დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 206
2017 წლის აპრილი
ა.პ., გარსონი და ნიკო საფრანგეთის წინააღმდეგ (A.P., Garçon and Nicot v. France) – 79885/12, 52471/13 და 52596/13 (საჩივრები)
გადაწყვეტილება 06.04.2017 [სექცია V]
მუხლი 8
პოზიტიური ვალდებულება
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ტრანსგენდერი პირებისთვის სამოქალაქო სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო სამართლებრივი მოთხოვნები: დარღვევა, დარღვევა არ დადგენილა (ორი შემთხვევა).
ფაქტები: მომჩივნები არიან ტრანსგენდერი პირები. 2007-2009 წლებში მათ მიმართეს ეროვნულ სასამართლოებს იმ მიზნით, რომ შესწორებები შეეტანათ მათ დაბადების მოწმობებში, რომლებშიც მითითებულია აღნიშნულ პირთა სქესი და სახელები.
სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათი სარჩელები, რადგან მომჩივნებს არ დაუდასტურებიათ, რომ სქესის შეცვლის მიზნით ჩაიტარეს საჭირო სამედიცინო მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა.
მეორე მომჩივნის შემთხვევაში, სასამართლოების შეფასებით, არ იყო დადგენილი ის ფაქტი, რომ მომჩივანი განიცდიდა გენდერული იდენტობის დარღვევას. პირველი მომჩივნის შემთხვევაში, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე იმის დასადასტურებლად, რომ მართლაც გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია; სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ დაასაბუთა იმ მოტივით, რომ თავად მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიჩნეულ იქნა არასაკმარისად.
2012 და 2013 წლებში საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი საჩივრები სამართლებრივ ასპექტებზე მითითებით. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, მომჩივნები დავობდნენ, რომ აღნიშნული პირობები (რომლებიც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით იყო განსაზღვრული) არღვევდა მათი პირადი ცხოვრების უფლებას და იყო დამამცირებელი.
სამართალი
მუხლი 8: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა განხილულიყო სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს ეკისრებოდა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა.
(a) პირობა, რომლის მიხედვითაც პირის გარეგნობაში შეტანილი ცვლილება ადრე არსებული მდგომარეობის აღდგენას შეუძლებელს უნდა ხდიდეს (მეორე და მესამე მომჩივნები) - კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის ბუნდოვანების განსამარტად (მოთხოვნა, რომ სახეზე უნდა იყოს ზემოთ ხსენებული ხარისხის ცვლილება) საფრანგეთის პოზიტიური სამართლით მართლაც დადგინდა, რომ ტრანსგენდერი პირების სქესობრივი იდენტობის აღიარება დამოკიდებულია სტერილიზაციის ოპერაციის ან მკურნალობის დასრულებაზე, რაც თავისი ბუნებითა და ინტენსივობით სტერილობის მაღალი ალბათობით ხასიათდება.
(i) სახელმწიფოს [თავისუფალი] შეფასების ფარგლები - მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაციის კრიტერიუმებთან მიმართებით, წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი კონსენსუსი არ არსებობს და ამასთან, რისკის ქვეშ იდგა საჯარო ინტერესები, ქვემოთ მოცემულმა გარემოებებმა უბიძგა სტრასბურგის სასამართლოს მიეჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფო სარგებლობდა შეფასების მხოლოდ ვიწრო ფარგლებით:
- აღნიშნული საჩივრების მთავარ არსს წარმოადგენს ინდივიდის იდენტობის არსებითი ასპექტები: ერთი მხრივ, ფიზიკური ხელშეუვალობა (სტერილიზაცია); მეორე მხრივ, სექსუალური იდენტობა.
- გარდა ამისა, 2009-2016 წლებში [აღნიშნული] სადავო პირობა ამოიღეს 11 ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთის კანონმდებლობიდან და მსგავსი რეფორმების გატარების შესაძლებლობა განიხილეს სხვა წევრ სახელმწიფოებშიც. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტრანსგენდერიზმის გაგების თვალსაზრისით განვითარებული ცვლილებების საფუძველზე, ბოლო წლებში ევროპაში დამკვიდრდა ტენდენცია მოცემულ კრიტერიუმზე (იგულისხმება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა) უარის თქმის მიმართულებით.
- უფრო მეტიც, მრავალმა ევროპულმა და საერთაშორისო აქტორმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში, ნათლად გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა სტერილიზაციის კრიტერიუმის გაუქმებასთან დაკავშირებით, მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ან მის პარალელურად.
(ii) შეპირისპირებულ ინტერესთა შედარება - საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობის პრინციპისა და სამოქალაქო სტატუსის საიმედოობის, თანმიმდევრულობის და უფრო ზოგადად, სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დაცვა.
თუმცა, იმ კონკრეტული დროისათვის საფრანგეთის პოზიტიური კანონმდებლობა ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს გადაუჭრელი დილემის წინაშე აყენებდა: მათ შეეძლოთ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გაეკეთებინათ სქესის შეცვლის ოპერაცია ან დაეწყოთ მკურნალობა სტერილიზაციისთვის და ამით უარი ეთქვათ, საკუთარი ფიზიკური ხელშეუვალობის პატივისცემის უფლებით სრულად სარგებლობაზე; ან უარი ეთქვათ მათი სექსუალური იდენტობის აღიარებაზე და შეაბამისად, დაეკარგათ ამავე უფლებით სრულად სარგებლობის შესძლებლობა.
[ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მოსაზრებით, ტრანსგენდერი პირების სექსუალური იდენტობის აღიარებისთვის ისეთი წინაპირობის დაწესება, როგორიცაა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება ან სტერილიზაციასთან დაკავშირებული შესაბამისი მკურნალობა - ან ისეთი პროცედურის ჩატარება, რომელიც დიდი ალბათობით იმავე ეფექტს წარმოშობდა - მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით სრულად სარგებლობას პირობითს ხდიდა; კერძოდ, პირი აღნიშნული უფლებით სრულად ისარგებლებდა თუ უარს იტყოდა, გამოეყენებინა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, რაც გათვალისწინებული იყო არამხოლოდ კონვენციის მე-8, არამედ მე-3 მუხლითაც.
შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ საჯარო და ინდივიდუალურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი ვერ იქნა დაცული.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ).
(b) გენდერული იდენტობის დარღვევის დიაგნოზი (მეორე მომჩივანი) - მომჩივანი დავობდა, რომ ტრანსგენდერობა არ იყო დაავადება და ის ფაქტი, რომ თითქოს სექსუალური იდენტობა წარმოიშობა [გარკვეული] ფსიქოლოგიური ან სამედიცინო მდგომარეობიდან წარმოადგენდა სტიგმატიზებულ შეხედულებას. იგივე ხედვა იყო გამოხატული ადამიანის უფლებათა ეროვნული საკონსულტაციო კომისიის (Commission nationale consultative des droits de l’homme - CNCDH) მიერ 2013 წელს გამოთქმულ მოსაზრებაში.
(I) სახელმწიფოს [თავისუფალი] შეფასების ფარგლები - მიუხედავად იმისა, რომ რისკის ქვეშ იდგა ტრანსგენდერი პირების იდენტობის მნიშვნელოვანი ასპექტი იმ თვალსაზრისით, რომ საქმე ეხებოდა მათი სქესობრივი იდენტობის აღიარებას, ქვემოთ მოცემულმა გარემოებებმა უბიძგა სტრასბურგის სასამართლოს, დაესკვნა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოები ინარჩუნებდნენ შეფასების ფართო ფარგლებს იმ საკითხის განსაზღვრისას, ერთ-ერთ წინაპირობად დაეწესებინათ თუ არა წინასწარი ფსიქოლოგიური დიაგნოზის გაკეთება.
- ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებობდა თითქმის ერთიანი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი პირების სექსუალური იდენტობის სამართლებრივი აღიარება შესაძლებელი იყო;
- „ტრანსექსუალიზმზე“ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს - „დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია“ (ICC-10; no. F64.0) მე-5 თავში, რომელიც „ფსიქიკურ და ქცევით დარღვევებს“ ეხება.
- სტერილიზაციისგან განსხვავებით, ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის გავლის ვალდებულება პირდაპირ არ ხდის სადავოდ პირის ფიზიკურ ხელშეუვალობას;
- მეორეხარისხოვან ფაქტორად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ევროპულ და საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც მუშაობენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობაზე, ამ საკითხთან მიმართებით ისეთი მყარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, როგორიც ეს სტერილიზაციასთან დაკავშირებით გააკეთეს.
(II) შეპირისპირებულ ინტერესთა შედარება - საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლეს ორგანოზე დაყრდნობით, 2009 წელს მოთხოვნა, რომ გენდერული იდენტობის აშლილობა დადგენილიყო წარმოადგენდა „დიფერენციალური დიაგნოზის“ სახელით ცნობილი მიდგომის ნაწილს. ის მიზნად ისახავდა ენდოკრინოლოგიური ან ქირურგიული მკურნალობის დაწყებამდე, ექიმების დარწმუნებას იმაში, რომ პაციენტის მდგომარეობა არ იყო გამოწვეული სხვა მიზეზებისგან.
ეს კონკრეტული მოთხოვნა, მიზნად ისახავდა იმ პირთა ინტერესების დაცვას, რომლებსაც სურთ, დარწმუნებით იცოდნენ, რომ სამართლებრივი იდენტობის შეცვლის პროცედურა არ დაუწყიათ მცდარ საფუძველზე დაყრდნობით.
უფრო მეტიც, მოცემულ საკითხზე მომჩივნის ინტერესები ნაწილობრივ ფარავს საჯარო ინტერესს, რომელიც პირის სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობის პრინციპის, სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი რეესტრის უტყუარობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპთა დაცვას უკავშირდება. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ეს მოთხოვნა ასევე ხელს უწყობდა სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ რეესტრში სქესის შეცვლისას სტაბილურობის უზრუნველყოფას.
მომჩივნის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად სადავო წინაპირობის შენარჩუნებით, მოპასუხე სახელმწიფო სათანადოდ გამოიყენა მისი შეფასების ფართო ფარგლები და შედეგად, დაიცვა სამართლიანი ბალანსი შეპირისპირებულ ინტერესთა შორის.
დასკვნა: დარღვევა არ დადგენილა (ერთხმად).
(c) სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ვალდებულება (პირველი მომჩივანი) - მომჩივანი, რომელმაც აირჩია, საზღვარგარეთ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება, ეროვნული სასამართლოების წინაშე დავობდა, რომ მან ამ გზით შეასრულა არსებული კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რომლებიც სამოქალაქო სტატუსში ცვლილების შეტანისთვის იყო საჭირო. ექსპერტის სადავო დასკვნა, რომელიც მიზნად ისახავდა მომჩივანთა განცხადებების სისწორის დადასტურებას, საქმის წარმოებისას მოსამართლის მიერ იქნა დანიშნული, როგორც მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის შემადგენელი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესის ფარგლებში წევრ სახელმწიფოებს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსგან ძალიან ფართო დისკრეცია აქვთ მინიჭებული.
არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება თვითნებური იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ეროვნულ სასამართლოებს ანიჭებდა შეუზღუდავ დისკრეციას, დაენიშნათ ნებისმიერი საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის მოეთხოვათ სამედიცინო დასკვნის შემუშავება იმ მიმართულებით, სადაც მათ არ გააჩნდათ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, საკმარისი მტკიცებულებები. ეროვნულმა სასამართლომ მიუთითა ზუსტ მიზეზებზე, თუ რატომ მიიჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად; შედეგად, მან დანიშნა სამი სხვადასხვა, თუმცა ურთიერთშემავსებელი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი, რომლებსაც დაევალათ ამ ძალზედ სპეციფიკური ამოცანის შესრულება.
შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო სამედიცინო დასკვნა მოიცავდა გენიტალიურ გამოკვლევას, ჩარევის ფარგლები დასაშვები იყო. მომჩივნის მოთხოვნაზე უარის თქმის სადავო საფუძვლის შენარჩუნებით, სახელმწიფომ შეძლო დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგენილა(ერთხმად).
კონვენციის 41-ე მუხლი: არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დარღვევის დადგენა საკმარისი იყო.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy