© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
Eეფლბაი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივარი no. 44306/98)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
6 მაისი, 2003
საბოლოო
24/09/2003
საქმეში ეფლბაი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
ბ-ნი მ. პელონპა, პრეზიდენტი,
სერ ნიკოლას ბრატცა,
ქ-ნი ე. პალმი,
ქ-ნი ვ. სტრაჟნიჩკა,
ბ-ნი რ. მარუსტე,
ბ-ნი ს. პავლოვსჩი,
ბ-ნი ლ. გარლიცკი, მოსამართლეები
და ბ-ნი მ. ო’ ბოილი, სექციის გამწესრიგებელი,
2003 წლის 8 აპრილს გამართული საიდუმლო თათბირის შედეგად,
აცხადებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ბოლოს მოხსენიებულ დღეს
P
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no.44306/98) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (ამიერიდან “კომისია”) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ამიერიდან “კონვენცია”) 25-ე მუხლის საფუძველზე გაერთიანებული სამეფოს სამი მოქალაქის, ქ-ნი ეილინ აფლბაის, ქ-ნ პამელა ბერისფორდის, ბ-ნი რობერტ ალფონსუსისა და გარემოს დაცვის ჯგუფის, “ვაშინგტონის პირველი ფორუმის” (“Washington First Forum”) (“მოსარჩელეები”) მიერ 1998 წლის 1 სექტემბერს.
2. მოსარჩელეები, რომელთაც მიენიჭათ სამართლებრივი დახმარება, წარმოდგენილი იქნენ ბ-ნი ჯ. უელჩის მიერ, რომელიც არის მაღაზიათა ქსელის “ლიბერტის” (Liberty) ადვოკატი და საქმიანობს ლონდონში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის (“მთავრობა”) წარმომადგენლობა გასწია მისმა აგენტმა, ბ-ნმა ს. ჰუმერსლიმ.
3. მოსარჩელეებს ნაგულვები აქვთ, რომ მათ აეკრძალათ ქალაქის ცენტრში, კერძო კომერციულ ცენტრში ხალხთან შეხვედრა ადგილობრივი განვითარების შესახებ შემოთავაზებული გეგმების თაობაზე ინფორმაციისა და იდეების გასავრცელებლად. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებს.
4. საჩივარი სასამართლოს გადაეცა 1998 წლის 1 ნოემბერს, როდესაც კონვენციის ოქმი No. 11 ძალაში შევიდა (No. 11 ოქმის მე-5 (§2) მუხლი).
5. საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე (§1) მუხლი).
6. 2001 წლის 1 ნოემბერს სასამართლომ შეცვალა თავისი სექციების შემადგენლობა (რეგლამენტის მე-5 (§1) მუხლი). საქმე განსახილველად გადაეცა ახლადშექმნილ მეოთხე სექციას (რეგლამენტის 52-ე (§1) მუხლი). ამ სექციის პალატა, რომელმაც უნდა განიხილოს საქმე (კონვენციის 27-ე (§1) მუხლი), შექმნილია რეგლამენტის 26-ე (§1) მუხლის შესაბამისად.
7. საქმის საჯარო მოსმენა საჩივრის მისაღებობისა და არსებით საკითხებზე გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2002 წლის 15 ოქტომბერს (რეგლამენტის 54-ე (§3) მუხლი).
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
(a) მთავრობის მხრიდან:
ბ-ნი ს. ჰუმერსლი, აგენტი,
ბ-ნი ჯ. ქროუ, დამცველი,
ქ-ნი ჯ.-ა. მაქკენზი, მრჩეველი,
(b) მოსარჩელეთა მხრიდან :
ბ-ნი რ. სინგი, დედოფლის მრჩეველი,
ბ-ნი ა. შარლანდი, დამცველი,
ქ-ნი ჯ. სოიერი, მრჩეველი,
საქმის მოსმენას ასევე ესწრებოდნენ მოსარჩელეები ქ-ნი აფლბაი და ბ-ნი ბერისფორდი.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ქროუსა და ბ-ნი სინგის მიმართვები.
8. 2002 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პალატამ საჩივარი მისაღებად ცნო.
9. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების თაობაზე, რასაც მთავრობამ პასუხი გასცა.
Fფაქტებისაქმის გარემოებები
10. პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეები დაბადებულნი არიან, შესაბამისად, 1952, 1966 და 1947 წელს და ცხოვრობენ ვაშინგტონში (Tyne and Wear), სადაც ასევე დაფუძნებულია მეოთხე მოსარჩელე, გარემოს დამცველთა ჯგუფი, რომელიც მოსარჩელეების მიერ არის დაარსებული.
11. ვაშიგტონის ახალი ცენტრი ცნობილია სახელწოდებით “გალერეები” (“the Galleries”) და მდებარეობს კერძო კომპანია Postel Properties Limited-ის (ამიერიდან “Postel”) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ქალაქის ეს ცენტრი თავდაპირველად აშენებული იქნა ვაშინგტონის განვითარების კორპორაციის (Washington Development Corporation) (ამიერიდან “კორპორაცია”) მიერ, რომელიც დაარსებულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ “ახალი” ცენტრის აშენების შესახებ პარლამენტის კანონის შესაბამისად. 1987 წლის 30 დეკემბერს ცენტრი გაიყიდა და იგი შეიძენა კორპორაცია Postel –მა.
12. გალერეები, რომლებსაც იმ xanad Postel-ი ფლობდა, წარმოადგენდა კომერციულ ცენტრს (ორი ჰიპერმარკეტითა და უამრავი მაღაზიით), გარშემო ავტოსადგომებით, რომელიც განკუთვნილი იყო დაახლოებით 3,000 ავტომანქანისა და ქვეითად მოსიარულეთა შესაბამისი სავალი ბილიკებისათვის. ამ არემარეში ასევე განლაგებული იყო კომუნალური სამსახურები. თუმცა, დასაქმების ბიურო და საჯარო ბიბლიოთეკა ეკუთვნოდა ქალაქის მუნიციპალურ საბჭოს. სოციალური მომსახურების ბიურო და ჯანმრთელობის ცენტრი იჯარით საბჭოს გადაეცა სახელმწიფო მდივნის (მინისტრის) მიერ, ხოლო პოლიციის განყოფილება კი ნორთუმბრიას პოლიციის განკარგულებაში იყო. იქვე იყო ფოსტა და საბინაო დეპარტამენტი, რომლებიც Postel-მა იჯარით გადასცა საბჭოს.
13. დაახლოებით 1997 წლის სექტემბერში, ქალაქის საბჭომ საუნდერლენდის კოლეჯის ქალაქს (City of Sunderland College) მისცა ვაშინგტონში მდებარე პრინცესა ანას პარკის ერთ ნაწილში მშენებლობის ნებართვა. ეს პარკი ცნობილია სახელწოდებით “არენა”. “არენა” წარმოადგენს ერთადერთ სათამაშო მინდორს ვაშინგტონის ცენტრალურ ნაწილში და იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის. პირველმა სამმა მოსარჩელემ სხვა გულნატკენ მოსახლეობასთან ერთად დააფუძნა მეოთხე მოსარჩელე, რათა ეწარმოებინა კამპანია კოლეჯის წამოწყების წინააღმდეგ და დაერწმუნებინა ქალაქის საბჭო, არ გაეცა ამ მინდორზე მშენებლობის ნებართვა.
14. 1998 წლის 14 მარტს, პირველმა მოსარჩელემ, თავის ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად, გალერეების კომერციული ცენტრის შესასვლელთან დადგა ორი დგარი, რომელზედაც გამოაკრა ღია სივრცის მოსალოდნელი დაკარგვის გამო განგაშის მაუწყებელი პლაკატები და შეუდგა ხელმოწერების შეგროვებას ქალაქის საბჭოში წარსადგენად ვაშინგტონის პირველი ფორუმის სახელით. Postel-ის მიერ დაქირავებულ უსაფრთხოების მცველებს არ სურდათ, რომ პირველ მოსარჩელესა და მის დამხმარეებს გაეგრძელებინათ ხელმოწერების შეგროვება Postel-ის საკუთრებაში მყოფ მიწასა თუ მისი სხვა უძრავი ქონების ტერიტორიაზე. მოსარჩელე იძულებული გახდა ჩამოეღო პლაკატები და შეეწყვიტა ხელმოწერების შეგროვება.
15.1998 წლის მარტში ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის მენეჯერმა ნება დართო მოსარჩელეს დაედგა დგარები ამ მაღაზიის ტერიტორიაზე, რაც მოსარჩელეს აძლევდა ხალხისათვის თავისი შეტყობინებების გადაცემისა და ხელმოწერების შეგროვების შესაძლებლობას, თუმცაღა, ეს ხალხის შედარებით უფრო მცირე რაოდენობასთან კომუნიკაციას გულისხმობდა. ამასთან, ასეთივე ნებართვა მოსარჩელეს აღარ მისცეს 1998 წლის აპრილში, როდესაც მან მოინდომა ხელმოწერების შეგროვება შემდგომი პეტიციისათვის.
16. 1998 წლის 10 აპრილს, მესამე მოსარჩელემ, როგორც ვაშინგტონის პირველი ფორუმის მოქმედმა თავმჯდომარემ, გალერეების მენეჯერს მისწერა წერილი თხოვნით, ნება მიეცათ მათთვის დადგათ დგარები და შეეგროვებინათ ხალხის ხმები ან საკუთრივ კომერციული ცენტრის შიგნით, ანდა მისი მოსაზღვრე ავტოსადგომის ტერიტორიაზე და ამ ნებართვის სანაცვლოდ შესთავაზა გარკვეული თანხის გადახდა. თავის 1998 წლის 14 აპრილის პასუხში, გალერეების მენეჯერმა უარი განუცხადა მას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ხელმისაწვდომობაზე. წერილში მითითებული იყო:
“გალერეები უნიკალურია იმ გაგებით, რომ იგი ქალაქის ცენტრია, და იმავდროულად, კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
ყველა პოლიტიკურ თუ რელიგიურ საკითხთან მიმართებაში მესაკუთრე იცავს მკაცრ ნეიტრალიტეტს, და მე ვალდებული ვარ ცხოვრებაში გავატარო ეს ფილოსოფია.
შესაბამისად, იძულებული ვარ, უარი გითხრათ ნებართვის მიცემაზე, პეტიციის წარსადგენად თქვენი საქმიანობა აწარმოოთ გალერეებში ან მისი მოსაზღვრე ავტოსადგომების ტერიტორიაზე.”
17. 1998 წლის 19 აპრილს მესამე მოსარჩელემ ხელახლა მისწერა წერილი გალერეების მენეჯერს თხოვნით, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისათვის, მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ იქნა დატოვებული.
18. მეოთხე მოსარჩელე აგრძელებდა თავის მცდელობას, მიეპყრო ხალხის ყურადღება დგარების დადგმით გზისპირებზე არსებულ ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებზე და ასევე ქალაქის ძველ ცენტრში, კონკორდში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ მას ვაშინგტონის მოსახლეობის გაცილებით ნაკლები რაოდენობა სტუმრობდა.
19. ქალაქის საბჭოში სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი წერილების შეტანის ბოლო ვადა იწურებოდა 1998 წლის 1 მაისს. 1998 წლის 30 აპრილს მოსარჩელეებმა წარადგინეს მათ მიერ მოპოვებული 3,200 წარმომადგენლობითი წერილი.
20. მეოთხე მოსარჩელემ შეადგინა იმ ასოციაციებისა და სხვათა სია, ვისაც გალერეების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, შეგროვების (პროდუქტების, ხელმოწერების ან სხვ), დგარების დადგმის ან ექსპოზიციის ნება დაერთოთ. მათ შორის იყვნენ: მაშველი არმია (შეგროვება შობის წინ), ადგილობრივი სკოლების საეკლესიო გუნდი (საშობაო გალობა და შეგროვება), მოწევის შეწყვეტის კამპანია (საჯარო ექსპოზიცია ნიკოტინის მისაკრავების (სტიკერების) გადაყრით სისხლის გადასხმის სამსახური (სისხლის შეგროვება), ბრიტანეთის სამეფო ლეგიონი (შეგროვება ზავის დღესთან დაკავშირებით), სხვადასხვა ფოტოგრაფები (რეკლამირება და ფოტოების გადაღება) და “ბრიტანეთის გაზი” (პერსონალის მიერ რეკლამების ექსპოზიცია).
21. 2001 წლის 31 იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში სანდერლენდის მუნიციპალურმა საბჭომ ჩაატარა საკონსულტაციო კამპანია სახელწოდებით “თქვენი საბჭო, თქვენი არჩევანი” და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აცნობა მომავალ საბჭოში სამ წამყვან ჯგუფს შორის არჩევანის თაობაზე; მას ნება დაერთო გალერეები გამოეყენებინა ამ მიზნით. ეს გახლდათ კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი მმართველობის შესახებ 2000 წლის კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე. ამ კანონის ძალით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოეთხოვებოდა შეემუშავებინა წინადადებები “აღმასრულებელი ფუნქციების” განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და მიეღო კონსულტაციები ამომრჩევლებისაგან სახელმწიფო მდივანთან მის გაგზავნამდე. დაახლოებით 8,500 ადაამიანმა გასცა პასუხი ასეთი გამოკითხვის წესით.
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
22. საერთო სამართლის მიხედვით, ზოგიერთ გარემოებებში, ნაგულისხმებია, რომ კერძო საკუთრების მფლობელი მოიწვევს საზოგადოების წევრებს თავის მიწაზე კანონიერი მიზებისათვის. აღნიშნული შეეხება კომერციული დანიშნულების საკუთრებას, როგორიცაა მაღაზიები, თეატრები და რესტორნები, ისევე როგორც პირად საკუთრებას (მაგალითად, არსებობს პრეზუმფცია, რომ სახლის მესაკუთრე ნებას რთავს ხალხს, მიუახლოვდეს მისასვლელი ბილიკით მის შესასვლელ კარს წერილებისა და გაზეთების მისატანად ანდა პოლიტიკური აგიტაციის მიზნით). მესაკუთრეს შეუძლია, თავისი სურვილისდა მიხედვით, უარი თქვას ყოველგვარ ასეთ წინასაწარ ნაგულისხმებ ნებადართულობაზე. კერძო პირის უფლებაუნარიანობა, გაყაროს ხალხი თავისი მიწიდან, ხელშეუვალია და იგი არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი საქციელი მართებულობა ან გონივრულობა.
23. საქმეში CIN Properties Ltd v. Rawlins ([1995] 2 EGLR (Estates Gazette Law Reports) 130), მოსარჩელეები (ახალგაზრდა მამაკაცები) არ შეუშვეს უელინგბოროუში არსებულ სავაჭრო ცენტრში, რამდენადაც კერძო კომპანიის მფლობელმა CIN-მა მიიჩნია, რომ მათი საქციელი შემაწუხებელი იყო. სააპელაციო სასაამართლომ დაადგინა, რომ CIN-s გააჩნდა უფლება, გადაეწყვიტა ნებისმიერი ნებართვის საკითხი, რაც შეიძლებოდა მოსარჩელეებს ჰქონოდათ ცენტრში შესასვლელად. ამ გადაწყვეტილებაში, ლორდმა ფილიპსმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ქვეითად მოსიარულეთა გასასვლელების საკითხზე არავითარი შეთანხმება არ ჰქონდა დადებული კომპანიასთან ავტობანების შესახებ 1971 წლის კანონის მე-18 (1) მუხლის გაგებით (მოგვიანებით ჩანაცვლებულ იქნა ავტობანების შესახებ 1980 წლის კანონის 35-ე მუხლით), რომელიც გაითვალისწინებდა ქვეითად მოსიარულეთა გასასვლელებს, როგორც გზაზე ხალხის უფლებას, და რომელიც ადგილობრივ საბჭოს აღჭურავდა უფლებამოსილებით, კანონით დაერეგულირებინა გზის უფლების გამოყენება. გარდა ამისა, არ არსებობდა არც ნებართვის სამართლიანობის დამადასტურებელი საფუძვლები. ლორდმა ფილიპსმა ასევე გაითვალისწინა ჩრდილოეთ ამერიკის პრეცედენტული სამართალი, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელეთა არგუმენტებს საზოგადოების ზოგიერთი უფლების აღიარების თაობაზე:
“ ყველაზე უფრო აშკარად შესატყვისია ორი ჩრდილოეთ ამერიკული საქმე. საქმეში Uston v. Resorts International Inc. (1982) N.J. 445A.2d 370, ნიუ ჯერსის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა საერთო პრინციპი, რომ საკუთრების მფლობელი _ სათამაშო კაზინოსთან დაკავშირებულ ამ საქმეში _ ნებას რთავს ხალხს შევიდეს მისი უძრავი ქონების ტერიტორიაზე მისივე ქონებრივი უფლებების ინტერესებიდან გამომდინარე. მას არა აქვს უფლება უსაფუძვლოდ გაყაროს ხალხი მისი საკუთრებიდან; პირიქით, მას ეკისრება ვალდებულება, არ მოეპყრას მის ტერიტორიაზე შესულ ადამიანებს თვითნებურად ან დისკრიმინაციულად. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმავე სასამართლოს მიერ saqmeze State v. Schmid (1980) N.J მიღებულ ადრინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც აშკარად გადაიხარა კონსტიტუციის პირველი დამატებით გათვალისწინებული თავისუფლებების სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული ეს პრინციპი ინგლისურ სამართალში არ გამოიყენება.
საქმეში Harrison v. Carswell (1975) 62 D.L.R. 3d 68 კანადის უზენაესი სასამართლო შეეხო სავაჭრო ცენტრის მოქირავნეს მიერ დაქირავებული პირის უფლებას, პიკეტი მოეწყო თავისი დამქირავებლისათვის სავაჭრო ცენტრში, ამ ცენტრის მესაკუთრის სურვილის საწინაარმდეგოდ. უზენაესი სასამართლოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მას არ გააჩნდა ამგვარი უფლება და რომ ცენტრის მესაკუთრე ახორციელებდა საკმარის კონტროლს და გააჩნდა საკმარისი ქონება საერთო სარგებლობის ადგილებში, რათა განეხორციელებინა კანონიერი საპასუხო ღონისძიებები საკუთრების უფლების დარღვევისათვის. თუმცა, მ. ასკინმა, კანადის მთავარმა მოსამართლემ, გამოხატა სრულიად განსხვავებული აზრი, რომლის მიხედვითაც, რამდენადაც სავაჭრო ცენტრი თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი ხალხისათვის, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხი არ იყო მასში შესული მესაკუთრის კაპრიზზე დამოკიდებული გაუქმებადი ნებართვის წყალობით. მისი თქმით, საქმე მოითხოვდა ახალი სოციალური ფაქტების შესატყვის სამართლებრივ ჩარჩოში განხილვას და
“ თუ აუცილებელია სამართლებრივ ვითარებათა კლასიფიკაცია, რომელიც, ჩემი აზრით, ასეთი ტიპის საჯარო ადგილების მქონე სავაჭრო ცენტრის გახსნის შედეგად წარმოიშობა (სულ მცირე, მაშინ, როდესაც ცენტრის გახსნისას არ ყოფილა გაცხადებული ადამიანთა რომელიმე კატეგორიისათვის შეზღუდვების დაწესების შესახებ), ვიტყოდი, რომ ხალხი წარმოადგენს პრივილეგირებულ სტუმარს და მისი პრივილეგია მხოლოდ ცუდი საქციელის (და საჭიროდ არ მიმაჩნია, დავაზუსტო, თუ რას იგულისხმება ამაში), ან უკანონო საქიანობის გამო შეიძლება გაუქმდეს. ასეთი თვალსაზრისი შეესაბამება როგორც სავაჭრო ცენტრის მესაკუთრის, ისე ხალხის ინტერესებს, არცერთს არ აყენებს ზიანს და აღიარებს საერთო თუ ურთიერთდაკავშირებულ კომერციულ ინტერესს სავაჭრო ცენტრის მესაკუთრის, მეწარმე დამქირავებელი პირისა და საზოგადოების წევრებისა, რომლებისთვისაც სავაჭრო ცენტრი დაარსდა.”
Uუკვე აღვნიშნე, რომ ეს იყო გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებული აზრი. ამის მიუხედავად, (მოსარჩელის) დამცველმა, წამოაყენა წინადადება, რომ იგი გამოეყენებინათ წინამდებარე საქმეში. ვიზიარებ, რომ სასამართლოები მზად უნდა იყვნენ, რომ სამართალი, როდესაც ეს აუცილებელია, ახალ სოციალურ ფაქტებს შეუსაბამონ. თუმცა, ასეთი აუცილებლობა ახლა არ არსებობს, რამდენადაც პარლამენტმა უკვე მიიღო ახალ სოციალურ ფაქტებთან მიმართებაში ადეკვატური დებულებები ავტობანების შესახებ 1971 წლის კანონის მე-18 მუხლში და ავტობანების შესახებ 1980 წლის კანონის 35-ე მუხლში. (Harrison v. Carswell-ს საქმეზე არსებული გადაწყვეტილება არ მიუთითებს კანადაში არსებული რაიმე მსგავსი კანონის შესახებ.) როდესაც პარლამენტი კანონით განსაზღვრავს, ხოლო საბჭო, როგორც ხალხის წარმომადგენელი ირჩევს, არ გამოიყენოს კანონით შესაძლებელი მექანიზმი, ასეთ შემთხვევაში სასამართლო აღარ უნდა ჩაერიოს.
მე ვიზიარებ ამ აპელაციას... იმ საფუძვლით, რომ CIN-ს, მხოლოდ რასების ურთიერთობის შესახებ 1976 წლის კანონის მე-20 მუხლით დადგენილი პირობების დაცვით გააჩნდა უფლება, განესაზღვრა ცენტრში შესვლის ნებართვა, რომელიც (მოსარჩელეს) შეიძლება ჰქონოდა. ”
III. საქმეები სხვა იურისდიქციებიდან
24. მხარეებმა მიუთითეს შეერთებული შტატებისა და კანადის პრეცედენტული სამართალი.შეერთებული შტატები
25. ფედერალური კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.
26. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადაასტურა საერთო უფლების არსებობა სიტყვის თავისუფლების განსახორციელებლად ზოგიერთი ისეთი ტიპის საჯარო ადგილების ხელმისაწვდომობაზე, როგორიცა ქუჩები და პარკები, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით “ ხალხის ფორა ” (Hague v. Committee for Industrial Organisation, 307 U.S. (შეერთებული შტაები: უზენაესი სასამართლოს ანგარიში) 496 (1939)). საქმეშიMarsh v. Alabama (326 U.S. 501, 66 S.Ct. (უზენაესი სასამართლოს მაცნე) 276, 90 L.Ed. (შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ანგარიშები, ადვოკატების გამოცემა, 265 (1946)), უზენაესმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ კერძო საკუთრებაში არსებული კორპორაციული ქალაქი (კომპანიის ქალაქი), რომელსაც გააჩნდა ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტის ყველა მახასიათებელი, ექვემდებარებოდა პირველი შესწორებით გათვალისწინებულ სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებას. მიჩნეულ იქნა, რომ პირველი შესწორება არ მოითხოვდა კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, როგორიც იყო სავაჭრო ცენტრი, ხელმისაწვდომობას, იმ მიზეზის გამო, რომ აუცილებელი იყო საქმე ჰქონოდათ “ სახელმწიფოს ქმედებასთან ” (სახელმწიფოს ჩარევის გარკვეულ ხარისხთან), რათა პირველი შესწორების გამოყენება შესაძლებელი გამხდარიყო (მაგალითისათვის იხ. Hudgens v. NLRB, 424 U.S. 507 (1976)).
27. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაიკავა პოზიცია, რომლის თანახმადაც, პირველი შესწორება კერძო სავაჭრო ცენტრების მესაკუთრეებს არ აღუკვეთავს უფლებას, აკრძალონ თავიანთი უძრავი ქონების ტერიტორიაზე ფურცლების გავრცელება, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ მათ საქმიანობასთან (Lloyd Corp. v. Tanner, 47 U.S. 551, 92 S.Ct. 2219, 33 L.Ed. 2d 131 (1972)). თუმცაღა, ეს შტატის კონსტიტუციურ დებულებებს ხელს არUუშლის, დაამკვიდრონ ფედერალურ კონსტიტუციასთან შედარებით უფრო ფართო თავისუფლება და ინდივიდებს მიანიჭონ უფლება, გონივრულად განახორციელონ სიტყვისა და პეტიციის უფლებები კერძო მფლობელობაში არსებულ კომერციულ ცენტრებში, სადაც ხალხია მოწვეული; ეს არ არღვევდა სავაჭრო ცენტრის მფლობელის საკუთრების უფლებებს, რამდენადაც საკუთრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა როდი წარმოადგენდა კომპენსაციის გარეშე ქონების ჩამორთმევას; ამასთან, ეს არ ეწინააღმდეგებოდა არც ფედერალური კონსტიტუციის სხვა დებულებებს (Pruneyard Shopping Center v. Robbins, 447 U.S. 74, 64 L.Ed. 2d 741, 100 S.Ct. 2035 (1980)).
28. ზოგიერთი შტატის სასამართლომ მიიჩნია, რომ სავაჭრო ცენტრებისადმი ხელმისაწვდომობა გამომდინარეობდა მათი შტატის კონსტიტუციური დებულებებიდან, რომელთა თანახმადაც ინდივიდს გააჩნია კანონის ინიციატივის უფლება შესაბამის პეტიციაზე განსაზღვრული ოდენობის ხელმოწერების შეგროვების გზით, აგრეთვე უფლება, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა რომელიმე არჩევით თანამდებობაზე გარკვეული რაოდენობის ხელმოწერის შეგროვების მეშვეობით (მაგალითისათვის იხ. Batchelder v. Allied Stores Int’l, N.E. (West’s North Eastern Reporter) 2d 590 (მასაჩუსეცი, 1983); Lloyd Corp. v. Whiffen, 849 P. (West’s Pacific Reporter) 2d 446, 453-54 (ორეგონი, 1993); Southcenter Joint Venture v. National Democratic Policy Comm., 780 P.2d 1282 (ვაშინგტონი, 1989)). ზოგიერთ საქმეში აღიარებულ იქნა სახელმწიფოს ვალდებულების არსებობა, რომელიც მისი ჩარევის შედეგად წარმოიშობოდა, მაგალითად, საქმე Bock v. Westminster Mall Co., 819 P. 2d 55 (კოლორადო, 1991) (სავაჭრო ცენტრს საჯარო ხასიათი გააჩნდა მის განვითარებაში საჯარო ხელისუფლების ფინანსური მონაწილეობისა და ცენტრის საერთო სარგებლობის სივრცეში არაერთი საჯარო დაწესებულების არსებობის გამო) da საქმე Jamestown v. Beneda, 477 N.W. (West’s North Western Reporter) 2d 830 (ჩრდილოეთ დაკოტა, 1991) (სადაც, მართალია, სავაჭრო ცენტრის მფლობელი საჯარო დაწესებულება იყო, მაგრამ იგი კერძო დეველოპელურ კომპანიაზე იყო გაქირავებული.)
29. სხვა საქმეები, რომლებიც მიუთითებდნენ შტატის კერძო სამართლის მიხედვით საკუთრებაზე ხელმისაწვდომობის გონივრულ უფლებაზე, იყო შემდეგი : საქმე State v. Shack, 277 A. (West’s Atlantic Reporter) 2d 369 (New Jersey, 1971), სადაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ნიუ ჯერსის საკუთრების სამართლის მიხედვით, რეალური უძრავი ქონების მესაკუთრეობა არ მოიცავდა უფლებას, რომ მიგრანტი მუშებისათვის აეკრძალა იქ არსებული საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა, მოცემულ შემთხვევაში, ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ფონდიდან დაფინანსებული, არკომერციული ადვოკატისადმი, რომელიც მიგრანტი მუშების დახმარებას ცდილობდა; კაზინოს შესახებ ნიუ ჯერსის საქმე Uston v. Resorts International, 445 A. 2d 370 (ნიუ ჯერსი, 1982), სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც მესაკუთრე თავის უძრავ ქონებას, თავისივე კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, აცხადებს ხალხისათვის ღიად, მას აღარ აქვს უფლება, საკმარისი საფუძვლის გარეშე გაყაროს ხალხი იქიდან (თუმცა, აღიარებულ იქნა, რომ უმეტესი შტატის კერძო სამართალი არ მოითხოვდა კერძო მფლობელობაში არსებულ საკუთრებაზე გონივრული ხელმისაწვდომობის უფლებას p. 374); და საქმე Streetwatch v. National Railroad Passenger Corp., 875 F. Supp. (West’s Federal Supplement) 1055 (ნიუ იორკის სამხრეთის ოლქი, 1995) რომელიც შეეხებოდა რკინიგზის სადგურიდან უსახლკარო ადამიანების გაყრას.
30. შტატები, სადაც სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ კონსტიტუციებში მითითებული დებულებები სიტყვის თავისუფლების შესახებ არ გამოიყენებოდა კერძო სავაჭრო ცენტრების მიმართ იყვნენ: არიზონა (Fiesta Mall Venture v. Mecham Recall Comm., 767 P. 2d 719 (სააპელაციო სასამართლო, 1989)); კონექტიკუტი (Cologne v. Westfarms Assocs, 469 A. 2დ 1201 (1984)); ჯორჯია (Citizens for Ethical Gov’t v. Gwinnet Place Assoc., 392 S.E. (West’s South Eastern Reporter) 2d 8 (1990)); მიჩიგანი (Woodland v. Michigan Citizens Lobby, 378 N.W. 2დ 337 (1985)); მინესოტა (State of Minnesota v. Wicklund et al., 7 აპრილი, 1998 (სააპელაციო სასამართლო)); ჩრდილოეთ კაროლინა (State of North Carolina v. Felmet, 273 S.E. 2d 708 (1981)); ოჰაიო (Eastwood Mall v. Slanco, 626 N.E. 2d 59 (1994)); პენსილვანია (Western Pa Socialist Workers 1982 Campaign v. Connecticut Gen. Life Ins. Co., 515 A. 2d 1331 (1986)); სამხრეთ კაროლინა (Charleston Joint Venture v. McPherson, 417 S.E. 2d 544 (1992)); ვაშინგტონი (Southcenter Joint Venture v. National Democratic Policy Comm., zemoT აღნიშნული; და ვისკონსინი (Jacobs v. Major, 407 N.W. 2d 832 (1987)).კანადა
31. უფლებებისა და თავისუფლებების კანადური ქარტიის ძალაში შესვლამდე, კანადის უზენაეს სასამართლო იზიარებდა თვალსაზრისს, რომ სავაჭრო ცენტრის მესაკუთრეს შეეძლო ცენტრიდან პროტესტანტების gayra (Harrison v. Carswell, 62 D.L.R. (Dominion Law Reports) 3d 68 (1975)). ქარტიის ძალაში შესვლის შემდეგ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფალი სიტყვის უფლება კერძო მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებშიც ვრცელდებოდა (R. v. Layton, 38 C.C.C. (კანადური სისხლის სამართლის საქმეები) 3d 550 (1986) (პროვინციის სასამართლო, იორკის სასამართლო ოლქი, ონტარიო)). თუმცა, კანადის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გამოთქვა საწინააღმდეგო აზრი; მან დაადგინა ობიტერ, რომ ქარტია არ ადგენდა უფლებას, კერძო საკუთრება გამოყენებული ყოფილიყო, როგორც გამოხატვის ფორუმი (ჯ. მაკლაჩლინი, Committee for Cth of Can. v. Canada [1991] 1 SCR (კანადის უზენაესი სასამართლოს ანგარიში) 139, 228).
samarTaliკონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ
32. კონვენციის მე-10 მუხლი ითვალისწინებს:
“1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, ვინაიდან ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”
A. მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებანი
1. მოსარჩელეები
33. მოსარჩელეთა აზრით, სახელმწიფო პირდაპირ იყო პასუხისმგებელი მათი უფლებების, კერძოდ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებში ჩარევისათვის, რამდენადაც სავაჭრო ცენტრი სწორედ სახელმწიფო დაწესებულების მიერ იყო აშენებული, ხოლო მინისტრმა კი იგი კერძო მფლობელობაში გადასცა. ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო მოეთხოვა, რომ მყიდველს მასთან გასასვლელი ბილიკების თაობაზე შეთანხმება დაედო, რაც გზებისადმი ხელმისაწვდომობას კანონით დაცულს გახდიდა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია.
34. მოსარჩელეებმა ასევე განაცხადეს, რომ სახელმწიფოს გააჩნდა პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველეყო მათი უფლებების განხორციელება გალერეების შიგნით. ინფორმაცია და შეხედულებები, რომელთა გავრცელებაც მათ სურდათ, პოლიტიკური ხასიათისა იყო, ამიტომ მათი გამოხატვის თავისუფლება იმსახურებდა ყველაზე უფრო მაღალი ხარისხით დაცვას. ქალაქის ცენტრის ხელმისაწვდომობა უარსებითესი იყო მათი ამ უფლებების განხორციელებისათვის, რამდენედაც ეს წარმოადგენდა ყველაზე უფრო ქმედით გზას მოსახლეობისათვის თავიანთი იდეების კომუნიკაციისათვის. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებდა, რომ საკუთრივ ადგილობრივმა ხელისუფლებამაც კი გამოიყენა გალერეები ადგილობრივი მმართველობის რეორგანიზაციის შესახებ თავის პოლიტიკურ შეთავაზებაზე მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. უფრო მეტიც. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ნებართვაზე გალერეა გამოეყენებინათ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებათა წინააღმდეგ თავიანთი შეხედულებების გამოსახატად, რაც იმას ადასტურებდა, რომ კერძო მფლობელი სრულიადაც არ იყო ნეიტრალური, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვისთვის უნდა მიეცა ნებართვა და ვისთვის არა. ზემოაღნიშნული პოზიტიური ვალდებულების შესრულება არავითარ ფინანსურ ტვირთს არ აკისრებდა სახელმწიფოს; მას მხოლოდ ის ევალებოდა, რომ სამართლებრივად დაერეგულირებინა საკითხი და შეექმნა საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფდა გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებების ეფექტიან დაცვას ამ უფლებების კერძო მესაკუთრის უფლებებთან დაბალანსების გზით, როგორც ეს მრავალ სხვა ადგილებში ხდებოდა. მოსარჩელეთა აზრით, მოცემულ საქმეში სამართლიანი ბალანსი მიღწეული არ იყო, დაცვა მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ საკუთრების მფლობელს, რომელსაც გააჩნდა სრული დისკრეცია იმის გადაწყვეტისას, თუ ვის უნდა ჰქონოდა მის მიწაზე ხელმისაწვდომობა, მაშინ როდესაც მხედველობაში არ იყო მიღებული ინდივიდები, რომლებიც თავიანთი ინდივიდური უფლებების განხორციელებას ცდილობდნენ.
35. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო, თუ როგორ უნდა გამოესწორებინა ეს ხარვეზი; რომ დეფინიციებთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოვლენილი პრობლემა და ამ დეფინიციების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სირთულეები უნდა გადაწყვეტილიყო დიდი სიფრთხილით მომზადებული კანონმდებლობით. შეიძლება შემოტანილიყო “კვაზი-საზოგადოებრივი მიწის” დეფინიცია, საიდანაც გამოირიცხებოდა, მაგალითად, თეატრები. მათ ასევე მიუთითეს პრეცედენტული სამართალი სხვა იურისდიქციებიდან (კერძოდ, შეერთებული შტატებიდან), სადაც შემუშავებული იქნა გონივრული ხელმისაწვდომობისა და მიწისმფლობელთა თვითნებურად ექსკლუზიური ძალაუფლების შეზღუდვის კონცეფციები, მათ შორის, სავაჭრო ცენტრებისა და საუნივერსიტეტო ქალაქების კონტექსტში. ეს აჩვენებდა, თუ როგორი მიდგომები შეეძლო გამოეყენებინა სახელმწიფოს აღქმული პრობლემების გადასაჭრელად.
2. მთავრობა
36. მთავრობამ აღნიშნა, რომ იმ დროისათვის ქალაქის ცენტრს ფლობდა კერძო კომპანია Postel-ი, და სწორედ Postel-ი იყო ის, ვინც როგორც საკუთრების მფლობელი, ახორციელებდა რა თავის უფლებებს, უარი უთხრა მოსარჩელეებს ნებართვაზე გალერეები თავიანთი საქმიანობისათვის გამოეყენებინათ. მათი მტკიცებით, ასეთ გარემოებებში, სახელმწიფო ვერ ჩაითვლებოდა სუბიქტად, ვისაც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოსარჩელეთა უფლებებში რაიმე ჩარევისათვის. ხოლო ის ფაქტი, რომ მიწა მანამდე ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნოდა, მოცემულ შემთხვევაში რელევანტური არგუმენტი ვერ იქნებოდა.
37. მოსარჩელეთა იმ მტკიცებასთან მიმართებაში, რომ მათი უფლებების დაცვაზე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები ეკისრებოდა, მთავრობამ აღიარა, რომ პოზიტიური ვალდებულებები მართლაც შეიძლებოდა წარმოშობილიყო კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე. მაგრამ, მოცემულ საქმეში, არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, ასეთი ვალდებულებები არ იკვეთებოდა. ნაგულვებ დარღვევას არ მიუყენებია სერიოზული ზიანი მოსარჩელეებისათვის, რამდენადაც მათ გააჩნდათ სხვა შესაძლებლობები, განეხორციელებინათ თავიანთი უფლებები, შეეძლოთ გამოეყენებინათ ისინი და მოეპოვებინათ ათასობით ხელმოწერა თავიანთი პეტიციისათვის. პოზიტიური ვალდებულების აღიარება სახელმწიფოს დააკისრებდა მძიმე ტვირთს. ადგილობრივი ხელისუფლება არ იყო ვალდებული, მიწის გაყიდვისას შეთანხმება დაედო გასასვლელი ბილიკების შესახებ, რათა მისასვლელი ადგილები კანონით რეგლამენტიზაციისათვის დაქვემდებარებინა. სახელმწიფოს უნარიანობა, შეესრულებინა ასეთი ვალდებულება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის გაყიდვის დროს ამგვარი შეთანხმების დადებით, მთლიანად იყო დამოკიდებული შეთანხმების მიღწევაზე მყიდველთან, რომელიც კერძო სექტორს განეკუთვნებოდა და რომელსაც შესაძლოა, საფუძვლიანად არ სურდა, რაიმე ტიპის აგიტაცია დაეშვა თავის მიწაზე და ეფიქრა, რომ პოლიტიკური აგიტაცია, რელიგიური საქმიანობა, ცხოველთა უფლებების დაცვა და სხვა ამგავრი საქმიანობა მისი კომერციული მომსახურების კლიენტებს შეაფერხებდა.
38. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, კონკურენტულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი იყო მიღწეული. მთავრობის აზრით, მოსარჩელეები მხოლოდ ცალმხრივად განიხილავდნენ დაბალანსების საკითხს, მაშინ როდესაც, ქონების მფლობელებს შეეძლოთ გამოეთქვათ ლეგიტიმური პროტესტი, თუკი მათ მოსთხოვდნენ დაეშვათ თავიანთ მიწაზე ხალხი გამოხატვისა თუ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებების განსახორციელებლად; და ეს მაშინ, როდესაც ამ უფლებათა განხორცილელების საშუალებები ფართოდ იყო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ჭეშმარიტად სახელმწიფო მიწებზე და ასევე, მედიაში. როგორც წინამდებარე საქმის ფაქტები ადასტურებდა, მოსარჩელეებს შეეძლოთ აგიტაცია განეხორციელებინათ საჯარო ადგილებში, ქუჩებში, მოედნებსა და საერთო სარგებლობის მიწებზე; შეეძლოთ აგიტაცია ეწარმოებინათ კარდაკარ ან ფოსტის მეშვეობით; შეეძლოთ წერილები მიეწერათ გაზეთებისათვის და ესაუბრათ რადიოთი თუ ტელევიზიით. მთავრობის მტკიცებით, (ევროპული) სასამართლოს საქმე არ იყო, გადმოეცა შიდა კანონმდებლობის სავალდებულო შინაარსი “ კვაზი-საზოგადოებრივი ” მიწის ცუდად ჩამოყალიბებული ცნების შემოღებით, რომლის მიმართაც გონივრული ხელმისაწვდომობის მიდგომა უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ის გარემოება, რომ დამყარებული ბალანსი არავითარ პრობლემას არ ქმნიდა, იმ ფაქტითაც დასტურდებოდა, რომ ამ დრომდე არავითარი სერიოზული დავა არ იყო წარმოშობილი ამ მიმართებით. მოსარჩელეთა მიერ მითითებული საქმეები კანადიდან და შეერთებული შტატებიდან, მოცემულ საქმეში არ იყო რელევანტური, რამდენადაც ისინი შეეხებოდა განსხვავებულ სამართლებრივ დებულებებსა და განსხვავებულ ფაქტობრივ ვითარებებს; ყოველ შემთხვევაში, ისინი არ მეტყველებდნენ დომინანტურ ტენდენციაზე, რომლის შესაბამისადაც “ კვაზი-საზოგადოებრივი ” მიწების მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
B. სასამართლოს შეფასება
1. ძირითადი პრინციპები
39. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს გამოხატვის თავისუფლების გადამწყვეტ მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის. უდავოა, რომ ამ თავისუფლების ქმედითი განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობის ვალდებულების შესრულებაზე როდია დამოკიდებული; იგი იმავდროულად შეიძლება მოითხოვდეს დაცვის პოზიტიური ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ინდივიდებს შორის ურთიერთობის სფეროშიც (იხ. Özgür Gündem v. Turkey, no. 23144/93, §§ 42-46, ECHR 2000-III, 2000 წლის 29 თებერვალი, სადაც მიჩნეულ იქნა, რომ თურქეთის სახელმწიფოს გააჩნდა გამოძიებისა და დამცავი ღონისძიებების გატარების პოზიტიური ვალდებულება, rodesac PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) მომხრე გაზეთი, მისი ჟურნალისტები და თანამშრომლები გახდნენ ძალადობისა და დაშინების კამპანიის მსხვერპლი; იხ. აგრეთვე, Fuentes Bobo v. Spain, no. 39293/98, § 38, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფოს ვალდებულებას, დაეცვა გამოხატვის თავისუფლება სამსახურებრივი საქმიანობის კონტექსტში).
40. იმის განსაზღვრისას, არსებობს თუ არა პოზიტიური ვალდებულებები, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართლიანი ბალანსი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის ინტერესებს შორის. ამგვარი ბალანსის ძიებით გამსჭვალულია მთელი კონვენციის სულისკვეთება. პოზიტიურ ვალდებულებათა ფარგლები გარდაუვლად ცვალებადია ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებული ვითარებებისა და იმ არჩევანის გათვალისწინებით, რომლებიც შესაბამის პრიორიტეტებსა და რესურსებს ეფუძნება. ასეთი ვალდებულებები არც იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ იგი გულისხმობდეს შეუძლებელ და არათანაზომიერ ტვითს ხელისუფლებისათვის (იხ. მათ შორის, Rees v. the United Kingdom, 1986 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სერია A no. 106, გვ. 15, § 37, და Osman v. the United Kingdom, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიში, 1998-VIII, გვ. 3159-60, § 116).
2. ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
41. სავაჭრო ცენტრის მესაკუთრემ, კერძო კომპანია Pოსტელ-მა, მოსარჩელეებს არ მისცა შესაძლებლობა, დადგათ დგარი და გაევრცელებინათ ფურცლები გალერეებში. სასამართლო არ იზიარებს აზრს, რომ სახელმწიფოს ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვისათვის. სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს იმ ფაქტიდან, რომ საზოგადოებრივი განვითარების კომპანიამ ქონება Pოსტელ-ს გადასცა და რომ ეს მინისტრის ნებართვით მოხდა. გასაწყვეტი საკითხი ისაა, გვაქვს თუ არა საქმე მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობასთან, დაეცვა მოსარჩელეთა მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების განხორციელება სხვა პირთა ჩარევისაგან _ მოცემულ საქმეში, გალერეების მფლობელისაგან.
42. ის ხასიათი, რომელიც კონვენციით გათვალისწინებულ უფლებას გააჩნია და რომლის ბედიც ახლა უნდა გადაწყდეს, მნიშვნელოვან ანგარიშგაწევას მოითხოვს.
43. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს სურდათ თავიანთი თანამოქალაქეების ყურადღების მიპყრობა ადგილობრივი ხელისუფლების გეგმაზე, განეხორციელებინათ აღმშენებლობა სათამაშო მინდორზე და ამით მათი ბავშვებისათვის წაერთმიათ სათამაშო მწვანე სივრცე. ეს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის საინტერესო თემას და ხელს უწყობდა დებატებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. თუმცაღა, მართალია, გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ის არ არის შეუზღუდავი. ამასთან, ის არ არის ერთადერთი კონვენციით დაცული უფლება, რომელიც მოცემულ საქმეში რისკის ქვეშ დგას. მხედველობაში ასევე უნდა იქნეს მიღებული სავაჭრო ცენტრის მესაკუთრის ქონებრივი უფლებები 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე.
44. სასამართლო აღნიშნავს მოსარჩელეთა არგუმენტებსა და მათ მიერ მითითებულ საქმეებს შეერთებული შტატებიდან; ეს საქმეები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სავაჭრო ცენტრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი უპირველესი დანიშნულება კერძო კომერციული ინტერესებისადმი მსახურებაა, სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება საზოგადოების თავშეყრისა და ღონისძიებების ადგილად მის ფარგლებში მრავალგვარი საქმიანობის თავმოყრით. ხშირად, ადამიანებს იქ არა მარტო რაიმეს ყიდვის მიზნით იწვევენ, არამედ წაახალისებენ მათ იქ გაჩერებასა და სრულიად სხვადასხვაგვარ საქმიანობაში ჩართვას _ სანახაობითი ღონისძიებებიდან დაწყებული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებით დამთავრებული. ასეთი სავაჭრო ცენტრები ასრულებენ ტრადიციული ქალაქის ცენტრისათვის დამახასიათებელ ფუნქციებს. მოცემულ შემთხვევაში, გალერეები მართლაც არის რუქაზე აღნიშნული, როგორც ქალაქის ცენტრი და იგი ან მოიცავს საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებს, ანდა ძალიან ახლოსაა მათგან. Aამის გამო, მოსარჩელეთა მტკიცებით, სავაჭრო ცენტრი უნდა მიჩნეულ იქნეს “კვაზი-საზოგადოებრივ” სივრცედ, სადაც ინდივიდებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოხატვის თავისუფლების განხორციელება გონივრული ფარგლებში.
45. მთავრობამ სადავო გახადა “კვაზი-საზოგადოებრივი” სივრცის დეფინიციის სარგებლიანობა თუ თანმიმდევრულობა და მიუთითა იმ სირთულეებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუკი საზოგადოებისათვის ღია ადგილებს, როგორიცაა თეატრები და მუზეუმები, მოსთხოვდნენ დაეშვათ თავისუფალი ხელმისაწვდომობა რაიმე სხვა განზრახვებით, გარდა იმ კულტურული საქმიანობისა, რომელსაც ისინი საზოგადოებას თავად სთავაზობდნენ.
46. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ, მართალია, საქმეები, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებიდან, ნათლად აჩვენებს საინტერესო ტენდენციას გამოხატვის თავისუფლების თანაარსებობის შესახებ კერძო საკუთრების, თუმცაღა საზოგადოებისათვის ღია ტერიტორიაზე, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ თავი შეიკავა ეღიარებინა, რომ არსებობდა თავისუფალი სიტყვის ფედერალური კონსტიტუციით დაცული უფლება კერძო საკუთრების სავაჭრო ცენტრებში. სხვადასხვა შტატის ხელისუფლება აჩვენებს სხვადასხვაგვარ მიდგომას საჯარო- და კერძო-სამართლებრივ საკითხებზე, რომელებიც წამოიჭრა სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ ვითარებებში. შეუძლებელია იმის თქმა, რომ აქამდე არსებობდა რაიმე საწყისი კონსენსუსი, რომელიც სასამართლოს დაეხმარებოდა ამ საქმის განხილვაში, კონვენციის მე-10 მუხლს რომ შეეხება.
47. ეს დებულება, მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის აღიარებისა, არ ანიჭებს დისკუსიის ადგილის არჩევის თავისუფლებას ამ უფლების განსახორციელებლად. თუმცა ნამდვილია ის, რომ დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარება ცვლის იმ გზებს, რომლებითაც ხალხი მოძრაობს და ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ სასამართლო ვერ გაიზიარებს აზრს, თითქოს ეს ნიშნავდეს ავტომატურ წარმოქმნას ადამიანის უფლებისა, შევიდეს კერძო საკუთრების ტერიტორიაზე, ან თუნდაც, აუცილებლობით, სახელმწიფო საკუთრების ტერიტოტორიაზე (მაგალითად, სამთავრობო უწყებებსა და სამინისტროებში). თუმცაღა, იქ, სადაც საკუთრებაზე ხელმისაწვდომობის აკრძალვას შედეგად მოსდევს გამოხატვის თავისუფლების ქმედითი განხორციელების აღკვეთა, ანდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ უფლების არსის დამახინჯება, სასამართლო არ გამორიცხავს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობას, დაიცვას კონვენციის უფლებებით სარგებლობა ქონებრივი უფლებების დარეგულირებით. კორპორაციის კუთვნილი ქალაქი, სადაც მთელი თვითმმართველობა კერძო ორგანიზმის მეშვეობით კონტროლდება, ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს (იხ. Marsh v. Alabama, მითითებული ზემორე 26-ე პარაგრაფში).
48. წინამდებარე საქმეში, მოსარჩელეთა შესაძლებლობა, სხვებისათვის გადაეცათ თავიანთი შეხედულებები, შეზღუდული იქნა გალერეების შესასვლელ არეალში და გასასვლელ გზებზე. ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, მოეპოვებინათ ინდივიდუალური ნებართვა ცალკეული კომერციული ერთეულებისაგან (ჰიპერმარკეტის მენეჯერმა ერთ შემთხვევაში მისცა მათ დგარის დადგმის ნებართვა), ანდა გაევრცელებინათ ფურცლები ხალხისათვის ხელმისაწვდომ ბილიკებზე ამ არეალის შიგნით. Aმათთვის ასევე ღიად რჩებოდა შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ ქალაქის ძველ ცენტრში ან გამოეყენებინათ სხვა საშუალებები, როგორიცა კარდაკარ ჩამოვლა, ან ხელისუფლების მხილება ადგილობრივი პრესის, რადიოსა თუ ტელევიზიის მეშვეობით. მოსარჩელებს არ უარყვიათ, რომ ეს სხვა მეთოდები მათთვის ხელმისაწვდომი იყო. Mმათ არგუმენტს არსებითად ის წარმოადგენდა, რომ გალერეები ყველაზე ადვილი და ქმედითი გზა იყო ხალხთან დაკავშირებისათვის, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩატარებული საკუთარი კამპანიაც ადასტურებდა (იხ. ზემორე 21-ე პარაგრაფი). სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ კერძო კომპანია Postel-ის უარის შედეგად მათ არსებითად წაერთვათ თანამოქალაქეებისათვის თავიანთი შეხედულებების გადაცემის საშუალება. დაახლოებით 3,200 ადამიანმა წარადგინა წერილები მათ მხარდასაჭერად. მიაღწევდნენ თუ არა ისინი უფრო მეტს მათი დგარის გალერეაში დარჩენის შემთხვევაში, ეს მხოლოდ ვარაუდის საკითხია, რომელიც საკმარისი არ არის იმ არგუმენტის მხარდასაჭერად, რომ მოსარჩელეებს სხვაგვარად არ შეეძლოთ თავიანთი გამოხატვის თავისუფლების აზრიანად განხორციელება.
.
49. განსახილველი უფლებების დაბალანსებისას და წინამდებარე საქმეში შეზღუდვის ხასიათისა და ფარგლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა რაიმე პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლება.
50. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლი დარღვეული არ არის.
კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ
51. კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამის ნაწილებში მითითებულია:
1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, ამ უფლების შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებაზე დააწესოს კანონიერი შეზღუდვები.”
52. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ დებულებების საფუძველზე წარმოიშობა თითქმის იდენტური მოსაზრებები, რაც უკვე იყო განხილული კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე. იმავე მიზეზთა გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ დასტურდება სახელმწიფოს უმოქმედობა მოსარჩელეთა შეკრების თავისუფლების დასაცავად და, შესაბამისად, კონვენციის მე-11 მუხლი დარღვეული არ არის.
კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ
53. კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით:
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
54. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ არ გააჩნდათ არავითარი შიდა სამართლებრივი მისაგებელი თავიანთ საჩივრებზე, რომლებშიც კონვენციის დებულებების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი მტკიცება იყო გადმოცემული. შიდა სამართალი იმ დროისათვის არ ითვალისწინებდა არავითარ მისაგებელს იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა მათ უფლებებში ჩარევა კანონიერი. ინგლისური სასამართლოების პრეცედენტული სამართალი მოწმობდა, რომ სავაჭრო ცენტრის მესაკუთრეს შეეძლო დაესახელებინა არამართებული მიზეზი, ან საერთოდ არ დაესახელებინა არავითარი საფუძველი მისი მიწიდან მოსარჩელეთა გაყრის გასამართლებლად. ვერავითარი სასამართლო კონტროლის გზით ვერ მოხერხდებოდა ასეთი კერძო დაწესებულების გადაწყვეტილების უარყოფა.
55. მთავრობამ აღიარა, რომ თუ, მოსარჩელეთა მტკიცების საპირისპიროდ, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების წარმოშობა მართლაც უდავო იქნებოდა და საქმე ექნებოდათ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებში გაუმართლებელ ჩარევასთან, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეებს მართლაც არ ექნებოდათ ხელთ შესაბამისი მისაგებელი შიდა სამართლის საფუძველზე.
56. კონვენციის ინსტიტუციების პრეცედენტული სამართალი მოწმობს, რომ მე-13 მუხლი ვერ განიმარტება იმგვარად, რომ იგი მოითხოვდეს მისაგებლის არსებობას სახელმწიფოს შიდა სამართალთან მიმართებაში, რამდენადაც, სხვაგვარად, ეს იქნებოდა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის მოთხოვნის წაყენება, მოეხდინათ კონვენციის ინკორპორაცია თავიანთ შიდა სამართლებრივ სისტემებში (იხ. James and Others v. the United Kingdom, 1986 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, სერია A no. 98, გვ. 47, §85). იმდენად რამდენადაც, შიდა სამართალში არ არსებობდა არავითარი მისაგებელი 2000 წლის 2 ოქტომბრამდე, როდესაც ადამიანის უფლებათა შესახებ 1998 წლის კანონი ძალაში შევიდა, მოსარჩელეთა საჩივრები ამ პრინციპებთან შესაბამისობაში არ იმყოფება. ამ თარიღის შემდეგ, მოსარჩელეებისათვის შესაძლებელი იქნებოდა შეეტანათ საჩივრები შიდა სასამართლოებში, რაც მათთვის უზრუნველყოფდა გამოსწორების მთელ რიგ ხელმისაწვდომ საშუალებებს.
57. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში კონვენციის მე-13 მუხლი დარღვეული არ არის.
ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, სასამართლო
1. მიიჩნევს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-10 მუხლი დარღვეული არ არის;
2. მიიჩნევს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-11 მუხლი დარღვეული არ არის;
3. მიიჩნევს ერთხმივად, რომ კონვენციის მე-13 მუხლი დარღვეული არ არის.
შესრულებულია ინგლისურად, და წერილობით ეცნობა 2003 წლის 6 მაისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
მაიკლ ო’ბოილი მატი პელონპა
გამწესრიგებელი პრეზიდენტი
კონვენციის 45-ე (§2) მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე (§2) მუხლის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის ბ-ნი მარუსტეს ნაწილობრივ გამიჯნული აზრი.
მ. პ.
მ. ო’ბ.
გამიჯნული აზრი არ არის გადათარგმნილი, მაგრამ არსებობს ინგლისურად და ფრანგულად გადაწყვეტილების ოფიციალურ ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@echr.coe.int.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@echr.coe.int.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@echr.coe.int.
Full & Egal Universal Law Academy