Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N228
2019 წლის აპრილი
ალტაი თურქეთის წინააღმდეგ (no.2) (Altay v. Turkey) (no.2)
(საჩივარი- N 11236/09)
გადაწყვეტილება, 9 აპრილი, 2019 [მე-3 სექცია]
მე-8 მუხლი
ფაქტები: მომჩივანი იხდიდა უვადო სასჯელს. 2005 წლის სექტემბრიდან, მას ადვოკატთან კონსულტაციების გავლა ციხის ოფიცრის თანდასწრებით უწევდა. ეს ზომა სასამართლოს მიერ იქნა მიღებული, როდესაც აღმოჩნდა, რომ ადვოკატი მისი პროფესიის სტანდარტებთან შეუსაბამო გზით ცდილობდა მომჩივნისთვის იმგვარი საკითხავი მასალის შეგზავნას, რაც მისი დაცვის უფლებას არ უკავშირდებოდა. მომჩივანი დავობდა, რომ ადვოკატთან კონსულტაციების პრივატულობის შეზღუდვა შეუსაბამო იყო მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მის უფლებებთან. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ ეროვნულ დონეზე წარმართული სამართალწარმოება, რომლის საშუალებითაც მან სცადა სადავო გაეხადა აღნიშნული ზომა, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ სამართლიანობის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან სხვა ფაქტორებთან ერთად, მას არ მიეცა მოცემული საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობა.
სამართალი: [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მომჩივნის მოთხოვნას ორივე ნაწილში დაეთანხმა. სასამართლომ დაადგინა, რომ ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია ადვოკატსა და მის კლიენტს შორის არის საკითხი, რომელიც ექცევა პირადი ცხოვრების’’ ცნების ქვეშ და შესაბამისად, წარმოადგენს ,,სამოქალაქო’’ უფლებას.
სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილება საყურადღებოა იმ კუთხით, რომ სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ, სამართლებრივი დახმარების კონტექსტში, პირის ზეპირი კომუნიკაცია მის ადვოკატთან ექცევა პირადი ცხოვრების ფარგლებში, რადგან ამგვარი ინტერაქციის მიზანია, პირმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის ბუნებაზე სასამართლოს ხედვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა სასამართლოს მიერ იმის შეფასებაზე, შეეძლო თუ არა მომჩივანს ეროვნული სამართალწარმოების არასამართლიანობაზე დავის დროს, დაყრდნობოდა მე-6 მუხლის სამოქალაქოსამართლებრივ ასპექტებს. მთავრობა დავობდა, რომ ადვოკატთან მომჩივნის კონსულტაციის შეზღუდვა იყო ციხეში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ინტერესებისთვის დაწესებული პრევენციული ზომა და მაშასადამე, წარმოადგენდა საჯარო სამართლის ბუნების მქონე ღონისძიებას. სასამართლო აღნიშნულს არ დაეთანხმა და განაცხადა (პარაგრაფი 68):
,,...უპირველეს ყოვლისა, სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს, პარალელი გაავლოს კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით მის მიერ დადგენილ სტანდარტებთან, კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული ინტერაქციის კონფიდენციალურობა პრივილეგირებულია და ზეპირი კომუნიკაცია ადვოკატთან ექცევა ,,პირადი ცხოვრების’’ ცნების ქვეშ. ამდენად, არსი განსახილველი უფლებისა, რომელიც ეხება მომჩივნის შესაძლებლობას პრივატულად ისაუბროს მის ადვოკატთან არის უპირატესად პირადი და ინდივიდუალური ხასიათის - ეს ყოველივე კი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც მოცემულ დავას სამოქალაქო სფეროსთან აახლოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი სახის შეზღუდვის დაწესება რომელიმე მხარის სრული კონფიდენციალობის დაცვით კომუნიკაციის შესაძლებლობაზე, ხელს შეუშლიდა ამ უფლებით პრაქტიკულად სარგებლობას, სასამართლო ასკვნის, რომ კერძო სამართლის ასპექტები მოცემულ დავაში სჭარბობს საჯარო სამართლის ასპექტებს.’’
სასამართლოს დასკვნა მომჩივნის საქმეში კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქოსამართლებრივი ასპექტის გამოყენებადობაზე შეიძლება მიჩნეულ იქნეს სტრასბურგის სასამართლოს არსებული პრეცედენტული სამართლის ერთგვარ გაგრძელებად. აღნიშნული პრაქტიკის შესაბამისად, ციხის კონტექსტთან მიმართებით დაწყებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთხელ დაუდგენია, რომ პატიმართა უფლებები ექცევა „სამოქალაქო უფლებების“ სფეროში.
კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის თაობაზე, სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასაბუთება მოიცავს იმ პრეცედენტული სამართლის საინტერესო განხილვას, რომელიც ეხება ზეპირი მოსმენის უფლებას სამოქალაქო სამართალწარმოების კონტექსტში. მომჩივნის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა საგამონაკლისო გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა აღნიშნულ სადავო სამართალწარმოებაში ზეპირი მოსმენის ჩატარებისგან თავის არიდებას.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები