დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 134
2010 წლის ოქტომბერი
ა. ხორვატიის წინააღმდეგ (A. v. Croatia)
(საჩივარი- 55164/08)
გადაწყვეტილება, 14 ოქტომბერი, 2010 [1-ლი სექცია]
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
პირადი ცხოვრების დაცულობა
ხელისუფლების ორგანოების მიერ იმ სასამართლო ბრძანებების აღუსრულებლობა, რომელიც მოძალადე ქმრისგან მომჩივნის დაცვას უზრუნველყოფდა: დარღვევა
ფაქტები – 2003 წლის ნოემბერსა და 2006 წლის ივნისს შორის, მომჩივნის ქმარი, რომელსაც სერიოზული ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს ძალადობისა და იმპულსური ქცევისკენ მიდრეკილებით, მომჩივანზე ახორციალებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, რაც მოიცავდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, დარტყმებსა და წიხლით ცემას თავში, სახესა და სხეულზე. მომჩივანს ქმარი ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას მათი ქალიშვილის თანდასწრებით, რომელიც, თავის მხრივ, ასევე იყო ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე შემთხვევაში. ქორწინება დასრულდა 2006 წელს განქორწინებით. 2004 და 2009 წლებს შორის ქმრის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის და წვრილმანი დანაშაულის სამართალწარმოება წარიმართა და გაიცა რამდენიმე დამცავი ორდერი. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე შესრულდა. მაგალითად, რვა თვიანი პატიმრობა, რომელიც მოძალადეს მიესაჯა 2006 წელს სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემდეგ, არ აღსრულდა და ქმარმა ვერ გაიარა ფსიქო–სოციალური მკურნალობა, რომლის შესახებაც ასევე გაიცა ბრძანება. ამჟამად ის იხდის სასჯელის სახით შეფარდებულ თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით, მოსამართლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის.
სამართალი – მე-8 მუხლი: მომჩივნის დამაჯერებელი მტკიცებების გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი ქმარი წარმოადგენდა მისი ფიზიკური ხელშეუხებლობისთვის საფრთხეს და არაერთგზის ესხმოდა მას თავს, ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებოდათ პოზიტიური ვალდებულება, დაეცვათ იგი მისი ძალადობრივი ქცევისგან. თუმცა, მათ ვერ შეძლეს ამ ვალდებულების სათანადოდ შესრულება. პირველ რიგში, იმ შემთხვევებში, როგორიც ეს საქმეა, რომელიც მოიცავს ერთი და იმავე პირის მიერ ერთი და იმავე მსხვერპლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების მთელ რიგს, მომჩივანი უფრო ეფექტურად იქნებოდა დაცული, თუკი ხელისუფლების ორგანოები ვითარებას მთლიანობაში დაინახავდნენ და არ დაიწყებდნენ სამართალწარმოების რამდენიმე განცალკევებულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მეორე რიგში, მიუხედავად იმისა, რომ გაიცა სხვადასხვა დამცავი ორდერი, ბევრი მათგანი, როგორიცაა დაკავების პერიოდი, ჯარიმები, ფსიქო–სოციალური მკურნალობა და პატიმრობის ვადაც კი – არ აღსრულდა, შესაბამისად, ამან ძირი გამოაცალა ქმედების ჩადენის შეკავების ეფექტს. ამასთან, სახეზე იყო ხანგრძლივი დაყოვნებები რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომელიც გაიცა განგრძობითი ფსიქიატრიული მკურნალობისათვის, ამასთან ერთად, ეს მხოლოდ იყო სისხლის სამართლის სამართალწარმოების კონტექსტში და არ უკავშირდებოდა მომჩივნის წინააღმდეგ ძალადობას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, გაიარა თუ არა ქმარმა მკურნალობა. შეჯამებისათვის, ხელისუფლების ორგანოების მიერ იმ ღონისძიებების განუხორციელებლობამ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოძალადის ფსიქიატრიული მდგომარეობის მკურნალობა, რაც, როგორც ჩანდა, განაპირობებდა ქმრის ძალადობრივ ქცევას და მომჩივნისათვის შემდგომი ძალადობისგან დაცვას უზრუნველყოფდა, იგი (მომჩივანი)ხანგრძლივი პერიოდით რისკის ქვეშ დატოვა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-14 მუხლი: მომჩივანმა ვერ წარმოადგინა საკმარისი prima facie მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ ოჯახური ძალადობის კონტექსტში ხორვატიის მიერ მიღებული ღონისძიებები ან პრაქტიკა ან ასეთი ღონისძიებებისა თუ პრაქტიკის ეფექტი დისკრიმინაციული ხასიათის იყო.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
41-ე მუხლი: 9,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
(იხ. აგრეთვე Opuz v. Turkey, no. 33401/02, 9 June 2009, საინფორმაციო ბარათი no. 120)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy