დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 130
2010 წლის მაისი
ალაიოს კისი უნგრეთის წინააღმდეგ (Alajos Kiss v. Hungary)
(საჩივარი- 38832/06)
გადაწყვეტილება, 20 მაისი, 2010 [ მე-2 სექცია]
1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
ხალხის აზრის გამოხატვის თავისუფლება
ხმის მიცემა
პირისათვის ნაწილობრივი მეურვის დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაცემის შედეგად ხმის მიცემის უფლების ავტომატური დაკარგვა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მანიაკალური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს, 2005 წელს ნაწილობრივი მეურვე დაენიშნა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, მას საკუთარი თავის მოვლა ადეკვატურად შეეძლო, თუმცა, ხანდახან იგი უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა თანხების განკარგვას; გარდა ამისა, დროგამოშვებით ის აგრესიული იყო. [უნგრეთის] სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ნაწილობრივი მეურვეობის თაობაზე ბრძანება სასამართლოს უფლებას აძლევს შეზღუდოს ,,შემცირებული შესაძლებლობების“ მქონე პირების ქმედუნარიანობა, კერძოდ, ფინანსურ საკითხებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, უნგრეთის კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ასეთი ბრძანება ასევე იწვევს ხმის მიცემის უფლების ავტომატურ დაკარგვას. შესაბამისად, მომჩივანს 2006 წლის აპრილში საკანონმდებლო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ავტომატურად ჩამოერთვა.
სამართალი – 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი: [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო უფლების ჩამორთმევის ღონისძიება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, იმის უზრუნველყოფას, რომ საჯარო საქმეებში მხოლოდ ისეთ მოქალაქეებს მიეღოთ მონაწილეობა, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ შეგნებული და გონივრული გადაწყვეტილებები და აქვთ უნარი, შეაფასონ მათი შედეგები. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ შეზღუდვა ერთმანეთისგან არ ასხვავებდა სრული და ნაწილობრივი მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს და შესაბამისად ბევრ ადამიანზე ახდენდა ზეგავლენას. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხმის მისაცემად საჭირო ჯანმრთელობის შეფასების პროცედურა ეროვნულ კანონმდებლობას უნდა განესაზღვრა, მომჩივნის საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ უნგრული კანონმდებლობა ეცადა, შეეფასებინა შეპირისპირებული ინტერესები ან შეზღუდვის პროპორციულობა. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ვერ მიიჩნევდა, რომ ნაწილობრივი მეურვეობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი პირისთვის, მიუხედავად მათი შესაძლებლობისა, ხმის მიცემის უფლების აბსოლუტური აკრძალვა, ჯდებოდა ქვეყნებისათვის მინიჭებული შეფასების ზღვარში. სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა საკმაოდ წონადი მიზეზები ფუნდამენტურ უფლებებზე შეზღუდვის დაწესებისას, განსაკუთრებით კი საზოგადოების ისეთი მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ, როგორიცაა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მათი შესაძლებლობებისა და საჭიროებების ინდივიდუალური შეფასების გარეშე, საკანონმდებლო სტერეოტიპირების რისკის წინაშე დგანან. მომჩივანმა ავტომატური, ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების შედეგად, დაკარგა ხმის მიცემის უფლება. შეზღუდული ინტელექტუალური და გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ იმგვარი მოპყრობა, თითქოს ისინი ცალკეულ კლასს წარმოადგენდნენ სადავო საკითხი იყო და მათი უფლებების შეზღუდვა მკაცრი კრიტიკის საგანი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ხმის უფლების ჩამორთმევა ინდივიდუალიზებული სამართლებრივი შეფასების გარეშე, მხოლოდ იმგვარად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის საფუძველზე, რომელიც ნაწილობრივ მეურვეობას საჭიროებს, ვერ მიიჩნეოდა ხმის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 3, 000 ევრო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy