Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N188
2015 წლის აგვისტო-სექტემბერი
ანდონოსკი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიას წინააღმდეგ (Andonoski v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”)
(საჩივარი- 16225/08)
გადაწყვეტილება, 17 სექტემბერი, 2015 (1-ლი სექცია)
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
საკუთრების ჩამორთმევა
უკანონო მიგრანტთა გადაყვანისთის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ავტომატური კონფისკაცია: დარღვევა დადგინდა
ფაქტები –2007 წელს მომჩივანი, ტაქსის მძღოლი, გააჩერა პოლიციამ, როდესაც მას ალბანეთის სამი მოქალაქე მიყავდა სოფელში, რომელიც მდებარეობდა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. მის მგზავრებს არ ჰქონდათ სამგზავრო დოკუმენტები; შესაბამისად, პოლიციამ ისინი დააკავა. დაკავებულ იქნა აგრეთვე მომჩივანიც, ხოლო მანქანა ჩამოართვეს. მოგვიანებით ტაქსის მძღოლის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება მიგრანტების უკანონო გადაყვანის ეჭვის საფუძველზე. თუმცა, მოგვიანებით გამოძიება შეწყდა, ვინაიდან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მომჩივანმა იცოდა, რომ მისი მგზავრები უკანონო მიგრანტები იყვნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთი მგზავრი დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახით ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქმის განმხილველმა სასამართლომ სამართალწარმოების დროს მომჩივნის მანქანის კონფისკაციის ბრძანება გასცა იმ საფუძვლით, რომ ის გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩასადენად. მომჩივანმა წარუმატებლად გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული ბრძანება.
სამართალი: 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი: მომჩივნისთვის მანქანის ჩამორთმევა მუდმივი ღონისძიება იყო. შესაბამისად, ის უტოლდებოდა საკუთრების ჩამორთმევას. კონფისკაციის შესახებ ბრძანება გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, უკანონო მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთას. აღნიშნულ მიზანსა და მომჩივნის უფლებებს შორის ბალანსის დადგენა დამოკიდებული იყო ბევრ ფაქტორზე, მათ შორის მომჩივნის ქცევაზე. მას მანქანა ჩამოერთვა მესამე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების კონტექსტში, მას შემდეგ რაც უშუალოდ მომჩივნის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა. მომჩივანი, რომელიც შემოსავალს ტაქსის მძღოლობით მოიპოვებდა, არ იყო ნასამართლევი. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მისი მანქანა მანამდე გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩასადენად. აგრეთვე არ არსებობდა მაჩვენებელი იმისა, რომ მომავალში ის აპირებდა მანქანის გამოყენებით დანაშაულის ჩადენას. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის დანაწესი, რომელიც მოითხოვდა მიგრანტების უკანონოდ გადაყვანისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ავტომატურ კონფისკაციას, არ უშვებდა რაიმე გამონაკლისს და გამოიყენებოდა იმისდა მიუხედავად დამნაშავე მისი მესაკუთრე იყო თუ მესამე პირი; ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კოდექსის შესაბამისი დანაწესი არ ითვალისწინებდა მესამე პირის ქცევას ან დანაშაულთან კავშირს. საკუთრების ამგვარი ავტომატური ჩამორთმევა მომჩივანს ართმევდა ყოველგვარ შესაძლებლობას, ედავა საქმესთან დაკავშირებით ან მიეღწია წარმატებას კონფისკაციასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში. ანალოგიურად, ასეთ გარემოებებში ეროვნულ სასამართლოებს არ ჰქონდათ დისკრეცია და ვერ შეძლეს საქმის განხილვა ზემოხსენებული ფაქტორების საფუძველზე. საბოლოოდ, სადავო დებულება არ ადგენდა კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. შესაბამისად, კონფისკაციის შესახებ ბრძანება არაპროპორციული იყო, ვინაიდან ის მომჩივანს გადაჭარბებულ ტვირთს აკისრებდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
41-ე მუხლი:
არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მომჩივანს 3 000 ევრო მიეკუთვნა; მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა მომჩივნისთვის ჩამორთმეული მანქანის დაბრუნება იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო კონფისკაციის დროს ან მომჩივანს მატერიალური ზიანისთვის გადაუხადოს 10 000 ევრო.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები