Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N148
2012 წლის იანვარი
ანანიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Ananyev and Others v. Russia)
(საჩივარი- N42525/07 და N60800/08)
გადაწყვეტილება, 10 იანვარი, 2012 [1-ლი სექცია]
46-ე მუხლი
პილოტური გადაწყვეტილება
ზოგადი ღონისძიებები
მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა ზოგადი ღონისძიებების გატარება იმ მიზნით, რომ საპატიმრო დაწესებულებებში გაუმჯობესდეს წინასწარი პატიმრობის პირობები
ფაქტები: საქმე ეხებოდა 2005-2008 წლებში სხვადასხვა ციხეში მომჩივანთა წინასწარი პატიმრობის პირობებს. მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა დაადგინა, მან მიიჩნია, რომ საქმის განხილვა უნდა გაეგრძელებინა კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად.
სამართალი: 46-ე მუხლი - პატიმრობის არაადეკვატური პირობები რუსეთში სტრუქტურული პრობლემა იყო, რის შედეგადაც სასამართლომ მე–3 და/ან მე–13 მუხლების დარღვევა დაადგინა 80–ზე მეტ გადაწყვეტილებაში კალაშნიკოვის საქმის[1] შემდეგ. მომდევნო 250 მსგავსი საქმე ჯერ ისევ განხილვის პროცესშია. ამ საქმეებში არსებული დარღვევების საფუძველი არსებითად იგივეა: პირადი სივრცის უქონლობა, დასაძინებელი საშუალებების უკმარისობა, განათებისა და სუფთა ჰაერის შეზღუდული ხელმისაწვდომობა და სანიტარული საშუალებების გამოყენებისას განმარტოების შეუძლებლობა. შესაბამისად, პრობლემა მასშტაბური ხასიათის იყო და ის რუსული პენიტენციური სისტემის არასწორი მუშაობისა და არასაკმარისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული გარანტიების შედეგს წარმოადგენდა. პრობლემის მასშტაბურობის, ამ პრობლემის ქვეშ არსებული ადამიანების რაოდენობის და ეროვნულ დონეზე მათთვის სწრაფი და შესაბამისი ანაზღაურების გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯეროვანი იყო საპილოტე გადაწყვეტილების პროცედურის გამოყენება.
მე–3 მუხლის განმეორებადი დარღვევები, რომლებიც გამოწვეული იყო რუსეთის ზოგიერთ საპატიმროში არსებული არაადეკვატური პატიმრობის პირობებით, იყო დიდი მნიშვნელობისა და სირთულის საკითხი, რომელიც წარმოიშობოდა დიდი რაოდენობის ნეგატიური ფაქტორებით, როგორც სამართლებრივი, ისე ლოჯისტიკური. რუსულ ციხეებში არსებული მდგომარეობა უდავოდ კვლავ მოითხოვდა ეროვნულ დონეზე ყოვლისმომცველი ზოგადი ღონისძიებების გატარებას, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა ციხეების გარემონტებისა და ახალი საპატიმროების აშენების თვალსაზრისით, სადაც პატიმრები 2006 წლისთვის უზრუნველყოფილნი იქნებიან 4 კვ.მ–ით. გარდა ამისა, არ გადაიდგა სხვა მოკლევადიანი ნაბიჯები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იყო – მაგალითად, როგორებიცაა საკანში ტუალეტების დაფარვა, საკნების ფანჯრებისგან ბადეების მოშორება და საშხაპეების რაოდენობის გაზრდა.
მართალია სასამართლო ეთანხმება რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს ერთიანი მიდგომა ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ჩარჩოს, პრაქტიკისა და მიდგომის ცვლილებით, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მოვალეობა არ იყო, რჩევა მიეცა მთავრობისთვის ამგვარი კომპლექსურ რეფორმასთან დაკავშირებით ან რეკომენდაცია უნდა გაეწია პენიტენციური სისტემის ორგანიზების შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ ორი საკითხისთვის გაესვა ხაზი, რომლებზეც რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს ყურადღება უნდა მიეპყროთ: პირველი, ახლო კავშირი არსებობდა საკნების გადატვირთულობასა და წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებულ ხანგრძლივობის შორის და, მეორე, არსებობდა დროებითი მოწესრიგებისა და გარანტიების საჭიროება, რათა არ მოხდეს ციხეების შევსება, მაშინ როდესაც მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ.
რაც შეეხება პირველ საკითხს, ევროპის საბჭოს ყველა ორგანო თანმიმდევრულად მიუთითებდა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების რაოდენობის შემცირება იქნებოდა ციხის გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრის ყველაზე შესაბამისი გზა. სასამართლომ თავის ბევრ გადაწყვეტილებაში ასევე დაადგინა, რომ პატიმრობა უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი და ის გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც უკანასკნელი ღონისძიება. სასამართლომ უკვე მოახდინა რუსეთის სასამართლო სისტემის არასათანადო მუშაობის იდენტიფიცირება, შესაბამისი გამამართლებელი მიზეზების გარეშე პირის დიდი ხნით გადაჭარბებულად დაპატიმრების გამო (პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი არაგონივრულად მაღალი იყო: 90% პირველადი მოთხოვნა, 98% – განახლებული). სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ რუს პროკურორებს ფორმალურად უნდა მოუწოდონ, შეამცირონ პატიმრობის გამოყენების შესახებ შუამდგომლობები, გარდა ძალიან სერიოზული საქმეებისა, რომლებიც ეხება ძალადობრივ დანაშაულებს. თუმცა, საბოლოოდ, ციხეში გადატვირთულობის წარმატებულად პრევენცია დამოკიდებულია შემდგომ თანმიმდევრულ და გრძელვადიან ღონისძიებებზე, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელებაზე, რათა სრულად დაკმაყოფილდეს კონვენციის მე–5(3) მუხლის მოთხოვნები. ნებისმიერ მსგავს ცვლილებას თან უნდა ახლდეს ეფექტური ღონისძიებები, რათა ეს ცვლილებები სასამართლო პრაქტიკაშიც განხორციელდეს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, სასამართლომ შენიშნა, რომ მიუხედავად არსებულ გარემოებებში აშკარა გაუმჯობესებისა, არასათანადო პირობები სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდებოდა. რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ დამატებითი სამართლებრივი გარანტიების წარმოდგენას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან სულ მცირე შემსუბუქებდეს გადატვირთულობა იმ ციხეებში, სადაც ის კვლავ პრობლემად რჩება; უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იქ დაპატიმრებულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა. ჯეროვანი ღონისძიებები მოიცავდა მაქსიმალური და ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას თითოეული წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილი საპატიმროსთვის, საპატიმრო ცენტრების მმართველებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომ უარი ეთქვათ დამატებით პატიმრებზე, როდესაც საპატიმროს რესურსი ამის საშუალებას არ იძლეოდა.
რაც შეეხება მე–13 მუხლთან დაკავშირებულ საკითხს, მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა, დაეფუძნებინა ეფექტური პრევენციული და საკომპენსაციო შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება, შემდგომი გადადების გარეშე. პრევენციულ საშუალებებს პატიმრებისთვის შესაძლებელი უნდა გაეხადა, რომ მათ საჩივრებს დროულად და ეფექტურად განიხილავდა დამოუკიდებელი ორგანო ან სასამართლო. საკომპენსაციო საშუალებებმა უნდა უზრუნველყოს ზიანის ანაზღაურება, მათ შორის სასჯელის შემცირება ან ფულადი კომპენსაცია იმ ოდენობით, რა ოდენობასაც [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო გადასცემს მსგავს შემთხვევებში პატიმრებს, რომლებიც წინასწარი პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდნენ. პრევენციული და საკომპენსაციო საშუალებების ხელმისაწვდომობის ვადა უნდა განისაზღვროს მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობით, ექვსი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება.
[1] Kalashnikov v. Russia, no. 47095/99, 15 July 2002, Information Note no. 44.
[2] Łatak v. Poland (dec.), no. 52070/08, and Łomiński v. Poland (dec.), no. 33502/09, both 12 October 2010, Information Note no. 134.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy