთიანებულ სამეფოსთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების მონაწილეობის მაღალი დონე. ლორდ ბინგემმა შემდეგ აღნიშნა:
„33. ნათელია, რომ 2001 წლის კანონის 21-ე და 23-ე მუხლები არ ეხება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთაგან მომდინარე საფრთხეს, ვინაიდან ისინი არ ითვალისწინებს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთა კვალიფიცირებასა და დაპატიმრებას. მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ 2001 და 2000 წლების აქტების სხვა მუხლები გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებზე ვრცელდება, რადგან ისინი არ ექვემდებარება დეროგაციასა და გასაჩივრებას და თანაბრად ეხება უცხოეთის მოქალაქეებს. აღნიშნულის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისგან მომდინარე საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ის მოცულობით უფრო მცირეა, არ ნიშნავს მის ხარისხობრივ განსხვავებულობას იმ საფრთხისგან, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან მომდინარეობს. ასევე ნათელია, რომ 21-ე და 23-ე მუხლები კვალიფიცირებულ და დაპატიმრებულ პირს ანიჭებენ უფლებას, დატოვოს გაერთიანებული სამეფო და წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მისი მიღების სურვილს გამოთქვამს, როგორც ეს გააკეთა ორმა აპელანტმა, როდესაც ისინი წავიდნენ მაროკოსა და საფრანგეთში, შესაბამისად ... დატოვების ასეთი თავისუფლება სრულიად გასაგებია საიმიგრაციო კონტროლის კუთხით: თუ ბრიტანეთის ხელისუფლებას სურს უცხოეთის მოქალაქის დეპორტაცია, თუმცა არ შეუძლია მისი დეპორტაცია ქვეყანა „ა“-ში ჩაჰალის საქმეზე გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი მიზანი ასევე შესრულდება აღნიშნული პირის ნებაყოფლობითი გამგზავრებით ქვეყანა „ბ“-ში. მაგრამ ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვრების დატოვებისა და სხვა ქვეყანაში წასვლის უფლების მიცება, თან ისე ახლოს მდებარე ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, რათა იქ განახორციელოს თავისი დანაშაულებრივი ზრახვები, რთულად შეესაბამება რწმენას მისი შესაძლებლობის შესახებ, სერიოზული ზიანი მოუტანოს ამ ქვეყნის ხალხსა და ინტერესებს. ...
35. აპელანტთა არგუმენტის მეხუთე საფეხური გარკვეული მსჯელობის საშუალებას იძლევა. მაგრამ გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ ის ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები არიან, არ არიან უბრალოდ უგულებელყოფილი ხელისუფლების მიერ. როდესაც საიმიგრაციო კომისიამ [მეხუთე მომჩივანი] თავდებით ციხიდან გაუშვა ... (სხვათა შორის) პირობას წარმოადგენდა ის, რომ მას ელექტრონული მონიტორინგის სანიშნე მუდამ თან უნდა ეტარებინა; ის ყოველთვის სახლში უნდა ყოფილი; მას უნდა დაერეკა დასახელებული უსაფრთხოების კომპანიისთვის დღეში ხუთჯერ კონკრეტულ დროს; მას კომპანიისთვის თავის საცხოვრებელში მონიტორინგის მოწყობილობის დამონტაჟების უფლება უნდა მიეცა; მას თავის სახლში ოჯახის წევრების, თავისი ადვოკატის, სამედიცინო დამხარე პერსონალისა და სხვა ნებადართული პირების გარდა სხვა პირები არ უნდა შეეშვა; მას არ უნდა დაემყარებინა კონტაქტი ნებისმიერ სხვა პირთან; მას თავის საცხოვრებელში არ უნდა ჰქონოდა კომპიუტერული მოწყობილობა, მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება; მას თავის სახლში უნდა გაეთიშა არსებული სატელეფონო კავშირი; და მას უნდა დაემონტაჟებინა მხოლოდ კონკრეტული სატელეფონო კავშირი, რომლითაც მხოლოდ უსაფრთხოების კომპანიასთან კომუნიკაცია იქნებოდა შესაძლებელი. აპელანტებმა მიუთითეს, რომ ასეთი პირობები, მკაცრად განხორციელების შემთხვევაში, შედეგიანად შეაჩერებდა ტერორისტულ ქმედებას. რთულია, ამას არ დაეთანხმო.
36. პროპორციულობის საკითხთან დაკავშირებულ მეექვსე არგუმენტის სახით პირადი თავისუფლების უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცებისას, აპელანტებმა შეძლეს, ეჩვენებინათ კავშირი ინგლისის სამართლის ლიბერტარიანულ ტრადიციასთან, რომელიც 1215 წლის “მაგნა კარტას” 39-ე თავით თარიღდება, უირიდიულ ძალას იძენს “habeas corpus”-ის უძველესი დაცვის საშუალებით, რომელიც გაცხადებულ იქნა 1628 წლის უფლებათა პეტიციით, განმტკიცდა გასული საუკუნეების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებითა და დაფუძნდა თანამედროვე პერიოდის მატერიალურ და პროცესუალურ სამართალში. ... ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის განმარტებისას, ევროპულმა სასამართლომაც აღიარა პირადი თავისუფლების განსაკუთრებული მნიშვნელობა. ...
43. აპელანტთა მიერ ბრაძანებისა და 23-ე მუხლის პროპორციოულობის გასაჩივრება, ჩემი აზრით, არსებითია, მათ მიერ მოყვანილი ყველა მიზეზით და ევროპის ადამიანის უფლებათა კომისრისა და ნიუტონის კომიტეტის მიერ მოყვანილი მიზეზებით. გენერალურმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი პასუხი.“
21. უმრავლესობამ ასევე გადაწყვიტა, რომ 2001 წლის კანონი იყო დისკრიმინაციული და კონვენციის მე-14 მუხლთან შეუსაბამო, რომლისგანაც არ მომხდარა დეროგაცია. მომჩივნები იყვნენ გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილ მოქალაქეთა მსგავს სიტუაციაში, მათთან საერთო ჰქონდათ ის, რომ არ ექვემდებარებოდნენ გაძევებას გაერთიანებული სამეფოდან და მიიჩნეოდნენ საფრთხედ ეროვნული უშიშროებისთვის. ვინაიდან დაკავების სქემა უმთავრესად მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს ტერორისტთა თავდასხმისგან დაცვას, და არა საიმიგრაციო კონტროლს, არ არსებობდა ობიექტური საფუძველი, რომლის მიხედვითაც მომჩივნებს უნდა მოპყრობოდნენ განსხვავებულად ეროვნების ან საიმიგრაციო სტატუსის საფუძველზე.
22. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების საჩივარი მოიცავდა პრეტენზიას კონვენციის მე-3 და მე-16 მუხლების შესაბამისად, ლორდთა პალატამ არ ჩათვალა საჭიროდ აღნიშნული პრეტენზიების განსაზღვრა, ვინაიდან მან დეროგაციის უკანონობა სხვა საფუძვლებით დაადგინა.
23. მან გააუქმა დეროგაციის შესახებ ბრძანება და ადამიანის უფლებათა შესახებ კანონის მე-4 მუხლის თანახმად გამოსცა დეკლარაცია (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 94), რომ 2001 წლის კანონის 23-ე მუხლი ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილსა და მე-14 მუხლს, ვინაიდან ის იყო არაპროპორციული და უშვებდა ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტების დისკრიმინაციულ დაპატიმრებას.
გ. კვალიფიკაციის პროცესი:საერთო”გადაწყვეტილება და საჩივრები
24. ლორდთა პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანამდე, საიმიგრაციო კომისიის სხდომა კვალიფიკაციის წინააღმდეგ მომჩივნების ინდივიდუალური სარჩელების განხილვის მიზნით 2003 წლის მაისში გაიმართა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეროგაციის პროცედურებთან დაკავშირებით.
25. საიმიგრაციო კომისიაში წარდგენილი თითოეული საჩივრის მიზნებისთვის, სახელმწიფო მდივანმა წარადგინა “ღია განცხადება,” რომელშიც შეაჯამა თითოეული მომჩივნის კვალიფიკაციაზე მიღეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფაქტები და ის მტკიცებელებები, რომელთა გამჟღავნება, სახელმწიფო მდივნის აზრით, შეიძლებოდა ეროვნული უშიშროებისთვის რაიმე რისკის შეუქმნელად. ამასთან, “დახურული” ფაქტობრივი გარემოებების აღწერა და მტკიცებულებებიც წარედგინა საიმიგრაციო კომისიას თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.
26. 2003 წლის 29 ოქტომბერს, საიმიგრაციო კომისიამ გამოსცა “საერთო” გადაწყვეტილება, რომელშიც მან გააკეთა რამდენიმე დასკვნა, რომლებიც ზოგადად ეხებოდა კვალიფიციკაციის წინააღმდეგ შეტანილ ყველა სარჩელს.
რაც შეეხება პირველად საკითხებს, მან დაადგია, ინტერ ალია, რომ მას გააჩნდა სარჩელის განხილვის იურისდიქცია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კვალიფიცირებული პირი დატოვებდა გაერთიანებულ სამეფოს, ხოლო მასთან დაკავშირებული უწყება გაუქმდებოდა. მან დაადგინა, რომ კრიტერიუმებს, იმის განსასაზღვრად, არსებობდა თუ არა მიზანშეწონილი საფუძველი პირის “ტერორისტად” დასასახელებლად და იმის დასაჯერებლად, რომ მისი დარჩენა გაერთიანებულ სამეფოში ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის მნიშვნელობით, “ალბათობის ბალანსთან მიმართებითაც კი, გარკვეულწილად, მტკიცებულებას მოკლებული იყო”. მან დამატებით დაადგინა, რომ “გონივრული საფუძველი შეიძლება ემყარებოდეს მასალას, რომელიც არ იქნებოდა დასაშვები ჩვეულებრივი სასამართლო განხილვის დროს, როგორიცაა მაგალითად, არაიდენტიფიცირებული ინფორმატორის “მოარულ ხმებზე დამყარებული” მტკიცებულება. თითოეული მტკიცებულებისათვის მისანიჭებელი მნიშვნელობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მისი შეფასებით მტკიცებულებათა ერთობლიობის მიმართ. წამების შედეგად მიღებული ინფორმაცია ავტომატურად არ უნდა უარყოფილიყო, არამედ სასამართლოს უნდა მხედველობაში მიეღო ყველა მტკიცებულება მისი მოპოვების მეთოდის გათვალისწინებით და შესაბამისად, განესაზღვრა მისი წონა და სანდოობა.
საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ 2001 წლის კანონით გათვალისწინებული დაპატიმრების დებულებები უნდა განიმარტოს დეროგაციის პირობების გათვალისწინებით. ერის არსებობისთვის საფრთხე არ შემოიფარგლება გაერთიანებული სამეფოს შიგნით ქმედებებით, ვინაიდან ერის არსებობა მოიცავს მის დიპლომატიურ, კულტურულ და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას საზღვარგარეთ. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მოკავშირეებზე თავდასხმამ ასევე შეიძლება შეუქმნას საფრთხე გაერთიანებულ სამეფოს ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით. დეროგაციის შესახებ ბრძანებაში საფრთხე კვალიფიცირებულ იქნა, როგორც ალ-ყაიდასა და მისი მოკავშირეებისაგან მომდინარე. შესაბამისად, 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის ორივე ასპექტთან – როგორც „ეროვნული უშიშროების“, ისე „საერთაშორისო ტერორისტის“ – დაკავშირებით საჭირო გახდა ეჭვის მისატანად გონივრული საფუძვლის არსებობა, რომ კვალიფიცირებული პირი მიეკუთვნებოდა ჯგუფს, რომელიც, პირდაპირ ან ირიბად, უკავშირდებოდა ალ-ყაიდას. თუნდაც ჯგუფის მთავარი ამოცანა ეროვნული ბრძოლა ყოფილიყო, თუ ის თავისი გეგმის ნაწილით მხარს უჭერდა ალ-ყაიდას, ხოლო პირი ამის მიუხედავად მხარს უჭერდა ჯგუფს, აღნიშნული სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა იმის სავარაუდებლად, რომ პირი მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ალ-ყაიდას.
საიმიგრაციო კომისიამ ასევე დაადგინა რამდენიმე ზოგადი გამოყენების ფაქტი იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმწიფო მდივნის ვარაუდით, ალ-ყაიდასთან იყვნენ კავშირში. ეს დასკვნები ემყარებოდა როგორც „ღია“, ისე „დახურულ“ მასალას. შესაბამისად, მან დაადგინა, მაგალითად, რომ „GSPC“ ან „გამოძახებისა და ბრძოლის სალაფისტური ჯგუფი“ (Salafist Group for Call and Combat), რომელიც 1998 წელს შეიქმნა ალჟირში, წარმოადგენდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც წვრთნებისა და დაფინანსების საშუალებით ალ-ყაიდასთან ჰქონდა კავშირი, თუმცა უფრო ადრე დაარსებული ალჟირული ორგანიზაცია „შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფი“ (Armed Islamic Group (GIA), ასეთი არ იყო. “ეგვიპტის ისლამისტური ჯიჰადი” (The Egyptian Islamic Jihad (EIJ) ან ალ-ყაიდას ნაწილი იყო, ან მასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. “ჩეჩნეთის არაბული მუჯაჰადინი” (The Chechen Arab Mujahaddin) იყო საერთაშორისო ტერირისტული ორგანიზაცია, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გარდა, ავითარებდა ანტიდასავლურ გეგმას და ახლო კავშირი ჰქონდა ალ-ყაიდასთან. საიმიგრაციო კომისიამ ასევე დაადგინა, რომ ძირითადად ალჟირელი ექსტრემისტებისგან შემდგარ ჯგუფზე, რომელიც შეკრებილი იყო 1999 წლიდან გაერთინებულ სამეფოში მცხოვრები, ალჟირელი აბუ დოჰას ირგვლივ, ვრცელდებოდა დეროგაციის პირობები. სავარაუდოდ, აბუ დოჰა სერიოზულ როლს ასრულებდა ავღანეთის საწვრთნელ ბანაკებში და ბევრი საკონტაქტო პირი ჰყავდა ალ-ყაიდაში, ფრანკფურტის ნაწილთან კავშირის ჩათვლით, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 2000 წლის დეკემბერში სტრასბურგში საშობაო ბაზარზე აფეთქების მოწყობის დაგეგვმაში. აბუ დოჰა დააკავეს 2001 წლის თებერვალში, რასაც მოჰყვა ექსტრადიციის მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა მისმა ჯგუფმა განაგრძო მოქმედება.
27. მომჩივნებმა გაასაჩივრეს საიმიგრაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, წამებით მოპოვებული მტკიცებულება დასაშვებად იქნა მიჩნეული. სააპელაციო საჩივრის მიზნებისთვის, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვალიფიცირების გასაჩივრების მიზნით საიმიგრაციო კომისიაში წარმოებული პროცესი რეგულირდებოდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით და, შესაბამისად, უნდა დაეკმაყოფილებინა სამართლიანი სასამართლოს მთავარი პრინციპები. აქედან გამომდინარე, არ ყოფილა აუცილებელი იმის განსაზღვრა, გამოყენებადი იყო თუ არა მე-6 მუხლიც და აღნიშნული საკითხი ღიად დარჩა.
2004 წლის 11 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლომ, ხმათა უმრავლესობით, ძალაში დატოვა საიმიგრაციო კომისიის გადაწყვეტილება ([2004] EWCA Civ 1123).
2005 წლის 8 დეკემბერს, ლორდთა პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ეჭვმიტანილის ან მოწმის ჩვენება, რომ ლის მოპოვება წამებით მოხდა, დიდი ხანია, მიჩნეულია არსით არასაიმედოდ, უსამართლოდ, ადამიანურობისა და პატიოსნების ნორმალური სტანდარტებისთვის ზიანის მომტანად და იმ პრინციპების შეუსაბამოდ, რომელთა საფუძველზეც სასამართლოებმა მართლმსაჯულება უნდა განახორციელონ. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულება არ უნდა იქნას გამოყენებული პროცესის მონაწილე მხარის წინააღმდეგ გაერთინებული სამეფოს სასამართლოში იმის მიუხედავად, თუ სად, ვის მიერ ან ვისი ხელმძღვანელობით იქნა წამება გამოყენებული. ვინაიდან პირს, რომელიც ასაჩივრებდა კვალიფიცირებას, ხელი არასრულად მიუწვდებოდა საქმის იმ მასალებზე, რაც საიმიგრაციო კომისიაში მის წინააღმდეგ იქნა წარდგენილი, მას შეეძლო, მხოლოდ გამოეთქვა დამაჯერებელი მიზეზი, რომ საქმის მასალები წამებით იქნა მოპოვებული, ხოლო შემდეგ საიმიგრაციო კომისიას უნდა მიეღო ზომები შესაბამისი გამოძიების ჩასატარებლად. შესაბამისად, ლორდთა პალატამ დაშვებულად ცნო მომჩივნების საჩივარი და თითოეული საქმე ხელახლა განხილვის მიზნით საიმიგრაციო კომისიას დაუბრუნა ([2005] UKHL 71).
28. თითოეული მომჩივნის საქმეზე საიმიგრაციო კომისიის დასკვნები მოცემულია ქვემოთ პარაგრაფებში 29-69. 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაკავებული თექვსმეტი პირიდან, მათ შორის თერთმეტი მომჩივნიდან, საიმიგრაციო კომისიამ ერთის შესახებ უწყება გააუქმა.
დ. კვალიფიკაციის პროცესი:ინდივიდუალური განხილვები
1. პირველი მომჩივანი
29. პირველი მომჩივანი დაიბადა იორდანიაში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში, არის მოქალაქეობის არმქონე პირი და 1997 წლიდან მინიჭებული აქვს გაერთიანებულ სამეფოში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლება. 2001 წლის 17 დეკემბერს, პირველი მომჩივანი სახელმწიფო მდივნის მიერ კვალიფიცირებულ იქნა, როგორც საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე. 2001 წლის 18 დეკემბერს დეპორტაციის ბრძანება გაიცა იმავე საფუძვლით.
30. პირველი მომჩივანი დააპატიმრეს 2001 წლის 19 დეკემბერს. მან საჩივარი შეიტანა საიმიგრაციო კომისიაში კვალიფიცირებისა და დეპორტაციის ბრძანების გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 2002 წლის 24 ივლისს იგი გადაიყვანეს ბროდმურის დაცულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
31. პირველ მომჩივანსა და მის იურისტებს სახელმწიფო მდივნის “ღია” მასალები გადაეცათ, რაშიც შედიოდა პოლიციის პატაკი მომჩივნის ოთხი საბანკო ანგარიშის მეშვეობით დიდი თანხების მოძრაობის შესახებ. საიმიგრაციო კომისიასა და პირველი მომჩივნისათვის დანიშნულ სპეციალურ ადვოკატს ასევე წარედგინა “დახურული” მტკიცებულებები. პირველმა მომჩივანმა თარჯიმნის დახმარებით, ზეპირი განმარტება მისცა საიმიგრაციო კომისიას და გამოიძახა ერთი მოწმე მისი კარგი პიროვნული თვისებების დასადასტურებლად. მან ასევე, თავისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ოთხი სამედიცინო დასკვნა წარადგინა. 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საიმიგრაციო კომისიამ მიუთითა:
“ჩვენთვის ცნობილია, რომ ღია მასალა, რომელსაც მომჩივნის საწინააღმდეგო ჩვენება ეფუძნება, მეტად ზოგადი ხასიათისაა და საქმე, უმთავრესად, ემყარება განცხადებებს, რომლებიც ძირითადად დაუსაბუთებელია. მთავარი ვარაუდი უკავშირდება მის მონაწილეობას დაფინანსების მოზიდვაში და ამ დაფინანსების განაწილებაში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფებისთვის. ასევე ნათქვამია, რომ მან გააყალბა დოკუმენტები და ხელი შეუწყო ჯიჰადის მოხალისეების გადაადგილებას ავღანეთის საწვრთნელ ბანაკებში. ამბობენ, რომ მას მჭიდრო კავშირი აქვს ოსამა ბინ ლადენის მთავარ ექსტრემისტებსა და მოკავშირეებთან როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე საზღვარგარეთ. მისი საქმე ყოველთვის იყო მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის პროექტებში მონაწილეობა, განსაკუთრებით, ავღანეთში არაბულად მოსაუბრე ბავშვებისთვის სკოლების და ავღანეთის თემებისთვის ჭების მშენებლობისა და მათი საკვებით უზრუნველყოფის პროექტები. მას ასევე მოზიდული აქვს თანხები ჩეჩენი ლტოლვილებისთვის. ეგრეთ წოდებულ ექსტერმისტებთან მისი ნებისმიერი კონტაქტი მხოლოდ ამ კონტექსტში განხორცილდა და მას არ ჰქონია საფუძველი, რომ ისინი ტერორისტებად ან ტერორიზმით დაინტერესებულებად მიეჩნია.
ჩვენ ვაცნობიერებთ იმ დიდ სირთულეს, რასთანაც აპელანტის მიერ აღნიშნული სარჩელის მომზადებაა დაკავშირებული. ჩვენ გამოვყავით შესაბამისი შემწეობა აღნიშნული სირთულეებისა და მისი ფსიქიკური პრობლემებისთვის. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მისი [ადვოკატის] შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების სამსახურმა მოახდინა სიტუაციის ზედმეტად გამარტივება, რაც, მისი განმარტებით, მეტად რთულია, და არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვით, ყველა მორწმუნე მაჰმადიანი, რომელიც თვლიდა, რომ თალიბანის ცხოვრების წესი ავღანეთში სწორია, ეჭვს იწვევს. ჩვენ ასევე მხედველობაში ვიღებთ, რომ თავდაპირველად მოპასუხე ამტკიცებდა, რომ მოზიდული მთელი თანხა ტერორიზმის დაფინანსების მიზანს ემსახურებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც აპელანტმა წარადგინა მტკიცებულება, რომელიც სამართლიან საქველმოქმედო საქმიანობაზე მიუთითებდა, მან აღიარა, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდა. რაც შეეხება დასახელებულ პირებთან არსებულ კონტაქტებზე დაყრდნობას, ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე მათგანის მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორიზმში მონაწილეობაში, სააპელაცი საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ... ხოლო სხვათა მიმართ არსებული პრეტენზიები არ დადასტურებულა, ხოლო მათი სავარაუდო კავშირების ახსნა ვერ მოხერხდა.
...
[პირველი მომჩივნის ადვოკატმა] აღიარა, ვინაიდან სხვა არჩევანი არ ჰქონდა, აპელანტის მიერ 1990 წლებში მისი მოძრაობის დამადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულების არასანდოობა, მაგრამ ითხოვა, რომ აღნიშნული არ გამოგვეყენებინა მის წინააღმდეგ, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ ვერ დავეთანხმებით აღნიშნულს. ტყუილი, რომ მან სამი წელი გაატარა იორდანიის ციხეში, იყო გამიზნული მცდელობა, რათა გაებათილებინა ავღანეთში მისი მუჯაჰიდად ყოფნის შესახებ ბრალდება. პოლიციამ გადააჭარბა საბანკო ანგარიშზე არსებული თანხების მითითებისას. ჩვენ აღნიშნულს ვაღიარებთ, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი თანხა ირიცხებოდა მათი მეშვეობით. და [მომჩივნის ადვოკატმა] განაცხადა, რომ არსებული პრეტენზიის მიხედვით, მან მოამზადა ყალბი დოკუმენტები სხვებისთვის, და – არა თავისთვის. შესაბამისად, ერაყის მისი ყალბი პასპორტი არ იყო არსებითი. თუმცა, აღნიშნული, გარკვეულწილად მიუთითებს ყალბი პასპორტის აღების შესაძლებლობაზე. [მომჩივნის ადვოკატმა] გაკიცხა აპელანტის წინააღმდეგ გამოყენებული დაზვერვის ინფორმაციის სანდოობა, ვინაიდან, მხოლოდ დაგვიანებით მოხდა იმის აღიარება, რომ იგი ჩაბმული იყო ღირსეულ საქველმოქმედო საქმიანობაში, და მისი ანგარიშის მეშვეობით გადარიცხული და მის მიერ მოზიდული გარკვეული თანხა აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველა ქმედება, რომლის ჩადენაშიც პირი არის ეჭვმიტანილი, შეიძლება თავად ჩაითვალოს ეჭვმისატანად და, შეიძლება, ვერ მოხდეს ყველა მასალის სამართლიანი განხილვა იმის დასამტკიცებლად, ის ჭეშმარიტად ადასტურებს თუ არა ეჭვს. ჩვენ განვიხილეთ ყველა მასალა, განსაკუთრებით, დახურული მასალა, აღნიშნული საფრთხის გათვალიწინებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღია მტკიცებულებები, ცალკე განხილული, ვერ წარმოადგენს მიზეზებს, თუ რატომ უარვყოფთ აღნიშნულ საჩივარს და ჩვენ ვიზიარებთ [პირველი მომჩივნის ადვოკატის] მიდგომას, ვინაიდან მან მეტად რთული სამუშაო შეასრულა. ჩვენ ვერ მოვიხიბლეთ აპელანტით, როგორც მოწმით, თუნდაც იმის გამო, რომ მას სჭირდებოდა ყველა შემწეობა საკუთარი გონებრივი მდგომარეობისა და იმ მძიმე პირობების გამო, რომელშიც მას მუშაობა უწევდა. ის ხშირად იყო არათანმიმდევრული და ბუნდოვანი და აშკარად იტყუებოდა 1990-იან წლებში საკუთარი გადაადგილების შესახებ. ჩვენთვის რთული იყო გაგვეგო ან მიგვეღო მის საბანკო ანგარიშებზე ასახული ტრანზაქციების შესახებ მის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება. ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოპასუხის პოზიცია მყარდება იმით, თუ რაც ითქვა აპელანტის საქმიანობაზე ალჟირში ან ჩეჩნეთში; საქმე უმთავრესად დამოკიდებულია აპელანტის ავღანეთში საქმიანობისა და ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტებთან ურთიერთოების შესახებ არსებულ მტკიცებულებებზე.
ნათელია, რომ აპელანტი მეტად წარმატებული იყო თანხის მოზიდვაში და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მას შეეძლო თანხის ავღანეთში გადამისამართება. მისი პრობლემების მიუხედავად, მას შეეძლო და მას ენდობოდნენ შედეგიანი მომსახურების გაწევისას. მისი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ ცნობილი ტერორისტები, რომელთა შვილები სკოლაში დადიოდნენ და საბანკო ანგარიშებზე ასახულ რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი გადარიცხვის თაობაზე, არ არის დამაკმაყოფილებელი. მის მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ მოთხოვნილი უფრო დეტალური განმარტების მიცემისას, ის ბუნდოვანი იყო.
...
ჩვენ ყველა მტკიცებულება კრიტიკურად განვიხილეთ. დახურული მტკიცებულებები ადასტურებს ჩვენ შეხედულებას, რომ ამ შემთხვევაში, კვალიფიცირება გამართლებული იყო. არსებობს ორივე: მიზანშეწონილი რწმენა, რომ აპელანტის დარჩენა გაერთიანებულ სამეფოში წარმოდგენს რისკს ეროვნული უსართხოებისთვის და რომ იგი არის ტერორისტი 2001 წლის 21-ე ნაწილის მნიშვნელობით. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილია.”
32. 2001 წლის კანონის პირობების მიხედვით, პირველი მომჩივნის საქმე საიმიგრაციო კომისიამ ექვსი თვის შემდეგ განიხილა. 2004 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა:
“განახლებული ღია საერთო მასალა ... კვლავ მიუთითებს, რომ გაერთიანებული სამეფოსათვის არსებობოს პირდაპირი ტერორისტული საფრთხე, ალ-ყაიდასთან სხვადასხვა გზებით დაკავშირებული, ჩრდილოეთ აფრიკული ისლამისტური ესტრემისტების ჯგუფის ან ჯგუფებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ მისი საკონტაქტო პირების ნაწილი დაპატიმრებულ იქნა, სხვადასხვა ჯგუფში ექსტერმისტთა წარმომადგენლობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მას არ გაუჭირდებოდა და კვლავ გააჩნდა სურვილი და შესაძლებლობა, რომ მათ გაუზიაროს სამეურნეო მხარდაჭერის საკუთარი გამოცდილება გაერთიანებულ სამეფოში ექსტრემისტული ისლამისტური გეგმის განხორციელების მიზნით. უწყების მოქმედება სათანადო წესით არის შენარჩუნებული.”
33. 2004 წლის 15 დეკემბერს საიმიგრაციო კომისიამ ხელახლა განიხილა საქმე და დაადგინა, რომ უწყება ძალაში უნდა დარჩენილიყო.
2. მეორე მომჩივანი
34. მეორე მომჩივანი 1963 წლის 28 თებერვალს დაბადებული მაროკოს მოქალაქეა. იგი სტუმრის სტატიუსით შევიდა გაერთიანებულ სამეფოში 1985 წელს და მიენიჭა სტუდენტის სტატუსით დარჩენის უფლება. 1988 წლის 21 ივნისს, მას მიენიჭა უვადოდ დარჩენის უფლება ბრიტანეთის მოქალაქეზე ქორწინების საფუძველზე, რომელი ქორწინებაც შემდგომში დასრულდა. 1990 წელს, და შემდეგ 1997 წელს, მან განცხადება შეიტანა ნატურალიზაციის მოთხოვნით, თუმცა ამ განცხადებებზე არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება. 2000 წელს მან ხელმეორედ იქორწინა ბრიტანეთის მოქალაქეზე, რომელთანაც ჰყავს შვილი.
35. 2001 წლის 17 დეკემბერს მეორე მომჩივანი სახელმწიფო მდივნის მიერ კვალიფიცირებულ იქნა, როგორც საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. იმავე დღეს გამოიცა დეპორტაციის ბრძანება. მეორე მომჩივანი დააპატიმრეს 2001 წლის 19 დეკემბერს. მან გაასაჩივრა კვალიფიცირებისა და დეპორტაციის ბრძანება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, დაეტოვებინა გაერთიანებული სამეფო და გამგზავრებულიყო მაროკოში 2001 წლის 22 დეკემბერს. სააპელაციიო სამართალწარმოებაში იგი მაროკოდან მონაწილეობდა.
36. მეორე მომჩივნის წინააღმდეგ არსებული “ღია” საქმე საიმიგრაციო კომისიამ თავის 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში შემდეგნაირად შეაჯამა:
„(1) მას კავშირი აქვს GIA-სა და GSPC-თან [ალჟირული ტერორისტული ჯგუფები: იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 26] და არის ალ-ყაიდასთან და/ან ბინ ლადენთან დაკაშირებული რამდენიმე ისლამისტური ექსტრემისტის ახლო მოკავშირე.
(2) იგი დაპატიმრებული იყო საერთაშორისო ტერორიზმის აქტების მომზადებით და/ან წაქეზებით და GSPC-სა და ჩეჩნეთში, იბნ ხათაბის ლიდერობის ქვეშ მყოფი ისლამისტი ექსტრემისტებისთვის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების (საკომუნიკაციო მოწყობილობების ჩათვლით) შეძენის კუთხით და შეძენილი აქვს ტანსაცმელიც აღნიშნული ჯგუფისთვის.
(3) იგი ხელს უწყობდა GIA-ს, GSPC-სა და იბნ ხათაბის ერთ ან მეტ დაჯგუფებას ჩეჩნეთში, თავისი მონაწილეობით თაღლითობაში, რომელიც მიმართული იყო ექსტრემისტთა დაფინანსების დასახმარებლად და ჯიჰადის გამავრცელებელი პროპაგანდის შემცველი ვიდოების განთავსებისა და გავრცელებისკენ.
სახელმწიფო მდივნის ღია მასალა აფართოვებს ბრალდებებს და, დამატებით, მიუთითებს, არანაკლებ ერთი ფსევდონიმის გამოყენებაზე და იმ პირებთან კავშირზე, რომლებიც ცნობილი ან მიჩნეული არიან ტერორიზმში მონაწილეებად [ხუთი ასეთი პირი იქნა გამოვლენილი]. ყველა ისინი, [სახელმწიფო მდივნის ადვოკატის მიერ] დახასიათებული იყვნენ, როგორც ‘ცნობილი ალჟირელი ისლამისტი ექსტრემისტები’.
[სახელმწიფო მდივნის] მოწმე “`ბ“-მ დაადასტურა ბრალდება იმის შესახებ, რომ [მეორე მომჩივანი] არის ქსელის და არა კონკრეტული ორგანიზაციის, როგორებიცაა GIA ან GSPC, წევრი.“
საიმიგრაციო კომისიამ განაგრძო მის მიერ მომჩივნის წინააღმდეგ დადგენილი გარემოებების განმარტება:
„ისევე როგორც სხვა აპელანტებს, [მეორე მომჩივანს] ამ პროცესით, ბრალი არ ედება რაიმე კონკრეტულ დანაშაულთა სერიის ჩადენაში. საკითხი მდგომარეობს იმაში, ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია თუ არა, იგი ეჭვმიტანილ იქნას როგორც საერთაშორისო ტერორისტი (განმარტებისამებრ). როდესაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენთვის წარმოდგენილ მასალას, აღნიშნულის გაკეთებისას, ჩვენ კუმულაციურ შეფასებას ვახდენთ. შესაძლოა, რომ მასალა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ თაღლითობას, ან მხოლოდ ტანსაცმელს, ან მხოლოდ ვიდეოებს, ან მხოლოდ კავშირებს, თავისთავად არ მიანიშნებდეს პირის რაიმე ფორმით ტერორიზმში მონაწილეობაზე, ან მის მხარდაჭერაზე. მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ფაქტორი ერთ პიროვნებაში იყრის თავს. ეს ფაქტორები შემდეგია. პირველია მისი მონაწილეობა თაღლითობაში, რაც მან უნდა იცოდეს, თუმცა ცდილობს, რომ თავი აარიდოს ახსნა-განმარტებას საკუთარი თავის გამართლებით იმით, რომ მან არ იცის, თუ რომელ კონკრეტულ აქტსა თუ აქტებს გულისხმობს სახელმწიფო მდივანი. მეორე, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში (და შემდგომ თანხის მოზიდვაში), და ამას აკეთებდა, განსაკუთრებით ისლამისტურ (და არა უბრალოდ, ადამიანურ) კონტექსტში, იყენებდა და ავრცელებდა რა ფილმებს, რომლებიც, ჩვენს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, მოიპოვება ექსტრემისტულ საზოგადოებებში. საერთო მტკიცებულებასთან მიმარებაში, ჩვენ გავეცანით ჩეჩნურ არაბულ მუჯაჰადინს და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც, ჩვენი აღიარებით, მოცემულია ფართო ჯიჰადისტური გეგმის სრული ცოდნით ... [იგი] ამას ახორციელებდა, როგორც აბუ დოჰას ახლო მოკავშირე. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენ აბუ დოჰას შესახებ ვფლობთ, როგორც აღვნიშნეთ, არ გვაქვს ეჭვის საფუძველი, [მეორე მომჩივნის] მტკიცება იმის თაობაზე, რომ აბუ დოჰა არ აკეთებდა არაფერს უკანონოს (გარდა იმისა, რომ იგი თავის საქმიანობას რუსებისგან მალავდა), ჩვენ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ... [მას კავშირი ჰქონდა ტერორიზმში ჩაბმულ რამდინიმე სხვა პირთან. მათი სახელები მითითებულია საქმის ღია ნაწილში, თუმცა მის განმარტებაში არ მოიხსენიებიან. ...
ზემოაღნიშნული ხუთი დამახასიათებელი ნიშანი თავს იყრის [მეორე მომჩივანში]. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო მდივანი თავის არგუმენტს დაამყარებდა ერთ პირში მათი სხვადასხვა კომბინაციის ჩვენებით. ხუთივე ნიშნის მიხედვით, ჩვენ საქმეს ბრალდების დამამტკიცებლად მივიჩნევთ. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის ეჭვი, რომ [მეორე მომჩივანი] მხარს უჭერს ან ეხმარება GIA-ს, GSPC-სა და აბუ დოჰას ირგვლივ მოქმედ დაქსაქსულ ჯგუფს და რწმენა, რომ [მეორე მომჩივნის] ყოფნა გაერთიანებულ სამეფოში წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უშიშროებისათვის საფუძვლიანია.“
3. მესამე მომჩივანი
37. მესამე მომჩივანი ტუნისელია, დაიბადა 1963 წელს და არის გაერთინებული სამეფოს რეზიდენტი დაახლოებით 1994 წლიდან. იგი სახელმწიფო მდივნის მიერ კვალიფიცირებულ იქნა 2001 წლის 18 დეკემბერს და მისი დაპატიმრება იმავე დღეს მოხდა.
38. 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, უარყო რა მესამე მომჩივნის საჩივარი კვალიფიცირების შესახებ, საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა:
„აპელანტის წინააღმდეგ წარმოებული საქმის არსი, როგორც ეს ღია მასალაშია მითითებული, მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს „ტუნისის საბრძოლო ჯგუფის“ (Tunisia Fighting Groug – TFG) სახელით მოქმედი ექსტრემალური ისლამისტური ჯგუფის მთავარი წევრს. ამბობენ, რომ ჯგუფი შეიქმნა 2000 წელს და თავისი დასაბამი აქვს „ტუნისის ისლამისტურ ფრონტში“ (Tunisian Islamist Front) (რომელიც ცნობილია, როგორც “FIT”, ვინაიდან სახელი ფრანგულია). მისი საბოლო მიზანი, როგორც ამბობენ, ტუნისში ისლამისტური სახელმწიფოს შექმნაა. ასევე, დამტკიცებულია, რომ აპელანტს რეგულარული კავშირი ჰქონდა რამდენიმე ცნობილ ექსტრემისტთან იმ ექსტრემისტების ჩათვლით, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ საქმიანობაში ან მის დაგეგმვაში. ამბობენ, რომ ორივეს – FIT-სა და TFG-ს, კავშირი აქვთ ალ-ყაიდასთან.
აპელანტის წინააღმდეგ არსებული ღია მასალა სრულიად არ არის საკმარისი. მტკიცებულებები, რომლებიც მის წინააღმდეგ მეტყველებს, მეტწილად, დახურულ მასალას განეკუთვნება. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქმის წარმოებისას, იგი არ იყო ნაყოფიერი, ვინაიდან იგი არ იცნობს მათ, ვისთანაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონია.
...
აპელანტი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას არასოდეს სმენია TFG-ს შესახებ, და, რა თქმა უნდა, არ არის მისი წევრი. ... ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, რომ TFG არსებობს ... [და] რომ მას კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან. ასეთი დასკვნის ჩვენეული დასაბუთება დახურულ გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
1998 წლის მაისში, აპელანტი და 10 სხვა პირი დაპატიმრებულ იქნა სპეციალური დანაყოფისა და უშიშროების სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად “ტერორისტული აქტის აღკვეთის” საფუძველზე გამოცემული ორდერების თანახმად. აპელანტი გათავისუფლებულ იქნა ბრალდების გარეშე და მას არასწორი დაპატიმრებისთვის, დროულად გადაუხადეს კომპენსაცია 18,500 გირვანქა სტერლინგის ოდენობით. დაპატიმრებები უკავშირდებოდა ვარაუდს, საფრანგეთში, მსოფლიო თასის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხედველობაში ვიღებთ აღნიშნულ სავარაუდო შეთქმულებაში აპელანტის მონაწილეობის დამადასტურებელი მისაღები მტკიცებულებების არარსებობას, თუმცა, აღნიშნული არ არის და ვერ იქნება წინამდებარე საჩივრის პასუხი. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მასალა, რათა დავრწმუნდეთ, არსებობს თუ არა 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის (ა) და (ბ) პუნქტებში მითითებული რწმენისა თუ ეჭვის გონივრული საფუძველი.
...
ჩვენ დავრწმუნდით, რომ აპელანტი არის TFG-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას 2001 წლის კანონის ფარგლებში, და რომ მას კავშირი აქვს საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფთან. ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩვენი დარწმუნების ღია მიზეზები გაფანტულად არის მოცემული. ამის მიზეზი ის არის, რომ მასალა, რომელმაც ამგვარ დასკვნამდე მიგვიყვანა, ძირითადად, დახურულია. ჩვენ ის ყურადღებით განვიხილეთ იმ კონტექსტში, რომ ვიცით, აპელანტი უარყოფს ტერორიზმში ნებისმიერი სახის მონაწილეობას ან ნებისმიერი სახით ტერორისტთა მხარდაჭერისა თუ დახმარების შესახებ რაიმეს ცოდნას. შესაბამისად, ჩვენ ფრთხილად მივუდექით იმ მასალას, რომელსაც, ჩვენი აზრით, შესაბამისი ახსნა არ მოეძებნება.“
39. საიმიგრაციო კომისიამ იგივე დასკვნა გამოიტანა საქმის პერიოდული გადასინჯვისას, 2004 წლის 15 დეკემბერს.
4. მეოთხე მომჩივანი
40. მეოთხე მომჩივანი დაიბადა ალჟირში 1971 წელს და პირველად გაერთიანებულ სამეფოში 1994 წელს ჩავიდა. 1997 წლის მაისში იგი დააკავეს და ბრალი წაუყენეს რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის იმ შეთქმულებაში მონაწილეობაში, რომელიც მიზნად ისახავდა ალჟირში იმ მასალის ექსპორტს, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტული მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ივარაუდებოდა, რომ ის GIA-ს წევრი იყო. მომჩივნის წინააღმდეგ საქმე 2000 წლის მარტში შეწყდა, როდესაც მთავარმა მოწმემ, უშიშროების სამსახურის აგენტმა, რომელსაც ჩვენება უნდა მიეცა ალჟირის მთავრობის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობისგან მოქალაქეთა თავდაცვის საჭიროების შესახებ, გადაწყვიტა, რომ მისთვის ჩვენების მიცემა მეტად სახიფათო იქნებოდა.
41. 1998 წელს, მეოთხე მომჩივანი საფრანგეთის მოქალაქეზე დაქორწინდა. ის საფრანგეთის მოქალაქე გახდა 2001 წლის მაისში, თუმცა აღნიშნულის შესახებ მას გაერთინებული სამეფოს სამსახურებისთვის არ უცნობებია. სახელმწიფო მდივანმა მისი კვალიფიცირება 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად 2001 წლის 17 დეკემბერს მოახდინა და იგი დაპატიმრებულ იქნა 2001 წლის 19 დეკემბერს. 2002 წლის 13 მარტს იგი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც იგი ჩასვლისას უშიშროების თანამშრომლებმა დაკითხეს და შემდეგ გაუშვეს. მის მიერ გაერთიანებული სამეფოს დატოვების შემდეგ, მის წინააღმდეგ გამოცემული უწყება გაუქმდა, და გაუქმება დათარიღებულ იქნა უკანა თარიღით – 2002 წლის 22 მარტით.
42. თავის 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ გაუქმების უკანა რიცხვით დათარიღების გამო მეოთხე მომჩივანი ვერ ჩაითვლებოდა საჩივრის შეტანის დროისათვის კვალიფიცირებულად, შესაბამისად, მას გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. აღნიშნულის მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული, შეიძლება, მცდარი ყოფილიყო. ვინაიდან, სახელმწიფო მდივანს შეუძლებელია, უწყების გაცემისას, გონივრულად სცოდნოდა, რომ მომჩივანი საფრანგეთის მოქალაქე იყო და ის შეიძლება უსაფრთხოდ გაეძევებინათ საფრანგეთში, ამის საფუძველზე არ შეიძლება ითქვას, რომ უწყება არ უნდა გამოცემულიყო. შესაბამისად, საიმიგრაციო კომისიამ განაგრძო მის საწინააღმდეგოდ მტკიცებულებების შეფასება:
„გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ უნდა განვიხილოთ არამარტო ღია, არამედ დახურული მასალაც. როგორც ჩანს, აპელანტი ეჭვობდა, რომ იგი წარმოადგენდა დაზვერვის საგანს შესაბამისი პერიოდის დიდ ნაწილის განმავლობაში.
ჩვენ ვაცნობიერებთ იმის საჭიროებას, რომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა არ ვივარაუდოთ ბრალის არსებობა კავშირის გამო. უნდა არსებობდეს იმაზე მეტი, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმში ჩაბმულ პირებთან მეგობრობა ან მათთან ურთიერთობაა იმისათვის, რათა გამართლებულ იქნას გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ აპელანტი თავადაც მონაწილეობს ამ ქმედებებში ან ცნობიერად მხარს უჭერს ან ეხმარება მათ. ჩვენ ვითვალისწინებთ [მისი ადვოკატის] პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ის რაც მოხდა, წარმოდგენს დევნის აღდგენის მცდელობას და არაფერი კავშირი არა აქვს ადრეული პერიოდის მის ქმედებებთან. დაპატიმრება უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველაზე საბოლოო ზომა და არ უნდა იქნას გამართლებული მხოლოდ კავშირის საფუძველზე, და ნებისმიერ შემთხვევაში, მოკავშირეთა ბრალი არასოდეს ყოფილა დადასტურებული. ...
მიუხედავად ამისა, განგრძობადი კავშირი მათთან, ვინც ეჭვმიტანილი არიან საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობაში ალ-ყაიდასთან კავშირით იმ გონივრული ეჭვის ფონზე, რომ აპელანტი თავადაც აქტიურად იყო ჩაბმული GIA-ს ტერორისტულ საქმიანობაში, წარმოადგენს საკითხს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. GSPC, რომელიც გამოეყო GIA-ს, დაკავშირებულია ალ-ყაიდასთან, ხოლო აპელანტი განაგრძობდა ურთიერთობას მათთან, ვინც უკავშირდებოდა GSPC-ს და არა - GIA-ს. არსობრივად, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, აპელანტი არა მარტო აქტიურად მონაწილეობდა თავდაპირველად GIA-ში, და შემდეგ - GSPC-ში, არამედ იგი მათ წევრებს და ჩეჩნეთის მუჯაჰადინებს აწვდიდა ყალბ დოკუმენტებს, როგორც ეს ნავარაუდევია ღია განმარტებაში. თუმცა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ 2000 და 2001 წლის მისი საქმიანობა შეიძლება გამოიხატოს გამოთქმით, რომლის მიხედვით იგი ინარჩუნებდა უმნიშვნელო როლს, და ჩვენი ეს დაკვირვება ეფუძნება როგორც ღია, ისე დახურულ მასალას. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელო როლი არ გულისხმობს, რომ იგი არ უნდა იქნას სათანადოდ მიჩნეული საერთაშორისო ტერორისტად 21-ე მუხლის მნიშვნელობით. იმის შეფასება, თუ რა შეიძლება გააკეთოს მან, უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა აქვს გაკეთებული და ის ფაქტი, რომ მას წარსულში გამოჩენილი აქვს მხარდაჭერისა და დახმარების სურვილი და შესაძლებლობა და განაგრძობს კავშირის ქონას, გარკვეული დახმარების გაწევა (მაგალითად, მისი მიკროავტობუსის გამოყენება) მეტად აქტუალურია.
აპელანტის საქმის აღნიშნულ ასპექტს ჩვენ მარტივად არ მივიჩნევთ. ჩვენი სრული მოცულობით შევაფასეთ [მისი ადვოკატის] ყველა განმარტება, რომლებიც მეტად დამაჯერებლად იქნა ჩვენ წინაშე წარმოდგენილი, მაგრამ, საბოლოდ მივედით აზრამდე, რომ მტკიცებულებათა, როგორც მთელის, შეფასებისას, უწყების გაცემა არ იყო არასწორი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუშვებდით ფაქტების გასაჩივრებას.“
5. მეხუთე მომჩივანი
43. მეხუთე მომჩივანი დაიბადა 1969 წელს ალჟირში. საიმიგრაციო კომისიის წინაშე გაკეთებულ განმარტებაში მან განაცხადა, რომ ბავშვობაში გადატანილი ჰქონდა პოლიომიელიტი, რამაც მას სამუდამოდ სუსტი და პარალიზებული მარჯვენა ფეხი დაუტოვა. იგი დაპატიმრებულ და წამებულ იქნა ალჟირის მთავრობის მიერ 1991 წელს, რის შემდეგაც მან დატოვა ალჟირი და გაემგზავრა საუდის არაბეთში. 1992 წელს ის გადავიდა პაკისტანში და რამდენჯერმე იმოგზაურა ავღანეთში. 1995 წლის აგვისტოში, ის ჩავიდა გაერთიანებულ სამეფოშო და მოითხოვა თავშესაფარი, მოთხოვნისას ის უთითებდა, რომ მან 1994 წელს ავღანეთში ნაღმზე ფეხი დაიზიანა. მისი თავშესაფრის თხოვნა არ დაკმაყოფილდა და უარზე მისი საჩივარი უარყოფილ იქნა 1999 წლის დეკემბერში. მომჩივანი დაქორწინდა ფრანგ მოქალაქეზე და მასთან შვილი შეეძინა.
44. სახელმწიფო მდივნის მიერ იგი კვალიფიცირებულ იქნა 2001 წლის 17 დეკემბერს 2001 წლის კანონის შესაბამისად და იგი დააკავეს 2001 წლის 19 დეკემბერს. 2003 წლის თავის გადაწყვეტილებაში, რომლითაც უაროყოფილ იქნა მეხუთე მომჩივნის საჩივარი, საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა:
„კვალიფიცირების გასამართლებლად მოხმობილი ღია განცხადებები არ მიუთითებს მასალების წყაროს დიდ ნაწილზე და, ძირითადად, მტკიცებებისგან შედგება. ისევე, როგორც ასეთი საჩივრების უმეტესი ნაწილის შემთხვევაში, მტკიცებულების მთავარი ნაწილი დახურულ მასალაშია და, შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ აპელანტები არასახარბიელო მდგომარეობაში იყვენენ, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ მასალას, რაც შესაძლოა მიჩნეულიყო ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სპეციალურმა ადვოკატებმა რამდენჯერმე შეძლეს გარკვეული საკითხების გასაჩივრება, რასაც ზოგჯერ დადებითი შედეგი მოჰყვა. აღნიშნული, რა თქმა უნდა, შეეხებოდა დორსეტში არსებულ ბანაკს, რომელსაც რამდენიმე უშიშროების სამსახურისთვის საინტერესო პირი, მათ შორის აპელანტი, ესწრებოდა. ...
აპელანტთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ ის GIA-ს წევრი იყო და GIA-დან წამოსვლის შემდეგ, ის GSPC-ის წევრი გახდა. ის დაკავშირებულია რამდენიმე წამყვან ექსტრემისტთან, რომელთა ნაწილი ასევე არის GIA-ს წევრი ან მასთან დაკავშირებული პირი, და უწევდა აქტიურ მხარდაჭერას ყალბი დოკუმენტების მიწოდებით და ახალგაზრდა მაჰმადიანებისთვის ავღანეთში ჯიჰადში საწვრთნელად გამგზავრებაში დახმარებით. ითვლება, რომ მას შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი როლი GSPC-ის და სხვა ისლამისტი ექსტრემისტების სახელით განხორციელებული მხარდაჭერის საქმიანობაში გაერთიანებულ სამეფოში და საზღვარგარეთ. ყოველივე ამას აპელანტი უარყოფს და აკეთებს მისი უდანაშაულობის შესახებ ახსნა-განმარტებებს მის შესაძლო კავშირებთან მიმართებაში. ის ნამდვილად მეგობრობდა გაერთიანებულ სამეფოში მყოფ სხვა ალჟირელებთან და იმდენად, რამდენადაც ეს [მეოთხე მომჩივანს] ეხება, ისინი ოჯახებით იყვნენ ახლოს, რადგან, სხვა ყველაფრის გარდა, მათი ცოლები იყვნენ ფრანგები. იგი დადიოდა [მერვე მომჩივნის] მეჩეთში. იგი იყო მომხიბვლელი მქადაგებელი და აპელანტი ამბობს, რომ იგი ისმენდა, თუმცა არასოდეს ყოფილა ჩაბმული. ის ნამდვილად არ იცნობდა [მერვე მომჩივანს], გარდა ჩეჩნეთის ხსნის მეშვეობით ცნობისა, რასაც აპელანტი და ბევრი ასობით სხვა მაჰმადიანი უჭერდა მხარს, და იგი მას არასოდეს დალაპარაკებია ტელეფონით. იგი ხანდახან მისულა [მერვე მომჩივანთან] მეჩეთში პარასკევის ლოცვების დროს, რათა მითითება მიეღო გარკვეულ სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებით.“
საიმიგრაციო კომისიამ მიუთითა დაზვერვის “ღია” ანგარიშებზე რომლებიც ადასტურებდა, რომ მომჩივანს კავშირი ჰყონდა GIA-ს და GSPC-ის სხვა სავარაუდო წევრებთან, მათ შორის 1999 წლის ივლისის დორსეტის ბანაკში. ამასთან “ღია” მტკიცებულებები ეხებოდა მის “არადამხმარე” და “არა მთლიანობაში სანდო” პასუხებს 2001 წლის ივლისსა და სექტემბერში უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ დასმულ შეკითხვებზე. საიმიგრაციო კომისიამ შემდეგ აღნიშნა:
„რწმენა ემყარება მისი დაპატიმრებისას მის სახლში აღმოჩენილ სხვადასხვა სტატიას. მათ შორისაა ბინ ლადენის მიერ გამოცემული “ფატვა” (fatwa). აპელანტი ამბობს, რომ ის არასოდეს უნახავს და ვერ ხსნის მის არსებობას. GSPC-ის კომუნიკე, სავარაუდოდ, მას მეჩეთში გადასცეს. მისი კომპიუტერის მყარი დისკის ანალიზმა უჩვენა, რომ ის შესულა ვებ-გვერდზე, რომელიც სპეიცალიზდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტექნოლოგიაში. ეს არ იყო ის, რასაც კავშირი შეიძლება ჰქონოდა აპელანტის სასწავლო პროგრამასთან. მას ასევე არ უნახავს ხელით დახატული რეაქტიული რაკეტა. იგი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა, იდო წიგნში, რომელიც მან მეორადად შეიძინა მეჩეთში.
ჩვენ მხედველობაში ვიღებთ აპელანტის მიერ ზემოხსენებულის უარყოფას, მარგამ ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მტკიცებულება. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილება ნათელყოფს, ჩვენ გვაქვს მიზეზი, ეჭვი შევიტანოთ აპელანტის ზოგიერთ განცხადებაში. თუმცა, დახურული მასალა ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აპელანტი არის საერთაშორისო ტერორისტი 21-ე მუხლის მნიშვნელობით და - გონივრული რწმენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი დარჩენა ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის მონაწილეობდა ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, ხელს უწყობდა ახალგაზრდა მაჰმადიანებს ავღანეთში ჯიჰადში საწვრთნელად გამგზავრებაში და აქტიურად უჭერდა მხარს ტერორისტებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ალ-ყაიდასთან. ჩვენ არ ვყოყმანობთ მისი საჩივრის უარყოფისას.“
45. 2004 წლის 22 აპრილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარების გამო, მეხუთე მომჩივანი თავდებით იქნა ციხიდან გათავისუფლებული მკაცრი პირობებით, რაც უდრიდა შინა პატიმრობას დამატებითი კონტროლით. გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილებაში, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა:
“თავდებობის შეფარდებისას, [საიმიგრაციო კომისიას] არ გადაუსინჯავს თავისი შეხედულება იმ საფუძვლის სიმყარის მიმართ, რომლის მიხედვითაც იგი არის საერთაშორისო ტერორისტი და საფრთხე ეროვნული უშიშროებისთვის. მის შემთხვევაში, შეიძლება, საფრთხის მართვა მისი მძიმე ფსიქიკური დაავადების პროპორციულად. თუმცა, აღნიშნული უწყების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. შეიძლება არსებობდეს გარემოებები, როდესაც იგი დაარღვევს თავდებით გათავისუფლების პირობებს ან სხვა მიზეზით საჭირო გახდება მისი გაუქმება. უწყების ძალაში დატოვების საჭიროება დამოკიდებული უნდა იყოს კანონისა და დეროგაციის პირობების შესრულებაზე.
მისი კონტაქტების გარკვეული ნაწილი კვლავ მოიცავს იმ პირთა წრეს, რომლებიც ითვლება, რომ აქტიურად მონაწილეობენ ტერორისტული საქმიანობის დაგეგმვაში. არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ მისი ფსიქიკური ავადმყოფობის გამო მან შეასუსტა მიზანსწრაფვა ექსტრემისტული ისლამისტური მიზნისაკენ; მას აქვს გამოცდილება და შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩაერთოს ექსტრემისტულ ქმედებაში. თავდებობით გათვალისწინებული შეზღუდვები მისთვის არსებითია; ისინი მას შეეფარდა მისი კვალიფიცირების შესაბამისად და საიმიგრაციო კომისიის მიერ მისი საჩივრის უარყოფის გამო. უწყების მოქმედება სწორადაა შენარჩუნებული.”
46. 2004 წლის 15 დეკემბერს საიმიგრაციო კომისიამ კვლავ განიხილა საქმე და გადაწყვიტა, რომ უწყება ძალაში დარჩენილიყო.
6. მეექვსე მომჩივანი
47. მეექვსე მომჩივანი დაიბადა ალჟირში 1967 წელს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი 1989 წლიდან იყო. სახელმწიფო მდივანმა მის წინააღმდეგ უწყება 2001 წლის 17 დეკემბერს გამოსცა და იგი 2001 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.
48. 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა შემდეგი:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ როგორც ღია, ისე დახურულ მასალაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია [მეექვე მომჩივნის] წინააღმდეგ არსებული საქმის მითითება, როგორც აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ღია მასალაში, რადგან ეს არის საქმე, რომელიც [მეექვსე მომჩივანმა] იცის, რომ უნდა დააკმაყოფილოს. მისი განმარტებისა და მისი სახელით მოწოდებული სხვა მტკიცებულებებისა და არგუმენტების შეფასებისას, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ საკუთარ თავს, რომ მან არ იცის სახელმწიფო მდივნის დახურული მასალის შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც არ მოქმედებს სრულიად ვაკუუმში ღიად გამოთქმული ბრალდებების გამო; და ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ აპელანტის საქმე იმით, თუ როგორ რეაგირებს იგი ამ ბრალდებებზე.
სახელმწიფო მდივნის საქმე [მეექვსე მომჩივნის] წინააღმდეგ, შეიძლება, შემდეგნაირად შეჯამდეს:
(1) ის მიეკუთვნება და/ან არის GSPC-ის წევრი, ხოლო ადრე მონაწილეობდა GIA-ში;
(2) ის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა GSPC-ს (ხოლო ადრე – GIA-ს) საკრედიტო ბარათების გაყალბებაში მონაწილებით, რაც წარმოადგენს GSPC-თვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაერთიანებულ სამეფოში;
(3) დაახლოვებით 2000 წლის აგვისტოდან, [მეექვსე მომჩივანმა] ითამაშა მნიშვნელოვანი როლი GSPC-თვის ტელეკომუნიკაციების მოწყობილობის შეძენაში და სატელიტური ტელეფონებისთვის სამეურნეო მხარდაჭერაში აღნიშნული ტელეფონებისთვის საეთერო დროის შეძენით და გამოყოფით;
(4) მან, ასევე, შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ჩეჩნეთში მუჯაჰედების ბრძოლისთვის სატელეკომუნიკაციო და სხვა მოწყობილობების შეძენაში იმ დაჯგუფებისთვის, რომელიც 2002 წლამდე იბნ ხათაბს ემორჩილებოდა.“
საიმიგრაციო კომისიამ შემდეგ განიხილა მის წინაშე არსებული ღია მტკიცებულებები აბუ დოჰას მიერ, მეექვსე და მეშვიდე მომჩივნების დახმარებით, 229,265 ინგლისური გირვანქა სტერლინგის ღირებულების რამდენიმე სატელიტური ტელეფონისა და სხვა ტელეკომუნიკაციების მოწყობილობების შეძენის შესახებ და მეექვსე და მეშვიდე მომჩივანს შორის არსებული კავშირის არსი და სიმჭიდროვე. მან დაასკვნა:
„იმ გარემოებებში, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანს აქვს აშკარა საფუძველი, ივარაუდოს, რომ [მეექვსე მომჩივნის] მიერ განხორციელებული შესყიდვები მიმართული იყო ჩეჩნეთში მებრძოლი ექსტრემისტული არაბული ისლამისტური დაჯგუფების დახმარებისკენ. აღნიშნული მხარდაჭერა გამომდინარებს [მეექვსე მომჩივნის] GSPC-თან კავშირიდან და მხარედაჭერიდან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სხვა საჩივრების მსგავსად, დამაჯერებელია ფაქტორთა ერთიანობა, რომელთაგან თითოეული სხვას ამყარებს და ქმედებებს, როგორც მთლიანობას, სძენს ფერს და შინაარს; შეცდომა იქნებოდა რომელიმე მათგანის ცალკე აღება, შესაბამისად მისი მნიშვნელობის შემცირება და მთლიანი სურათის მხედველობიდან გამორჩენა. საერთო გადაწყვეტილება აღნიშნულ დასკვნებს ამყარებს. ეს არის ქმედებები, რომლებიც, უმთავრესად დეროგაციით რეგულირდება. [მეექვსე მომჩივანი] მხოლოდ არადამაჯერებელად უარყოფდა ზემოთქმულს და ვერ შემოგვთავაზა სანდო ალტერნატიული ახსნა-განმარტება. აღნიშნული საკმარისია მისი საქმის განსასაზღვრად, სახელმწიფო მდივნის სხვა ბრალდებებზე შემდგომი მითითების გარეშე, რაც როგორც აღიარებულ იქნა [საიმიგრაციო კომისიის] წინაშე გაკეთებულ ღია განმარტებასა და ღია მტკიცებულებებში, შეიძლება სათანადოდ გამყარებულ იქნას მხოლოდ დახურული მასალის შემოწმებით.“
49. საიმიგრაციო კომისიამ საქმე განიხილა 2004 წლის 2 ივლისს და 2005 წლის 28 თებერვალს და თითოეულ შემთხვევაში, გადაწყვიტა, რომ არსებობდა უწყების ძალაში დატოვების საფუძველი.
7. მეშვიდე მომჩივანი
50. მეშვიდე მომჩივანი დაიბადა 1971 წელს ალჟირში და, როგორც ჩანს, გაერთიანებულ სამეფოში შემოვიდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 1994 წელს ან უფრო ადრე. 2001 წლის 7 დეკემბერს, მას ბრალი დაედო ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულში და მიესაჯა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. სახელმწიფო მდივნის მიერ მისი კვალიფიცირება მოხდა 2002 წლის 5 თებერვალს. დაპატიმრებულ იქნა უწყების საფუძველზე მისი პატიმრობის დასრულებისთანავე, 2002 წლის 9 თებერვალს.
51. 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა, რომ მეშვიდე მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდებები მდგომარეობდა იმაში, რომ იგი იყო GSPC-ის წევრი 1997 ან 1998 წლიდან, ხოლო ამ დრომდე – GIA-ის წევრი; რომ მისი კონტაქტები GSPC-ის წამყვან წევრებთან გაერთიანებულ სამეფოში მიანიშნებდა იმაზე, რომ იგი ორგანიზაციის ნდობით აღჭურვილი წევრი იყო; და რომ იგი მონაწილეობდა აბუ დოჰასა და მეექვსე მომჩივანთან ერთად ჩეჩნეთსა და ალჟირში ექსტრემისტების მიერ გამოსაყენებელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის შეძენაში. მან დამატებით აღნიშნა, რომ:
„[მეშვიდე მომჩივანს] არ წარუდგენია მტკიცებულება საიმიგრაციო კომისიის წინაშე და, რა თქმა უნდა, არჩია, არ დასწრებოდა მისი საჩივრის განმხილველ სხდომას. მისი განმარტება, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ წავიკითხეთ, მეტად ზოგადი ფრაზებით არის გადმოცემული, და, სავარაუდოდ არა გასაკვირად, [მისი ადვოკატის], როგორც ზეპირი, ისე წერილობითი, განმარტებებიც, ანალოგიურად ზოგადი იყო. [მეშვიდე მომჩივნის] მიდგომა თავიანთი პროცესის მიმართ და ფაქტი, რომ მან არ წარადგინა ზეპირი მტკიცებულება ან – დეტალური წერილობითი განმარტება, არ წარმოადგენს საკითხებს, რომლებიც სასწორზე მის წინააღმდეგ უნდა იქნას დადებული. ჩვენ ვაცნობიერებთ აპელანტების რთულ მდგომარეობას იმ ვითარებაში, როდესაც მათ წინააღმდეგ არსებული პრეტენზიები მხოლოდ შეჯამებული ფორმით არის წარმოდგენილი და შეუძლებელია იმ მტკიცებულებათა უდიდესი ნაწილის, რომელსაც აღნიშნული პრეტენზიები ეყრდნობა, თავად აპელანტთათვის გაცნობა, ეროვნული უშიშროების მიზეზებით. თუმცა, [მეშვიდე მომჩივანი] საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება, რომ იცოდეს, თუ რაში მდგომარეობდა მისი ქმედებები და მოტივები შესაბამისი პერიოდისთვის. არაფერი უშლის მას ხელს აღნიშნული ქმედებების შესახებ მისცეს სრული განმარტება, თუ მას ამის სურვილი აქვს. ფაქტი, რომ მან არჩია არ წარედგინა დეტალური ანგარიში საკუთარი ქმედებების შესახებ, ნიშნავს, რომ მას არ წარუდგენია მასალა სხვათა მტკიცებულებებისა და არგუმენტების საპირისპიროდ.“
საიმიგრაციო კომისიამ დაასკვნა, რომ ღია და დახურული მასალა ადასტურებდა მეშვიდე მომჩივნის წინააღმდეგ არსებულ პრეტენზიებს და უარყო საჩივარი.
52. 2004 წლის 2 ივლისისა და 15 დეკემბრის გადასინჯვის გასაწყვეტილებებით, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ უწყება ძალაში უნდა დარჩენილიყო.
8. მერვე მომჩივანი
53. მერვე მომჩივანი იორდანიის მოქალაქეა, რომელიც დაიბადა ბეთლემში 1960 წელს. იგი გაერთიანებულ სამეფოში 1993 წლის 16 სექტემბერს ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა. იგი ლტოლვილად იქნა ცნობილი და 1998 წლის 30 ივნისამდე დარჩენის ნებართვა მიეცა. 1998 წლის 8 მაისს მან განცხადება შეიტანა განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლების მოპოვებაზე, თუმცა განცხადება არ ყოფილა განხილული 2001 წლის კანონის ძალაში შესვლის თარიღისთვის.
54. მერვე მომჩივანს იორდანიაში ბრალი დაედო in absentia იქ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობისთვის და შეთქმულებისთვის, რომ მას ბომბები უნდა განეთავსებინა ათასწლეულის დადგომის დროს. მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება 2001 წლის თებერვალში ანტიტერორისტული პოლიციის ოფიცრების მიერ, 2000 წლის დეკემბერში სტრასბურგის საშობაო ბაზარზე აფეთქებათა გამოწვევის შეთქმულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა. 2001 წლის კანონის გამოცემისას, იგი დაიმალა. ის დააკავეს 2002 წლის 23 ოქტომბერს და დაუყოვნებლივ დაუქვემდებარეს 21-ე მუხლით გათვალისწინებულ კვალიფიცირებას და დააპატიმრეს. იმავე დღეს გამოიცა მისი დეპორტაციის ბრძანება.
55. 2004 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით, უარყო რა მერვე მომჩივნის საჩივარი კვალიფიცირებასთან დაკავშირებით, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა შემდეგი:
„[მერვე მომჩივნის ადვოკატმა], აპელანტის მითითების თანახმად, გვაცნობა, რომ მისმა კლიენტმა არჩია, არ დასწრებოდა მოსმენას ან რაიმე ფორმით მიეღო მასში მონაწილეობა. მას წაკითხული ჰქონდა 2001 წლის კანონის საფუძველზე კვალიფიცირებულ აპელანტებთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებები და დარწმუნებული იყო, რომ მისი საჩივრის შედეგი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. სხვა საჩივრებში ბევრჯერ გაკეთდა მის როლზე მითითება და ზოგი პირი კვალიფიცირებულ და დაპატიმრებულ იქნა, ნაწილობრივ მაინც, მასთან კავშირის საფუძველზე. რადგან აღნიშნული კავშირი საკმარისად იქნა მიჩნეული მათი დაპატიმრების გაგრძელებისთვის, ის თვლიდა, რომ მის საჩივართან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. მან არჩია, არ მიეღო არანაირი მონაწილეობა, რადგან მას არ გააჩნია რწმენა, რომ სისტემას შეუძლია ჭეშმარიტების დადგენა. იგი თვლიდა, რომ საიმიგრაციო კომისიის პროცედურა მიზანმიმართულად იქნა შემოღებული, რათა მოპასუხის საქმის ღია და საჯარო განხილვა აეცილებინა, რაც პირებს ართმევდა მათ საწინააღმდეგოდ აღძრული საქმის უარყოფის სამართლიან შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის წარმოთქმის შემდეგ, [მერვე მომჩივნის ადოკატმა] განმარტა, რომ საჩივარს უკან არ გაიხმობდა. შესაბამისად, საჭირო იყო, რომ ჩვენ ის განგვეხილა და აპელანტის მიერ გაკეთებული განმარტება მხედველობაში მიგვეღო. [მისმა ადვოკატმა] ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომლებიც როგორც მან განაცხადა, უნდა ჩათვლილიყო აპელანტის მტკიცების სასარგებლოდ, რომ იგი არ იყო და არც არასოდეს ყოფილა ჩაბმული ტერორიზმში 2001 წლის კანონის მნიშვნელობით. დამატებით, ბრალდებები ნათელყოფდა, რომ უშიშროების სამსახურებს ჰქონდათ არასწორი და ზედმეტად გამარტივებული შეხედულება აპელანტის საქმიანობასთან და მსოფლიო მასშტაბით მისი, როგორც ისლამისტური კავშირის უფლებების მორწმუნე და პატივცემული მასწავლებლის როლთან დაკავშირებით.
ჩვენ ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ აპელანტის წინააღმდეგ საქმე არსებითად განვიხილეთ. ჩვენზე გავლენა არ მოუხდენია სხვა საჩივრებში გაკეთებულ დასკვნებსა და საერთო გადაწყვეტილებებს. იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა აღნიშნული გადაწყვეტილების მომზადებას დიდი დრო, უკავშირდება ჩვენს წინაშე წარმოდგენილი, როგორც ღია, ისე დახურული მტკიცებულების წაკითხვისა და განხილვის საჭიროებას. სხვა საჩივრებთან შედარებით, ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები ბევრად მეტია. აღნიშნული უკავშირდება ფაქტს, რომ აპელანტს კავშირი აქვს ბევრ სხვა პირთან, ვინც კვალიფიცირებულ იქნა და პირებსა და ჯგუფებთან, რომლებიც თავად იყვნენ ალ-ყაიდასთან დაკავშირებულნი. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რათა შევცვალოთ საერთო გადაწყვეტილებაში გამოხატული შეხედულებები მასში მითითებული პირებისა და ჯგუფების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს შეხედულებები ავტომატურად გავიზიარეთ. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ფაქტზე, რომ კოლეგია, რომელმაც მიიღო საერთო გადაწყვეტილება ამ კოლეგიისგან განსხვავებული შემადგენლობის იყო და საერთო გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიის თავმჯდომარის მსჯელობა შემოიფარგლა მხოლოდ სამართლებრივი საკითხებით. აპელანტის წინააღმდეგ წინამდებარე კოლეგის წინაშე წარმოდგენილი საქმე ჩვენ არსებითად განვიხილეთ. ...
როდესაც საქმე დახურულ სხდომაზე განხილვამდე მივიდა, სპეციალურმა ადვოკატებმა შეგვატყობინეს, რომ ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ მათი რაიმე ფორმით პროცესში მონაწილეობა არ იქნებოდა აპელანტის ინტერესებში. ჩვენ აღნიშნული გვაწუხებდა, ვფიქრობდით რა, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო. საჩივარი კვლავ განხილვის სტადიაში იყო და აპელანტმა არ იცოდა, რას ემყარებოდა მისი საწინააღმდეგო განმარტებები დახურულ მასალაში. ჩვენთვის რთული იყო იმის გაგება, არსებულ პირობებში, რატომ არ იქნებოდა მის ინტერესებში, რომ სპეციალურ ადვოკატებს, თავიანთი დისკრეციის ფარგლებში, გამოევლინათ ან დაედგინათ ფაქტები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა აპელანტისთვის ან გაეკეთებინათ განმარტებები, რათა დავერწმუნებინეთ, რომ მტკიცებულებები რეალურად არასანდო იყო ან ვერ ამყარებდა გაკეთებულ შეფასებას. შემდეგ ჩვენ ვკითხეთ [მერვე მომჩივნის სახელით დანიშნულ] ერთ-ერთ სპეციალურ ადვოკატს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მან გვიპასუხა, რომ ასე ვერ მოიქცეოდა, რადგან აღნიშნული არ იყო აპელანტის ინტერესებში. ჩვენ სხდომა გადავდეთ, რათა აპელანტისგან, მისი იურისტების მეშვეობით, გაეგოთ, სურდა თუ არა მას, რომ მათ მისი სახელით გაეკეთებინათ, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით გენერალურ პროკურორს, რომელმაც დანიშნა სპეციალური ადვოკატები, რათა ის დაგვხმარებოდა და დაერწმუნებინა ისინი, რომ დაგვხმარებოდნენ. აპელანტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე არაფერი ჰქონდათ სათქმელი, ხოლო გენერალუმა პროკურორმა განაცხადა, რომ არასწორი იქნებოდა მისი რაიმე ფორმით ჩარევა. ჩვენი შემდგომი მცდელობები, დაგვერწმუნებინა სპეციალური ადვოკატები, რომ აზრი შეეცვალათ, უშედეგო აღმოჩნდა და ვინაიდან, ჩვენ ვერ ვაიძულეთ ისინი, რომ რაიმე გაეკეთებინათ, იძულებული გავხდით საქმის განხილვა მათ გარეშე გაგვეგრძელებინა. [სახელმწიფო მდივნის ადვოკატი], ჩვენი თხოვნით, შეეხო რამდენიმე საკითხს, რომლებიც, შესაძლოა, ჩათვლილიყო ბრალის გამომრიცხველად და ჩვენც დავაყენეთ რამდენიმე საკითხი დახურული სხდომის მიმდინარეობისას.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სპეციალური ადვოკატის დაუსწრებლობა ჩვენს საქმეს ჩვეულებრივზე მეტად ართულებს და აპელანტის მიმართ პოტენციური უსამართლობა უფრო მეტად შესაძლებელია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ სპეციალურ ადვოკატებს ჰქონდათ რეალური მიზეზი იმ პოზიციის დასაკავებლად, რომელიც დაიკავეს და ჩვენ, ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დიდხანს ფიქრობდნენ იმის გადასაწყვეტად, სწორად იქცეოდნენ თუ არა. მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, დავაფიქსიროთ, რომ ისინი შეცდნენ და რომ არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ არ გააგრძელონ მონაწილეობა პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ... როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეში აპელანტის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები იმდენად ძლიერია, რომ ვერანაირი სპეციალური ადვოკატი, მისი სიძლიერის მიუხედავად, ვერ შეძლებდა ჩვენ დარწმუნებას, კვალიფიცირების გამართლების მიზნით, გონივრული ეჭვის არარსებობაში. შესაბამისად, სპეციალური ადვოკატების დაუსწრებლობას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია აპელანტზე. ...”
56. საიმიგრაციო კომისიამ შემდეგ შეაჯამა მომჩივნის წინააღმდეგ არსებული საქმის ღია მასალები, რომ იგი იყო ალ-ყაიდასთან დაკავშირებული რამდენიმე პირისა და ჯგუფის სულიერი მრჩეველი. მას ჰქონდა ექსტრემალური და ფუნდამენტალისტური შეხედულებები და ამბობდნენ, რომ მას ლონდონის მეჩეთში თავისი გამოსვლებისას კურთხევა ჰქონდა მიცემული ებრაელებისა და ამერიკელების, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, მკვლელობისთვის. საიმიგრაციო კომისიამ დაასკვნა:
„ჩვენ დავრწმუნდით, რომ აპელანტის ქმედებები ბევრად გასცდა უბრალოდ რჩევის მიცემას. მან ნამდვილად აღუთქვა ყურანის მხარდეჭერა მათ, ვისაც სურს ალ-ყაიდას მიზნების განვითარება და თვითმკვლელობით აფეთქებებსა და სიკვდილის გამომწვევ სხვა ქმედებებში მონაწილეობა. მტკიცებულება საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ იგი დაპატიმრებული იყო საერთაშორისო ტერორიზმის აქტების წაქეზების გამო. მაგრამ სულიერი რჩევის მიცემა შესაბამისი მიზნებისა და გამოყენების ცოდნის გათვალისწინებით, წარმოადგენს დახმარებას 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის მნიშვნელობით.
...
ბრალდებების რაოდენობა დიდია. ჩვენ ვერ ვხედავთ მათი პუნქტობრივად განხილვის აზრს. ჩვენ მივუთითეთ, თუ რატომ ჩამოვიყალიბეთ შესაბამისი აზრი აპელანტის წინააღმდეგ არსებული საქმის დადასტურების შესახებ. ჭეშმარიტად, სტანდარტი გონივრულ ეჭვზე მეტი რომ იყოს, ჩვენ ეჭვი არ გვექნებოდა მის ჭეშმარიტებაში. აპელანტი სერიოზულად იყო ჩაბმული, ნამდვილად იმყოფებოდა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული აქტების ცენტრში გაერთიანებულ სამეფოში. იგი ნამდვილად საშიში პირია და წინამდებარე საჩივარი უარყოფილია.“
9. მეცხრე მომჩივანი
57. მეცხე მომჩივანი ალჟირელია, დაბადებულია 1972 წელს. მან 1991 წელს დატოვა ალჟირი და გაემგზავრა ავღანეთში, სადაც ის არაბულ ენას ასწავლიდა ლტოლვილთა ბანაკში. 1993 წელს მან თავშესაფარი მოითხოვა გაერთიანებულ სამეფოში. 1994 წელს მას მიენიჭა ოთხი წლით, 2000 წლამდე დარჩენის უფლება, ხოლო 2000 წელს მას განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლება მიენიჭა იმ საფუძვლით, რომ ლტოლვილად ჩაითვლებოდა. მომჩივანი ოთხჯერ დააკავეს, ბოლოს – 1998 წლის მაისში, და გაუშვეს ბრალის წაყენების გარეშე. პირველი სამი დაკავება დაკავშირებული იყო საკრედიტო ბარათების გაყალბებასთან. 1998 წლის დაკავება დაკავშირებული იყო სავარაუდო ტერორისტულ საქმიანობასთან, რომლის შემდეგ მომჩივანს პოლიციამ კომპენსაცია გადაუხადა არასწორი დაკავებისთვის.
58. მეცხრე მომჩივანი სახელმწიფო მდივნის მიერ კვალიფიცირებულ იქნა და მის წინააღმდეგ გამოიცა დეპორტაციის ბრძანება 2002 წლის 22 აპრილს. იგი იმავე დღეს დააპატიმრეს. სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, იგი არ იქნა კვალიფიცირებული სხვა მომჩივნებთან ერთად 2001 წლის დეკემბერში, რადგან მისი ერთ-ერთი დოკუმენტი დაიკარგა.
59. 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა, რომ მეცხრე მომჩივნის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების მიხედვით, იგი იყო GSPC-ის აქტიური მხარდამჭერი და მისთვის, თაღლითობის მეშვეობით, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა ჰქონდა მოზიდული. არსებობდა მტკიცებულება, რომ მომჩივანი წარსულში სასაზღვრო ოფიცრებმა დააკავეს, როდესაც იგი ცდილობდა, ბორნით შემოსულიყო გაერთიანებულ სამეფოში დიდი ოდენობის ნაღდი ფულით და რომ მას ახლო კავშირი ჰქონდა პირებთან, რომლებიც ბრალდებული იყვნენ საკრედიტო ბარათების გაყალბებაში. საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ თაღლითობაში მონაწილეობა არ ნიშნავდა ტერორიზმში მონაწილეობას. თუმცა, მან აღნიშნა, რომ მომჩივანი შემჩნეული იყო დორსეტის ბანაკში მეხუთე მომჩივნისა და GSPC-ის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილ კიდევ რამდენიმე პირთან ერთად და რომ დაპატიმრებისას, მის სახლში იპოვეს სატელეფონო საუბრის ქვითარი, რომელიც გამოწერილი იყო იარკასის სახელზე, რომელიც 2001 წლის ნოემბერში დაიჭირეს ესპანეთში ალ-ყაიდასთან მისი სავარაუდო კავშირის გამო. მომჩივანმა წარადგინა მტკიცებულებები, თუმცა იგი არ ყოფილა დამარწმუნებელი მოწმე და ზემოაღნიშნულთან დაკავშირეიბით არ წარმოუდგენია სათანადო ახსნა-განმარტება. დახურული მასალით დადასტურდა სახელმწიფო მდივნის ბრალდებები და საიმიგრაციო კომისიამ, შესაბამისად, უარყო მომჩივნის კვალიფიცირების წინააღმდეგ მიმართული საჩივარი.
60. 2004 წლის 2 ივლისისა და 2004 წლის 15 დეკემბრის გადასინჯვის გადაწყვეტილებებით, საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ უწყების ძალაში დატოვება მიზანშეწონილი იყო.
10. მეათე მომჩივანი
61. მეათე მომჩივანი ალჟირის მოქალაქეა. ალჟირში ბომბის აფეთქების შემდეგ, მას მარცხენა ხელი მოკვეთეს მაჯასთან, ხოლო მარჯვენა ხელი მოკვეთეს იდაყვთან. 1999 წელს მან იმოგზაურა გაერთიანებულ სამეფოშო აბუ დაბისა და ავღანეთის გავლით და მოითხოვა თავშესაფარი. მოთხოვნაზე უარი ეთქვა 2001 წლის 27 თებერვალს. შემდეგ იგი პატიმრობაში იმყოფებოდა, დააპატიმრეს რა 2001 წლის 15 თებერვალს და ბრალი წაუყენეს საეჭვო ტერორისტული მიზნებისთვის სტატიათა ფლობაში, თაღლითობასა და ყალბი ინსტრუმენტების დამზადებაში. დაპატიმრებისას, მას აღმოაჩნდა საფრანგეთის დაახლოებით 40 შეუვსებელი მართვის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი, საკრედიტო ბარათის ამომცნობი, ლამინატორი და საჭრელი მანქანა. თუმცა მას ბრალი არ წაყენებია და იგი 2001 წლის 17 მაისს გაათავისუფლეს.
62. 2003 წლის 14 იანვარს, სახელმწიფო მდივარმა გამოსცა უწყება მის წინააღმდეგ 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად და იგი დააპატიმრეს. იმავე დღეს გამოიცა მისი დეპორტაციის ბრძანება.
63. თავის 2004 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაში საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა, რომ მეათე მომჩივნის წინააღმდეგ არსებული საქმე მდგომარეობდა იმაში, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი ჩასვლიდან, იგი ახლო კავშირში იმყოფებოდა წარსულში აბუ დოჰას მიერ მართულ ექსტრემისტთა ქსელთან (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 26). კერძოდ, არსებობდა ვარაუდი, რომ იგი უწევდა სამეურნეო დახმარებას ყალბი დოკუმენტებისა და საკრედიტო ბარათების გაყალბებით მიღებული თანხის მეშვეობით. იგი დიდ დროს ატარებდა ფინსბურის პარკის მეჩეთში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ისლამისტური ექსტრემიზმის ცენტრი და, სავარაუდოდ, ესწრებოდა იქ გამართულ შეკრებას 2001 წლის ივნისში, როდესაც გენუის დიდი რვიანის სამიტის მიმართ საფრთხე გამოვლინდა.
2003 წლის 28 ივნისს, მომჩივანმა წარადგინა წერილობითი განმარტება, რომელშიც უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. თუმცა, მან მონაწილეობა არ მიიღო მისი საჩივრის განმხილველ სხდომაში, როგორც საიმიგრაციო კომისიამ თავის გადაწყვიტილებაში განმარტა:
“ის, როგორც [მისმა ადვოკატმა] თქვა, იყო ღირსეული ლტოლვილი და არ იყო რაიმე ორგანიზაციის ან ჯგუფის წევრი და არ იყო ჩაბმული ტერორიზმში და პროპაგანდას არ უწევდა ტერორიზმს. მან არ იცოდა არანაირი დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ და ვერ იგებდა, თუ რატომ მოხდა მის წინააღმდეგ ბრალდების წარდგენა. მას ნანახი არ ჰქონდა შესაბამისი მასალა და არ გააჩნდა მათი უარყოფის საშუალება. ფაქტობრივად, მას არ შეეძლო გაეკეთებინა იმაზე მეტი, გარდა მტკიცებისა, რომ საფუძველს მოკლებული იყო დასკვნა, რომლის თანახმად, ის იყო საერთაშორისო ტერორისტი კანონის მნიშვნელობით, ვინაიდან ის ასეთი არ იყო. მას წაუკითხეს საიმიგრაციო კომისიის გადაწყვეტილებები წინა საჩივრებთან დაკავშირებით. იმ აქტუალურობის გათვალისწინებით, რომელიც მიენიჭა დახურულ მასალას და კანონით დადგენილი კრიტერიუმის გამოყენებას, იგი თვლიდა, რომ შედეგი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა. მას არ სურდა პროცესში მონაწილეობა, რათა დაეტოვებინა ყალბი შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო გავლენა მოეხდინა იმ საკითხებზე, რომლებიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი არ ენდობოდა პროცესს. შესაბამისად, იგი არ მიიღებდა აქტიურ მონაწილებოას, გარდა [მისი ადვოკატის] მიერ, მისი სახელით, გაკეთებული განმარტებისა.
მას არ გამოუთხოვია თავისი საჩივარი. ვაფასებთ რა იმ დაბრკოლებებს, რომელშიც მას, და რა თქმა უნდა, ყველა აპელანტს უწევს მოღვაწეობა, გვსურს განვმარტოთ, რომ არცერთ საჩივართან დაკავშირებით წინასწარ არ არის გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ უნდა განვიხილოთ და განვიხილავთ ჩვენ წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, როგორც ღიას, ისე დახურულს, სიფრთხილით, რადგან ვაღიარებთ, რომ ამას შედეგად მოჰყვება დაპატიმრება გაურკვეველი ვადით, სასამართლო განხილვის გარეშე. ვაღიარებთ რა, რომ სპეციალურ ადვოკატს რთული ამოცანა აკისრია, როდესაც მას არ გააჩნია და არ შეუძლია მიიღოს მითითებები დახურულ მასალასთან დაკავშირებით, მას შეუძლია მტკიცებულებები შეამოწმოს უშიშროების სამსახურიდან და ჩვენი ყურადღება მიაქციოს მასალისკენ, რომელიც ეხმარება აპელანტის საქმეს.”
საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა, რომ არსებობდა აშკარა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივანი მონაწილეობდა თაღლოთობაში. მის წინაშე არსებული მტკიცებულებები, რომელთა უდიდესი ნაწილი დახურული იყო, საკმარისი აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ამას აკეთებდა ტერორისტული მიზნებისთვის თანხის მოსაზიდად და ტერორზმში ჩაბნულ პირთა მხარდასაჭერად. შესაბამისად, საიმიგრაციო კომისიამ კვალიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული მისი საჩივარი უარყო.
64. საიმიგრაციო კომისიამ მსგავსი დასკვნები გამოიტანა თავის 2004 წლის 4 აგვისტოსა და 2005 წლის 16 თებერვლის გადასინჯვის გადაწყვეტილებებით. ბოლო გადაწყვეტილებაში, მან აღნიშნა, რომ მომჩივანი გადაყვანილ იქნა ბროდმურის დაცულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აღნიშნული არავითარ განსხვავებას არ წარმოადგენდა ეროვნული უშიშროებისთვის იმ რისკის შეფასებისას, რომელსაც იგი გათავისუფლების შემთხვევაში შექმნიდა.
11. მეთერთმეტე მომჩივანი
65. მეთერთმეტე მომჩივანი ალჟირის მოქალაქეა. ის გაერთიანებულ სამეფოში 1998 წლის თებერვალში შემოვიდა, გაყალბებული იტალიური პირადობის მოწმობით და შემდეგ კვირას მოითხოვა თავშესაფარი. მისი მოთხოვნის განხილვის პერიოდში, ის საფრანგეთის ყალბი პასპორტით გაემგზავრა საქართველოში, საიდანაც დეპორტირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მას შეატყობინეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ მისი მოგზაურობის გამო შეწყდა მისი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა. მან თავშესაფრის მოთხოვნა განმეორებით გააკეთა, რაზეც უარი ეთქვა 2001 წლის 21 აგვისტოს. მომჩივანი მიიმალა. იგი დააკავეს 2001 წლის 10 ოქტომბერს და მოათავსეს საიმიგრაციო დაპატიმრების ცენტრში, საიდანაც გაიქცა 2002 წლის თებერვალში. იგი კვლავ დააკავეს 2002 წლის 19 სექტემბერს და გადაიყვანეს ბელმარშის ციხეში საიმიგრაციო კანონის დებულებათა თანახმად.
66. 2003 წლის 2 ოქტომბერს, სახელმწიფო მდივანმა მას კვალიფიკაცია გაუკეთა, როგორც საერთაშორისო ტერორისტს 2001 წლის კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე და გამოსცა მისი დეპორტაციის ბრძანება ეროვნული უშიშროების საფუძვლით.
67. 2004 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაში, უარყო რა მეთერთმეტე მომჩივნის საჩივარი კვალიფიცირებასთან დაკავშირებით, საიმიგრაციო კომისიამ მისი პროცესი ღიად წარმართა. ის, სავარაუდოდ, აბუ დოჰას ჯგუფის დამკვიდრებული და უფროსი წევრი იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 26). 2001 წლის ივლისში, მან სცადა ჩეჩნეთში მოგზაურობა და როდესაც დაპატიმრებულ იქნა საქართველოს პოლიციის მიერ, მას აღმოაჩნდა ტელეფონის ნომრები, რომლებიც უკავშირდებოდა აბუ დოჰას ჯგუფის უფროს წევრსა და GSPC-ის დასახელებულ წევრს, რომელიც, როგორც ცნობილი იყო, მონაწილეობდა ჩეჩნური მუჯაჰადინისთვის ფინანსების მოზიდვაში. იგი, სავარაუდოდ, ფულით და სამეურნეო მხარდაჭერით უზრუნველყოფდა პაკისტანისა და ავღანეთის ბაზაზე არსებულ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ჩრდოლოეთ აფრიკულ ექსტრემისტულ ისლამისტულ ქსელს და ეხმარებოდა აბუ დოჰას ჯგუფის წევრებს ავღანეთში, პაკისტანსა და ჩეჩნეთში მოგზაურობაში. ის ცხოვრობდა ფინსბურის პარკის მეჩეთში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 1999/2000 წელს. ის მეტად ფრთხილი იყო 2001 წლის სექტემბერში, წმ. ალბანსში მოგზაურობისას, მან მიიღო ზომები, რომ არ დადევნებოდნენ. როდესაც ის დააკავეს 2002 წლის სექტემბერში, მას აღმოაჩნდა ყალბი ბელგიური პასპორტი, რომელსაც ჰქონდა აბუ დოჰას უფროსი წევრის ფოტო. ის, სავარაუდოდ, აქტიურად მონაწილეობდა ყალბი დოკუმენტების მიწოდებასა და ჩეკების წიგნებისა და საკრედიტო ბარათების გაყალბებით გამოყენებაში.
68. მომჩივანმა შეიტანა წერილობითი განმარტება, რომელშიც უარყო, რომ ის საერთაშორისო ტერორისტი იყო. მან აღიარა, რომ მან იმოგზაურა ავღანეთში 1999 წელს და სცადა ჩეჩნეთში წასვლა 2001 წელს, მაგრამ ამ ქვეყნებში მისი მოგზაურობის ინტერესი იყო არაფერი სხვა, გარდა ბევრი მოწმუნე მაჰმადიანის ინტერესისა. მან პროცესის უსამართლობის გამო პროტესტის ნიშნად უარი თქვა თავისი საქმის ზეპირ განხილვას დასწრებოდა ან წარმოდგენილი ყოფილიყო იურისტის მიერ. მომჩივნის პოზიციის მიხედვით, სპეციალურმა ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ მისი ინტერესები საუკეთესოდ იქნებოდა დაცული, თუ ისინი მისი სახელით განმარტებების მიცემისგან თავს შეიკავებდნენ ან კითხვებს დაუსვამდნენ მოწმეებს დახურულ სხდომაზე.
69. მომჩივნის საჩივრის უარყოფისას საიმიგრაციო კომისიამ დაადგინა შემდეგი:
“ჩვენ ვაღიარებთ იმ სირთულეს, რომლის წინაშეც დგას აპელანტი, რომელიც მხოლოდ ღია მასალას ხედავს და გვესმის [მეთერთმეტე მომჩივნის] აღქმა პროცედურის უსამართლობის შესახებ. თუმცა, თითოეული საქმე მის ინდივიდუალურ ფაქტებზე ვითარდება, და არასწორი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რასაც [ადვოკატი] ცდილობდა, რომ კონკრეტულად აღნიშნული აპელანტი ჩაყენებულ იქნა მდგომარეობაში, როდესაც ის კანონის პროცედურების თანახმად მოკლებული იყო მის წინააღმდეგ მიმართული საქმის საპახუხოდ ეფექტიან დაცვის საშუალებას.
ჩვენ შევაჯამეთ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე [მეთერთმეტე მომჩივნისთვის] წარდგენილი ინფორმაცია ... და აღნიშნულ ინფრომაციაზე თავის წერილობით განმარტებაში მოცემული [მისი] პასუხი. მართალია, ღია მასალის რამდენიმე შეფასება, შეიძლება, სამართლიანად მიჩნეულ იქნას დოკუმენტური მტკიცებულებით დაუსაბუთებლად, რომლის საპასუხოდ [მეთერთმეტე მომჩივანი] ვერ შეძლებდა ზოგად უარყოფაზე მეტს, ნათელია, რომ სხვა შეფასებათა მიმართ, [მას] წარედგინა დიდი ოდენობის ინფორმაცია: სახელები, თარიღები, ადგილები და დამადასტურებელი მასალა.
[მეთერთმეტე მომჩივანი] საუკეთესო პოზიციაში იმყოფება, რომ პასუხი განმარტოს თავისი ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ, ვინაიდან მან პირველად თავშესაფარი 1998 წელს მოითხოვა. მისი წერილობითი განმარტება მნიშვნელოვანია არა იმის გამო, თუ რას ამბობს ის, არამედ იმით, თუ რას არ ამბობს. მაგალითად: წმ. ალბანსში სტუმრობა და ფოტო კამერა, რასთან დაკავშირებითაც [მეთერთმეტე მომჩივანი] ამბობს, რომ მოპასუხის კონკრეტული მტკიცება “სრულიად მცდარია” ... [მეთერთმეტე მომჩივანს] არ უარუყვია, რომ იგი წმ. ალბანსში წავიდა. მან იცის, ვისთან ერთად წავიდა და რატომ წავიდნენ იქ. მას არ აუხსნია, თუ რატომ წავიდნენ იქ, და არც თავისი თანამგზავრის ვინაობა დაუსახელებია, მიუხედავად იმისა, რომ მას წარუდგინეს სადაზვერვო ოპერაციის დროს გადაღებული ფოტო მასალა. ...”
საიმიგრაციო კომისიამ შემდეგ იმ შეუსაბამობებზე მიუთითა, რომლებიც არსებობდა მომჩივნის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში ავღანეთში, საქართველოსა და დუბაიში მისი მოგზაურობის შესახებ და იმაზე, რომ მან ვერ შეძლო, პასუხი გაეცა სახელმწიფო მდივნის ბრალდებებზე, რომ ის დაკავშირებული იყო სახელებით იდენტიფიცირებულ, აბუ დოჰას ჯგუფის სხვადასხვა წევრთან. საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა:
“წარმოდგენილი საკითხები ... არ არის ამომწურავი, ისინი მხოლოდ აშკარა მაგალითს წარმოადგენს იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ვერ აბათილებს [მეთერთმეტე მომჩივნის] წერილობითი განმარტება მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს. განმარტების არადამაკმაყოფილებელი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ არ შეგვიძლია, დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ მათში მოცემულ ზოგად უარყოფას ... აღნიშნული საკითხები ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, რადგან ისინი სასარგებლო ილუსტრაციას წარმოადგენს იმის განსასაზღვრად, თუ რა სიძლიერით შეეძლო [მეთერთმეტე მომჩივანს] მის საწინააღმდეგო საქმეზე პასუხის გაცემა, მას რომ ეს გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გამოგვაქვს საწინააღმდეგო დასკვნა იმის გამო, რომ [მან] ვერ წარადგინა მტკიცებულებები, ან სხვაგვარად არ მიიღო მონაწილეობა მისი საჩივრის განხილვაში, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მისი აპელაცია მტკიცებულებათა საფუძველზე და მივედით დასკვნამდე, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი მოპასუხის მიერ ღია მასალის ეფექტიანი უარყოფა მტკიცებულებათა, ჯვარედინი დაკითხვისა და განმარტების საფუძველზე.
...
2001 წლის კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტი საკმაოდ დაბალია: თუ არსებობს რწმენის ან ეჭვის გონივრული საფუძველი. როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს დაბალი ზღვარი ადვილად ილახება მხოლოდ ღია მასალის საფუძველზე. თუ სრულად განვიხილავთ მასალას, როგორც ღიას, ისე დახურულს, ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, რომ [მეთერთმეტე მომჩივანი] იყო აბუ დოჰას ჯგუფის უფროსი და აქტიური წევრი, როგორც ეს აღწერილია მოპასუხის მტკიცებულებაში.”
ე. პატიმრობის პირობები და პატიმრობის პირობების გავლენა მომჩივნების ჯანმრთელობაზე
70. ყველა დაპატიმრებული მომჩივანი, თავდაპირველად, მოთავსებულ იქნა ბელმარშის ციხეში, ლონდონში. მეექვსე მომჩივანი გადაყვანილ იქნა ვუდჰილის ციხეში, ხოლო პირველი, მეშვიდე და მეათე მომჩივნები გადაიყვანეს ბროდმურის დაცულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
71. ციხეში ისინი იმყოფებოდნენ იმავე პირობებში, რომელშიც “ა” კატეგორიის სტანდარტული რისკის მქონე სხვა პატიმრები, რაც მიიჩნეოდა სწორ უსაფრთოების კლასიფიკაციად იმ რისკის საფუძველზე, რომელსაც ისინი შეიცავდნენ. მათ უფლება ჰქონდათ, ჰყოლოდათ სტუმრები მას შემდეგ, რაც ეს სტუმრები უსაფრთხოების კონტროლს გაივლიდნენ, შეეძლოთ სხვა პატიმრებთან ურთიერთობა, სატელეფონო ზარების განხორციელება და წერილების დაწერა და მიღება. მათ შეეძლოთ შეხვედრა იმამთან და თავიანთ იურისტებთან. მათ გააჩნდათ ისევე მიუწვდებოდათ ხელი სამედიცინო მომსახურებაზე, ვარჯიშზე, განათლებასა და სამუშაოზე, როგორც მათი უსაფრთხოების კატეგორაიში შემავალ სხვა ნებისმიერ პატიმარს.
2001 წლის კანონის საფუძველზე, დაპატიმრების რეჟიმის შესაფასებლად დანიშნული ინსპექტორის რეკომენდაციის შედეგად, მთავრობამ შექმნა ვუდჰილის ციხის სპეციალური განყოფილება 2001 წლის კანონის საფუძველზე დაპატიმრებულთა მოსათავსებლად. განყოფილებას, რომელიც მოაწყვეს დაპატიმრებული მომჩივნებისა და მათი წარმომადგენლების კონსულტაციების გათვალიწინებით და რომელსაც ჰყავდა სპეციალურად შერჩეული და გაწვრთნილი მომსახურე პერსონალი, უნდა უზრუნველეყო უფრო ნაკლებად სტრესული რეჟიმი, რაც მოიცავდა საკნის მიღმა მეტი დროის გატარებას. მიუხედავად ამისა, მომჩივნებმა არჩიეს, რომ არ გადასულიყვნენ ამ განყოფილებაში, რაც ინსპექტორმა დასანანად მიიჩნია.
72. პირველი მომჩივანი, რომელსაც სავარაუდოდ ისრაელში დაპატიმრებისას გამოცდილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობა და რომელმაც დეპრესიის გამო პირველად 1999 წლის მაისში იმკურნალა, განიცდიდა თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას ბელმარშის ციხეში დაპატიმრების პერიოდში. ის ბროდმურის დაცულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2002 წლის ივლისში გადაიყვანეს.
73. მეშვიდე მომჩივანმა ფსიქიატრიული აშლილობის ოჯახური ისტორიის შესახებ განაცხადა და მას გადატანილი ჰქონდა დეპრესია ყმაწვილობის ასაკში. იგი ამბობდა, რომ, დაპატიმრების პერიოდში განიცდიდა დეპრესიას, პარანოიასა და სმენით ჰალუცინაციებს. მან თვითმკვლელობა სცადა 2004 წლის მაისში და იგი ბროდმურის დაცულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2004 წლის 17 ნოემბერს გადაიყვანეს.
74. მეათე მომჩივანი, რომელსაც ორმაგი ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული, ამბობდა, რომ დაპატიმრებულ და წამებულ იქნა ალჟირში. ის განიცდიდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას ბერლმარშის ციხეში. იგი შიმშილობდა 2003 წლის მაისში/ივნისში და უარი განაცხადა მისთვის გაცემულ პროთეზზე და თავის ექთნებთან კომუნიკაციაზე. 2003 წლის ნოემბრის დასაწყისში, ციხის ადმინისტრაციამ გააუქმა მისი საექთნო მზრუნველობა. მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლო გადასინჯვა და 2003 წლის დეკემბერში საექთნო მზრუნველობა აღდგენილ იქნა ადმინისტრაციული სასამართლოს ბრძანების შემდეგ. 2004 წლის 1 ნოემბერს, მეათე მომჩივანი გადაიყვანეს ბროდმურის დაცულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
75. 2002 წლის თებერვალში და შემდეგ 2004 წლის მარტში, დაპატიმრებული მომჩივნები მოინახულა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა და გამოხატა არაერთი კრიტიკული შენიშვნა იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებშიც დაპატიმრებული მომჩივნები იმყოფებოდნენ (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 101-102).
76. 2004 წლის ოქტომბერში მომჩივნების იურისტების მოთხოვნით, დაპატიმრებული მომჩივნების შესახებ რვა კონსულტანტმა ფსიქიატრმა გააკეთა “ერთობლივი ფსიქიატრიული მოხსენება”, რომელშიც მოცემული იყო შემდეგი დასკვნა:
“დაპატიმრებულები არიან ქვეყნებიდან, სადაც ფსიქიკური ავადმყოფობა მეტად სტიგმატიზირებულია. დამატებით, მორწმუნე მაჰმადიანებს პირდაპირ ეკრძალებათ თვითმკვლელობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენმა სცადა და კვლავაც ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ყველა დაპატიმრებულს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რაც პირდაპირ კავშირშია, ან სერიოზულად გამწვავებულია, დაპატიმრების განუსაზღვრელი ხასიათით. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ძირითადად, ასახვას ჰპოვებს მთავარი დეპრესიული აშლილობის ფორმასა და აღელვებაში. რამდენიმე მომჩივანს აღენიშნება ფსიქოზის სიმპტომები, რომლებიც გართულდა. ზოგი მომჩივანი ასევე განიცდის პოსტ-ტრამვული სტრესის აშლილობას მათი წინა-საიმიგრაციო ტრამვის, მათი დაპატიმრებისა და დაპატიმრების ირგვლივ არსებული ვითარებისა თუ ამ ორს შორის დამოკიდებულების შედეგად.
მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის განგრძობადი გაუარესება ასევე განპირობებულია ციხის რეჟიმისა და აპელაციის პროცესის არსისა და მათ მიმართ უნდობლობით, ასევე – დაპატიმრების განუსაზღვრელი ფორმის ძირითადი და მთავარი ფაქტორით. ციხის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა უძლურია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებებს ადეკვატურად უპასუხოს. არასწორია თვითდაზიანებისა და სტრესული ქცევის აღქმა არა როგორც კლინიკური მდგომარეობის ნაწილად, არამედ მხოლოდ მანიპულაციად. რთული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის არ არსებობს ადეკვატური მკურნალობა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოგვარება არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ისინი რჩებიან არსებულ პირობებში და განმეორებადი ინტერვიუების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ ის გაუარესდება დაპატიმრების პერიოდის მანძილზე.
დაპატიმრებულთა მიერ აღწერილი პრობლემები დაახლოებით მსგავსია იმ პრობლემებისა, რომლებიც აღწერილია საიმიგრაციო დაპატიმრების შესახებ არსებულ ლიტერატურაში. აღნიშნული ლიტერატურა აღწერს მეტად მაღალი ხარისხის დეპრესიასა და აღელვებას და ნათლად ადასტურებს, რომ დაპატიმრების ხანგრძილივობა პირდაპირ უკავშირდება სიმპტომების სიძლიერეს და თავისთავად დაპატიმრება იწვევს აღნიშნული პრობლემების გაუარესებას.”
77. წინამდებარე პროცესის მიზნებისთვის, მთავრობამ სთხოვა ფსიქიატრ კონსულტანტს, დოქტორ ჯეის, რომ მას კომენტარი გაეკეთებინა ზემოაღნიშნულ ერთობლივ ფსიქიატრიულ ანგარიშზე. კერძოდ, მან დაწერა (სხვა ანგარიშებზე მითითებები გამოტოვებულია):
“ჩემი კომენტარით, მითითებული ბევრი მტკიცება არ გამოხატავს ღრმა დაკვირვების შედეგს. მაგალითად, [პირველი მომჩივნის შემთხვევაში], ფრთხილი და დეტალური შეფასების შემდეგ, მე დავადგინე, რომ მისი ფსიქიატრიული მდგომარეობა დაპატიმრებისა და ბროდმურის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, საერთო ჯამში, არ გაუარესებულა და, სავარაუდოდ, არც უკეთესია იმაზე, როგორიც ის მის დაპატიმრებამდე იყო. მისი ავადმყოფობის ისტორიის მიხედვითაც, არ დასტურდება თავდაპირველი გაუმჯობესება, რასაც გაუარესება მოჰყვა ბროდმურის საავადმყოფოში. მე დავადგინე, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა ბელმარშში, რადგან მან შიმშილობა არჩია და იგი ხასიათდებოდა ცვალებადი ქცევით ბროდმურის საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანახმა იყო კვებაზე, მისი ქცევის ისტორია ორივე ადგილას, ძირითადად, მსგავსი იყო. მის შემთხვევაში, დიაგნოზია პიროვნული სისუსტე, ხოლო ძლიერი დეპრესიული სისუსტის, ფსიქოზისა და PTSD-ის დიაგნოზი არ არის მყარი. მეტიც, მე დავადგინე, რომ მისი ხშირი თვითდაზიანება მანიპულაციას წარმოადგენდა.
...
ამ ანგარიშის ავტორების მიერ დადგენილ დიაგნოზს არასწორად მხოლოდ მე არ მივიჩნევ და ანგარიშში ყურადღება გავამახვილე სხვათა მიერ გამოხატულ სკეპტიციზმზე, რომლებმაც ანგარიში წარადგინეს [პირველი და მეშვიდე მომჩივნის] შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს აზრთა კონსენსუსი, როგორც ეს მითითებულია ანგარიშში და მე აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ შეფასებულ ორივე შემთხვევაში [პირველი და მეშვიდე მომჩივანი], მათი ეგრეთ წოდებული ფსიქოზური სიმპტომები, რომლებიც რამდენიმე ავტორის მიერ გაკეთებული მითითების მიხედვით, არ აღინიშნებოდა მათ დაპატიმრებამდე, რეალურად არსებობდა მათ დაპატიმრებამდე.
ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ხდება საკუთარი თავის შესახებ გაკეთებული ანგარიშის ავტომატური გაზიარება. როგორც ჩანს, ანგარიშის ავტორები ეთანხმებიან, მაგალითად, იმას, რომ დაპატიმრებულთაგან სამი პირი იყო დაპატიმრებისა და წამების მსხვერპლი და ყველა ისინი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყვნენ მიგრაციამდე. მე ვერსად ვერ ვნახე აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მათი გადამოწმების მცდელობა. ვინაიდან, იმიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს ესაჭიროებათ სხვა ქვეყანაში გადასვლის მცდელობის გამართლება, არ არის შესაძლებელი, ან უფრო სავარაუდო, რომ მათი ნაწილი, შეიძლება, ყოველთვის არ ამბობდეს სიმართლეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც უთითებენ თავიანთ წარსულ გამოცდილებაზე ან მიმდინარე სიმპტომებზე? როდესაც საკითხი ეხება სავარაუდო ტერორისტებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ უარყვეს ასეთი ბრალდებები მათ წინააღმდეგ მიმართული ღია თუ დახურული მტკიცებულებების მიუხედავად, რომელიც განხილულ იქნა უმაღლეს დონეზე. Aაღნიშნულმა, აუცილებლად უნდა აღძრას ეჭვი მათი სიმართლის შესახებ.”
ვ. მეხუთე მომჩივნის თავდებით გათავისუფლება
78. 2004 წლის 20 იანვარს, საიმიგრაციო კომისიამ გადაწყვიტა, რომ მას, პრინციპში, თავდებით უნდა გაეთავისუფლებინა მეხუთე მომჩივანი. სახელმწიფო მდივანმა სცადა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ, მას თავისი 2004 წლის 12 თებერვლის შუალედური გადაწყვეტილებით შეატყობინა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის იურისდიქცია არ ჰქონდა.
79. საიმიგრაციო კომისიამ 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაში დეტალურად ახსნა თავდებობის მინიჭების მიზეზები. მან დაადგინა, რომ 2001 წლის კანონით მას უფლება ჰქონდა, გამონაკლის შემთხვევაში, თავდებით გაეთავისუფლებინა, როდესაც ის დარწმუნდებოდა, რომ თავდებობის გარეშე, დაპატიმრებულის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ისე გაუარსდებოდა, რომ მისი დაპატიმრების გაგრძელება გაუთანაბრდებოდა არაადამიანურ მოპყრობას, რაც კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იქნებოდა, და ასევე – მე-8 მუხლის დარღვევას არაპროპორციულობის კუთხით.
80. საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა, რომ ციხის მომსახურე პერსონალი მეხუთე მომჩივნის ფსიქიკური ჯანმრთელობით შეწუხებული იყო 2002 წლის მაისიდან, თუმცა აღნიშნული წუხილის შესახებ არ უცნობებიათ მისი კანონიერი წარმომადგენლებისათვის. 2003 წლის დეკემბერში მან განმეორებით განიცადა მძიმე დეპრესია, რასაც თან ახლდა ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის ხმოვანი ჰალუცინაცია და სუიციდის შესახებ ფიქრი. მისი იურისტების თხოვნითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, იგი გასინჯა რამდენიმე ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა, და შეთანხმდნენ, რომ იგი სერიოზულად ავად იყო და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა სერიოზულად გაუმჯობესდებოდა, სახლში წასვლის უფლება რომ მიეცათ. საიმიგრაციო კომისიამ დაასკვნა:
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გადალახულ იქნა ის ზღვარი, რომელიც [მეხუთე მომჩივნის] ადამიანის უფლებების დარღვევას გამოიწვევდა. [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს] პრეცედენტული სამართალი აწესებს მაღალ ზღვარს, რომელიც უნდა გადალახულ იქნას და დაპატიმრება, სავარაუდოდ, არ ჩაითვლება არაპროპორციულად თუ ის არ გადაკვეთს მოპყრობის ზღვარს, რომელიც მე-3 მუხლის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მისი გაუძევებლობის შემთხვევაში, ასეთი დარღვევა დადგება. პირისთვის იმის დაშვება, რომ მივიდეს იმ სტადიამდე, როდესაც მას სპეციალურ საავდმყოფოში მკურნალობა ან განგრძობადი მზრუნველობა და ყურადღება ესაჭიროება, რათა მან საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს, შეიძლება არღვევდეს მე-8 მუხლს, თუ არ არსებობს დკავების შესაძლო ალტერნატივა, და, სავარადოდ, - მე-3 მუხლს. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ამ სიტუაციას. ვინაიდან, ჩვენ დავრწმუნდით, რომ პირობები, რომლებსაც ჩვენ განვსაზღვრავთ, საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი [მეხუთე მომჩივნის] გათავისუფლების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ასე მოვიქცეთ.
ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ თავდებობის შეფარდება გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ სამედიცინო მტკიცებულება მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის და დაპატიმრებამ გამოიწვია ფსიქიკური დაავადება, რომელიც გართულდა. ...“
81. შესაბამისად, მეხუთე მომჩივანი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდა 2004 წლის 22 აპრილს შინა პატიმრობის ტოლფასი პირობებით. მას უფლება არ ჰქონდა, დაეტოვებინა თავისი სახლის მისამართი და მუდამ უნდა ეტარებინა ელექტრონული სანიშნე. მას არ ჰქონდა დაშვება ინტერნეტთან და სატელოფონო კავშირი ჰქონდა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურთან. მას უშიშროების სამსახურისთვის მოხსენება უნდა გაეკეთებინა დღეში ხუთჯერ და მისი წარმომადგენლები თავის სახლში შეეშვა ნებისმიერ დროს. მას უფლება არ ჰქონდა, კონტაქტი ჰქონოდა ნებისმიერ სხვა პირთან, გარდა თავისი ცოლისა და შვილის, იურისტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაშვებული ექიმისა, ან ენახა რომელიმე სტუმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე.
ზ. 2004 წლის 16 დეკემბრის ლორდთა პალატის გადაწყვეტილების შემდგომი მოვლენები
82. 2004 წლის 16 დეკემბერს ლორდთა პალატის მიერ გაკეთებული შეუსაბამობის დეკლარაცია, სხვა მსგავს დეკლარაციათა მსგავსად, პროცესის მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულო არ იყო (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 94). მომჩივნები პატიმრობაში დარჩნენ, გარდა მეორე და მეოთხე მომჩივნისა, რომლებმაც გაერთიანებული სამეფოს დატოვება არჩიეს და მეხუთე მომჩივნისა, რომელიც გათავისულებულ იქნა თავდებობის საფუძველზე, რომელიც შიდა პატიმრობას უდრიდა. ამასთან, შიდა სამართლის მიხედვით, არც ერთი მომჩივანი უფლებამოსილი არ იყო, კომპენსაცია მიეღო დაპატიმრების გამო. შესაბამისად, მომჩივნებმა, განცხადება შეიტანეს სასამართლოში 2005 წლის 21 იანვარს.
83. 2005 წლის იანვრის ბოლოს, მთავრობამ განაცხადა თავისი ინიციატივის შესახებ, გაეუქმებინა 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი და ის კონტროლის ბრძანებების რეჟიმით შეეცვალა, რაც სხვადასხვა შეზღუდვას დააწესებდა პირებზე, რომელთა საერთაშორისო ტერიროზმში მონაწილეობაზე გონივრული ეჭვი არსებობდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა.
84. მომჩივნები, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ, გაათავისუფლეს 2005 წლის 10-11 მარტს და დაუყოვნებლივ დაუქვემდებარეს კონტროლის ბრძანებებს, 2005 წლის ტერორიზმის კანონის შესაბამისად, რომელიც ძალაში 2005 წლის 11 მარტს შევიდა.
85. მთავრობამ დეროგაციის შესახებ შეტყობინება უკან გამოიხმო 2005 წლის 16 მარტს.
86. 2005 წლის 11 აგვისტოს, ალჟირისა და იორდანიის მთავრობებთან 2003 წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკების შემდეგ, რაც მიზნად ისახავდა გარანტიის მიღებას, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, მომჩივნებს არასათანადო მოპყრობას არ დაუქვემდებარებდენ, მთავრობამ მოსალოდნელი დეპორტაციის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა პირველ, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნებს. აღნიშნული მომჩივნები აიყვანეს საიმიგრაციო მეთვალყურეობის ქვეშ ალჟირში (მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნები) და იორდანიაში (მერვე მომჩივანი) გაძევებამდე. 2008 წლის 9 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მერვე მომჩივანი იორდანიაში კანონიერად ვერ იქნებოდა გაძევებული, რადგან წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებები შეიძლებოდა იქ გამართულ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული, მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უხეში დარღვევით. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს, საქმე განიხილებოდა ლორდთა პალატაში.
ბ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. 2001 წლის კანონის გამოცემამდე დაპატიმრება დეპორტაციის მიზნით
87. იმიგრაციის შესახებ 1971 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მდივანს შეეძლო, გაეცა ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე პირის დეპორტაციის შესახებ ბრძანება იმ საფუძვლით, რომ დეპორტაცია ხელს უწყობდა საზოგადოებრივ კეთილდღეობას, inter alia, ეროვნული უშიშროების კუთხით. პირი, რომლის მიმართაც გაცემული იყო დეპორტაციის ბრძანება, შეიძლება დაეკავებინათ დეპორტაციამდე (1971 წლის კანონი, დანართი 3, პარაგრაფი 2). თუმცა, საქმეში რ. დურჰემის ციხის მმართველის წინააღმდეგ, ex parte ჰარდიალ სინგჰი [1984] 1 WLR 704, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად დაპატიმრების უფლებამოსილება იზღუდებოდა მხოლოდ იმ დროით, რაც გონივრულად იყო საჭირო დეპორტაციის პროცესის განსახორციელებლად. შესაბამისად, 1971 წლის კანონის თანახმად, დაუშვებელი იყო დაპატიმრება, თუ ცნობილი იყო დეპორტაციის შეუძლებლობის შესახებ, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა პირის მიღების მსურველი ქვეყანა ან მისი წარმომავლობის ქვეყანაში არსებობდა გადასაცემი პირის მიმართ წამების ან სხვა სერიოზული სახის არასათანადო მოპყრობის საშიშროება.
ბ. ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონი
88. 2000 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო 2000 წლის ტერორიზმის შესახებ კანონი. როგორც წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ლორდმა ბინგემმა აღნიშნა: „ეს იყო მნიშვნელოვანი ზომა, 131 მუხლითა და 16 დანართით, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორიზმის მზარდი პრობლემის შესახებ არსებული სამართლის გადასინჯვას, გათანამედროვებასა და გაძლიერებას.“ კანონის 1-ლ მუხლში “ტერორზმი” შემდეგნაირად განიმარტა:
`... ქმედების განხორციელება ან ქმედებით მუქარა, როდესაც –
(ა) ქმედება შეესაბამება მე-2 ნაწილს
(ბ) ქმედების განხორციელება ან მუქარა გამიზნულია ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად ან მოსახლეობის ან მოსახლეობის ნაწილის დასაშინებლად, და
(გ) ქმედების განხორციელება ან მუქარა ემსახურება პოლიტიკურ, რელიგიურ ან იდეოლოგიურ მიზანს
(2) ქმედება რეგულირდება წინამდებარე ნაწილით, თუ ის
(ა) მოიცავს სერიოზულ ძალადობას ადამიანის მიმართ,
(ბ) მოიცავს ქონების სერიოზულ დაზიანებას,
(გ) საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლეს, გარდა იმ პირისა, რომელიც ახორციელებს ქმედებას,
(დ) ქმნის საზოგადოების ან მისი ნაწილის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკს, ან
(ე) შექმნილია ელექტრონულ სისტემაში სერიოზულად ჩარევის ან მისი სერიოზული დაზიანების მიზნით.
(3) მე-2 ნაწილში მითითებული ქმედების განხორციელება ან მუქარა, რომელიც მოიცავს ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებას, წარმოადგენს ტერორიზს, მიუხედავად იმისა, ქმედება არის თუ არა გათვალისწინებული 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტით ...
(4) ამ მუხლში
(ა) “ქმედება” მოიცავს ქმედებას გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ,
(ბ) მითითება ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერ ქონებაზე ნიშნავს მითითებას ნებისმიერ პირზე ან ქონებაზე მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად,
(გ) მითითება საზოგადოებაზე მოიცავს მითითებას სხვა ქვეყნის საზოგადოებაზე, გარდა გაერთიანებული სამეფოსი, და
(დ) “მთავრობა” ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გაერთიანებული სამეფოს ნაწილის მთავრობას, ან გაერთიანებული სამეფოს გარდა, სხვა ქვეყნის მთავრობას.
(5) ამ აქტში მითითება ქმედებაზე ტერორიზმის მიზნებისათვის, მოიცავს ქმედებას, რომელიც ხორციელდება აკრძალული ორგანიზიაციის სასარგებლოდ.~
კანონის მიზნებისთვის, ორგანიზაცია აკრძალულია, თუ:
„3. (1) ...
(ა) ის შედის დანართი 2-ის ჩამონათვალში, ან
(ბ) ის მოქმედებს იმავე სახელით, რომლითაც ამ დანართში მითითებული ორგანიზაცია.
(2) 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტი არ გავრცელდება დანართში მითითებულ ორგანიზაციაზე, თუ იგი მითითებულია ამ დანართის სქოლიოში.
(3) სახელმწიფო მდივანს შეუძლია ბრძანებით:
(ა) დაამატოს ორგანიზაცია დანართ 2-ში;
(ბ) ამოშალოს ორგანიზაცია ამ დანართიდან;
(გ) შეცვალოს დანართი რაიმე სხვა ფორმით.
(4) სახელმწიფო მდივანს უფლება აქვს, განახორციელოს მე-3 ნაწილის (ა) პუნქტში მითითებული უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ, თუ ის დარწმუნებულია, რომ ორგანიზაცია დაკავებულია ტერორიზმით.
(5) მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, ორგანიზაცია ითვლება ტერორიზმით დაკავებულად, თუ:
(ა) ჩაიდენს ტერორისტულ აქტს ან მონაწილოებს მის განხორციელებაში
(ბ) ემზადება ტერორიზმისთვის,
(გ) ხელს უწყობს ან მხარს უჭერს ტერორიზს, ან
(დ) სხვაგვარად კავშირშია ტერორიზმთან.“
89. კანონის II ნაწილი ითვალისწინებდა აკრძალული ორგანიზაციების წევრობისა და მხარდაჭერის დანაშაულს; ის ითვალისწინებდა თანხის მოზიდვის, ტერორისტული თანხების გამოყენებისა და ფლობის, ტერორისტული თანხების გადარიცხვის შესახებ გარიგებების დადების, ფულის გათეთრებისა და სავარაუდო ფულის გათეთრების შემთხვევების გაუმჟღავნებლობის დანაშაულებს. IV ნაწილი მოიცავდა მეტ არსებითი ხასიათის დანაშაულს, როგორიცაა იარაღით წვრთნა; ტერორიზმის ხელმძღვანელობა; გონივრული საფუძვლის გარეშე ისეთი ნივთების ფლობა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პირის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის ან მომზადებისათვის; კანონის 62-ე ნაწილი ითვალისწინებდა ექსტრატერიტორიულობის ფარგლებს, რომლის თანახმად პირის გასამართლება გაერთიანებულ სამეფოში შესაძლებელი იყო იმის მიუხედავად, თუ სად იქნა ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულის შემადგენელი ქმედებები.
გ. ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ 2001 წლის კანონი
90. 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 12), რომელიც დასათაურებული იყო: “იმიგრაცია და თავშესაფარი”, ითვალისწინებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის არმქონე პირების დაპატიმრებას, მაშინაც კი, თუ მათი დეპორტაცია დროებით შეუძლებელი იქნებოდა. 2001 წლის კანონის მატერიალური ნაწილი ითვალისწინებდა:
„ნაწილი 4
იმიგრაცია და თავშესაფარი
საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილები
21. საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი: კვალიფიკაცია
(1) სახელმწიფო მდივანს უფლება აქვს, პირის მიმართ გასცეს უწყება წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მდივანი გონივრულად
(ა) მიიჩნევს, რომ პირის დარჩენა გაერთიანებულ სამეფოში ეროვნული უშიშროებისთვის რისკის შემცველია,
(ბ) ეჭვი აქვს, რომ პირი საერთაშორისო ტერორისტია.
(2) 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტის თანახმად, “ტერორისტი” არის პირი, რომელიც
(ა) დაკავებული იყო ან დაკავებულია საერთაშორისო ტერორიზმის აქტების ჩადენით, მომზადებით ან წაქეზებით,
(ბ) საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფის წევრია ან ეკუთვნის მას, ან
(გ) კავშირები აქვს საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფთან.
(3) ჯგუფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფია მე-2 ნაწილის (ბ) და (გ) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, თუ –
(ა) ის წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ფარგლების გარეთ მყოფი პირების კონტროლის ან გავლენის სუბიექტს, და
(ბ) სახელმწიფო მდივანს ეჭვი აქვს, რომ ის დაკავებულია საერთაშორისო ტერორიზმის აქტების ჩადენით, მომზადებით ან წაქეზებით
(4) მე-2 ნაწილის (გ) პუნქტის მიზნებისათვის, პირს კავშირები აქვს საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფთან, თუ მხარს უჭერს ან ეხმარება მას.
(5) ამ ნაწილში
“ტერორიზმს” აქვს ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა (მ. 11), და
“საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი” ნიშნავს 1-ლი ნაწილის მიხედვით კვალიფიცირებულ პირს.
(6) როდესაც სახელმწიფო მდივანი გასცემს უწყებას 1-ლი ნაწილის მიხედვით, ის რამდენადაც ეს განხორციელებადია, გონივრულად მოკლე ვადაში
(ა) მიიღებს გონივრულ ზომებს კვალიფიცირებული პირის ინფორმირებისთვის, და
(ბ) უწყების ასლს გაუგზავნის საიმიგრაციო საჩივრების სპეციალურ კომისიას.
(7) სახელმწიფო მდივანს შეუძლია 1-ლი ნაწილის შესაბამისად გამოცემული უწყების გაუქმება.
(8) წინამდებარე ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცემული უწყება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მხოლოდ 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.
(9) წინამდებარე მუხლის შესაბამისად გამოცემული უწყების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო მდივნის ქმედება, სრულად ან ნაწილობრივ, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მხოლოდ
(ა) 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, ან
(ბ) 1997 წლის საიმიგრაციო საჩივრების სპეციალური კომისიის შესახებ კანონის მე-2 ნაწილის შესაბამისად (მ. 68) (აპელაცია).
22. დეპორტაცია, გაძევება, ა.შ.
(1) მე-2 ნაწილში მითითებული ქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტის მიმართ იმ ფაქტის მიუხედავად, რომ (როგორც დროებით, ისე უვადოდ) ქმედებას შეიძლება შედეგად არ მოყვეს მისი გაერთიანებული სამეფოდან გაძევება
(ა) კანონის დებულების გამო, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ, ეხება საერთაშორისო შეთანხმებას, ან
(ბ) პრაქტიკული მიზეზის გამო...
(2) 1-ელ ნაწილში მითითებული ქმედებები არის
...
(ე) დეპორტაციის შესახებ ბრძანების გაცემა ...
(3) მე-2 ნაწილში მითითებული ქმედება, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის მიმართ 21-ე მუხლის მიხედვით მისი კვალიფიცირების დროს მიიჩნევა, რომ კვლავ გამოყენებული იქნა დაუყოვნებლივ კვალიფიცირების შემდეგ (ზემოაღნიშნული 1-ლი ნაწილის) შესაბამისად.
23. დაპატიმრება
(1) ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტი შეიძლება დაპატიმრებული იყოს მე-2 მუხლით გათვალისწინებული დებულების მიხედვით იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებული სამეფოდან მის დეპორტაციას ან გაძევებას (დროებით ან განუსაზღვრელი ვადი) ხელს უშლის:
(ა) კანონის დებულება, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ, ეხება საერთაშორისო შეთანხმებას, ან
(ბ) პრაქტიკული მიზეზი
(2) 1-ელ მუხლში მითითებული დებულებებია:
(ა) 1971 წლის იმიგრაციის კანონის მე-2 დანართის მე-16 პარაგრაფი (მ. 77) (პირთა დაპატიმრება, რომლებიც ექვემდებარებიან შემოწმებას ან გაძევებას), და
(ბ) ამ კანონის მე-3 დანართის მე-2 პარაგრაფი (დეპორტაციამდე დაპატიმრება).“
2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი ითვალისწინებდა დებულებას, რომლის თანახმად კანონმდებლობა ძალაში დარჩებოდა მხოლოდ ხუთი წლის ვადით და მისი მოქმედების გახანგრძლივება ექვემდებარებოდა პარლამენტის ორივე პალატის ყოველწლიურ გადაწყვეტილებას.
დ. საიმიგრაციო საჩივრების სეპციალური კომისია
91. საიმიგრაციო საჩივრების სპეციალური კომისია (შემდეგში „საიმიგრაციო კომისია“) შეიქმნა საქმეში ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], 1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1996-V, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან შემდგარ ტრიბუნალს, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოსა და ლორდთა პალატაში.
2001 წლის კანონის 25-ე მუხლის მიხედვით:
„(1) ეჭვმიტანილ საერთაშორისო ტერორისტს უფლება აქვს, 21-ე მუხლის შესაბამისად მისი კვალიფიცირება გაასაჩივროს სპეციალურ საიმიგრაციო სააპელაციო კომიასიაში.
(2) საჩივრის საფუძველზე, [საიმიგრაციო კომისიამ] უნდა გააუქმოს კვალიფიციკაცია, თუ:
(ა) ის მიიჩნევს, რომ არ არსებობს 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) ან (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული რწმენის ან ეჭვის გონივრული საფუძველი, ან
(ბ) თუ ის მიიჩნევს, რომ რაიმე სხვა მიზეზით, უწყება არ უნდა გაცემულიყო.“
საიმიგრაციო კომისიას მოეთხოვა, რომ განეხორციელებინა პირველი გადასინჯვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კვლავ სამართლიანი იყო უწყება მისი გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ ან კვალიციფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ საჩივარზე საბოლოო გადაწყეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, და შემდგომ – სამთვიანი შუალედებით.
2001 წლის კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად დეროგაციის წინააღმდეგ ნებისმიერი საჩივარი საიმიგრაციო კომისიაში უნდა წარდგენილიყო.
92. საიმიგრაციო კომისია ითვალისწინებს სპეციალურ პროცედურას, რომლის მიხედვით, მას უფლება აქვს განიხილოს არა მარტო ის მასალა, რომელიც შეიძლება საჯარო გახდეს („ღია მასალა“), არამედ ისეთიც, რომელიც ასეთი ვერ გახდება („დახურული მასალა“). დახურული მასალის გაცნობის უფლება არა აქვს არც აპელანტს და არც მის იურისტებს. შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე უსაფრთხოების კონტროლ-გავლილი ადვოკატი, რომლებიც “სპეციალურ ადვოკატებად” მოიხსენიებიან, ინიშნება თითოული აპელანტისათვის გენერალური პროკურორის მიერ.
93. საიმიგრაციო კომისიის წინაშე წარმოებული კვალიფიკაციის გასაჩივრების დროს, რაც წარმოადგენს წინამდებარე საქმის საგანს, პირველად განიხილეს თითოეულ აპელანტთან დაკავშირებუილი ღია განმარტებები და მტკიცებულებები, და სპეცილურ ადვოკატს შეეძლო, აღნიშნული მასალა განეხილა აპელანთან და მის იურისტებთან და მიეღო შესაბამისი მითითებები. შემდეგ მოსამართლეებსა და სპეციალურ ადვოკატებს ეცნობებოდათ დახურული მასალა, რომლის განხილვის უფლება, ამ უკანასკნელებს აღარ ჰქონდათ აპელანტთან და/ან მის წარმომადგენლებთან, საიმიგრაციო კომისიის თანხმობის გარეშე. დახურულ სხდომებზე, აპელანტის სახელით, განმარტებების მიცემის უფლება სპეციალურ ადვოკატს ევალებოდა, როგორც პროცესუალურ საკითხებზე, როგორიცაა მეტი ინფორმაციის გამჟღავნება, ასევე – საქმის არსებით მხარეზე. კვალიფიცირების წინააღმდეგ თითოეულ სააპელაციო საჩივარზე, საიმიგრაციო კომისიამ მიიღო როგორც “ღია”, ისე “დახურული” გადაწყვეტილება. სპეციალურ ადვოკატს უფლება ჰქონდა, გასცნობოდა ორივეს, ხოლო აპელანტსა და მის წარმომადგენლებს შეეძლოთ მხოლოდ ღია გადაწყვეტილების გაცნობა.
ე. 1998 წლის კანონის თანახმად გაკეთებული შეუსაბამობის შესახებ დეკლარაციები
94. 1998 წლის კანონის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს, რომ როდესაც სასამართლო, დაადგენს, რომ კანონმდებლობა ეწინააღმდეგება კონვენციას, სასამართლოს აქვს შეუსაბამობის დეკლარაციის მიღების უფლება. აღნიშნული დეკლარაცია გავლენას არ ახდენს დებულების იურიდიულ ძალაზე და შესასრულებლად სავალდებულო ძალა არა აქვს იმ პროცესის მონაწილე მხარეებისთვის, რომელშიც იგი გაკეთდა, თუმცა შეიძლება გატარდეს სპეციალური ღონისძიებები (მე-10 მუხლი), რათა შეიცვალოს დებულება შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით (დამატებით იხილეთ ბურდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №13378/05, §§ 21-24 და 40-44, ECHR 2008).
ვ. ტერორიზმის შესახებ 2006 წლის კანონი
95. ტერორიზმის შესახებ 2006 წლის კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 30 მარტს, რომელმაც გაითვალისწინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გავრცელება 2000 წლის კანონით გათვალისწინებული ტერორისტული დანაშაულის მომზადების რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ახალი დანაშაულები იყო წაქეზება, პუბლიკაციების გავრცელება, მომზადება და წვრთნა. დანაშაულების მიზანი იყო მათი ამოქმედება ტერორისტული საქმიანობის ადრეულ ეტაპზე და, შესაბამისად, უფრო სერიოზული ქმედების აღკვეთა. ისინი ასევე შეიქმნა იმისთვის, რომ უფრო მარტივად დასამტკიცებელი ყოფილიყო.
ზ. 2005 წლის კანონით გათვალისწინებული სპეციალური ადვოკატების მონაწილეობა
96. 2007 წლის 31 ოქტომბერს, ლორდთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე სშიანო საქმეების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი (მოპასუხე) მ.ბ.-ის (ფ.ც.) (აპელანტი) წინააღმდეგ, [2007] UKHL 46, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მდივნის მიერ ტერორიზმის აღკვეთის შესახებ 2005 წლის კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის მიხედვით დეროგაციის გარეშე გაკეთებული კონტროლის ბრაძენების გასაჩივრებას. ლორდთა პალატას გადაწყვეტილება უნდა მიეღო, inter alia, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლს 2005 წლის კანონის მე-3 მუხლით გათვალიწინებული პროცედურა დახურული მოსმენებისა და სპეციალური ადვოკატების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მომჩივნის შემთხვევაში, აღნიშნულმა გამოიწვია საქმის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა მხოლოდ გაუმჟღვანებელი მასალის საფუძველზე, რადგან კონკრეტული ბრალდება ტერორიზმთან დაკავშირებული მისი საქმიანობის შესახებ ღია მასალაში არ ყოფილა მითითებული.
ლორდთა პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღნიშნული პროცესი ეხებოდა სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს და, შესაბამისად, ხვდებოდა მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ. შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობამ (რიჩმონდის ბარონესა ჰეილი, ლორდი კარსვილი და ეტონ-ანდერ-ჰეივუდის ლორდი ბრაუნი) გადაწყვიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ადვოკატის პროცედურის არსებობა ბევრ შემთხვევაში საკმარის წინააღმდეგომას წარმოდგენდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივანს სურდა არ გაემჟღავნებინა მასალა, რომლის საფუძველზე მას სურდა საკმარისი საფუძვლის არსებობის დამტკიცება კონტროლს დაქვემდებარებული პირის ტერორიზმთან დაკავშირებულ ქმედებებში მონაწილეობის ან წარსულში მონაწილეობის შესახებ ეჭვის დასამტკიცებლად, თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა განხილულიყო. ბარონესა ჰეილმა აზრი შემდეგნაირად გადმოსცა:
”65. ... ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს საქმის ხასიათს; რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო კონტროლირებული პირისთვის მის მიმართ არსებული ბრალდებების დეტალურად ახსნის მიზნით, რათა მას წარმოდგენა ჰქონოდა დამამტკიცებელი მასალის თაობაზე; რა ნაბიჯები იქნა გადადგმული იმისათვის, რომ შეჯამებულიყო დამამტკიცებელი დახურული მასალა სახელების, თარიღებისა და ადგილების გაუმჟღავნებლად; გაუმჟღავნებელი მასალის ხასიათი და შინაარსი; რამდენად შედეგიანად შეძლო სპეციალურმა ადვოკატმა მისი უარყოფა კონტროლირებული პირის სახელით; და რა შედეგს გამოიღებდა აღნიშნულის გამჟღავნება. ყველა აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის განსასაზღვრად, მიეცა თუ არა კონტროლირებულ პირს ‘ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლის გასაჩივრების ეფექტიანი საშუალება.
66. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სტრასბურგი ჩათვლიდა, რომ კონტროლის ბრძანების შესახებ ყველა განხილვა, რომელიც სპეციალური ადვოკატის მონაწილეობით ჩატარდა, როგორც ეს აღნიშნულია 2005 წლის აქტსა და სამოქალაქო საპროცესო წესების 76-ე მუხლში, საკმარისია მე-6 მუხლის მიზნებისთვის. თუმცა, ყველას დიდი მცდელობით, აღნიშნულის სირთულისა და ხანგრძლივი დროის საჭიროების მიუხედავად, როგორც წესი, შესაძლებელი უნდა იყოს კონტროლირებული პირისთვის ‘საკმარისი პროცესუალური სამართლიანობის უზრუნველყოფა’. ყველა, ვინც საქმეში მონაწილეობს, ყოველმხრივ უნდა შეეცადოს, რომ ‘სასამართლო ძიების პრინციპები’ მაქსიმალურად იქნას დაცული. სახელმწიფო მდივანმა მაქსიმალურად სრული განმარტება უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფიქრობს, რომ მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი არსებობს. რაც უფრო ფართოა განმარტება, სპეციალური ადვოკატები უფრო ფართო მითითებებს მიიღებენ კლიენტისგან, დახურული მასალის გაცნობამდე. როგორც მოსამართლემ, ისე სპეციალურმა ადვოკატებმა უნდა შეამოწმონ მოთხოვნა იმის გათვალიწინებით, რომ დახურული მასალა უნდა დარჩეს დახურული განსაკუთრებული სირფთხილისა და ზომიერი სკეპტიციზმის ფონზე. არსებობს ბევრი სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ტერორიზმის საქმეებში საიდუმლოების დაცვის ზედმეტად მოთხოვნის ტენდენციაზე: იხილეთ სერინ ტერნერი და სტეფენ ჯეი შულჰოფერი, ტერორიზმის სასამართლო პროცესებზე კონფიდენციალურობის პრობლემა, 2005, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების ბრენენის ცენტრი. როგორც მოსამართლემ, ისე სპეციალურმა ადვოკატებმა ზედმიწევნით უნდა შეამოწმონ დახურული მასალა. ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმ შესაძლებლობის დაშვებისკენ, რომ მასალა შეიძლება რედაქტირებული ან ჩამოყალიბებული იყოს ისე, რომ სპეციალურ ადვოკატებს საშუალება მიეცეთ, კლიენტის მითითებების მიღება მათ საფუძველზე შეძლონ. ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სპეციალურ ადვოკატებს საშუალება მიეცეთ, კონკრეტული და ფრთხილად შერჩეული კითხვები დაუსვან კლიენტებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირდაპირ არ არის მითითებული სამოაქალაქო საპროცესო წესების 76.24 წესში (CPR r 76.24), სპეციალურ ადვოკატს უფლება უნდა ჰქონდეს, დახურული მასალის გაბათილების მიზნით გამოიძახოს ან გამოეძახა მოწმეები. საქმის ხასიათიდან გამომდინარე, კლიენტს შეიძლება არ დასჭიდეს ყველა მტკიცებულების ნახვა მატ გასაბათილებად ეფექტიანი დავისთვის.
67. საუკეთესო მოსამართლე იმის დასადგენად, თუ რამდენად საკმარისად იქნა პროცესზე პროცესუალური დაცვის ზომები გათვალისწინებული, სავარაუდოდ, ის მოსამართლეა, რომელმაც სასამართლო სხდომა ჩაატარა. ...”
ლორდმა კარსველმა აღნიშნა:
”საქმეთა დიდ ნაწილში, სახელწიფო მდივანი დახურულ მასალას ეყრდნობა. საქმეთა გარკვეულ ნაწილში, კონტროლირებული პირის საწინააღმდეგო მასალა შეიძლება მხოლოდ დახურულ მასალას ეყრდნობოდეს, მას არ შეიძლება გაუმჟღავნდეს მტკიცებულებები ან მისი არსის გათვალიწინებით, შეიძლება სპეციალურმა ადვოკატმაც ვერ შეძლოს ეფექტიანი მტკიცებულებების წარდგენა საწინააღმდეგო პრეტენზიების გასაბათილებლად. საქმეთა გარკვეული ნაწილი კი შეიძლება მოიცავდეს დახურულ მასალას მეტად სუსტი შემოწმების მნიშვნელობითა და ძლიერი ღია მასალის მხოლოდ დამხმარე ხასიათით, როდესაც არ არსებობს წინააღმდეგობა დაცვის წარმოსადგენად. აღნიშნულ ორ შემთხვევას შორის შესაძლებელ საქმეთა განუსაზღვრელი მასა არსებობს. ღია მასალასა და დახურულ მასალას შორის ბალანსი და თითოეული მათგანის შემოწმებადობის ხასიათი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სპეციალურმა ადვოკატმა შეიძლება განსაზღვროს, თუ როგორ მიუდგეს დახურულ მასალას კონტროლირებული პირისგან პირდაპირი მითითების გარეშე. აღნიშნული შეეხება საკითხებს, რომლებიც მოსამართლემ უნდა აწონ-დაწონოს და შეაფასოს, რათა განსაზღვროს კონტროლირებულ პირს ჰქონდა თუ არა სამართლიანი სასამართლო. შეფასება ... კონკრეტულ ფაქტებზეა დამოკიდებული. მოსამართლე, რომელმაც ნახა როგორც ღია, ისე დახურული მასალა და მიიღო სპეციალური ადვოკატის საკმარისი დახმარება, ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაშია აღნიშნულის გასაკეთებლად. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ კონტროლირებულ პირს საკმაოდ მაღალი მტკიცების ტვირთი აკისრია იმის დასამტკიცებულად, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის დარღვევას. ვინაიდან სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს უსაფრთხოების საფუძვლით მასალის გაუმჟღავნელობის კანონიერ საზოგადოებრივ ინტერესს. სასამართლოები ზედმეტად მზად არ უნდა იყვნენ იმის დასადგენად, რომ მასალის გაუჟღავნებლობით კონტროლირებული პირის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენებით ირღვევა მე-6 მუხლი.”
ლორდმა ბრაუნმა დაასკვნა შემდეგი:
”შესაძლოა იყოს შემთხვევები, მიუხედავად მათი განსაკუთრებული ხასიათისა, როდესაც, მიუხედავად ყველა დაინტერესებული პირის მიერ რედაქტირების, ანონიმურობის უზრუნველყოფისა და შეჯამების მეშვეობით განხორციელებული მცდელობისა, უბრალოდ შეუძლებელი იქნება კონტროლირებული პირისათვის, რომ საკმარისად გაიგოს სახელმწიფო მდივნის არგუმენტები, რათა შეძლოს მათი ეფექტიანად გაბათილება. თუ, ასეთ შემთხვევეში, მოსამართლე ვერ დარწმუნდება, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვერც ერთი შესაძლო უარყოფა, სავარაუდოდ, ვერ იქნებოდა წარმატებული (რაც რთულ, მაგრამ - არა შეუძლებელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს), იგი იძულებული იქნებოდა, დაესკვნა, რომ ბრძანების გამოცემა, ან შემთხვევის მიხედვით, მისი დადასტურება, ნამდვილად მოიცავდა მნიშვნელოვან უსამართლობას ეჭვმიტანილი პირის მიმართ. მოკლედ, ეჭვმიტანილი, ასეთ შემთხვევაში, ‘პროცესუალური მართლმსაჯულების საკმარისი ზომითაც’ კი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი (ჩაჰალი [იხილეთ ზემოთ] § 131) მიუხედავად სპეციალური ადვოკატის პროცედურის გამოყენებისა; ‘[მისი] [სამართლიანი სასამართლოს] უფლების არსი დარღვეული [იქნებოდა]’ (შპს ”ტინელი და სანზ” და მაკელდაფი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [მითითებლია ქვემოთ] § 72).”
ლორდ ბინგემს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი, თუმცა სხვაგვარად იმსჯელა. მან აღნიშნა, რომ საჭირო იყო პროცესისთვის, როგორც მთლიანისთვის, შეხედვა და განხილვა, ხომ არ იქნა ისეთი პროცესი გამოყენებული, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან უსამართლობას კონტროლირებული პირის მიმართ; მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ადვოკატების გამოყენებას შეეძლო კონტროლირებული პირისათვის ხელმისაწვდომი პროცესუალური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის გაზრდა, იგი მაინც სრულად ვერ აღმოფხვრიდა პირის არასახარბიელო მდგომარეობას, რომელმაც არ იცოდა მის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალები, და შესაბამისად, არ შეეძლო ეფექტიანი მითითება მიეცა სპეციალური ადვოკატისათვის.
ლორდმა ჰოფმანმა, რომელმაც საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, აღნიშნა, რომ როდესაც სასამართლო პროცესის წარმმართველი მოსამართლე გადაწყვეტდა, რომ გამჟღავნება საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო იქნებოდა, სპეციალური ადვოკატების მონაწილეობა წარმოადგენდა საკმარის დაცვას კონტროლირებული პირისთვის, და შესაბამისად, აღნიშნულ ვითარებაში, არასოდეს ექნებოდა ადგილი მე-6 მუხლის დარღვევას.
97. სააპელაციო სასამართლომ საქმეში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ე.ფ.-ის წინააღმდეგ, [2008] EWCA Civ 1148 (სერ ანტონი კლარკი, უოლერი და სედლი, საწინააღმდეგო აზრით), მ.ბ.-ის საქმეში უმრავლესობის აზრის მიხედვით, წარმოადგინა შემდეგი მითითება სპეციალური ადვოკატების მონაწილეობით მიმდინარე კონტრილის ბრძანებების შესახებ საქმეებში მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით (ამონარიდი წინასიტყვაობიდან):
”(1) საკითხის გადაწყვეტისას, არღვევდა თუ არა 2005 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით წარმოებული მოსმენა კონტროლირებული პირის უფლებას მე-6 მუხლის შესაბამისად, საკითხი მდგომარეობდა იმაში, იყო თუ არა მოსმენა, როგორც მთლიანი, ძირეულად უსამართლო კონტროლირებული პირის მიმართ, ან იგი არ იყო უზრუნველყოფილი პროცედურული მართლმსაჯულების საკმარისი ზომით ან სამართლიან სასამართლოზე მისი უფლების არსი იყო მთლიანად დარღვეული. უფრო ზოგადად, საკითხი იყო, გამოიწვია თუ არა პროცესმა კონტროლირებული პირის მიმართ პროცესის განსაკუთრებული უსამართლობა. (2) ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო კონტროლირებული პირისათვის, მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, როგორც მის მიმართ არსებული პრეტენზიის, ისე მტკიცებულებების კუთხით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად რედაქტირებული ფორმით. (3) როდესაც ყველა პრეტენზია და მტკიცებულება არ იქნა გამჟღავნებული ეროვნული უშიშროების მიზნებიდან გამომდინარე უპირველეს ყოველისა, კონტროლირებული პირს უნდა დანიშნოდა სპეციალური ადვოკატი. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოიყენებოდა შემდეგი პრინციპები. (4) არ არსებობდა, პრინციპი, რომლის მიხედვითაც პროცესი იქნებოდა უსამართლო კონტროლირებული პირისათვის ბრალდებებისა თუ მტკიცებულების შეუმცირებადი მინიმუმის ღიად გაუმჟღავნებლობის გამო. ალტერნატიულად, არსებობის შემთხვევაში, შეუმცირებელი მინიმუმი, შეიძლებოდა, ვითარების გათვალისწინებით, დაკმაყოფილებულად ჩათვლილიყო ისეთივე მცირე ინფორმაციის გამჟღავნებით, როგორც მოხდა ე.ფ.-ის საქმეში, რომელიც მართლა ძალიან მცირე იყო. (5) იყო თუ არა სასამართლო განხილვა უსამართლო, ყველა პირობაზე იყო დამოკიდებული, რაც მოიცავდა საქმის ხასიათს, კონტროლირებული პირისათვის პრეტენზიის დეტალების ახსნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რათა მას შეძლებოდა დამამტკიცებელი მასალის განსაზღვრა, ნაბიჯებს, რომლებიც გადადგმულ იქნა დამამტკიცებელი დახურული მასალის შეჯამების მიზნით სახელების, თარიღების ან ადგილების გაუმჟღავნებლად, გაუმჟღავნებელი მასალის ხასიათსა და შინაარსს, რამდენად ეფექტიანად შეძლო სპეციალურმა ადვოკატმა მისი უარყოფა კონტროლირებული პირის სახელით და რა განსხვავებული შედეგი ექნებოდა მის გამჟღავნებას. (6) იმ საკითხების განხილვისას, გამოიწვევდა თუ არა, კონტროლირებული პირისათვის ინფორმაციის გამჟღავნება განსხვავებულ პასუხს იმასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ კონტროლირებლი პირი მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში, სასამართლოს სრულად უნდა გაეთვალისწინებინა კონტროლირებული პირისთვის და სპეციალური ადვოკატებისთვის არსებული აქტუალური პრობლემები და მხედველობაში მიეღო საქმის ყველა გარემოება, ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების დაშვებისა და სპეციალურ ადვოკატთა შესაძლო ეფექტიანობის ჩათვლით. თითოეული ფაქტორის განხილვისა და მისთვის კონკრეტული მნიშვნელობის მინიჭება უნდა დაფუძნებოდა კონკრეტულ გარემოებებს. (7) არ არსებობდა ხისტი პრინციპები. სამართლიანობის გადაწყვეტა, ძირითადად, მოსამართლის საქმე იყო, რომლის გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო, იშვიათად თუ ჩაერეოდა.”
III. 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილთან დაკავშირებული გამოხმაურება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
ა. ნიუტონის კომიტეტი
98. 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი, მის განხორციელებაზე ზედამხედველობის მიზნით, კერძო მრჩეველთა კომიტეტის შექმნას ითვალისწინებდა. ლორდ ნიუტონის ხელმძღვანელობით კომიტეტმა ანგარიში 2003 წლის დეკემბერში წარმოადგინა. გაითვალისწინა რა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტი, რომლის მიხედვით, ალ-ყაიდასგან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მოდიოდა, ნიუტონის კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა შემდეგზე:
”არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ ეს ასე არაა. ბრიტანელი თვითმკვლელი დამბომბველები, რომლებმაც 2003 წლის მაისში თელავივში განახორციელეს აფეთქებები, რიჩარდ რეიდი (‘ფეხსაცმლის დამბომბველი’) და ბოლო დროს დაკავებები მიანიშნებს იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთაგან მომდინარე საფრთხე რეალურია. 2000 წლის ტერორიზმის კანონის საფუძველზე, ეჭვმიტაილთა თითქმის 30% ბრიტანელი იყო. ჩვენ მოგვახსენეს, რომ ტერორიზმში მათი საეჭვო მონაწილეობის გამო ხელისუფლებისთვის საინტერესო პირთა თითქმის ნახევარი ბრიტანეთის მოქალაქეა.”
ამ მტკიცებულების გათვალისწინებით, ნიუტონის კომიტეტმა მიუთითა, რომ არა მარტო არსებობდა პრინციპული არგუმენტები დისკრიმინაციული დებულებების წინააღმდეგ, არამედ, ასევე, არსებობდა ძლიერი არგუმენტები ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლის შეზღუდული ეფექტიანობის შესახებ. შესაბამისად, ნიუტონის კომიტეტმა დასვა ახალი კანონმდებლობის დაუყოვნებლივ შემუშავების საკითხი, რომელიც შეეხებოდა ტერორიზმის საფრთხეს ეროვნების ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე და რომელიც არ მოითხოვდა დეროგაციას კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.
99. 2004 წლის თებერვალში, მთავრობამ გამოაქვეყნა თავისი პასუხი ნიუტონის კომიტეტის ანგარიშზე. მან კვლავ აღნიშნა, რომ ტერორიზმის საფრთხე მომდინარეობდა “ძირითადად, მაგრამ არა ექსკლუზიურად, უცხოელი მოქალაქეებისგან” და ნიუტონის კომიტეტის წინადადებაზე, კონტრტერორისტული ზომები გავრცელებულიყო ყველა პირზე იურისდიქციის ფარგლებში, მათი ეროვნების მიუხედავად, შემდეგი შენიშვნა გააკეთა:
”მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, სხვა უფლებამოსილების განსაზღვრა ბრიტანეთის მოქალაქეთა დასაკავებლად, რომლებიც, შესაძლოა, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტერორიზმში, აღნიშნული მეტად მკაცრი ნაბიჯი იქნებოდა. მთავრობას სწამს, რომ ასეთი დრაკონული უფლებამოსილებების გამართლება რთული იქნება. გამოცდილებამ გვიჩვენა ასეთი დამოკიდებულების საშიშროება და ის ზიანი, თუ რა შეიძლება მან მოუტანოს საზოგადოების ერთიანობას და, შესაბამისად, საზოგადოების ყველა ნაწილის მხარდაჭერას, რაც ასე მნიშვნელოვანია ტერორიზმის საფრთხესთან დასაპირისპირებლად.”
მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა პოტენციურ მიმღებ ქვეყნებთან ჩარჩო ხელშეკრულებების დადებისათვის ეჭვმიტანილი ტერორისტების დეპორტაციის მიზნით.
ბ. ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი საპარლამენტო კომიტეტი
100. გაერთიანებულ სამეფოში ერთობლივი კომიტეტის კონსტიტუციური ვალდებულებაა, შეამოწმოს კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოს მისი შესაბამისობა კონვენციით დაცულ უფლებებთან. 2001-2002 წლის სესიის თავის მეორე ანგარშში, რომელიც შედგენილ იქნა იმ კანონპროექტის გამოქვეყნებიდან ძალიან მოკლე ვადაში, რომელიც 2001 წლის აქტად იქცა, ერთობლივმა კომიტეტმა გამოთქვა თავისი შეშფოთება შეთავაზებული ღონისძიების პოტენციურად დისკრიმინაციული ხასიათის შესახებ:
“38. მეორე, საიმიგრაციო კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტების დაპატიმრებას, ბრალის გარეშე დაპატიმრების უფლებით აღჭურვით, კანონპროექტი რისკავს დისკრიმინაციის დაშვებას იმ ეჭვმიტანილ საერთაშორისო ტერორისტების მიმართ, რომლებიც ექვემდებარებიან საიმიგრაციო კონტროლს და მათ შორის, რომლებსაც გაერთიანებულ სამეფოში უპირობო დარჩენის უფლება აქვთ. ჩვენ გვაწუხებს, რომ აღნიშნულმა, შესაძლოა, გამოიწვიოს დისკრიმინაცია ეროვნების საფუძველზე თავისუფლების უფლების გამოყენების თვალსაზრისით. თუ ვერ იქნება ნაჩვენები აღნიშნულის ობიექტური, რაციონალური და პროპორციული გამართლება, მაშინ აღნიშნულს, შეიძლება, მოჰყვეს ქმედებები, რომლებიც წინააღმდეგობაში იქნება ადამინიას უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლთან, როგორც ცალკე აღებული, ისე დისკრიმინაციისგან თავისუფლების უფლებასთან ერთად, ადამინიას უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენებისას. მან, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორი პაქტის 26-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციისგან თავისუფლების უფლებისა და მე-9 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების დარღვევა.
39. ჩვენ აღნიშნული საკითხი დავსვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანთან ზეპირი მოხსენების დროს. მისი პასუხის გათვალისწინებით, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ კანონპროექტის მე-4 ნაწილის დებულებებში მითითებული ეროვნულობის საფუძვლით დისკრიმინაციის რისკი სათანადოდ იქნა განხილული.”
2003-2004 წლების სესიის თავის მეექვსე ანგარიშში (2004 წლის 23 თებერვალი), ერთობლივმა კომიტეტმა გამოხატა ღრმა შეშფოთება “ადამიანის უფლებების საკითხების მნიშვნელობის შესახებ, რაც უკავშირდებოდა დაკავების უფლებამოსილების უფრო საიმიგრაციო, ვიდრე ანტიტერორისტული კანონის ასპექტად ქცევას” და გამოხატა გაფრთხილება “იმ დიდი რისკის შესახებ, რომლის მიხედვით მე-4 ნაწილით ირღვევა ადამინიას უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის დაუშვებლობა.” ნიუტონის კომიტეტისა და მის საპასუხოდ გამოქვეყნებული სახელმწიფო მდივნის განხილვის დოკუმენტის შემდეგ, ერთობლივი კომიტეტი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდა 2003-2004 წლების სესიის მეთვრამეტე ანგარიშში (2004 წლის 21 ივლისი), პარაგრაფები 42-44:
“42. განხილვის დოკუმენტი უარყოფს ნიუტონის კომიტეტის ანგარიშის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ახალი კანონმდებლობა, რომელმაც უნდა შეცვალოს [2001 წლის კანონის] მე-4 ნაწილი, თანაბრად უნდა შეეხოს ყველა ეროვნებას ბრიტანელების ჩათლით. ის უთითებს მთავრობის რწმენაზე, რომ გამართლებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მოპყრობა მათი განსხვავებული უფლებებისა და ვალდებულებების გამო.
43. ჩვენ გამუდმებით გამოვხატავთ წუხილს იმაზე, რომ [2001 წლის კანონის] მე-4 ნაწილის დებულებები გაუმართლებელ დისკრიმინაციას ახდენს ეროვნული საფუძვლით და, შესაბამისად, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს. ლორდ ნიუტონის მსგავსად, ჩვენც უცნაურად მიგვაჩნია განხილვის დოკუმენტში მოცემული მოსაზრება, რომ ბრიტანეთის მოქალაქეების დასაპატიმრებლად იმავე უფლებამოსილების გამოყენების მცდელობა იქნებოდა ‘ძალიან მძიმე ნაბიჯი’ და ‘რთული იქნებოდა ასეთი დრაკონული უფლებამოსილების გამართლება.’
44. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის ინტერესები, რომლებიც სასწორზე დევს, ერთნაირია: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლოთ გარანტირებული მათი თავისუფლების ფუნდამენტური უფლება და დაკავშირებული პროცესუალური უფლებები. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა, კონვენციით დაცული უფლებებით მათ იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყონ. მე-14 მუხლი მოითხოვს, რომ კონვენციის უფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილ იქნას ეროვნულ საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. განხილვის დოკუმენტში მთავრობის მიერ მოცემული განმარტება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების მიმართ იმავე უფლებამოსილებათა გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ მიუთითებს, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლების ინტერესებს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე იმავე ინტერსებზე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც დაუშვებელია კონვენციის მიხედვით.”
გ. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (“წამების საწინააღმდეგო კომიტეტი”)
101. წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მომჩივნები მოინახულა 2002 წლის თებერვალსა და 2004 წლის მარტში. 2005 წლის 9 ივნისს გამოქვეყნებულ თავის ანგარიშში, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კრიტიკულად შეაფასა მომჩივნების პატიმრობის პირობები ბელმარშის ციხესა და ბროდმურის საავადმყოფოში და მიუთითა მომსახურე პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებულ საჩივრებზე. მისი შეფასებით, ვუდჰილის ციხის რეჟიმი ნაკლებად მკაცრი იყო. წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა აღნიშნა, რომ დაპატიმრებულთა უმრავლესობის ჯანმრთელობა დაპატიმრების შედეგად გაუარესდა, განსაკუთრებით, პატიმრობის ვადის განუსაზღვრელობის გამო. ანგარიშში წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა აღნიშნა:
“მართლაც, 2004 წლის ვიზიტის დროს შეგროვილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ მმართველობა დაბნეულია და არ იცის, როგორ მართონ ასეთი ტიპის დაპატიმრებული პირი, რომელსაც არ აქვს პატიმრობიდან გათავისუფლების რეალური პერსპექტივა და არ გააჩნია საჭირო მხარდაჭერა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ განსაკუთრებული სახის პატიმრობის საზიანო შედეგებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ციხის სისტემის შეზღუდულ შესაძლებლობას, რომ შეასრულოს ამონაცა, რომლის შეთავსებაც სისტემის ჩვეულ ვალდებულებებთან რთულია. 2002 წლის თებერვლის ვიზისტის შესახებ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის პასუხად დასახული ამოცანა, რომ შეიქმნებოდა სტრატეგია, რაც ციხის სამსახურს მისცემდა შესაძლებლობას, 2001 წლის კანონის საფუძველზე დაპატიმრებულ პირებზე მზრუნველობა და პატიმრობის მართვა სათანადოდ განეხორციელებინა, ვერ იქნა მიღწეული.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ დაპატიმრებული პირების მონახულებიდან ორი წლის შემდეგ, პატიმრობის შედეგად ბევრი მათგანი რთულ ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ზოგიერთის ფიზიკური მდგომარეობაც რთული იყო. პატიმრობამ [2001 წლის კანონის] საფუძველზე დაპატიმრებულთა უმრავლესობის ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია; და მათ შემთხვევაში, რომლებიც წარსულში იყვნენ ტრამვის გამოწვევი გამოცდილების ან წამების მსხვერპლი, მან გააცოცხლა გამოცდილება და ძველი აშლილობების გამეორებაც გამოიწვია. დაპატიმრებით გამოწვეულმა ტრავმამ უფრო გააუარესა მათი ჯანმრთელობა, როდესაც მას დაემატა კონტროლის არარსებობა, რაც შედეგი იყო მათი დაკავების განუსაზღვრელი ხასიათის, დაკავების გასაჩივრების დიდი სირთულის და ფაქტის, რომ მათ არ იცოდნენ, თუ რა მტკიცებულებები გამოიყენებოდა მათ წინააღმდეგ საერთაშოროსო ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებად კვალიფიცირების და/ან კვალიფიცირების ძალაში დატოვებისათვის. ზოგიერთი მათგანისთვის, ვიზიტის დროს, შეიძლება ჩათვლილიყო არადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად.”
102. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2004 წლის ანგარიშის პასუხი მთავრობამ 2005 წლის 9 ივნისს გამოაქვეყნა. მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა ციხის მომსახურე პერსონალის მიერ არასათანადო მოპყრობის ვარაუდი და აღნიშნა, რომ დაპატიმრებულ მომჩივნებს ხელი მიუწვდებოდათ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლით ყველა პატიმრისთვის გათვლისწინებულ დაცვის საშუალებებზე, რათა ეჩივლათ არასათანადო მოპყრობის შესახებ. მთავრობის პასუხი შემდეგნაირად გრძელდებოდა:
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პატივს სცემს [წამების საწინააღმდეგო კომიტეტის] წარმომადგენლების დასკვნებს, რომლებიც მათ გამოიტანეს ვიზიტის დღეს განხორციელებული დაკვირვების შედეგად, ის გატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ მათი პატიმრობის რომელიმე ეტაპზე, [2001 წლის კანონის თანახმად] დაპატიმრებულებს ეპყრობოდნენ ‘არაადამიანურად ან ღირსების შემლახავად’, რაც, შესაძლოა უტოლდებოდეს გაერთიანებული სამეფოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. მთავრობას მტკიცედ სჯერა, რომ ნებისმიერ დროს, დაპატიმრებულებს ჰქონდათ შესაბამისი მზრუნველობა და მოპყრობა ბელმარშში და ხელი მიუწვდებოდათ ყველა საჭირო სამედიცინო, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ, დახმარებაზე სამედიცინო დახმარების პერსონალისა და ექიმების მხრიდან. მთავრობა იზიარებს, რომ პირებს რთული ისტორია ჰქონდათ დაპატიმრებამდე, მაგრამ არ იზიარებს, რომ “დაპატიმრებამ გამოიწვია ფსიქიკური აშლილობა”. ზოგიერთ დაპატიმრებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დაპატიმრებამდე, მაგრამ აღნიშნულს არ შეუკავებია ისინი იმ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რამაც მათი კვალიფიცირება და დაპატიმრება გამოიწვია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ხელს არ უშლის პირს, წარმოადგენდეს რისკს ეროვნული უშიშროებისთვის.
...
მთავრობა არ იზიარებს, რომ [2001 წლის აქტის] შესაბამისად კვალიფიცირებულები დაპატიმრებული იყვნენ გათავისუფლების პერსპექტივის გარეშე. ...
...
არცერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, არც საიმიგრაციო კომისიას, არც რომელიმე სასამართლოს, არ დაუდგენია, რომ დაპატიმრების პირობები არღვევდა [კონვენციის] მე-3 მუხლით მთავრობისთვის დაკისრებულ აბსოლუტურ ვალდებულებას. მთავრობის შეხედულებით, მთავრობა ვერ შეძლებდა აღნიშნული პირების პატიმრობის გახანგრძლივებას, დაპატიმრებულთა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები რაიმე ფორმით რომ დარღვეულიყო. ამის საწინააღმდეგოზე მითითება ბრიტანეთის სასამართლო სისტემაზე დაკავებულთა აქტიური კონტაქტის იგნორირება იქნებოდა და სასამართლო სისტემას დააკისრებდა აბსოლიტურ ვალდებულებას, განეხორციელებინა დაცვა ნებისმიერი ასეთი დარღვევისგან.“
დ. ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი
103. 2002 წლის აგვისტოში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულიებისგან გაერთიანებული სამეფოს მიერ დეროგაციისა და 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის გარკვულ ასპექტებზე. აღნიშნულ დასკვნაში, მან ღიად გააკრიტიკა პარლამენტის მიერ დეროგაციის დებულებების არასათანადო განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, წარმოადგენდა თუ არა ალ-ყაიდასგან მომდინარე საფრთხე ერის არსებობისთვის საფრთხის შემცველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის გამამართლებელ საფუძველს:
„აცნობიერებს რა ტერორიზმის საფრთხისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვის შესახებ მთავრობათა ვალდებულებებს, კომისარი მიიჩნევს, რომ ზოგადი ხასიათის განცხადებები 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტული საქმიანობის გაზრდილი რისკის თაობაზე, თავისთავად, ვერ იქნება საკმარისი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან დეროგაციის გასამართლებლად. რამდენიმე ევროპულ ქვეყანა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში განმეორებადი ტერორისტული აქტების წინაშე იდგნენ, საჭიროდ არ ჩაუთვლიათ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისგან დეროგაცია. არსებული ვითარების ფონზეც არც ერთ მათგანს საჭიროდ არ ჩაუთვლია დეროგაცია. შესაბამისად, უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ გაერთიანებულ სამეფოში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას რეალური და მყისიერი საფრთხე ემუქრება.“
კომისარმა შემდეგ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დაკავების სქემაზე მიუთითა:
„გარდა ამისა, ვინაიდან ეს ღონისძიებები მხოლოდ იმ უცხოელებზე ვრცელდება, ვისი დეპორტაციაც შეუძლებელია, შესაძლოა მათ მართლმსაჯულების ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, როცა ადამიანის უფლებების სხვადასხვა სტანდარტები გამოიყენება უცხოელებისა და მოქალაქეების მიმართ.“
104. 2005 წლის 8 ივნისს, კომისარმა 2004 წლის ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მან ანგარიშში უშუალოდ მიუთითა მომჩივანთა საქმის შესახებ ლორდთა პალატის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ მთავრობას არ ჰქონია მცდელობა, 2001 წლის კანონის შესაბამისი დებულებების მოქმედების ვადა 2005 წლის მარტში გაეგრძელებინა. იგი მიესალმა ლორდთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც მის ადრე გამოქვეყნებულ დასკვნას შეესაბამებოდა; იგი ასევე მიესალმა მომჩივანთა გათავისუფლებას, აღნიშნა რა, რომ ვიზიტის შემდეგ, მას შეეძლო პირადად დაედასტურებინა “ბევრი მათგანის მეტად გაღიზიანებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა”. მის მიერ, სხვათა შორის, შინაგან საქმეთა მდივანთან, ლორდ კანცლერთან, გენერალურ პროკურორთან, ლორდთა პალატის თავმჯდომარე მოსამართლესა და საჯარო სისხლის სამართლებრივი დევნის დირექტორთან მისი საუბრების შემდეგ, კომისარმა, ასევე დაასკვნა, რომ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში არსებობდა ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლის ალტერნატიული საშუალებები:
„არა მხოლოდ საჭიროა, არამედ შესაძლებელია ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძლოა ადამიანის უფლებების დაცვის არსებული გარანტიების ფარგლებში, რაც სწორედ ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას, იძლევა ინდივიდის უფლებებისა და საზოგადოების ინტერესების ბალანსირების შესაძლებლობას და უშვებს პროპორციული სპეციალური უფლებამოსილებების გამოყენებას. ამისთვის საჭიროა სათანადო რესურსების მქონე პოლიცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და კანონის ეფექტიანი გამოყენება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2000 წლის ტერორიზმის შესახებ კანონის სახით, გაერთიანებულ სამეფო, უკვე არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და სრულყოფილი ანტიტერორისტიული კანონმდებლობის მქონე ქვეყანა ევროპაში.“
ე. გაერთიანებული ერების რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი
105. გაერთიანებული სამეფოს შესახებ კომიტეტის 2003 წლის 10 დეკემბრის დასკვნითი შეფასებების მე-17 პარაგრაფში ნათქვამი იყო:
„17. კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ანტიტერორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ კანონის დებულებების გამო, რომლებიც ითვალისწინებს დეპორტაციის მიზნით, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის არმქონე, ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმიანობაში ეჭვმიტანილ პირთა ბრალდების ან სასამართლო განხილვის გარეშე განუსაზღვრელი ვადით დაპატიმრებას.
აღიარებს რა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული უშიშროების საჭიროებებს, კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ხელმშემკვრელმა სახელმწიფო ეცადოს, დააბალანსოს აღნიშნული საჭიროებები ადამიანის უფლებათა დაცვასა და მის საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამ კუთხით, კომიტეტი ხელშემკვრელ სახელმწიფოს ყურადღებას აპყრობს 2002 წლის 8 მარტის მის განცხადებაზე, რომელშიც ის ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ვალდებულებას, ‘უზრუნველყონ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებულმა ზომებმა, თავიანთი მიზნით ან შედეგით, არ გამოიწვიონ დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ან ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე’.”
IV. ევროპის საბჭოს სხვა რელევანტური დოკუმენტები
ა. ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1271 (2002)
106. 2002 წლის 24 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1271 (2002), რომლის მე-9 პარაგრაფის თანახმად დადგინდა, რომ:
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა არ უნდა არ უნდა მოახდინონ დეროგაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვისგან.“
მან წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდა (პარაგრაფი 12), რომ:
„თავი შეიკავონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-15 მუხლის (საგანგებო მდგომარეობის დროს დეროგაცია) გამოყენებისგან მისი მე-5 მუხლით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება).“
2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს გარდა, არც ერთ სხვა წევრ სახელმწიფოს არ მოუხდენია დეროგაცია მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.
ბ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი
107. 2001 წლის 14 ნოემბერის შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილეს საკითი “დემოკრატიები, რომლებსაც ტერორიზმი ემუქრება” (CM/AS (2001) Rec 1534), 2002 წლის 11 ივლისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო `ინსტრუქციები ადამიანის უფლებებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,“ რომელიც ითვალისწინებდა, inter alia:
„I. სახელმწიფოების ვალდებულება, დაიცვან ყველა ტერორიზმისგან
სახელმწიფოები ვალდებული არიან, მიიღონ ზომები, რაც საჭიროა მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის ძირითადი უფლებების, განსაკუთრებით, სიცოცხლის უფლების, ტერორისტული აქტებისგან დასაცავად. აღნიშნული პოზიტიული ვალდებულება სრულიად ამართლებს სახელმწიფოთა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
II. თვითნებობის აკრძალვა
სახელმწიფოების მიერ მიღებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ზომა უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს, და გამორიცხავდეს ნებისმიერი ფორმის თვითნებობას, ასევე, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციულ ან რასისტულ მოპყრობას, და უნდა ექვემდებარებოდეს სათანადო ზედამხედველობას.“
გ. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია
108. 2004 წლის 8 ივნისის, #8 ზოგადი პოლიტიკის შესახებ თავის რეკომენდაციაში ტერორიზმთან ბრძოლის დროს რასიზმის დამარცხების შესახებ რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომისიამ სახელმწიფოს ვალდებულებად მიიჩნია ტერორიზმთან ბრძოლა; მან ხაზი გაუსვა, რომ მიღებულმა ზომამ თავად არ უნდა შეზღუდოს თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ღირებულებები; ხაზი გაუსვა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა გახდეს რასობრივი დისკრიმინაციის ხელშეწყობის საბაბი; აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ტერორიზმთან ბრძოლამ, ზოგ შემთხვევაში, დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას შეუწყო ხელი, განსაკუთრებით მოქალაქეობის, ეროვნების ან ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიული კუთვნილების საფუძველზე; მან ასევე ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას, უზრუნველეყოთ, რომ ტერორიზმთან ბრძოლას არ ჰქონოდა უარყოფითი გავლენა უმცირესობათა რომელიმე ჯგუფზე და რეკომენდაცია გაუწია ქვეყნებს:
„გადასინჯონ ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობა და ნორმები, რათა უზრუნველყონ, რომ ისინი, პირდაპირ ან ირიბად, დისკრიმინაციას არ უწევდეს პირებს ან პირთა ჯგუფებს, განსაკუთრებით ‘რასის’, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობის ან ეროვნებისა ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, და გააუქმონ ნებისმიერი ასეთი დისკრიმინაციული კანონმდებლობა.“
V. „საგანგებო მდგომარეობის” ცნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორის პაქტის მე-4 მუხლის თანახმად („სამოქალაქო უფლებების პაქტი“)
109. სამოქალაქო უფლებების პაქტის მე-4 მუხლის 1-ლ ნაწილში ნათქვამია შემდეგი:
„საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს და რაც ოფიციალურად არის გამოცხადებული, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ დეროგაცია პატით ნაკისრი ვალდებულებებისგან იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე, იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები შეუთავსებელი არ იქნება მათ მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან და არ გულისხმობს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიური ან სოციალური წარმომავლობის საფუძველზე.“
1984 წლის გაზაფხულზე, იურისტთა საერთაშორისო კომისიის, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის, იურისტთა საერთაშორისო კომისიის ამერიკის ასოციაციის, ურბან მორგანის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტისა და სისხლის სამართლის მეცნიერების უმაღლესი სწავლების საერთაშორისო ინტიტუტის მიერ ერთობლივად შექმნილი საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა 31 კაციანი ჯგუფი იტალიის ქალაქ სირაკუზაში შეიკრიბა, რათა, inter alia, განეხილა ზემოხსენებული დებულება. შეხვედრის შედეგად მიღებული დოკუმენტის – “სირაკუზას პრინციპები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შეზღუდვებისა და დეროგაციის შესახებ დებულებებთან დაკავშირებით” – 39-ე და მე-40 პარაგრაფებში, რომლებიც შედიოდა ქვეთავში “ერის არსებობისთვის საფრთხის შემქმნელი საგანგებო მდგომარეობა”, ნათქვამია:
”39. მე-4 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ შესაძლოა მოახდინოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულებებისგან დეროგაცია (შემდეგში ”დეროგაციის ღონისძიებები”) მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობს განსაკუთრებული და რეალური ან მყისიერი საშიშროება, რაც ერის არსებობას უქმნის საფრთხეს. ერის არსებობას საფრთხეს უქმნის საშიშროება, რომელიც
(ა) გავლენას ახდენს მთელ მოსახლეობაზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ან მის ნაწილზე, და
(ბ) საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ფიზიკურ ერთიანობას, ქვეყნის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან ტერიტორიულ მთლიანობას, ან იმ ინსტიტუტების არსებობას ან ფუნქციონირებას, რომლებიც აუცილებელია პაქტით აღიარებული უფლებების უზრუნველყოფისა და დაცვისთვის.
40. შიდა კონფლიქტი და არეულობა, რაც სერიოზულ და მყისიერ საფრთხეს არ უქმნის ერის არსებობას, არ წარმოადგენს მე-4 მუხლის თანახმად დეროგაციის გამამართლებელ გარემოებას.”
სირაკუზას პრინციპებში შემდეგ ნათქვამია, პარაგრაფი 54:
“54. მკაცრი აუცილებლობის შესახებ პრინციპი უნდა იყოს ობიექტურად გამოყენებული. თითოეული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს რეალურ, აშკარა, არსებულ ან გარდაუვალ საფრთხეზე და არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ პოტენციური საფრთხის შესახებ წინათგრძნობის საფუძველზე.”
110. “პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ პაქტის მე-4 მუხლთან დაკავშირებული №29 ზოგადი კომენტარის (24 ივლისი 2011)” მე-2 პარაგრაფში გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნა:
“პაქტის დებულებებისგან დეროგაციის ღონისძიებები უნდა იყოს საგანგებო და დროებითი.”
VI. ეროვნული უშიშროების შესახებ საქმეებში ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებული სხვა მასალები
111. საქმეში ჩარკაუი მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამინისტროს წინააღმდეგ, [2007] 1 SCR 350, მოსამართლე მაკლაჰლინმა, კანადის უზენაესი სასმართლოს სახელით აღნიშნა (§ 53):
“დასასრულ, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ პირს აცნობონ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების არსი და საშუალება მისცენ, წარმოადგინოს ბრალდების საპასუხო მოსაზრებები.”
ეს უფლება არ არის აბსოლუტური და ეროვნული უშიშროების ინტერესიდან გამომდინარე, იგი შეიძლება შეიზღუდოს (§§ 57-58), თუმცა (§ 64):
“... პირის მიერ საქმის მასალების უცოდინრობით გამოწვეული არაინფორმირებული განხილვის, პრეტენზიებისა და საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის კომპენსირება მოსამართლეს არ შუძლია. საქმის ასეთი განხილვის არსია პრინციპი, რომ პირმა, რომლის თავისუფლებაც იზღუდება, უნდა იცოდეს მის წინააღმდეგ საქმის გარემოებები, რომ საქმეზე იდავოს. მოცემულ საქმეში ეს პრინციპი არა მხოლოდ შეზღუდულია, არამედ მას არსი მთლიანად გამოეცალა (“გამოიშიგნა”). როგორ შეიძლება ვინმემ იდავოს საქმეზე, რომლის შესახებაც არაფერი იცის?”
112. საქმეში ჰამდი რამსფელდის წინააღმდეგ 542 US 507 (2004), ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილების წერისას, მოსამართლე ოკონორმა განაცხადა (გვ. 533):
„ამიტომ ჩვენ დავადგინეთ, რომ დაპატიმრებულ მოქალაქეს, რომელსაც სურს მისი მტრული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფ პირად კლასიფიკაციის წინააღმდეგ იდავოს, უნდა ეცნობოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც მოხდა მისი ასეთი კლასიფიკაცია; მას ასევე უნდა მიეცეს რეალური შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიმღები ნეიტრალური ორგანოს წინაშე არგუმენტირებულად უარყოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფაქტების სისწორე [წყაროზე მითითება ამოღებულია]. ‘საუკუნეზე მეტია, პროცედურული შესაბამისი სამართლებრივი პროცესის ცნების მთავარი არსი ცნობილია: მხარეებს, რომელთა უფლებებზეც პროცესი გავლენას მოახდენს, პროცესში მონაწილეობისა და თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის უფლება აქვთ; ხოლო ამ უფლების შესახებ მათ თავდაპირველად უნდა ეცნობოთ. ...’ კონსტიტუციის ეს მთავარი დაპირებები არ უნდა დაირღვეს.“
113. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თავის 2005 წლის 8 ივნისის ანგარიშის 21-ე პარაგრაფში (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 104), ხოლო ადამიანის უფლებათა ერთობლივმა საპარლამენტო კომიტეტმა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 100) 2005-2006 სესიის მეთორმეტე ანგარიშის 76-ე პარაგრაფში (HL Paper 122, HC 915), აღნიშნეს, რომ ძნელია სასამართლო პროცესის სამართლიანად მიჩნევა, როცა პირის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ისეთ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების ან რომელთა შესახებ კონტრარგუმენტების წარმოდგენის რეალური შესაძლებლობა პირს არ მისცემია.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლისა და მასთან მიმართებაში კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევები
114. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის საფუძველზე მათი დაპატიმრება არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებულ მათ უფლებებს. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად:
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“
ისინი ასევე ჩიოდნენ, რომ მე-3 მუხლის საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით მათ უარი ეთქვათ სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებებზე, რაც კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა იყო, რომელშიც წერია შემდეგი:
„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივნები
115. მომჩივნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თითოეული მათგანი გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა იმიტომ, რომ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე სხვაგან მათ უარი ეთქვათ უსაფრთხო თავშესაფარზე. პირველი მომჩივანი იყო მოქალაქეობის არმქონე პალესტინელი და მას არსად სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. გაერთიანებულ სამეფოში ჩამოსვლამდე რამდენიმე მათგანს გამოცდილი ჰქონდათ წამება. 2001 წლის კანონის საფუძველზე, ისინი აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როცა ორიდან ერთი უნდა აერჩიათ – პატიმრობა მათთვის გაუსაძლის პირობებში ან დეპორტაციაზე დათანხმების შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ მოუწევდათ რაიმე სახის არასათანადო მოპყრობით გამოწვეული ტანჯვის ატანა. გარდა ამისა, მათი წარსული გამოცდილება თუ გონებრივი და ფიზიკური პრობლემები მათ უკანონო პატიმრობით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენისადმი განსაკუთრებით მოწყვლადს ხდიდა. დისკრიმინაცია, რომელსაც ისინი განიცდიდნენ, ვინაიდან 2001 წლის კანონი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა, მათ ტანჯვას აძლიერებდა.
116. პატიმრობის მკაცრი რეჟიმი ბელმარშის ციხესა და ბროდმურის საავადმყოფოში, იყო არასათანადო და მათ ჯანმრთელობას აზიანებდა. რაც მთავარია, პატიმრობის განუსაზღვრელი ხასიათი – ის რომ დადგენილი არ იყო საბოლოო ვადა და პატიმრობა რეალურად დიდხანს გრძელდებოდა, იწვევდა უფრო ძლიერ არანორმალურ ტანჯვას – უფრო ძლიერს, ვიდრე პატიმრობის ბუნებრივად თანმდევი განცდაა. ამას ემატებოდა მათზე გავრცელებული რეჟიმის სხვა უჩვეულო ასპექტები, კერძოდ, მათ წინააღმდეგ გამოყენებული მტკიცებულებების საიდუმლო ხასიათი. ის ფაქტი, რომ მომჩივნების მდგომარეობის მიმართ ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება სანქცირებული იყო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, მომჩივანთა ტანჯვას არ ამსუბუქებდა.
117. ამ ფაქტორების ერთობლიობამ მომჩივნების ძლიერი ტანჯვა გამოიწვია. სამედიცინო ხასიათის მტკიცებულებებმა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და ფსიქიატრ-კონსულტანტთა ჯგუფის ანგარიშებმა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 101 და 76) აჩვენა, რომ პატიმრობის რეჟიმმა ასევე ზიანი მიაყენა ან სერიოზული საფრთხე შეუქმნა მომჩივნებს; ხოლო პირველი, მეხუთე, მეშვიდე და მეათე მომჩივნების მიმართ ამას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა.
118. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ თავდებით გაძევების უფლებამოსილება, რაც საიმიგრაციო კომისიას ჰქონდა, მათი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში არაეფექტიანი იყო: უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მისი გავრცელების სფერო იურისდიქციის კუთხით გაუგებარი იყო; მეორე იმიტომ, რომ პროცედურის გადადება შესაძლებელი იყო; მესამე – თავდებით გაძევებისთვის დადგენილი მოთხოვნები ძალიან რთულად შესასრულებელი იყო. პირს უნდა დაემტკიცებინა “დიდი ალბათობა” იმისა, რომ გახანგრძლივებული პატიმრობა მისი ფიზიკური ან მენტალური მდგომარეობის ისეთ გაუარესებას გამოიწვევდა, რაც გაუთანაბრდებოდა მე-3 მუხლით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამ მექანიზმის მოქმედების სფერო განმარტებული იყო, როგორც “საგამონაკლისო”, რაც “საგანგებო გარემოებების არსებობას” გულისხმობდა. ასეთი შემთხვევების არსებობისასაც კი, პატიმრობის ჩანაცვლება ხდებოდა მხოლოდ შინაპატირმობით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 78).
2. მთავრობა
119. მთავრობამ უარყო, რომ კონვენციის მე-3 მუხლით დაცული მომჩივნების უფლებები დარღვეული იყო. მთავრობამ აღნიშნა, რომ საიმიგრაციო კომისიამ და სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილეს მომჩივანთა მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები, ხოლო ლორდთა პალატამ მათი განხილვა საჭიროდ არ მიიჩნია (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 15, 16 და 22).
120. ბრალდების გარეშე დაპატიმრება თავისთავად მე-3 მუხლს არ ეწინააღმდეგებოდა და ხშირ შემთხვევაში გამართლებული იყო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით. პატიმრობა იყო განუსაზღვრელი, მაგრამ არა სამუდამო. კანონმდებლობა მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში იყო ძალაში და ყოველწლიურად მისი მოქმედების გახანგრძლივება პარლამენტის ორივე პალატის გადაწყვეტილებას ექვემდებარებოდა. თითოეული მომჩივნის პატიმრობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო პირის იმ ინდივიდუალურ გარემოებებზე, რის საფუძველზეც პატიმრობის გახანგრძლივება გამართლებული იყო; მათ შორის, თუ რა კატეგორიის საფრთხეს წარმოადგენს პირი ეროვნული უშიშროებისთვის და მისი უსაფრთხო ქვეყანაში დეპორტაციის რა შესაძლებლობა არსებობს; ეს გარემოებები საიმიგრაციო კომისიის მიერ ყოველ ექვს თვეში ერთხელ განხილვას ექვემდებარებოდა. თითოეული მომჩივანი ინფორმირებული იყო მის მიმართ არსებული ეჭვის მიზეზების შესახებ და წარედგინა მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების ის ნაწილი, რისი წარდგენაც შესაძლებელი იყო; თითოეულ მათგანს ასევე მიეცა საშუალება, შეძლებისდაგვარად სამართლიანი პროცესის პირობებში, გაესაჩივრებინა მისი დაპატიმრების საფუძვლები. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, საიმიგრაციო კომისია უფლებამოსილი იყო, ისინი თავდებით გაეშვა. ამიტომ მომჩივნები იმყოფებოდნენ ისეთ პატიმრობაში, რაც გათავისუფლების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა: პირიქით, არსებობდა გათავისუფლების ისევე, როგორც, მოცემულ გარემოებებში პატიმრობის კანონიერებისა და თანაზომიერების უზრუნველსაყოფად, სავალდებულო სასამართლო განხილვის მოთხოვნის უფლება. მომჩივნებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეტოვებინათ გაერთიანებული სამეფო, რისი გაკეთებაც მეორე და მეოთხე მომჩივანმა გადაწყვიტეს კიდეც.
121. მიჩნეული იყო, რომ მომჩივნები ეროვნულ უშიშროებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ და ამიტომ პატიმრობისას ისინი მკაცრი რეჟიმის პირობებში იმყოფებოდნენ, რაც არ იყო არაადამიანური ან დამამცირებელი. თითოეული მათგანს მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა და თითოეული მომჩივნის ინდივიდუალური გარემოებები, მათ შორის მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, მხედველობაში მიიღებოდა იმის გადაწყვეტისას, თუ სად უნდა მოთავსებულიყო თითოეული მათგანი ან რომელიმე მათგანი თავდებით ხომ არ უნდა გათავისუფლებულიყო. ვუდჰილის ციხეში შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომლით სარგებლობაზეც მომჩივნებმა უარი განაცხადეს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 71).
122. რამდენადაც მომჩივნები ჩიოდნენ მათი პატიმრობის ინდივიდუალური პირობებისა და პირადი გარემოებების შესახებ, მათ გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებები არ ამოუწურავთ, რადგან მათ ქვეყნის შიგნით არ უცდიათ შესაბამისი საჩივრების აღძვრა. პატიმრობის პირობების შესახებ ნებისმიერი კონკრეტული საჩივარი ცალკე სასამართლო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ციხის ადმინისტრაციას ევალებოდა 1998 წლის კანონის (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 94) დაცვა და მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაცია ვალდებული იყო მისი ზედამხედველობის ქვეშ პატიმრობაში მყოფი მომჩივნების მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებების შესაბამისად ემოქმედა. რამდენადაც მომჩივნების მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები ემყარებოდა მათი პატიმრობის განუსაზღვრელ ხასიათს, ასეთი პატიმრობა გათვალისწინებული იყო პირველადი კანონმდებლობით (2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი) და მე-13 მუხლი არ შეიცავდა კანონმდებლის წინასწარგანზრახული არჩევანის ეროვნულ სასამართლოში გასაჩივრების უფლებას.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. დასაშვებობა
123. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის საფუძველზე მეორე მომჩივანი 2001 წლის 19 დეკემბერს დააპატიმრეს, ხოლო 2001 წლის 22 დეკემბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან მოროკოში ნებაყოფლობით დაბრუნება გადაწყვიტა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 35). ვინაიდან იგი პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე დღე იმყოფებოდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განიცდიდა რაიმე უსიამოვნებას, გარდა იმისა, რაც პატიმრობას ბუნებრივად ყოველთვის თან ახლავს, მე-3 მუხლზე დამყარებული მისი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით.
ვინაიდან მე-13 მუხლი მოითხოვს გასაჩივრების საშუალებების ხელმისაწვდომობას კონვენციის რომელიმე მუხლის საფუძველზე „დასაბუთებადი საჩივრის“ განსახილველად (იხილეთ, მაგალითად, რამირეს სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №59450/00, § 157, ECHR 2006-IX), შესაბამისად მეორე მომჩივნის მე-13 მუხლზე დაფუძნებული საჩივარი ასევე აშკარად დაუსაბუთებელია.
მეორე მომჩივნის ზემოხსენებული ორივე საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
124. სასამართლო მხედველობაში იღებს მთავრობის განცხადებას, რომ მომჩივნებმა 1998 წლის კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებები არ გამოიყენეს. თუმცა, ვინაიდან მე-13 მუხლზე დაყრდნობით მომჩივნები ჩივიან, რომ მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებები კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული მათი საჩივრების მიზნებისთვის არაეფექტიანი იყო, სასამართლოს აზრით, გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოუწურავობის შესახებ მთავრობის პირველად პრეტენზიაზე უნდა იყოს მსჯელობა მე-3 და მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრების არსებითი განხილივსას.
125. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე დაყენებულმა საჩივრებმა, გარდა მეორე მომჩივნის საჩივრებისა, სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით რთული საკითხები წამოჭრეს, რაც საქმის არსებითი განხილვის დროს უნდა გადაწყდეს. ამიტომ, სასამართლო ადგენს, რომ, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით, განაცხადის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი. რადგან დაუშვებლობის შესახებ სხვა პრეტენზია არ ყოფილა, განაცხადი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
2. არსებითი განხილვა
ა. ზოგადი პრინციპები
126. სასამართლო მკაფიოდ აცნობიერებს იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ქვეყნები ტერორიზმისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვისას დგანან. ეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. კონვენციისა და 1-ლი და მე-4 ოქმების მატერიალური ნორმების უმრავლესობისგან განსხვავებით, მე-3 მუხლის დებულებები არ უშვებს გამონაკლისს და კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერის არსებობისთვის საშიში საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი მე-3 მუხლიდან გადახვევა დაუშვებელია. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, კონვენცია, კონკრეტული პირის ქმედებების მიუხედავად, აბსოლუტურად კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს (იხილეთ ზემოთ, რამირეს სანჩესი, §§ 115-116).
127. ცუდმა მოპყრობამ სისასტიკის მინიმუმ ზღვარს უნდა მიაღწიოს, რომ მე-3 მუხლის დაცვის არეალში მოხვდეს. ამ მინიმუმი ზღვარის შეფასება დამოკიდებულია საქმის მთლიან გარემოებებზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა; გავლენა, რაც მან პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე იქონია; ასევე, ზოგ შემთხვევებში – დაზარალებულის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხილეთ კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №21906/04, § 95, ECHR 2008). სასამართლოს მოპყრობა მიუჩნევია „არაადამიანურად“, inter alia, იმიტომ, რომ ის იყო წინასწარგანზრახული, საათების განმავლობაში გრძელდებოდა და გამოიწვია ფიზიკური დაზიანება ან ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. სასამართლოს მოპყრობა ჩაუთვლია “დამამცირებელად” იმ მიზეზით, რომ მან დაზარალებულში შიშის, დიდი ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა წარმოშვა (იხილეთ, სხვა წყარეობს შორის, კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №30210/96, § 92, ECHR 2000-XI). იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა სასჯელი ან მოპყრობა “დამამცირებელი” მე-3 მუხლის მნიშვნელობით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, იყო თუ არა მოპყრობის ან სასჯელის ამოცანა პირის შეურაცხყოფა და დამცირება; სასჯელის ან მოპყრობისგან გამოწვეულ შედეგებს რაც შეეხება - სასჯელმა ან მოპყრობამ იმოქმედა თუ არა უარყოფითად ადამიანის პიროვნებაზე ისე, რომ მე-3 მუხლთან შეუსაბამო ყოფილიყო. თუმცა, ასეთი ამოცანის არარსებობა თავისთავად მე-3 მუხლის დარღვევის დადგენას არ გამორიცხავს. იმისათვის, რომ სასჯელი ან მოპყრობა იყოს „არაადამიანური“ ან „დამამცირებელი“, მისგან გამოწვეული ტანჯვა ან შეურაცხყოფა უნდა იყოს ტანჯვისა თუ შეურაცხყოფის იმ ელემენტზე უფრო ძლიერი, რასაც თავისთავად იწვევს მოპყრობის ან სასჯელის კონკრეტული კანონიერი ფორმა (იხილეთ ზემოთ რამირეს სანჩესი, §§ 118-119).
128. თუ პირს თავისუფლება აღკვეთილი აქვს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მას ადამიანის ღირსებისა და პატივის შესაბამისი პატიმრობის პირობები ჰქონდეს და რომ გამოყენებული ზომის აღსრულება არ ხდებოდეს ისეთი ფორმით ან მეთოდით, რაც გამოიწვევს ისეთ ტკივილს ან განსაცდელს, რომლის ინტენსივობაც აჭარბებს პატიმრობის თანმდევ გარდაუვალ ტანჯვას (იხილეთ ზემოთ კუდლა, §§ 92-94). მართალია მე-3 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი შეიცავდეს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების ზოგად ვალდებულებას, მაგრამ იგი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას პატიმრობაში მყოფი პირის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევით (იხილეთ ჰურტადო შვეიცარიის წინააღმდეგ, 1994 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, § 79, კომისიის მოსაზრება, სერია „A“ №280-A; მუიზელი საფრანგეთის წინააღმდეგ, №67263/01, § 40, ECHR 2002-IX; აერცი ბელგიის წინააღმდეგ, 1998 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, § 66, Reports of Judgments and Decisions 1998-V; კინანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №27229/95, § 111, ECHR 2001-III). პატიმრობის პირობების შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები პატიმრობის პირობების ერთიანი ეფექტი ისევე, როგორც მომჩივნის მიერ გამოთქმული კონკრეტული პრეტენზიები (იხილეთ ზემოთ რამირეს სანჩესი, § 119). სასჯელის შემცირების ან შემდგომი გათავისუფლების ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე, ზრდასრული პირისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯამ, შესაძლოა, წარმოშვას პრობლემა მე-3 მუხლთან შესაბამისობის კუთხით; მაგრამ საკმარისია, თუ ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობის საკითხის გადახედვას მისი შეცვლის, შემსუბუქების, შეწყვეტის ან პირობით გათავისუფლების მიზნით (იხილეთ ზემოთ კაფკარისი, §§ 97-98).
ბ. ზემოხსენებული პრინციპების წინამდებარე საქმეში გამოყენება
129. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამი მომჩივანი პატიმრობაში დაახლოებით სამი წელი და სამი თვე იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენი მათგანის პატიმრობა უფრო მოკლე პერიოდი გრძელდებოდა. პატიმრობის ხანგრძილივი პერიოდის განმავლობაში მომჩივნებს არ შეეძლოთ განეჭვრიტათ, შესაძლებელი იყო თუ არა მათი გათავისუფლება ან როდის გაათავისუფლებდნენ მათ. მომჩივნებმა მიუთითეს ერთობლივ ფსიქიატრიულ დასკვნაზე, სადაც ეწერა, რომ პატიმრობის განუსაზღვრელმა ხასიათმა თითოეული მათგანის სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვია ან გაამწვავა. მთავრობა ეჭვქვეშ აყენებს ამ დასკვნის სისწორეს ექიმი ჯ-ს ანგარიშზე დაყრდნობით, რომელმაც ერთობლივი დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია გააკრიტიკა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 76-77).
130. სასამართლო მიიჩნევს, რომ მდგომარეობის გაურკვევლობამ და განუსაზღვრელი ვადით პატიმრობის შიშმა მომჩივნების მღელვარება და განცდა უდავოდ გამოიწვია, რასაც მათ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში ექნებოდა ადგილი. გარდა ამისა, ისიც სარწმუნოა, რომ განცდილი სტრესი საკმარისად სერიოზული და ხანგრძლივი იყო, რომ ზოგიერთი მომჩივნის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ემოქმედა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმის შეფასებისას, მიღწეული იყო თუ არა მე-3 მუხლით დადგენილი ინტესივობის საჭირო მინიმალური ზღვარი.
131. თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ შემდგომი გათავისუფლების შანსი ან იმედი (იხილეთ ზემოთ კაფკარისი, § 98). კერძოდ, მათ 2001 წლის კანონით დადგენილი მექანიზმის კანონიერების სასამართლოში გასაჩივრება შეძლეს და 2002 წლის 30 ივლისს საიმიგრაციო კომისიამ, ხოლო 2004 წლის 16 დეკემბერს ლორდთა პალატამ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყვიტეს. გარდა ამისა, თითოეულმა მომჩივანმა ინდივიდუალურად გაასაჩივრა მათ მიმართ გამოყენებული ზომა და საიმიგრაციო კომისია კანონის თანახმად ვალდებული იყო, ექვს თვეში ერთხელ განეხილა, რამდენად არსებობდა პატიმრობის გახანგრძლივების საფუძველი. ამიტომ სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მომჩივნების მდგომარეობა შედარებადია შეუმცირებად სამუდამო პატიმრობასთან, რაც მსგავსად კაფკარისის გადაწყვეტილებისა, მე-3 მუხლის კუთხით პრობლემას წარმოქმნიდა.
132. მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ პატიმრობის პირობებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს და გაუსაძლისი გახადეს მათი ტანჯვა. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთობრლივი ფსიქიატრიული დასკვნა ასევე შეიცავდა საპატიმროებში არსებული ჯანდაცვის სისტემის კრიტიკას და მასში მომჩივნებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება მათი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან შედარებით არაადეკვატურად იყო შეფასებული. ამ საკითხებს წამების საწინააღმდეგო კომისიაც გამოეხმაურა, რომელმაც პატიმრობის პირობების შესახებ დეტალური ანგარიში წარმოადგინა და დაასკვნა, რომ ზოგიერთი მომჩივნის „მდგომარეობა, რაც ვიზიტისას დაფიქსირდა, შეიძლება უთანაბრდებოდეს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.“ წამების საწინააღმდეგო კომისიის აგნარიშის პასუხად, მთავრობამ სრიოზული ეჭვი გამოთქვა მოცემული კრიტიკის მართებულობის შესახებ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 101-102).
133. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფ თითოეულ მომჩივანს შეეძლო, გაესაჩივრებინა პატიმრობის პირობები, მათ შორის, გამოეთქვა პრეტენზია არასათანადო მკურნალობის შესახებ, გასაჩივრების იმ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რაზეც ხელი ყველა პატიმარს მიუწვდებოდა. მომჩივნებს არ უცდიათ ამ მექნიზმების გამოყენება და შესაბამისად, მათ კონვენციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ მოთხოვნა ვერ შეასრულეს. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ განიხილავს პატიმრობის პირობების შესახებ მომჩივნების საჩივრებს; იგი პატიმრობის პირობებს ასევე ვერ მიიღებს მხედველობაში მე-3 მუხლის მიზნებისთვის მომჩივნებისადმი მოპყრობის შეფასებისას.
134. ზემოთ ხსენებული ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მომჩივნების პატიმრობამ მიაღწია ინტენსივობის დადგენილ მაღალ ნიშნულს და გაუთანაბრდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
135. მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ მე-3 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი მათი საჩივრების განსახილველად მათ ხელი არ მიუწვდებოდათ გასაჩივრების შიდასამართლებრივ ეფექტიან საშუალებებზე, რაც მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს ზემოთქმულს, რომ მომჩივნებს ხელი მიუწვდებოდათ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ პატიმრობის პირობების გასაჩივრება. რაც შეეხება საჩივრების უფრო ფუნდამენტურ ასპექტს, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის მთელი სქემა მე-3 მუხლს არ შეესაბამებოდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-13 მუხლი არ შეიცავს გასაჩივრების ისეთ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, სადაც ქვეყნის პირველადი კანონმდებლობის ეროვნულ დონეზე გასაჩივრება იქნება შესაძლებელი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობა კონვენციასთან შეუსაბამოა (იხილეთ ჯეიმსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1986 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, §85, სერია „A“ №98; როშე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №32555/96, §137, ECHR 2005-X).
136. საბოლოოდ, სასამართლო არ ადგენს როგორც ცალკე აღებული მე-3 მუხლის, ისე მასთან მიმართებაში მე-13 მუხლის დარღვევას.
II. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის სავარაუდო დარღვევა
137. განცმხადებლები დაობდნენ, რომ მათი დაპატიმრება იყო უკანონო და კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან შეუსაბამო.
138. პალატის მიერ საქმის კომუნიცირების შემდეგ, თავდაპირველად წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებული საჩივრის გასაბათილებლად კონვენციის მე-15 მუხლზე მითითებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან უკან დახევის საკითხს კი არ დასვამდა, არამედ ამ საკითხს უკომენტაროდ დატოვებდა, მასთან დაკავშირებით ლორდთა პალატის მიერ მთავრობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით. სანაცვლოდ მთავრობის არგუმენტი იქნებოდა, რომ მომჩივნები კანონიერად, დეპორტაციის მიზნით იყვნენ დაპატიმრებულები მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის შესაბამისად.
თუმცა, 2008 წლის 11 თებერვლით დათარიღებულ დიდი პალატისთვის წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში მთავრობამ პირველად გამოხატა სურვილი ედავა, რომ მომჩივანთა დაპატიმრება ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გამოიწვევდა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევას, რადგან გაერთიანებული სამეფოს მიერ მე-15 მუხლზე დაყრდნობით გაკეთებული დეროგაცია ძალაში იყო.
139. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამის დებულებებში ნათქვამია:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
...
(ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ... იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციისთვის.“
კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად:
„1. ომის ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან დეროგაციის მიზნით მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მის სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.
2. დაუშვებელია წინარე პუნქტის საფუძველზე კონვენციის მე-2 მუხლიდან დეროგაცია, გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის შემთხვევისა, აგრეთვე, დეროგაცია მე-3, მე-4 (1-ლი ნაწილი) და მე-7 მუხლებიდან.
3. ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც იყენებს დეროგაციის უფლებას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებებისა და მათი მიზეზების შესახებ. იგი აგრეთვე ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ასეთ ღონისძიებათა შეწყვეტისა და კონვენციის დებულებათა სრულად ამოქმედების თარიღს.“
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივნები
140. მომჩივნებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ საქმის ეროვნულ სასამართლოებში განხილვისას მთავრობას არ განუცხადებია, რომ მომჩივნები დაპატიმრებულები იყნვნენ, როგორც პირები “ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი [მათი] დეპორტაციის ან ექსტრადიციისთვის”; სანაცვლოდ მთავრობა დაეყრდნო მე-15 მუხლის თანახმად კონვენციიდან დეროგაციის შესახებ არგუმენტს. განმცხდებლები მიიჩნევდნენ, რომ მთავრობის მიერ სასამართლოს წინაშე ახალი არგუმენტის წამოყენება სიტუაციის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა და არ შეესაბამებოდა სუბსიდიარობის პრინციპს, რის გამოც მთავრობის ახალი არგუმენტი არ უნდა ყოფილიყო დაშვებული.
141. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მთავრობის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს განიხილავდა, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მე-5 მუხლით გარანტირებული უფლება ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო და იქ მოცემული გამონაკლისები მკაცრად უნდა ყოფილიყო განმარტებული. მათი მდგომარეობის მსგავსად, როცა მიმღებ ქვეყანაში მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობის რისკის არსებობის გამო დეპორტაცია შეუძლებელი იყო, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტი არ ითვალისწინებდა პირის დაპატიმრებას მიუხედავად იმისა, მისგან მოდიოდა თუ არა ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე. დეპორტაციის მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო ღონისძიებად განხილვა არ ნიშნავდა, რომ „ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციისთვის”; დაპატიმრება იყო ღონისძიება, რომელიც დეპორტაციის უკვე მიმდინარე პროცედურებს კი არ უკავშირდებოდა, არამედ სწორედ მის შედეგად სამომავლოდ დეპორტაცია შესაძლებელი ხდებოდა. ასეთი ბუნდოვანი და დაუკონკრეტებელი „ღონისძიებისთვის“ დაპატიმრება წარმოადგენდა თვითნებურ ქმედებას. გარდა ამისა, საიმიგრაციო კომისიის მიერ მომჩივნების სააპელაციო საჩივრების განხილვის პერიოდში (2002 წლის ივლისი-2003 წლის ოქტომბერი), მთავრობის პოზიცია იყო, რომ მე-3 მუხლის მოთხოვნების დაცვით მომჩივნების დეპორტაცია შეუძლებელი იყო და რომ დეპორტაციის შესახებ სავარაუდო მიმღებ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყება არ უნდა ეცადათ. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ მთავრობის მიერ მომჩივნების დეპორტაციის საკითხი არ „განიხილებოდა“.
142. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეროგაციის წინააღმდეგ ლორდთა პალატის მიღებული გადაწყვეტილების მთავრობის მიერ ეჭვქვეშ დაყენება დიდ პალატაში პროცესის ასეთ გვიან ეტაპზე, მთავრობის მხრიდან სიტუაციის ბოროტად გამოყენება იყო. მომჩივნების აზრით, მთავრობის სასამართლოსადმი თხოვნა, განეხილა საკუთარი ეროვნული სასამართლოების სავარაუდო ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომები, მე-19 მუხლთან და სუბსიდიურობის პრინციპთან შეუსაბამო იქნებოდა. მთავრობის მიდგომა, ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი უზენაესი სასამართლო ინსტანციის დასკვნები იმ კანონმდებლობაზე, რომელიც პარლამენტმა საკუთარი ნებით გააუქმა, მიზნად ისახავდა ქვეყნის შიდა კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებების შეზღუდვას და შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა კონვენციის 53-ე მუხლს. ვინაიდან კანონმდებლობა და დეროგაცია უკვე გაუქმებული იყო, მთავრობა, ფაქტობრივად, ცდილობდა, სასამართლოსგან მიეღო საკონსულტაციო მოსაზრება, რომელსაც შესაძლოა მომავალში გამოიყენებდა. ამის დაშვება 34-ე მუხლით გარანტირებული ინდივიდუალური საჩივრის უფლებაზე არსებით გავლენას იქონიებდა – მომჩივნები საჩივრების წარდგენისგან თავს შეიკავებდნენ, ექნებოდათ რა შიში, რომ მთავრობები მათივე უზენაესი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევას შეეცდებოდნენ.
143. თუ სასამართლო გადაწყვეტდა კონვენციიდან დეროგაციის კანონიერების საკითხის განხილვას, მომჩივნები თვლიდნენ, რომ მთავრობას არ უნდა მისცემოდა იმ არგუმენტების გამოყენების საშუალება, რომლებიც მას ეროვნულ სასამართლოებში მიმდინარე პროცესების დროს არ წარმოუდგენია. კერძოდ, პირველი – მოსაზრება, რომ გამართლებული იყო მოცემული ღონისძიების მხოლოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი სხვა ქვეყნის, და არა გაერთიანებული სამეფოს, მოქალაქეების მიმართ გავრცელება, რაც განპირობებული იყო ინტერესით, გაზრდილიყო მუსლიმანი მოქალაქეების ლოიალობა და დაპატიმრების საფრთხის წინაშე დაყენებით არ შექმნილიყო მათი რადიკალებად ქცევის საფრთხე; მეორე – არგუმენტი, რომ პატიმრობის მექანიზმის მხოლოდ უცხოელი მოქალაქეების მიმართ გამოყენების შედეგად გამოთავისუფლდა სამართალდამცავი სტრუქტურების რესურსები, რაც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებზე ზედამხედველობისთვის წარიმართა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 151). ვინაიდან მთავრობა ცდილობდა, წარმოედგინა დეროგაციის გამამართლებელი არგუმენტები, რომლებიც ეროვნული სასამართლოების წინაშე არასდროს გამოთქმულა, მთავრობის მოთხოვნა გულისხმობდა, რომ ევროპულ სასამართლოს ძალიან საკამათო საკითხებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს რანგში უნდა ემსჯელა.
144. ისევ და ისევ, თუ სასამართლო დეროგაციის კანონიერების საკითხის განხილვას გადაწყვეტდა, არ იყო აუცილებელი ეროვნული სასამართლოების დასკვნების განსაკუთრებულად პატივისცემა იმაზე მსჯელობისას, მე-15 მუხლის მნიშვნელობით იყო თუ არა საგანგებო მგომარეობა. მომჩივნის აზრით, არ არსებობდა სასამართლო პრეცედენტები, რომელიც დეროგაციისთვის საკმარისად მიიჩნევდა ტერორისტული აქტის ჩანასახოვან საფრთხეს, რომელიც არ ყოფილა გამოცხადებული, როგორც გარდაუვალი. კონვენციის იურისპრუდენციაში არსებული ყველა მაგალითი ეხება დეროგაციებს, რაც ჩრდილოეთ ირლანდიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში არსებული ტერორიზმის, რომელიც ამ ქვეყნების მთელ ინფრასტრუქტურას რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, დასამარცხებლად გაკეთდა. მე-15 მუხლის ეროვნული ხელისუფლებისეული განმარტება, რომ დაშვებული იყო დეროგაცია მაშინაც კი, როცა საფრთხე არა მაინცდამაინც გაერთიანებული სამეფოს, არამედ მისი მოკავშირე, სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ იყო სწორი.
145. ნებისმიერ შემთხვევაში, 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილისა და ბრალდების გარეშე უცხოელ მოქალაქეთა განუსაზღვრელი ვადით დაპატიმრების მასში მოცემული უფლებამოსილების ამოქმედება, როგორც ლორდთა პალატამ დაადგინა, არ იყო “საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროებებისთვის აუცილებელი”. გასაჩივრებულ ღონისძიებებსა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტის თავიდან აცილების საჭიროებას შორის არ არსებობდა გონივრული კავშირი; ეს ღონისძიებები კი ითვალისწინებდა გაუმართლებელ დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიადაგზე. საიმიგრაციო კომისიამ, რომელმაც როგორც დახურული, ისე ღია მასალები იხილა, დაასკვნა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისგან მომავალი ძალიან სერიოზული საფრთხის არსებობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვებოდა. არ არსებობდა იმის მტკიცების საფუძველი, რომ თავისუფლების ფუნდამენტური უფლება უცხოელი მოქალაქისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქისთვის. ეროვნული კანონმდებლობის, კონვეცნიისა და საერთაშორისო საჯარო სამართლით დადგენილი ნორმების თანახმად, იმიგრაციისა და პოლიტიკური საქმიანობის კონტექსტს გარეთ, უცხოელები თანასწორი მოპყრობის უფლებით სარგებლობენ. საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელი იყო სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, 2005 წლის ტერორიზმის პრევენციის შესახებ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ბრძანებები; სისხლის სამართლით დასჯადი დამატებითი ქმედებების განსაზღვრა-შემოღება, რაც ტერორისტული საქმიანობის მოსამზადებელ ეტაპზე ჩართული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას შექმნიდა; ან სისხლის სამართლის პროცესში კომუნიკაციის საშუალებების მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ აკრძალვის გაუქმება.
2. მთავრობა
146. მთავრობამ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ქვეყნებს ჰქონდათ მათ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლაზე, ცხოვრებასა და გაძევებაზე კონტროლის განხორციელების ფუნდამენტური უფლება. დასკვნის გასამართლებლად, რომ ხელმშემკვრელი სახელმწიფოების განზრახვა იყო, კონვენციის მეშვეობით უარი ეთქვათ თავიანთ შესაძლებლობაზე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან მომდინარე საფრთხისგან დაეცვათ ეროვნული უშიშროება, კონვენციაში მკაფიო ჩანაწერის არსებობა იქნებოდა საჭირო. ჩვეულებრივი მნიშვნელობით, “ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციისთვის” მოიცავდა სიტუაციებს, როცა ხელშემკვრელ სახელმწიფოს უცხოელის დეპორტაციის სურვილი ჰქონდა, აქტიურად განიხილავდა ამ შესაძლებლობას და მხოლოდ საგანგებო, გარეშე გარემოებების გამო იკავებდა თავს მისი განხორციელებისგან. ჩაჰალის საქმეში (იხილეთ ზემოთ) სასამართლომ დაადგინა, რომ ექვს წელზე მეტი ხნით პატიმრობა – საიდანაც სამი წელი მომჩივანი პატიმრობაში იმ მიზეზით იმყოფებოდა, რომ მისი გაძევება შეუძლებელი იყო კომისიის მიერ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების გამო, – მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტთან შესაბამისი იყო.
147. 2001 წლის კანონის საფუძველზე კვალიფიცირებისას, თითოეულ მომჩივანს გადაეცა მოსალოდნელი დეპორტაციის შესახებ უწყება. მეორე და მეოთხე მომჩივნებმა გადაწყვიტეს მაროკოსა და საფრანგეთში წასვლა და პირველივე შესაძლებლობისთანავე, მათ მიეცათ გაერთიანებული სამეფოდან გამგზავრების უფლება; აქედან გამომდინარე, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის კუთხით მათ მიმართ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სხვა მომჩივნების დეპორტაციის შესაძლებლობა მათი პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა. ამისთვის მათი წარმომავლობის ქვეყნებში არსებული სიტუაციის მონიტორინგი მიმდინარეობდა. გარდა ამისა, 2003 წლის ბოლოდან მოყოლებული, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალჟირსა და იორდანიასთან ურითერთშეთანხმების მემორანდუმის გასაფორმებლად, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნების მოქალაქეობის მქონე მომჩივნები იქ დაბრუნების შემთხვევაში დაცული იქნებოდნენ არასათანადო მოპყრობისგან.
148. მთავრობა, დაეყრდნო რა სამართლიანი ბალანსის პრინციპს, რომელიც საფუძვლად უდევს კონვენციას, განაცხადა, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტი უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ბალანსი ინდივიდის ინტერესებსა და არაკეთილმოსურნე უცხოელებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვის სახელმწიფო ინტერესს შორის. მომჩივნების დაპატიმრებამ ეს ბალანსი დაიცვა – სახელმწიფოს მართლზომიერი მიზანი, უზრუნველეყო საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება, მიღწეულ იქნა უცხოელის ყველაზე მთავარი ინტერესის – არ ყოფილიყო დეპორტირებულ იქ, სადაც იგი სიკვდილის ან წამების საფრთხის წინაშე დადგებოდა – დათმობის გარეშე. გარდა ამისა, სამართლიანი ბალანსი დაცული იყო იმითაც, რომ უცხოელებს ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებულ საქმეებში დაპატიმრების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ჰქონდათ დაცვის ადეკვატური საშუალებები.
149. მთავრობის ალტერნატიული არგუმენტის მიხედვით, მომჩივნების დაპატიმრება არ წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას მე-15 მუხლის თანახმად გაკეთებული დეროგაციის გამო. იმ დროს იყო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ერის არსებობას. ეს შეფასება ეროვნული სასამართლოების სრულმასშტაბიანი განხილვის საგანი იყო. საიმიგრაციო კომისიამ დეტალურად შეისწავლა საფრთხის დამადასტურებელი როგორც ღია, ისე დახურული მტკიცებულებები და საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინდა ზეპირი სასამართლო მოსმენა, სადაც მოხდა მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა. საიმიგრაციო კომისიამ ისევე, როგორც სააპელაციო სასამართლომ, ერთხმად დაამტკიცა მთავრობის შეფასება; ხოლო ლორდთა პალატის ცხრა მოსამართლიდან რვამ დაუჭირა მას მხარი. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ხელისუფლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით თავისუფალი შეფასების დიდი ზღვარით სარგებლობს, სასამართლოს მიერ განსხვავებული დასკვნის გაკეთების სათანადო საფუძველი არ არსებობს.
150. მთავრობამ განმარტა, რომ ის განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდებოდა ლორდთა პალატის გადაწყვეტილებასა და შეუსაბამობის შესახებ დეკლარაციას და რომ მათ გააუქმეს პრობლემატური კანონმდებლობა. მიუხედავად ამისა, დიდი პალატისთვის საქმის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მთავრობამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო ლორდთა პალატის მსჯელობებისა და დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება, რადგან საკითხი ფართო კონსტიტუციური მნიშვნელობის იყო და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ესაჭიროებდათ დიდი პალატის მკაფიო განმარტებები იმაზე, თუ რა ღონისძიებები ჩაითვლებოდა მართლზომიერად ტერორიზმის სავარაუდო საფრთხის აღმოფხვრის მცდელობისას. მთავრობის აზრით, ლორდთა პალატა შეცდა, როცა იმის შეფასებისას, თუ რა ღონისძიებების გატარება იყო მკაცრად აუცილებელი, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ძალიან ვიწრო არე მიაკუთვნა; ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი არ იყო მხოლოდ მთავრობის მსჯელობის შედეგი – მასზე დებატები პარლამენტშიც მოეწყო. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა კანონმდებლობა აბსტრაქტულად განიხილეს და მხედველობაში არ მიიღეს მომჩივნების საქმეების კონკრეტული გარემოებები; მათ შორის, მომჩივანთა დეპორტაციის შეუძლებლობა, ის საფრთხე, რომელსაც თითოეული მათგანი უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას, თვალთვალის და დაპატიმრების გამოყენების გარეშე კონტროლის სხვა საშუალებების არაადეკვატურობა და მომჩივნებისთვის ხელმისაწვდომი პროცესუალური გარანტიები.
151. მთავრობამ საბოლოოდ განაცხადა, რომ ლორდთა პალატის დასკვნა განაპირობა არა იმან, რომ ის მომჩივანთა დაპატიმრების აუცილებლობას ვერ ხედავდა, არამედ იმან, რომ კანონი არ ითვალისწინებდა გაერთიანებული სამეფოს იმ მოქალაქის დაპატიმრების შესაძლებლობას, ვინც ასევე უქმნიდა საფრთხეს ეროვნულ უშიშროებას და საერთაშორისო ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი. თუმცა, მხოლოდ უცხოელი მოქალაქეების დაპატიმრების სერიოზული მიზეზები არსებობდა; კონვენცია პირდაპირ აღიარებდა და გულისხმობდა კიდეც, რომ იმიგრაციის სფეროში მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის განსხვავებული მოპყრობა დასაშვები იყო. პირველი ღონისძიება, რომლის გატარებაც მომჩივნების მიმართ მთავრობას სურდა, იყო დეპორტაცია – ზომა რომლის გამოყენებაც ნებადართულია უცხოელების და არა მოქალაქეების მიმართ. ლორდთა პალატის მიერ გავლებული პარალელი “უცხოელებს [მომჩივნების მსგავსად], რომელთა დეპორტაციაც შეუძლებელია” და “ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაციაც შეუძლებელია” შორის იყო მცდარი, რადგან პატიმრობისას მომჩივნებს ქვეყნიდან გაძევებისგან დაცვის ისეთი გარანტიები არ ჰქონდათ, როგორიც აქვს ბრიტანეტის მოქალაქეს. გარდა ამისა, შესაბამის პერიოდში მთავრობამ მიიჩნია, რომ უფრო დიდი რისკი მოდიოდა უცხოელი მოქალაქეებისგან; მართლზომიერია, რომ სახელმწიფო, საგანგებო მდგომარების განმუხტვის პროცესში, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდეს და პირველ რიგში ყველაზე საშიშად მიჩნეული საფრთხის განეიტრალებას შეეცადოს, რაც საშუალებას მისცემს გამოათავისუფლოს რესურსები ბრიტანეთის მოქალაქეებისდან მომდინარე უფრო მცირე საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გონივრული იყო მისი მუსლიმანი მოსახლეობის ფაქტორის მხედველობაში მიღება, რომ ექტრემისტთა მიერ მათი თავის რიგებში გაწვევის შანსები შეემცირებინა.
3. მესამე მხარე, „Liberty“
152. „Liberty“-მ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 6) განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოების წინაშე პატიმრობის მოცემული ღონისძიების მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან შესაბამისობის საკითხის განუხილველობით, მთავრობამ სასამართლოს ლორდთა პალატის მოსაზრებებით სარგებლობის შესაძლებლობა მოუსპო და ქმედებისთვის აირჩია ისეთი გზა, რაც მომჩივნებისთვის ღია არ იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, პატიმრობა არ ექცეოდა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის სფეროში, რადგან 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილით დაშვებული იყო განუსაზღვრელი ვადით პატიმრობა და იმ დროს არ არსებობდა რეალური მოლოდინი, რომ მომჩივნების დეპორტაცია შესაძლებელი იქნებოდა. თუ მთავრობამ ვერ შეძლო მომჩივნების დეპორტაცია მათი მე-3 მუხლით დაცული უფლებების გამო, იგი ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ვერ დაეყრდნობოდა, როგორც მომჩივნების მე-5 მუხლით დაცული უფლებების მნიშვნელობის ან შინაარსის შეცვლის მიზეზს. ნაცვლად ამისა, სწორი გზა იყო მე-5 მუხლიდან დეროგაცია სიტუაციიდან გამომდინარე მკაცრად განსაზღვრული საჭიროებების ფარგლებში, ან შესაბამისი პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერორიზმთან დაკავშირებული მრავალი დანაშაულებიდან ერთ-ერთის ჩადენისთვის, მაგალითად, როგორიცაა აკრძალული ორგანიზაციის გაცხადებული წევრობა, სავარაუდო ტერიროსტული საქმიანობის შესახებ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა, მამხილებელი ნივთების ფლობა და ტერორისტული აქტების ჩადენის, მომზადებისა და პროვოცირების არაპირდაპირი ხელშეწყობა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 89 და 95).
ბ. სასამართლოს შეფასება
1. სასამართლოს წინაშე განსახილველი საქმის ფარგლები
153. თავდაპირველად სასამართლომ მომჩივნის პირველად პრეტენზიაზე უნდა იმსჯელოს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას არ უნდა მიეცეს საშუალება მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებული საჩივრის წინააღმდეგ არგუმენტების წარმოდგენისას დაეყრდნოს მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისს, რადგან მთავრობას ეს არგუმენტი ეროვნული სასამართლოების წინაშე არ გამოუყენებია.
154. სასამართლოს სუბსიდიური ფუნქცია აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემების მიმართ. ამიტომ, მართებულია, რომ თავდაპირველად ეროვნულ სასამართლოებს მიეცეთ შესაძლებლობა შეაფასონ, შეესაბამება თუ არა ეროვნული კანონმდებლობა კონვენციას; თუკი ამის შემდეგ განაცხადი მაინც შემოვა სასამართლოში, ამ უკანასკნელს უნდა შეეძლოს, ისარგებლოს ეროვნული სასამართლოების მოსაზრებებით, რადგან ეროვნული სასამართლოებს აქვთ პირდაპირი და განგრძობადი კავშირი მათი ქვეყნის ხელისუფლებასთან (იხილეთ ზემოთ ბურდენი, § 42). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენილ არგუმენტებთან შესაბამისობაში იყო მის მიერ ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი არგუმენტები. კერძოდ, მთავრობა სასამართლოს ვერ წარმოუდგენს ისეთ არგუმენტებს, რომლებიც შეუთავსებელია მის მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე გამოთქმულ პოზიციასთან (იხილეთ, mutatis mutandis, შპს „პაინ ველი დეველოფმენთს“ და სხვები ირლანდიის წინააღმდეგ, 1991 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, § 47, სერია „A“ №222; კოლომპარი ბელგიის წინააღმდეგ, 1992 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, §§ 31-32, სერია „A“ №235-C).
155. თუმცა სასამართლო არ მიიჩნევს, რომ პატიმრობის გასამართლებლად მთავრობას არ შეეძლო, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტს დაყრდნობოდა. ცხადია, რომ მთავრობა დეროგაციის კონტექსტში და დეროგაციის შესახებ ეროვნულ სასამართლოებში მიმდინარე პროცესის დროს, შეგნებულად ღიად ტოვებდა მე-5 მუხლის გამოყენების საკითხს. გარდა ამისა, ლორდთა პალატის წევრთა უმრავლესობამ დეროგაციის კანონიერების შეფასებისას პირდაპირ ან მინიშნებით იმსჯელეს იმაზე, შეესაბამებოდა თუ არა პატიმრობა მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17).
156. მომჩივნები ასევე მიიჩნევდნენ, რომ მთავრობას არ უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე ეჭვქვეშ დაეყენებინა ლორდთა პალატის მიერ დეროგაციის უკანონოდ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება.
157. მოცემული სიტუაცია უდავოდ უჩვეულოა, რადგან, როგორც წესი, მთავრობები მათივე უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ არ დაობენ და ამ გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვი არ შეაქვთ. თუმცა არ არსებობს ნორმა, რომელიც მთავრობას ასეთ დავას უკრძალავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავრობას მიაჩნია, რომ ეროვნული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვენციასთან მიმართებაში პრობლემატურია და არსებობს ევროპული სასამართლოს მხრიდან დამატებითი განმარტებების საჭიროება.
158. წინამდებარე საქმეში, ვინაიდან ადამიანის უფლებათა კანონთან შეუსაბამობის შესახებ დეკლარაცია ეროვნულ დონეზე სასამართლო დავის მხარეთათვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 94), მომჩივანთა წარმატებამ ლორდთა პალატაში არ გამოიწვია მათი გათავისუფლება და უკანონო პატიმრობის გამო მათთვის კომპენსაციის გადახდა და ამიტომ საჭირო გახდა წინამდებარე განაცხადის სასამართლოში შემოტანა. ვინაიდან მომჩივნები ითხოვენ მათი პატიმრობის კანონიერების განხილვას, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე პრინციპულ მიზეზს, რის გამოც მთავრობას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს ყველა შესაძლო არგუმენტი, რათა დაიცვას გასაჩივრებული ღონისძიება, თუნდაც ეს გულისხმობდეს მისი ქვეყნისვე უზენაესი სასამართლოს დასკვნების ეჭვქვეშ დაყენებას.
159. შესაბამისად, სასამართლო უარს ამბობს მომჩივნების პირველადი პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე.
2. დასაშვებობა
160. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი მომჩივნების საჩივრები შეიცავენ რთულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც საჭიროებს საქმის არსებით განხილვას. ამიტომ სასამართლო ადგენს, რომ განაცხადის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის გაგებით. საქმის დაუშვებლობის შესახებ სხვა პრეტენზია გამოთქმული არ ყოფილა და იგი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
3. არსებითი განხილვა
161. სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, მომჩივანთა დაპატიმრება დასაშვები იყო თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის საფუძველზე, რადგან თუ ეს პუნქტი მართლაც ქმნის გამამართლებელ არგუმენტს მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილზე დაყრდნობით წარმოდგენილი საჩივრების წინააღმდეგ, მაშინ აღარ გახდება იმის შეფასება საჭირო, იყო თუ არა დეროგაცია კანონიერი (იხილეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1978 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, § 191, სერია „A“ №25).
ა. იყვნენ თუ არა მომჩივნები კანონიერად დაპატიმრებული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის შესაბამისად
162. მე-5 მუხლით დაცულია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, კერძოდ, იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ მისი თავისუფლების უფლების თვითნებური შეზღუდვისგან (აკსოი თურქეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 76, Reports 1996-VI). მე-5 მუხლის ტექსტიდან გამომდინარე ცხადია, რომ მასში მოცემული გარანტიები იცავს “ყველას”.
163. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) - (ვ) პუნქტებში მოცემულია იმ საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია, პირს თავისუფლება აღეკვეთოს; თავისუფლების აღკვეთა ვერ ჩაითვლება კანონიერად, თუ არ არსებობს რომელიმე ეს საფუძველი (იხილეთ საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №13229/03, § 43, ECHR 2008). ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც (ვ) პუნქტშია მოცემული, უშვებს სახელმწიფოს მიერ უცხოელთა თავისუფლებაზე კონტროლის განხორციელებას იმიგრაციის კონტექსტში (იხილეთ ზემოთ საადი, § 64). მთავრობა აცხადებს, რომ მომჩივნების დაპატიმრება გამართლებული იყო ხსენებული პუნქტის მეორე წინადადებით და რომ თითოეული მათგანი დაპატიმრებული იყო, როგორც პირი “ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციისთვის”.
164. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტი არ მოითხოვს, რომ დაპატიმრება იყოს საფუძვლიანად მიჩნეული აუცილებლობა, მაგალითად პირის მიერ დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად ან მისი მიმალვის თავიდან ასაცილებლად. თავისუფლების აღკვეთა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე გამართლებული იქნება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა დეპორტაციის ან ექსტრადიციის პროცედურები მიმდინარეობს. თუ ეს პროცედურები არ წარიმართა სათანადო გულმოდგინებით, პატიმრობა აღარ იქნება გამართლებული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტით (იხილეთ ზემოთ, ჩაჰალი § 113). თავისუფლების აღკვეთა ასევე უნდა იყოს “კანონიერი”. როცა დაპატიმრების “კანონიერება” სადავოა, მათ შორის როცა ისმის კითხვა, მოხდა თუ არა დაპატიმრება „კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, კონვენცია არსებითად მიანიშნებს ეროვნულ კანონმდებლობაზე და ადგენს ეროვნული კანონმდებლობის მატერიალური და საპროცესო ნორმების შესრულების ვალდებულებას. თუმცა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის დაცვა არაა საკმარისი: მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი დამატებით მოითხოვს, რომ თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი შემთხვევა ინდივიდის თვითნებობისგან დაცვის მიზანთან შეთავსებადი უნდა იყოს. ფუნდამენტური პრინციპია, რომ თვითნებური დაპატიმრება არ შეიძლება შესაბამისობაში იყოს მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან და ამ უკანასკნელთან მიმართებაში “თვითნებობის” ცნება არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას, რაც ნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული შემთხვევა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად შეიძლება კანონიერი იყოს, მაგრამ, ამავე დროს, იყოს თვითნებური და შესაბამისად კონვენციასთან შეუსაბამო (იხილეთ ზემოთ, საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 67). იმისთვის, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტის საფუძველზე დაპატიმრება არ იყოს მიჩნეული, როგორც თვითნებური, ის უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად; ის მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული დაპატიმრების იმ საფუძველთან, რასაც მთავრობა ეყრდნობა; პატიმრობის ადგილი და პირობები უნდა იყოს სათანადო; და პატიმრობის ხანგრძლივობა არ უნდა სცდებოდეს იმ მიზნის მისაღწევად საჭირო გონივრულ ვადას, რისთვისაც მოხდა პატიმრობის ღონისძიების გამოყენება (იხილეთ ზემოთ, mutatis mutandis, საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 74).
165. პირველი, მესამე და მეექვსე მომჩივნები 2001 წლის კანონის საფუძველზე 2001 წლის 19 დეკემბერს დააპატიმრეს; მეშვიდე მომჩივანი 2002 წლის 9 თებერვალს დააპატიმრეს; მერვე მომჩივანი - 2002 წლის 23 ოქტომბერს; მეცხრე მომჩივანი - 2002 წლის 22 აპრილს; მეათე მომჩივანი - 2003 წლის 14 იანვარს; და მეთერთმეტე მომჩივანი - 2003 წლის 2 ოქტომბერს. არც ერთი მომჩივანის გათავისუფლება არ მომხდარა 2005 წლის 10-11 მარტამდე. მეხუთე მომჩივანი დაპატიმრებული იყო 2001 წლის 19 დეკემბრიდან 2004 წლის 22 აპრილამდე, როცა იგი მკაცრი პირობებით თავდებით გაათავისუფლეს. მეორე და მეოთხე მომჩივნები ასევე იყვნენ დაპატიმრებულები 2001 წლის 19 დეკემბერს, თუმცა მეორე მომჩივანი 2001 წლის 22 დეკემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მან მაროკოში დაბრუნება გადაწყვიტა; ხოლო მეოთხე მომჩივანი 2002 წლის 13 მარტს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთში გამგზავრება გადაწყვიტა. პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში მომჩივნები პატიმრობის მკაცრ რეჟიმში იმყოფებოდნენ ბელმარშის ან ვუდჰილის ციხეებში, ან ბროდმურის საავადმყოფოში. ამიტომ იმის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია, რომ მომჩივნებს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდათ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით (იხილეთ ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1976 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, სერია “A” №22).
166. მომჩივნები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მთავრობა გაერთიანებული სამეფოდან მათ დეპორტაციას მოახდენდა, რომ ყოფილიყო შესაძლებელი ისეთი მიმღები ქვეყნის მოძებნა, სადაც მომჩივნები არ დადგებოდნენ მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე (საადი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №37201/06, §§ 125 და 127, ECHR 2008). მართალია მოპასუხე სახელმწიფოს მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო შეუძლებელი იყო მომჩივნების გაერთიანებული სამეფოდან გაძევება, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა, უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მაინც ჩათვალა საჭიროდ მათი დაპატიმრება, რადგან თვლიდა, რომ მომჩივნების ყოფნა ქვეყანაში რისკის ქვეშ აყენებდა ეროვნულ უშიშროებას; მას ეჭვი ჰქონდა, რომ მომჩივნები დაპატიმრების დროს, ან მანამდე, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული აქტის განხორციელებაში, მომზადებასა ან პროვოცირებაში და ისინი მიეკუთვნებოდნენ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფს, იყვნენ ასეთი ჯგუფის წევრები ან ჰქონდათ მასთან კავშირი. ასეთი ტიპის დაპატიმრება, 2001 წლის კანონის მე-4 მუხლის დამტკიცებამდე, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად უკანონოდ ჩაითვლებოდა, რადგან ჰარიდიალ სინგჰის საქმეზე 1984 წლის გადაწყვეტილების თანახმად, დაპატიმრების უფლებამოსილება ვერ განხორციელდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმ პირის ქვეყნიდან გაძევება, ვის შესახებაც გაცემული იყო დეპორტაციის შესახებ ბრძანება, გონივრულ ვადაში მოხდებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 87). ამიტომ, კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დეროგაციის შესახებ შეტყობინებაში ეწერა, რომ გაზრდილი უფლებამოსილება იყო საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებისა და დაპატიმრებისთვის, “როცა გაძევება ან დეპორტაცია მოცემულ დროს შეუძლებელია, რის შედეგადაც დაპატიმრება მოქმედი შიდა კანონმდებლობის თანახმად უკანონო იქნება” (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 11).
167. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება, რაც დეროგაციის შესახებ შეტყობინებას, 2001 წლის აქტსა და მომჩივნების დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, იყო ის, რომ “მოცემულ დროს” მათი ქვეყნიდან გაძევება ან დეპორტაცია შეუძლებელი იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 11 და 90). არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი პატიმრობის პერიოდში, გარდა მეორე და მეოთხე მომჩივნების შემთხვევებისა, არსებობდა მათი ქვეყნიდან ისეთი გაძევების რეალური შესაძლებლობა, რაც მათ მე-3 მუხლთან შეუსაბამო სასტიკი მოპყრობის რეალური რისკის წინაშე არ დააყენებდა. მართლაც, პირველი მომჩივანი არის მოქალაქეობის არმქონე პირი და მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ არსებობდა სხვა ქვეყანა, რომელსაც მისი მიღება სურდა. 2003 წლის ბოლომდე, მთავრობას არ უწარმოებია მოლაპარაკებები ალჟირსა და იორდანიასთან გარანტიების მისაღებად იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეობის მქონე მომჩივნები იქ დაბრუნების შემთხვევაში დაცული იქნებოდნენ არასათანადო მოპყრობისგან, ხოლოს ასეთი გარანტიები მას 2005 წლის აგვისტოზე ადრე არ მიუღია (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 86). მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოპასუხე მთავრობის მიდგომა მომჩივნების ქვეყნიდან დეპორტაციის საკითხის “აქტიური განხილვა, იყო საკმარისად მკაფიო ან განსაზღვრული, რათა ჩათვლილიყო, რომ მთავრობის მიერ „ხორციელდება ღონისძიებანი ... დეპორტაციისთვის“.
168. ამ დასკვიდან გამონაკლისს წარმოადგენდა მეორე მომჩივანი, რომელიც მხოლოდ სამი დღით იყო დაპატიმრებული მაროკოში მის დაბრუნებამდე; ასევე – მეოთხე მომჩივანი, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში 2002 წლის 13 მარტს გაემგზავრა, რაც ნიშნავს, რომ იგი სამ თვეზე ნაკლები ვადით იყო დაპატიმრებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 35 და 41). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული პერიოდებით ამ ორი მომჩივნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საფუძვლიანად შეიძლება იყოს მიჩნეული, რომ ამ მომჩივნების მიმართ ტარდებოდა ღონისძიებები მათი დეპორტაციის მიზნით, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლება პროცედურების იმ ეტაპზე ადგენდა მომჩივნების მოქალაქეობას და იკვლევდა, იყო თუ არა შესაძლებელი მათი წარმომავლობის ან სხვა ქვეყნებში გაძევება (იხილეთ გებრემედჰინი [გაბრემედჰინი] საფრანგეთის წინააღმდეგ, №25389, § 74, 2007 წლის 26 აპრილი). შესაბამისად, მეორე და მეოთხე მომჩივნების მიმართ არ დარღვეულა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი.
169. მართალია, რომ იმ მომჩივნების პატიმრობის ხანგრძლივობაც კი, ვინც ყველაზე დიდი ხანი იმყოფებოდა პატიმრობაში, იყო ჩაჰალის საქმეში (იხილეთ ზემოთ) მომჩივნის პატიმრობის პერიოდზე ნაკლები; იმ საქმეში კი სასამართლომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი ექვს წელზე მეტი ხანი იყო დაპატიმრებული. თუმცა ჩაჰალის საქმეში, პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში აქტიურად და სათანადო გულმოდგინებით მიმდინარეობდა პროცედურები ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებსა და ამ სასამართლოში იმის დასადგენად, იქნებოდა თუ არა კანონიერი და მე-3 მუხლთან შესაბამისი მომჩივნის ინდოეთში დეპორტაცია. ამავეს თქმა წინამდებარე საქმეზე შეუძლებელია, რომელშიც, განსხვავებით ზემოთქმულისა, პროცედურები ძირითადად დაპატიმრების კანონიერების საკითხის გარკვევას შეეხებოდა.
170. წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნები იყნვნენ პირები, `ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი [მათი] დეპორტაციისთვის ან ექსტრადიციისთვის~. შესაბამისად, მათი დაპატიმრება არ ხვდებოდა თავისუფლების უფლების ხელშეუვალობიდან მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტით დაშვებული გამონაკლისის სფეროში. ეს არის დასკვნა, რაზეც, პირდაპირი თუ ირიბი მინიშნებით, ლორდთა პალატის წევრთა უმრავლესობა შეთანხმდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17).
171. პირიქით, როგორც დეროგაციის შესახებ შეტყობინებაში მოცემული პირობებიდან და 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილიდან ცხადად ჩანს, მომჩივნები კვალიფიცირებულნი და დაპატიმრებული იქნენ, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საერთაშორისო ტერორისტები იყვნენ და მიიჩნეოდა, რომ მათი თავისუფლად ყოფნა გაერთიანებულ სამეფოში ეროვნულ უშიშროებას უქმნიდა საფრთხეს. სასამართლო არ იღებს მთავრობის არგუმენტს, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა პირის თავისუფლების უფლებასა და სახელმწიფოს ინტერესს შორის, დაიცვას თავისი მოსახლეობა ტერორიზმის საფრთხისგან. ეს არგუმენტი შეუსაბამოა არ მხოლოდ (ვ) პუნქტთან დაკავშირებულ სასამართლოს იურისპრუდენციასთან, არამედ იმ პრინციპთანაც, რომ (ა) - (ვ) პუნქტებში მოცემულია გამონაკლისების ამომწურავი ჩამონათვალი და რომ მე-5 მუხლის მიზნებს ამ ქვეპუნქტების მხოლოდ ვიწრო ინტერპრეტაცია მიესადაგება. თუ დაპატიმრება არ ჯდება რომელიმე ნაწილის სასამართლოს მიერ განმარტებულ ფარგლებში, მას ამ პუნქტთან შესაბამისად ვერ გახდის იმაზე მითითება, რომ საჭიროა სახელმწიფოსა და დაპატიმრებული პირის ინტერესების ერთმანეთის მიმართ დაბალანსება.
172. სასამართლო აღნიშნავს, რომ მას არაერთხელ დაუდგენია, რომ ბრალდების წარდგენის გარეშე ინტერნირება და პრევენციული დაპატიმრება ეწინააღმდეგება მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას, თუ არ მომხდარა დეროგაცია მე-15 მუხლის შესაბამისად (იხილეთ ლოლესი ირლანდიის წინააღმდეგ (№3), 1961 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, §§ 13 და 14, სერია „A“ №3; ასევე იხილეთ ზემოთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, §§ 194-196 და 212-213). ამიტომ, სასამართლომ ახლა უნდა განიხილოს, იყო თუ არა გაერთიანებული სამეფოს მიერ გაკეთებული დეროგაცია კანონიერი.
ბ. მოახდინა თუ არა გაერთიანებულმა სამეფომ კანონიერად კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილიდან დეროგაცია
i. სასამართლოს მიდგომა
173. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომდინარე მათი პასუხისმგებლობისა, უზრუნველყონ “[თავიანთი] ერის არსებობა”, თოთოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს პრეროგატივაა, განსაზღვროს, უქმნის თუ არა “საგანგებო მდგომარეობა” ქვეყნის არსებობას საფრთხეს; და თუ ასეთი საფრთხე არსებობს, განსაზღვროს რა მასშტაბის ზომების მიღებაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად. საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ სიტუაციასთან პირდაპირი და უწყვეტი კავშირის გამო, ეროვნულ ხელისუფლებას, როგორც წესი, უკეთესი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე უცხოელ მოსამართლეს, შეაფასოს, არის თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და დაადგინოს, რა სახისა და ფარგლების დეროგაციაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ხელისუფლებას უნდა მიეცეს თავისუფალი შეფასების ფართო არე.
მიუხედავად ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ სარგებლობენ შეუზღუდავი დისკრეციით. სასამართლოს შეფასების საგანია, inter alia, გადააჭარბეს თუ არა ქვეყნებმა იმ ზომას, რასაც “მკაცრად მოითხოვდა მდგომარეობის სიმწვავე” კრიზისულ პერიოდში. ამდენად, ეროვნულ დონეზე შეფასების თავისუფლება ევროპული ზედამხედველობის ქვეშაა. ამ ზედამხედველობის განხორციელებისას, სასამართლომ სათანადო მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ისეთ რელევანტურ ფაქტორებს, როგორიცაა იმ უფლებების არსი, რაზეც გავრცელდება დეროგაცია; ასევე – საგანგებო მდომარეობის გამომწვევი ფაქტორები და მისი ხანგრძლივობა (იხილეთ ზემოთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ § 207; ბრანიგანი და მაკბრაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1993 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება, § 43, სერია “A” №258; ასევე იხილეთ ზემოთ აკსოი, § 68).
174. 1-ლი მუხლის თანახმად, კონვენციის მიზანი და ამოცანაა, რომ მასში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში. კონვენციით დადგენილი დაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა სისტემებმა თავად აღადგინონ დარღვეული უფლებები, ხოლო სასამართლომ, სუბსიდიურობის პრინციპის შესაბამისად, განახორციელოს ზედამხედველობა (ზ. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №29392/95 § 103, ECHR 2001-V). გარდა ამისა, ეროვნული სასამართლოები მიეკუთვნება `ეროვნულ ხელისუფლებას~, ვისაც სასამართლო მე-5 მუხლის კუთხით თავისუფალი შეფასების ფართო არეს მიაკუთვნებს. წინამდებარე საქმის არაორდინალური გარემოებების გათვალისწინებით (როცა ეროვნულ დონზე უზენაესმა სასამართლომ განიხილა ქვეყნის მიერ დეროგაციასთან დაკავშირებული საკითხები და დაასკვნა, რომ მართალია არსებობდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ერის არსებობას საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები არ იყო მკაცრად აუცილებელი მდგომარეობის სიმწვავიდან გამომდინარე), სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საპირისპირო დასკვნამდე მისვლა გამართლებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ არასწორად განმარტა ან გამოიყენა მე-15 მუხლი ან ამ მუხლთან დაკავშირებული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აშკარადად არაგონივრულია.
ii. ადგილი ჰქონდა თუ არა “საგანგებო მდგომარეობას, რომელიც ერის არსებობას საფრთხეს უქმნიდა”
175. მომჩივნები დაობდნენ, რომ არ არსებობდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ბრიტანელი ხალხის სიცოცხლეს, სამი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი, საფრთხე არ იყო არც რეალური და არც მყისიერი; მეორე, ის არ იყო დროებითი ხასიათის; და მესამე, სხვა ქვეყნების პრაქტიკისა, რომელთანაც არც ერთს განუცხადებია კონვენციიდან დეროგაციის შესახებ, და სხვა ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების კვალიფიციური მოსაზრებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის არსებობა არ დადგინდა.
176. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლოლესის საქმეში (იხილეთ ზემოთ, § 28), მან დაადგინა, რომ მე-15 მუხლის კონტექსტში, სიტყვების “ერის არსებობისათვის საშიში სხვა საგანგებო მდგომარეობა” ბუნებრივი და ჩვეულებრივი მნიშვნელობა საკმარისად მკაფიო იყო და ეხებოდა “განსაკუთრებულ კრიზისულ სიტუაციას ან კრიტიკულ მდგომარეობას, რაც ზეგავლენას ახდენს მთელ მოსახლეობაზე და საფრთხეს უქმნის იმ საზოგადოების ორგანიზებულ ცხოვრებას, რომლისგანაც ქვეყანა შედგება”. ბერძნულ საქმეში, (1969) 12 YB 1, § 153, კომისიამ დაადგინა, რომ დეროგაციის გასამართლებლად საჭიროა, რომ საგანგებო მდგომარეობა იყოს რეალური ან მყისიერი; იგი ზეგავლენას უნდა ახდენდეს მთელ ერზე იმგვარად, რომ საზოგადოების ორგანიზებული ცხოვრების გაგრძელებას საფრთხე დაემუქროს; და რომ კრიზისი ან საფრთხე უნდა იყოს იმდენად განსაკუთრებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საჯარო წესრიგის დასაცავად კონვენციით დაშვებული ჩვეულებრივი ღონისძიებები ან შეზღუდვები ცალსახად არაადეკვატური იყოს. საქმეში ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, §§ 205 და 212), მხარეებმა ისევე, როგორც კომისიამ და სასამართლომ, აღიარეს, რომ მე-15 მუხლისთვის განსაზღვრული ტესტი დაკმაყოფილებული იყო, რადგან წლების განმავლობაში ტერორიზმი წარმოადგენდა “განსაკუთრებულად შორსმიმავალ და მწვავე საშიშროებას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ექვსი სახელმწიფოს ინსტიტუტებისა და პროვინციების მოსახლეობის სიცოცხლისთვის”. ჩრდილოეთ ირლანდიაში უსაფრთხოების მდგომარეობის ხანგრძლივი პრობლემების შესახებ სასამართლო მივიდა იმავე დასკვნამდე საქმეებში ბრანიგანი და მაკბრაიდი (იხილეთ ზემოთ) და მარშალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება), №41571/98, 2001 წლის 10 მაისი. აკსოის საქმეში (იხილეთ ზემოთ), სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია, რომ ქურთ სეპარატისტთა მხრიდან ძალადობამ “საგანგებო მდგომარეობა” გამოიწვია თურქეთში.
177. ეროვნული სასამართლოების წინაშე სახელმწიფო მდივანმა წარადგინა მტკიცებულებები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ დაგეგმილი სერიოზული ტერორისტული აქტების საფრთხის არსებობის დასამტკიცებლად. დამატებითი დახურული მტკიცებულებები წარედგინა საიმიგრაციო კომისიას. ეროვნულ დონეზე ყველა მოსამართლე ადასტურებს, რომ საფრთხე სარწმუნო იყო (გარდა ლორდი ჰოფმანისა, ვინც არ მიიჩნია, რომ საფრთხე “ერის არსებობისთვის საშიში” იყო: იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18). მიუხედავად იმისა, რომ დეროგაციის გაკეთების დროისთვის გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე ალ-ყაიდას მიერ ტერორისტული აქტი ჯერ არ იყო განხორციელებული, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლება, იმ დროისთვის მისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იმსახურებს კრიტიკას იმისთვის, რომ შიშობდა, საფრთხე “მყისიერი” იყო, რადგან სასტიკი ძალადობა გაფრთხილების გარეშე ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომხადრიყო. მოთხოვნა, რომ საფრთხე უნდა იყოს მყისიერი არ შეიძლება განიმარტოს ისე ვიწროდ, რომ ქვეყნებს დაავალდებულოს, დაელოდონ ტერორისტული აქტის განხორციელებას, სანამ არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად ზომებს მიიღებენ. გარდა ამისა, ტერორისტული აქტით გამოწვეული საფრთხე, სამწუხაროდ, 2005 წლის ივლისში აფეთქებებმა და აფეთქებების მცდელობამ ლონდონში დაადასტურა, რომ ძალიან რეალური იყო. რადგან მე-15 მუხლის მიზანია, სახელმწიფოებს შესაძლებლობა მისცეს, გამოიყენონ დეროგაციის ღონისძიებები მათი მოსახლეობის მომავალი საფრთხეებისგან დასაცავად, ერის არსებობისთვის საფრთხის არსებობა უნდა შეფასდეს უპირველესად იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომლებიც დეროგაციის დროს იყო ცნობილი. თუმცა სასამართლოს არ ეკრძალება, მხედველობაში მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც შემდეგში გახდება ცნობილი (იხილეთ mutatis mutandis, ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1991 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, § 107(2), სერია “A” №215).
178. მაშინ როცა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დებულებებიდან დეროგაციის ღონისძიებები უნდა იყოს “განსაკუთრებული და დროებითი ხასიათის” (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 109), სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აქამდე არასდროს მკაფიოდ არ მოითხოვდა, რომ საგანგებო მგომარეობა ყოფილიყო დროებითი, თუმცა საპასუხო პროპორციულობის საკითხი შესაძლოა უკავშირდებოდეს საგანგებო მდომარეობის ხანგრძლივობას. მართლაც, ზემოთ მოყვანილი საქმეები, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაში უსაფრთხოების სფეროში არსებულ სიტუაციას უკავშირდება, აჩვენებს, რომ “საგანგებო მდგომარეობა” მე-15 მუხლის მნიშვნელობით, შესაძლებელია, მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდეს. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ დეროგაციის ღონისძიებები, რაც მყისიერად განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ალ-ყაიდას შეტევების შემდეგ და რასაც პარლამენტი ყოველწლიურად განიხილავს, არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ იმ მოტივით, რომ ეს ღონისძიებები არ იყო “დროებითი”.
179. მომჩივანთა არგუმენტი, რომ ერის არსებობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ძირითადად ეფუძნება ლორდ ჰოფმანის განსაკუთრებულ მოსაზრებას, რომლის განმარტებითაც ამისთვის აუცილებელია საზოგადოების ორგანიზებული ცხოვრებისთვის საფრთხის არსებობა, რაც სცდება სერიოზიული ფიზიკური ზიანისა და სიცოცხლის დაკარგვის საფრთხეს. მისი აზრით, ის უნდა ემუქრებოდეს “ჩვენი მთავრობის ინსტიტუტებს ან ჩვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, არსებობას” (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18). თუმცა სასამართლო წინა შემთხვევებში მზად იყო, გაეთვალისწინებინა ფაქტორების გაცილებით უფრო ფართო სპექტრი “ერისათვის” რეალური და მყისიერი საფრთხის ხასიათისა და კატეგორიის განსასაზღვრად და წარსულში დაუდგენია, რომ საგანგებო მდგომარეობები არსებობდა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ემუქრებოდათ ისეთი საფრთხე, რაზეც ლორდი ჰოფმანი მიუთითებდა.
180. როგორც მანამდე ითქვა, მე-15 მუხლით ეროვნული ხელისუფლება თავისუფალი შეფასების ფართო არით სარგებლობს იმის შეფასებისას, ქვეყანაში არსებობს თუ არა საგანგებო მდგომარეობის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო იყო კონვენციის მონაწილე ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ალ-ყაიდასგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ დეროგაცია გამოიყენა (თუმცა სხვა სახელმწიფოებსაც ემუქრებოდათ საფრთხე), სასამართლო აღიარებს, რომ თითოეულ მთავრობას, როგორც საკუთარი ხალხის უსაფრთხოებაზე მზრუნველს, უფლება ჰქონდა, სიტუაცია შეეფასებინა მისთვის ცნობილი ფაქტების საფუძველზე. ამდენად, ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ეროვნული სასამართლოების მოსაზრებებს, რომლებიც უკეთეს პოზიციაში იყვნენ, რომ შეეფასებინათ საგანგებო მდგომარეობის არსებობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
181. შესაბამისად, მოცემულ პირველ კითხვასთან დაკავშირებით, სასამართლო იზიარებს ლორდთა პალატის უმრავლესობის დასკვნას, რომ შექმნილი იყო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ერის არსებობას.
iii. გატარებული ღონისძიებები იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე
182. მე-15 მუხლის თანახმად, კონვენციით გათვალისწინებული უფლებებიდან დეროგაცია ქვეყნებს შეუძლიათ “მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე”. როგორც ადრე აღინიშნა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების დაპატიმრების პროპორციულობის საკითხთან დაკავშირებით მან ლორდთა პალატის დასკვნა უნდა გაიზიაროს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგინდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კონვენცია ან სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ან თუ მისი დასკვნა აშკარად არაგონივრულია. ამის ფონზე სასამართლო განიხილავს მთავრობის პრეტენზიებს ლორდთა პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
183. მთავრობამ ჯერ განაცხადა, რომ ლორდთა პალატის უმრავლესობას თავისუფალი შეფასების უფრო ფართო არე უნდა მიეცა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტისთვის იმის განსაზღვრისას, საჭირო იყო თუ არა მომჩივანთა დაპატიმრება. მთავრობამ მსგავსი არგუმენტი ლორდა პალატის წინაშეც გამოთქვა, როცა გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ იმის შეფასება, თუ რა უნდა გაკეთებულიყო საზოგადოების დასაცავად, იყო პოლიტიკური და არა სამართლებრივი მსჯელობის საგანი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 19).
184. როცა სასამართლო განიხილავს მე-15 მუხლის საფუძველზე დეროგაციის საკითხს, იგი ეროვნულ ხელისუფლებას თავისუფალი შეფასების ფართო არეს უთმობს იმის განსასაზღვრად, თუ რა სახისა და ფარგლების დეროგაციაა საჭირო საგანგებო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ სასამართლო აფასებს, იყო თუ არა გამოყენებული ღონისძიებები “მკაცრად აუცილებელი”. კერძოდ, როცა დეროგაციის შედეგად გამოყენებული ღონისძიება ზღუდავს კონვენციით დაცულ ერთ-ერთ ძირითად უფლებას, როგორიცაა თავისუფლების უფლება, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ღონისძიება ნამდვილად საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ იყო გამოყენებული, რომ ის იყო სრულიად გამართლებული საგანგებო მდგომარეობის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, და რომ მისი ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ დაცვის ადეკვატური მექანიზმები არსებობდა (მაგალითად, იხილეთ ზემოთ ბრანინგანი და მაკბრაიდი, §§ 48-66; აკსოი, §§ 71-84; ასევე იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 178, სადაც მოცემულია ძირითადი პრინციპები). თავისუფალი შეფასების არის შესახებ დოქტრინა ყოველთვის გამოიყენებოდა, როგორც ეროვნულ ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის ურთიერთობების განსაზღვრის საშუალება. მას ვერ ექნება იგივე გამოყენება ეროვნულ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთობების განსასაზღვრად. როგორც ლორდთა პალატამ დაადგინა, პროპორციულობის საკითხის საბოლოო შეფასება სასამართლო უწყების პრეროგატივა იყო, განსაკუთრებით წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვევებში, როცა მომჩივნებს თავისუფლების ფუნდამენტური უფლება დიდი ხნის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ლორდთა პალატის მიერ ამ საკითხებისადმი განსაკუთრებულად ფრთხილი მიდგომის გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მოსაზრებებს არასათანადო მნიშვნელობა მიენიჭა.
185. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ლორდთა პალატა არასწორად მოიქცა, როცა მომჩივანთა კონკრეტული საქმეების განხილვის ნაცვლად, კანონმდებლობაზე აბსტრაქტულად იმსჯელა. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-15 მუხლით გათვალისწინებული მიდგომა თავისთავად მეტ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში არსებულ ზოგად სიტუაციას იმ გაგებით, რომ სასამართლომ – იქნება ის ეროვნული თუ საერთაშორისო – უნდა განიხილოს ის ღონისძიებები, რომელთა გასატარებლადაც მოხდა კონვენციით დაცული უფლებებიდან დეროგაცია და შეაფასოს ისინი საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხესთან მიმართებაში. წინამდებარე საქმის მსგავსად, როცა დადგინდება, რომ ღონისძიებები საფრთხის არათანაზომიერი და ასევე დისკრიმინაციულია, მსჯელობაში უფრო შორს წასვლა და თითოეული მომჩივნის შემთხვევაში ამ ღონისძიებების გამოყენების ცალკე განხილვა აღარაა საჭირო.
186. მთავრობის მესამე არგუმენტი ლორდთა პალატის გადაწყვეტილების სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად, ეხებოდა ლორდთა პალატის მიდგომას, როცა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისა და მისი მოქალაქეობის არმქონე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შედარება მოხდა. თუმცა, სასამართლოს აზრით, ლორდთა პალატამ სწორად დაადგინა, რომ გასაჩივრებული ღონისძიებები უნდა განხილულიყო არა როგორც საიმიგრაციო ზომები – რა შემთხვევაშიც მოქალაქესა და უცხოელს შორის განსხვავებული მოპყრობა მართლზომიერი იქნებოდა - არამედ როგორც ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილის მიზანი იყო, აღმოეფხვრა ტერორისტული აქტის განხორციელების რეალური და მყისიერი საფრთხე, რომელიც, არსებული მტიცებულებების თანახმად, მოდიოდა როგორც ბრიტანეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან. მთავრობისა და პარლამენტის არჩევანმა, საიმიგრაციო ღონისძიებები გამოეყენებინათ ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, გამოიწვია ის, რომ ამ ღონისძიებებით საკითხი ვერ მოგვარდა, ხოლო ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ერთ ჯგუფი დაექვემდებარა განუსაზღვრელი ვადით დაპატიმრებას, რაც არათანაზომიერი და დისცრიმინაციული იყო. როგორც ლორდა პალატამ დაადგინა, ბრალდების გარეშე პატიმრობით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის თვალსაზრისით, არ არსებობდა არსებითი სხვაობა ბრიტანეთის მოქალაქესა და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეს შორის, ვინც ქვეყნის გარეთ წამების შიშით გაერთიანებულ სამეფოს ვერ ტოვებდა.
187. დასარულ, მთავრობამ ორი არგუმენტი მოიყვანა, რომელთა შესახებაც, მომჩივნების თქმით, მას ეროვნული სასამართლოების წინაშე არ განუცხადებია. მართლაც, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სასამართლოსთვის წარმოდგენილ საქმის ღია მასალებში ამ არგუმენტების შესახებ არაფერია ნათქვამი. მოცემულ სიტუაციაში, სუბსიდიარობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლოს რომც შეეძლოს ამ ახალი არგუმენტების განხილვა, მათ გასამყარებლად დამაჯერებელი მტკიცებულებები იქნება საჭირო.
188. პირველი, ეგრეთ წოდებული ახალი არგუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან მართლზომიერი იყო ღონისძიებების მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელება, მხედველობაში იღებდა რა ბრიტანეთის მუსლიმანი მოსახლეობის ფაქტორს, რომ ექტრემისტთა მიერ მათი თავიანთ რიგებში გაწვევის შანსები შეემცირებინა. თუმცა, მთავრობას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბრიტანელ მუსლიმანებს მნიშვნელოვნად უფრო უარყოფითი რეაქცია ექნებოდათ მათი თანამოქალაქის ბრალდების გარეშე დაპატიმრებაზე, ვიდრე – უცხოელ მუსლიმანებს, რომელთა ალ-ყაიდასთან კავშირის შესახებაც გონივრული ეჭვი არსებობდა. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ კონტროლის ბრძანებათა სისტემა, რომელიც ტერორიზმის პრევენციის შესახებ 2005 წლის კანონით ამოქმედდა, არ ახდენს დისკრიმინაციას ბრიტანეთის მოქალაქე და უცხოელ ეჭვმიტანილებს შორის.
189. ეგრეთ წოდებული მეორე ახალი არგუმენტი, რომელიც მთავრობამ მოიყვანა, იყო, რომ ქვეყანა უკეთ გაუმკლავდებოდა ტერორიზმის საფრთხეს, თუკი შეძლებდა ამ უკანასკნელის ყველაზე სერიოზული წყაროს – უცხო ქვეყნის მოქალაქეების – დაპატიმრებას. ამ კუთხით სასამართლო ისევ აღნიშნავს, რომ მისთვის მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მას დაარწმუნებდა, არ დათანხმებოდა ლორდთა პალატის გადაწყვეტილებას, რომ განსხვავება მოპყრობაში გაუმართლებელი იყო. მართლაც, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, მათ შორის საიმიგრაციო კომისიამაც, რომელმაც იხილა საქმის როგორც ღია, ისე დახურული მასალები, არ მიიჩნიეს, რომ უცხოელებისგან უფრო სერიოზული საფრთხე მოდიოდა, ვიდრე ბრიტანეთის მოქალაქეებისგან.
190. შესაბამისად, საბოლოოდ სასამართლო, ლორდთა პალატის მსგავსად და მთავრობის არგუმენტების საწინააღმდეგოდ, ადგენს, რომ დეროგაციის საფუძველზე გამოყენებული ღონისძიებები იყო არათანაზომიერი, რადგან ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ დისკრიმინაციას გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსა და მისი მოქალაქეობის არმქონე პირთა შორის. აქედან გამომდინარე, პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი.
III. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან მიმართებაში
191. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ კონვენციის მე-14 მუხლთან შეუსაბამო და დისკრიმინაციული იყო მათი დაპატიმრება მაშინ, როცა, ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები თავისუფლები იყვნენ.
მე-14 მუხლის თანახმად:
”ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.”
192. მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილთან დაკავშირებული ზემოთ მოცემული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს ამ საჩივრების ცალკე განხივლას.
IV. კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის სავარაუდო დარღვევა
193. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულ სასამართლოებში მათი პატიმრობის საკითხის განსახილველად წარმოებული პროცესი არ აკმაყოფილებდა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც:
”ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა.”
მთავრობამ განაცხადა, რომ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი არ დარღვეულა.
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივნები
194. მომჩივნებმა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებით ორი ძირითადი არგუმენტი მოიყვანეს. პირველი, მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად შესაძლებლობისა, ემტკიცებინათ საიმიგრაციო კომისიის, სააპელაციო სასამართლოსა და ლორდთა პალატის წინაშე, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილით მათი დაპატიმრება კონვენციასთან შეუსაბამო იყო, ერთადერთი რასაც მათ მიაღწიეს, 1998 წლის კანონთან შეუთავსებადობის დეკლარაცია იყო. ამას მთავრობისთვის სავალდებულო ძალა არ ჰქონდა და პატიმრობა კანონიერად ითვლებოდა პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცლილების მიღებამდე. ამდენად, არც ერთ სასამართლოს არ შეეძლო მათი გათავისუფლების ბრძანება გამოეცა, რაც არღვევდა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილს.
195. მეორე, მომჩივნებმა იჩივლეს საიმიგრაციო კომისიაში 2001 წლის კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე საჩივრების განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გაუმჟღავნებლობის შესახებ, რადგან მისი გამჟღავნება ხდებოდა მხოლოდ სპეციალური ადვოკატებისთვის, რომლებთანაც პატიმარს კონსულტაციის უფლება არ ჰქონდა. მათი არგუმენტებით, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი გულისხმობს მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიას განსახილველი საკითხის სიმძიმის პროპორციულად. გარკვეულ გარემოებებში დასაშვები შეიძლებოდა ყოფილიყო, სასამართლოს ეროვნული უშიშროების დაცვის მოტივით შესაბამისი მტკიცებულების პირისთვის გაუმჟღავნებლობის შესახებ ნებართვა გაეცა, თუმცა დაუშვებელია, სასამართლომ შეაფასოს პატიმრობის კანონიერება ისეთი მასალის საფუძველზე, რომელიც გადამწყვეტია პირის წინააღმდეგ არსებულ საქმეში, და რომელიც მისთვის არ სათანადოდ არ გაუმჟღავნებიათ, თუნდაც მისი ძირითადი არსი ან მოკლე შინაარსი, რომ პირს მის წინააღმდეგ არსებული საქმის გაცნობისა და ბრალდებების პასუხის შესაძლებლობა ჰქონოდა. ყველა მომჩივნის, გარდა მეათისა, არგუმენტით, საიმიგრაციო კომისია დაეყრდნო დახურულ მასალას და აღიარა, რომ, აქედან გამომდინარე, მომჩივნები არახელსაყრელ პირობებში იყვნენ ჩაყენებული.
2. მთავრობა
196. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი წაკითხული უნდა ყოფილიყო მე-13 მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, რაც პატიმრობის საკითხებისთვის იყო lex specialis, და რომ ძალაში შესული პირველადი კანონმდებლობის ეროვნულ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არსებობს. ეს პრინციპი, ადამიანის უფლებათა შესახებ კანონით განსაზღვრულ შეუთავსებადობის დეკლარაციების სისტემასთან ერთად, არჩეული პარლამენტის უზენაესობის დემოკრატიულ ფასეულობას გამოხატავდა.
197. მომჩივანთა მეორე არგუმენტის შესახებ მთავრობამ აღნიშნა, რომ დახურული მასალის დაფარვის მოტივი დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესი იყო. მე-6 მუხლით და, ასევე, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით დაცული მტკიცებულების გამჟღავნების უფლება არ იყო აბსოლუტური. სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ჩაჰალიდან (იხილეთ ზემოთ) მოყოლებული გარკვეულად გაამყარა განსაკუთრებულად მგრძნობიარე სფეროებში სპეციალური საადვოკატო პროცედურის გამოყენების მართებულობა. ამას გარდა, თითოეული მომჩივნის შემთხვევაში, ღია მასალები საკმარის ცოდნას იძლეოდა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ ისე, რომ მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონოდა, ეფექტურად დაეცვა თავი.
3. მესამე მხარე, „Justice“
198. „Justice“-მა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 6) სასამართლოს აცნობა, რომ საიმიგრაციო საჩივრების სპეციალური კომისიის შესახებ 1997 წლის კანონით საიმიგრაციო კომისიის შექმნის პერიოდში, პროცედურაში დახურული მასალის და სპეციალური ადვოკატების გამოყენების მანამდე არსებული პრაქტიკა ითვლებოდა, რომ კანადაში არსებულ მსგავს პროცედურას ეყრდნობოდა, რომელიც გამოიყენებოდა უშიშროების სადაზვერვო ინფორმაციის განმხილველ კომიტეტში (შემდეგში „სადაზვერვო კომიტეტი“) წარდგენილ საქმეებში, სადაც განიხილებოდა, იყო თუ არა კარგად დასაბუთებული მინისტრის გადაწყვეტილება, ეროვნული უშიშროების მოტივით გაეძევებინა მუდმივი მაცხოვრებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო კომიტეტის პროცედურა მოიცავდა შტატიანი იურისტის მუშაობას, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ex parte და in camera მოსმენებში მომჩივნის ინტერესების გამომხატველ კლასიფიცირებულ მასალებზე, ის არსებითად განსხვავდებოდა საიმიგრაციო კომისიის მოდელისგან, განსაკუთრებით იმით, რომ ის სპეციალურ ადვოკატს მომჩივანთან და მის იურისტებთან კონტაქტის უფლებას აძლევდა პროცესის განმავლობაში და მას შემდეგაც, რაც სპეციალური ადვოკატი მომჩივნის წინააღმდეგ საიდუმლო ინფორმაციის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული.
199. ამის საპირისპიროდ, საიმიგრაციო კომისიის პროცედურები, რაც მოიცავდა დახურულ მასალებსა და სპეციალურ ადვოკატებს, მნიშვნელოვანი კრიტიკის საგანი გახდა, მათ შორის ლორდთა პალატის სააპელაციო კომიტეტის, თემთა პალატის საკონსტიტუციო საქმეთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ერთობლივი საპარლამენტო კომიტეტის, კანადის სენატის ანტიტერორისტული კომიტეტისა და ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლების კომისრის მხრიდან. ლორდთა პალატის 2004 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი კონვენციის მე-15 და მე-4 მუხლებთან შეუსაბამოდ იყო აღიარებული, თემთა პალატის საკონსტიტუციო საქმეთა კომიტეტმა დაიწყო გამოძიება საიმიგრაციო კომისიის მუშაობისა და მის მიერ სპეციალური ადვოკატების გამოყენების შესახებ. მტკიცებულებებს შორის, რაც კომიტეტმა მიიღო, იყო ცამეტიდან ცხრა სპეციალური ადვოკატის განაცხადი. ამ განაცხადში სპეციალური ადვოკატები ხაზს უსვამდნენ იმ სერიოზულ სირთულეებს, რასაც ისინი, როგორც მომჩივანთა წარმომადგენლები, დახურულ პროცესებზე წააწყდნენ, დახურულ მასალასთან დაკავშირებით კომუნიკაციის აკრძალვის არსებობის გამო. კერძოდ, სპეციალურმა ადვოკატებმა აღნიშნეს დახურულ მოსმენებზე თავიანთი ძალიან შეზღუდული როლის შესახებ, რაც მათი მარწმუნებლების მხრიდან ეფექტური ინსტრუქციების არარსებობით იყო გამოწვეული.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. დასაშვებობა
200. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი უზრუნველყოფს, რომ “ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება,” ჰქონდეს უფლება, დაპატიმრების კანონიერების დასადგენად მიმართოს სასამართლოს და გათავისფლდეს, თუ მისი პატიმრობა უკანონოდ იქნა ცნობილი. რადგან მეორე და მეოთხე მომჩივნები უკვე გათავისუფლებულები იყვნენ და გაემგზავრნენ მაროკოსა და საფრანგეთში იმ დროისთვის, როცა 2001 წლის კანონით პატიმრობის კანონიერების დასადგენად სხვადასხვა პროცესი დაიწყო, გამოდის, რომ ამ ორი მომჩივნის საჩივრები მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებით, აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით (იხილეთ ფოქსი, კემპბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1990 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 45, სერია „A“ №182) და დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს.
201. სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მომჩივანთა საჩივრებმა ამ დებულებასთან დაკავშირებით წამოჭრა რთული საკითხები სამართლებრივი შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელთა გადაჭრაც არსებით განხილვას უნდა ეფუძნებოდეს. ამგვარად, სასამართლო ადგენს, რომ განაცხადის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით. დაუშვებლობის არანაირი სხვა საფუძველი არ წამოჭრილა და განაცხადი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
2. არსებითი განხილვა
ა. პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე პრინციპები
202. მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი არის lex specialis მე-13 მუხლის უფრო ფართო მოთხოვნებთან მიმართებაში (იხილეთ ზემოთ ჩაჰალი, § 126). ის უფლებას აძლევს დაკავებულ ან პატიმრობაში მყოფ პირს აღძრას საქმე პროცესუალურ და მატერიალურ ნორმებთან დაკავშირებით, რაც არსებითია მისი თავისუფლების აღკვეთის „კანონიერებისთვის“. „კანონიერების“ ცნებას მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებაში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც 1-ელ ნაწილში, ისე რომ, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი პატიმრობის “კანონიერების” შეფასება არა მხოლოდ ეროვნული კანონის მოთხოვნების, არამედ კონვენციის, მისი ძირითადი პრინციპებისა და მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით დაშვებული შეზღუდვების მიზნის გათვალისწინებით. მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი არ უზრუნველყოფს სასამართლო განხილვის უფლებას ისეთ ფარგლებში, რომ სასამართლოს უფლება მიეცეს, საქმის ყველა ასპექტთან, მათ შორის წმინდა მიზანშეწონილობის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლო ორგანოს დისკრეცია საკუთარით ჩაანაცვლოს. თუმცა საქმის განხილვა უნდა იყოს საკმარისად ფართო, რომ შეეხოს იმ პირობებს, რაც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არსებითია პირის “კანონიერი” პატიმრობითვის (ე. ნორვეგიის წინააღმდეგ, 1990 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 50, სერია „A“ №181). განმხილველ “სასამართლოს” არ უნა ჰქონდეს მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქციები, არამედ უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, “გადაწყვიტოს” პატიმრობის “კანონიერების” საკითხი და უკანონო პატიმრობის შემთხვევაში, გამოსცეს გათავისუფლების ბრძანება (იხილეთ ზემოთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 200; ვიქსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1987 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, § 61, სერია „A“ №114; იხილეთ ზემოთ ჩაჰალი, § 130).
203. მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით პროცესუალური სამართლიანობის მოთხოვნა არ გულისხმობს, მიუხედავად კონტექსტის, ფაქტებისა და გარემოებებისა, ერთნაირი, უცვლელი სტანდარტების გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აუცილებელი არ არის, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის პროცედურა იმავე გარანტიებს მოიცავდეს, რასაც მე-6 მუხლი მოითხოვს სისხლის სამართლებრივი ან სამოქალაქო დავის შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ხასიათი და მოცემული ტიპის თავისუფლების აღკვეთისთვის შესაფერის გარანტიებს ადგენდეს (იხილეთ, მაგალითად, ვინტერვერფი ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1979 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, § 57, სერია „A“ № 33; ბუამარი ბელგიის წინააღმდეგ, 1988 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, §§ 57 და 60, სერია „A“ №129; ვლოხი პოლონეთის წინააღმდეგ, №27785/95, § 125, ECHR 2000-XI; რეინპრეხტი ავსტრიის წინააღმდეგ, №67175/01, § 31, ECHR 2005).
204. ამდენად, პროცესი უნდა იყოს შეჯიბრებითი და ყოველთვის უნდა უზრუნველყოფდეს „მხარეთა თანასწორობის“ პრინციპს (რეინპრეხტი, §31). შესაძლოა, ზეპირი მოსმენა საჭირო იყოს, მაგალითად წინასწარი პატიმრობის შემთხვევებში (ნიკოლოვა ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №31195/96, § 58, ECHR 1999-II). გარდა ამისა, წინასწარი პატიმრობის შემთხვევებში, რადგან გონივრული ეჭვის საფუძვლიანობა, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, არის გახანგრძლივებული პატიმრობის კანონიერებისთვის sine qua non პირობა, პატიმარს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ არსებული პრეტენზიების საფუძვლიანობა ეფექტიანად დააყენოს ეჭვქვეშ (ბეკიევი მოლდოვას წინააღმდეგ, №9190/03, §§ 68-72, 2005 წლის 4 ოქტომბერი). ამისთვის შეიძლება საჭირო იყოს სასამართლოს მიერ მოწმეთა დაკითხა, რომელთა ჩვენებებმა prima facie არსებითი გავლენა შეიძლება იქონიონ გახანგრძლივებული პატიმრობის კანონიერებაზე (იხილეთ ზემოთ ბეკიევი, §§ 72-76; ტურკანი და ტურკანი მოლდოვას წინააღმდეგ, №39835/05, §§ 67-70, 2007 წლის 23 ოქტომბერი). ასევე, შეიძლება, საჭირო იყოს, რომ პატიმარს ან მის წარმომადგენელს ხელი მიუწვდებოდეს საქმის მასალებზე, რაც მის წინააღმდეგ ბრალდებას ედება საფუძვლად (იხილეთ ზემოთ ვლოხი, § 127; იხილეთ ზემოთ ნიკოლოვა, § 58; ლამი ბელგიის წინააღმდეგ, 1989 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, § 29, სერია “A” №151; ფოდალე იტალიის წინააღმდეგ, №70148/01, 2006 წლის 1 ივნისი).
205. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-6 მუხლით სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალის დადგენის პროცესზეც კი, შესაძლოა, იყოს შეზღუდვები სრულიად შეჯიბრებითი პროცედურის უფლების კუთხით, როცა ეს მკაცრად აუცილებელია მისი საპირწონე ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით, როგორიც არის ეროვნული უშიშროება, გამოძიების გარკვეული პოლიციური მეთოდების გასაიდუმლოების საჭიროება, ან სხვა პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. თუმცა საქმის სამართლიანი განხილვა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის უფლებათა შეზღუდვებით წარმოშობილ ნებისმიერ სირთულეს ადეკვატურად დააბალანსებს სასამართლო ორგანოების მიერ ჩატარებული პროცედურები (იხილეთ, მაგალითად, დორსონი ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1996 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, § 70, Reports 1996‑II; ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1997 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, § 58, Reports 1997-III; ჯასპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №27052/95, §§ 51-53, ECHR 2000-II; ს.ნ. შვედეთის წინააღმდეგ, №34209/96, § 47, ECHR 2002-V; ბოტმეჰი და ალამი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №15187/03, 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, § 37).
206. ამდენად, მაშინ როცა მე-6 მუხლით სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს პროკურატურის ხელში არსებული, როგორც ბრალდებულის სასარგებლო, ისე საწინააღმდეგო, ყველა არსებითი მტკიცებულების გამჟღავნების უფლებას, სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგჯერ, საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე, შესაძლოა, აუცილებელი იყოს, დაცვის მხარეს უარი ეთქვას გარკვეული მტკიცებულებების გაცნობაზე. საქმეში ჯასპერი (იხილეთ ზემოთ §§ 51-53) სასამართლომ დაადგინა, რომ დაცვის უფლებათა შეზღუდვა საკმარისად დაბალანსებული იყო, სადაც მტკიცებულებები, რაც სასამართლოში განსახილველ საკითხებს უკავშირდებოდა, მაგრამ რაზე დაყრდნობასაც ბრალდება არ აპირებდა, მოსამართლემ ex parte განიხილა და გადაწყვიტა, რომ არ უნდა გამჟღავნებულიყო, რადგან მისი გასაიდუმლოების საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დაცვის მხარის სარგებელი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში. დაადგინა რა, რომ არ მომხდარა მე-6 მუხლის დარღვევა, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ მოსამართლე, საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხების ღრმად მცოდნე, იყო ის, ვინც დაბალანსების სამუშაო გასწია და ნაბიჯები იქნა გადადგმული იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცვის მხარე ინფორმირებული ყოფილიყო და არგუმენტების წარდგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო იმ მასალის გამჟღავნების გარეშე, რისი გასაიდუმლობაც სურდა ბრალდებას (იხილეთ ზემოთ ჯასპერი, §§ 55-56). ამის საპირისპიროდ, საქმეში ედვარდსი და ლევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №39647/98 და №40461/98, §§ 46-48, ECHR 2004-X, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლის ex parte პროცედურა არ იყო საკმარისი საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველსაყოფად, სადაც დაფარული მასალა უკავშირდებოდა ან, შესაძლოა, უკავშირდებოდეს, ფაქტობრივ გარემოებას, რაც ბრალდების საქმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და რაც მოსამართლეს და არა ნაფიც მსაჯულებს უნდა დაედგინა და რასაც, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა მომჩივანთა სასამართლო პროცესის შედეგისთვის.
207. მთელ რიგ სხვა საქმეებში, სადაც საზოგადოებივი ინტერესი იწვევდა ბრალდებულის უფლებათა შეზღუდვას მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რასაც პროკურორი ეყრდნობოდა, სასამართლომ შეაფასა, თუ რამდენად ავსებს დამაბალანსებელი ზომები არასრულყოფილი შეჯიბრებითი პროცსს. მაგალითად, საქმეში ლუკა იტალიის წინააღმდეგ, №33354/96, § 40, ECHR 2001‑II, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არის აუცილებელი, მე-6 მუხლის 1-ელ ნაწილთან შეუსაბამოდ ჩაითვალოს სასამართლო პროცესზე ბრალდების მიერ იმ ჩვენებების გამოყენება, რომლებიც გამოძიების ეტაპზე იქნა მიცემული, განსაკუთრებით როცა მოწმე, საკუთარი უსაფრთხოების მოტივით, უარს აცხადებდა თავისი ჩვენების საჯაროდ გამეორებაზე, თუ ბრალდებულს მიეცემა ჩვენებების ეჭვქვეშ დაყენების ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა, ამ ჩვენებების მიცემის დროს ან მოგვიანებით. თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სადაც მსჯავრი გამოტანილი იქნა მხოლოდ ან მნიშვნელოვანწილად იმ პირის ჩვენებების საფუძველზე, რისი განხილვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა ან არ ჰქონია, არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის უფლებები შეზღუდულად ჩაითვლება იმ ზომამდე, რაც შეუთავსებელია მე-6 მუხლით დადგენილ დაცვის გარანტიებთან.
208. აგრეთვე, დორსონის საქმეში (იხილეთ ზემოთ §§ 68-76) სასამართლომ დაადგინა, რომ მე-6 მუხლი არ დარღვეულა მაშინ, როცა გარკვეული მოწმეების ვინაობა, მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბრალდებულისთვის დაფარული იყო. ის ფაქტი, რომ ადვოკატს, ბრალდებულის არყოფნაში, შესაძლებლობა ჰქონდა, აპელაციის ეტაპზე კითხვები დაესვა ანონიმური მოწმეებისთვის და მცდელობა ჰქონოდა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი სანდოობა და ის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ანონიმური მოწმეების ჩვენებებს სიფრთხილით მოეკიდა, საკმარისი იყო დაცვის მხარისთვის შექმნილი არახელსაყრელი პირობის საპირწონედ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდება არ უნდა დაეფუძნოს მხოლოდ ან მნიშვნელოვანწილად ანონიმურ ჩვენებებს (იხილეთ ზემოთ, ასევე, ვან მეხელენი, § 55). თითოეულ შემთხვევაში, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მისი როლი იყო, დაედგინა, იყო თუ არა პროცესი, მთლიანად აღებული, იმის ჩათვლით, თუ რა გზით ხდებოდა მტკიცებულებების მოპოვება, სამართლიანი (იხილეთ ზემოთ დორსონი, § 67).
209. რამდენიმე შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა ეროვნული უშიშროების საქმეებში საქმის მასალების სრულად გაუმჟღავნებლობის გამო პროცესუალური უსამართლობის დასაბალანსებლად სპეციალური ადვოკატების გამოყენების შესაძლებლობაზე, მაგრამ სასამართლოს წინაშე გადასაწყვეტად არასდროს დასმულა საკითხი, იქნებოდა თუ არა ასეთი პროცედურა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან ან კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში.
210. საქმეში ჩაჰალი (იხილეთ ზემოთ), მომჩივანი მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით (ვ) პუნქტით იყო დაპატიმრებული და ეროვნული უშიშროების მოტივით დეპორტაცია ელოდა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა მის შუამდგომლობას თავდებით გათავისუფლებისა და habeas corpus-ის შესახებ უარით უპასუხა, ისევ ეროვნული უშიშროების მოტივით. სასამართლომ აღიარა (§§ 130-131), რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება, შესაძლოა, გარდაუვალი ყოფილიყო, როცა ეროვნული უშიშროების საკითხი იდგა, მაგრამ დაადგინა, რომ ეს არ ნიშნავდა აღმასრულებელი ხელისუფლების გათავისუფლებას ეროვნული სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი კონტროლისგან, როცა იგი გადაწყვეტდა იმის მტკიცებას, რომ ეროვნული უშიშროება და ტერორიზმი საქმესთან კავშირში იყო. სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც განიხილა habeas corpus-თან დაკავშირებული შუამდგომლობა, სრულად არ მიუწვდებოდა ხელი იმ მასალებზე, რის საფუძველზეც სახელმწიფო მდივანმა მიიღო გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გარანტად არსებობდა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც ეროვნული უშიშროების მტკიცებულებების სრულად მცოდნე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თავმჯდომარეობდა, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ჯგუფი, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის მნიშვნელობით, ვერ ჩაითვლებოდა “სასამართლოდ”, რადგან მის წინაშე კანონიერი წარმომადგენლის ყოლის უფლება მომჩივანს არ ჰქონდა და მომჩივანს მის წინააღმდეგ ეროვნული უშიშროების საქმის მხოლოდ ზოგად მონახაზზე მიუწვდებოდა ხელი და რადგან ეს ჯგუფი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება, ხოლო მის რეკომენდაციას შინაგან საქმეთა მინისტრისადმი სავალდებულო ძალა არ ჰქონდა და არ იყო საჯარო. სასამართლომ აღნიშნა (§§ 131 და 144) მესამე მხარის საჩივრები (“Amnesty International”, “Liberty’, AIRE Centre და „Joint Council for the Joint Council for the Welfare of Immigrants“; ასევე, იხილეთ ზემოთ „Justice“-ის წერილობითი მოსაზრებები წინამდებარე საქმეში, პარაგრაფი 198) იმ პროცედურასთან კავშირში, რაც გამოიყენება კანადაში ეროვნული უსაფრთხოების მოტივით დეპორტაციის შემთხვევევში, რის საფუძველზეც მოსამართლემ გამართა მთელი მტკიცებულებების in camera მოსმენა, სადაც დეპორტირების მომლოდინეს ეცნობა მის წინააღმდეგ არსებული საქმის, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მოკლე შინაარსი და თავისი წარმომადგენლის ყოლის და მტკიცებულებათა წარდგენის უფლება მიეცა. საიდუმლო მასალების კონფიდენციალობა დაცული იყო იმით, რომ ასეთი მტკიცებულებები უნდა განხილულიყო დეპორტირებულისა და მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მათ ადგილს სასამართლოს მიერ დანიშნული უსაფრთხოებაზე შემოწმებული ადვოკატი იკავებდა, რომელიც ჯვარედინად კითხავდა მოწმეებს და, ზოგადად, სასამართლოს ეხმარებოდა სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი საქმის დამაჯერებლობის შემოწმებაში. ამ პროცედურის შედეგად მიღებული მტკიცებულებები, აუცილებელი ჩასწორებების შემდეგ, ხელმისაწვდომი იყო დეპორტირებულისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ის:
„მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ, როგორც მხარეებმა აღნიშნეს მე-13 მუხლთან დაკავშირებით, ...კანადაში სასამართლო კონტროლის უფრო ეფექტიანი ფორმა ამ ტიპის საქმეებში შემუშავდა. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ არსებობს მეთოდები, რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს, რომლებიც, ერთი მხრივ, საიდუმლო ინფორმაციის ხასიათისა და წყაროების შესახებ უშიშროების ლეგიტიმურ ინტერესებს აკმაყოფილებს, და მეორე მხრივ, ინდივიდისთვის პროცესუალური მართლმსაჯულების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.“
211. საქმეში შპს „ტინელი და სანზ“ და მაკელდაფი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1998 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, § 78, Reports 1998-IV, და საქმეში ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღმდეგ, №50963/99, 2002 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 93-97 და 137, სასამართლომ მიუთითა ჩაჰალის საქმეში სპეციალური ადვოკატის პროცედურის შესახებ თავის კომენტარებზე, თუმცა არ გამოუთქვამს აზრი იმის თაობაზე, იქნება თუ არა ასეთი პროცედურა კონვენციის განსახილველ უფლებებთან შესაბამისობაში.
ბ. პრინციპების წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგება
212. ეროვნულ სასამართლოებში პროცესის დროს მომჩივნებს მათი პატიმრობის კანონიერების შესახებ საჩივრებში ორი ასპექტი ჰქონდათ გამოკვეთილი. პირველი – მათ წამოიწყეს სასამართლო პროცესი 2001 წლის კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე, რითიც ეჭვქვეშ დააყენეს დეროგაციის კონვენციის მე-15 მუხლთან შესაბამისობა, და აქედან გამომდინარე - პატიმრობის მთლიანი სქემის კონვენციასთან შესაბამისობა. მეორე – თითოეულმა მომჩივანმა აღძრა საჩივარი 2001 წლის კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, სადაც ისინი დაობდნენ, რომ მათი პატიმრობა ქვეყნის შიდა კანონმდებლობით უკანონო იყო, რადგან არ არსებობდა გონივრული მიზეზი იმის სარწმუნოდ, რომ გაერთიანებულ სამეფოში მათი ყოფნა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას, ან რომ ისინი სავარაუდოდ ტერორისტები იყვნენ.
213. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, ცალკე განიხილოს მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებული მომჩივნების საჩივრები, რომ ლორდთა პალატას არ შეეძლო მომჩივნების გათავისუფლების შესახებ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ბრძანების გამოცემა, რადგან სასამართლომ ეროვნული კანონმდებლობის დებულებების გამო მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა უკვე დაადგინა.
214. მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებული მომჩივნების საჩივრების მეორე საფუძველი შეეხება 2001 წლის კანონის 25-ე მუხლის თანახმად საიმიგრაციო კომისიაში წარმართული პროცესის სამართლიანობას, რომლის მიზანიც იყო იმის დადგენა, სახელმიწფო მდივნის ეჭვი, რომ მომჩივნების ყოფნა გაერთიანებულ სამეფოში საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უშიშროებას და რომ მომჩივნები ტერორისტები იყვნენ, იყო თუ არა გონივრული. ეს განცალკევებული და განსხვავებული საკითხია, რაც მოცული არაა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევის დადგენით და რომელიც, შესაბამისად, სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს.
215. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საიმიგრაციო კომისიის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ საქმის როგორც “ღია”, ისე “დახურული” მასალები, არც მომჩივნებს და არც მათ იურისტებს მიუწვდებოდათ ხელი საქმის დახურულ მასალებზე. სანაცვლოდ, დახურული მასალები გადაეცათ ერთ თუ რამდენიმე სპეციალურ ადვოკატს, რომლებიც გენერალური პროკურის მოადგილემ მომჩივნების ინტერესების დამცველად დანიშნა. საიმიგრაციო კომისიის დახურული სხდომის დროს, სპეციალურ ადვოკატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მომჩივნების სახელით შუამდგომლობები დაეყენებინათ საქმესთან დაკავშირებულ როგორც პროცესუალურ (როგორიცაა საქმის დახურული მასალების შემდგომი გამჟღავნების აუცილებლობა), ისე არსებით საკითხებზე. თუმცა, იმ წუთიდან, როცა სპეციალური ადვოკატი გაეცნო საქმის დახურულ მასალებს, მას არ ჰქონდა უფლება, დაკონტაქტებოდა მომჩივნებს ან მათ იურისტებს; ეს დასაშვები იყო მხოლოდ საიმიგრაციო კომისიის ნებართვით. კვალიფიკაციის შესახებ თითოეულ სააპელაციო სარჩელზე საიმიგრაციო კომისიამ გამოიტანა როგორც ღია, ისე დახურული გადაწყვეტილება.
216. სასამართლო მსჯელობის ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ, როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს და ევროპული სასამართლოც მათ დაეთანხმა, მომჩივნების დაპატიმრების პერიოდში ალ-ყაიდას ქსელის მიზნები და ქმედებები ქმნიდა “ერის არსებობისთვის საშიშ საგანგებო მდგომარეობას”. ამიტომ მხედველობაშია მისაღები ის, რომ მოცემულ დროს მიჩნეული იყო, რომ არსებობდა გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ტერორისტული აქტისგან დაცვის მყისიერი საჭიროება; და მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ გაუკეთებია დეროგაცია მე-5 მუხის მე-4 ნაწილიდან, არსებობდა ალ-ყაიდასა და მისი წევრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და ამ ინფორმაციის წყაროების საიდუმლოდ შენახვის ძლერი საჯარო ინტერესი (ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ზემოთ ფოქსი, კემბელი და ჰარტლი, § 39).
217. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაბალანსება ხდებოდა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით დაცული მომჩივნების პროცესუალური სამართლიანობის უფლებით. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების დაპატიმრება, მეორე და მეოთხე მომჩივნების გარდა, არ ხვდებოდა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) - (ვ) პუნქტებში მოცემულ არც ერთ კატეგორიაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის სასამართლო კონტროლის შესახებ პრეცედენტული სამართალი რელევანტურია, რადგან ასეთ საქმეებშიც დაპატიმრებული პირის მიმართ არსებული ეჭვის გონივრულობის საკითხი არის სინე ქუა ნონ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 204). გარდა ამისა, წინამდებარე საქმის გარემოებებისა და მომჩივანთა ფუნდამენტურ უფლებებზე ხანგრძლივი (და იმ დროისთვის განუსაზღვრელი ვადით) პატირმობის ძლიერი უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინებით, მე-5 მულხის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის გამოყენებული უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს არსებითად ისეთივე გარანტიები, რაც გათვალისწინებულია მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლის სამართლის საქმეებისთვის (გარსია ალვა გერმანიის წინააღმდეგ, №23541/94, § 39, 2001 წლის 13 თებერვალი; ასევე იხილეთ ზემოთ ჩაჰალი, §§ 130-131).
218. ზემოთქმულის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეულ მომჩივანს მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებისა და მტკიცებულებების შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციაზე ჰქონოდა ხელმისაწვდომობა ისე, რომ ეროვნულ უშიშროებასა და სხვათა უსაფრთხოებას საშიშროება არ შექმნოდა. იმ შემთხვევებში, როცა საქმის შესახებ ინფორმაციის სრულად გამჟღავნება შეუძლებელი იყო, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გაუმჟღავნებლობით გამოწვეული სირთულეების დაბალანსება უნდა მომხდარიყო ისეთი გზით, რომ თითოეულ მომჩივანს მაინც ჰქონოდა მის მიმართ არსებული ბრალდებების წინააღმდეგ დავის ქმედითი საშუალება.
219. სასამართლო მიიჩნევს, რომ საიმიგრაციო კომისია, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ინსტანცია იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 91) და რომელსაც მიეცა საშუალება, განეხილა ყველა რელევანტური მტკიცებულება – ღიაც და დახურულიც, იყო ის უწყება, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ დაპატიმრებული პირის ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე მხოლოდ საჭიროებების შესაბამისად მომხდარიყო. ამ კუთხით, სპეციალური ადვოკატის მონაწილეობა პროცესში ქმნიდა დაცვის დამატებით გარანტიებს, რადგან მას შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმეები იმის შესამოწმებლად, რამდენად აუცილებელი იყო ინფორმაციის დახურვა მომჩივნებისთვის; ასევე, მას შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა საქმის მასალების დამატებითი გამჟღავნების შესახებ. მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ რომელიმე მომჩივნის საჩივრის მიმართ გამოყენებული იყო გასაიდუმლოების გადაჭარბებული და გაუმართლებელი ზომა, ან რომ არ არსებობდა ძალიან სერიოზული მიზეზები, რამაც გამოიწვია საქმის მასალების გაუმჟღავნებლობა.
220. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქმის მასალების არასრული გამჟღავნებისა და სრულყოფილი, ღია და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით სასამართლო განხილვის ჩატარების შეუძლებლობის საპირწონედ, სპეციალურ ადვოკატს შეეძლო მნიშვნელოვანი როლის შესრულება დახურული სასამართლო სხდომის დროს მტკიცებულებების შემოწმებითა და დაპატიმრებულთა სახელით არგუმენტების წარმოდგენით. თუმცა, სპეციალური ადვოკატი ამ ფუნქციის ეფექტიანად შესრულებას ვერ შეძლებდა, თუ დაპატიმრებულ პირს არ ექნებოდა საკმარისი ინფორმაცია მის მიმართ არსებული ბრალდებების შესახებ, რომ მას სპეციალური ადვოკატისთვის მიეცა სათანადო ინსტრუქციები. მართალია ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ზოგადად აღნიშნავს, რომ როცა მტკიცებულებების დიდი ნაწილის გამჟღავნება ხდება და საქმის განხილვისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება საქმის ღია მასალებს, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მომჩივანს არ მიეცა მის მიმართ სახელმიწფო მდივნის რწმენისა და ეჭვების წინააღმდეგ დავის ქმედითი საშუალება. სხვა შემთხვევებში, მაშინაც კი, როცა ყველა მტკიცებულების ან მათი უმრავლესობის გამჟღავნება არ მომხდარა, თუ საქმის ღია მასალებში მოცემული ბრალდებები საკმარისად კონკრეტული იყო, მომჩივანს უნდა შეძლებოდა, მისი წარმომადგენლებისა და სპეციალური ადვოკატისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რითიც შესაძლებელი იქნებოდა ბრალდებების გაბათილება იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ინფორმაციაზე მომჩივანს ხელი მიუწვდებოდა ბრალდების გამამყარებელი მტკიცებულებების შესახებ დეტალებისა და მათი წყაროს ცოდნის გარეშე. ამისი მაგალითი იყო რამდენიმე მომჩივნის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომ ისინი დადგენილ დროსა და ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტების საწვრთნელ ბანაკში; ბრალდების კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, სპეციალური ადვოკატისთვის მიეწოდებინა გამამართლებელი მტკიცებულება, როგორიცაა ალიბი ან მისი იქ ყოფნის მიზეზების სხვაგვარი ახსნა-განმარტება, რაც საშუალებას მისცემდა სპეციალურ ადვოკატს, ეფექტიანად ედავა ბრალდების საწინააღმდეგოდ. ხოლო თუ საქმის ღია მასალები მხოლოდ ზოგადი მტკიცებებისგან შედგებოდა და საიმიგრაციო კომისიის კვალიფიცირების დამტკიცებისა და პატიმრობის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ, ან არსებითად საქმის დახურულ მასალებს ეყრდნობოდა, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის პროცესუალური მოთხოვნები დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
221. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლომ შესაბამისად უნდა შეაფასოს თითოეული მომჩივნის მიმართ განხორციელებული კვალიფიცირების პროცესი.
222. სასამრთლო აღნიშნავს, რომ მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ გამოყენებული საქმის ღია მასალები შეიცავდა დეტალურ ბრალდებებს, მაგალითად, ტელეკომუნკაციის სპეციფიკური საშუალების შეძენა, სპეციფიკური დოკუმენტების ქონა, რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს უკავშირდებოდა და დადგენილ დროსა და ადგილას ტერორიზმში ეჭვმიტანილ კონკრეტულ პირებთან შეხვედრები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ბრალდებები საკმარისად დეტალური იყო საიმისოდ, რომ მომჩივნებს შეძლებოდათ მათ საწინააღმდეგოდ ეფექტიანი დავა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ არ დარღვეულა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი.
223. პირველი და მეათე მომჩივნების მიმართ მთავარი ბრალდება იყო, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ფონდების მოძიებაში. პირველი მომჩივნის შემთხვევაში, არსებობდა ღია მტკიცებულება, რომ მისი საბანკო ანგარიშის მეშვეობით დიდი თანხები მოძრაობდა; ხოლო მეათე მომჩივნის მიმართ არსებობდა ღია მტკიცებულება, რომ იგი თაღლითობის გზით ახდენდა ფონდების მოძიებას. თუმცა, ორივე შემთხვევაში მტკიცებულება, რაც სავარაუდოდ ადასტურებდა მოძიებულ თანხების კავშირს ტერორიზმთან არც ერთი მომჩივნებისთვის გამჟღავნებული არ ყოფილა. მოცემულ სიტუაციაში, სასამართლო არ თვლის, რომ ამ მომჩივნებს შეეძლოთ ეფექტიანად ედავათ მათ მიმართ არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. შესაბამისად, პირველი და მეათე მომჩივნების მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი.
224. მესამე და მეხუთე მომჩივნების წინააღმდეგ არსებული ღია მტკიცებულბები ზოგადი ხასიათის იყო – რომ ისინი ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი, დასახელებული ისლამისტური ექტრემისტული ჯგუფების წევრები იყვნენ. საიმიგრაციო კომისიამ აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში, რომლითაც ამ მომჩივნებს უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ღია მტკიცებულებები არაარსებითი იყო და რომ ის მტკიცებულება, რომელსაც საიმიგრაციო კომისია დაეყრდნო მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად საქმის დახურულ მასალებს შორის იყო. ისევ და ისევ, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ამ მომჩივნებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეფექტიანად ედავათ მათ მიმართ არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. ამიტომ, მესამე და მეხუთე მომჩივნების მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი.
V. მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებაში
225. ალტერნატიული არგუმენტის სახით, მომჩივნები ასევე დაობდნენ, რომ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებულმა პრობლემატურმა საკითხებმა ასევე გამოიწვია მე-13 მუხლის დარღვევა. მისი ზემოთ მოცემული დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს ამ საჩივრების ცალკე განხივლას.
VI. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის სავარაუდო დარღვევა
226. დასასრულ, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მიუხედავად მათი მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების დარღვევით დაპატიმრებისა, მათ არ მიეცათ კომპენსაციის მიღების ქმედითი უფლება, რაც მე-5 მუხლის მე-5 ნაწილთან შეუსაბამო იყო. ამ უკანასკნელის თანახმად:
„ყველას, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის მიღების ქმედითი უფლება.“
227. მთავრობამ განაცხადა, რომ წინამდებარე საქმეში მე-5 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი არ იყო მისადაგებადი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენდა მე-5 მუხლის დარღვევას, მთავრობამ აღნიშნა, რომ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ პირს ჰქონოდა „კომპენსაციის მიღების ქმედითი უფლება“, რაც არ ნიშნავდა, რომ კომპენსაციის მიკუთვნება ყოველ საქმეში უნდა მომხდარიყო. ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა სახელმწიფო მდივნის ეჭვი, რომ მომჩივნები “საერთაშორისო ტერორისტები” იყვნენ, საფუძვლიანად მიიჩნია, პრინციპის დონეზე, მომჩივნებს ეროვნული სასამართლოებისგან კომპენსაციის მოთხოვნა არ შეეძლოთ.
ა. დასაშვებობა
228. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან დაადგინა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა ყველა მომჩივნის მიმართ, გარდა მეორე და მეოთხე მომჩივნებისა; მან ასევე დაადგინა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა პირველ, მესამე, მეხუთე და მეათე მომჩივნებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მეორე და მეოთხე მომჩივნების მე-5 მუხლის მე-5 ნაწილთან დაკავშირებული საჩივრები დაუშვებელია, ხოლო მასთან დაკავშირებული დანარჩენი მომჩივნების საჩივრები - დასაშვები.
ბ. არსებითი განხილვა
229. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დარღვევების მიუხედავად, მომჩივნებს არ მიეცათ ქმედითი უფლება, ეროვნული სასამართლობის წინაშე მოეთხოვათ კომპენსაცია. შესაბამისად, ყველა მომჩივნის მიმართ, გარდა მეორე და მეოთხე მომჩივნებისა, დაირღვა მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი (იხილეთ ბორგანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1988 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, § 67, სერია „A“ №145-B; ასევე იხილეთ ზემოთ, ფოქსი, კემბელი და ჰარტლი, § 46).
VII. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
230. მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ საიმიგრაციო კომისიაში წარმართული პროცესი არ შეესაბამებოდა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, რომელთა თანახმად:
„1. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საჯაროობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.
2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.“
231. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მე-6 მუხლის იყო lex specialis სამართლიანი სასამართლოს გარანტიების თვალსაზრისით. პატიმრობის განსახილველი რეჟიმი ევროპის საბჭოს ქვეყნებში 2001 წლის შემდეგ მიღებული სააღსრულებლო ზომებიდან ყველაზე მკაცრი ღონისძიება იყო. ამ ღონისძიების შემოღებით, გაერთიანებულ სამეფოს მიეცა შესაძლებლობა, პირის წინააღმდეგ დაეწყო პროცედურები მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომელიც მომდინარეობდა ისეთი მტკიცებულებებიდან, რისი განხილვაც ჩვეულებრივ სასამართლოებში შეუძლებელი იყო. მხოლოდ ეს ფაქტორი საკმარისი იყო მე-6 მუხლის კუთხით საქმის განხილვისთვის. პროცედურები ეხებოდა სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის შემოწმებას, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ავტონომიური მნიშვნელობით; პროცედურები ასევე მოიცავდა სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს. დახურული მასალების გამოყენებამ გამოიწვია მე-6 მუხლის დარღვევა.
232. მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრობასთან დაკავშირებით მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი იყო lex specialis და ამიტომ საკითხები მისი დებულებების ფარგლებში უნდა განხილულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მე-6 მუხლი არ იყო გამოყენებადი, რადგან საიმიგრაციო კომისიის გადაწყვეტილება, უნდა მომხდარიყო თუ არა დაპატიმრება, უკავშირდებოდა “საიმიგრაციო კონტროლის სპეციალურ ღონისძიებას” და შესაბამისად არ ეხებოდა არც სისხლისსამაართლებრივი ბრალდებისა და არც სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დადგენას. მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი რომც ყოფილიყო გამოყენებადი, მისი დარღვევა მაინც არ მომხდარა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებული საჩივრის საპასუხოდ ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტების თანახმად.
233. იმ საკითხის განხილვის გარეშე, ხვდებოდა თუ არა მე-6 მუხლის გავრცელების არეალში საიმიგრაციო კომისიაში წარმართული პროცესი, სასამართლო მოცემულ საჩივრებს დასაშვებად აცხადებს. თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ მან მე-5 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისას, ზემოთ უკვე იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სპეციალური ადვოკატები, დახურული სასამართლო სხდომები და მტკიცებულებებზე არასრული ხელმისაწვდომობა, რასაც ადგილი ჰქონდა საიმიგრაციო კომისიაში მიმდინარე პროცესის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ ეს საკითხები უკვე სრულად განიხილა, იგი საჭიროდ არ მიიჩნევს მე-6 მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებული საჩივრების ცალკე განხილვას.
VIII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
234. მომჩივნებმა მათი უფლებების დარღვევის შედეგად გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვეს კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, რომელშიც წერია:
”თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება არ იყო არც საჭირო და არც მართებული.
ა. ზიანი
1. მომჩივნების მოთხოვნა
235. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ფულადი სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება საჭირო და მართებული იყო. მისი ოდენობის განსაზღვრისას, უპრიანი იყო უკანონო პატიმრობის შესახებ სხვა საქმეებში ეროვნული სასამართლოებისა და ასევე ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხების მხედველობაში მიღება (მათ მიუთითეს გადაწყვეტილებები, inter alia, საქმეებზე პერკსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №25277/94, №25279/94, №25280/94, №25282/94, №25285/94, №28048/95, №28192/95 და №28456/95, 1999 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სადაც ექვსდღიანი უკანონო პატიმრობის გამო სამართლიანი დაკმაყოფილება 5,500 გირვანქა სტერლინგით განისაზღვრა; ცირლისი და კულუმბასი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1995 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, ღეპორტს 1997-III, სადაც მომჩივნებს შესაბამისად მიაკუთვნეს 17,890 და 16,330 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით 13- და 12- თვიანი პატიმრობის გამო).
236. პირველი მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2001 წლის 19 დეკემბრიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთის, რამაც სამი წელი და ოთხმოცდასამი დღე შეადგინა, და პატიმრობით გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების გამო. მან განაცხადა, რომ მისაკუთვნებელ კომეპენსაციაში ასევე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მისი მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრების ტკივილი, რაც განშორებითა და უარყოფითი საჯარო გამოხმაურებით იყო გამოწვეული. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მან მოითხვა 234,000 გირვანქა სტერლინგი. მან დამატებით დაახლეობით 7,500 გირვანქა სტერლინგი მოითხვა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაშიც შედიოდა ოჯახის მიერ მისი ციხეში მონახულებისა და სხვა ხარჯები.
237. მესამე მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2001 წლის 19 დეკემბრიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობით გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების, და ასევე მისი ცოლისა და შვილებისთვის მიყენებული ტკივილის გამო; ასევე მისი ცოლისა და შვილების მიერ განცდილი ტკივილის გამო. მან მოითხოვა 230,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის, ხოლო 200 გირვანქა სტერლინგი – მისი მეუღლის მგაზვრობის ხარჯების ასანაზღაურებლად; მომჩივანმა ასევე მოითხოვა თანხა გაერთიანებულ სამეფოში ბიზნესის სფეროში დამკვიდრების შესაძლებლობის დაკარგვის საკომპენსაციოდ.
238. მეხუთე მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2001 წლს დეკემბერიდან 2004 წლის 22 აპრილამდე თავისუფლების აღკვეთის, შემდგომ 2005 წლის 11 მარტამდე შინა პატიმრობის, ყოველივე ამით გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადებისა და მისი მეუღლისა და შვილებისთვის მიყნებული ტკივილის გამო. მან მოითხოვა 240,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის, ხოლო 5,500 გირვანქა სტერლინგი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; ეს უკანასკნელი მოიცავდა მისი მეუღლის მიერ მგზავრობისა და ბავშვზე ზრუნვისთვის გაწეულ ხარჯებს ისევე, როგორც მის მიერ მომჩივნისთვის ციხეში გაგზავნილ თანხებს.
239. მეექვსე მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2001 წლის 19 დეკემბრიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობით გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების, და ასევე მისი ცოლისა და შვილებისთვის მიყენებული ტკივილის გამო. მან მოითხოვა 217,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის, ხოლო 51,410 გირვანქა სტერლინგი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; ეს უკანასკნელი მოიცავდა მომჩივნის, როგორც თვითდასაქმებული კურიერის დაკარგულ შემოსავალსა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯებს.
240. მეშვიდე მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2002 წლის 8 თებერვლიდან 2005 წლის 11 მარტამდე მისი პატირმობისა და მისგან გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების გამო. მან მოითხოვა 197,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მატერიალური ზიანის ანაზღაურება მას არ მოუთხოვია.
241. მერვე მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2002 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთის, მისგან გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების, და მისი მეუღლისა და შვილების მიერ განცდილი ტკივილის გამო. მან მოითხოვა 170,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის, ხოლო 4,570 გირვანქა სტერლინგი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; ეს უკანასკნელი მოიცავდა მეუღლის მიერ მისთვის ციხეში გაგზავნილ ფულად თანხებსა და მედიის არასასურველი ყურადღების თავიდან ასაცილებლად ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ხარჯებს.
242. მეცხრე მომჩივანი ითხვდა 2002 წლის 22 აპრილიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთის, მისგან გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების, და მისი მეუღლისა და შვილების მიერ განცდილი ტკივილის გამო. მან მოითხოვა 215,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის, ხოლო 7,725 გირვანქა სტერლინგი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; ეს უკანასკნელი მოიცავდა ვალს, რომლის აღებაც მომჩივანს მოუწია, რომ მეუღლეს ოჯახის რჩენაში დახმარეობდა, მეუღლის მიერ მისთვის ციხეში გაგზავნილ თანხასა და მეუღლის ციხეში ვიზიტის ხარჯებს. მომჩივანმა ასევე მოითხოვა თანხა გაერთიანებულ სამეფოში ბიზნესის სფეროში დამკვიდრების შესაძლებლობის დაკარგვის საკომპენსაციოდ.
243. მეათე მომჩივანი ითხვდა 2003 წლის 14 იანვრიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთისა და მისგან გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის, მათ შორის ფსიქიკური დაავადების გამო. მან მოითხოვა 144,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანის, ხოლო 2,751 გირვანქა სტერლინგი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; ეს უკანასკნელი მოიცავდა თავშესაფრის მხარდაჭერის ეროვნული სამსახურის დაკარგულ შემწეობას – ყოველკვირეულად 37 გირვანქა სტერლინგსა და მის მიერ იურისტებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების საფასურს.
244. მეთერთმეტე მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას 2003 წლის 2 ოქტომბრიდან 2005 წლის 11 მარტამდე თავისუფლების აღკვეთისა და მისგან გამოწვეული ფსიქიკური ტანჯვის გამო. მან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 95,000 გირვანქა სტერლინგი მოითხოვა, ხოლო კომპენსაცია მატერიალური ზიანისთვის არ მოუთხოვია.
2. მთავრობის არგუმენტები
245. საქმეზე მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღდმეგ, 1995 წლის 27 სექტემბერის გადაწყვეტილება, § 219, სერია „A“ №324, დაყრდნობით მთავრობა დაობდა, რომ, პრინციპის დონეზე, მომჩივნებს არ ჰქონდათ უფლება, მიეღოთ რაიმე სახის ფინანსური კომპენსაცია, რადგან ისინი, ობიექტური და საფუძვლიანი მოტივებით, მართებულად იყვნენ ეჭვმიტანილნი ტერორიზმში და ამ ეჭვის გაფანტვა მათ ვერ მოახერხეს.
246. მთავრობამ აღნიშნა, რომ 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილი დამტკიცდა და დეროგაცია გაკეთდა კეთილსინდისიერად იმ ვითარებაში, რომელიც აღქმული იყო როგორც უკიდურესად სერიოზული, გათანაბრებული საგანგებო მდგომარეობასთან, რომელიც ერის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. 2001 წლის კანონით გათვალისწინებული დაპატიმრების სქემასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა, როგორც ეს საიმიგრაციო კომისიამ და ლორდთა პალატამ აღნიშნეს, იყო ის, რომ ის არ შეეხებოდა გაერთიანებულ სამეფოს და არც უცხოელ მოქალაქეებს. ლორდთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, საგანგებო ყურადღება დაეთმო საკითხს, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ მომჩივნებს საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში და დადგინდა, რომ კონტროლის ბრძანებების სისტემა უნდა ამოქმედებულიყო. ამ ფონზე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მთავრობა მოიქცა ცინიკურად ან საშინლად უგულებელყო ინდივიდის უფლებები.
247. ამასთან, მთავრობამ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული დარღვევის დადგენის შემთხვევაში (მაგალითად, მე-5 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით) სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება არ უნდა მოხდეს, რადგან შეუძლებელია იმაზე სპეკულირება, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ამ დარღვევის არარსებობის პირობებში (კინგსლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №35605/97, ECHR 2002-IV; ჰუდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №27267/95, ECHR 1999-I).
248. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტს ფულადი ანაზღაურების მიკუთვნებას, ყურადღებით უნდა იყოს განხილული, თითოული საჩივრის შემთხვევაში იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, იყო თუ არა საჩივარი საკმარისად მჭიდროდ დაკავშირებული დარღვევასთან და იყო თუ არა ის გონივრული თანხის ოდენობასთან მიმართებაში.
3. სასამართლოს შეფასება
249. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მან ვერ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა. ასევე, მან ვერ დააწესა რაიმე ანაზღაურება სულიერი ტანჯვისთვის, რომელიც მოიცავს სულიერ ავადმყოფობასაც, რასაც სავარაუდოდ იწვევს პატიმრობის პირობები ან 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პატიმრობის სქემის თავისუფალი ხასიათი.
250. თუმცა სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების დარღვევა პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ, ხოლო მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა – პირველი, მესამე, მეხუთე და მეათე მომჩივნების მიმართ. შესაბამისად, 41-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეეძლო ამ მომჩივანთათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნება, თუკი ამას “აუცილებლად” ჩათვლიდა. სასამართლოს აქვს ფართო დისკრეცია, განსაზღვროს, თუ როდის უნდა მიაკუთვნოს ზარალის ანაზღაურება და ხშირად, დარღვევის დადგენას, შემდგომი ფულადი ანაზღაურების მიკუთვნების გარეშე, საკმარის დაკმაყოფილებად მიიჩნევს (იხილეთ ზემოთ, სხვა მრავალ მაგალითს შორის, ნიკოლოვა, § 76). თავისი დისკრეციის განხორცილებისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის ყველა გარემოებას, დარღვევის ხასიათისა და საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოების ჩათვლით.
251. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში საქმეზე მაკკენი და სხვები (იხილეთ ზემოთ § 219), მან უარი თქვა, მიეკუთვნებინა რაიმე ანაზღაურება კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევიდან გამომდინარე მატერიალური ან მორალური ზიანისთვის, მხედველობაში მიიღო რა ის ფაქტი, რომ სამ ეჭვმიტანილ ტერორისტს, რომლებიც მოკლულები იყვნენ, განზრახული ჰქონდა გიბრალტარში ბომბის დადება. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავებულია, რადგან რაიმე სახის ტერორისტულ საქმიანობასთან რომელიმე მომჩივნის კავშირი, ან კავშირის მცდელობა, არ არის დადგენილი.
252. ამ საქმეში ფულადი კომპენსაცია მიკუთვნების მართებულობის და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის გადაწყვეტილება მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული. მომჩივნები პატიმრობაში იმყოფებოდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით, და სასამართლოს წარსულში უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით სამართლიანი დაკმაკოფილებისთვის მსხვილი თანხები მიუკუთვნებია (იხილეთ, მაგალითად, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №71503/01, ECHR 2004-II, ან მომჩივნების მიერ ზემოთ 235-ე პარაგრაფში მოყვანილი საქმეები). თუმცა, წინამდებარე საქმე სრულიად განსხვავებულია. 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე ალ-ყაიდას შეტევის შემდეგ, იმ ვითარებაში, რომელიც ადგილობრივმა სასამართლოებმა და ამ სასამართლომ შეაფასა როგორც საგანგებო მდგომარეობა ერის არსებობისთვის, მთავრობა ვალდებული იყო, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა დაეცვა ტერორიზმის ძალადობისგან. 2001 წლის კანონის მე-4 ნაწილში პატიმრობის სქემა შემუშავებულია კეთილსინდისიერად, იმგვარად, რომ ტერორისტული აქტების პრევენციის აუცილებლობისა და კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების – უარი ეთქვას პიროვნების გაძევებას ან დეპორტაციას ისეთ ქვეყანაში, სადაც იგი შეიძლება არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ აღმოჩდეს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 166) – შეთავსების მცდელობაა. თუმცა სასამართლომ, ისევე როგორც ლორდთა პალატამ, დაადგინა, რომ დეროგაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები არაპროპორციული იყო, ამ დადგენილების ძირითადი ნაწილი იყო ის, რომ კანონმდებლობა დისკრიმინაციული იყო, რადგან მისი სამიზნე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ამასთან, ლორდთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ 2001 წლის კანონით განსაზღვრული პატიმრობის სქემა შეიცვალა 2005 წლის ტერორიზმის პრევენციის კანონით განსაზღვრული კონტროლის ბრძანებების სისტემით. ყველა მომჩივანი, რომელთა მიმართაც სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა, გათავისუფლებისთანავე, 2005 წლის მარტში, დაექვემდებარა კონტროლის ბრძანების მოქმედებას. ამგვარად, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიუხედავად დარღვევების არარსებობისა წინამდებარე საქმეში, მომჩივნებს გარკვეული შეზღუდვები არ შეეხებოდათ გათავისუფლების შემდეგ.
253. ამ ფონზე, სასამართლო ადგენს, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით გამართლებულია, განისაზღვროს არსებითად უფრო დაბალი ანაზღაურება, ვიდრე უკანონო პატიმრობის სხვა შემთხვევებში. სასამართლო მიაკუთვნებს 3,900 ევროს პირველ, მესამე და მეექვსე მომჩივნებს; 3,400 ევროს – მეხუთე მომჩივანს; 3,800 ევროს – მეშვიდე მომჩივანს; 2,800 ევროს – მერვე მომჩივანს; 3,400 ევროს – მეცხრე მომჩივანს; 2,500 ევროს – მეათე მომჩივანს; და 1,700 ევროს – მეთერთმეტე მომჩივანს, ამას ემატება ნებისმიერი გადასახადი რაც მომჩივნებს შეიძლება დაერიცხოთ.
ბ. სასამართლო ხარჯები
254. მომჩივნებს არ მოუთხოვიათ ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურება, რადგან ამ ხარჯების ანაზღაურება ლორდთა პალატის გადაწყვეტილების შედეგად მოხდა. მომჩივნებმა სასამართლო პროცესის ხარჯების ასანაზღაურებლად ჯამში 144,752.64 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი მოითხოვეს, რაც შეიცავდა დამატებითი ღირებულების გადასახსაც (დღგ). ეს თანხა იყო განაცხადის მომზადებისთვის, წერილობითი მოსაზრებებისა და პალატისა და დიდი პალატის წინაშე სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნისთვის, იურისტების მიერ გაწეული 599საათიანი მუშაობის (საათში 70 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, რასაც ემატებოდა დღგ), ადვოკატის მიერ გაწეული 342.5საათიანი მუშაობისა (საათში 150 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, რასაც ემატებოდა დღგ) და უფროსი ადვოკატის მიერ გაწეული 85საათიანი მუშაობის (საათში 200 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, რასაც ემატებოდა დღგ) საფასური, ექსპერტთა ანგარიშებისა და დიდ პალატაში მოსმენის ხარჯებთან ერთად. მათ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო სხვადასხვა სპეციალიზაციის ადვოკატთა გარკვეული რაოდენობის მომზადება, განსახილველ საკითხთა და მტკიცებულებათა, რომლებიც ათწლიანი პერიოდის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, ფართო სფეროს გათვალისწინებით.
255. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა არაპროპორციული იყო. კერძოდ, იურისტებისა და ადვოკატის მიერ საქმის მოსამზადებლად გაწეული დრო გადაჭარბებული იყო, რადგან თითოეულ მომჩივანს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა ეროვნულ დონეზე გამართულ პროცესებზე, სადაც დეტალური ინსტრუქცია უნდა მიეღოთ და განეხილათ ფაქტობრივად ყველა ის საკითხი, რაც წამოიჭრებოდა სასამართლოსადმი განაცხადში.
256. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს გონივრული ოდენობით უნდა აუნაზღაურდეს ის აუცილებელი ხარჯები, რაც კონვენციის დარღვევის პრევენციის ან გამოსწორებისთვის გასწია (იხილეთ ზემოთ კინგსლი, § 49). სასამართლო აღიარებს, რომ მთელი რიგი მომჩივნები უდავოდ გამოიწვევდნენ დამატებით სამუშაოს თავიანთი წარმომადგენლებისთვის, ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მასალების უმეტესი ნაწილი შეეხებოდა მომჩივნების საჩივრებს კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით და ამ საჩივრებიდან გამომდინარე სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნებს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, სასამართლო იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით კონვენციის მე-15 მუხლით დეროგაციასთან დაკავშირებული, უკვე იყო წარდგენილი ეროვნულ სასამართლოებზე, რაც საქმის ამ ნაწილის მომზადებისთვის საჭირო დროს შეამცირებდა. ამ ფონზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს სასამართლო ხარჯებისთვის უნდა აუნაზღაურდეთ ჯამში 60,000 ევრო, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც მომჩივნებს შეიძლება დაერიცხოთ.
გ. საურავი
257. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს დაუშვებლად მეორე მომჩივნის კონვენციის მე-3 და მ-13 მუხლებზე დაყრდნობით წარმოდგენილ საჩივრებს; ხოლო პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მე-3 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით წარმოდგენილ საჩივრებს დასაშვებად აცხადებს (იხილეთ გადაწყვეტილების პარაგრაფები 123-125);
2. ადგენს, რომ პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი და მასთან მიმართებაში – მე-13 მუხლი (პარაგრაფები 126-136);
3. უარყოფს მომჩივნის პირველად პრეტენზიებს, რომ მთავრობას არ უნდა მისცემოდა საშუალება მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებაში დაეცვა თავისი პოზიცია ან ეჭვქვეშ დაეყენებინა ლორდთა პალატის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მის მიერ გაკეთებული დეროგაცია მე-15 მუხლთან შეუსაბამო იყო (პარაგრაფები 153-159);
4. აცხადებს დასაშვებად მომჩივნების მიერ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივრებს (პარაგრაფი 160);
5. ადგენს, რომ მეორე და მეოთხე მომჩივნების მიმართ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი (პარაგრაფები 162-168);
6. ადგენს, რომ პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი (პარაგრაფები 162-190);
7. მიიჩნევს, რომ მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან მიმართებაში მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ მომჩივნების საჩივრების ცალკე განხილვა საჭირო არ არის (პარაგრაფი 192);
8. აცხადებს დაუშვებლად მეორე და მეოთხე მომჩივნების მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივრებს; ხოლო პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიერ მე-5 მუხლის მე-4 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებს დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფები 200-201);
9. მიიჩნევს, რომ საჭირო არ არის, განიხილოს პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიერ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივარი იმის თაობაზე, რომ ლორდთა პალატას არ შეეძლო მათი გათავისუფლების შესახებ შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე ბრძანების გამოცემა (პარაგრაფი 213);
10. ადგენს, რომ პირველი, მესამე, მეხუთე და მეათე მომჩივნების მიმართ დაირღვა მე-4 მუხლის მე-4 ნაწილი, ხოლო მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი არ დარღვეულა (პარაგრაფები 202-224);
11. მიიჩნევს, რომ საჭირო არ არის მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან მიმართებაში მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ მომჩივნების საჩივრების ცალკე განხილვა (პარაგრაფი 225);
12. აცხადებს დაუშვებლად მეორე და მეოთხე მომჩივნების მიერ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივრებს; ხოლო პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მე-5 მუხლის მე-5 ნაწილთან დაკავშირებულ საჩივრებს დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი 228);
13. ადგენს, რომ პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მომჩივნების მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი (პარაგრაფი 229);
14. აცხადებს დასაშვებად მომჩივნების მიერ კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივრებს (პარაგრაფი 233);
15. ადგენს, რომ საჭირო არ არის მომჩივნების კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა (პარაგრაფი 233);
16. ადგენს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები, რომელთა გადახდაც უნდა მოხდეს გირვანქა სტერლინგებში გადახდის დღეს დადგენილი კურსის შესაბამისად:
(ა) მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, პირველ, მესამე და მეექვსე მომჩივნებს – 3,900 ევრო (სამი ათას ცხრაასი ევრო); მეხუთე მომჩივანს – 3,400 ევრო (სამი ათას ოთხასი ევრო); მეშვიდე მომჩივანს – 3,800 ევრო (სამი ათას რვაასი ევრო); მერვე მომჩივანს – 2,800 ევრო (ორი ათას რვაასი ევრო); მეცხრე მომჩივანს – 3,400 ევრო (სამი Aათას ოთხასი ევრო); მეათე მომჩივანს – 2,500 ევრო (ორი ათას ხუთასი ევრო); მეთერთმეტე მომჩივანს – 1,700 ევრო (ათას შვიდასი ევრო);
(ბ)სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად მომჩივნებს ერთობლივად უნდა მიეცეთ 60,000 ევრო, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რისი გადახდაც მომჩივნებს შესაძლოა მოუწიოთ;
(გ) სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მათ სრულ გადარიცხვამდე, ზემოხსენებულ თანხებს დაერიცხება საურავის პერიოდის განმავლობაში ევროპის ცენტრალური ბანკი ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტი, რადაც დაემატება სამი პროცენტი (პარაგრაფი 257);
17. უარყოფს მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
გადაწყვეტილება შედგენილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადდა ღია სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში, 2009 წლის 19 თებერვალს.
მაიკლ ობოილიჟან-პოლ კოსტა
სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილეთავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@ .
Full & Egal Universal Law Academy