Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ
(Antia and Khupenia v. Georgia)
საჩივარი N7523/10
2020 წლის 18 ივნისი
ფაქტები:
მომჩივნები, მარინა ანთია და ნანა ხუფენია, 1964 და 1960 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი ზუგდიდში ცხოვრობენ.
წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივანთა მსჯავრდებას სამსახურებრივ გულგრილობაში.
2006 წლის ოქტომბერში მომჩივნებს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივ გულგრილობაში, რაც დაკავშირებული იყო 1995-2004 წლებში სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში ინსპექტორის პოზიციაზე მათ მუშაობასთან. მომჩივნები პასუხისმგებლები იყვნენ იმ პენსიის მიმღებთა ვინაობის დადგენაზე, რომლებიც იმავდროულად ანაზღაურებად სამუშაოზე იყვნენ დასაქმებულები. ამგვარი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ მომჩივნებს ევალებოდათ უკანონოდ მიღებული პენსიის დაბრუნების უზრუნველყოფა და თანხების ფონდის საბანკო ანგარიშზე განთავსება. საქმის მასალების თანახმად, 1995-2004 წლებში აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დასაქმებული ადამიანი იმავდროულად ფონდისგან პენსიის სახით უკანონოდ იღებდა სოციალურ სარგებელს. ამრიგად, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ფონდის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის მომჩივანთა, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
2008 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომჩივნები დამნაშავედ სცნო და თითოეულ მათგანს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
მომჩივნებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, დავობდნენ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იყო განჭვრეტადი, ვინაიდან ფონდის თანამშრომლები სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის სუბიექტები მხოლოდ 2006 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გახდნენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად გაფართოვდა საჯარო მოხელის დეფინიციის წრე, ამდენად დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ისინი 342-ე მუხლით გათვალისწინებულ მოხელედ ან მასთან გათანაბრებულ პირად არ მიიჩნეოდნენ. შესაბამისად, მათთვის განჭვრეტადი არ იყო, რომ მათ მიერ გამოვლენილი გულგრილობა, თუ მას საერთოდ ჰქონდა ადგილი, წარმოადგენდა საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ განხორციელებულ დანაშაულს. გარდა ამისა, 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ქმედება ნაკლებად მძიმე ხასიათის იყო და მასზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში უკვე გასული იყო, ვინაიდან ბრალდება ეხებოდა 2004 წლის იანვრამდე მომხდარ ფაქტებს.
2008 წლის ნოემბერში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა საჩივარი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2009 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი, მიიჩნია რა, რომ მომჩივნები წარმოადგენდნენ აღნიშნული დანაშაულის სუბიექტებს, ვინაიდან მათი სამსახური წარმოადგენდა საჯარო სამსახურის იურიდიულ პირს (სსიპ). თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა მომჩივანთა არგუმენტი ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ისინი დაკისრებული სასჯელისგან გაათავისუფლა იმ სამომავლო შედეგით, რომ მოცემულ დანაშაულთან მიმართებით [მომჩივნები] ნასამართლობის არმქონე პირებად იქნებოდნენ მიჩნეულნი.
მოგვიანებით, მომჩივნებმა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, რომელიც ფონდის სამართალმემკვიდრე იყო, 2006 წელს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა, მათ შორის უზენაესმა სასამართლომ, ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, მიიჩნიეს რა, რომ მსჯავრდებასა და ხელშეკრულებების გაუქმებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი.
სამართალი:
მე-7 მუხლი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი მსჯავრდება ხანდაზმული იყო. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ დანაშაული მათთვის არ იყო წინასწარ განჭვრეტადი, ვინაიდან ის მუხლი, რომლის საფუძველზეც ისინი გასამართლდნენ, ითვალისწინებდა შეზღუდულ სუბიექტთა წრეს. აღნიშნული საჩივრის წარდგენისას ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-7 მუხლს, რომლის მიხედვით:
,,1. არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირის გასამართლებასა და დასჯაზე მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის დანაშაულს წარმოადგენდა ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად.’’
ზოგადი პრინციპები
35. კონვენციის მე-7 მუხლით უზრუნველყოფილი გარანტია კანონის უზენაესობის არსებითი ელემენტია და კონვენციის დაცვის სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რასაც ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მუხლიდან გადახვევა დაუშვებელია მე-15 მუხლის თანახმად საომარი ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს. აღნიშნული მუხლი მისი მიზნიდან და ამოცანიდან გამომდინარე, გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ეფექტიანი დაცვა თვითნებური დევნის, მსჯავრდებისა და დასჯის წინააღმდეგ (იხ., Del Rio Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 77, ECHR 2013).
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-7 მუხლი არ შემოიფარგლება ბრალდებულის საზიანოდ სისხლის სამართლის უკუძალით გამოყენების აკრძალვით: უფრო ზოგადად, ის მოიცავს პრინციპს, რომ მხოლოდ კანონი ადგენს დანაშაულს და განსაზღვრავს სასჯელს (nullum crimen, nulla poena sine lege), აგრეთვე პრინციპს, რომ სისხლის სამართალი არ უნდა იყოს განმარტებული ბრალდებულის საზიანოდ. ამ პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომ დანაშაული ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც პირს შესაბამისი დებულების ფორმულირებიდან - და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თარჯიმნის ან სამართლებრივი დახმარების მეშვეობით - შესაძლებლობა აქვს გაიგოს თუ რა ქმედებები ან უმოქმედობები აკისრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ., სხვებს შორის, Vasiliauskas v. Lithuania [GC], no. 35343/05, § 154, ECHR 2015).
37. სასამართლო აცხადებს, რომ ეროვნული კანონმდებლობის განმარტებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ კი სასამართლოების, კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, [სტრასბურგის სასამართლოს] როლი შეზღუდულია იმის შეფასებით, აღნიშნული განმარტება არის თუ არა კონვენციის შესაბამისი (იხ., Rohlena v. the Czech Republic [GC], no. 59552/08, § 51, ECHR 2015). თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს განხილვის უფლებამოსილება უფრო ფართო უნდა იყოს, როდესაც კონვენციის მუხლი, მოცემულ შემთხვევაში მე-7 მუხლი, მოითხოვს, რომ მსჯავრდებასა და სასჯელს ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვს, შეაფასოს ჰქონდა თუ არა მომჩივნის მსჯავრდებას სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ დამაკმაყოფილებლად უნდა მიიჩნიოს ის გარემოება, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის განხილვის უფრო ნაკლები უფლებამოსილების მიკუთვნება კონვენციის მე-7 მუხლს არსს დაუკარგავდა.
წინამდებარე საქმეზე აღნიშნული პრინციპების გამოყენება
38. სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მის წინაშე მომჩივანთა მიერ წარდგენილი საჩივარი წარმოშობს ორ განსახილველ საკითხს: მიუხედავად ხანდაზმულობის ვადის გასვლისა, მომჩივანთათვის მსჯავრის დაკისრება და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ სუბიექტებთან დაკავშირებით აღნიშნული დებულების განჭვრეტადობა.
39. ხანდაზმულობის ვადა შეიძლება განსაზღვრულ იქნეს, როგორც დამნაშავის უფლება, რომ დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარ იყოს შესაძლებელი მისი დევნა ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება. ხანდაზმულობის ვადები კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნული სამართლებრივი სისტემების საერთო მახასიათებელია და რამდენიმე მიზანს ემსახურება, მათ შორისაა სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა (იხ., Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96 and 4 others, § 146, ECHR 2000‑VII). ამ კონტექსტში სასამართლოს განსახილველ მთავარ საკითხს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა მომჩივანთა მსჯავრდებას სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გათვალისწინებით.
40. მომჩივნის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და ეს საკითხი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების ფარგლებში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა, სახელდობრ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი - ადგენდა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო თუ გასული იყო სისხლის სამართლის კოდექსით შესაბამისი დანაშაულისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. მიუხედავად ამისა, თუ ბრალდებული ,,შეწყვეტის წინააღმდეგია’’, სისხლის სამართლის საქმის წარმოება ჩვეულებრივ გაგრძელდება და შეწყდება ან ბრალდებულის გამართლებით ან მსჯავრდებით და ის გათავისუფლდება სასჯელის მოხდისგან. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო შეაფასებს, მომჩივნებმა ცალსახად მოითხოვეს თუ არა, რომ არ შეწყვეტილიყო სამართალწარმოება, რათა გაამართლონ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც განაგრძეს საქმის განხილვა მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულთან მიმართებით გასული იყო ხანდაზმულობის ვადა.
41. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩა ის ფაქტი, რომ მომჩივნებმა ეროვნული სასამართლოების წინაშე სხვადასხვა მოთხოვნა დააყენეს. სხვა არგუმენტებთან ერთად, ისინი მიუთითებდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე და მოითხოვდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს და უზენაეს სასამართლოს ,,გაეთავისუფლებინა ისინი სასჯელის მოხდისაგან’’. მიუხედავად ამისა, სტრასბურგის სასამართლოს განსახილველი არ არის ის მიზეზები, თუ რატომ დააყენეს მომჩივნებმა ეროვნული სასამართლოს წინაშე მოთხოვნა მსგავსი ფორმულირებით, სასამართლო მხოლოდ აღნიშნავს, რომ მომჩივანთა ზემოხსენებული არგუმენტები ძნელად თუ მიიჩნევა მათი მხრიდან საქმის წარმოების შეწყვეტაზე ცალსახა უარად (რაც მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით).
42. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომჩივნის უარი, თუკი ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი (იხ., mutatis mutandis, Bozkaya v. Turkey, no. 46661/09, § 53, 2017 წლის 5 სექტემბერი). უზენაესი სასამართლოს სიჩუმისა და საფრთხის ქვეშ არსებული უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლო არ მოახდენს იმ საკითხით სპეკულირებას, ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს თუ არა მომჩივანთა ზემოხსენებული არგუმენტები მათთვის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარანტიაზე - არ ყოფილიყვნენ მსჯავრდებულები ხანდაზმულ დანაშაულში- აშკარა უარად. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მომჩივნებს მსჯავრი დაედოთ იმ ქმედებისთვის, რომელიც აღარ იყო დასჯადი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და ეროვნულ სასამართლოებს არ წარმოუდგენიათ ახსნა-განმარტება თუ რატომ გამოიყენეს მსგავსი მიდგომა (შეადარეთ, Coëme and Others, cited above, § 150). გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უზენაესმა სასამართლომ მომჩივნები გაათავისუფლა სასჯელის მოხდისგან და შესაბამის დანაშაულთან დაკავშირებით ნასამართლობის არმქონე პირებად მიიჩნია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სამართალწარმოებაში, ეროვნულმა სასამართლოები, ქვედა ინსტანციები და მათ შორის უზენაესი სასამართლოც, მომჩივნებს ისე ექცეოდნენ როგორც წინარე სამართალწარმოების ფარგლებში მსჯავრდებულებს.
43. ზემოხსენებული დასკვნები საკმარისია სასამართლოსთვის, რათა დაადგინოს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის სუბიექტებთან დაკავშირებით მომჩივნების საჩივრის მეორე ნაწილის განხილვის გარეშე.
ამრიგად, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლი.
41-ე მუხლი
კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
,,თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.’’
სამსახურის დაკარგვის საფუძველზე, თითოეული მომჩივანი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვდა 3,571 ევროს, ხოლო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით 3,968 ევროს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მის წინაშე წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვერ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი დადგენილ დარღვევასა და მატერიალურ ზიანს შორის. შესაბამისად, სასამართლო ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. რაც შეეხება არამატერიალურ ზიანს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივნების მიერ განცდილ არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.