Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
არქანია საქართველოს წინააღმდეგ
(Arkania v. Georgia)
საჩივარი N2625/12
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2020 წლის 25 ივნისი
გადაწყვეტილება საბოლოოა, ის შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებებს.
გადაწყვეტილებაში საქმეზე არქანია საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა, შემდეგი შემადგენლობით:
გაბრიელ კუცსკო-სტადლმაიერი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ანია სეიბერტ-ფორი, მოსამართლეები
და ანა-მარიე დუჟინი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,
გაითვალისწინეს:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (,,კონვენცია’’) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 13 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ლაშა არქანიას (,,მომჩივანი’’) მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი;
განჩინება, რომლითაც საქართველოს მთავრობას (,,მთავრობა’’) გადაეცა საჩივრები, რომლენიც ეხებოდა პოლიციის მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა და ამასთან დაკავშირებით არასათანადო გამოძიების ჩატარებას; საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი;
მხარეთა ახსნა-განმარტებები;
2020 წლის 2 ივნისს ფარული კენჭისყრის შედეგად,
იმავე დღეს მიიღეს მოცემული გადაწყვეტილება.
შესავალი
კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების საფუძველზე წარდგენილი საჩივარი ეხება მომჩივნის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას პოლიციის მიერ, მისი დაკავების თავდაპირველ პერიოდში, რომელიც არ იყო აღნიშნული დაკავების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში; საჩივარი აგრეთვე ეხება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას.
ფაქტები
მომჩივანი, რომელიც დაიბადა 1976 წელს, დაკავებულ იქნა ზუგდიდის ციხეში. მას წარმოადგენდა ქ-ნი ც. ჯავახიშვილი და ბ-ნი კ. ბექაური, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ თბილისში.საქართველოს მთავრობას წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ლ. მესხორაძე და ბ-ნი ბ. ძამაშვილი.I. მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, იგი დააკავეს 2011 წლის 15 ივნისს ღამის 03:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობის ეჭვის საფუძველზე. მომჩივნის დაკავება და ჩხრეკა გადაუდებელ გარემოებებში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ჩაატარა გამომძიებელმა ი.ა-მ, ორი პოლიციელის მონაწილეობით. მომჩივნის პირადი ჩხრეკის შედეგად მას თან აღმოაჩნდა კალაშნიკოვის იარაღი, ცხრამეტი ვაზნა და პატარა ქაღალდის ჩანთა რუხი ნივთიერებებით. ოქმის მიხედვით, მომჩივანს სახისა და თავის არეში აღენიშნებოდა მრავალი ნაკაწრი, რომლებიც, მომჩივნის განცხადებით, მას დაკავებამდე ჰქონდა. დაკავების ოქმის თანახმად, მომჩივანი გადაიყვანეს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში (წალენჯიხის რაიონი). იმავე დილით, დილის 4:55 საათიდან 5:25 საათამდე, მაშინ როცა ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ი.ა. მომჩივანს ადვოკატის დასწრების გარეშე კითხავდა, მომჩივანმა აღიარა დანაშაული, რომ ის არამართლზომიერად ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ნარკოტიკებს. მომჩივანი გადაიყვანეს ქალაქ ზუგდიდში, დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც, შესვლისთანავე მან გაიარა ვიზუალური დათვალიერება. შედეგად, მას აღმოაჩნდა სისხლჩაქცევები და მოწითალო ლაქები ზურგზე და ყურების უკან, აგრეთვე ჰემატომა მარცხენა თვალზე. შესაბამის ოქმში, რომელსაც სათანადოდ აწერს ხელს მომჩივანი, აღნიშნულია, რომ მან ეს დაზიანებები დაკავებამდე მიიღო და რომ ამასთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ ჰქონია. 2011 წლის 16 ივნისს მომჩივნის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ექიმმა აღნიშნა, რომ მას აწუხებდა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და საერთო სისუსტე, რის საფუძველზეც, მან ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვა. იმავე დღეს მომჩივანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს იარაღსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამის შემდეგ, მან ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი, სადაც აცხადებდა, რომ 2011 წლის 14 ივნისს დაახლოებით 22:00 სთ-ზე იგი დააკავა რამდენიმე პოლიციელმა, რომლებიც მას სასტიკად გაუსწორდნენ. მომჩივანი აცხადებდა, რომ სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალდატანების შედეგად, იგი აიძულეს ხელი მოეწერა და ეღიარებინა დანაშაული იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ფლობასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ იყო უდანაშაულო და მოითხოვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება. 2011 წლის 17 ივნისს, პროკურატურის მოთხოვნით, წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ერთწინადადებიანი შაბლონური განცხადებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პროცედურულ დარღვევას. 2011 წლის 23 ივნისს წინასწარი პატიმრობის შესახებ განჩინება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. მომჩივანმა ორივე სასამართლოს წინაშე წარადგინა საკუთარი საჩივარი, სადაც დეტალურად აღწერდა მისი დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის გარემოებებს. მან განაცხადა, რომ 2011 წლის 14 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ მუჟავაში, იგი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პოლიციელებმა; რის შემდეგაც მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა; რაც ასევე, გაგრძელდა ჯვარის პოლიციის განყოფილებაში. არასათანადო მოპყრობის დეტალური აღწერისას მომჩივანმა გამომძიებელი ი.ა. იმ პირებს შორის დაასახელა, რომლებმაც სცემეს და აიძულეს დანაშაულის აღიარება. მომჩივნის ზემოხსენებული განცხადებები არ შეისწავლეს ეროვნულმა სასამართლოებმა, ხოლო საქმის განმხილველმა სასაართლომ მხოლოდ აღნიშნა, რომ მომჩივანს უფლება ჰქონდა საჩივარი შეეტანა სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით.გამოძიება მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე 2011 წლის 17 ივნისს მომჩივანი მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, რომელმაც შეადგინა დასკვნა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. მისი დასკვნის თანახმად, 2011 წლის 14 ივნისს დაახლოებით 21:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, მომჩივანს ტელეფონზე დაურეკა ნაცნობმა, რომელმაც მას სასწრაფო შეხვედრა სთხოვა. მომჩივანი მის სანახავად მეზობელთან, რ.ხ-სთან და მეგობართან კ.ა-სთან ერთად წავიდა. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, მათ მანქანა მიუახლოვდათ. მანქანიდან გადმოვიდა სამი ადამიანი, მომჩივანი იძულებით ჩასვეს მანქანაში და დაიძრნენ. მომჩივანი წაიყვანეს სოფელ ჭალეში ძველ, მიტოვებულ ქარხანში, სადაც იგი სასტიკად სცემეს იარაღის კონდახით. შემდეგ ის წაიყვანეს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, სადაც გააგრძელეს არასათანადო მოპყრობა. მომჩივანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. დილით, იგი წაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, ხოლო იქედან ზუგდიდში. მომჩივანი აცხადებდა, რომ მან იცოდა, თუ ვინ იყო ის სამი ადამიანი, რომლებმაც ის დააკავეს (ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ს.ა., წალენჯიხის პროკურატურის თანამშრომელი რ.კ. და პოლიციელი გ.ს.) და შეძლებდა მათ ამოცნობას. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, მოცემული საქმის გამომძიებლის ი.ა-ს თანდასწრებით სცემეს და ასევე, დაექცემდებარა არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმებს.2011 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოხსენებული ანგარიში გაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელსაც თან ერთვოდა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება და მომჩივანს ჩატარებოდა სამედიცინო ექსპერტიზა. საკუთარ წერილში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2011 წლის 17 ივნისს მომჩივანს ვიზუალური დათვალიერების დროს აღმოაჩნდა სხვადასხვა დაზიანება, კერძოდ, სიწითლე და ზურგის მარჯვენა მხარეს სისხლჩაქცევები, სიწითლე ორივე ყურის უკან და შეშუპებული მარცხენა თვალი. საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 19 ივნისს, გამომძიებელმა ი.ა-მ გამოსცა მომჩივნისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება.2011 წლის 22 ივნისს, მომჩივნის მეზობელი რ.ხ., დაკითხეს მისი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით. იგი აცხადებდა, რომ 2011 წლის 14 ივნისს იმყოფებოდა მომჩივანთან ერთად და დაინახა თუ როგორ ჩასვეს იგი მანქანაში იძულებით და წაიყვანეს. სიბნელეში მან ვერ დაინახა, ეცვათ თუ არა პოლიციის ფორმა იმ პირებს, რომლებმაც მომჩივანი წაიყვანეს, თუმცა იგი დარწმუნებული იყო, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. კონკრეტულ კითხვაზე პასუხისას მან აღნიშნა, რომ ეს მოხდა 22:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე პერიოდში.2011 წლის 5 ივლისს მომჩივანმა წერილობით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონულ პროკურატურას. იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დაეკითხათ მის დაკავებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ამასთან, იგი აცხადებდა, რომ არ სურდა ჩვენება მიეცა ი.ა-სთვის, მისი სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლისთვის, რომელსაც იგი ადანაშაულებდა არასათანადო მოპყრობაში. აღნიშნული წერილის უპასუხოდ დატოვების შემდეგ, 2011 წლის 11 ივლისს მომჩივნის ადვოკატმა საჩივარი გაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. მან დეტალურად აღწერა უკანონო დაპატიმრებისა და არასათანადო მოპყრობის გარემოებები და წარმოადგინა შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებები. ადვკატი ითხოვდა, მომჩივნის სისხლის სამართლის საქმისგან გამომძიებელ ი.ა-ს ჩამოშორებას და ასევე, მომჩივნის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას.2011 წლის 1-ელ აგვისტოს მომჩივანი კვლავ მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. ამჯერად, წარმომადგენელმა დასკვნაში აღნიშნა, რომ მომჩივნის ორივე იღლიაში შეამჩნია მრავალი დაზიანება, სავარაუდოდ დამწვრობები. მომჩივანმა განაცხადა, რომ ჯვარის პოლიციის უფროსმა და ორმა სხვა პოლიციელმა მას მიაყენეს სიგარეტით დამწვრობები. იგი აცხადებდა, რომ ადრე არ აღნიშნა ამ დაზიანებების შესახებ, რადგან ემუქრებოდნენ მის ოჯახზე ძალადობით. ზემოაღნიშნული დასკვნა, ასევე, გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს.მომჩივნისა და სახალხო დამცველის აპარატის რიგი დამატებითი საჩივრების შემდეგ, წინასწარი გამოძიება დაიწყო 2011 წლის 17 აგვისტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (1) მუხლის § 1 (ბ) პუნქტის საფუძველზე. იმავე დღეს, მომჩივანი დაიკითხა მოწმის სტატუსით. მან დაადასტურა ის გარემოებები, რომელთა შესახებაც ადრე განაცხადა, დეტალურად აღწერა მისი დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა. მან აღნიშნა, რომ მაშინვე ამოიცნო ჯვარის პოლიციის უფროსი სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი იმ სამი პოლიციელიდან, რომლებმაც იგი დააკავეს. მას ასევე განაცხადა, რომ იგი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის უფროსის ბრძანებით, სადაც გაგრძელდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. მან აგრეთვე ფიზიკურად აღწერა სხვა რამდენიმე პირი, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებში და აცხადებდა, რომ შეეძლო მათი ამოცნობა.2011 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნდა მომჩივნის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (რომელიც ჩატარდა 2011 წლის 20 ივნისს), რომლის თანახმადაც მომჩივანს ტანზე აღენიშნებოდა მრავალჯერადი ჰემატომები და მცირე ნაიარევები. ექსპერტების დასკვნის თანახმად აღნიშნული დაზიანებები, რომლებიც განეკუთვნებოდნენ მცირე დაზიანებების კატეგორიას, შესაძლოა თარიღდებოდნენ 2011 წლის 15 ივნისით. 2011 წლის 26 აგვისტოს ჩატარდა კიდევ ერთი ექსპერტიზა. ამჯერად, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მომჩივანს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ნაიარევი, მათ შორის, მარცხენა იღლიაში ოთხი წითელი ნაიარევი და მარჯვენა იღლიაში ორი იდენტური ნაიარევი. მან აღნიშნა, რომ ვერ მოახერხებდა დაზიანებების მიყენების საგნის დადგენას, თუმცა განაცხადა, რომ ისინი შესაძლოა ყოფილიყვნენ ორიდან სამი თვის ვადის.2011 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მომჩივანს დამატებით ჩაუტარდა სრული სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის ფსიქიატრიული შემოწმება. შედეგად, მას დაუდგინდა პოსტ-კონტუზიური სინდრომი და პოსტ-ტრავმული აშლილობა. მომჩივნის ადვოკატმა ზემოხსენებული დასკვნა გადასცა პროკურატურას და ითხოვდა, რომ ის თან დაერთოთ მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალებისთვის.2011 წლის 14 ოქტომბერს მომჩივანი ხელახლა დაკითხეს. მან კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, მათ შორის დაასახელა მასში მონაწილე პირთა გვარები. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შეძლებდა უმეტესობის ამოცნობას. ის ასევე, აცხადებდა, რომ როდესაც იმყოფებოდა დროებითი დაკავების იზოლატორში, მასთან მივიდა გამომძიებელი ი.ა., რომელიც დაემუქრა მამის დაპატიმრებით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეცვლიდა აღიარებით ჩვენებას (იხ. პარ. 4).შემდგომში, მომჩივნის ადვოკატმა პასუხისმგებელ პროკურორთან რამდენიმე საჩივარი შეიტანა გამოძიების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით. იგი, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვდა ამოცნობის პროცედურის ჩატარებას და რამდენიმე მოწმის დაკითხვას. მისი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მან ასევე, მოითხოვა განახლებული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საპასუხოდ, მას უბრალოდ უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობდა. 2012 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში გამომძიებელმა დაკითხა 6 პოლიციელი, რომლებზეც მომჩივანი აცხადებდა, რომ მონაწილეობდნენ მის უკანონო დაკავებასა და წამებაში. ყველა მათგანმა უარყო მომჩივნის ბრალდებები და მხარი დაუჭირა მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას.2012 წლის 11 მაისს ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილემ მომჩივნის ადვოკატს წერილობით შეატყობინა, რომ არ არსებობდა მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი.2012 წლის მაისში მომჩივანმა საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოვლენების შესახებ, გადასცა არსებული სამედიცინო მტკიცებულებები და მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მომჩივანმა აგრეთვე, მოითხოვა რიგი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის, ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომლებიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ ჯვარის პოლიციაში მისი დაკითხვის ღამეს და ასევე, პირთა იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება. 2012 წლის 19 ოქტომბერს, მომჩივნის კიდევ ერთი მოთხოვნის საპასუხოდ, ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა მას შეატყობინა, რომ ყველა მის მიერ დასახელებული პოლიციელი დაიკითხა და ყველა მათგანი უარყოფდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებს.2012 წელს საქმე ზუგდიდის რაიონული პროკურატურიდან გადაეცა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონულ პროკურატურას.2012 წლის 28 დეკემბერს მომჩივნის საქმეზე ახალმა გამომძიებელმა დაკითხა კ.ა., რომელიც სავარაუდოდ მომჩივანთან ერთად იმყოფებოდა მისი დაკავების დროს. მან დაადასტურა მომჩივნის ვერსია დაკავების შესახებ და აცხადებდა, რომ იმ საღამოს არ შეუმჩნევია რაიმე დაზიანება მომჩივნის სახეზე (იხ. პარ. 7).2013 წლის 27 თებერვალს და 17 მაისს მომჩივანმა კიდევ ორი ჩვენება მისცა. მან დაადასტურა თავდაპირველი ჩვენებები, წარმოადგინა დამატებითი დეტალები დაკავების ღამის და არასათანადო მოპყრობის შესახებ, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის თაობაზე, რომელიც მან შემდგომში განიცადა. ამასობაში, 2014 წლის 25-26 თებერვალს ორგანიზებულ იქნა რიგი ფოტოიდენტიფიკაციის პროცედურები, რომელთა დროსაც მომჩივანმა ამოიცნო გ.გ., კ.კ., გ.ს., რ.ა., ი.ს., ხ.ს., ი.ს., დ.კ. და ტ.ს. - პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დაკავებასა ან/და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში. ასევე, 2013 წლის თებერვალში გამომძიებელმა დაკითხა ერთ-ერთი პოლიციელი თ.კ, რომელიც 2011 წლის 14 ივნისის საღამოს მორიგე იყო ჯვარის პოლიციის განყოფილებაში და რომელმაც დაინახა, თუ როგორ მოიყვანეს ბორკილებდადებული მომჩივანი დაახლოებით 23:30 სთ-ზე. მან განაცხადა, რომ მომჩივანს ნათლად აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, ცხვირი და ტუჩები სისხლიანი ჰქონდა, ხოლო ტანსაცმელი დახეული. მომჩივანი შეიყვანეს განყოფილების შიგნით, სადაც ორმა პოლიციელმა დაუწყო ცემა. თ.კ-ს მალევე დაევალა სოფელი ჯვარის პატრულირება. იგი დილის 6:00 სთ-ზე დაბრუნდა უკან, როდესაც მომჩივანი განყოფილებაში უკვე აღარ იმყოფებოდა. თ.კ-მ დაასახელა ის პოლიციელები, რომლებმაც მოიყვანეს მომჩივანი, მათ შორის, ის ორიც, რომელიც მომჩივანმა ამოიცნო. კიდევ ერთი პოლიციელი ლ.პ., რომელიც 2011 წლის 14 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, დაიკითხა 2013 წლის 9 თებერვალს. მან დაადასტურა, რომ მომჩივანი დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს დაახლოებით 22:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე. იგი აცხადებდა, რომ დაინახა თუ როგორ მოიყვანეს მომჩივანი განყოფილებაში და სცემეს დაახლოებით 23:30 სთ-დან შუაღამემდე. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელით ამოიცნო პოლიციის თანამშრომლები, განაცხადა რომ ვერ შეძლო ეყურებოდა თუ როგორ ეპყრობოდნენ მომჩივანს, ამიტომ დატოვა განყოფილება და დაიწყო პატრულირება. 2013 წლის 5 თებერვალს იგივე პოლიციელები დაასახელა მესამე პოლიციელმა ლ.გ-მ. მიუხედავად იმისა, რომ მან დაადასტურა მომჩივნის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის გარემოებები, განაცხადა, რომ მისთვის სახეზე არ შეუხედავს და შესაბამისად, არ იცის ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები.2013 წლის 8 აპრილს გამომძიებელმა დაკითხა მომჩივნის პირველი ადვოკატი ა.ჯ., რომელმაც დაადასტურა, რომ 2011 წლის 15 ივნისს როდესაც პირველად შეხვდა მომჩივანს მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება სახისა და ტანის არეში. ა.ჯ-ს განცხადებით, მომჩივანმა მას განუცხადა, რომ დაზიანებები მიადგა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად. 2013 წლის მაისში ზუგდიდის დროებითი დაკავების იზოლატორში დაიკითხა ოთხი თანამშრომელი. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაიხსენეს, თუ როგორ მოიყვანეს მომჩივანი სხვადასხვა დაზიანებით, მათ ასევე განაცხადეს, რომ მას პოლიციის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და ირწმუნებოდა, რომ დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა მიყენებული. 2013 წლის 5 მაისს მომჩივანს ოფიციალურად მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.2013 წლის 17 ივნისს გამომძიებელმა დაკითხა მომჩივნის ორი მეზობელი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ 2011 წლის 14 ივნისის საღამო მომჩივანთან ერთად გაატარეს და მას სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე ვიზუალური დაზიანება. საქმის მასალების მიხედვით, ამ საქმეზე სამართალწარმოება დღემდე მიმდინარეობს. მომჩივნის სასამართლო პროცესი2011 წლის 27 ივლისს წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში დაიწყო მომჩივნის სასამართლო პროცესი. მომჩივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ჩვენება, რომ იგი დააკავეს 2011 წლის 14 ივნისს და წაიყვანეს მიტოვებულ ქარხანაში, სადაც ის დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. იგი აცხადებდა, რომ მის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა ჯვარის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც იმ მიზნით, რომ მისგან მოეპოვებინათ აღიარებითი ჩვენება. 2001 წლის 23 აგვისტოს მომჩივანი დამნაშავედ ცნეს და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. მომჩივნის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოფიციალურ ოქმზე დაყრდნობით, მოსამართლემ არ გაიზიარა დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილი ვერსია, როგორც აშკარად უსაფუძვლო. ეროვნულმა სასამართლომ არ განიხილა მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით. მომჩივანმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2011 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივნის საჩივარი. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნესტიის შესახებ კანონის შესაბამისად, 2013 წლის 16 იანვარს მომჩივანი ციხიდან გაათავისუფლეს.
შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისათვის იხ. გადაწყვეტილება საქმეზე გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ ([კომიტეტი] N40009/12, §§ 35-37, 27 ივნისი 2019).
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი დავობდა, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას მისგან აღიარების მოპოვების მიზნით და ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის თანამხმადაც:
„არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.“
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
40. შესაბამისი ზოგადი პრინციპები [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ შეაჯამა საქმეში ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (no. 23380/09, §§ 81-88, 100-101, და 114‑23, ECHR 2015).
(ბ) ზემდგომი პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
41. სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს განიხილოს მომჩივნის საჩივარი გამოძიების არაეფექტურობასთან მიმართებით.
(i) საჩივრის პროცედურული ასპექტი
სასამართლოს გარე დაკვირვებით, არასათანადო მოპყრობის შესახებ მომჩივნის ბრალდებები საკმარისად სერიოზული იყო და შესაბამისად, აღწევდა სისასტიკის იმ ზღვარს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მასზე კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლები გავრცელდეს. მაშასადამე, სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი იყვნენ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური, ეფექტიანი გამოძიება ჩაეტარებინათ.
რაც შეეხება გამოძიებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მთავრობამ წარმოადგინა ინფორმაცია თითქმის 9-წლიანი გამოძიების მიმდინარეობისას შესაბამისი ორგანოების მიერ გამოყენებული სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიების შესახებ, თუმცა მან ვერ მოახერხა, წარმოედგინა რაიმე ახსნა-განმარტება, თუ რატომ დასჭირდათ შესაბამის ორგანოებს ორი თვე პროცედურის ინიცირებისთვის არასათანადო მოპყრობის საქმეში, რომლის სერიოზული ხასიათი ობიექტური სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზე თავიდანვე იკვეთებოდა.
44. მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება მომჩივნის სავარაუდო წამების შესახებ მიმდინარეობდა თითქმის 9 წლის განმავლობაში და 2013 წლის ივნისის შემდეგ არც ერთი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა. მთავრობას [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე არანაირი განმარტება არ წარუდგენია. როგორც ეს ხაზგასმული აქვს სასამართლოს წინა შემთხვევებში - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში შეუძლებელს ხდის გამოძიების განვითარებას, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებზე სწრაფი რეაგირება ზოგადად, შესაძლოა არსებითად იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს მიერ კანონიერების პრინციპის დაცვისა და უკანონო ქმედებათა შეუწყნარებლობის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად.
45. მოპასუხე მთვრობის მიერ ამ დრომდე გამოყენებული თითოეული საგამოძიებო ღონისძიების დეტალური განხილვის გარეშე, სასამართლოს სათანადოდ მიაჩნია, უბრალოდ მიუთითოს შემდეგი: თითქმის 9 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შედეგად შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მომჩივნისთვის მიყენებული დაზიანებების ალტერნატიული ახნსა-განმარტება, რომელიც იქნებოდა ლოგიკური და საფუძვლიანი. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას, ისინი მიუთითებდნენ მომჩივნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე, ასევე მის თვითმამხილებელ ჩვენებაზე, რომელშიც ის აცხადებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. იმ ფაქტების მხედველობაში მიღების გარეშეც კი, რომელთა მიხედვითაც მოცემული ორი დოკუმენტი ადვოკატის დაუსწრებლად იქნა შედგენილი და როგორც მომჩივანი მიუთითებს, მისი შედგენის დროს ის სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დოკუმენტები არაა საკმარისი იმ მრავალი დაზიანების ასახსნელად, რომლებიც მომჩივანს თავის არეში, სახესა და სხეულზე აღენიშნებოდა. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანი თვითდაზიანებისკენ იყო მიდრეკილი. აღნიშნულის შესახებ რაიმე მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო არაა მზად, მიიღოს ეს არგუმენტი. შედეგად, მთავრობამ ვერ მოახერხა წარმოედგინა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რათა გაექარწყლებინა მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივნის მიერ დაზიანებების მიღების გარემოებებს ეხებოდა.
46. შეჯამების სახით, გამოძიების დაწყების დაუსაბუთებელმა გადადებამ აღნიშნული პროცედურის გაუმართლებელ ხანგრძლივობასთან ერთად, უბიძგა სასამართლოს, მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის არაეფექტიანი იყო. მეტიც, შესაბამის სახელისუფლებო ორგანოთა შეუძლებლობა, წლების მანძილზე მიმდინარე გამოძიებაზე დაყრდნობით, დამაჯერებელი და გონივრული ფორმით აეხსნათ მომჩივნის დაზიანებათა წყარო, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროცედურის მთლიან არსს. შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას.
(ii) საჩივრის მატერიალური ასპექტი
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი შესაბამისი სამართალწარმოების დაწყების დღიდან და მას შემდეგაც დეტალურად აღწერდა იმ გარემოებებს, თუ როგორ განხორციელდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა. მომჩივნის მიერ მოვლენათა განვითარების აღწერა მოიცავდა თანმიმდევრულ ინფორმაციას არასათანადო მოპყრობის განხორციელების დროის, ადგილისა და ფორმის შესახებ, აგრეთვე მათ სახელებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. მის მონათხრობს ასევე ადასტურებს სხვა შესაბამისი ფაქტორები. საქმეში არსებული სამედიცინო მტკიცებულებების გარდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის სამი თანამშრომლის ჩვენება ნაწილობრივ ადასტურებდა მოვლენათა განვითარების შესახებ მომჩივნის ვერსიას. ასევე რელევანტურია მომჩივნის მეზობლისა და მეგობრის მიერ მიცემული ჩვენება, სულ მცირე მომჩივნის de facto დაკავების დროის თვალსაზრისით. სასამართლოს მოსაზრებით, მსგავსი მტკიცებულებები აგრეთვე გამორიცხავს სავარაუდო სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა ხსენებული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის ჩვენება საკმარისად დამაჯერებელია და წინამდებარე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება დადგინდა ,,გონივრულ ეჭვს’’ მიღმა. როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, მთავრობამ სასამართლოს ვერ მიაწოდა მოვლენათა განვითარების შესახებ სარწმუნო ვერსია. უნდა შეფასდეს, მომჩივნის მიმართ განხორციელებული მოპყრობა არღვევდა თუ არა მის უფლებებს კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად.
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა არაერთი დაზიანება მიიღო სახისა და ტანის არეშე, მას აგრეთვე დაზიანებული ჰქონდა თავი. მიუხედავად იმისა, რომ გაჭიანურდა მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, როგორც აღმოჩნდა მისი ბრალდებები იღლიაში სიგარეტის ნამწვავებით წამების თაობაზე აგრეთვე დადასტურდა. აღნიშნული დაზიანებები აღწერილი იყო სამედიცინო დასკვნაში, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საგამოძიებო ხელისუფლებისთვის. როგორც ზემოთ უკვე დაადგინა სასამართლომ, მთავრობამ ვერ უზრუნველყო სარწმუნო ახსნა-განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები. სასამართლომ კუმულატიურად გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მომჩივნის დეტალური და თანმიმდევრული ახსნა-განმარტება და დაადგინა, რომ მომჩივნის სხეულზე არსებული დაზიანებები პოლიციის განყოფილებაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტიც.
II. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
49. მომჩივანი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე დავობდა, რომ ის de facto დააკავეს 2011 წლის 14 ივნისს საღამოს 22:00- 23:00 საათამდე პერიოდში, თუმცა მისი დაკავების ოფიციალური ოქმი გაფორმდა 2011 წლის 15 ივნისს ღამის 03:00 საათზე. კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
,,1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა... ‘’
1. მხარეთა ახსნა-განმარტებები
54. მომჩივანი აცხადებდა, რომ ის de facto დააკავეს 2014 წლის 14 ივნისს საღამოს 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში.
55. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი.
2. სასამართლოს შეფასება
ა. ზოგადი პრინციპები
56. შესაბამისი ზოგადი პრინციპები მოცემულია საქმეზე ბაისუევი და ანზოროვი (ციტირებული ზემოთ, §§ 50-51; იხ. ასევე ბელოზოროვი რუსეთისა და უკრაინის წინააღმდეგ, N43611/02, §§ 111-113, 15 ოქტომბერი, 2015).
ბ. ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
57. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სადავოა მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებები. მომჩივანი აცხადებდა, რომ ის დააკავეს ოთხი ხუთი საათით ადრე, ვიდრე ეს მოცემული იყო მისი დაკავების ოფიციალურ ოქმში, ხოლო მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის დაკავების ოქმი ზუსტი იყო.
58. სასამართლო ვერ დაარწმუნა მთავრობის განცხადებამ, რომ მომჩივანი 2011 წლის 15 ივნისს ღამის 03:00 საათზე დააკავეს. სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით ზემოთ უკვე დაადგინა (იხ., 48-ე პარაგრაფი), რომ მომჩივანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი დაკავების თავდაპირველ პერიოდში, რომელიც არ იყო ასახული ოფიციალურ დოკუმენტებში. მოვლენათა განვითარების შესახებ მომჩივნის ვერსიას ადასტურებს სულ მცირე ხუთი მოწმე, მთავრობამ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთვის შესრულება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა დაკავების თაობაზე ოფიციალური ვერსიის მხარდასაჭერად. მან არ ჩაატარა დროული, ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება მომჩივნის ბრალდებებთან მიმართებით და აგრეთვე არ წარმოადგინა დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ამ გარემოებებში, სასამართლო აცხადებდა, რომ მომჩივანი ფაქტობრივად დააკავეს არა 2011 წლის 15 ივნისს 03:00 საათზე, არამედ 2011 წლის 14 ივნისს საღამოს 22:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში.
59. სასამართლო აცხადებს, რომ პირის დაკავება ოფიციალური დოკუმენტის გაფორმების გარეშე არღვევს კონვენციის მე-5 მუხლით უზრუნველყოფილ ფუნდამენტურ გარანტიებს და წარმოადგენს ამ დებულების ყველაზე უხეშ დარღვევას. დაკავების ოქმში იმგვარი მონაცემების არარსებობა, როგორიცაა დაკავების თარიღი, დრო და ადგილი, დაკავებულის სახელი და გვარი, დაკავების საფუძვლები და დამკავებლის სახელი და გვარი, შეუთავსებელია კონვენციის მე-5 მუხლის მიზანთან და ამ მუხლით განსაზღვრულ კანონიერების მოთხოვნასთან (იხ., სხვებს შორის, კამანსი და ტიმოფეევა ლატვიის წინააღმდეგ, N42906/12, § 129, 28 აპრილი, 2016).
60. მთავრობის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტის არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის დაკავება ოთხი ან ხუთი საათით ადრე, ვიდრე ეს მოცემული იყო დაკავების ოფიციალურ ოქმში, არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე დაირღვა აღნიშნული მუხლი.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
61. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
,, თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.’’
62. მომჩივანი ხარჯებისა და დანახარჯებისთვის ითხოვდა 10 000 ევროს, ამ მოთხოვნის გასამყარებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. განცდილი ტანჯვისა და ტკივილის ანაზღაურების მიზნით, მორალური ზიანისათვის ის ასევე ითხოვდა 100 000 ევროს.
63. მთავრობამ განაცხადა, რომ მორალურ ზიანთან დაკავშირებით წარდგენილი მომჩივნის მოთხოვნა გადაჭარბებული იყო. რაც შეეხება ხარჯებსა და დანახარჯებს, მთავრობამ განაცხადა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ამ ხარჯების გაღების დამადასტურებელი ფინანსური და/ან სხვა დოკუმენტები, ამრიგად ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
64. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გათვალისწინებით, მან დაადგინა მე-3 მუხლის როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, აგრეთვე პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. აღნიშნული დარღვევები მომჩივანში გარდაუვლად გამოიწვევდა სერიოზულ ტანჯვასა და გაბრაზებას. შესაბამისად, სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 16 000 ევრო მიაკუთვნა. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ხარჯებისა და დანახარჯების შესახებ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, რადგან მომჩივანს არ წარმოუდგენია მოთხოვნის გამამყარებელი დოკუმენტები.
აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად
აცხადებს საჩივარს დასაშვებად.ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ნაწილის დარღვევას.ადგენს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.ადგენს, რომ
ა) მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის ვადაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს გადაუხადოს 16 000 (თექვსმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანისთვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება ამ თანხასთან იყოს დაკავშირებული; და
ბ) ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ზემოთ აღნიშნულ თანხებს საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის შესაბამისი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
უარს ამბობს მომჩივნის მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე სამართლიან მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2020 წლის 25 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ანა-მარია დუჟინი გაბრიელ კუცსკო-სტადლმაიერი
სექციის განმწესრიგებელის თავმჯდომარე
მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი