Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N176
2014 წლის ივლისი
ალიშიჩი და სხვები ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ [დიდი პალატა]
(Ališić and Others v. Bosnia and Herzegovina, Croatia, Serbia, Slovenia and “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC])
(საჩივარი- N60642/08)
გადაწყვეტილება, 16 ივლისი, 2014 [დიდი პალატა]
46-ე მუხლი
პილოტური გადაწყვეტილება
ზოგადი ღონისძიებები
სლოვენიასა და სერბეთს მოეთხოვათ, რომ გაატარონ ღონისძიებები, რათა მომჩივნებსა და მათ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს შეეძლოთ, უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრების მიღება
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი
საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობა
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (შემდეგში: SFRY) დაშლის შემდეგ, უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრების მიღების შეუძლებლობა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივნები არიან ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეები. 1989–90 წლებამდე, იუგოსლავიის სოციალისტურმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ, მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და გაკოტრების ან ,,აშკარა გადახდისუუნარობის’’ შემთხვევაში სახელმწიფო გარანტიის მეშვეობით, მოქალაქეებისთვის მიმზიდველი გახადა ბანკებში ანაბრის უცხოურ ვალუტაში შენახვა. მეანაბრეებს ასევე შეეძლოთ, თავიანთი დანაზოგების იმ დროისთვის დარიცხული საპროცესო განაკვეთით აღება. პირველმა და მეორე მომჩივანმა უცხოურ ვალუტაში ანაბრები გახსნეს მაშინდელ ბანკ Ljubljanska Banka Sarajevo–ში, ხოლო მესამე მომჩივანმა Tuzla branch of Investbanka–ში. 1989–90 წლების რეფორმების შემდგომ, Ljubljanska Banka Sarajevo გახდა Ljubljanska Banka Ljubljana–ს ფილიალი, რომელსაც გადაეცა ზემოხსენებული ბანკის უფლებები, აქტივები და პასივები. Investbanka გახდა დამოუკიდებელი ბანკი, რომელსაც სათაო ოფისი ჰქონდა სერბეთში, ხოლო ფილიალები, მათ შორის Tuzla branch, ბოსნია და ჰერცეგოვინაში. იმ პერიოდის განმავლობაში, ხელსაყრელმა სავალუტო კურსმა გამოიწვია კომერციული ბანკებიდან უცხოური ვალუტის მასობრივი გადინება, რამაც ბიძგი მისცა SFRY–ს, რომ მიეღო სასწრაფო ზომები, რათა შეეზღუდა ასეთი გადინებები. 1991–92 წლებში SFRY–ის დაშლის შემდეგ, სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებში ,,ძველი’’ ანაბრები უცხოურ ვალუტაში გაიყინა. აღნიშნული სახელმწიფოები დათანხმდნენ, რომ მოცემულ თანხებს ეროვნულ ბანკებს აუნაზღაურებდნენ. ბოსნია და ჰერცეგოვინაში საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა მრავალი ინდივიდუალური სარჩელი, რომელიც ეხებოდა უცხოურ ვალუტაში ,,ძველი’’ ანაბრების გადაუხდელობას Ljubljanska Banka Ljubljana–სა და Investbanka–ს ეროვნულ ფილიალებში. საკონსტიტუციო სასამართლომ პასუხისმგებლობა არ დააკისრა ბოსნია და ჰერცეგოვინას ან მის ორგანოებს; ნაცვლად ამისა, მან უბრძანა სახელმწიფოს, რომ დახმარებოდა ამ ფილიალების კლიენტებს, რათა მათ მიეღოთ თავიანთი დანაზოგები სლოვენიისა და სერბეთისაგან. შესაბამისად, სამართალმემკვიდრეობის საკითხების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში 2001 და 2002 წლებში გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა უცხოურ ვალუტაში გახსნილ ,,ძველ’’ ანაბრებთან დაკავშირებით SFRY–ს გარანტიების გადაცემას. იმის მიუხედავად, რომ სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება, 2002 წელს Bank for International Settlements–მა შეატყობინა მათ, რომ ის ამ საკითხში აღარ ჩაერეოდა. მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ უცხოურ ვალუტაში გახსნილი საკუთარი ანაბრების აღება.
სამართალი: 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი: დასაშვებობის შესახებ თავის განჩინებაში პალატამ დაადგინა, რომ SRFY–ის საკონონმდებლო გარანტიები Ljubljanska Banka Ljubljana–სა და Investbanka–ში უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრების მიმართ არ იყო გააქტიურებული SFRY–ის დაშლამდე და აქედან გამომდინარე, ამ ბანკებიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა SFRY–ზე არ გადასულა რესპუბლიკის დაშლამდე. დიდი პალატა დაეთანხმა პალატის ამ დასკვნას. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ორი ბანკი რჩებოდა პასუხისმგებელი ბოსნია და ჰერცეგოვინას ფილიალებში უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრების მიმართ. სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელა იმის გამოკვლევა, იყო თუ არა სლოვენია და სერბეთი პასუხისმგებელი ამ ბანკების მიერ მომჩივნებისთვის ვალის გადაუხდელობაზე.
სლოვენიის მთავრობამ Ljubljanska Banka Ljubljana ეროვნულ ბანკად აქცია და მისი აქტივების უმეტესობა გადაიტანა ახალ ბანკში, მაშინ როცა იმავდროულად ადასტურებდა, რომ ძველი Ljubljanska Banka რჩებოდა პასუხისმგებლად სხვა სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებში მდებარე მის ფილიალებში უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრების მიმართ. მართლაც, სლოვენია გახდა ერთადერთი მეწილე ძველი Ljubljanska Banka–ისა, რომელსაც სამთავრობო სააგენტო მართავდა. ამას გარდა, სლოვენია მეტწილად პასუხისმგებელი იყო ბანკის უუნარობაში, გაესტუმრებინა თავისი ვალები (ვინაიდან მან აქტივების უმეტესობა სხვა ბანკში გადაიტანა) და საქმის მასალებში არსებობდა მტკიცებულება, რომ Ljubljanska Banka Ljubljana–ს სარაევოს ფილიალის კაპიტალის უმეტესობა საბოლოოდ მიდიოდა სლოვენიაში. შესაბამისად, სლოვენია პასუხისმგებელი იყო Ljubljanska Banka Ljubljana–ს ვალებზე პირველი და მეორე მომჩივნების მიმართ.
რაც შეეხება Investbanka–ს, ეს იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბანკი, რომელიც კონტროლდებოდა სერბეთის სამთავრობო სააგენტოს მიერ. გარდა ამისა, ერთ მომენტში, ბანკს მოეთხოვა, ჩამოეწერა მისი მნიშვნელოვანი საჩივრები სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაში არსებული კომპანიების წინააღმდეგ, საკუთარი და დაინტერესებული მხარეების საზიანოდ. შესაბამისად, სერბეთი განკარგავდა Investbanka–ს აქტივებს თავისი სურვილისამებრ, რამაც ევროპული სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა საკმარისი საფუძვლები იმისათვის, რომ სერბეთი ჩათვლილიყო პასუხისმგებლად მესამე მომჩივნის მიმართ არსებული Investbanka–ს ვალისთვის.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მომჩივნებს არ შეეძლოთ თავისუფლად განეკარგათ უცხოურ ვალუტაში გახსნილი თავიანთი დანაზოგები 1991–92 წლებიდან მოყოლებული, სერბეთისა და სლოვენიის მთავრობების ახსნა–განმარტება ამ დაგვიანებასთან დაკავშირებით არსებითად ეხებოდა მათ ვალდებულებას, ამ საკითხზე კეთილსინდისიერად ეწარმოებინათ მოლაპარაკება რესპუბლიკის სხვა სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებთან, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვდა. თუმცაღა, მოლაპარაკებების წარმოების ვალდებულება არ უშლიდა ხელს სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებს, რომ მიეღოთ საჭირო ღონისძიებები პირთა ინტერესების დასაცავად. ხორვატიის მთავრობამ თავისი მოქალაქეების უმეტესობას დაუბრუნა Ljubljanska Banka Ljubljana–ს ზაგრების ფილიალში მათ მიერ უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრები, ხოლო მაკედონიის მთავრობამ სრულად დააბრუნა ამავე ბანკის სკოპიეს ფილიალში უცხოურ ვალუტაში გახსნილი ,,ძველი’’ ანაბრები. ამავდროულად, ეს ორი მთავრობა მუდმივად იყო თავის პოზიციაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ პასუხისმგებლობა სლოვენიის მთავრობას უნდა დაკისრებოდა და განაგრძობდა კომპენსაციის მოთხოვნას სახელმწიფოთაშორის დონეზე, სამართალმემკვიდრეობის შესახებ მოლაპარაკებების კონტექსტში. გარდა ამისა, სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ მოლაპარაკებების დროს, სლოვენიისა და სერბეთის მთავრობები მოითხოვდნენ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ბანკების ვალებზე პასუხისმგებლობა გადაწყვეტილიყო ტერიტორიულობის პრინციპის საფუძველზე. ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ამ პოზიციას, მოიხმო რა ,,სამართლიანი თანაფარდობის’’ პრინციპი, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის დროს უნდა გამოყენებულიყო.
იმის მიუხედავად, რომ ზემოთ ნახსენები ვალების დაბრუნების დაგვიანება შეიძლება გამონაკლის გარემოებებში გამართლებული ყოფილიყო, და მიუხედავად ამ სფეროში მოპასუხე სახელმწიფოსათვის მიკუთვნებული შეფასების ფართო ზღვარისა, ოცი წლის განმავლობაში მომჩივნების მიერ თავიანთი ანაბრების თავისუფლად განკარგვის შეუძლებლობა არაპროპორციული იყო და, შესაბამისად, არღვევდა 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს.
სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ზემოთ მოცემული დასკვნები არ ნიშნავდა, რომ არცერთ სახელმწიფოს არ შეეძლო გაკოტრებული ბანკის რეაბილიტაცია, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით ბანკის ვალებზე პირდაპირი პასუხისმგებლობის აღების გარეშე. კონტექსტიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმეში სიტუაცია იყო უნიკალური და გასხვავებული სხვა საქმეებისგან, რომლებიც ეხებოდა კერძო საკუთრებაში არსებული გადახდისუუნარო ბანკის რეაბილიტაციას.
დასკვნები: დარღვევა სლოვენიის მხრიდან პირველ და მეორე მომჩივანთან მიმართებით (ერთხმად); დარღვევა სერბეთის მხრიდან მესამე მომჩივანთან მიმართებით (ერთხმად); და დარღვევა არ დადგინდა სხვა მოპასუხე სახელმწიფოებთან მიმართებით (თხუთმეტი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე–13 მუხლის დარღვევა სლოვენიის მიერ პირველ და მეორე მომჩივანთან დაკავშირებით და სერბეთის მიერ მესამე მომჩივანთან დაკავშირებით.
46-ე მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე უკვე იყო 1,850 მსგავსი საჩივარი წარდგენილი 8,000–ზე მეტი მომჩივნის სახელით, რომელიც უკვე განხილვის პროცესშია და არსებობს კიდევ ათასობით პოტენციური მომჩივანი. ამ მიზეზით, ჯეროვანი იყო პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის გამოყენება მომჩივნების საქმეში. არსებული სისტემური პრობლემის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება აუცილებლად საჭიროებდა ზოგადი ხასიათის ღონისძიებები განხორციელებას. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი წლის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ, სლოვენიამ და სერბეთმა უნდა გაატარონ საჭირო ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მომჩივნებსა და მათ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, დაიბრუნონ უცხოურ ვალუტაში გახსნილი საკუთარი ,,ძველი’’ ანაბრები იმავე პირობებით, როგორც ეს არის მათი მოქალაქეებისათვის, ვისაც ჰქონდათ ამგვარი ანაბრები სლოვენიისა და სერბეთის ბანკების ეროვნულ ფილიალებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა იმის განსაზღვრის საჭიროება, რომ ყველა შემხებლობაში მყოფ პირს მიკუთვნებოდა ზიანის ანაზღაურება, რაც მათ 20 წლის განმავლობაში ანაბრების გამოყენების შეუძლებლობით მიადგათ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მან შეიძლება ხელმეორედ განიხილოს ეს საკითხი, თუ რომელიმე მოპასუხე სახელმწიფო არ გაატარებს ზემოთ მითითებულ ზოგადი ხასიათის ღონისძიებებს. საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვიტა, სერბეთისა და სლოვენიის წინააღმდეგ არსებული მსგავსი საქმეების განხილვის ერთი წლით გადადება.
41-ე მუხლი: პირველ, მეორე და მესამე მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მიეკუთვნათ 4 000 ევრო.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy