დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე ა.პ., გარსონი და ნიკო საფრანგეთის წინააღმდეგ
CASE OF A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE
საჩივრები NN79885/12, 52471/13 და 52596/13
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
6 აპრილი 2017
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე ა.პ., გარსონი და ნიკო საფრანგეთის წინააღმდეგ (A.P., Garçon and Nicot v. France),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუსბერგერი, თავმჯდომარე
ანდრე პოტოცკი,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
იონკო გროზევი,
კარლო რანცონი,
მარტინშ მითსი,
ლატიფ ჰუსეინოვი, მოსამართლეები,
და მილან ბლაშკო, სექციის მდივნის მოადგილე,
დახურული თათბირის შედეგად, 2017 წლის 21 თებერვალსა და 28 თებერვალს,
მითითებული უკანასკნელი თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცესი
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე წარდგენილი სამი საჩივარი (NN 79885/12, 52471/13 და 52596/13) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, საფრანგეთის სამი მოქალაქის: ა.პ.-ს („პირველი მომჩივანი“), ემილი გარსონის („მეორე მომჩივანი“) და სტეფან ნიკოს („მესამე მომჩივანი“) მიერ, 2012 წლის 5 დეკემბერსა (პირველი მომჩივანი) და 2013 წლის 13 აგვისტოს (მეორე და მესამე მომჩივნები). სექციის თავმჯდომარის თანხმობით, პირველი მომჩივნის ვინაობა არ იქნა გამჟღავნებული (სასამართლოს რეგლამენტის 47-ე წესის მე-4 პარაგრაფის თანახმად).
2. პირველ მომჩივანს სასამართლოში წარმოადგენდა SCP Gatineau-Fattaccini, იურიდიული კომპანია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს საქმიანობა Conseil d’État-სა და საკასაციო სასამართლოში. დანარჩენ ორ მომჩივანს წარმოადგენდა SCP Thouin-Palat and Boucard, უფლებამოსილი, განახორციელოს საქმიანობა Conseil d’État-სა და საკასაციო სასამართლოში და ბატონები: ჟულიენ ფურნი და ემანუელ პიერა, პარიზში მოღვაწე ადვოკატები. საფრანგეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მთავრობის წარმომადგენელი, დირექტორი სამართლებრივ საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ბატონი ფრანსუა ალაბრუნი.
3. მომჩივნები, არიან რა ტრანსგენდერი პირები, ჩიოდნენ, რომ მათ მოთხოვნაზე, მათ დაბადების მოწმობებში სქესის მითითების შესახებ შესწორების შეტანაზე უარის ეთქვათ. უარის საფუძველს ის წარმოადგენდა, რომ ასეთი მოთხოვნის წარმდგენი პირი ვალდებული იყო, მოთხოვნა დაესაბუთებინა იმით, რომ ნამდვილად განიცდიდა გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ აშლილობას და, რომ გარეგნობის ცვლილება იყო შეუქცევადი. მომჩივნების აზრით, აღნიშნული იწვევდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას (მე-3 მუხლთან ერთობლიობაში პირველი მომჩივნის შემთხვევაში). დავობდა რა, მე-8 მუხლის დარღვევაზე, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, პირველი მომჩივანი ასევე აკრიტიკებდა იმ გარემოებას, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მის დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის პირობად განსაზღვრეს მისთვის მიუღებელი და დამამცირებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. იგი, ასევე, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, „შესაძლოა, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში“, ჩიოდა სამართლიან სასამართლო მოსმენაზე მისი უფლების დარღვევაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს იმის შეფასებისას, რომ მან ვერ წარადგინა გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების დამადასტურებელი მტკიცებულება. მეორე და მესამე მომჩივნები ასევე ჩიოდნენ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის გამო, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
4. 2015 წლის 18 მარტს მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება საჩივრების შესახებ კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით.
5. 2015 წლის 15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებს: Alliance Defending Freedom (ADF) International and, jointly, Transgender Europe, Amnesty International and the European Region of the International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association (ILGA-Europe), უფლება მიეცათ ჩართულიყვნენ წერილობით პროცესში (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე წესის მე-3 პუნქტის თანახმად).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივნები სამოქალაქო კანონმდებლობის მიზნებისთვის მიჩნეული იყვნენ მამაკაცებად საჩივრების წარდგენის მომენტისთვის. ამ მიზეზით მათი დასახელებისას გამოყენებულია მამრობითი სქესი, რაც არ შეიძლება იმგვარად იქნეს გაგებული, რომ ამით გამოირიცხება მათი მიკუთვნება იმ სქესისადმი, რასაც ისინი თავს მიაკუთვნებენ.
ა. საჩივარი N 79885/12
7. პირველი მომჩივანი დაიბადა 1983 წელს და ცხოვრობს პარიზში.
8. პირველი მომჩივანი მიუთითებდა, რომ მართალია, მის დაბადების მოწმობაში მითითებული იყო მამრობითი სქესი, იგი ყოველთვის იქცეოდა, როგორც გოგონა და მისი ფიზიკური გარეგნობა ყოველთვის იყო გამორჩეულად ქალური. მას მოზარდობაშიც და მოწიფულობისასაც უხდებოდა ბრძოლა მის გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით, რამდენადაც დაბადებისას მისთვის მამრობითი სქესის მიკუთვნება არ ასახავდა მის მდედრობით ფსიქოლოგიურ და სოციალურ იდენტობას. 2006 წელს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ექიმმა დაუსვა მას „ჰარი ბენჯამინის სინდრომის“ სახელით ცნობილი, გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი, მისთვის დაიწყო გარდამავალი ფაზა. ის საზოგადოებაში ცხოვრობდა როგორც ქალი და გადიოდა ჰორმონულ მკურნალობას ენდოკრინოლოგის ექ. ჰ.-ს და ფსიქონევროლოგ, ექ. ბო.-ს მეთვალყურეობით.
9. მომჩივანმა წარადგინა ამ ექიმების მიერ სადავო პერიოდში გაცემული სამი სამედიცინო ცნობა. პირველ ორ ცნობაში, რომლებიც დათარიღებული იყო 2007 წლის 12 აპრილით, ექ. ბო. მიუთითებდა, რომ პირველი მომჩივანი მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა 2005 წლის 27 აპრილიდან, „გენდერული იდენტობის აშლილობისთვის დამახასიათებელი სინდრომის გამო“. იგი აცხადებდა, რომ „არსებობდა შესამჩნევი განსხვავება მის ახლანდელ ფსიქიკასა და მისი პირადობის მოწმობის ფოტოს შორის“ და რომ არ არსებობდა სამედიცინო ან ფსიქოლოგიური უკუჩვენებები ... ადამის ვაშლის ოპერაციის ჩასატარებლად“. 2008 წლის 16 იანვრით დათარიღებულ მესამე ცნობაში ექ. ჰ. მიუთითებდა რა, რომ იგი ზედამხედველობდა მომჩივნის ჰორმონულ მკურნალობას „ტიპიური პირველადი გენდერული იდენტობის აშლილობის გამო 2006 წლის 1 ივნისიდან ექ. ბ.-სთან ერთად“ და, რომ „ენდოკრინული და მეტაბოლური მათ შორის, ქრომოსომული წყვილების, ანალიზების შედეგების მიხედვით, მას მკურნალობდნენ ანტი ანდროგენებითა და ესტროგენებით. ასკვნიდა, რომ „აღნიშნული, გენდერული დისფორიის გამოკვეთილი და ნამდვილი ფორმა, „ნამდვილი ცხოვრების ტესტთან“ ერთად, მას გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების უფლებას აძლევდა, რის მიმართაც მას გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი“.
10. პირველმა მომჩივანმა ასევე წარადგინა 2008 წლის 3 აპრილს ექ. ბა.-ს, სხვა ფსიქიატრის მიერ, გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ მას ჰქონდა „ტიპიური ჰარი ბენჯამინის სინდრომი“ და იმ დროისათვის არ არსებობდა რაიმე უკუჩვენება სამედიცინო და/ან ქირურგიული ჩარევისთვის, პაციენტისთვის სასურველი სქესის შეცვლის მიზნისთვის“.
11. პირველი მომჩივანი ხაზს უსვამდა, რომ მას თავდაპირველად არ ჰქონია განზრახული დამასახიჩრებელი, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება, მაგრამ მან ეს გადაიფიქრა, რადგან ფრანგულმა სასამართლო პრაქტიკამ ეს მისთვის მისი სამოქალაქო სტატუსის შეცვლის აუცილებელ პირობად აქცია.
12. პირველ მომჩივანს ოპერაცია ტაილანდში ჩაუტარდა, 2008 წლის 3 ივლისს, ექ. ს.-ს მიერ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი“. ექ. ს.-მ გასცა შემდეგი სამედიცინო ცნობა
„... ფსიქოსექსოლოგიის სპეციალისტის მიერ დიაგნოსტირებიდან და სრულად, როგორც ქალის გენდერით ცხოვრების დროის გათვალისწინებით, აღნიშნულ პიროვნებას დაესვა გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი (F64.0), - DSM IV, ICD-10. მას ჩაუტარდა შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია, სახელდობრ, გენდერის შეცვლის ოპერაცია.
... ქირურგიულმა ოპერაციამ ერთად მოიცვა: ორქიდეატომია, ვაგინოპლასტიკა, კლიტოროპლასტიკა და ლაბიაპლასტიკა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მამაკაცის სასქესო ორგანოები ... შეიცვალა ისეთი ორგანოებით, რომლებიც გარეგნულად და ფუნქციონალურად ქალურია, რეპროდუქციული ორგანოების გამოკლებით. აღნიშნულის შედეგად ამოიკვეთა მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოები, რაც იწვევს შეუქცევად უშვილობას.
ყველა ცნობილი სამედიცინო და საკანონმდებლო განმარტებების მიხედვით, ოპერაცია არის შეუქცევადი და ნიშნავს რომ ბატონი [ა.პ.]-ს მამაკაცის სქესობრივი იდენტობა სამუდამოდ შეიცვალა ქალის სქესობრივი იდენტობით.“
13. 2008 წლის 10 სექტემბერს გაცემულ ცნობაში ექ. ჰ. ადასტურებდა, რომ პირველმა მომჩივანმა „ჩაიტარა დანიშნული, შეუქცევადი, მამრობითიდან-მდედრობითად სქესის შეცვლის ოპერაცია“ და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „სამოქალაქო სტატუსის შეცვლის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და დასაშვები და წარმოადგენდა მკურნალობის განუყოფელ ნაწილს“.
14. პირველმა მომჩივანმა წარადგინა კიდევ ოთხი ცნობა, პირველი, დათარიღებული 2009 წლის 26 მაისით, რომელსაც ხელს აწერდა ქირურგი, ექ. ვი., ცნობაში აღნიშნული იყო, რომ პირველმა მომჩივანმა გაიკეთა კოსმეტიკური ლარინგოპლასტიკა, როგორც მამრობითიდან-მდედრობითად ტრანსფორმირების ნაწილი, გარე გენიტალიების შეუქცევადად შეცვლის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ.“ მეორე ცნობაში, რომელიც დათარიღებული იყო 2009 წლის 27 მაისით, ხმის თერაპევტი მიუთითებდა, რომ „იგი მუშაობდა [ა.პ.]-სთან ორი წლის განმავლობაში მისი ხმის ფემინიზაციაზე“ და, რომ „მისი ხმა და გარეგნობა ამჟამად სრულად არის ქალური და ერთმანეთთან შესაბამისი“. მესამე, 2009 წლის 23 ივლისით დათარიღებული ცნობის, რომელიც გაცემული იყო ექ. ბ.-ს მიერ, მიხედვით:
„... [ა.პ.] იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ ტიპიური ჰარი ბენჯამინის სინდრომის გამო, ვის მიმართაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს გენდერის შეცვლის პროცესი. მას ჩაუტარდა ჰორმონული მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა, რამაც მის გარეგნობა და ქცევა ქალურად აქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ინტერესებისთვის, ლეგიტიმურია, რომ მისი სამოქალაქო სტატუსი შესაბამისობაში მოვიდეს მის გარეგნობასა და მის სურვილებთან. ...“
15. მეოთხე ცნობაში, რომელიც დათარიღებული იყო 2010 წლის 16 მარტით, ექ. პ. რომელიც სპეციალიზებული იყო ფუნდამენტურ ფსიქოანალიზსა და ფსიქოთერაპიაში, აცხადებდა, რომ მან დაიწყო ფსიქოთერაპიის სეანსები პირველ მომჩივანთან და „ნიშნა ქალბატონ [ა.პ.]-ს განცხადებებსა და შერჩეულ სქესობრივ იდენტობას შორის შესაბამისობა“.
1. პარიზის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის და 10 ნოემბრის გადაწყვეტილებები
16. 2008 წლის 11 სექტემბერს მომჩივანმა პარიზის სახელმწიფო საბჭოს წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა სარჩელი იმის დეკლარირების მოთხოვნით, რომ იგი ამჯერად იყო ქალი და მისი სახელი იყო A. (ქალის სახელი). მან კერძოდ წარადგინა 2007 წლის 12 აპრილის და 2008 წლის 16 იანვრისა და 10 სექტემბრის სამედიცინო ცნობები. 2008 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო მრჩეველმა მოითხოვა კომისიური ექსპერტიზის ჩატარება, იმის გამო, რომ მომჩივნის ქირურგიული ოპერაცია საზღვარგარეთი იყო ჩატარებული.
(ა) 2009 წლის 17 თებერვლის შუალედური გადაწყვეტილება
17. 2009 წლის 17 თებერვალს, შუალედური გადაწყვეტილებაში, პარიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ ხაზი გაუსვა შემდეგს:
„როდესაც გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი დასმულ იქნა სრულყოფილი შეფასების შედეგად და შესაბამის პირს შეუქცევადად შეეცვალა ფიზიკური ნიშნები თერაპიული მიზნებისთვის, არსებითია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირის ახალი გენდერული სტატუსი შეუთავსებელია მის შეუცვლელ ქრომოსომულ აგებულებასთან, მისი ფიზიკური გარეგნობით, აზროვნებითა თუ სოციალური ერთიანობით იგი უფრო ახლოსაა მის მიერ არჩეულ სქესთან, ვიდრე იმასთან, რაც განისაზღვრა მისი დაბადებისას“.
თუმცა, სასამართლომ ასევე დაადგინა:
„მომჩივნის სასარგებლოდ გაცემული სამედიცინო ცნობების ავტორთა სტატუსის მიუხედავად, კატეგორიული დიაგნოზის აუცილებლობა გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს იმ მიზნით, რომ დადგინდეს მომჩივნის ამჟამინდელი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პერსპექტივაში და, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს წარსულში სავარაუდო აშლილობის არსებობა“.
სასამართლომ დანიშნა სამი ექსპერტი: ფსიქიატრი, ენდოკრინოლოგი და გინეკოლოგი და დაავალა მათ პირველ მომჩივანთან გასაუბრებისა და გასინჯვის შემდეგ და სამედიცინო ცნობების და ოპერაციის ჩანაწერების მხედველობაში მიღებით:
„(ა) აღეწერათ მომჩივნის ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობა ... ერთ-ერთი სქესის გარეგანი ან შინაგანი გენიტალიის არსებობა-არარსებობა; მომჩივნის თანხმობით, აეღოთ საჭირო ნიმუშები ან ლაბორატორიული ანალიზები, იმისთვის, რომ დაედგინათ მომჩივნის სქესის ბიოლოგიური და გენეტიკური მახასიათებლები; დაედგინათ, რამდენად შეიძლებოდა შეცდომა ყოფილიყო დაშვებული დაბადების მოწმობაში სქესის ჩაწერისას, ან მომავალში წარმოშობილიყო ორგანული ან ბიოლოგიური ცვლილებები; გამოეკვლიათ შესაძლო ქირურგიული ოპერაციის კვალი, რომლის შედეგადაც მოხდა გენიტალიების ან მეორადი სქესობრივი ნიშნების საბოლოო ტრანსფორმირება ან გადატანა; დაედგინათ მკურნალობდნენ, თუ არა პაციენტს რაიმე მედიკამენტით ან ჰორმონებით; დაედგინათ, ქირურგიული ოპერაცია ან ჰორმონული მკურნალობა ჩატარდა არსებული ფიზიკური ანომალიების გამო, თუ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, რომ უარი ეთქვა თავის გაცნობიერებულ მისწრაფებებზე;
(ბ) აღეწერათ [პირველი მომჩივნის] ფსიქიკური მდგომარეობა და ქცევა მის სქესთან მიმართებით, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, განესაზღვრა მათი წარმოშობა და გამოეკვლიათ მათი განვითარება; მოემზადებინათ ანგარიში ნებისმირი ჩატარებული ფსიქოთერაპიის შესახებ, აღეწერათ მისი მიმდინარეობა და შედეგი; განესაზღვრათ, რამდენად აწუხებდა პაციენტს რაიმე ფსიქიკური აშლილობა და თუ ასე იყო, აღეწერათ ამ აშლილობის ხასიათი;
(გ) გამოეთქვათ მოსაზრება შესაძლო გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობის არსებობის შესახებ, დაედგინათ ასეთი დიაგნოზის დასმის ან მისით ხელმძღვანელობის მიზეზები; ყველა შესაძლო სამედიცინო მონაცემის გათვალისწინებით (ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და ფიზიკური) დაედგინათ, პირი უნდა მიკუთვნებოდა მამრობით, თუ მდედრობით სქესს.“
18. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ექსპერტიზის ხარჯები პირველ მომჩივანს უნდა დაკისრებოდა და ამ მიზნით, დააკისრა მას 1,524 (EUR) ევროს გადახდა.
19. პირველმა მომჩივანმა უარი თქვა ასეთი სახის ექსპერტიზის ჩატარებაზე, როგორც იმ მიზეზით, რომ ის ძვირადღირებული იყო, ასევე იმიტომ, რომ ის შესაბამისი პირის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ხელშეუხებლობას ხელყოფდა. მისი მოსაზრებით, ის დოკუმენტები, რომლებიც მან წარადგინა, რომლებიც სპეციალისტი ექიმების მიერ იყო შედგენილი და მიუთითებდა მისი სქესის შეცვლის ნამდვილობაზე საკმარისზე მეტი იყო და არ არსებობდა საჭიროება ჩაეტარებინა ტრავმატული ანალიზები.
20. პარიზის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა შუალედურ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე.
(ბ) 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
21. 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით პარიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი. [სასამართლო] მიუთითებდა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ცნობები, მართალია, ინფორმატიული იყო, მაგრამ არ პასუხობდა სასამართლოს შეკითხვას სადავო აშლილობის წარმომავლობაზე, ხასიათზე, არსებობასა და მის შედეგებზე და იმაზე, რომ ექიმებს, რომლებმაც გასწიეს კონსულტაცია, არ შეეძლოთ, რამდენიმე მიმართულებით წარემართათ ოპერაცია, განეხორციელებინათ სამი ექსპერტის სამუშაო ძალიან ფართო და დეტალიზებული მანდატით. სასამართლომ, კერძოდ, აღნიშნა, რომ ცნობები არ მიუთითებდა მომჩივნის ფსიქიკურ დამოკიდებულებასა და განწყობაზე მისი სქესის მიმართ, არ ყოფილა გამოთქმული მოსაზრება როგორც აშლილობის წარმომავლობის, ისე მისი განვითარების შესახებ. ასევე ისინი არ მიუთითებდნენ, ხომ არ აწუხებდა მომჩივანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ხომ არ ჰქონდა მას გავლილი ფსიქოთერაპიის კურსი და, არც მისი იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ იძლეოდნენ რაიმე ინფორმაციას, რაც ჩაწერილი იქნებოდა სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების წინ. სასამართლომ დასძინა, რომ პაციენტებმა, რომლებსაც ოპერაცია საფრანგეთში ჩაუტარდათ, წარადგინეს სრულყოფილი ანკეტა, რომელიც მოიცავდა ყველა დისციპლინას, რაც დაკავშირებული იყო [სქესის] შეცვლის ოპერაციასთან, ამათგან რაღაც [ინფორმაციის] ნაწილი ექიმს, რომელმაც ტაილანდში ჩაუტარა ოპერაცია პირველ მომჩივანს, სავარაუდოდ, არ მოუთხოვია. იმისათვის, რომ მათი ხარჯები დაფარული ყოფილიყო სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მიერ, საფრანგეთში პაციენტებს უნდა გაევლოთ მკაცრი შემოწმების მთელი სერია. სასამართლომ დაადგინა, რომ ანკეტაში მოცემული მტკიცებულებების ფონზე, მომჩივანს თავისი ნებით უნდა წარედგინა განცხადება ექსპერტიზის ჩატარებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, რომლის საფუძველზეც სასამართლოები უფლებამოსილი იყვნენ, განეხორციელებინათ ყველა შესაბამისი ჩარევა იმ შემთხვევაში, თუ მხარე უარს განაცხადებდა საგამოძიებო ზომების გამოყენებაზე, სასამართლომ დაადგინა, რომ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში, პირველი მომჩივნის მოთხოვნა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული.
2. პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
22. პარიზის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დატოვა 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა პირველი მომჩივნის მოთხოვნას მის დაბადების მოწმობაში გასწორებულიყო მითითება სქესის შესახებ.
23. პირველ რიგში სააპელაციო სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ „როდესაც სამედიცინო მკურნალობისა და თერაპიული მიზნებისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შედეგად,“ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობის მქონე პირი აღარ ატარებდა მისი დაბადებისდროინდელი სქესის მახასიათებელ ნიშნებს და მიღებული ჰქონდა საპირისპირო სქესის გარეგნობისთვის უფრო მეტად დამახასიათებელი ნიშნები, რაც აისახებოდა მის სოციალურ ქცევაზე, პირადი ცხოვრების პატივისცემის პრინციპი იყო გარანტი იმისა, რომ სამოქალაქო სტატუსის შესახებ ჩანაწერში შეტანილი ყოფილიყო პირის გარეგნობის შესაბამისი ცვლილება.
24. სააპელაციო სასამართლომ დასკვნა, რომ პირველი მომჩივნის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტის შეფასების შედეგად „არ იყო დადგენილი, რომ იგი აღარ ატარებდა მამაკაცის სქესისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს“. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრებს: ბო.-ს და ბა.-ს დასმული ჰქონდათ გენდერულ იდენტობის აშლილობის დიაგნოზი 2007 წლის 12 აპრილისა და 2008 წლის 3 აპრილის ცნობებში, მათ არ მიუთითებიათ „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არარსებობაზე“. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ჰორმონული მკურნალობა, რომელზეც მითითებული იყო ექ. ჰ-ს მიერ 2008 წლის 16 იანვარს გაცემულ ცნობაში, დიდი ხნის წინანდელი იყო. ასევე მიუთითა, რომ ექიმ ს.-ს, რომელმაც პირველ მომჩივანს ჩაუტარა ოპერაცია ტაილანდში, 2008 წლის 3 ივლისს იყო „ძალიან მოკლე“ და შეიცავდა მხოლოდ სამედიცინო ინფორმაციის ჩამონათვალს, რაც არ მიუთითებდა იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იყო სქესის შეცვლის ოპერაცია. გარდა ამისა, პირველი მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია კლინიკასთან დაკავშირებით, მოპოვებული იყო ინტერნეტის მეშვეობით და არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დადგენილიყო ქირურგის, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია, სამეცნიერო თუ სამედიცინო რეპუტაცია, ან რამდენად აკმაყოფილებდა ქირურგიული ოპერაცია სამედიცინო პრაქტიკის სტანდარტებს. აღნიშნული არ დგინდებოდა, არც ექ. ვი-ს მიერ, 2009 წლის 26 მაისს გაცემული ცნობით, „რომელშიც არ იყო მითითებული რაიმე დეტალებზე“.
25. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ პირველმა მომჩივანმა დაჟინებით პრინციპული უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე და არ ითანამშრომლა პირველი ინსტანციის სასამართლოსთან, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, „მისი პირადი ცხოვრების დაცვის არარელევანტური საბაბით, მიუხედავად იმისა, რომ მიზანი იყო იმის დადგენა, რომ პირი, რომელიც გენდერული იდენტობის აშლილობის მატარებელი იყო, უკვე აღარ ატარებდა იმ ნიშნებს, რაც დამახასიათებელი იყო დაბადებისდროინდელი სქესისთვის“. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „პირად ცხოვრებაში შესაძლო ჩარევა იყო იმ მოთხოვნების პროპორციული, რაც დადგენილი იყო პირის გენდერული იდენტობის გასარკვევად, რაც წარმოადგენდა სამოქალაქო სტატუსის კომპონენტს, როგორც საჯარო წესრიგისთვის დამახასიათებელი პრინციპის - განუსხვისებლობის გამოხატულებას“.
26. სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მომჩივანი ქალის სახელით იყო ცნობილი, რაც მასთან დაკავშირებული იმ მრავალი განცხადებიდან ირკვეოდა, რაც განამტკიცებდა რწმენას იმის შესახებ, რომ იყო ქალი, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მას სხვადასხვა სამედიცინო მკურნალობა და ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და „მისი სოციალური ცხოვრების რეალობის“ გათვალისწინებით, დაადგინა, რომ მას გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი, მამაკაცის სახელები შეეცვალა ქალის სახელით. შესაბამისად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის დაბადების მოწმობაში მისი სახელები შესწორებულიყო.
3. საკასაციო სასამართლოს პირველი სამოქალაქო პალატის 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება
(ა) საჩივრის საფუძვლები
27. პირველი მომჩივანი 2010 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სამართლის საკითხებზე წარდგენილი საჩივრით.
28. იგი, პირველ რიგში, დავობდა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ნიშნავდა, რომ გენდერის შეცვლა უნდა ყოფილიყო ნებადართული იმ პირებისთვის, რომელთა ფიზიკური გარეგნობა უფრო დაახლოებული იყო საწინააღმდეგო გენდერთან და რომელსაც შეესაბამებოდა მათი სოციალური ქცევა. იგი აკრიტიკებდა სააპელაციო სასამართლოს უარს მის მოთხოვნაზე, შეცვლილიყო მითითება მისი გენდერის შესახებ, იმის გამო, რომ მან უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც იყო მისი გენდერული იდენტობის აშლილობის წარმოშობის და მისი განვითარების მიზეზების დადგენა, მიუთითებდა რა, რომ იგი აღარ ატარებდა მამაკაცის სქესისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც დადგენილად მიიჩნია, რომ იგი ცნობილი იყო ქალის სახელით, რომ მასზე შექმნილი რწმენის მიხედვით, იგი მიეკუთვნებოდა მდედრობით სქესს და, რომ მას მოუხდა ჩაეტარებინა სხვადასხვა სამედიცინო და ქირურგიული ჩარევა და საზოგადოებაში ცხოვრობდა, როგორც ქალი, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი. პირველი მომჩივანი, კერძოდ, ეყრდნობოდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებას, რაც გადმოცემული იყო მის 2009 წლის ოქტომბრის ბეჭდურ გამოცემაში, სათაურით „ადამიანის უფლებები და გენდერული იდენტობა“ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1728-ე (2010) რეზოლუციაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტიფიკაციის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ (იხ. 73-ე და 75-ე პარაგრაფები ქვემოთ).
29. მეორე, იგი ამტკიცებდა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობების მიხედვით სრულად იყო დადგენილი, რომ იგი იყო ტრანსგენდერი და, რომ მან ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია, რომლის შედეგადაც გახდა ქალი და, რომ მისი გარეგნობა და სოციალური ქცევა იყო ქალური. სქესის შეცვლის გარემოებების დასადგენად იმ დოკუმენტების არასაკმარისად მიჩნევის და ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარის გამო, აკრიტიკებდა სააპელაციო სასამართლოს, რომ მან არასათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები.
30. მესამე, იგი მიუთითებდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევაზე მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგინა რა, რომ მას უნდა წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა და უარი უთხრა მის სააპელაციო საჩივარზე, თავის გადაწყვეტილება დაამყარა დისკრიმინაციულ საფუძვლებს.
(ბ) გადაწყვეტილება
31. 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ (პირველი სამოქალაქო კოლეგია, ბიულეტენი 2012, I, N123) არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, შემდეგი მოტივებით:
„... იმისათვის, რომ დაასაბუთოს მოთხოვნა დაბადების მოწმობაში მისი გენდერის მითითების შეცვლის შესახებ, შესაბამისმა პირმა სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული პოზიციიდან უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ნამდვილად დაავადებულია გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობით და, რომ მისი გარეგნობის ცვლილება არის შეუქცევადი. წარმოდგენილი დოკუმენტების მიუკერძოებლად შესწავლის შედეგად და, პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ ტაილანდში ჩატარებული ოპერაციის აღმწერი ცნობა იყო ძალიან მოკლე (სამედიცინო ინფორმაციით იყო დახუნძლული და არაფერს ამბობდა ოპერაციის ეფექტურობის შესახებ), და მეორეც, რადგან [პირველმა] მომჩივანმა პრინციპული უარი განაცხადა, ჩაეტარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზა, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, არ დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი დაბადების მოწმობაში გენდერზე მითითების შესწორების შესახებ...“
ბ. საჩივარი N 52471/12
32. მეორე მომჩივანი დაიბადა 1958 წელს და ცხოვრობს პერუ სურ მარნეში (Le Perreux‑Sur‑Marne) [პარიზის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში].
33. მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი დაბადებიდან რეგისტრირებულია, როგორც მამაკაცი, ძალიან ადრეული ასაკიდან ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მიეკუთვნებოდა ქალთა სქესს.
34. სოციალური ზეწოლის გამო, მას უხდებოდა დაემალა თავისი ნამდვილი ბუნება და სანამ ცხოვრობდა მამაკაცის იდენტობის შესახებ ჩანაწერით თავის დაბადების მოწმობაში, ორჯერ იქორწინა, თუმცა, ქორწინებები, რომელთაგან მას შვილები ჰყავდა, დასრულდა განქორწინებით.
35. იგი იმოსებოდა, როგორც ქალი და სხვების მიერ აღიქმებოდა ქალად. 2004 წლის შემდეგ იგი გადიოდა მკურნალობას ჰორმონებით ფემინიზაციისთვის და ჩაიტარა გენიტალიების შეცვლის ოპერაცია.
1. კრეტეის (Créteil) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
36. 2009 წლის 17 მარტს მეორე მომჩივანმა სარჩელი აღძრა სახელმწიფო საბჭოს წინააღმდეგ კრეტეის (Créteil) პირველი ინსტანციის სასამართლოში, იმ მოთხოვნით, რომ მის დაბადების მოწმობაში სიტყვა „მამრობითი“ შესწორებულიყო „მდედრობითით“ და მისი მამაკაცის სახელები შეცვლილიყო სახელით „ემილი“ (“Émilie”). იგი ეყრდნობოდა ექიმ ბ-ს, ფსიქიატრის მიერ გაცემულ ცნობას, რომელიც მიუთითებდა, იმაზე, რომ მეორე მომჩივანი იყო ტრანსგენდერი პირი.
37. 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მომჩივანმა მხოლოდ წარადგინა 2008 წლით დათარიღებული რამდენიმე ინვოისი, რომლებიც გაცემული იყო „ემილი“ გარსონის სახელზე. მოწმეების მიერ მიცემული ოთხ ჩვენებაში 2008 წელს, ისინი მიუთითებდნენ, რომ მომჩივანს წლებია იცნობდნენ, როგორც „ტრანსგენდერ“ პირს (ან „ტრანსსექსუალს“, როგორც ერთმა მათგანმა აღნიშნა) და მომსწრენი იყვნენ მისი, როგორც „ქალის განვითარებისა, რაიმე აშკარა გართულებების გარეშე“. აგრეთვე წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ცნობა, გაცემული 2009 წლის 23 აპრილს ექიმ ტ.-ს მიერ, რომლის მიხედვითაც, მეორე მომჩივანი გადიოდა მკურნალობას გენდერული დისფორიის გამო 2006 წლიდან და იღებდა ფემინიზაციის ჰორმონებს 2004 წლიდან, მკურნალობის რა მეთოდიც ფართოდ იყო მიღებული და მიიჩნეოდა ეფექტურად. აღნიშნა რა ისიც, რომ მეორე მომჩივანმა არ წარადგინა ექ. ბ.-ს მიერ გაცემული ცნობა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მან ვერ „დაასაბუთა, რომ ნამდვილად იყო ტრანსგენდერი, როგორც ამას მიუთითებდა“. რამდენადაც მან არ დაასაბუთა, რომ ნამდვილად იყო დაავადებული ამ აშლილობით, მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში სქესის მითითების შესახებ ცვლილება „შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ de facto მდგომარეობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში“. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მას უარი უნდა თქმოდა სახელის შეცვლის მოთხოვნაზე, რადგან ეს მოთხოვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო სტატუსის შეცვლის მოთხოვნიდან.
2. პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება
38. 2011 წლის 27 იანვარს, მეორე მომჩივნის სააპელაციო საჩივრის გამო, პარიზის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგი მოტივაციით:
„ ... რამდენადაც სამოქალაქო სტატუსის განუსხვისებლობის პრინციპი გამორიცხავს კანონით პირის ნების საფუძველზე ცვლილების აღიარების შესაძლებლობას, ეს არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო სტატუსი არ შეიძლება შეიცვალოს.
როდესაც ნამდვილი გენდერული იდენტობის აშლილობის, როგორც სამედიცინო დონეზე აღიარებულის და განუკურნებლის, დიაგნოზი იქნა დასმული მკაცრი შემოწმების შედეგად და ტრანსგენდერმა პირმა განიცადა შეუქცევადი ფიზიკური ცვლილებები თერაპიის მიზნებისთვის, გამართლებულია, მივიჩნიოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირის ახალი გენდერული სტატუსი არასრულყოფილია, რადგან ქრომოსომული აგებულება შეუცვლელია, იგი, ფიზიკური გარეგნობის, აზროვნების და სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით, უფრო მეტად ახლოსაა შერჩეულ სქესთან, ვიდრე იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას განსაზღვრეს. ამ გარემოებებში და რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, დაბადების მოწმობა უნდა შეიცავდეს შესაბამისი პირის სქესზე მითითებას, მიღებულ უნდა იქნეს შეცვლის პრინციპი.
მოცემულ საქმეში ემილი მორის ჟან მარკ გარსონი ... სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ რეესტრში შეყვანილ იქნა, როგორც მამაკაცი.
აპელანტმა უნდა წარმოადგინოს საფუძვლები, კერძოდ, სამედიცინო მტკიცებულებები, თუ რატომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა ქალად აღიარების შესახებ.
აპელანტი დავობს, რომ იგი არის ტრანსგენდერი, ვინც ცხოვრობდა ქალის სქესით წლების განმავლობაში. იგი ამტკიცებს, რომ განსხვავება მის იმ სქესსა, რომელსაც იგი ანიჭებს უპირატესობას და იმ სქესს შორის, რაც მას მიეკუთვნეს დაბადებისას, საკმარისია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცვლილება მის სამოქალაქო სტატუსში, იმის დამტკიცების გარეშე, რომ მან ჩაიტარა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია.
სამედიცინო ასპექტთან დაკავშირებით, მან უბრალოდ წარადგინა, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ექ. [ტ.]-ს მიერ 2009 წლის 23 აპრილს გაცემული ცნობა ექ. [დ. ს.-ბ.]-ს ტიტულიან ფურცელზე, რომელშიც ექიმი „ადასტურებდა, რომ ენდოკრინოლოგი ექ. [ს.-ბ.] მკურნალობდა ბატონ ემილი გარსონს გენდერული დისფორიის გამო ... 2006 წლიდან და აზუსტებს, რომ აპელანტი ფემინიზაციის ჰორმონებით 2004 წლიდან მკურნალობდა და, რომ ამგვარი მკურნალობა ფართოდ არის მიღებული და ეფექტურია.
სამედიცინო ცნობა, რომ მომჩივანმა ჩაიტარა ფემინიზაციის ჰორმონული მკურნალობის კურსი 2004 წლიდან 2009 წლამდე, თავისთავად არ ამტკიცებს სამუდამო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ცვლილების არსებობას და შესაბამისად, გენდერული ცვლილების შეუქცევად პროცესს.
ექსპერტის დასკვნა მნიშვნელობას მოკლებული ხდება, როდესაც აპელანტი, უარყოფს იდეას, რომ ჩაიტაროს გენიტალიების ოპერაცია, არ მიუთითებს რაიმე პლასტიკური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე ჰორმონულ თერაპიასთან ერთად და არ წარმოუდგენია ფსიქიატრის რაიმე მოსაზრება, რომელიც მიუთითებს ხსენებული აშლილობის არსებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ემილი გარსონის დაბადების მოწმობის მიხედვით, იგი ორჯერ იყო დაქორწინებული ... და ორჯერ -განქორწინებული ... “
3. საკასაციო სასამართლოს პირველი სამოქალაქო კოლეგიის 2013წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
(ა) საჩივრის საფუძვლები
39. მეორე მომჩივანმა 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე. იგი, კერძოდ, დავობდა, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოხდა იმ საბაბით, რომ მას არ დაუდასტურებია ან „სამუდამო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ცვლილება და შესაბამისად სქესის შეცვლის პროცესის შეუქცევადი ბუნება“ ან „სავარაუდო აშლილობის არსებობა“. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი, რამდენადაც პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება გულისხმობს პირთა უფლებას, განსაზღვრონ თავიანთი სქესობრივი იდენტობა და [მოითხოვონ] თავიანთი სამოქალაქო სტატუსის ამსახველი დოკუმენტების იმგვარად შეცვლით, რაც ასახავს მათ მიერ შერჩეულ გენდერულ იდენტობას, იმის დადასტურების გარეშე, რომ განიცდიან გენდერული იდენტობის აშლილობას ან გენდერულ დისფორიას ან, რომ ჩაიტარეს სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურა. სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის დაქვემდებარებით იმის დადასტურებაზე, რომ [პირმა] ჩაიტარა სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურა ამ უფლებების მატარებლებისგან მოითხოვდა სტერილიზაციას, იმისათვის, რომ უფლებით ესარგებლათ. შესაბამისად ეს წარმოადგენდა ჩარევას მათ ღირსებაში, მათი სხეულის სათანადო პატივისცემისა და პირადი ცხოვრების ინტიმურობაში. მეორე მომჩივანი აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითებდა, რომ აღნიშნულის გამო ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისგან მოითხოვა იმის დამტკიცება, რომ ჩაიტარა ეს პროცედურა. მან დაამატა, რომ დისკრიმინაციული და მე-14 მუხლის საწინააღმდეგო იყო ამ უფლების ამგვარი მტკიცების საგნად ქცევა და გენდერული იდენტობის აშლილობისა ან გენდერული დისფორიის მტკიცება.
(ბ) 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
40. 2013 წლის 13 თებერვალს საკასაციო სასამართლომ (პირველი სამოქალაქო კოლეგია) არ დააკმაყოფილა სამართლის საკითხებზე წარდგენილი საჩივარი, შემდეგი მოტივებით:
„...იმისათვის, რომ დაასაბუთოს სარჩელი დაბადების მოწმობაში მისი გენდერის მითითების შეცვლის შესახებ, შესაბამისმა პირმა სამეცნიერო წრეებში ფართოდ გავრცელებული პოზიციიდან უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ნამდვილად დაავადებულია გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობით და, რომ მისი გარეგნობის ცვლილება არის შეუქცევადი.
... სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ სამედიცინო ცნობა არ ამტკიცებს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობის არსებობას, ან სქესის შეცვლის პროცესის შეუქცევად ბუნებას. აღნიშნული არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ გარემოებებს და, არც არღვევენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებს ან სამოქალაქო კოდექსის მე-16 და მე-16-1 მუხლებს, რამდენადაც ისინი ეფუძნება სამართლიან ბალანსს სამართლებრივ განსაზღვრულობისა და სამოქალაქო სტატუსის მუდმივობის, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, პირადი ცხოვრებისა და ადამიანის სხეულის პატივისცემის უფლებას შორის...“
C. საჩივარი N 52471/12
41. მესამე მომჩივანი დაიბადა 1952 წელს და ცხოვრობს ნანსში (Essey-les-Nancy).
42. მან მიუთითა, რომ, მართალია, დაბადებისას დარეგისტრირდა, როგორც მამაკაცი, იგი უკვე ძალიან ადრეული ასაკიდან ქალის სქესს მიაკუთვნებდა თავს. იგი ქალთან ერთად ცხოვრობდა 1975 წლიდან 1991 წლამდე და მათ შეეძინათ ბავშვი 1978 წელს.
43. მესამე მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი მალავდა თავის ნამდვილ ბუნებას დიდი ხნის განმავლობაში, რადგან მას ეშინოდა რომ დაექვემდებარებოდა ბულინგს და მოგვიანებით კი, - რომ დაკარგავდა თავისი ქალიშვილის მიმართ მეურვეობის უფლებას. მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი გაიზარდა, მან თავისი გარეგნობა და სოციალური ქცევა შეუთავსა მის ქალურ გენდერული იდენტობას. რამდენადაც მისი დოკუმენტების უმეტესობა, რომელთაც იგი იყენებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასახავდა მის გენდერულ იდენტობას, ეს ასე არ იყო სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, პასპორტში, მართვის მოწმობაში, ტრანსპორტის სარეგისტრაციო საბუთებში ან ეროვნების რეგისტრაციისას. შედეგად, იგი მუდმივად იძულებული იყო მიეთითებინა მის ტრანსგენდერულ იდენტობაზე, რითაც მისი პირადი ცხოვრების უფლება ილახებოდა. ნანსის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებები
44. 2007 წლის 13 ივნისს მომჩივანმა სარჩელი აღძრა სახელმწიფო საბჭოს წინააღმდეგ ნანსის პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ მოთხოვნით, რომ მის დაბადების მოწმობაში სიტყვა „მამრობითი“ შეცვლილიყო „მდედრობითით“ და მისი სახელები შეცვლილიყო სახელით „სტეფანი“ (Stéphanie).
(ა) 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
45. ნანსის პირველი ინსტანციის სასამართლომ 2008 წლის 7 ნოემბერს მიიღო პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ამჟამად ერთხმად აღიარებულია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით, რომ ტრანსგენდერ პირებს აქვთ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება“ და შესაბამისად, უფლებამოსილი იყვნენ მოეთხოვათ მათი სქესის და სახელების შეცვლა სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში. თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო რიგი გარემოებები, კერძოდ:
„გენდერული იდენტობის აშლილობა დადასტურებული უნდა იყოს არა მხოლოდ სამედიცინო დონეზე (ჩვეულებრივ, მრავალპროფილიან ექიმთა გუნდის, ქირურგების, ენდოკრინოლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის მიერ), არამედ, ასევე, სამართლებრივად, საექსპერტო დასკვნით (მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ევალება მისი დანიშვნა) ან სამედიცინო ცნობებით, რომლებიც გაცემულია შესაბამისი პირის მიერ, რომლითაც აშკარად დგინდება, რომ მას გადატანილი აქვს სამედიცინო მკურნალობა ან ქირურგიული ოპერაცია, იმისათვის, რომ მიაღწიოს გენდერის შეცვლას.“
სასამართლომ ასევე დაადგინა:
„პირებს, რომელთაც სურვილი აქვთ შეცვალონ გენდერი თავიანთ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, უნდა დაადასტურონ, რომ მათ თერაპიული მიზნით ჩაიტარეს სამედიცინო მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა და თავდაპირველი სქესის მახასიათებელი გარეგნული ნიშნების ამოკვეთის მიზნისთვის მანამდე ჩატარებული ჰქონდათ ქირურგიული ოპერაცია.
შესაბამისად, მხოლოდ „ნამდვილ“ ტრანსგენდერ პირებს შეუძლიათ მათი გენდერის აღმნიშვნელი მონაცემების შეცვლა თავიანთ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირებს, რომელთაც უკვე გადაიტანეს სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურა.
სხვა სიტყვებით, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირების სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილების შესახებ, მათ მიერ შერჩეული გენდერის სასარგებლოდ, როდესაც ისინი ნამდვილად შეიცვლიან მათ სქესობრივ ანატომიას იმგვარად, რომ ის რამდენადაც შესაძლებელია, შეესაბამებოდეს მათ მიერ შერჩეულ გენდერს.
ეს სამედიცინო და ქირურგიული წინაპირობები იმ ფაქტით აიხსნება, რომ ნამდვილი გენდერული იდენტობის აშლილობა, რასაც ახასიათებს „ღრმად გამჯდარი და შეურყეველი გრძობა, რომ მიეკუთვნება გენეტიკურად, ანატომიურად და სამართლებრივად განსაზღვრულ გენდერის საპირისპირო გენდერს, რასაც თან ახლავს ძლიერი და მუდმივი მოთხოვნილება, რომ პირმა შეიცვლოს გენდერული და სამოქალაქო სტატუსი“ უნდა განვასხვავოთ სხვა დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული კატეგორიებისგან, როგორიცაა ტრანსვესტიტიზმი, რაც მხოლოდ გარეგნობის შეცვლაზეა დამოკიდებული და არ უკავშირდება ანატომიური სქესის შეცვლას.
მოცემულ საქმეში, მართალია, ს. ნიკო გარეგნულად იყო ქალი და წარმოადგინა დოკუმენტები და მის, როგორც ქ-ნ სტეფანი ნიკოს, სახელზე სხვადასხვა პირის მიერ გაცემული ინვოისები, ეს გარემოებები სასამართლოს არ აძლევდა შესაძლებლობას, გადაეწყვიტა, ნამდვილად შეიცვალა, თუ არა გენდერი. მოსმენისას, როდესაც თავმჯდომარემ ჰკითხა, თუ რა მკურნალობა ჩაიტარა, ს. ნიკომ შეუვალი პოზიცია დაიკავა, რისი სრული უფლებაც მას გააჩნდა და დაეყრდნო თავისი პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას ...“
46. სასამართლომ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეაჩერა პროცესი მესამე მომჩივნის მოთხოვნების გამო და მას დაავალა „რაიმე სამედიცინო დოკუმენტების წარდგენა სამედიცინო და ქირურგიული მკურნალობის შესახებ, რაც დაადასტურებდა, რომ მან ნამდვილად შეიცვალა სქესი“.
(ბ) 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
47. მესამე მომჩივანმა უარი თქვა, წარედგინა სამედიცინო დოკუმენტები იმის გათვალისწინებით, რომ მან საკმარისად დაასაბუთა, რომ ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად იყო მდედრობითი სქესის და სოციალურად ინტეგრირებული იყო, როგორც ქალი. მან მხოლოდ მიუთითა, რომ მისმა მკურნალმა ექიმმა გამოუწერა მას ჰორმონული თერაპია, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მას ჰქონდა მეორადი მდედრობითი სქესობრივი მახასიათებლები, როგორიც არის მკერდი. სახელმწიფო საბჭომ დაასკვნა, რომ შეუძლებელი იყო მისი სამოქალაქო სტატუსის შეცვლა გენდერის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დადასტურების გარეშე.
48. 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში ნანსის პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე მომჩივანს არ წარუდგენია სქესის შეცვლის სამედიცინო და ქირურგიული მტკიცებულება და შესაბამისად უარი თქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ გაიმეორა 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასაბუთება. სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
“[სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა შეიძლება მხოლოდ] „ნამდვილი“ ტრანსგენდერებისთვის, ანუ, იმ პირებისთვის, რომელთაც უკვე ჩაიტარეს შეუქცევადი სქესის შეცვლის ოპერაცია და არა იმათთვის, რომლებიც უბრალოდ მიუთითებენ, რომ არიან „ტრანსგენდერები“ იმ საფუძვლთ, რომ ისინი მიჩნეულები არიან, რომ სოციალურად მიეკუთვნებიან იმ გენდერს, რომელიც მათ გარეგნობას ასახავს, მაგრამ ეწინააღმდეგებიან გენდერის შეცვლის ოპერაციის ჩატარებას ან უარს აცხადებენ წარადგინონ სამედიცინო და ქირურგიული მტკიცებულება ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისა.“
სასამართლომ ასევე დაადგინა:
„ს. ნიკოს მოთხოვნის დაკმაყოფილება შედეგად გამოიწვევს სასამართლოების მიერ „მესამე სქესის“ შექმნას, კერძოდ, პირებისას, რომელთაც აქვთ მდედრობითი სქესის გარეგნობა, მიუხედავად იმისა, რომ ატარებენ მამრობით გარეგნულ სასქესო ანატომიას, მაგრამ შეუძლიათ იქორწინონ მამაკაცზე. საპირისპირო შემთხვევაში, პირი, ვინც არის მამაკაცი გარეგნობით, გააგრძელებს არსებობას ქალის გენიტალიით და შესაბამისად, შეეძლება დაბადოს შვილი!!! როგორც ამჟამინდელი სასამართლო პრაქტიკა მიუთითებს, ამგვარი სრულად აკრძალულია.“ ნანსის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება
49. ნანსის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება. [სასამართლომ] კერძოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ „სამოქალაქო სტატუსში ცვლილების შეტანის მოთხოვნა აუცილებლად არ მოითხოვს ისეთი ქირურგიული ცვლილების დამტკიცებას, როგორიცაა გენიტალიის ამოკვეთა ან შეცვლა ან პლასტიკური ქირურგია“, არამედ იგულისხმებოდა ის, რომ „სქესის შეცვლის პროცესის შეუქცევადობა უკვე ყოფილიყო დადგენილი“. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ „მესამე მომჩივანს არ წარუდგენია სპეციფიური მტკიცებულება, რაც რაიმე ფორმით გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ იგი სხვების მიერ მიჩნეული იყო მდედრობითად.“ სასამართლომ დასძინა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება მესამე მომჩივნისთვის არ გამორიცხავდა „ვალდებულებას, წარედგინა მტკიცებულება, რომელიც არ იქნებოდა იმგვარად ჩამოყალიბებული, რაც ერთმანეთში აღრევდა ტრანსგენდერიზმსა და ტრანსსექსუალიზმს, არამედ, რომელიც, არა მხოლოდ სამოქალაქო სტატუსის მუდმივობის, არამედ სამოქალაქო სტატუსის შესახებ ჩანაწერის სისრულისა და სანდოობის გარანტიც იქნებოდა“. ეს მოთხოვნა, რომელიც იყო ლეგიტიმური და არავითარ შემთხვევაში დისკრიმინაციული, არ არღვევდა კონვენციის მე-14 მუხლს და სასამართლოს საქმე არ იყო გამოესწორებინა ის ნაკლოვანებები, რაც მომჩივნის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ახლდა.
3. საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
(ა) საჩივრის საფუძვლები
50. მესამე მომჩივანმა 2011 წლის 3 იანვარს წარადგინა საჩივარი სამართლის საკითხებზე. იგი ამტკიცებდა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება იძლეოდა უფლებას, დადგენილიყო პირის გენდერული იდენტობა და შეცვლილიყო სამოქალაქო სტატუსის ამსახველი დოკუმენტები იმგვარად, რომ აესახა პირის მიერ შერჩეული გენდერი, წინასწარი ვალდებულების გარეშე ჩაეტარებინა სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურა და შესაბამისად ემტკიცებინა აღნიშნული. სააპელაციო სასამართლომ იმით, რომ მას დაავალა სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურის დამტკიცება, დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი, კერძოდ, რამდენადაც არც სამოქალაქო სტატუსის შეუცვლელობის პრინციპი და, არც სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი ჩანაწერების სისრულისა და სანდოობის საჭიროება ავალებდა ფიზიკურ პირებს, ჩაეტარებინათ გენდერის შეცვლის შეუქცევადი პროცედურა და წარედგინათ აღნიშნულის მტკიცებულებები, იმისათვის, რომ ცვლილება ყოფილიყო შეტანილი მათ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში. მესამე მომჩივანმა დასძინა, რომ დისკრიმინაციული იყო და კონვენციის მე-14 მუხლის ეწინააღმდეგებოდა ის, რომ ფიზიკური პირების უფლება, მათი სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტში ცვლილების შეტანისა, დაქვემდებარებოდა იმის მტკიცებას, რომ მათი გენდერის შეცვლა იყო შეუქცევადი.
(ბ) 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
51. მესამე მომჩივნის საჩივარი განხილულ იქნა იმავე დროს, როდესაც მეორე მომჩივნის.
52. საკასაციო სასამართლომ (პირველი სამოქალაქო პალატა) 2013 წლის 13 თებერვალს უარყო სააპელაციო საჩივარი შემდეგი საფუძვლებით:
„... იმისათვის, რომ დასაბუთდეს გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა დაბადების მოწმობაში, შესაბამისმა პირმა, სამეცნიერო წრეებში ფართოდ მიღებული პოზიციიდან, უნდა დაადასტუროს ის, რომ მას ნამდვილად აწუხებს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობა და, რომ ცვლილება მის გარეგნობაში არის შეუქცევადი.
იმის გათვალისწინებით, რომ [მესამე მომჩივანს] არ წარუდგენია სპეციფიური მტკიცებულებები გენდერის შეცვლის პროცედურის შეუქცევადობისა ამ საქმეში, რაც არ შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტზე იყოს დამოკიდებული, რომ იგი სხვების მიერ მიჩნეულია მდედრად, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებში ასახული პრინციპები..., არამედ უფრო დაადგინა სამართლიანი ბალანსი სამართლებრივ განსაზღვრულობასა და სამოქალაქო სტატუსის მუდმივობას შორის ერთი მხრივ, და პირადი ცხოვრების დაცვას შორის, მეორე მხრივ ...“
II. ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი ორგანოს ანგარიში
53. 2009 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესმა ორგანომ გამოაქვეყნა ანგარიში „გენდერული იდენტობის აშლილობის მკურნალობა საფრანგეთში - მდგომარეობა და პერსპექტივა“.
54. სხვა საკითხებს შორის, ის მხარს უჭერდა „მზრუნველობის გზას“, რაც მრავალ საფეხურს მოიცავდა. პირველი შედგებოდა „გენდერული იდენტობის აშლილობის“ დიაგნოსტირებისა და შეფასების საკითხებისგან; მიზანი იყო ,,რამდენადაც შესაძლებელია, აცილებული ყოფილიყო შეუსაბამო შეუქცევადი ცვლილებები“. მეორე სტადია მოიცავდა „ნამდვილი ცხოვრების გამოცდილებას“, მიზანი, შესწავლილი ყოფილიყო პირის შესაძლებლობა, ეცხოვრა შერჩეული როლით. პირი, მის სოციალურ და პროფესიულ საქმიანობაში, ცხოვრობდა სრულად იმ სქესის ცხოვრებით, რომელსაც იგი უპირატესობას ანიჭებდა და წარმოაჩენდა მის სოციალურ ინტეგრაციას იმ როლში, შეირჩევდა ახალ სახელს და შეატყობინებდა ოჯახის წევრებს მის მიერ განზრახული ცვლილების შესახებ. მესამე სტადია მოიცავდა ჰორმონულ ჩანაცვლებას, როდესაც ეგზოგენური ჰორმონები იმართებოდა, „რომ გაენადგურებინა თავდაპირველი სქესის მეორეული სქესობრივი ნიშნები და შეეცვალა ისინი, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, საპირისპირო სქესის ნიშნებით.“ მეოთხე სტადია შეიცავდა სქესის შეცვლის ოპერაციას. ანგარიში ამასთან დაკავშირებით აზუსტებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი პირების უმეტესობის სურვილია სქესის შეცვლის ოპერაციისჩატარება, რამდენიმე პაციენტი ამას ეწინააღმდეგებოდა სამედიცინო საფუძვლებით მაშინ, როდესაც სხვები მიიჩნევდნენ, რომ ეს არ იყო მათ შემთხვევაში და, რომ, მაგალითად, ჰორმონული ჩანაცვლება, „პერიფერიული“ ქირურგია და ხმის თერაპია საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათთვის მიეცათ იმგვარი გარეგნობა, რომ მიეკუთვნებოდნენ საპირისპირო სქესს და შესაძლებლობა მიეცათ მათთვის, ასეთებად ყოფილიყვნენ აღიარებული საზოგადოების მიერ. ანგარიში ასევე განიხილავდა საკითხს, რომ ოპერაციის ჩატარების მიმართ უხერხულობის განწყობა ასევე შეიძლებოდა განპირობებული ყოფილიყო მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეებით და იმ ოპერაციებთან დაკავშირებული მეორადი შედეგებით.
III. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები ასე იკითხება:
მუხლი 11
„მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ საგამოძიებო ზომების მიღებისას. მოსამართლეს შეუძლია გამოიყენოს ყველა საჭირო ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ ან უარს განაცხადებენ აღნიშნულზე. ...“
მუხლი 143
„ფაქტები, რომლებზეც დავის შედეგებია დამოკიდებული, შეიძლება მხარეთა თხოვნით, ან სასამართლოს ინიციატივით იყოს კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო ზომების მიღების საგანი“.
მუხლი 144
„საგამოძიებო ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეს ხელთ არ აქვს საქმის გადასაწყვეტად საკმარისი ინფორმაცია.“
მუხლი 147
„მოსამართლე უნდა შემოიფარგლებოდეს იმ ზომების არჩევანით, რაც საკმარისია დავის გადასაწყვეტად, უნდა აირჩიოს ყველაზე მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი შესაძლებლობა“.
მუხლი 232
„მოსამართლემ უნდა მიიღოს განმარტებები ნებისმიერი სხვა პირისგან, ვისაც ის შეარჩევს, მისი ახსნა-განმარტების, კონსულტაციის ან საექსპერტო დასკვნის ფორმით იმ ფაქტობრივ საკითხებზე, რაც მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას.“
მუხლი 263
„ექსპერტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს მოთხოვნილი, როდესაც განმარტება ან კონსულტაცია სასამართლოს ვერ აწვდის საკმარის ცოდნას.“
ბ. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა
56. 1992 წლის 11 დეკემბრის ორ გადაწყვეტილებაში (NN 91-11900 და 91‑12373; ბიულეტენი 1992 N 13), საკასაციო სასამართლომ სრული შემადგენლობით, დაადგინა შემდეგი:
„როდესაც გენდერული იდენტობის აშლილობის მქონე პირი აღარ ატარებს მისი თავდაპირველი სქესისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს და მისი გარეგნობა უფრო მეტად არის დაახლოებული საპირისპირო სქესისასთან, რაც აისხება მის სოციალურ ქცევაზე, მის სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში იმ სქესის მითითება, რაც ასახავს პირის გარეგნობას გარანტირებულია პირადი ცხოვრების პატივისცემის პრინციპით.“
საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „სტატუსის შეუცვლელობის პრინციპი არ გამორიცხავდა ამგვარ ცვლილებას“. შესაბამისად, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, რომლებითაც უარი ეთქვათ ტრანსგენდერ პირებს, თავიანთი დაბადების მოწმობებში გაესწორებინათ სქესის აღმნიშვნელი მონაცემები.
57. ამ საქმეთაგან მეორეში სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, იმისათვის, რომ დაედასტურებინა მის მიერ გავლილი ფემინიზაციის პროცესი და გამოევლინა, რომ იგი იყო ტრანსგენდერი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც ფაქტი, რომ იგი იყო მდედრობითი სქესის, დამოწმებული იყო ქირურგის მიერ გაცემულ ცნობაში, ვინც ჩაატარა ოპერაცია და აპელანტის ექიმის არაოფიციალური მოსაზრებით, გენდერული იდენტობის აშლილობის რეალურად არსებობა-არარსებობა შეიძლებოდა დადგენილიყო მხოლოდ ექსპერტის შეფასები,. შესაბამისად, იგი აკრიტიკებდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
58. საკასაციო სასამართლომ, პლენარულ სხდომაზე, 1992 წელს დაადგინა დაბადების მოწმობაში სქესის აღმნიშვნელი მონაცემის შეცვლის ხუთი პირობა. შესაბამის პირს უნდა: (1) ჰქონოდა გენდერული იდენტობის აშლილობა, (2) თერაპიული მიზნით ჩატარებული უნდა ჰქონოდა სამედიცინო მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, (3) აღარ ატარებდა დაბადებისას განსაზღვრული სქესისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, (4) გარეგნობით ემსგავსებოდა უფრო მეტად საპირისპირო სქესს, (5) ამჟღავნებდა იმ სქესისთვის დამახასიათებელ სოციალურ ქცევას. თუმცა, 2012 წლის 7 ივნისს მიღებულ ორ გადაწყვეტილებაში (ბიულეტენი 2012, I, NN 123 და 124), რომელთაგან ერთი პირველი მომჩივნის საქმე იყო, პირველმა სამოქალაქო პალატამ დაადგინა შემდეგი:
„იმისათვის, რომ დასაბუთდეს სქესის აღმნიშვნელი მონაცემების შეცვლა დაბადების მოწმობაში, შესაბამისმა პირმა, სამეცნიერო წრეებში ფართოდ მიღებული ფორმით, უნდა დაადასტუროს, რომ იგი რეალურად დაავადებულია გენდერული იდენტობის აშლილობით და, რომ მისი გარეგნობის ცვლილება არის შეუქცევადი.“
პირველმა სამოქალაქო პალატამ დაადასტურა 2013 წლის 13 თებერვლის [გადაწყვეტილებაში] ჩამოყალიბებული მიდგომები.
გ. 2010 წლის 8 თებერვლის დეკრეტი N2010-125
59. N2010-125 დეკრეტით სოციალური დაცვის კოდექსის 322-1 მუხლის დანართ D.-დან ამოღებულ იქნა „გენდერული იდენტობის აშლილობის ადრეული სტადია“, როგორც სამედიცინო კატეგორია, რომელიც გამოყენებული იყო „ხანგრძლივ ფსიქიატრიულ აშლილობის“ განსაზღვრისთვის ხანგრძლივი აშლილობების კატეგორიაში.
დ. 2010 წლის 4 მაისის N CIV/07/10 ცირკულარი სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში სქესის შეცვლის შესახებ მოთხოვნებზე
60. იუსტიციის და თავისუფლებების სამინისტრომ N CIV/07/10, ცირკულარით მიმართა მთავარ სახელმწიფო მრჩეველსა და სახელმწიფო მრჩეველს, რომელიც საკასაციო სასამართლოში გამოდიოდა და სახელმწიფო მრჩეველსა და მთავარ სახელმწიფო მრჩეველს სააპელაციო სასამართლოებში, :
“...[იმისათვის, რომ] დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სტატუსის ცვლილების მოთხოვნა [ტრანსსექსუალი და ტრანსგენდერი პირისა], როდესაც ჰორმონულ მკურნალობას შედეგად მოჰყვა სამუდამო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებები, საჭიროებისამებრ პლასტიკურ ქირურგიულ ოპერაციასთან ერთად (მკერდის პროთეზები, ან მამრობითი ჯირკვლების ამოკვეთა, სახის პლასტიკური ქირურგია და სხვ.), რამაც შედეგად გამოიწვია სქესის შეუქცევადი ცვლილებები, გენიტალიის ამოკვეთის საჭიროების გარეშე.“
ცირკულარი ასევე სთხოვდა მათ „ექსპერტულ შეფასებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ინფორმაცია წარმოშობდა სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი პირი იყო ტრანსგენდერი“.
ე. იუსტიციის და თავისუფლებების მინისტრის N14524 პასუხი წერილობით შეკითხვაზე (სენატის ოფიციალური გამოცემა, 30 დეკემბერი 2010)
61. წერილობითი შეკითხვაში N14524 (სენატის ოფიციალური გამოცემა, 22 ივლისი 2010, გვ. 1904) იუსტიციისა და თავისუფლებების სამინისტროს ეთხოვა სიტყვა „შეუქცევადის“ განმარტება 2010 წლის 14 მაისის N CIV/07/10 ცირკულარში.
62.იუსტიციისა და თავისუფლებების მინისტრის პასუხის მიხედვით, (სენატის ოფიციალური გამოცემა, 30 დეკემბერი 2010, გვ. 3373):
„2010 წლის 14 მაისის ცირკულარში დამოწმებული სქესის შეუქცევადი ცვლილების შინაარსი ეყრდნობა ევროსაბჭოს N1117 რეზოლუციას ტრანსსექსუალთა მდგომარეობის შესახებ, რაც ციტირებულია ჯანმრთელობის უმაღლესი ორგანოს ანგარიშში „გენდერული იდენტობის აშლილობის მკურნალობა საფრანგეთში, მდგომარეობა და პერსპექტივა“. ეს უფრო მეტად სამედიცინო, ვიდრე სამართლებრივი ტერმინია. ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, შეუქცევადი ცვლილება შეიძლება იყოს ჰორმონული ცვლილების შედეგი, რომელიც შლის გარკვეულ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, მათ შორის, ნაყოფიერებას, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუქცევადად. შესაბამისმა პირებმა, ვინც შეიცვალეს სქესი, უნდა წარადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, შესაბამის დარგში აღიარებული სპეციალისტების (ფსიქიატრების, ენდოკრინოლოგების და, სადაც საჭიროა, ქირურგების) მიერ გაცემული ცნობები. სახელმწიფო საბჭოს მოსაზრება, ყოველი საქმის მიხედვით, დაფუძნებული იქნება შესაბამისი პირის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე.“
ვ. ადამიანის უფლებების ეროვნული კომისიის (CNCDH) 2013 წლის 27 ივნისის მოსაზრება
62. 2013 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრმა და ქალთა უფლებების მინისტრმა ორი შეკითხვით მიმართა ადამიანის უფლებებზე ეროვნულ მრჩეველთა კომისიას „გენდერული იდენტობის“ განმარტებასთან, ფრანგულ სამართალში აღნიშნულზე მათი პოზიციასთან და იმ პირობებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სქესის განსაზღვრის ცვლილებას სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში. კომისიამ მოისმინა განმარტებები მკვლევრებისგან, სამართლის ლექტორებისგან, სენატისა და ასოციაციების წარმომადგენლებისგან და მხედველობაში მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმების, სოციალურ მეცნიერებათა მკვლევრების და უფლებადამცველთა წერილობითი მოსაზრებები.
63. 2013 წლის 27 ივნისის მოსაზრებაში CNCDH-მა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისისა და 2013 წლის 13 თებერვლის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული იყო სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში გენდერზე მითითების ცვლილების ორი პირობა, სახელდობრ, გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი და შეუქცევადი ცვლილება გარეგნობაში. მასში მითითებული იყო, რომ „მართალია, ქირურგიული ჩარევა არ იყო მოთხოვნა, კანონი მაინც მოითხოვდა შეუქცევად სამედიცინო მკურნალობას, რომელიც, მრავალ სხვას შორის, იწვევდა სტერილიზაციას“. CNCDH ასევე მიუთითებდა, რომ შეუქცევადობის მნიშვნელობა, „რაც სუსტად იყო განსაზღვრული და რთული დასამტკიცებლად ... ხშირ შემთხვევაში იწვევდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას“ და, რამდენადაც სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საკითხზე სხვადასხვაგვარი იყო, ამ მიმართებით ტრანსგენდერ პირებთან დაკავშირებით არსებობდა თვალშისაცემი უთანასწორობა. დასძენდნენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზა იყო ინვაზიური და დამამცირებელი შესაბამისი პირებისთვის და ხელს უწყობდა სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში სქესის შეცვლის შესახებ მითითების ცვლილების პროცესის გაჭიანურებას და სასამართლო პრაქტიკაში მოთხოვნილი მტკიცებულებების რაოდენობა და სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის სიხშირე, ზრდიდა იმ ეჭვების წამოჭრის რისკს, რაც სულ უფრო მეტად ჩნდებოდა ტრანსგენდერი პირების გარშემო და, რასაც ისინი მიიჩნევდნენ მათი იდენტობის უარყოფის ფორმად.
64. CNCDH-მა ასევე მხარი დაუჭირა სამედიცინო მოთხოვნების გაუქმებას. ამასთან დაკავშირებით, მან მხედველობაში მიიღო, რომ სამართლებრივ კონტექსტში განხილვის შედეგად, იმის მოთხოვნა, რომ დაედასტურებინათ „გენდერული დისფორია“ პრობლემური იყო, რამდანადაც „თავად ფორმულირება იმგვარი იყო, რომ აქცენტი გადაჰქონდა ტრანსგენდერულ იდენტობაზე, როგორც ავადმყოფობაზე, მაშინ როდესაც გენდერული იდენტობის აშლილობა ამოღებული იყო ფსიქიატრიულ დაავადებათა სიიდან [2010 წლის 8 თებერვლის 2010-125 დეკრეტით]“. CNCDH-ის მოსაზრებით, იმგვარი ვითარება, რომელიც დიფერენცირებული დიაგნოზის მიზნებისთვის, მკაცრად სამედიცინო პროცედურების კონტექსტში უნდა გაევლოთ ტრანსგენდერ პირებს, ხელს უწყობდა ამ პირთა სტიგმატიზაციის სამართლებრივ პროცესს და ტრანსგენდერის იდენტობის არასრულფასოვან აღქმას. შეუქცევადი ცვლილების დადასტურების საკითხთან დაკავშირებით, CNCDH-მა ხაზი გაუსვა შემდეგს:
„23. ... ეს გარემოება შესაბამის პირებს აიძულებს ჩაიტარონ სამედიცინო მკურნალობა ძალიან შორს მიმავალი შედეგებით, რაც მოიცავს სტერილიზაციის დავალდებულებას. ეს ვალდებულება აუცილებლად არ გულისხმობს გენდერის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, ის შეიძლება მიღწეულ იქნეს ჰორმონული მკურნალობის გზითაც, რასაც ჯანმრთელობის უმაღლესი ორგანოს მიხედვით, ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს შეუქცევადი მეტაბოლური ცვლილებები. სხვადასხვა პაციენტები ჰორმონულ მკურნალობაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, რომელთა შედეგები (სტერილიზაციის ჩათვლით) დგება სხვადასხვა დროის შემდეგ. სხვა სიტყვებით, სამართლებრივი პროცესი დამოკიდებულია გაურკვეველ სამედიცინო პროცესის განვითარებაზე, რაც შესაბამისად, იწვევს შესაბამისი პირების მნიშვნელოვან უთანასწორობას. უფრო მეტიც, გარეგნობაში ცვლილების შეუქცევადი ხასიათი რთული დასამტკიცებელია და ძალიან ხშირად, სასამართლოების მოსაზრებით, მოითხოვს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, 2010 წლის 14 მაისის ცირკულარის რეკომენდაციების მიუხედავად, რომელიც მოსამართლეებს მოუწოდებდა „ექსპერტის დასკვნა მოეთხოვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ინფორმაცია წამოჭრიდა სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენდა შესაბამისი პირი ტრანსგენდერს“. გარდა ამისა, შესაბამისი პირების მიერ გასაღები ხარჯი, ექსპერტიზის დასკვნა, არის ის ფაქტორები, რაც პროცესს მიუღებლად აჭიანურებს. უფრო მეტიც, როდესაც ჰორმონული თერაპია არასაკმარისია გარეგნობაში ცვლილების შეუქცევადობის დადასტურებისათვის, პირები, რომლებიც ცდილობენ, მიაღწიონ თავიანთი სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ხშირად, იძულებულნი არიან, როგორც უკიდურეს ზომას, დასთანხმდნენ ქირურგიულ ოპერაციას (კერძოდ, პენექტომიას ან მასტექტომიას). კანონით გათვალისწინებული სამედიცინო მოთხოვნები შესაბამისად, პრობლემურია, რამდენადაც პირები, რომლებსაც არ სურთ ასეთ კურსში ჩართვა ან ქირურგიული ოპერაციის გაკეთება, მიუხედავად ამისა, თანხმდებიან ამგვარ შეზღუდვას იმ იმედით, რომ მასთან დაკავშირებით მიაღწევენ წარმატებულ სამართლებრივ შედეგებს. შედეგად, CNCDH მოუწოდებს, დასრულდეს გენდერის შეცვლის მოთხოვნა ნებისმიერი ფორმით, ჰორმონული თერაპიითა, რომელიც იწვევს სტერილიზაციას, თუ ქირურგიული ჩარევის გზით. ...“
ზ. კანონპროექტები
65. გენდერული იდენტობის დაცვის კანონპროექტი (N 216) რეგისტრირებულ იქნა სენატის პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 22 დეკემბერს. მისი მიზანია ტრანსგენდერი პირებისთვის იმ პროცედურის შემუშავება, რომ მათ გონივრულ ვადაში და იმგვარად, რომ არ მოუწიოთ სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა, მიაღწიონ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერისა და შესაბამისი სახელის შეცვლას. დასაბუთება შეიცავდა შემდეგ პასაჟებს:
„საკასაციო სასამართლოს ოთხი გადაწყვეტილებით [2012 წლის 7 ივნისის და 2013 წლის 13 თებერვლის] დადგინდა პრინციპი, რომ „იმისათვის, რომ დასაბუთდეს გენდერის აღმნიშვნელი მონაცემების შეცვლა დაბადების მოწმობაში, შესაბამისმა პირმა, სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდ მიღებული პოზიციიდან, უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ნამდვილად დაავადებულია გენდერული იდენტობის აშლილობით და, რომ ცვლილება მის გარეგნობაში არის შეუქცევადი. შესაბამისად, დასაკმაყოფილებელია ორი პირობა: გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი და გარეგნობის შეუქცევადი ცვლილება. რამდენადაც კანონი არ ავალდებულებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, ის მოითხოვს შეუქცევად სამედიცინო მკურნალობას, რაც გამოიწვევს სტერილიზაციას.“
66. შემდგომი კანონპროექტი გენდერული იდენტობის შესახებ, შემუშავებულ იქნა ტრანსგენდერთა ეროვნული ასოციაციის მიერ 2014 წლის მაისში. ის ტრანსგენდერ პირებს შესაძლებლობას აძლევს მიაღწიონ ცვლილების შეტანას სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში რაიმე სამედიცინო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის და 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, განმარტებით ბარათში ხაზი აქვს გასმული შემდეგს: „რამდენადაც საკასაციო სასამართლო სახელდებით არ ითხოვდა ქირურგიულ ოპერაციას, ის, მიუხედავად ამისა, გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების ბუნდოვანი კრიტერიუმით, მოითხოვდა სამედიცინო მკურნალობას, რაც იწვევდა სტერილიზაციას“. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „სასამართლოთა უმეტესობის მიერ ამ კრიტერიუმის განმარტების შედეგად ტრანსგენდერ პირებს მოეთხოვებათ ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც იწვევს სტერილიზაციას“.
თ. კანონი ოცდამეერთე საუკუნეში მართლმსაჯულების მოდერნიზაციის შესახებ
67. ოცდამეერთე საუკუნეში მართლმსაჯულების მოდერნიზაციის შესახებ კანონის 56-ე მუხლის ძალით (ძალაში შევიდა 2016 წლის 12 ოქტომბერს) შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები სამოქალაქო კოდექსის მუხლებში, რომლებიც შეეხებოდა სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას:
მუხლი 61-5
„სრულწლოვანი ან ემანსიპირებული არასრულწლოვნები, რომლებიც საკმარის გარემოებებზე მითითებით დაადასტურებენ, რომ მათ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში მითითებული გენდერი არ ემთხვევა იმ გენდერს, რომელსაც ისინი თავს მიაკუთვნებენ, შეუძლიათ მოითხოვონ ამ მითითების შეცვლა.
ძირითადი გარემოებები, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და რომელთა დაკავშირებითაც უნდა განხორციელდეს მტკიცება, არის შემდეგი:
1. ფაქტი, რომ შესაბამისი პირები თავიანთი თავის იდენტიფიცირებას ახდნენ მათ მიერ შერჩეულ გენდერთან;
2. ფაქტი, რომ მათ ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები მიაკუთვნებენ შერჩეულ გენდერს;
3. ფაქტი, რომ მათ თავიანთი სახელი იმგვარად შეიცვალეს, რომ ეს შეესაბამება შერჩეულ გენდერს.“
მუხლი 61-6
„საჩივარი შეიძლება განიხილოს პირველი ინსტანციის სასამართლომ.
მომჩივანმა უნდა დაასაბუთოს თავისი თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში გენდერის შეცვლის შესახებ და წარადგინოს მტკიცებულებები თავისი საჩივრის დასასაბუთებლად.
უარის საფუძველს არ წარმოადგენს გარემოება, რომ მომჩივანს არ ჩაუტარებია სამედიცინო მკურნალობა, ქირურგიული ოპერაცია ან სტერილიზაცია.
სასამართლო შენიშნავს, რომ თუ მომჩივანი აკმაყოფილებს 61-5 მუხლში ჩამოყალიბებულ პირობებს და გადაწყვეტს სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები გენდერის ისევე, როგორც სახელის შესახებ მითითებაში.“
მუხლი 61-7
„სახელმწიფო საბჭოს თხოვნით, პირის დაბადების მოწმობაში შეიცვლება ჩანაწერი სქესის და, თუ შესაძლებელია, სახელების შესახებ. აღნიშნული განხორციელდება სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან თხუთმეტი დღის ვადაში.
61-4 მუხლისგან გადახვევის გზით, სახელებთან დაკავშირებული ცვლილებები, რაც დაკავშირებულია გენდერის შეცვლასთან, განქორწინებული მეუღლის და შვილების სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში განხორციელდება მხოლოდ მათი ან მათი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით.
გენდერის შეცვლასთან დაკავშირებით გამოიყენება მე-100 და 101-ე მუხლები.“
მუხლი 61-8
„სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში გენდერის შეცვლა გავლენას არ მოახდენს მესამე პირებთან არსებულ ვალდებულებით ურთიერთობებსა და მშობელსა და შვილს შორის იმ ურთიერთობებზე, რასაც ადგილი ჰქონდა სქესის შეცვლამდე.“
68. 2016 წლის 17 ნოემბერს საკონსტიტუციო საბჭომ კანონის 56-ე მუხლი მიიჩნია კონსტიტუციის შესაბამისად (N 2016-739 DC გადაწყვეტილება). გადაწყვეტილებაში, კერძოდ, ხაზი გაესვა, რომ „ნორმები, რომლებიც პირებს შესაძლებლობას აძლევს, შეცვლილ იქნეს გენდერის აღმნიშვნელი მითითება მათ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, იმგვარად, რომ არ მოეთხოვოთ ქირურგიული ჩარევა ან სტერილიზაცია, არავითარ შემთხვევაში არ ლახავს ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპს.“
IV. შედარებითი სამართლის მასალები
69. არასამთავრობო ორგანიზაცია ტრანსგენდერი ევროპის მიერ 2016 წლის 22 აპრილს გამოცემული „ევროპის ტრანს უფლებების 2016 წლის რუკიდან“ (იხ. ასევე „სქესობრივი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია ევროპაში“, ევროსაბჭოს გამომცემლობა, 2011 წლის ივნისი და შედარებითი სამართლის მასალები, რომელიც გამოყენებულია გადაწყვეტილებაში Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey) (N 14793/08, §§ 35-43, ECHR 2015 (ამონარიდები)), იკვეთება, რომ იმ დროისათვის ტრანსგენდერი ქალების გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარება ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი ევროპის საბჭოს წევრ შვიდ ქვეყანაში (ალბანეთი, ანდორა, კვიპროსი, ლიხტენშტეინი, მონაკო, სან მარინო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია).
70. დოკუმენტი ასევე ნათელს ხდის, რომ ასეთი აღიარება სავალდებულოს ხდიდა სტერილიზაციის ოპერაციის ჩატარებას ევროპის საბჭოს წევრ ოცდაოთხ ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია, თურქეთი და უკრაინა). თექვსმეტ წევრ სახელმწიფოში ეს შესაძლებელი იყო სტერილიზაციის ჩატარების გარეშე (ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო). საფრანგეთი (იხ. 68-ე პარაგრაფი ზემოთ) და ნორვეგია (2016 წლის 17 ივნისის კანონის შესაბამისად) დღემდე მეორე კატეგორიას არიან მიკუთვნებული. წევრი სახელმწიფოების რიცხვი, სადაც აღიარება სამართლებრივად არ მოითხოვს სტერილიზაციას, შესაბამისად, გაიზარდა თვრამეტამდე, (ცხრამეტამდე -ევროპაში, ბელარუსის ჩათვლით), განსხვავებით ოცდაორი ქვეყნისგან, სადაც ეს მოითხოვება. მრავალ შესაბამის ქვეყანაში ამ მოთხოვნის გაუქმება არის სამართლის ბოლოდროინდელი განვითარების შედეგი (ადმინისტრაციული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ავსტრიაში; 2010 წლის 15 მარტის კანონი პორტუგალიაში; ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება გერმანიაში; 2013 წლის 22 მაისის კანონი შვედეთში; 2013 წლის 18 დეკემბრის კანონი ნიდერლანდებში; 2014 წლის 11 ივნისის კანონი დანიაში; 2015 წლის 1 აპრილის კანონი მალტაში; 2015 წლის 15 ივლისის კანონი ირლანდიაში; საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იტალიაში; 2016 წლის 17 ივნისის კანონი ნორვეგიაში და 2016 წლის 12 ოქტომბრის კანონი საფრანგეთში). ასევე იკვეთება, რომ მრავალი წევრი ქვეყანა ამჟამად განიხილავს ან განზრახული აქვს განიხილოს პირობები ტრანსგენდერი პირების სამართლებრივი აღიარებისთვის იმ მიმართულებით, რომ შეცვალონ, რომელიმე [პირობა], რაც მიიჩნევა დაუსაბუთებლად. (ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა საორგანიზაციო კომიტეტის CDDH(2013)R77 დანართი VI, 2013 წლის 21 მარტის ანგარიში მინისტრთა კომიტეტის სქესობრივი ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შესახებ CM/Rec(2010)5 რეკომენდაციის იმპლემენტაციისათვის).
71. ამ უკანასკნელი დოკუმენტიდან, კერძოდ, ასევე გამომდინარეობს ის, რომ ფსიქიატრიული დიაგნოზები არის ერთ-ერთი წინაპირობა ტრანსგენდერის იდენტობის დასადგენად ოცდათექვსმეტ ევროპულ ქვეყანაში, რომელთაგან მხოლოდ დანიას, ისლანდიას, მალტას და ნორვეგიას აქვს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ადგენს აღიარების პროცედურას, რაც ასეთ დიაგნოზს გამორიცხავს (ესპანეთის ჩვიდმეტი ავტონომიური ერთეულიდან ორს ასევე აქვს იგივე კანონმდებლობა).
V. საერთაშორისო დოკუმენტები
ა. ევროპის საბჭო
1. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
72. 2009 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და გენდერული იდენტობა“, რომელშიც მან განავითარა მოსაზრება ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარების აუცილებელ პირობად შეუქცევადი სტერილიზაციის ოპერაციის ჩატარების საწინააღმდეგოდ. კომისარი კერძოდ მიუთითებდა:
„...
ხაზი უნდა გაესვას, რომ შესაბამისი პირობები სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, ევროპის მასშტაბით არსებულ დოკუმენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. შეიძლება უხეშად გამოიყოს ქვეყნების სამი კატეგორია. პირველ კატეგორიაში ოფიციალური აღიარებისათვის საერთოდ არ არსებობს რაიმე ნორმა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის აშკარა დარღვევას. ქვეყნების მეორე და უფრო მცირე კატეგორიაში, არ მოითხოვება ჰორმონული მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება იმისათვის, რომ პირმა მიაღწიოს იმ გენდერის ოფიციალურად აღიარებას, რომელსაც ანიჭებს უპირატესობას. გენდერის სამართლებრივად აღიარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნება გენდერული დისფორიის არსებობის შესახებ მტკიცებულება კომპეტენტურ ორგანოში, ასეთია: ჯანმრთელობის სამინისტროს ექსპერტები (უნგრეთში), გენდერის შეცვლის პანელი (გაერთიანებულ სამეფოში) ან ექიმი ან კლინიკური ფსიქოლოგი. ქვეყნების მესამე კატეგორიაში, რაც მოიცავს ევროპის საბჭოს უმეტეს წევრ ქვეყანას, პირმა უნდა დაამტკიცოს:
1. რომ მან ჩაიტარა გენდერის შეცვლის პროცედურა სამედიცინო ზედამხედველობით - ხშირად შეზღუდული გარკვეული, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექიმებით ან ინსტიტუტების წრით;
2. მას ჩაუტარდა შეუქცევადი უშვილობის (სტერილიზაციის) ქირურგიული ოპერაცია და/ან
3. მას ჩაუტარდა სხვა სამედიცინო პროცედურები, როგორიცაა ჰორმონული თერაპია.
ასეთი მოთხოვნები აშკარად ეწინააღმდეგება პიროვნების ფიზიკური ხელშეუხებლობის პატივისცემას. სტერილიზაციის ან სხვა ქირურგიული ჩარევის მოთხოვნას, რაც წარმოადგენს წინაპირობას იმ გენდერის სამართლებრივად აღიარებისთვის, რომელსაც პირმა მიანიჭა უპირატესობა, აბათილებს ის ფაქტი, რომ ეს ოპერაციები ხშირად თვით ტრანსგენდერი პირების მიერ არის მოთხოვნილი, თუმცა არა ყოველთვის. უფრო მეტიც, ასეთი სახის ქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო თვალსაზრისით, ყოველთვის შესაძლებელი არც არის და, არც ხელმისაწვდომი, იმის გათვალისწინებით, რომ არ ხდება სადაზღვევო ანაზღაურება. ეს მკურნალობა შეიძლება არ ეხმიანებოდეს პიროვნების სურვილებსა და საჭიროებებს და, არც იყოს დანიშნული მისი ექიმის მიერ. რამდენადაც პირის მიერ არჩეული გენდერის სამართლებრივი აღიარება შეუძლებელია ამგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ეს ტრანსგენდერ პირს ათავსებს იმგვარ მარწუხებში, საიდანაც არ არსებობს აშკარა გამოსავალი. დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ როგორც აღმოჩნდა, ტრანსგენდერი ადამიანები ის განცალკევებული ჯგუფია ევროპაში, რომლებიც ექვემდებარებიან სამართლებრივად გაწერილ, კანონის დონეზე იძულებით სტერილიზაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ტრანსგენდერი პირი და, სავარაუდოდ, მათ შორის, ტრანსსექსუალთა უმეტესობა, ირჩევს გადაიტანოს ეს ჩარევა, რაც ხშირად მოიცავს გამრავლების ორგანოების ამოკვეთას. ეს მკურნალობა ამ ჯგუფისთვის ხშირად მიჩნეულია აუცილებლობად. თუმცაღა, სამედიცინო მკურნალობა ყოველთვის უნდა წარიმართოს პიროვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და უნდა აფასებდეს მის სპეციფიურ მოთხოვნებსა და მახასიათებელ გარემოებებს. სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციულია მოთხოვნა იმ ფორმით, რომ ყველას „ერთი ხელის მოსმით“ დაენიშნოს მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიკვეთოს, ძირითად უფლებებთან მიმართებით, კერძო პირების პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ძლიერი ჩარევა რა მოცულობით შეიძლება იყოს გამართლებული და სტერილიზაცია, თუ რა სახის სხვა სამედიცინო ჩარევა უნდა მოითხოვებოდეს იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი მიეკუთვნოს ამა თუ იმ სქესს.
...
... სახელმწიფოები, რომლებიც აწესებენ ინვაზიურ ფიზიკურ პროცედურებს ტრანსგენდერი პირებისთვის, საბოლოოდ ძირს უთხრიან მათ უფლებას, იყოლიონ ოჯახი.
...”
2. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი და საპარლამენტო ასამბლეა
73. 2010 წლის 31 მარტს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია CM/Rec(2010)5 სქესობრივი ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შესახებ. ეს დოკუმენტი კერძოდ მიუთითებს, რომ „უპირველესი მოთხოვნები, რაც მოიცავს ფიზიკური ხასიათის ცვლილებებს, გენდერის შეცვლის სამართლებრივი აღიარებისთვის, რეგულარულად უნდა გადაიხედოს, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შეურაცხმყოფელი მოთხოვნები“ და, რომ „წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს სრულყოფილი სამართლებრივი აღიარება პიროვნების გენდერის ცვლილებისა ცხოვრების ყველა სფეროში, კერძოდ, სწრაფი, გამჭვირვალე და მისაღები ფორმით შესაძლებლობის მიცემით, შეიცვალოს სახელი, ან გენდერი ოფიციალურ დოკუმენტებში (დანართი, მე-20 და 21-ე პუნქტები).
74. 2010 წლის 29 აპრილის 1728-ე (2010) რეზოლუციაში, სქესობრივი ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სახელმწიფოებს მოუწოდა „უზრუნველყონ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ტრანსგენდერი პირების უფლება ... ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ იმ გენდერულ იდენტობაზე, რომელსაც პირებმა მიანიჭეს უპირატესობა, რაიმე აუცილებელი ვალდებულების გარეშე, ჩაიტარონ სტერილიზაციის ან სხვა სამედიცინო პროცედურა, როგორიცაა, სქესის შეცვლის ოპერაცია ან ჰორმონული თერაპია“ (პუნქტი 16.11.2).
75. 2013 წლის 26 ივნისს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მიიღო 1945-ე (2013) რეზოლუცია, სათაურით „იძულებითი სტერილიზაციისა და კასტრაციის დასრულების შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია:
„... მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორც სტერილიზაციის, ისე კასტრაციის რიცხვები, რაც ექცევა „იძულებითის“ სხვადასხვაგვარი განმარტების ქვეშ. ისინი უმეტესად მიმართულია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ, ბოშა ქალებისა და სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის. არც სავალდებულო და, არც იძულებითი კასტრაცია ან სტერილიზაცია არ შეიძლება, რაიმე ფორმით, გამართლდეს 21-ე საუკუნეში - ისინი უნდა დასრულდეს” (პუნქტი 4).
მან შესაბამისად მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს „საჭიროებისამებრ გადასინჯონ თავიანთი კანონები და პოლიტიკა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს, არავის აიძულონ კასტრაცია და სტერილიზაცია რაიმე ფორმით და რაიმე მიზეზით“ (პუნქტი 7.1).
76. საპარლამენტო ასამბლეამ 2015 წლის 22 აპრილს მიიღო 2048-ე (2015) რეზოლუცია ტრანსგენდერი პირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ევროპაში. ის წევრ სახელმწიფოებს, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებდა, გაეუქმებინათ სტერილიზაცია და სხვა იძულებითი სამედიცინო მკურნალობა, ისევე, როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოზები, როგორც აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნა იმისათვის, რომ აღიარებული ყოფილიყო პირის გენდერული იდენტობა კანონმდებლობაში, რომლებიც აწესრიგებენ სახელის და რეგისტრირებული სქესის შეცვლის პროცედურას, შეეცვალათ იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც ეროვნულ დონეზე იყო მიღებული და მხარი დაეჭირათ საერთაშორისო ჩამონათვალის მოდიფიცირებისთვის, იმის გარანტირებისთვის, რომ ტრანსგენდერი პირები, მათ შორის, ბავშვებიც, არ ყოფილიყვნენ იმ კლიშეს მატარებელნი, რომ არიან ფსიქიკურად დაავადებულები და უფრო მეტად ხელი შეუწყონ სტიგმებისგან თავისუფალ მკურნალობას.
B. გაერო
1. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
77. 2011 წლის 17 ნოემბრის ანგარიშში ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი, სახელწოდებით „პირთა სქესობრივი ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციული კანონები, პრაქტიკა და ძალადობრივი ქმედებები“ (A/HRC/19/41), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიმოიხილა საკითხი, რომ იმ ქვეყნების კანონმდებლობა, რომლებიც აღიარებენ გენდერის ცვლილებებს, ხშირად, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობად, პირდაპირ, თუ მინიშნებით, მოითხოვენ სტერილიზაციის ოპერაციის ჩატარებას (72-ე პარაგრაფი). მან კერძოდ მოითხოვა (84-ე (h) პარაგრაფი), რომ სახელმწიფოებმა:
„ხელი შეუწყონ ტრანსგენდერი პირების მიერ შერჩეული სქესის სამართლებრივ აღიარებას და დააწესონ იმგვარი რეგულირება, რომ ნება დართონ შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში შეცვლილ იქნეს შესაფერისი, შერჩეული გენდერი და სახელი, ადამიანის სხვა უფლებების შელახვის გარეშე.“
2. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ სპეციალური მომხსენებელი
78. 2013 წლის 1 აპრილის ანგარიშში (A/HRC/22/53) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა გამოკვეთა შემდეგი (პარაგრაფი 78):
„მრავალ ქვეყანაში ტრანსგენდერ პირებს მოეთხოვებათ, ჩაიტარონ სტერილიზაციის არასასურველი ქირურგიული ოპერაცია იმისათვის, რომ მიაღწიონ მათ მიერ შერჩეული გენდერის სამართლებრივ აღიარებას. ევროპაში 29 ქვეყანა მოითხოვს სტერილიზაციის პროცედურას იმისათვის, რომ სამართლებრივად აღიარონ ტრანსგენდერი პირების გენდერი. 11 ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, გენდერის სამართლებრივად აღიარების შესახებ, თუმცა იძულებითი სტერილიზაცია პრაქტიკაში მაინც გამოიყენება. როგორც 2008 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 20 ქვეყანა ავალებდა ტრანსგენდერ პირს, ჩაეტარებინა „სქესის დამადასტურებელი ქირურგიული ოპერაცია“ ან „სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია“ მანამ, სანამ სამართლებრივად მიეცემოდა სქესის შეცვლის შესაძლებლობა. კანადაში მხოლოდ ონტარიოს პროვინციაში არ აიძულებენ „ტრანსექსუალურ ქირურგიას“ იმისათვის, რომ დაბადების მოწმობაში შეცვლილ იქნეს ჩანაწერი სქესის შესახებ. ზოგიერთი ქვეყნის ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ იძულებითი ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება სამუდამო სტერილიზაცია და შეუქცევადი ცვლილებები სხეულში, იწვევს ჩარევას ოჯახურ და რეპროდუქციულ ცხოვრებაში და ასევე იწვევს პიროვნების განვითარების უფლებაში მძიმე და შეუქცევად შეჭრას. 2012 წელს შვედეთის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იძულებითი სტერილიზაციის მოთხოვნა, რომლთაც ხდება ჩარევა პიროვნების განვითარების უფლებაში, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნებაყოფლობითად. 2011 წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გენდერის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა არღვევდა პიროვნების განვითარებისა და თვითგამოხატვის უფლებას. 2009 წელს ავსტრიის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ სავალდებულო გენდერის შეცვლა, როგორც გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარების პირობა, იყო უკანონო. 2009 წელს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა განაცხადა, რომ [არანებაყოფლობითი სტერილიზაციის] მოთხოვნა აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა პიროვნების ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასთან.“
79. თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებში იგი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებდა (პარაგრაფი 88):
„... გაეუქმებინათ ნებისმიერი კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ინტრუზიულ და შეუქცევად მკურნალობას, მათ შორის, იძულებით გენიტალიების ნორმალიზების ქირურგიულ ოპერაციას, არანებაყოფლობით სტერილიზაციას, არაეთიკურ ექსპერიმენტებს, სამედიცინო ჩარევას პირად ცხოვრებაში , „რეპარაციულ თერაპიას“ ან „კონვერსიულ თერაპიას“, როდესაც ეს ხორციელდება იძულებით ან შესაბამისი პირის თავისუფალი ან ინფორმირებული თანხმობის გარეშე. იგი ასევე მოუწოდებს მათ, ყველა ვითარებაში უკანონოდ გამოაცხადონ იძულებითი სტერილიზაცია და შეიმუშავონ სპეციალური დაცვა იმ პირებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მარგინალიზებულ ჯგუფებს.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს ქალები (UNAIDS), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი
80. 2014 წლის მაისში WHO-მ, UNICEF-მა, OHCHR-მა, UNAIDS-მა, UNDP-მა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნეს უწყებათაშორისი განცხადება იძულებით, ძალდატანებით ან სხვა ფორმით არანებაყოფლობით სტერილიზაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, ისინი მიუთითებდნენ, რომ მრავალ ქვეყანაში ტრანსგენდერ პირებს მოეთხოვებოდათ, ჩაეტარებინათ ხშირად არასასურველი სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაცია, როგორც მათ დოკუმენტებში გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლის წინაპირობა. ავტორებმა ასევე აღინიშნეს, რომ საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების და ზოგიერთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, რამაც გავლენა მოახდინა კანონმდებლობის ბოლოდროინდელ ცვლილებებზე მრავალ ქვეყანაში, სტერილიზაციის ეს მოთხოვნები ეწინააღმდგება პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას, თვითგამოხატვას და ღირსებას და შეუძლია გამოიწვიოს და მუდმივად აქციოს დისკრიმინაცია ტრანსგენდერი და ბისექსუალი პირების მიმართ. ისინი მოუწოდებდნენ მოქმედებებისთვის, რომ სტერილიზაცია, რაც იწვევდა უშვილობას, არ ყოფილიყო შერჩეული სქესის/გენდერის სამართლებრივად აღიარების პირობად.
სამართალი
...
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
83. მომჩივნები ჩიოდნენ იმის გამო, რომ მათ უარი ეთქვათ მოთხოვნაზე, მათ დაბადების მოწმობებში მითითებული გენდერი შესწორებულიყო იმ საფუძვლით, რომ ასეთი მოთხოვნის მქონე პირებს მოეთხოვებათ იმის დასაბუთება, რომ მათ ნამდვილად აწუხებთ გენდერული იდენტობის აშლილობა და, რომ ცვლილება მათ გარეგნობაში არის შეუქცევადი. ისინი აკრიტიკებდნენ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი მთხოვნა ტრანსგენდერ პირებს, რომლებიც, მათ მსგავსად, ითხოვდნენ მათი სქესის შეცვლას ამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, აიძულებდა, წინასწარ ჩაეტარებინათ ქირურგიული ოპერაცია ან მკურნალობა, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო შეუქცევადი სტერილურობა. მომჩივნები ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-8 მუხლს, რომლის მიხედვითაც:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
პირველი მომჩივანი (საჩივარი N 79885/12) ასევე ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს:
„ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
84. მეორე მომჩივანი (საჩივარი N 52471/13) სხვებისგან განსხვავებით, ასევე ჩიოდა იმ გარემოების გამო, რომ პირველი მოთხოვნა (პირებისთვის, რომელთაც უნდა ემტკიცებინათ, რომ ისინი დაავადებულნი იყვნენ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობით) ლახავდა შესაბამის პირთა ღირსებას, რამდენადაც ამ ფორმით ივარაუდება, რომ ისინი დაავადებულნი არიან ფსიქიკური დაავადებით. იგი ეყრდნობოდა ზემოთდასახელებულ მე-8 მუხლს.
85. პირველი მომჩივანი (საჩივარი N 79885/12) ასევე აკრიტიკებდა ეროვნულ სასამართლოებს იმის გამო, რომ მათ მის დაბადების მოწმობაში სქესის აღნიშვნის შეცვლის აუცილებელ პირობად დააწესეს ტრავმატული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. მისი მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ამ კონტექსტში მოთხოვნილი იყო, საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიერ, მოითხოვდა, სულ მცირე, პოტენციურად, დამამცირებელ მოპყრობას. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-8 მუხლს, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, ორივე ციტირებულია ზემოთ.
...
B. არსებითი მხარე
1. შესავალი
(ა) კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენება
92. სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „პირადი ცხოვრება“ არის ფართო მნიშვნელობის ცნება, რაც არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას. ის მოიცავს არა მხოლოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ხელშეუხებლობას, არამედ, ზოგჯერ შეიძლება მოიცავდეს პირის ფსიქიკური თუ სოციალური თვითმყოფადობის ასპექტებს. ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერული თვითმყოფადობა, ან იდენტიფიკაცია, სახელები, სქესობრივი ორიენტაცია და სქესობრივი ცხოვრება ექცევა პირად სფეროში, რაც დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხ., კერძოდ, ვან კუკი გერმანიის წაინააღმდეგ (Van Kück v. Germany), N 35968/97, § 69, ECHR 2003‑VII; შლუმფვი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schlumpf v. Switzerland), N 29002/06, § 77, 8 იანვარი 2009; და ზემოთდასახელებული Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey), § 56 და იქ არსებული მითითებები).
93. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პირადი ავტონომია არის ის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული გარანტიების განმარტების საფუძველს. (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002‑III). ტრანსგენდერი პირების მიმართ ამ დებულების გამოყენება [სასამართლოსთვის] გახდა იმის აღიარების საფუძველი, რომ ის მოიცავს თვითგამორკვევის უფლებასაც (იხ. ზემოთდასახელებული: ვან კუკი (Van Kück), § 69, და შლუმფვი (Schlumpf), § 100), რისი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი არის სქესობრივი თვითმყოფადობა (იხ. ზემოთდასახელებული ვან კუკი (Van Kück), § 73). [სასამართლომ] ასევე დაადგინა, რომ ტრანსგენდერი პირების პიროვნულ განვითარების და ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის უფლებები გარანტირებულია მე-8 მუხლით (იხ., მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, ზემოთ დასახელებული: ვან კუკი (Van Kück), § 69; შლუმფვი (Schlumpf,) § 100 და Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey), § 58).
94. სასამართლოს შეფასება ამ სფეროში დღემდე უკავშირდებოდა იმ ტრანსგენდერი პირების სქესობრივი იდენტობის სამართლებრივ აღიარებას, ვინც ჩაიტარა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია (იხ. რისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Rees v. the United Kingdom), 17 ოქტომბერი 1986, სერია A N 106; ქოსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Cossey v. the United Kingdom), 27 სექტემბერი1990, სერია A N 184; B. საფრანგეთის წინააღმდეგ (B. v. France), 25 მარტი 1992, სერია A N 232‑C; ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 28957/95, ECHR 2002‑VI; ი. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (I. v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 25680/94, 11 ივლისი 2002; გრანტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Grant v. the United Kingdom), N 32570/03, ECHR 2006‑VII; და ჰამალაინენი ფინეთის წინააღმდეგ (Hämäläinen v. Finland) [დიდი პალატა], N 37359/09, ECHR 2014) და ასეთ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობის პირობებს (იხ. ზემოთ დასახელებული ვან კუკი (Van Kück), შლუმფვი (Schlumpf), ასევე, ლ. ლიტუანას წინააღმდეგ (L. v. Lithuania), N 27527/03, ECHR 2007‑IV; და ზემოთ დასახელებული Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ ( Y.Y. v. Turkey). თუმცა, აღნიშნულიდან არ გამომდინარეობს, რომ ტრანსგენდერი პირების სქესობრივი იდენტობის სამართლებრივი აღიარების საკითხი, რომელთაც არ ჩაუტარებიათ ხელისუფლების მიერ დადასტურებული, სქესის შეცვლისკენ მიმართული მკურნალობა, ან, რომლებსაც არ სურთ, ამგვარი მკურნალობის ჩატარება, არ ექცევიან კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენების ფარგლებში.
95. კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული, პირადი ცხოვრების უფლება, სრულად ვრცელდება სქესობრივ თვითმყოფადობაზე, როგორც პიროვნული თვითმყოფადობის კომპონენტზე. ეს ასეა ყველა პირის მიმართ.
96. ამ საქმეში მე-8 მუხლის „პირადი ცხოვრების“ ასპექტი უნდა იქნეს გამოყენებული, მით უფრო, რომ მთავრობა ამას არ შეწინააღმდეგებია.
(ბ) ჩარევის თუ პოზიტიური ვალდებულებების საკითხი
97. მთავრობამ, საქმეებზე: I. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (I. v. the United Kingdom), ქრისტინ გუდვინი (Christine Goodwin), და ვან კუკი (Van Kück) (ყველა დასახელებულია ზემოთ), აღნიშნა, რომ მე-8 მუხლი აწესებს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას, კანონით აღიარონ ტრანსგენდერი პირების მიერ სქესის შეცვლა; სახელმწიფოების ჰქონდათ დისკრეცია მხოლოდ იმ ვითარებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც უნდა დაეკმაყოფილებინათ ტრანსგენდერ პირებს, მათი სქესის სამართლებრივად აღიარებისთვის, იმ მიზნით, რათა დაემტკიცებინათ, რომ ნამდვილად შეიცვალეს სქესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობამ მიუთითა, რომ საჩივარი უნდა განხილულიყო სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების პოზიციიდან.
98. მეორე და მესამე მომჩივანს ამ საკითხზე პირდაპირი კომენტარები არ გაუკეთებიათ.
99. სასამართლო ეთანხმება მთავრობას. როგორც, მაგალითად, საქმეში შეფილდი და ჰორშამი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sheffield and Horsham v. the United Kingdom) (30 ივლისი 1998, § 51, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1998‑V), მომჩივანთა საჩივრები განხილულ უნდა იქნეს იმ პერსპექტივიდან, მოპასუხე სახელმწიფომ რამდენად მოახერხა შეესრულებინა თავისი პოზიტიური ვალდებულებები, დაეცვა შესაბამის პირთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. სასამართლო ასევე ეყრდნობა ზემოთდასახელებულ ჰამალაინენის (Hämäläinen), საქმეს, რომელიც, ამ საქმის მსგავსად, შეეხებოდა ტრანსგენდერი პირის გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარების შესაბამისობას კონვენციის მე-8 მუხლთან. იმ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ უფრო მართებული იქნებოდა მომჩივნის საჩივრის განხილვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების პერსპექტივიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, არის ის, თუ მომჩივანთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება რამდენად იწვევს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათთვის შეიმუშავოს პროცედურა, რაც მათ საშუალებას მისცემს მათი გენდერული იდენტობა სამართლებრივად იქნეს აღიარებული იმ პირობების შესრულების გარეშე, რის გამოც ისინი ჩივიან (იხ. mutatis mutandis, ზემოთდასახელებული ჰამალაინენი (Hämäläinen), § 64).
100. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით, საფრანგეთი ასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებებს, რამდენადაც ფრანგული კანონმდებლობა ტრანსგენდერ პირებს ნებას რთავს სამართლებრივად იქნეს აღიარებული მათი იდენტობა მათ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილების შეტანით. თუმცა, მომჩივანთა საქმეების განხილვის დროს საფრანგეთის კანონმდებლობით, სამართლებრივი აღიარების პირობად წამოყენებული იყო ის, რომ შესაბამის პირებს, უნდა დაემტკიცებინათ, რომ ისინი დაავადებულნი იყვნენ სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობით და, რომ მათი გარეგნობის ცვლილება ატარებდა შეუქცევად ხასიათს. ამგვარი მოთხოვნის გამო მეორე და მესამე მომჩივნებს შესაბამისად უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ მათ არ შეასრულეს სადავო პირობა. შესაბამისად, მეორე და მესამე მომჩივნებთან მიმართებით გასარკვევი საკითხი არის ის, თუ მათთვის ხსენებული პირობების წაყენებით, საფრანგეთმა რამდენად ვერ შეასრულა მისი პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. პირველი მომჩივნის მიმართ კი, უნდა დადგინდეს, რამდენად ვერ დაიცვა საფრანგეთმა თავისი აღნიშნული ვალდებულება, მომჩივნის იდენტობის სამართლებრივი აღიარება დაუკავშირა რა, მის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.
101. შესაბამისად, სასამართლო შეამოწმებს, საფრანგეთის ხელისუფლებამ, შეფასების თავისუფლების ფარგლებში, რითაც ის სარგებლობდა, მომჩივანთა სქესობრივი იდენტობის სამართლებრივი აღიარების პირობად ასეთი პირობების დაწესებით რამდენად დაიცვა სამართლიანი ბალანსი, შესაბამისი პიროვნებების და მთელი საზოგადოების კონკურენტულ ინტერესებს შორის, ეს ის მიზნებია, რომელთაც კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი კონკრეტულ მნიშვნელობებს ანიჭებს (იხ, მაგ. ზემოთდასახელებული, ჰამალაინენი (Hämäläinen), § 65).
2. გარეგნობაში შეუქცევადი ცვლილების დადასტურების მოთხოვნა
(ა) მხარეთა განმარტებები
(i) მეორე და მესამე მომჩივნები
102. ორივე მომჩივანი დავობდა, რომ პირებისთვის წაყენებული მოთხოვნა, ემტკიცებინათ „გარეგნობაში შეუქცევადი ცვლილებები“ იწვევდა მათ სტერილიზაციას.
103. მომჩივნებს არ წარუდგენიათ წერილობითი მოსაზრებები, მათ თავიანთი არგუმენტები ჩამოაყალიბეს საჩივრებში. მათი მოსაზრებით, სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკიდან ნათელი იყო, რომ გენდერული იდენტობის განსაზღვრის ძირითადი თავისუფლება ასახულია მე-8 მუხლში, იმგვარად, რომ მისი გამოყენება არ უნდა უკავშირდებოდეს ფსიქიატრიული აშლილობის დიაგნოზს ან სამედიცინო თუ ქირურგიულ მკურნალობას; ამ მიდგომას ასევე მხარს უჭერდნენ საპარლამენტო ასამბლეის (დასახელებულია ზემოთ) 1728-ე (2010) რეზოლუციაში. კრიტერიუმი, რომელსაც საკასაციო სასამართლო ეყრდნობოდა, ეწინააღმდეგებოდა ამ მიდგომას, რამდენადაც ის ეფუძნებოდა არა იმ იდეას, რომ გენდერის შეცვლა იყო ძირითადი თავისუფლება, არამედ, იმას, რომ პირები, რომლებიც ცდილობდნენ სამოქალაქო სტატუსის შეცვლას, დაავადებულნი იყვნენ ფსიქიატრიული აშლილობით, რაც გავლენას ახდენდა მათ გენდერულ იდენტობაზე და რა შემთხვევაშიც გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო [სქესის] შეცვლის ქირურგიული ოპერაცია. უფრო მეტიც, ეს მიდგომა გამართლებული არ ყოფილა ირაციონალური შიშით, რომ პირებს შეეძლებოდათ თავიანთი სქესის განმსაზღვრელი მონაცემი თავიანთ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში უსაფუძვლოდ და ახირების გამო შეეცვალათ, რითაც საფრთხეს შეუქმნიდნენ სამოქალაქო სტატუსის მუდმივობის პრინციპს. ეს იყო მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ნორმათა იერარქიის გამო და მეორე იმიტომ, რომ ეს პრინციპი არ გულისხმობდა იმას, რომ სტატუსის შეცვლა იყო შეუქცევადი, უფრო მეტიც, ასეთი ცვლილება შესაძლებელი იყო, მაგალითად, ოჯახურ სტატუსთან და პირის სახელებთან დაკავშირებით. არ არსებობდა მორალური ღირებულება, რაც ამართლებდა პირებისთვის ძირითად უფლების შეზღუდვას, აერჩიათ თავიანთი გენდერული იდენტობა და გარანტირებული ყოფილიყო, რომ მათ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში ასახულიყო ეს იდენტობა, იმ საფუძვლით, რომ მათ არ გაუვლიათ სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურა. ეს გამოიწვევდა იმ პირთა სტერილიზაციას, ვისაც ჰქონდა აღნიშნულის სურვილი, მათი ღირსების, სხეულისა და პირადი ცხოვრების ინტიმური სფეროს უპატივცემულობით.
(ii) მთავრობა
104. თავიანთ წერილობით მოსაზრებებში მთავრობამ აღიარა, რომ როგორც ზემოთდასახელებული, Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey) საქმიდან გამომდინარეობდა, გენდერის შეცვლისთვის აპრიორ მოთხოვნად სამუდამო სტერილიზაციის დაწესება იწვევდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. თუმცა, ცვლილების შეუქცევადი ბუნება, რაც საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით იყო მოთხოვნილი, „აუცილებლად არ იწვევდა“ სტერილიზაციას და არ აკისრებდა პირებს ჩაეტარებინათ სტერილიზაცია. „სამედიცინო და ქირურგიული მკურნალობა“ , რასაც უფრო ადრეული პრეცედენტული პრაქტიკა აწესებდა, „ტრადიციულად გაგებული იყო, როგორც თავდაპირველი გენიტალიების ამოკვეთა და მათი შეცვლა შერჩეული სქესის ხელოვნური გენიტალიებით (ცნობილი, როგორც გენდერის შეცვლის ოპერაცია)“. საკასაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა შეცვალა გარეგნობაში შეუქცევადი ცვლილების დემონსტრირების მოთხოვნით, იმი გათვალისწინებით, რომ მხედველობაში მიიღო სამედიცინო ტექნიკის განვითარება. მიზეზი, რის გამოც მას არ ჩამოუყალიბებია ეს აზრი, იყო ის, რომ ეს უფრო მეტად სამედიცინო საკითხი იყო, ვიდრე სამართლებრივი. მთავრობამ აღიარა, რომ სქესის შეცვლის ოპერაცია იწვევდა სტერილურობას, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მეცნიერებს არ ჰქონდათ ერთიანი აზრი ნაყოფიერებაზე ჰორმონული თერაპიის გავლენის შესახებ. თუმცა, ასეთ მკურნალობას ჰქონდა შეუქცევადი გავლენა გარეგნობაზე, ჯანმრთელობის უმაღლესი ორგანოს განცხადებით, ესტროგენების მიღებით გამოწვეული მკერდის გაზრდისა და სათესლეების ატროფია „[უნდა] ყოფილიყო შეუქცევადი“. მოსამართლის შეფასება, იმაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი იმდენად შეუქცევად გარეგნულ ცვლილებას, რომ პირის სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში შეცვლილიყო გენდერის მითითების შესახებ მონაცემი, ჩამოყალიბებული იყო ამ ყველა სამედიცინო ინფორმაციის ფონზე. მრავალი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ადასტურებდა, რომ სასამართლოებმა ასეთი ცვლილების შეტანის ნება დართეს სამედიცინო ცნობების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებდა, რომ შესაბამისმა პირმა ჩაიტარა ქირურგიული ან ჰორმონული მკურნალობა, ისე, რომ არ მოუთხოვიათ სტერილურობის დამტკიცება.
105. მთავრობა იმ ფაქტს ეყრდნობოდა, რომ საჩივარი განხილული უნდა ყოფილიყო პოზიტიური ვალდებულებების კუთხიდან, რომ „აუცილებელი არ იყო შემოწმებულიყო, რამდენად ჰქონდა ადგილი ჩარევას კანონის შესაბამისად.“ მომჩივანთა თხოვნაზე უარის თქმა ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, რამდენადაც ის ნაკარნახევი იყო სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობის ფრანგული პრინციპით, რომლის მიხედვითაც, დაბადების მოწმობის შეცვლის გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ პირის არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევანი თავსდებოდა პირადი ცხოვრების პატივისცემის სფეროში. სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი ჩანაწერების სანდოობისა და სისრულის ფრანგული [წესისა] და სოციალურ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სქესობრივი იდენტობის სტრუქტურული როლის გათვალისწინებით, სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში სქესის შეცვლა შეიძლებოდა ნებადართული ყოფილიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ობიექტურად დადასტურდებოდა გენდერის შეცვლის შეუქცევადობა.
106. უფრო მეტიც, სასამართლომ თავის ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაში Y.Y. თურქეთის წინააღდეგ (Y.Y. v. Turkey), გაიმეორა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შეფასების თავისუფლების ზღვარი შეზღუდული იყო ინდივიდის არსებობისა თუ იდენტობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ის უფრო ფართო იყო იქ, სადაც არ არსებობდა კონსენსუსი წევრ სახელმწიფოებს შორის, ხოლო ევროპული ქვეყნების უმცირესობა არ მოითხოვდა რაიმე ქირურგიულ ოპერაციას ან ჰორმონულ მკურნალობას. მიუთითა რა იმაზე, რომ სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში განიხილა საკითხი, რომ თანამედროვე ტენდენცია მიმართული იყო წინასწარი სტერილიზაციისა და გენდერის შეცვლის ქირურგიულ ოპერაციის ჩატარებასთან მიმართებით კანონით დადგენილი კრიტერიუმის შემსუბუქებისკენ, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ როგორც ამ საქმეში ფაქტებზე მითითებისას გამოიკვეთა, ეს ტენდენცია ფრანგულ პოზიტიურ სამართალში იმდენად აისახა, რომ ის გენდერზე მითითების შეცვლას აღარ უკავშირებდა გენდერის შეცვლის ქირურგიულ ოპერაციას, არამედ მხოლოდ იმის დამტკიცებას, რომ ჰორმონულმა მკურნალობამ ან ქირურგიულმა ოპერაციამ შეუქცევადი ზემოქმედება იქონია პირის გარეგნობაზე. მთავრობამ აღნიშნულიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ გენდერზე მითითების შეცვლაზე უარი არაპროპორციული არ ყოფილა, რადგან გარეგნობაში ცვლილების შეუქცევადი ბუნება არ დადასტურებულა. ასეთი უარით დამყარდა სამართლიანი ბალანსი სამოქალაქო სტატუსის მუდმივობის პრინციპსა და სამოქალაქო განსაზღვრულობის მოთხოვნებს შორის ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ყველა პირის უფლებას შორის, პატივი სცენ მათ პირადი ცხოვრების უფლებას.
107. მესამე მომჩივნის სპეციფიურ საქმეში მთავრობა ამტკიცებდა, რომ მის მოთხოვნას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი მხოლოდ იმას ემყარებოდა, რომ სხვების მიერ იქნა მიჩნეული ქალად, მან ვერ დაამტკიცა გენდერის შეცვლის შეუქცევადობა. მეორე მომჩივანთან მიმართებით, მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა წარდგენილი სამედიცინო ჩანაწერების არასაკმარისობის საფუძვლით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით დადგენილი არცერთი პირობა მის საქმეში დაკმაყოფილებული არ ყოფილა.
108. მთავრობამ საბოლოოდ, 2017 წლის 17 იანვრით დათარიღებული წერილით შეატყობინა სასამართლოს, რომ სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც რეგულირდებოდა სქესის შეცვლის საკითხები შეიცვალა კანონით ოცდამეერთე საუკუნეში სამართლის მოდერნიზაციის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 18 ნოემბერს (იხ. 68-ე პარაგრაფი ზემოთ). ისინი მიუთითებდნენ, რომ ახალი ნორმებით „მოთხოვნები იმ პირების მიმართ, ვისაც სურდათ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი მონაცემის შეცვლა, შეიცვალა სპეციფიური, გამარტივებული და „ქაღალდებით დაუტვირთავი“ სამართლებრივი მოწესრიგებით“. ...
მთავრობამ ასევე დააკონკრეტა, რომ „გამოკვეთილად იყო გაცხადებული, რომ სამედიცინო მკურნალობის, ქირურგიული ოპერაციის ან სტერილიზაციის არ ჩატარების ფაქტი არ შეიძლებოდა დასახელებულიყო უარის თქმის საფუძვლად.“
(ბ) მესამე მხარის მოსაზრებები
(i) ADF International
109. ADF International-ის მოსაზრებით, ამ სამმა მოსარჩელემ წამოსწია შედარებით ახალი საკითხები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა მე-8 მუხლი, გენდერის შეცვლასთან დაკავშირებულ ეროვნულ სამართალწარმოების პროცესში.
110. მესამე მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს პრაქტიკა ამ სფეროში ფოკუსირებული იყო აღიარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების კანონიერებაზე, რამდენადაც სასამართლო მუდმივად იმ პოზიციაზეა, რომ სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ აღიარების მექანიზმები. ამან წარმოშვა ცნებებთან დაკავშირებული ფუძემდებლური საკითხები, რომლებსაც ჰქონდა თავისი მიმართებები ეთიკის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის სფეროში და რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფოებს უნდა ჰქონოდათ ფართო დისკრეცია. ის ფორმები, რაგვარადაც სახელმწიფოები ეკიდებოდნენ ტრანსგენდერთა პრობლემებს, იცვლებოდა სახელმწიფოების მიხედვით, თითოეული ეროვნული გარემოსთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესაბამისად, თითოეული სახელმწიფო ამ წესებს შეიმუშავებდა დაპირისპირებულ, საზოგადოებისა და პირად ინტერსებს შორის სამართლიანი ბალანსის დამყარების ფონზე. ეს მიდგომა გამყარებული იყო სახელმწიფოების მნიშვნელოვნად განსახვავებული სამართლებრივი მოსაზრებებით ამ საკითხთან დაკავშირებით.
111. და ბოლოს, ADF International-მა აღნიშნა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა ჯოგიაკარტას პრინციპებს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის გამოყენების შესახებ სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხებში ამ სამი მომჩივნის საქმესთან მიმართებით, რამდენადაც ის პრინციპები გავლენას არ ახდენს აღიარებულ საერთაშორისო სამართალზე და ეწინააღმდეგება იმას, რაც სასამართლოს მიერ იყო მიღებული აღნიშნულთან მიმართებით.
(ii) Amnesty International, ILGA Europe და Transgender Europe (TGEU)
112. მესამე მხარემ პირველ რიგში მიუთითა ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ოვიედოს კონვენციის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამის პირს მიცემული ჰქონდა ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობა ამაზე. საფრანგეთში ტრანსგენდერ პირებს, ვისაც სურს თავისი გენდერის სამართლებრივად აღიარება, მოეთხოვებათ, ჩაიტარონ რიგი სამედიცინო მკურნალობა. მათი სურვილი კომპრომისს ემორჩილებოდა, რამდენადაც, ისინი ვერ მიაღწევდნენ აღიარებას, თუ არ ჩაიტარებდნენ სადავო მკურნალობას. შედეგად, მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ორ ძირითად, მათი გენდერული იდენტობის აღიარებისა და მათი პიროვნების განვითარების უფლებას შორის. ტრანს საზოგადოება არაერთგვაროვანი იყო. მაშინ, როცა ზოგიერთ ტრანსგენდერს სურდა ჩაეტარებინა გენიტალიების ქირურგიული ოპერაცია ან ჰორმონული თერაპია, სხვებს იგივე არ სურდათ, ან არ შეეძლოთ, მაგალითად, ფასის, ხანდაზმულობის, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში ყოფნის, პოსტ-ოპერაციული ჩივილების შიშით, რელიგიური ან პირადი რწმენის, ან მათი შეყვარებულების წინააღმდეგობის გამო, თავიანთი რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების სურვილით, ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ან იმიტომ, რომ მათ არ სჭირდებოდათ ქირურგიული ოპერაცია იმისათვის, რომ თავი კომფორტულად ეგრძნოთ თავიანთი გენდერული იდენტობის შიგნით.
113. უფრო მეტიც, „შეუქცევადობის“ მოთხოვნის საფუძველზე მრავალმა ფრანგულმა სასამართლომ სამოქალაქო სტატუსში ცვლილება დაუქვემდებარა ქირურგიულ ჩარევის გზით სტერილიზაციას. მესამე მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გენიტალიების ქირურგია უნდა ჩატარებოდათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც ამას ითხოვდა ან, ვინც გასცა ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობა. მათ ასევე გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ საფრანგეთში გენდერის აღიარების პროცესი მიდრეკილი იყო იქითკენ, რომ ტრანსგენდერი პირების მდგომარეობა აღქმულიყო როგორც აშლილობა. ფსიქიკურ დაავადებად მიიჩნევდნენ რა ტრანს იდენტობას, ეს ხელს უწყობდა ტრანსგენდერი პირების სტიგმატიზაციას და მათ გარიყვას.
114. ექიმთა აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფდა იმ მოსაზრებას, რომ გარდამავალი პროცესი აუცილებლად და გარდაუვლად უნდა დასრულებულიყო გენიტალიების ქირურგიით. მესამე მხარე სახელდებით ეფუძნებოდა ტრასნგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიონალთა ასოციაციის მოსაზრებას. საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით გამყარებული გარეგნობაში შეუქცევადი ცვლილების მოთხოვნა ეფუძნებოდა ირაციონალურ შიშს, რომ პირები ერთ ჯერზე მეტად შეიცვლიდნენ თავიანთ გენდერს; ფაქტობრივად კი, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ეს მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო.
115. მესამე მხარემ აღნიშნა, რომ იძულებითი სტერილიზაცია და იძულებითი სამედიცინო მკურნალობა კარდინალურად იჭრებოდა ფიზიკური ხელშეუხებლობისა და რეპროდუქციულ უფლებებში და, როგორც ასეთი, შეუთავსებელი იყო კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან. ისინი ასევე არღვევდნენ კონვენციის მე-8 მუხლს, რამდენადაც სახელმწიფოებს ჰქონდათ მხოლოდ ძალიან შეზღუდული თავისუფლება, როდესაც სასწორზე იდო პირთა ინტიმური იდენტობის საკითხი.
(c) სასამართლოს შეფასება
(i)შესავალი
116. პირველი საკითხი, რაც ამ საქმესთნ მიმართებით წარმოიშვება, არის ის, თუ ტრანსგენდერი პირებისთვის მათი სქესობრივი იდენტობის აღიარების პირობად იმის დავალდებულებით, რომ მათ უნდა ემტკიცებინათ „მათი გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების ფაქტი“, საფრანგეთის პოზიტიური სამართალი, რომელიც მოქმედებდა იმ დროისათვის, როდესაც აღნიშნულ საქმეები განიხილებოდა, ასეთ აღიარებისთვის აუცილებელ პირობად აწესებდა ისეთ ქირურგიულ ჩარევას, ან მკურნალობას, რაც იწვევდა სტერილიზაციას.
117. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს გამოყენებულ ტერმინთა ბუნდოვანებაზე. „გარეგნობაზე“ მითითება მიანიშნებს ზედაპირულ ცვლილებებზე, მაშინ როდესაც შეუქცევადობის მნიშვნელობა ასახავს რადიკალურ ტრანსფორმაციას, რომელიც ტრანსგენდერი პირების სამართლებრივი იდენტობის ცვლილებასთან მიმართებით, დღის წესრიგში აყენებს სტერილურობის საკითხს. სასამართლო ამ ბუნდოვანებას პრობლემურად მიიჩნევს, რამდენადაც აქ სასწორზე დგება პირთა ფიზიკური ხელშეუხებლობის საკითხი.
118. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა დაეყრდნო (თუმცა, არ წარუდგენია) ეროვნული [სასამართლოების] გადაწყვეტილებებს, რომ პირველი ინსტანციის რამდენიმე სასამართლომ დაადასტურა ტრანსგენდერი პირების სამოქალაქო სტატუსის ცვლილება მათთვის სტერილურობის დადასტურების მოთხოვნის გარეშე. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მომჩივანი ეყრდნობოდა იმავე პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს (წარადგინა ორი მათგანი), რომლებიც მიუთითებდა, რომ ამგვარი მტკიცებულება რამდენიმე სასამართლომ მოითხოვა.
119. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მის 2013 წლის 27 ივნისის მოსაზრებაში CNCDH-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ქირურგიული ჩარევა არ წარმოადგენდა აუცილებელ მოთხოვნას, კანონმდებლობა ითხოვდა შეუქცევად სამედიცინო მკურნალობას, რაც, სხვასთან ერთად, იწვევდა სტერილიზაციას“ და, რომ ეს ვითარება შესაბამის პირებს აიძულებდა, ჩაეტარებინათ სამედიცინო მკურნალობა ძალიან შორს მიმავალი შედეგებით, რაც იწვევდა სტერილურობის იძულებას. CNCDH-მა ხაზი გაუსვა, რომ „ეს პირობა აუცილებლად არ ავალდებულებდა გენდერის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, არამედ, შეიძლებოდა, ასევე მიღწეულიყო ჰორმონული მკურნალობის გზით, რასაც ჯანმრთელობის უმაღლესი ორგანოს მოსაზრებით, შეიძლებოდა, გამოეწვია შეუქცევადი მეტაბოლური ცვლილებები, თუ ის ხანგრძლივი იქნებოდა“ (იხ. 63-ე პარაგრაფი ზემოთ). ეს მოსაზრება გაზიარებული იყო გენდერული იდენტობის დაცვის შესახებ კანონპროექტის (N 216) ავტორთა მიერ, რაც სენატის მიერ რეგისტრირებული იყო 2013 წლის 11 დეკემბერს, რომლის დასაბუთებაში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პოზიტიური სამართალი „არ მოითხოვდა ქირურგიულ ოპერაციას, ის მოითხოვდა შეუქცევად სამედიცინო მკურნალობას, რაც გამოიწვევდა სტერილიზაციას“ (იხ. 66-ე პარაგრაფი ზემოთ). ასოციაციები რომლებიც ჩართული იყვნენ ტრანსგენდერი პირების დაცვის საკითხებში, როგორებიც არის: ტრანსგენდერი ევროპა (იხ. 71-ე პარაგრაფი ზემოთ) და ტრანსგენდერთა ეროვნული ასოციაცია (იხ. 67-ე პარაგრაფი ზემოთ), ანალოგიურად აღნიშნავდნენ, რომ საფრანგეთის პოზიტიური სამართლით დადგენილი ერთ-ერთი პირობა, რაც მოქმედებდა ამ საქმის განხილვის დროს, იყო სტერილურობა.
120. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მომჩივანთა საქმეების განხილვის დროისთვის საფრანგეთის პოზიტიურმა სამართალმა ტრანსგენდერი პირების სქესობრივი იდენტობის აღიარების პირობად დააწესა სტერილიზაციის ოპერაციის ან იმგვარი მკურნალობის ჩატარება, რაც მისი ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ძალიან მაღალი ალბათობის ხარისხით გამოიწვევდა სტერილურობას.
(ii) შეფასების თავისუფლება
121. თავიანთი პოზიტიური ვალდებულებების განხორციელებისას მე-8 მუხლის ფარგლებში, სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული თავისუფლებით. ამ თავისუფლების ზღვარის შესაფასებლად მთელი რიგი საკითხები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. აქედან გამომდინარე, არ არსებობს კონსენსუსი ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის არც კონკურენტული ინტერესების მნიშვნელობის ხარისხებთან და, არც მათი დაცვის საუკეთესო გზებთან დაკავშირებით, კერძოდ, როდესაც, საქმესთან დაკავშირებით წამოიჭრება მგრძნობიარე მორალური თუ ეთიკური საკითხები, ხსენებული ზღვარი ფართოვდება. ასევე ყოველთვის ფართოა ზღვარი, როდესაც სახელმწიფოს მოეთხოვება, დაიცვას ბალანსი კონკურენტულ კერძო და საზოგადო ინტერესებს შორის კონვენციურ უფლებებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, როდესაც შესაფასებელია პიროვნების არსებობის ან თვითმყოფადობის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ასპექტი, სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფლების ზღვარი ვიწროვდება (იხ, კერძოდ, ზემოთ დასახელებული ჰამალაინენი (Hämäläinen), § 67 და იქ არსებული მითითებები).
122. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ, სტერილურობის მოთხოვნებთან დაკავშირებით სახელმწიფოები გაყოფილნი არიან (იხ. 71-ე პარაგრაფი ზემოთ), შესაბამისად, არ არსებობს კონსენსუსი საკითხთან მიმართებით. აღნიშნავს, რომ ასევე შესაფასებელია საჯარო ინტერესები, მთავრობის მიერ სამოქალაქო სტატუსის მუდმივობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი ჩანაწერების სანდოობის და სისრულის გარანტირება. ეს საქმე ასევე წამოჭრის მგრძნობიარე მორალურ და ეთიკურ საკითხებს.
123. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირის ინტიმური იდენტობის ძირითადი ასპექტი, შეიძლება ითქვას სასიცოცხლოც, ამ მომჩივნებისთვის ცენტრალური საკითხია. პირველ რიგში იმიტომ, რომ სტერილიზაციის საკითხი უპირველესად პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას უკავშირდება და, მეორე, იმიტომ, რომ საჩივრები შეეხება პიროვნებების გენდერულ იდენტობას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ წინათ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „პირადი ავტონომიის ცნება არის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული გარანტიების განმარტების საფუძველს.“ (იხ. ზემოთდასახელებული: ფრითი (Pretty), § 61; ვან კუკი (Van Kück), § 69; და შლუმფვი (Schlumpf), § 100). ეს მიდგომები სასამართლოს უბიძგებს, დაასკვნას, რომ სახელმწიფოს, ამ საქმესთან მიმართებით, ჰქონდა შეფასების მხოლოდ შეზღუდული თავისუფლება.
124. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პირობა იყო თერთმეტი ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, პოზიტიური კანონმდებლობის ნაწილი 2009 წლიდან 2016 წლამდე და მსგავსი რეფორმების განხორციელება განიხილება სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებშიც. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროპაში ხსენებულ წლებში შეინიშნება ამ პირობის გაუქმების ტენდენცია, რაც ნაკარნახევია ტრანსგენდერიზმის მიმართ დამოკიდებულების ცვლით.
125. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არაერთმა ევროპულმა და საერთაშორისო აქტორმა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების პროპაგანდისა და დაცვის საქმეში, შეიმუშავეს ძალიან ნათელი პოზიცია იმის სასარგებლოდ, რომ გაუქმებულიყო სტერილიზაციის კრიტერიუმი, რამდენადაც ის მათ მიერ მიჩნეულ იქნა ძირითადი უფლებების შემლახველად. მათ შორისაა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, გაეროს ქალები, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი (იხ.73-81-ე პარაგრაფები ზემოთ). [ევროსასამართლო] აღნიშნავს, რომ მათი მრავალი განცხადება გაკეთდა უფრო ადრე ან დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მეორე და მესამე მომჩივანთა საქმეები განიხილებოდა საკასაციო სასამართლოში.
(iii) რამდენად იქნა დაცული სამართლიანი ბალანსი მომჩივნისა და საზოგადო ინეტერესებს შორის
126. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს, ვისაც სურთ თავიანთი იდენტობის აღიარება, არ აქვთ არჩევანი, გარდა იმისა, რომ ჩაიტარონ რთული სამედიცინო მკურნალობა ან ქირურგიული ოპერაცია, რაც საფრანგეთის პოზიტიური სამართლით, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებული საქმეების დროს მოქმედებდა, შედეგად იწვევდა გარეგნობის შეუქცევად ცვლილებას. როგორც სასამართლომ წინათაც აღნიშნა, ეს ყველა შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ სტერილურები. თუმცა, ყველა ტრანსგენდერ პირს არ სურს, ან არ შეუძლია, ჩაიტაროს მკურნალობა ან ოპერაცია, რაც გამოიწვევს ასეთ შედეგებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავის 2013 წლის 27 ივნისის მოსაზრებაში CNCDH-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ იმ პირები, ვისაც არ სურდათ ასეთი მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, მაინც დაეთანხმნენ ამ შემზღუდველ წესს იმ იმედით, რომ მიაღწევდნენ სასურველ შედეგს მათ სამოქალაქო სტატუსთან მიმართებით (იხ. 65-ე პარაგრაფი ზემოთ).
127. სამედიცინო მკურნალობა და ამ სახის ოპერაციები შეეხება პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას, რაც დაცულია კონვენციის მე-3 მუხლით (მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლს არ ეყრდნობიან მეორე და მესამე მომჩივნები) და მე-8 მუხლით.
128. სხვადასხვა კონტექსტში სასამართლომ დაადგინა ამ მუხლების დარღევა საქმეებზე, რომლებიც შეეხებოდა ფსიქიკურად ჯანმრთელი სრულწლოვანი პირების სტერილიზაციას, რომელთაც არ ჰქონდათ გაცხადებული ინფორმირებული თანხმობა. კერძოდ, [ევროსასამართლომ] დაადგინა, რომ სტერილიზაცია შეეხება სხეულის ძირითად ფუნქციას, ის გავლენას ახდენს პირის თავისუფალი განვითარების უფლების მრავალ ასპექტზე, მათ შორის, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე და მათ ემოციურ და სულიერ და ოჯახურ ცხოვრებაზე. [ევროსასამართლომ] ხაზი გაუსვა, რომ, მართალია, ის შეიძლება მართლზომიერად განხორციელდეს, შესაბამისი პირის თხოვნით, მაგალითად, როგორც კონტრაცეპციის საშუალება, ან თერაპიული მიზნებისთვის, როდესაც სამედიცინო საჭიროების საკითხი დამაჯერებლად არის გამოკვეთილი, თუმცა სხვა სიტუაციაა, როდესაც ეს ეხება ფსიქიკურად ჯანმრთელ სრულწლოვან პაციენტს, მისი თანხმობის გარეშე. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი ქმედება შეუთავსებელია ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემასთან, რაც წარმოადგენს კონვენციის ფუძემდებლურ პრინციპებს (იხ. სუარეს დე მელო პორტუგალიის წინააღმდეგ (Soares de Melo v. Portugal), N 72850/14, §§ 109-11, 16 თებერვალი 2016, და G.B. და R.B. მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ (G.B. and R.B. v. the Republic of Moldova), N 16761/09, §§ 29-30 და 32, 18 დეკემბერი 2012).
129. უფრო ფართო გაგებით, სასამართლომ დაადგინა, რომ სამედიცინო დახმარების სფეროში, თუნდაც მაშინ, როცა უარმა რაიმე მკურნალობაზე შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, სამედიცინო მკურნალობის დანიშვნა ფსიქიკურად ჯანმრთელი პაციენტის თანხმობის გარეშე, გამოიწვევდა ჩარევას მის ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლებაში (იხ V.C. სლოვაკეთის წინააღმდეგ (V.C. v. Slovakia), N 18968/07, § 105, ECHR 2011 და მასში დასახელებული საქმეები: ზემოთდასახელებული ფრითი (Pretty), §§ 63 და 65; გლასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Glass v. the United Kingdom), N 61827/00, §§ 82-83, ECHR 2004-II; და იეჰოვას მოწმეები მოსკოვში რუსეთის წინააღმდეგ (Jehovah’s Witnesses of Moscow v. Russia), N 302/02, § 135, 10 ივნისი 2010; იხ. ასევე, ზემოთდასახელებული სუარეს დე მელო (Soares de Melo), § 109).
130. როდესაც მკურნალობაზე უარი აფერხებს შესაბამისი პირის გენდერული იდენტობის და პიროვნული განვითარების უფლების სრულად განხორციელებას, რაც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფუძემდებლური ასპექტი, არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ის გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე ტარდება (იხ. ზემოთ დასახელებული ვან კუკი (Van Kück), § 75).
131. ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარების პირობად სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ან მკურნალობის დაწესება, რასაც, მაღალი ალბათობით, შედეგად მოჰყვება სტერილიზაცია, რისი სურვილიც მათ არ აქვთ, შესაბამისად, იწვევს კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ისეთ განხორციელებას, რაც გამორიცხავს ამ მუხლით დაცულ ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც დაცულია იმავე მუხლითა და ასევე კონვენციის მე-3 მუხლით.
132. სასამართლოსთვის სრულიად მისაღებია, რომ სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობის პრინციპის დაცვა, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი ჩანაწერების სანდოობასა და სისრულეს, წარმოადგენს ზოგადი ინტერესის საგანს. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადი ინტერესის ამ განმარტების საფუძველზე, ფრანგული პოზიტიური სამართალი, რა ფორმითაც ის მოქმედებდა იმ პერიოდისათვის ტრანსგენდერ პირებს, რომელთაც არ სურდათ გენდერის სრულად შეცვლა, აყენებდა გადაუჭრელი დილემის წინაშე. მათ, თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, ან უნდა ჩაეტარებინათ სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაცია ან მკურნალობა, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიწვევდა სტერილიზაციას, რითაც გამოირიცხებოდა მათი ფიზიკური ხელშეუხებლობის პატივისცემის უფლება, რაც შეადგენს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ნაწილს; ან მათ უარი უნდა ეთქვათ გენდერული იდენტობის აღიარებაზე და შესაბამისად იმავე უფლების სრულად განხორციელებაზე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული იწვევდა სამართლიანი ბალანსის დარღვევას ზოგად ინტერესსა და შესაბამისი პირების ინტერესებს შორის, რისი დაცვის უზრუნველყოფაც ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ.
133. სასამართლო ამასთან დაკავშირებით იმეორებს იმას, რაც დაადგინა ზემოთ დასახელებულ საქმეში Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey), § 119, რომ მომჩივნის (ტრანსგენდერი პირის, რომლის თხოვნა, ჩატარებოდა გენდერის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ დაადასტურა, რომ სამუდამოდ წართმეული ჰქონდა განაყოფიერების შესაძლებლობა) ფიზიკური ხელშეუხებლობის სათანადო პატივისცემა გამორიცხავდა რაიმე ვალდებულების დაკისრებას, ჩაეტარებინა მკურნალობა, რაც შედეგად გამოიწვევდა სამუდამო უნაყოფობას. [ევროსასამართლო] ასევე აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებულ საქმეში სუარეს დე მელო (Soares de Melo), (§ 111) დაადგინა დარღვევა მომჩივანთან მიმართებით, რომელსაც მოეთხოვა ჩაეტარებინა სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაცია, იმისათვის, რომ განეხორციელებინა თავისი მშობლის უფლება, რომელიც დაცულია იგივე ნორმით.
134. სასამართლო აღნიშნავს, რომ, რაც მთავარია, 2016 წლის 12 ოქტომბერს, ფრანგულმა საკანონმდებლო ორგანომ სტერილიზაცია გამორიცხა იმ პირობათა რიცხვიდან, რაც ტრანსგენდერმა პირებმა უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ აღიარებულ იქნეს მათი იდენტობა. სამოქალაქო კოდექსის განახლებული 61-6 მუხლი აწესებს, რომ „გარემოება, რომ მომჩივანს არ ჩაუტარებია სამედიცინო მკურნალობა, ქირურგიული ოპერაცია ან სტერილიზაცია, არ წარმოადგენს [სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტში სქესის აღმნიშვნელი მონაცემის შეცვლის შესახებ] მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველს“ (იხ. 68-ე პარაგრაფი ზემოთ).
135. შესაბამისად, მეორე და მესამე მომჩივნის მოთხოვნაზე, სამოქალაქო სტატუსში ცვლილების შეტანაზე უარის თქმით, იმ საფუძვლით, რომ მათ ვერ დაამტკიცეს მათი გარეგნობის ცვლილების შეუქცევადი ხასიათი, ანუ, ვერ აჩვენეს, რომ მათ ჩაიტარეს სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაცია ან სამედიცინო მკურნალობა, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობის ხარისხით გამოიწვევდა სტერილიზაციას, მიანიშნებს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მისი პოზიტიური ვალდებულებების ვერ შესრულებაზე, დაეცვა კერძო პირების პირადი ცხოვრების უფლება. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას, ამ მომჩივნებთან მიმართებით.
3. მოთხოვნა პირების მიმართ, რომ დაემტკიცებინათ სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობის არსებობა (საჩივარი N 52471/13)
(ა) მხარეთა განმარტებები
136. მეორე მომჩივანმა მიუთითა, რომ ტრანგენდერი პირების სამართლებრივი აღიარების დაქვემდებარება იმის მტკიცებაზე, რომ „ისინი ნამდვილად განიცდიდნენ გენდერულ აშლილობას“, იწვევდა მათთვის იმ დამღის დასმას, რომ ისინი წარმოადგენდნენ ფსიქიკურად დაავადებულებს და შესაბამისად, ლახავდა მათ ღირსებას.
137. მთავრობამ განმარტა, რომ გენდერული აშლილობის წინასწარი დიაგნოზის არსებობა მრავალი ქვეყნის მოთხოვნას წარმოადგენდა. თავის 2009 წლის ანგარიშში ჯანმრთელობის მაღალმაორგანომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრანსგენდერი პირის მორფოლოგიაში ცვლილების შეტანის სამედიცინო პროცედურაში გენდერული დისფორიის დიაგნოზი დიფერენცირებული დიაგნოზის მიზნებისთვის მოითხოვებოდა, იმისათვის, რომ ჰორმონული მკურნალობის ან ქირურგიული ჩარევის წინ ექიმები დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ პაციენტის ჩივილი არ ყოფილა წარმოშობილი სხვა მიზეზებისგან, როგორიც არის ფსიქიკური დაავადება.
(ბ) სასამართლოს შეფასება
138. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მეორე მომჩივანი ასახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ ტრანსგენდერი პირების უფლებების დასაცავად, პოზიციას, რომ ტრანსგენდერიზმი არ არის დაავადება და სქესობრივი თვითმყოფადობის განხილვა ფსიქოლოგიური აშლილობის პერსპექტივიდან იწვევს ტრსნგენდერი პირების კიდევ უფრო მეტად სტიგმატიზაციას. იგივე პოზიცია აქვს CNCDH-ს, რომელმაც თავის 2013 წლის 27 ივნისის მოსაზრებაში (იხ. 63-65-ე პარაგრაფები ქვემოთ) ხაზი გაუსვა შემდეგს:
„სამართლებრივი კონტექსტიდან, მოთხოვნა, რომ შემოწმდეს „გენდერული დისფორიის“ არსებობა, პრობლემურია, რამდენადაც სიტყვები აძლიერებს ტრანსგენდერული იდენტობის მიჩნევას დაავადებად, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული იდენტობის აშლილობა ამოღებულ იქნა ფსიქიატრიულ დიაგნოზთა სიიდან [2010 წლის 8 თებერვლის 2010-125 დეკრეტით].”
CNCDH-მა ასევე აღნიშნა:
„ტრანსგენდერი პირებისთვის მოთხოვნა, ეჩვენებინათ, რომ დაავადებულნი არიან გენდერული დისფორიით, რაც წარმოადგენს დიფერენცირებული დიაგნოზით მათ მიერ სამედიცინო პროცედურების ჩატარების საფუძველს, სამართლებრივ კონტექსტში მოწმობს ამ პირების სტიგმატიზაციასა და ტრანსგენდერული იდენტობის აღქმის ნაკლოვანებებს.”
ის შესაბამისად, რეკომენდაციას იძლეოდა, რომ ეს მოთხოვნა აღარ ყოფილიყო სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის პროცედურის ნაწილი.
139. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ორმოცი ხელშემკვრელი სახელმწიფოს აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც დაშვებულია ტრანსგენდერი პირების სქესის აღიარება, აუცილებელი წინაპირობაა ფსიქიატრიული დიაგნოზის შედეგების წარდგენა; მხოლოდ ოთხს აქვს მიღებული ისეთი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამის პროცედურის საფუძვლად არ მიიჩნევს ასეთ დიაგნოზს (იხ. 72-ე პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, ამ საკითხზე ამჯერად არ არსებობს ერთიანი აზრი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო ჩამონათვალში „ტრანსსექსუალიზმს“ დათმობილი აქვს V თავი (ICD-10, no. F64.0), სახელწოდებით „ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები“, კატეგორიის ქვეშ „მოზრდილთა პიროვნული და ქცევითი აშლილობები“, ქვეკატეგორიაში „სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობები“. ამასთან, სტერილიზაციის პირობისგან განსხვავებით, წინასწარი ფსიქიატრიული დიაგნოზის მოპოვება პირდაპირ გავლენას არ ახდენს პირთა ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე. დაბოლოს, რამდენადაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ფსიქიატრიული დიაგნოზის მოპოვების მოთხოვნამ შეიძლება ხელი შეუშალოს პირების ძირითადი უფლებების გამოყენებას, განსაკუთრებით, როდესაც ის იმისთვის არის შექმნილი, რომ შეზღუდოს მათი უფლებაუნარიანობა ან დააკისროს სამედიცინო მკურნალობის ჩატარება, ევროპის და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ნაკლებად გამოკვეთილია, ვიდრე სტერილიზაციასთან მიმართებით.
140. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ინარჩუნებენ ფართო დისკრეციას ტრანსგენდერი პირების იდენტობის მნიშვნელოვანი ასპექტის შეფასებისას მათი გენდერული იდენტობის კონტექსტში (იხ. 123-ე პარაგრაფი ზემოთ).
141. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა დაეყრდნო ჯანმრთელობის მაღალი ორგანოს შენიშვნებს იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომ გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმისთვის დიფერენცირებული დიაგნოზი მოითხოვება, ამიტომ ექიმები, ჰორმონული მკურნალობის დანიშვნამდე და ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე, დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ პაციენტის ჩივილი არ გამომდინარეობს სხვა მიზეზებისგან. რამდენადაც, მთავრობა, შესაბამისად, ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ წინასწარი ფსიქიატრიული დიაგნოზი არის საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირებს, ვინც არ არიან ნამდვილად ტრანსგენდერები, არ მოუხდეთ სქესის შეუქცევადი ცვლილებისკენ მიმართული სამედიცინო მკურნალობის ჩატარება, მათი არგუმენტი არ არის ბოლომდე დამაჯერებელი იმ პირებთან მიმართებით, ვინც, მეორე და მესამე მომჩივნების მსგავსად, უარს ამბობენ იმგვარი მკურნალობის ჩატარებაზე, რაც იწვევს შეუქცევად სტერილიზაციას. თუმცა, სასამართლო ამას მიიჩნევს ამ პირთა ინტერესების დაცვისკენ მიმართულ ზომად, რომ ამ პირებმა არაგონივრულად არ წამოიწყონ მათი სქესის შეცვლის სამართლებრივი პროცედურა.
142. ამასთან დაკავშირებით, მეორე და მესამე მომჩივანთა ინტერესები გარკვეულწილად უპირატესია იმ ზოგად ინტერესთან მიმართებით, რაც გულისხმობს სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობის პრინციპის დაცვას, სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი ჩანაწერების საიმედოობას და თანმიმდევრულობას და სამართლებრივ განსაზღვრულობას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოთხოვნა თავის მხრივ ხელს უწყობს სტაბილურობას გენდერთან დაკავშირებულ ცვლილებებთან მიმართებით სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტებში.
143. შედეგად, და განსაკუთრებით შეფასების ფართო თავისუფლების გათვალისწინებით, რომლითაც ის სარგებლობდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ მეორე მომჩივნისთვის უარის თქმით შეცვლილიყო მის დაბადების მოწმობაში სქესის მითითების შესახებ ჩანაწერი, იმ საფუძვლით, რომ მან ვერ დაასაბუთა, რომ ნამდვილად იყო დაავადებული სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობით, დაიცვა სამართლიანი ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის.
144. სხვა სიტყვებით, აღნიშნული საფუძვლებით მეორე მომჩივნისთვის უარის თქმით, არ მჟღავნდება საფრანგეთის მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობა მისი პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფასთან მიმართებით. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მე-8 მუხლის დარღვევას მეორე მომჩივანთან მიმართებით.
4. სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება (საჩივარი N 79885/12)
(i) მომჩივანი
145. პირველი მომჩივანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს საჩივარი უნდა განხილულიყო ნეგატიური ვალდებულებების კონტექსტში, რამდენადაც ტრავმატული ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება წარმოადგენდა ჩარევას მის ინტიმურ სფეროში, აღნიშნავდა, რომ სადავო ჩარევა არ იყო კანონით გათვალისწინებული. მან ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე სპეციალური ნორმა, რომელიც ამართლებდა ექსპერტიზის დანიშვნას იმისათვის, რომ დადასტურდეს ტრანსგენდერი პირის გარეგნობის ცვლილება და მისი შეუქცევადი ხასიათი, როგორც მის სამოქალაქო სტატუსის დამდგენ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის პროცედურის ნაწილი. ეს ნიშნავდა, რომ როგორც აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს ზემოთ ხსენებულ ცირკულარში, სასამართლოების პრაქტიკა განსხვავებული იყო მტკიცებულებათა სახეებთან მიმართებით, განსაკუთრებით კი, საზღვარგარეთ ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციასთან დაკავშირებით. შედეგად, შესაბამისი პირები განიცდიდნენ თვითნებურ დამოკიდებულებას. უფრო მეტიც ხსენებული ჩარევა არ ემსახურებოდა რაიმე ლეგიტიმურ მიზანს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში. სამოქალაქო სტატუსის მუდმივობის პრინციპთან დაკავშირებით, პირველმა მომჩივანმა აღნიშნა, რომ ის არ იგულისხმებოდა, რომელიმე ლეგიტიმური მიზნით. მან ზემოთდასახელებულ გადაწყვეტილებაზე B. საფრანგეთის წინააღმდეგ (B. v. France) (§§ 52 და ყველა შემდგომი) დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს პრინციპი თავისთავად არ შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს. რაც შეეხება მთავრობის მიერ დასახელებული მეორე მიზანს, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ სამედიცინო მკურნალობის, რომელსაც შედეგად მოჰყვა გარეგნობის შეუქცევადი ცვლილება, სტერილიზაციასთან ერთად, რომ არაფერი ითქვას დასახიჩრებაზე, ჩატარების შემდეგ საექსპერტო გამოკვლევა გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო შესაბამისი პირის ჯანმრთელობა.
146. რაც შეეხება პროპორციულობის საკითხს, პირველი მომჩივანი ხაზს უსვამდა, რომ სახელმწიფოებს აქვთ მხოლოდ შეზღუდული, ან უფრო ზუსტად, მინიმალური, სივრცე მანევრირებისთვის, როდესაც გადასაწყვეტი საკითხი უკავშირდებოდა ტრანსგენდერი პირების უფლებას მათი პირადი ცხოვრების პატივისცემაზე, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი მათ ფიზიკურ ხელშეუხებლობას ეხება. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სამედიცინო ექსპერტიზის გამორჩეულად ტრავმატულ ხასიათს, რითაც იგი დაავალდებულეს მოცემულ საქმეში. CNCDH-მა თავის ანგარიშში, რომელზეც ზემოთ იყო მითითებული, აღნიშნა, რომ ის აღიქმებოდა, როგორც „ინვაზიური და დამამცირებელი“ და წარადგინა იმ ტრანსგენდერი პირების მიერ ამ ეფექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული. მისი მოსაზრებით, არსებობდა იმის უზრუნველყოფის გზები, რომ შესაბამის პირებს დაედასტურებინათ გარეგნობის შეუქცევადი ცვლილებების დადგომა მათი თავისუფლების ნაკლებად მზღუდავი ფორმით, ვიდრე მათთვის იმის მოთხოვნა იყო, რომ წარედგინათ მათ მიერ შერჩეული, სხვადასხვა ექიმის მიერ გაცემული ცნობები. მომჩივანმა ასევე წარადგინა სამართლებრივ მკვლევართა რამდენიმე კომენტარი ამ საკითხზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელშიც ავტორები გამოთქვამდნენ გაკვირვებას სასამართლოს იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო.
(ii) მთავრობა
147. მთავრობამ აღნიშნა, რომ ჩარევა კანონის საფუძველზე განხორციელდა, რადგან მოსამართლე უფლებამოსილი იყო დაენიშნა ექსპერტიზა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 143-174-ე, 232-248-ე და 263-284-1-ე მუხლებით. სასამართლო პრაქტიკა უფრო ლმობიერი გახდა საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოთდასახელებული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ 1992 წელს. ექსპერტიზა ამჯერად ინიშნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივნის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტები არასაკმარისად იყო მიჩნეული იმისათვის, რათა დადგენილიყო, რომ პირს ნამდვილად აწუხებდა გენდერული იდენტობის აშლილობა და, რომ გარეგნობაში ცვლილება იყო შეუქცევადი. უფრო მეტიც, ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტების სანდოობის შენარჩუნების საჭიროებისა და შესაბამისი პირების ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით (მთავრობა ამასთან დაკავშირებით დაეყრდნო ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებას Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey, § 79). ამ უკანასკნელ საკითხზე მათ, დამატებითი დეტალიზების გარეშე აღნიშნეს, რომ „სასამართლოსთვის მისაღები იყო, რომ სახელმწიფო [უნდა] ჩარეულიყო, იმისათვის, რომ დაედგინა, ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, მომჩივნის მიერ ჩატარებული ქირურგიული ჩარევის ან სამედიცინო მკურნალობის შეუქცევადი ხასიათი“.
148. პროპორციულობის საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა არ ყოფილა თვითმიზანი, არამედ, დაინიშნა მხოლოდ იმიტომ, რომ შევსებულიყო ის ნაკლოვანებები, რაც ახლდა იმ განზრახვით წარდგენილ სამედიცინო მტკიცებულებებს, რომ დამტკიცებულიყო გარეგნობის ცვლილების შეუქცევადი ხასიათი. ეს გამყარებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მრავალი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით. მაგალითად, 2010 წელს, ექსპერტიზა დაინიშნა მხოლოდ საქმეების 17 %-ზე. მთავრობამ დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ 2010 წლის 14 მაისს გამოცემულ ცირკულარში დაზუსტებული იყო, რომ ექსპერტიზა შეიძლებოდა მოთხოვნილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარდგენილი მტკიცებულება წარმოშობდა სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თხოვნის წარმდგენი პირი წარმოადგენდა, თუ არა ტრანსგენდერს. შესაბამისად, ამ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსპერტიზა დანიშნა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების არასაკმარისობის გამო. ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც, პრინციპში, სავალდებულო არ იყო, მაგრამ რომლებსაც სასამართლოები უნდა დაყრდნობოდნენ თვით მომჩივანთა ინტერესებისათვის, როდესაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო, წარმოადგენდა საკითხის დასაბუთებულ გადაწყვეტას დაპირისპირებული ინტერესების მნიშვნელობის გათვალისწინებით.
(ბ) სასამართლოს შეფასება
149. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივანის მტკიცება ეყრდნობოდა კონვენციის მე-8 მუხლს, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. რადგან სასამართლო წყვეტს როგორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის ფაქტებს, ის მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნის განცხადებები განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მე-8 მუხლთან მიმართებით.
150. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებას, რომ პირველი მომჩივანი, რომელმაც არჩია, საზღვარგარეთ ჩაეტარებინა სქესის შეცვლის ოპერაცია, ეროვნულ სასამართლოებში ამტკიცებდა, რომ მან შესაბამისად შეასრულა ის პირობები, რაც დადგენილი იყო პოზიტიური სამართლით, იმისათვის, რომ მიეღწია სამოქალაქო სტატუსში ცვლილების შეტანისთვის. სადავო ექსპერტიზის წარდგენის, როგორც დამატებითი მტკიცებულების მოთხოვნა, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო მტკიცების სიზუსტის დადგენა, იმ სფეროში, სადაც სასამართლო ხელშემკვრელ მხარეებს მანევრირების ფართო ადგილს უტოვებს, მეტყველებს იმაზე, რომ ის თვითნებურად არ მოქმედებს.
151. ეროვნული სასამართლოების საქმეა, შეაფასოს მათ წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების მტკიცებულებითი ღირებულება. მოცემულ საქმეში პარიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ, თავის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაში (იხ. მე-17 პარაგრაფი ზემოთ), წარმოადგინა ზუსტი მიზეზები იმისა, თუ რატომ მიიჩნია პირველი მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არასაკმარისად. მან შესაბამისად დანიშნა სამი, სხვადასხვა სპეციალობის, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი დარგების ექსპერტები და მათ წინაშე წარადგინა საქმის დეტალები. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება თვითნებური იყო. როგორც მთავრობამაც აღნიშნა, სასამართლო მოქმედებდა ფრანგული კანონმდებლობით ნაბოძები ექსკლუზიური იურისდიქციის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირველი ინსტანციის მოსამართლეს უფლებას აძლევს, მოითხოვოს ნებისმიერი საგამოძიებო ზომის განხორციელება, ,,ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეს ხელთ არ აქვს საქმის გადასაწყვეტად საკმარისი მონაცემები“ (144-ე მუხლი); ეს ზომები მოიცავს ექსპერტიზასაც (232-ე და 263-ე მუხლები).
152. ამ მსჯელობის შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზა გამოიწვევდა პირველი მომჩივნის გენიტალიების ინტიმურ გასინჯვას, მისი პირადი ცხოვრების უფლებაში აღნიშნულით გამოწვეული ჩარევის ხარისხი, მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს.
153. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნისთვის უარის თქმით, მის დაბადების მოწმობაში შეცვლილიყო მისი დაბადების დროინდელი გენდერი, იმ საფუძვლით, რომ მან პრინციპულად უარი თქვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელიც დანიშნა ეროვნულმა სასამართლომ, რომელსაც, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, ნებისმიერი შეფასების გაკეთება შეეძლო, ეროვნულმა სასამართლომ უზრუნველყო სამართლიანი ბალანსის დაცვა კონკურენტულ ინტერესებს შორის.
154. სხვა სიტყვებით, ამ ფაქტით არ ვლინდება ის, რომ საფრანგეთმა ვერ შეძლო თავისი პოზიტიური ვალდებულებების შესრულება პირველ მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცვის პატივისცემის დაცვასთან მიმართებით. შესაბამისად, ამ მიმართებით, პირველ მომჩივანთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
...
4. ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას მეორე და მესამე მომჩივნებთან მიმართებით, იმ მოთხოვნის გამო, რომ მათ უნდა დაედასტურებინათ გარეგნობის შეუქცევადი ცვლილება (საჩივრები NN 52471/13 და 52596/13);
5. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას მეორე მომჩივნის იმ მოთხოვნასთან მიმართებით, რომ დაედასტურებინა სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობის არსებობა (საჩივარი N 52471/13);
6. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას პირველ მომჩივანთან მიმართებით, რომ ჩაეტარებინა სამედიცინო ექსპერტიზა (საჩივარი N 79885/12);
...
შესრულებულია ფრანგულად, წერილობით გახდა ცნობილი 2017 წლის 6 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პარაგრაფების თანახმად.
მილან ბლაშკო ანგელიკა ნიუსბერგერი
მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
A.N.
M.B.
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე რანზონის განსხვავებული აზრი.
მოსამართლე რანცონის განსხვავებული აზრი
(თარგმანი)
1. მე არ ვეთანხმები პალატის უმრავლესობას კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის დადგენასთან დაკავშირებით მეორე და მესამე მომჩივანთან (საჩივრები NN 52471/13 და 52596/13) მიმართებით, იმ ვალდებულების დაკისრების გამო, რომ მათ უნდა დაედასტურებინათ თავიანთი გარეგნობის შეუქცევადი ცვლილება. შესაბამისად, მე ხმა მივეცი იმ დასკვნის წინააღმდეგ, რომ ამ ორ მომჩივანთან მიმართებით არ ყოფილა საჭიროება, რომ მათი საჩივარი ცალკე განხილულიყო მე-14 მუხლის საფუძველზე მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
2. 2009 წლის 17 მარტს მეორე მომჩივანმა მოითხოვა, რომ მის დაბადების მოწმობაში შეტანილიყო ცვლილება, იმგვარად, რომ მითითებული გენდერი „მამრობითი“ შეცვლილიყო „მდედრობითით“ და მისი მამაკაცის სახელი შეცვლილიყო ქალის სახელით. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაკი მან ვერ დაადასტურა გენდერის შეცვლის შეუქცევადი პროცესი, რაც იმ დროს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნას წარმოადგენდა. 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ უარყო მისი საჩივარი, დაადგინა რა, რომ ეს მოთხოვნა არ იყო დისკრიმინაციული და არ ლახავდა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლით დადგენილ პრინციპებს (იხ. გადაწყვეტილების 32-ე და მე-40 პუნქტები).
3. 2009 წლის 13 ივნისს მესამე მომჩივანმა, მეორე მომჩივნის მსგავსად, წარადგინა თავისი დაბადების მოწმობის კორექტირების მოთხოვნა. ეს მოთხოვნაც უარყოფილ იქნა, იმ საფუძვლით, რომ მომჩივანმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ მან ჩაიტარა გენდერის შეცვლისთვის აუცილებელი სამედიცინო და ქირურგიული მკურნალობა. საკასაციო სასამართლომ მესამე მომჩივნის საჩივარი განიხილა მეორე მომჩივნის საჩივართან ერთად და იგივე დასკვნამდე მივიდა (იხ. გადაწყვეტილების 41-52-ე პუნქტები).
4. როგორც 2012 წლის 7 ივნისს მიღებულ ორ გადაწყვეტილებაში დაადგინა საკასაციო სასამართლომ, იმისათვის რომ დასაბუთებული იყოს მოთხოვნა დაბადების მოწმობაში გენდერზე მითითების შესწორების შესახებ, შესაბამის პირს, სამეცნიერო წრეებში ფართოდ მიღებული პოზიციიდან უნდა დაედასტურებინა, რომ იგი ნამდვილად იყო დაავადებული გენდერული იდენტობის აშლილობით და, რომ მისი გარეგნობის ცვლილება ატარებდა შეუქცევად ხასიათს (იხ. გადაწყვეტილების 58-ე პარაგრაფი). ეს მეორე მოთხოვნა პალატის უმრავლესობის მოსაზრებით, მიუთითებდა სახელმწიფოს მხრიდან თავისი პოზიტიური ვალდებულების ვერ შესრულებაზე, უზრუნველეყო მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. (იხ. გადაწყვეტილების 135-ე პარაგრაფი).
5. მე სადავოდ არ ვხდი ფაქტს, რომ საფრანგეთის პოზიტიური კანონმდებლობით აღიარებულ იქნა ის, რომ ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის ცნობა დაკავშირებული იყო სტერილიზაციის ქირურგიულ ოპერაციის ჩატარებასთან, ან მკურნალობასთან, რაც, მისი ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ძალიან მაღალი ალბათობით, იწვევდა სტერილიზაციას (იხ. გადაწყვეტილების 120-ე პარაგრაფი). მე შემიძლია ასევე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დავეყრდნო ამ გადაწყვეტილების მიმღებთა უმრავლესობის შეფასებას, რომ ეს საქმე შეეხება პირის ინტიმური იდენტობის ძირითად ასპექტს, რადგან გენდერულ იდენტობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არის კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფუძემდებლური ასპექტი (იხ. კერძოდ, გადაწყვეტილების 123-ე პარაგრაფი). უფრო მეტიც, ასეთი სამედიცინო მკურნალობა, თუ ოპერაციები უკავშირდება პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას, თუმცა როგორც მეორე, ისე მესამე მომჩივანი კონვენციის მე-3 მუხლს არ დაყრდნობია (იხ. გადაწყვეტილების 128-ე პარაგრაფი).
6. მე ასევე შემიძლია გავიზიარო ის, რომ საზოგადო ინტერესსა და მომჩივანთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენისას (იხ. გადაწყვეტილების 126-135-ე პარაგრაფები), ძლიერი არგუმენტები არსებობს იმ დასკვნისათვის, რომ სტერილიზაციის გამომწვევი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მკურნალობა იმისათვის, რომ აღიარებული იქნეს პირის გენდერული იდენტობა, არღვევს ამ სამართლიან ბალანსს და იწვევს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მიუხედავად ამისა, არსებობს წონადი არგუმენტები, რომლებიც ბალანსს ხრიან მოპასუხე სახელმწიფოს შეფასების თავისუფლებისკენ და შესაბამისად, იმისკენ, რომ ადგილი არ ჰქონია მე-8 მუხლის დარღვევას.
7. 2016 წლის ოქტომბერში ტრანსგენდერი პირების გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში იყო იმგვარი, რაც მითითებულია (იხ. გადაწყვეტილების 70-71-ე პარაგრაფები). შვიდ ქვეყანაში აღიარება შეუძლებელი იყო; ოცდაორ ქვეყანაში ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ექვემდებარებოდა საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელთა შორისაც იყო შესაბამისი პირების სადავო სტერილიზაცია და „მხოლოდ“ თვრამეტ წევრი ქვეყანაში აღარ მოითხოვებოდა სტერილიზაცია ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარებისთვის.
8. უფრო მეტიც, იმ თვრამეტ ქვეყანაში ეს არის მხოლოდ ბოლოდროინდელი განვითარების შედეგი, რაზეც მეტყველებს გადაწყვეტილების უმეტესი ნაწილი. შესაბამისი ქვეყნებიდან თერთმეტმა გააუქმა სტერილიზაციის მოთხოვნა, როგორც სამართლებრივად აღიარების პირობა 2009 წლის თებერვლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე (იხ. გადაწყვეტილების 71-ე პარაგრაფი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მაგალითად, მეორე და მესამე მომჩივანთა საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანისას, შესაბამისად, 2009 წლის 9 თებერვალსა და 13 მარტს (იხ. გადაწყვეტილების 37-ე და 48-ე პარაგრაფები), მხოლოდ რვა წევრი ქვეყანა არ ითხოვდა სტერილიზაციას. საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, 2013 წლის 13 თებერვალს (იხ. გადაწყვეტილების 50-ე და 52-ე პარაგრაფები) ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარება სტერილიზაციის საკანონმდებლო მოთხოვნის გარეშე შესაძლებელი იყო თერთმეტ წევრ სახელმწიფოში.
9. როგორც პალატა იმეორებს (იხ. გადაწყვეტილების 121-ე პარაგრაფი), კონვენციის მე-8 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისას წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული თავისუფლებით. ამ თავისუფლების საზღვრების შეფასებისას ფაქტორების მთელი რიგი უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. როდესაც ადამიანის არსებობის ან იდენტობის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფორმა დგას საფრთხის წინაშე, სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფლების ზღვარი ფართოვდება. ზღვარი უფრო ფართოვდება იქ, სადაც არ არსებობს კონსენსუსი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის როგორც საფრთხის წინაშე არსებული ინეტერესების, ისე მათი დაცვის საუკეთესო საშუალებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე წამოჭრის მგრძნობიარე მორალურ ან ეთიკურ ღირებულებებს, ეს ზღვარი უფრო ფართოვდება. როგორც წესი, უფრო ფართო ზღვარი იარსებებს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მოეთხოვება სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა კონკურენტულ კერძო და საჯარო ინტერესებს შორის (იხ. ჰამალაინენი ფინეთის წინააღმდეგ (Hämäläinen v. Finland) [დიდი პალატა], N 37359/09, § 67, ECHR 2014, იქვე არსებული მითითებებით).
10. მოცემულ საქმეში, საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა კონსენსუსი გენდერული იდენტობის აღიარების მიზნისთვის სტერილიზაციის მოთხოვნის, როგორც წინასწარი პირობის, საკითხზე. მხოლოდ თერთმეტი ორმოცდაშვიდი წევრი ქვეყნიდან არ ითხოვდა ამგვარ პირობას. დღეისათვის, უფრო ზუსტად კი, 2016 წლის ოქტომბრისთვის, ასეთი აღიარება შესაძლებელია, კანონმდებლობის მიერ სტერილიზაციის მოთხოვნის გარეშე, მხოლოდ თვრამეტში ორმოცდაშვიდი წევრი ქვეყნიდან, ესეც ნაკლებად გამოხატავს ევროპული კონსენსუსს, რაც ჯერ კიდევ შორსაა.
11. კონსენსუსის არარსებობისას და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოცემული საქმე უდავოდ წამოჭრის მგრძნობიარე მორალურ და ეთიკურ საკითხებს, შეფასების თავისუფლების ზღვარი, რაც უნდა შეუნარჩუნდეს მოპასუხე სახელმწიფოს, რჩება ფართო (იხ. ზემოთდასასახებული ჰამალაინენი (Hämälainen), § 75, და X, Y და Z გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (X, Y and Z v. the United Kingdom), 22 აპრილი 1997, § 44, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1997-II). თუმცა ეს ზღვარი იშლება იმ ანალიზში, რაც ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილების უმეტეს პარაგრაფებში 121-დან 135-ემდე. როგორ შეიძლება ეს აიხსნას? რა თქმა უნდა, დასკვნით, რომ როდესაც პირის ინტიმური იდენტობის ძირითადი ასპექტი დევს სასწორზე, შეფასების ზღვარი შეიძლება შევიწროვდეს, მაგრამ არა სრულად. სხვა რა ფაქტორებმა უბიძგეს იმას, რომ უმრავლესობამ შეფასების თავისუფლების სრული უგულვებელყოფა მოახდინა და ასევე ფაქტს, რომ დღეისათვის მხოლოდ უმცირეს წევრ ქვეყანას აქვს გაუქმებული სტერილიზაციის მოთხოვნა?
12. ხსენებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ამ მოთხოვნის გაუქმების „ტრენდის“ არსებობას (იხ. 124-ე პარაგრაფი). მე ვაღიარებ, რომ ევროპაში არსებობს ამგვარი ტენდენცია, მაგრამ ის, როგორც ზემოთ იქნა ნაჩვენები, მხოლოდ ბოლოდროინდელია. არის ეს საკმარისი გამართლება იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შევიწროვდეს სახელმწიფოთა შეფასების თავისუფლება, რომელიც, პრინციპში, ფართოა? მე ამაში ეჭვი მეპარება. საზოგადოებები მხოლოდ თანდათანობით გადადიან სტერილიზაციის, როგორც ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარების პირობის, გაუქმებაზე.
13. ჩემთვის გასაგებია ის გარემოება, რომ სასამართლომ საქმე Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey) (N 14793/08, § 108, ECHR 2015) განიხილა საქმეზე ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) ([დიდი პალატა], N 28957/95, § 85, ECHR 2002‑VI), მითითებით „რომ მან ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა საერთო ევროპული მიდგომის არარსებობას სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მაშინ წარმოიშვა განგრძობადი საერთაშორისო ტენდენციის აშკარა და უდავო არსებობასთან დაკავშირებით არამხოლოდ ტრანსგენდერი პირების მიღების მიმართ გამძაფრებულ სოციალურ მიდგომასთან, არამედ ტრანსგენდერი პირების, რომელთაც ოპერაცია ჩაიტარეს, ახალი გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით“. მართალია, ეს ორი საქმე შეეხებოდა სხვა საკითხებს, სახელდობრ, უკვე შეცვლილი გენდერის სამართლებრივ აღიარებას (ქრისტინ გუდვინი (Christine Goodwin) და ტრანსგენდერი პირის შესაძლებლობას, გენდერი შეეცვალა იმგვარად, რომ არ დაეკარგა განაყოფიერების უნარი (Y.Y.. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey)). უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სასამართლომ აღნიშნა, ქრისტინ გუდვინის (Christine Goodwin), საქმეში სახელმწიფოს საქმე იყო განესაზღვრა, inter alia, ის პირობები, რაც პირს, რომელიც მოითხოვდა ტრანსსექსუალობის სამართლებრივ აღიარებას დაედასტურებინა, რომ გენდერის შეცვლამ სრულყოფილი შედეგი გამოიღო (იხ. ზემოთ დასახელებული ქრისტინ გუდვინი (Christine Goodwin), § 103). უფრო მეტიც Y.Y თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey) საქმეში სასამართლოს მიერ ჩატარებული, ოცდა თორმეტი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შედარებითმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი პირებისთვის არჩევანის მიცემა, რომ ჩაეტარებინათ სქესის შეცვლასთან დაკავშირებული მკურნალობა უკვე შესაძლებელი იყო ოცდაოთხ ქვეყანაში ოცდა თორმეტი წევრი ქვეყნიდან, სხვაგვარად რომ ითქვას, გამოკვლეულ ქვეყანათა უმრავლესობაში. ეს მიუთითებს, რომ არც ერთ ამ სახელმწიფოთაგანს არ დაუწესებია მკურნალობის პირობად განაყოფიერების უნარის დაკარგვა (იხ. ზემოთდასახელებული Y.Y თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey), §§ 35-39). სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ეს იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ტენდენცია: სახელმწიფოთა აშკარა უმრავლესობა არ აწესებდა იმის მსგავს პირობებს, რაც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ იყო დაწესებული იმ საქმეში.
14. ასევე საჭიროა შეფასდეს და დადგინდეს, თუ რამდენად არსებობდა არსებითი და დასაბუთებული საფუძვლები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა განაყოფიერების უნარის დაკარგვის გამართლება ა და შესაბამისი სისტემების შენარჩუნებისა წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში (შეკითხვა, რომელიც დაისვა მოსამართლე ლემენის მიერ თავის განსხვავებულ აზრში, რომელიც თან ერთვის ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებას Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey). მოცემულ საქმეში, სამწუხაროდ, სასამართლომ ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა, მხოლოდ უბრალოდ მიუთითა, რომ ზემოთმითთებული ტენდენცია „განპირობებული იყო ტრანსგენდერიზმის ცნებასთან დაკავშირებული მიდგომის განვითარებით“ (იხ. გადაწყვეტილების 124-ე პარაგრაფი). ეს ჩემში წარმოშობს გარკვეულ, ღრმა ეჭვს, რაც არ არის გაბათილებული გადაწყვეტილების არცერთი დებულებით. იმ ფაქტების მხედველობაში მიღებით, რაც დადგინდა ამ საქმეზე, სასამართლოსთვის უცნობია ის მიზეზები, რაც წევრი ქვეყნების უმეტესობას უბიძგებდა დღემდე შეენარჩუნებინა ეს წინასწარი პირობა ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარებისათვის.
15. რაც შეეხება შეფასებს თავისუფლებას, უმრავლესობამ აღნიშნა, რომ „მრავალმა ევროპულმა და საერთაშორისო ინსტიტუციურმა აქტორებმა ადამიანის უფლებათა სფეროში, შეიმუშავეს ძალიან ნათელი პოზიცია სტერილიზაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით“ (იხ. გადაწყვეტილების 125-ე პარაგრაფი). ჩემი აზრით, ეს არგუმენტი არასაკმარისია შეფასების ძალიან ვიწრო თავისუფლების გასამართლებლად, ან იმის დასადგენად, რომ არსებობს აშკარა ევროპული ტენდენცია. რეალურად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა 2009 წელს შეიმუშავა პოზიცია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარების პირობად ქცეულიყო შეუქცევადი სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება (იხ. გადაწყვეტილების 73-ე პარაგრაფი). თუმცა, სანამ ვაღიარებდე გადაწყვეტილების 125-ე პარაგრაფში ჩამოთვლილი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების დიდ მნიშვნელობას, მინდა აღვნიშნო ის, რომ ისინი უფრო მეტად ადამიანის უფლებების „პრომოუშენით“ არიან დაკავებული. შეფასებების უმეტესობა არ ეფუძნება ევროპული ან საერთაშორისო ადამიანის უფლებათა „დაცვის“ ორგანიზაციებს ან ხელშემკვრელ საერთაშორისო კონვენციებს, ან წვერ ქვეყნებს შიგნით დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
16. რამდენადაც განსახილველია პიროვნების ინტიმური იდენტობის საკითხი, სადავოა, რომ ევროპულ დონეზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების შეფასების თავისუფლების ზღვარი რჩება ფართო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრთხის ქვეშ დგას ძლიერ მგრძნობიარე საკითხი. ამ მიზეზით ასევე შეიძლება სადავო იყოს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში საფრანგეთი, არ უნდა ყოფილიყო გაკრიტიკებული 2017 წელს იმისათვის, რომ 2009 წლიდან 2013 წლამდე პრიორიტეტი მიანიჭა იმ მოთხოვნას, რომ დადასტურებულიყო გარეგნობის ცვლილების შეუქცევადობა. იმ სიტუაციაში, როცა სტანდარტები ვითარდებოდა, მაგრამ სადაც ტენდენცია ცოტათი უფრო ბუნდოვანი იყო, ვიდრე ახლაა, მოპასუხე სახელმწიფომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს რეგულირება იმ დროისათვის უფრო შესაფერი იყო, ეს პოზიცია წევრი ქვეყნების უმეტესობის მიერ არის გაზიარებული. მიიღო რა ეს მოსაზრება, სასამართლოს შეეძლო დაედინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო, იმ დროისათვის, როდესაც გადაწყვეტილებები იყო მიღებული, არ გასცდენია თავის შეფასების თავისუფლების ფარგლებს, ან შესაბამისად, დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი. ეს შეიძლებოდა ასევე ყოფილიყო მოწოდება სხვა წევრი ქვეყნებისთვის გაეგრძელებინათ დაკვირვება ამ საქმეში წამოჭრის საკითხზე და გაეგრძელებინათ მუშაობა მითითებული ტენდენციის მიმართულებით.
17. ამის საპირისპიროდ, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის დადგენას ამ საქმეში რეალურად აქვს ის შედეგი, რომ ოცდაორ წევრ ქვეყანას მოეთხოვოს, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ ნორმის სამომავლო დარღვევა, შეცვალონ თავიანთი კანონმდებლობა და გააუქმონ სტერილიზაცია, როგორც ტრანსგენდერი პირების იდენტობის აღიარების პირობა, რომ არაფერი ითქვას იმ შვიდ წევრ ქვეყანაზე, რომლებშიც ამგვარი სამართლებრივი აღიარება დღეისათვის შესაძლებელი არ არის.
18. ამ ტიპის საქმეებში, როდესაც არ არსებობს ევროპული კონსენსუსი, სასამართლო იყო ფრთხილი და მხოლოდ მოკრძალებული ნაბიჯები გადადგა. სასამართლო პრაქტიკა ტრანსგენდერი პირების შესახებ, ამის დასტურია.
მაგალითად, საქმეში რისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Rees v. the United Kingdom) (17 ოქტომბერი 1986, სერია A N 106), გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა არ ანიჭებდა ტრანსსექსუალ პირებს თავიანთი სტატუსის შესაფერი სამართლებრივ სტატუსს. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-8 მუხლის დარღვევას, დაადგინა რა, რომ „დღეისათვის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ამ საფუძველთან დაკავშირებით ერთიანობა მცირეა და ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სამართალი იმყოფება გარდამავალ ეტაპზე“. საბოლოოდ დაასკვნა, რომ „ეს ის სფეროა, სადაც სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო თავისუფლებით (§ 37). [ევროსასამართლომ] კერძოდ მიუთითა, რომ „სათანადო სამართლებრივი ზომები სამეცნიერო და სოციალური განვითარებების შეფასების კვალდაკვალ უნდა იქნეს გამოყენებული“ (§ 47).
ქოსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Cossey v. the United Kingdom) (27 სექტემბერი 1990, სერია A N 184) საქმეში, სასამართლო მსგავს დასკვნამდე მივიდა და ასევე აღნიშნა, რომ დაბადების რეგისტრაციის დროინდელი ანოტაცია არ უნდა ყოფილიყო სათანადო დასაბუთება.
საქმეში B. საფრანგეთის წინააღმდეგ (B. v. France) (25 მარტი 1992, სერია A N 232‑C), სასამართლომ პირველად დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა ტრანსსექსუალი პირების აღიარებასთან დაკავშირებით იმ ფაქტორების მხედველობაში მიღებით, რაც ამ საქმეს განასხვავებდა რისის და ქოსის საქმეებისგან.
ზემოთდასახელებულ X, Y და Z გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (X, Y and Z v. the United Kingdom) და შეფილდი და ჰორშემი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sheffield and Horsham v. the United Kingdom) (30 ივლისი 1998, ანგარიშები 1998‑V) საქმეებში სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა რისის (Rees) და ქოსის (Cossey) საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისგან. აუცილებლად არ ჩაუთვლია „დაესკვნა, რომ მხოლოდ სამეცნიერო და სამართლებრივი განვითარების საფუძველზე, მოპასუხე სახელმწიფო აღარ შეიძლებოდა დაყრდნობოდა შეფასების თავისუფლებას, რათა დაეცვა თავისი განგრძობდი უარი, ეღიარებინა ტრანსგენდერი პირების პოსტოპერაციული გენდერი“, დაადგინა რა, რომ „ტრანსსექსუალიზმი ჯერ კიდევ წარმოშობს კომპლექსურ სამეცნიერო, სამართლებრივ, მორალურ და სოციალურ პრობლემებს, რომელთა დაკავშირებითაც არ არსებობს ერთნაირად გაზიარებული მიდგომა წევრ სახელმწიფოებს შორის“ (შეფილდი და ჰორშემი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sheffield and Horsham, § 58).
თავის გადაწყვეტილებაში, ზემოთ დასახელებულ, ქრისტინ გუდვინის (Christine Goodwin) საქმეზე, დიდმა პალატამ, რისის (Rees) საქმეზე გადაწყვეტილების მიღებიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას საერთაშორისო ტენდენციის გათვალისწინებით ტრანსსექსუალების სოციალური მისაღებობის სასარგებლოდ და ოპერაციის შემდეგომ ტრანსსექსუალთა ახალი სქესობრივი იდენტობის სამართლებრივი აღიარებით „რამდენადაც არ არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომ საზოგადოებრივმა ინტერესმა გადასწონოს ინდივიდუალურ მომჩივანთა ინტერესი, რომელთაც სურთ მიაღწიონ თავიანთი სქესის შეცვლის სამართლებრივ აღიარებას“ (§ 93). მიუხედავად ამისა, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უნდა განესაზღვრა, inter alia, ამ აღიარების პირობები (იხ. მე-13 პარაგრაფი ზემოთ).
ქრისტინ გუდვინის (Christine Goodwin) შემდეგ სასამართლომ მრავალი გადაწყვტილება მიიღო მე-8 მუხლთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე შეეხებოდა ტრანსგენდერი პირების, რომელთაც ჩაიტარეს სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია, გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებას და სხვა შედეგებს, რომლებიც წარმოეშვებოდათ ამ პირებს მათი მდგომარეობიდან გამომდინარე (ის. მაგალითად, ვან კუკი გერმანიის წინააღმდეგ (Van Kück v. Germany), N 35968/97, ECHR 2003‑VII (დარღვევა); გრანტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Grant v. the United Kingdom_, N 32570/03, ECHR 2006‑VII (დარღვევა); ლ. ლიტვის წინააღმდეგ (L. v. Lithuania), N 27527/03, ECHR 2007‑IV (არ დადგინდა დარღვევა); შლუმფვი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schlumpf v. Switzerland), N 29002/06, 8 იანვარი 2009 (დარღვევა); P.V. ესპანეთის წინააღმდეგ (P.V. v. Spain), N. 35159/09, 30 ნოემბერი 2010 (არ დადგინდა დარღვევა); P. პორტუგალიის წინააღმდეგ (P. v. Portugal) (განჩინება), N 56027/09, ECHR 2011 (ამორიცხულ იქნა სიიდან); კასარი მალტის წინააღმდეგ (Cassar v. Malta), N 36982/11, 9 ივლისი 2013 (ამორიცხულ იქნა სიიდან); და ზემოთ დასახელებული ჰამალაინენი (Hämäläinen), (არ დადგინდა დარღვევა).
ზემოთდასახელებული Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ (Y.Y. v. Turkey) (საქმე შეეხებოდა ხელისუფლების უარს ტრანსგენდერი პირისთვის ნება დაერთო შეეცვალა გენდერი იმ საფუძვლით, რომ შესაბამის პირს სამუდამოდ არ ჰქონია დაკარგული გამრავლების უნარი. რამდენადაც ვიცი, ეს იყო პირველი საქმე, როდესაც სასამართლომ ამ მოთხოვნაზე იმსჯელა, თუმცა ამ საქმისგან განსხვავებულ კონტექსტში. მან დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, მაგრამ იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ წევრი სახელმწიფოების აშკარა უმრავლესობა არ ადგენდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების მსგავს პირობებს (იხ. მე-13 პარაგრაფი ზემოთ).
19. რისის (Rees) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებიდან, 1986 წელს, Y.Y.-ს საქმეზე, 2015-ში, მიღებულ გადაწყვეტილებამდე სასამართლო მუდმივად ავითარებდა თავის სამართლო პრაქტიკას ამ სფეროში, მაგრამ ამას აკეთებდა სიფრთხილით, „ნელ-ნელა“ ან, სხვაგვარად, „ნაბიჯ-ნაბიჯ“. მართალია, ამ საქმეში სასამართლომ არა მხოლოდ ნაბიჯი გადადგა, არამედ მთელი ნახტომი გააკეთა და, რაც მთავარია, ძალიან ძლიერ მგრძნობიარე თემაზე, ტრანსსექსუალიზმის, ან უფრო ზუსტად, ტრანსგენდერიზმის ახალი ასპექტზე, წევრ სახელმწიფოებს შორის ამ სპეციფიურ ასპექტთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობის პირობებში და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეფასების თავისუფლების ზღვარის სიფართოვის გაცნობიერებით.
20. მე ვაღიარებ, რომ ჩემთვის რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება ამ ძალიან რთულ და მგრძნობიარე საკითხზე. როგორც ადრეც აღვნიშნე, მე-6 პარაგრაფში, არსებობს წონადი არგუმენტები იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდ, რომ სტერილიზაციის ოპერაციის ან მკურნალობის ჩატარების დავალდებულება იმისათვის, რომ აღიარებულ იქნეს პირის გენდერული იდენტობა, არღვევს სამართლიან ბალანსს საზოგადო ინტერესსა და მომჩივანთა ინტერესებს შორის და შესაბამისად იწვევს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. თუმცა, უმრავლესობა ასევე შეთანხმდა საკითხზე, სავსებით მართებულად, რომ „სამოქალაქო სტატუსის შეუცვლელობის პრინციპი, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტების სანდოობასა და სიზუსტეს და უფრო ზოგადად, სამართლებრივ სიცხადეს, წარმოადგენს საზოგადო ინტერსის საგანს“. მათ, მიუხედავად ამისა, მიიჩნიეს, რომ ბალანსი შესაბამისი პირების საწინააღმდეგოდ გადაიხარა (იხ. გადაწყვეტილების 132-ე პარაგრაფი) უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შეფასება გაკეთდა რაიმე დასაბუთების გარეშე.
21. მეორე მხრივ, ჯერ კიდევ შორია ევროპულ კონსენსუსამდე ამ საკითხზე მხოლოდ წევრი ქვეყნების უმცირესობამ გააუქმა მოთხოვნა და რომლებიც იმ დროისთვის, კიდევ უფრო მცირერიცხოვანნი იყვნენ. ამგვარი მოსაზრებების გამო მე ვყოყმანობ, ჩემი ყოყმანი გაიზარდა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით წევრი სახელმწიფოების შეფასების თავისუფლების ზღვართან დაკავშირებით და ევროპული და საერთაშორისო „ტრენდებით“, არგუმენტებით, რომლებიც, ჩემი აზრით, არ არის სრულად დამარწმუნებელი. მე არც ის მიმაჩნია შესაფერისად, რომ დავეყრდნო მე-3 მუხლს არგუმენტის გასამყარებლად (იხ. გადაწყვეტილების 127-ე და 131-ე პარაგრაფები), რამდენადაც მეორე და მესამე მომჩივანი არ დაეყრდნენ ამ დებულებას.
22. უფრო მეტიც, გადაწყვეტილების 134-ე მუხლში ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომელიც შეეხება ფაქტს, რომ ფრანგული კანონმდებლობა 2016 წლის 12 ოქტომბრიდან პირდაპირ გამორიცხავდა სტერილიზაციას იმ პირობებიდან, რაც უნდა დაეკმაყოფილებინა ტრანსგენდრ პირებს თავიანთი გენდერული იდენტობის შესახებ ჩანაწერის შეცვლისათვის, მე მაწუხებს, როგორც პრობლემური არგუმენტი, რადგან ჩვენ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული პრინციპები გავრცელდება არა მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოზე, არამედ სხვა წევრ სახელმწიფოებზეც.
23. მე არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილებას მიიღება პალატა, საფრანგეთს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ არ შეეცვალა კანონმდებლობა და შეენარჩუნებინა გარეგნობის ცვლილების შეუქცევადობის მოთხოვნა. მაინც დაადგენდა ის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გადააბიჯა თავის შეფასების თავისუფლების ზღვარს, როდესაც ასეთი საკანონმდებლო არჩევანი გააკეთა?
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მე ვარჩევდი, სასამართლოს იურისდიქცია დაეთმო დიდი პალატისთვის კონვენციის 30-ე მუხლის საფუძველზე. საქმის გადაცემის პირობები იარსებებდა, რამდენადაც საქმე წარმოშობდა სერიოზულ საკითხებს კონვენციის მე-8 მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით და „შეფასების თავისუფლებისა“ და „კონსენსუსის“ მნიშვნელობებზე. ამ გადაწყვეტილების ყველა წევრ სახელმწიფოს მიმართ გამოყენება გარანტირებული იქნებოდა დიდი პალატის ავტორიტეტით. ვწუხვარ, რომ უმრავლესობამ არ გაიზიარა ეს მოსაზრება.
25. ზემოხსენებულის გაანალიზების შედეგად, მე მივიღე გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოებისთვის მინიჭებული შეფასების თავისუფლების სასარგებლოდ, რაც მათ ეძლევათ თავიანთი პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რათა დაიცვან მეორე და მესამე მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ძლიერ მგრძნობიარე საკითხზე, რაც წარმოშობს ძალიან რთულ წახნაგებს და რაზედაც ევროპული კონსენსუსი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის წინააღმდეგ მივეცი ხმა.
...
Full & Egal Universal Law Academy