საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N244
2020 წლის ოქტომბერი
აღდღომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ - 7224/11
გადაწყვეტილება 8.10.2020 [მე-5 სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
ლგბტ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, რაც მოტივირებული იყო ჰომოფობიური და/ან ტრანსფობიური სიძულვილით: დარღვევა
ფაქტები – სადავო დროს ორივე მომჩივანი მუშაობდა ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ (ლგბტ) პირთა მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციაში - ფონდ ინკლუზივში (IF). 2009 წელს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ ორგანიზაციის ოფისში და მომჩივანთა და სხვა პირთა თანდასწრებით ჩაატარეს ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა შეიტყვეს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის სფერო, ისინი გახდნენ აგრესიულები და გამოავლინეს ჰომოფობიური განწყობა.
სამართალი – კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში: პოლიციის თანამშრომელთა ქცევის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ: (i) პოლიციის თანამშრომელთა გასაჩივრებული ქმედებები აღწევდა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, შესაბამისად ის ექცეოდა მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში მე-14 მუხლთან ერთობლიობაში; და (ii) პოლიციელთა ქმედებებს საფუძვლად ედო ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილი.
პოლიციელებმა, სიძულვილის ენის გამოყენებით, მიზანმიმართულად დაამცირეს მომჩივნები და მათი კოლეგები. კერძოდ, ოფისში მყოფი პირების გასაგობად, ისინი მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ შემდეგი სიტყვების გამოყენებით: ,,ავადმყოფები’’, ,,გარყვნილები’’, ,,ლესბოსელები’’. გარდა ამისა, გარკვეულ პოლიციელთა ქმედებები შეიცავდა მუქარის ელემენტებს. პოლიციის თანამშრომლები ცუდად ეპყრობოდნენ ფონდ ინკლუზივის ოფისში შეკრებილ ადამიანებს, მათ შორის ორ მომჩივანს, რომლებიც ლგბტ თემს მიეკუთვნებოდნენ და იმ დროს ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობდნენ (იხ., იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, 73235/13, 12 მაისი 2015, საინფორმაციო ბარათი 185), ვინაიდან პოლიციელები მათ ემუქრებოდნენ, რომ საზოგადოებას შეატყობინებდნენ მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ასევე ამბობდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის გამოყენების ზღვარზე იყვნენ. ფიზიკური ძალადობის მუქარას მოყვა ერთ-ერთი პოლიციელის ნათქვამი, რომ მას სურდა ამ ადგილის დაწვა, ამასთანავე მეორე პოლიციელმა პირველ მომჩივანს იძულებით ჩამოართვა მობილური ტელეფონი.
მომჩივნები და ზოგიერთი მათი კოლეგა საპირფარეშოში გააშიშვლეს და ისე გაჩხრიკეს. ამ საგამოძიებო ტექნიკის გამოყენების შესახებ ოქმი ან რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა; პოლიციელებს მომჩივნებისთვის არ უთქვამთ ამ ფორმით ჩხრეკის ჩატარების საფუძვლები და ამ მიზეზების შესახებ არც მთავრობას წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებულ ჩხრეკას არ ჰქონდა საგამოძიებო ღირებულება და მისი ერთადერთი მიზანი მომჩივანთა და სხვა ქალების შერცხვენა და დასჯა იყო, ლგბტ თემთან მათი ასოცირების გამო; ჩხრეკის ჩატარების დროს ქალი პოლიციელების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები შეიძლება მისი რეალური მიზნის დამატებით მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული.
საბოლოო ჯამში, ფონდ ინკლუზივის ოფისში ჩხრეკის დროს პოლიციელთა არასათანადო ქმედებები მოტივირებული იყო ჰომოფობიური და/ან ტრანსფობიური სიძულვილით და მომჩივნებში აუცილებლად გამოიწვევდა ტანჯვას, შიშისა და დაუცველობის განცდას, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის ღირსების პატივისცემას.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, ვინაიდან მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, დისკრიმინაციულ მოტივებზე მომჩივანთა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
კონვენციის 41-ე მუხლი: მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლომ თითოეულ მომჩივანს 2 000 ევრო მიაკუთვნა.
(იხ., აგრეთვე M.C. and A.C. v. Romania, 12060/12, 12 აპრილი 2016, საინფორმაციო ბარათი 195, და თემატური საძიებელი სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე)
© ევროპის საბჭო /ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები