დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 165
ივლისი 2013
Abdullah Yaşa and Others v. Turkey - 44827/08
გადაწყვეტილება 16.7.2013 [სექცია II]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
პოლიციის ოფიცრის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცხვირის არეში მიყენებული სერიოზული დაზიანება: დარღვევა
46-ე მუხლი
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ზომები
მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მიიღოს ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ცრემლსადენი გაზით დაზიანების მიყენებისა და სასიკვდილო შედეგის დადგომის რისკი.
ფაქტები – მომჩივანს, რომელიც მოვლენათა განვითარების დროს 13 წლისა იყო, სახეში შეაფრქვიეს ცრემლსადენი გაზი. მისი მტკიცებით, კანონის აღმასრულებელმა ოფიცერმა დემონსტრაციისას პირდაპირ ადამიანთა მასისკენ მიმართა ცრემლსადენი გაზის ბალონი. პროკურორმა გადაწყვიტა, არ მიეცა საქმისათვის მსვლელობა, იმის შეუმოწმებლად, იყო თუ არა გამოყენებული ძალა პროპორციული, იმ საფუძვლით, რომ კანონის აღმასრულებლები მოქმედებდნენ საჯარო წესრიგის შენარჩუნებისა და გამძვინვარებული მასისაგან თავდაცვის მიზნით.
სამართალი – მე-3 მუხლი (არსებითი ნაწილი): მომჩივანი დაშავდა ცხვირის არეში პოლიციის ოფიცრის მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით და მისთვის მიყენებული დაზიანებები სერიოზული იყო უდავოდ. მოპყრობამ, რომელსაც დაექვემდებარა მომჩივანი, მიაღწია მე-3 მუხლით გათვალისწინებული სიმკაცრის ზღვარს.
ვიდეომასალებიდან და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებიდან აშკარად ჩანდა, რომ დემონსტრაცია არ იყო მშვიდობიანი. შესაბამისად, არავითარი განსაკუთრებული საკამათო საკითხი არ წამოჭრილა მე-3 მუხლის ფარგლებში შეკრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის, როგორც ასეთის, გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, წინამდებარე საქმეში რაც განხილვის საგანს წარმოადგენდა , იყო არა უბრალოდ ის ფაქტი, რომ ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული, არამედ ის, რომ ცრემლსადენი გაზი გაფრქვეული იქნა პირდაპირ დემონსტრანტების მიმართულებით. სატყორცნი საშუალებით ცრემლსადენი გაზის შეფრქვევა შეიცავდა სერიოზული დაზიანების მიყენების, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში მოხდა, ან ადამიანის მოკვლის რისკსაც კი, თუ სატყორცნი არასწორად იქნებოდა გამოყენებული. შედეგად, გამოყენებული მოწყობილობისათვის დამახასიათებელი საფრთხის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ mutatis mutandis უნდა გამოყენებულიყო მისი პრეცედენტული სამართალი პოტენციურად ლეტალური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულ საქმეში. ამასთანავე, იყო რა ნებადართული შიდა კანონმდებლობით, წესრიგის დასაცავი ღონისძიებების ჩატარება - მათ შორის ცრემლსადენი გაზის გამოყენება - უნდა ყოფილიყო საკმარისად მოწესრიგებული კანონმდებლობით და ჩარჩოში მოქცეული თვითნებობის, ძალის გადამეტებისა და თავიდან ასაცილებელი ინციდენტების საწინააღმდეგო ადეკვატური და ეფექტური გარანტიებით.
თავის გადაწყვეტილებაში, არ მისცემოდა მსვლელობა საქმეს, პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მომჩივანი დაშავდა დემონსტრაციის დროს, რომელშიც იგი აქტიურად მონაწილეობდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციის ოფიცრებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონტანტების დასაშლელად, მაგრამ არ შეუწუხებია თავი იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მოხდა გაზის გაფრქვევა. ასეთი მიდგომა აშკარად არაადეკვატური ჩანდა მომჩივნის იმ ბრალდების ფონზე, რომ მას პირდაპირ ცხვირში დაუმიზნეს გაზის მოწყობილობა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დემონსტრაცია ტარდებოდა ბულვარში, სადაც ამ გზით უამრავი გამვლელი შეიძლება დაზიანებულიყო. ამასთან დაკავშირებით, ვიდეომასალიდან ჩანდა, რომ, როგორც ამტკიცებდა მომჩივანი, გაზი პირდაპირი მიმართულებით გაიფრქვა და არა შვეული კუთხიდან. ვინაიდან, მთავრობას არ წარმოუდგენია მომჩივანის ბრალდებების უარმყოფელი მტკიცებულება, სასამართლომ ჩათვალა, რომ გაზის მოწყობილობიდან გაზი გაიფრქვა პირდაპირი მიმართულებით. აღნიშნული ვერ ჩაითვლებოდა სათანადო ზომად პოლიციის მხრიდან, რადგან ცრემლსადენი გაზის ამგვარად გაფრქვევას შეეძლო გამოეწვია სერიოზული ან ფატალური დაზიანებაც კი; შვეული კუთხიდან ცრემლსადენი გაზის გაფრქვევა ზოგადად მიიჩნეოდა სათანადო მეთოდად, რამეთუ იგი გამორიცხავდა დაშავებას ან გარდაცვალებას, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მოხვდებოდა. გარდა ამისა, მოვლენათა განვითარების დროს, თურქულ კანონმდებლობაში არ არსებობდა დემონსტრაციებისას ცრემლსადენი გაზის გამოყენების სპეციალური წესები ან რაიმე გაიდლაინები მის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა ცრემლსადენი გაზის მოწყობილობის გამოყენებით, ხოლო მომჩივანი დაშავდა განსახილველი მოვლენების მიმდინარეობის დროს, შეიძლებოდა გამოტანილიყო დასკვნა - პოლიციის ოფიცრებს მინიჭებული ჰქონდათ მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება და მეტი შესაძლებლობა, განეხორციელებინათ დაუფიქრებელი ინიციატივები, ვიდრე ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიღებული ექნებოდათ სათანადო წვრთნა და ინსტრუქციები. ასეთ ვითარებაში ინდივიდის ფიზიკური უსაფრთხოება არ იყო დაცული იმ ხარისხით, რაც მოითხოვებოდა ევროპის თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში.
შესაბამისად, არ დადგინდა, რომ ძალის გამოყენება, რომელსაც დაექვემდებარა მომჩივანი, წარმოადგენდა სათანადო პასუხს არსებულ ვითარებაზე, მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან რომ იგი იყო პროპორციული მისაღწევ მიზანთან, კერძოდ არამშვიდობიანი შეკრების დაშლასთან მიმართებით. პოლიციის მიერ მომჩივნისათვის თავში მიყენებული დაზიანების სერიოზულობა არ შეესაბამებოდა, მისივე საქციელიდან გამომდინარე, გამოსაყენებელი ძალის მკაცრად აუცილებელი სიმკაცრის ხარისხს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 15,000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანისათვის.
Article 46: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, ვინაიდან არ დადგინდა, რომ ძალის გამოყენება, რომელსაც მომჩივანი დაექვემდებარა, წარმოადგენდა სათანადო პასუხს არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, მოვლენათა განვითარების დროს, თურქულ კანონმდებლობაში არ არსებობდა დემონსტრაციებისას ცრემლსადენი გაზის გამოყენების სპეციალური წესები და არც რაიმე გაიდლაინები გამოცემულა მის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონის აღმასრულებელი ორგანოებისათვის. სასამართლომ შენიშნა, რომ 2008 წლის 15 თებერვალს უშიშროების ყველა ძალას დაეგზავნა ცრემლსადენი გაზის გამოყენების პირობების მომწესრგებელი ცირკულარი. მიუხედავად ამისა, საჭირო იყო ცრემლსადენი გაზის მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული გარანტიების გაძლიერება უფრო დეტალური კანონდებლობის ან/და რეგულაციების საშუალებით, რათა მინიმუმამდე დაყვანილიყო მათი გამოყენებისას სიკვდილის გამოწვევის თუ დაზიანების მიყენების რისკი.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy