ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება სიცოცხლის უფლების, ძალის გამოყენებისა და ეფექტური გამოძიების შესახებ.
შეცდომით ტერორისტად მიჩნეული ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიება: დარღვევად არ მიიჩნევა.
შეცდომით ტერორისტად მიჩნეული ადამიანის მკვლელობისთვის არავინ დასჯილა.
დიდმა პალატამ განიხილა გამოძიების ადეკვატურობა: (ა) შეეძლო თუ არა საგამოძიებო ორგანოს სწორად შეეფასებინა, რამდენად გამართლებული იყო ძალის გამოყენება ; (ბ) შეეძლო თუ არა გამოძიებას დაედგინა და საჭიროების შემთხვევაში, დაესაჯა პასუხისმგებელი პირები.
დიდი პალატა
საქმე „არმანი და სილვა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF ARMANI DA SILVA
განაცხადი N 5878/08
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
30 მარტი, 2016 წ.
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის გარემოებები
12. განმცხადებელი დაიბადა 1974 წელს და ცხოვრობს ქ. ლონდონში. ის 2005 წლის 22 ივლისს პოლიციელების მიერ მოკლული ჟან შარლ დე მენეზესის ბიძაშვილია.
ა. საფუძველი
13. 2005 წლის 7 ივლისს ოთხმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა აფეთქებები მოაწყო ლონდონის ავტომაგისტრალზე. სამი მათგანი მეტროს ვაგონში იყო, ხოლო მეოთხე - ავტობუსში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორმოცდათექვსმეტი ადამიანი, მათ შორის, ოთხი კამიკაძეც; ასევე დაშავდა უამრავი ადამიანი.
14. თავდასხმის მონაწილეთა და აფეთქებებთან დაკავშირებული პირების ვინაობის დასადგენად მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახურმა („MPS”) ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო. სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ მორიგ თავდასხმას. საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის დონე გაერთიანებულ სამეფოში აიწია მე-3 დონიდან 1-ლ დონემდე.
15. 2005 წლის 21 ივლისს, პირველი აფეთქებებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, აღმოჩენილ იქნა ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს სამ ვაგონსა და ავტობუსში დატოვებულ ზურგჩანთებში. ვინაიდან არსებობდა საშიშროება, რომ მეორე დღის დილას კამიკაძეები გადაჯგუფდებოდნენ აფეთქებების მოსაწყობად, დედაქალაქის პოლიციის სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო მათი ძებნის ოპერაცია (ოპერაცია „თეზევსი 2“). მოცემულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა პოლიციის მეთაური ბ-ნი ჯონ მაკდაუელი.
16. 2005 წლის 22 ივლისს, დილის 4:20 საათზე პოლიციის მეთაურმა, ჯონ მაკდაუელმა მიიღო ინფორმაცია, რომ დაზვერვის სამსახურმა დაადგინა 21 ივლისს არშემდგარი აფეთქებების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც აღმოჩნდა ვინმე ჰუსეინ ოსმანი. სავარაუდოდ, ბ-ნი ოსმანი და მეორე ეჭვმიტანილი ცხოვრობდნენ ლონდონში, სკოტია როუდის № 21-ში მდებარე ბინაში.
4. მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია ჟან შარლ დე მენეზესის გარდაცვალება
29. ბრაზილიის მოქალაქე ჟან შარლ დე მენეზესი, რომელიც ცხოვრობდა სკოტია როუდის №17-ში, საცხოვრებელი კორპუსის საერთო შესასვლელიდან გამოვიდა დილის 9 საათსა და 33 წუთზე, რათა სამსახურში წასულიყო. სათვალთვალო ფურგონში მყოფმა ოფიცერმა დაინახა ბ-ნი დე მენეზესი, დაახასიათა იგი და აღნიშნა, რომ „უკეთესი იქნებოდა სხვასაც შეეხედა მისთვის“, მაგრამ იმ დროს SO19 ერთეული ჯერ არ იყო მისული სკოტია როუდზე და შეუძლებელი იყო ბ-ნი დე მენეზესის შეჩერება. ამიტომ, მას სათვალთვალოდ ოფიცრები გაჰყვნენ.
30. ბ-ნი დე მენეზესი გასცდა სკოტია როუდის ქუჩას, მცირე მანძილი გაიარა ავტობუსის გაჩერებამდე და ავიდა ბრიქსტონისკენ მიმავალ ავტობუსში. ვიბრაციის გამო ავტობუსის ვიდეოკამერამ სრულყოფილად ვერ დააფიქსირა მისი მგზავრობა, სამაგიეროდ, დაფიქსირდა ბ-ნი დე მენეზესის ავტობუსში ყოფნის დრო - 9 საათი და 39 წუთი. სათვალთვალო ჯგუფის წევრებმა ივარაუდეს, რომ ის „საკმაოდ ჰგავდა“ ჰუსეინ ოსმანს მაგრამ 9 საათსა და 46 წუთზე პიროვნება შეფასდა, როგორც „არაიდენტური“.
31. 9 საათსა 47 წუთზე ბ-ნი დე მენეზესი ჩამოვიდა ავტობუსიდან და სანამ უკან გაჩერებისკენ გაიქცეოდა ხელახლა ავტობუსში ჩასაჯდომად, გამოიყენა მობილური ტელეფონი.
32. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები იმის თაობაზე, იყო თუ არა ბ-ნი დე მენეზესი იმ დროისათვის იდენტიფიცირებული, როგორც ეჭვმიტანილი. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის (IPCC), სტოკველ ერთის ანგარიშის თანახმად, სათვალთვალო ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს ბ-ნი დე მენეზესის იდენტიფიცირება ჰუსეინ ოსმანთან. ის ფაქტი, რომ სათვალთვალო პროტოკოლის ყველა ჩანაწერში ის მოიხსენიება, როგორც „U/I [დაუდგენელი] მამაკაცი” გარკვეულწილად ამყარებს აღნიშნულ პოზიციას. მიუხედავად ამისა, საკონტროლო ოთახ N1600-ში მყოფმა თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ის იდენტიფიცირებულ იქნა როგორც ჰუსეინ ოსმანი.
33. დაახლოებით იმ დროს, როცა ბ-ნი დე მენეზესი თავიდან ავიდა ავტობუსში, ერთეული SO19 დაიძრა ბრიქსტონის მიმართულებით. მოგვიანებით, სპეცდანიშნულების ჯგუფის (SFO) ხელმძღვანელმა შეატყობინა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შემსწავლელ დამოუკიდებელ კომისიას (IPCC), რომ რადიოკავშირის საშუალებით დაადგინა, რომ „ეჭვმიტანილი ნამდვილად ის იყო, ვისაც ეძებდნენ, რადგან ნერვიულობდა და გაღიზიანებული იყო“.
34. 9 საათსა და 59 წუთზე თვალთვალის ჯგუფებს მოსთხოვეს პროცენტული მაჩვენებლის დასახელება, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილი ბ-ნი დე მენეზესი იყო, რაზედაც უპასუხეს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მათი აზრით, აღნიშნული ადამიანი იყო ეჭვმიტანილი“.
35. ბ-ნი დე მენეზესი ჩამოვიდა ავტობუსიდან სტოკველის გაჩერებაზე და გაემართა სტოკველის მეტროსადგურისაკენ. იქვე იყო სათვალთვალო სამსახურის რამდენიმე ოფიცერი. ბ-ნი დე მენეზესი შეაჩერეს იქამდე, სანამ ის სადგურზე შევიდოდა. თავდაპირველად, ეჭვმიტანილის დაკავების ბრძანება სათვალთვალო ჯგუფის ხელმძღვანელმა (DSO) გასცა, როცა მიიღო ინფორმაცია, რომ SO19 ერთეულს იმ მომენტისათვის ჯერ არ შეეძლო საქმეში ჩართვა. თუმცა მაშინვე მიიღო შეტყობინება, რომ ერთეული ადგილს მიუახლოვდა, რის გამოც გააუქმა თავისი პირველი განკარგულება და უბრძანა სპეცდანიშნულების ჯგუფს, შეეჩერებინა ბ-ნი დე მენეზესი. ამ დროს ბ-ნი დე მენეზესი უკვე ჩასული იყო მეტროსადგურში. „ტროიან 84-მა“ სპეცდანიშნულების ჯგუფს გადასცა შემდეგი ბრძანება: „ჩვენ უნდა გავაჩეროთ ობიექტი, რომელიც მატარებელში ჯდება“. სპეცდანიშნულების ჯგუფს უთხრეს, რომ ეს იყო საგანგებო სიტუაცია, მათ ვითარება სრულად უნდა ეკონტროლებინათ და ამიტომ შეიარაღებული დაკავება გარდაუვალი იყო.
36. სადგურზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ბ-ნი დე მენეზესი სადგურზე შევიდა 10 საათსა და 03 წუთზე, მას ჯინსის თხელი ქურთუკი, მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, მშვიდად მიდიოდა და ხელში არაფერი ეჭირა, ესკალატორით ჩავიდა სადგურზე და გაემართა პლატფორმისაკენ. ესკალატორის ქვედა მხარეს და პლატფორმაზე დამონტაჟებული კამერებიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები არ არსებობს ,რადგან პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის (IPCC) - სტოკველ ერთის ანგარიშისა და პროკურატურის სახელმწიფო სამსახურის (CPS) თვალსაზრისით, კამერის კაბელები ბოლოს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანდა.
37. 10 საათსა და 05 წუთზე სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე ოფიცერი შევიდა სტოკველის მეტროსადგურზე. მათ ესკალატორები ჩაირბინეს. 10 საათსა და 06 წუთზე ისინი უკვე მისდევდნენ ბ-ნ დე მენეზესს პლატფორმაზე. თვითმხილველთა ჩვენებები, როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ურთიერთსაწინააღმდეგოა, რამდენიმე მოწმის ჩვენება შეუძლებელია ზუსტი იყოს. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის (IPCC) - სტოკველ ერთის ანგარიშში შემავალი მტკიცებულებების თანახმად: ბ-ნი დე მენეზესი შევიდა მატარებლის მესამე ვაგონში და თავისუფალი ადგილი დაიკავა; სათვალთვალო სამსახურის ერთ-ერთმა ოფიცერმა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცრებს დაუყვირა, რომ ბ-ნი დე მენეზესი იქ იყო; ბ-ნი დე მენეზესი წამოდგა; ხელები დაშვებული ჰქონდა; იგი ხელისკვრით დააბრუნეს სკამზე და ორმა პოლიციელმა გააკავა; ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, შესაძლოა მან ამ დროს, ხელი მარცხნივ თავისი შარვლის ქამრისაკენ წაიღო; სპეცდანიშნულების რაზმის ორმა ოფიცერმა (ჩარლი 2 და ჩარლი 12) რამდენჯერმე ესროლა ბ-ნ დე მენეზესს და მოკლა.
38. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, როდესაც გაირკვა, რომ ბ-ნი დე მენეზესი არ იყო დაკავშირებული 21 ივლისს ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობასთან, დედაქალაქის პოლიციის კომისარმა, პრემიერ მინისტრმა და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ღრმა მწუხარება გამოხატეს ბ-ნი დე მენეზესის გარდაცვალების გამო. დედაქალაქის პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი ბრაზილიაში გაემგზავრა მისი ოჯახის სანახავად და პოლიციის სახელით მისი ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა. გადაწყდა, ფინანსური დახმარება გაეწიათ ოჯახისთვის. მათ შესთავაზეს გაერთიანებული სამეფოს ადვოკატის დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტაცია მიეღოთ და დაჰპირდნენ ამ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
სამართალი
I. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
186. განმცხადებელი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება - არც ერთი პირი არ დასჯილიყო მისი ბიძაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, არღვევდა კონვენციის მეორე მუხლის პროცედურულ ასპექტს.
187. მე-2 მუხლი ითვალისწინებს:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის უფლება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
(a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
(b) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
(c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად“.
188. მთავრობამ გაასაჩივრა განმცხადებლის არგუმენტი.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) საპროცესო მოთხოვნა სახელმწიფოს თანამდებობის პირების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების საქმეებთან დაკავშირებით
229. კონვენციის მეორე მუხლის ფუნდამენტური ხასიათის გათვალისწინებით, სავალდებულოა განხორციელდეს არსებითი ასპექტის შესაძლო დარღვევების ეფექტური გამოძიება (იხ. ერგი თურქეთის წინააღმდეგ, 28 ივლისი, 1998 წ., §82, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშები 1998‑IV; მასტრომატეო იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N37703/97, § 89, ECHR, 2002‑VIII; ჯულიანა და გაჯჯიო, §298; მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N24014/05, §69, 14 აპრილი, 2015 წ.).
230. სახელმწიფოს თანამდებობის პირთა მიერ სიცოცხლის თვითნებური მოსპობის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა არაეფექტური იქნება, პრაქტიკაში თუ არ იარსებებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ლეტალური ძალის გამოყენების კანონიერების განხილვის პროცედურა. სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება, მოცემული დებულებით და კონვენციის პირველი მუხლით განსაზღვრული სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულებით „[თავისი] უფლებამოსილების ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს [მოცემული] კონვენციით დადგენილი უფლებები და თავისუფლებები“ გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს ეფექტური ოფიციალური გამოძიების გარკვეული ფორმა, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ადამიანების მკვლელობას ძალის გამოყენების შედეგად (იხ. მაკკანნი და სხვები, §161). შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით - სასამართლოს ან სხვა გზით, ადამიანის სიცოცხლის უფლების დასაცავად არსებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩოები სათანადოდ იყოს განხორციელებული და ამ უფლების რაიმე ტიპის დარღვევა იქნეს აღკვეთილი (იხ. ზავოლოკა ლატვიის წინააღმდეგ N58447/00, §34, 7 ივლისი, 2009 წ. და ჯულიანა და გაჯჯიო, §298).
231. სახელმწიფოს ვალდებულება - განახორციელოს ეფექტური გამოძიება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, განიხილება მეორე მუხლისთვის დამახასიათებელ ვალდებულებად, რომელიც მოითხოვს, რომ სიცოცხლის უფლება „კანონით იყოს დაცული“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს მე-13 მუხლით დაცული უფლების დარღვევა, მეორე მუხლის პროცედურული ვალდებულება განიხილება როგორც ცალკე ვალდებულება (იხ. ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N22277/93, §§91-92, ECHR, 2000-VII; ონარიელდიზი, §148 და ჩილიხი სლოვენიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N71463/01, §§153‑154, 9 აპრილი, 2009 წ.). ამან შეიძლება გამოიწვიოს განცალკევებული და დამოუკიდებელი „ჩარევა“. ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ თანმიმდევრულად შეისწავლა პროცედურული ვალდებულებების საკითხი, არსებითი ვალდებულების შესაბამისობის საკითხისგან განცალკევებულად (საჭიროების შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით დაადგინა მეორე მუხლის ცალკეული დარღვევა), აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურული ვალდებულების დარღვევა მეორე მუხლის თანახმად, არ იქნა დასაბუთებული საჩივრების არარსებობის გამო მის არსებით ასპექტთან მიმართებით (იხ. ჩილიხი, §§ 158-159).
232. იმისათვის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მკვლელობა ეფექტურად გამოძიებულიყო, აუცილებელია, რომ პასუხისმგებელი პირები და პირები რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას, იყვნენ დამოუკიდებელნი მოვლენებში მონაწილე პირებისაგან (იხ. ოგიური თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N21594/93, §§ 91-92, ECHR, 1999‑III; ჯულიანა და გაჯჯიო, §300; მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §177). რაც არა მხოლოდ იერარქიულ ან ინსტიტუციურ კავშირს, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც ნიშნავს (იხ. გიულეჩი თურქეთის წინააღმდეგ, 27 ივლისი, 1998 წ., §§81-82, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშები 1998‑IV; ჯულიანა და გაჯჯიო, §300; მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §177). ამ შემთხვევაში, სასწორზე დევს საზოგადოების ნდობა სახელმწიფოს მონოპოლიის მიმართ ძალის გამოყენების თვალსაზრისით (იხ. ჰიუ ჯორდანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N24746/94, § 106, 4 მაისი, 2001 წ.; რამსაჰაი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 52391/99, §325, ECHR, 2007‑II; ჯულიანა და გაჯჯიო).
233. იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს კონვენციის მეორე მუხლის კონტექსტის გაგებით,ის ადეკვატური უნდა იყოს (იხ. რამსაჰაი, §324 და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §172). ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას უნდა შეეძლოს ფაქტების დადგენა, იყო თუ არა ძალის გამოყენება გამართლებული არსებულ გარემოებებში და საჭიროების შემთხვევაში - დასაჯოს პასუხისმგებელი პირები (იხ. ჯულიანა და გაჯჯიო, §301 და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §172). ეს არა შედეგის, არამედ საშუალებების ვალდებულებაა (იხ. ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N43577/98 და 43579/98, §160, ECHR, 2005‑VII); იალოუდი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N47708/08, §186, ECHR, 2014 და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §173). ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტად გონივრული ზომები უნდა გაატაროს, რათა უზრუნველყოს ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები, კერძოდ, თვითმხილველის ჩვენება, სასამართლო მტკიცებულებები საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთის შედეგები, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანების სრულ და ზუსტ აღწერილობას და კლინიკური გამოკვლევების ობიექტური ანალიზი, მათ შორის, სიკვდილის მიზეზი (იხ. სალმანი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N21986/93, §106, ECHR, 2000-VII; იხ. თანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N23763/94, §109, ECHR, 1999-IV; იხ. გიული თურქეთის წინააღმდეგ, N22676/93, § 89, 14 დეკემბერი, 2000 წ.). გარდა ამისა, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენება ეფექტურია თუ აღნიშნული გამართლებულია კონკრეტულ გარემოებებში (იხ. კაია თურქეთის წინააღმდეგ, 19 თებერვალი, 1998 წ., §87, ანგარიშები 1998-I). გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს შეუშლის სიკვდილის მიზეზის ან პასუხისმგებელი პირის ვინაობის დადგენას, რისკის ქვეშ დააყენებს არსებული სტანდარტის დარღვევას (იხ. ავშარი თურქეთის წინააღმდეგ, N25657/94, §§393-395, ECHR, 2001‑VII (ამონარიდები); ჯულიანა და გაჯჯიო, §301 და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §174).
234. კერძოდ, გამოძიების დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. გამოძიების მკაფიო ხაზიდან გადახრა არსებითად ხელს უშლის გამოძიების შესაძლებლობას, დაადგინოს საქმის გარემოებანი და პასუხისმგებელი პირების ვინაობა (იხ. კოლევი ბულგარეთის წინააღმდეგ, N1108/02, §201, 5 ნოემბერი, 2009 წ. და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §175). მიუხედავად ამისა, მოკვლევის ბუნება და ხარისხი, რომელიც აკმაყოფილებს გამოძიების ეფექტურობას და შედეგიანობას მინიმალურ დონეზე, დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე. მოკვლევის ბუნება და ხარისხი უნდა შეფასდეს ყველა სათანადო ფაქტის საფუძველსა და პრაქტიკულ საგამოძიებო სამუშაოსთან მიმართებით (იხ. ველჩა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ N64301/01, §105, 1 დეკემბერი, 2009 წ. და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, §175). იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირმა, საეჭვო ვითარებაში მოკლა ადამიანი, შესაბამისმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მკაცრად უნდა შეამოწმოს მომდევნო გამოძიების პროცესი (იხ. ენუქიძე და გირგვლიანი, § 277).
235. გარდა ამისა, გამოძიება უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაზარალებულის ოჯახისთვის, რამდენადაც ეს აუცილებელია, მათი კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ასევე, უნდა არსებობდეს გამოძიებაზე კონტროლის შესაძლებლობა საზოგადოების მხრიდან, რომლის ხარისხიც შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტულ შემთხვევებში (იხ. ჰიუ ჯორდანი, § 109; ჯულიანა და გაჯჯიო, § 303; და მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი, § 179; ასევე, გიულეჩი, § 82, როდესაც დაზარალებულის მამას არ შეატყობინეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ოგიური, როდესაც დაზარალებულის ოჯახს გამოძიების მასალებსა და სასამართლოს დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდებოდა).
236. პოლიციის ანგარიშებისა და გამოძიების მასალების გამოქვეყნება შესაძლოა, ისეთ სენსიტიურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც ზიანს მიაყენებენ კერძო პირებს ან სხვა გამოძიებებს, აქედან გამომდინარე, ვერ იქნება განხილული მეორე მუხლით დადგენილ ავტომატურ მოთხოვნად. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ან დაზარალებულის ნათესავებისთვის აუცილებელი წვდომა საქმის წარმოების სხვა ეტაპებზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი (იხ. მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N 28883/95, § 129, ECHR, 2001-III და ჯულიანა და გაჯჯიო, § 304). მეტიც, მეორე მუხლი არ აკისრებს ვალდებულებას საგამოძიებო ორგანოებს დააკმაყოფილონ ნათესავების მიერ გამოძიების პროცესში გაკეთებული ყველა მოთხოვნა კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების თაობაზე (იხ. ველჩა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ §113 და რამსაჰაი და სხვები, § 348).
237. ამ კონტექსტში ნაგულისხმევია მოთხოვნა საქმის გამოძიების სწრაფ და გონივრულ ვადებთან დაკავშირებით (იხ. იაშა თურქეთის წინააღმდეგ, 2 სექტემბერი, 1998 წ., §§ 102-104, ანგარიშები 1998-VI და კაია, §§ 106-107). უნდა დავუშვათ, რომ შესაძლებელია არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების მსვლელობას კონკრეტულ სიტუაციაში. თუმცა, ხელისუფლების სწრაფი რეაგირება ლეტალური ძალის გამოყენების გამოძიების საქმეში შეიძლება მიჩნეულ იქნეს ძალიან მნიშვნელოვნად იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელისუფლების ნდობა, რომ დაიცავს კანონის უზენაესობას, აღმოფხვრის შეთქმულების ნებისმიერ მცდელობას და არ დაუშვებს რაიმე უკანონო ქმედებებს (იხ. მაკკერი, §§ 111 და 114 და ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ, N 33401/02, § 150, ECHR, 2009).
238. ზემოთქმულიდან არ უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ მეორე მუხლი გულისხმობს უფლებას - აღიძრას დევნა ან დაისაჯოს მესამე მხარე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (იხ. მასტრომატტეო, § 90; ჩილიხი, § 194 და ჯულიანა და გაჯჯიო, § 306) ან აბსოლუტურ ვალდებულებას ყველა სისხლისსამართლებრივი დევნა დასრულდეს გამამტყუნებელი განაჩენით ან გარკვეული სასჯელით (იხ. ზავოლოკა, § 34 (c)). სასამართლო ნამდვილად პატივისცემით ეპყრობა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას - შეარჩიოს შესაბამისი სანქციები სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი მკვლელობის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც უნდა განახორციელოს ზედამხედველობის გარკვეული უფლებამოსილებანი და ჩაერიოს იმ საქმეებში, რომლებშიც ადგილი აქვს აშკარა არაპროპორციულობას ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და სასამართლოს მიერ დაკისრებულ სასჯელს შორის (იხ. კასაპი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, N 8656/10, § 59, 14 იანვარი, 2014 წ.; ა. ხორვატიის წინააღმდეგ, N 55164/08, § 66, 14 ოქტომბერი, 2010 წ. და ალი და აიშე დურანი თურქეთის წინააღმდეგ, N 42942/02, § 66, 8 აპრილი, 2008 წ.).
239. იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალური გამოძიების შედეგად იწყება სამართალწარმოება ეროვნულ სასამართლოებში, სამართალწარმოება მთლიანობაში, სასამართლო განხილვის ეტაპის ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ეროვნულმა სასამართლოებმა არ უნდა დატოვონ სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულები სასჯელის გარეშე (იხ. ონარიელდიზი, § 95 და ჯულიანა და გაჯჯიო, § 306). ამიტომ, სასამართლოს ამოცანაა განიხილოს, შეუძლიათ თუ არა და რა მასშტაბით სასამართლოებს, დასკვნების გაკეთებისას, წარადგინონ საქმე უფრო დეტალური შესწავლისათვის კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნის თანახმად, რათა არ დაირღვეს არსებული მართლმსაჯულების სისტემის შემაკავებელი ეფექტი და მისი როლის მნიშვნელობა, რომელიც სასამართლომ უნდა შეასრულოს სიცოცხლის უფლების დარღვევის პრევენციის კუთხით (მილეუშნიჩი და მილეუშნიჩ-ესპენჰეიმი ხორვატიის წინააღმდეგ, N 66953/09, § 66, 19 თებერვალი, 2015 წ. და ონარიელდიზი, § 96).
(ბ) განაცხადი წინამდებარე საქმეზე
240. ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს თანამდებობის პირების მიერ ძალის გამოყენების შედეგად ლეტალური შემთხვევების გამოძიება ეფექტური და შედეგიანი იყოს, სასამართლომ თავის პრეცედენტულ სამართალში მთელი რიგი გარკვეული მოთხოვნები დააწესა. შესაბამისად, პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოძიების წარმოებაზე, დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ მოვლენებში მონაწილე პირებისაგან; გამოძიება უნდა იყოს „ადეკვატური" და საზოგადოებისათვის საჯარო ; მისი დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს; ის უნდა იყოს საკმარისად ხელმისაწვდომი დაზარალებულის ოჯახისათვის; გამოძიება უნდა განხორციელდეს სწრაფად და გონივრულ ვადებში.
241. მოცემულ საქმეში განმცხადებელი არ ასაჩივრებდა გამოძიების წარმოების პროცესს, რომელიც ჩაატარა დამოუკიდებელმა ორგანომ (IPCC). გამოძიების პროცესში IPCC-ს მიერ მოპოვებულ იქნა შესაბამისი ფიზიკური და სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები (800-ზე მეტი ნივთიერი მტკიცებულება იქნა შენახული), გამოვლინდა სათანადო მოწმეები (დაახლოებით მოპოვებულ იქნა 890 მოწმის ჩვენება), ამის შემდეგ გამოძიება ჩატარდა ყველა გამოკვეთილი მიმართულებით და ყველა სათანადო მტკიცებულება ობიექტურად შეფასდა. ამასთან ერთად, გარდაცვლილის ოჯახს ზეპირი ფორმით რეგულარულად აწვდიდნენ დეტალურ ინფორმაციას გამოძიების მსვლელობის შესახებ და მათ იურიდიულ წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს IPCC-ის მიერ შემუშავებული დასკვნები. ასევე სრულად მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის სახელმწიფო სამსახურის (CPS) დასკვნების შესახებ (კერძოდ, ეს იყო ორმოცდაათგვერდიანი განხილვის მოკლე და შემაჯამებელი ანგარიშები, მათ შეძლეს სასამართლო განხილვის მეშვეობით გადაეხედათ გადაწყვეტილებისთვის დევნის არაღძვრის თაობაზე. გამოძიებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს დაეკისრა, რომლის პროცესში ჩაატარეს გამოძახებული 71 მოწმის ჯვარედინი დაკითხვა და გააკეთეს ახსნა-განმარტებანი).
242. მიუხედავად იმისა, რომ შეყოვნდა შემთხვევის ადგილის გადაცემა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიისთვის (IPCC), რაც IPCC-მ გააკრიტიკა, განმცხადებელს არ გაუსაჩივრებია ეს შეყოვნება და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ შეყოვნებამ გამოიწვია გამოძიების მთლიანობის რაიმე სახით დარღვევა, რომელიც საერთო ჯამში სწრაფად და გონივრულ ვადებში ჩატარდა. DPS, დედაქალაქის პოლიციის სამსახურის დამოუკიდებელ განყოფილებას შეატყობინეს სროლის ფაქტის შესახებ შემთხვევიდან ერთი საათის მანძილზე და განყოფილების თანამშრომლებმა გამოძიების საწყის ეტაპზე შეძლეს შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობის დაცვა. გარდა ამისა, IPCC-მ დაადგინა ის საკითხები, რომლებისთვისაც პირველ რიგში უნდა მიექციათ ყურადღება, ინფორმაციის დაუყოვნებლად მიღების შემთხვევაში (მაგალითად, ფაქტი, რომ ვერ მოიძიეს CCTV-ს ვიდეოჩანაწერები სტოკველის მეტროს სადგურზე, მყარი დისკების არარსებობა მატარებელზე და სათვალთვალო ჟურნალის შესაძლო ცვლილება - მომდევნო გამოძიებისთვის არც ერთი ამ საკითხთაგან არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი).
243. სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანია აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნეს მთლიანად საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის კონკრეტული საჩივრების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ადეკვატურობის გარკვეულ ასპექტებს. როგორც ეს ზემოთ ზოგად ასპექტებშია განსაზღვრული, გამოძიების „ადეკვატურობისთვის“, შესაძლებელი უნდა იყოს იმის დადგენა, გამოყენებული ძალა გამართლებულია თუ არა არსებულ გარემოებებში, გამოვლინდნენ და საჭიროების შემთხვევაში, დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები. მოცემული საქმის ფაქტების გათვალისწინებით, განმცხადებელი აცხადებს, რომ (ა) საგამოძიებო ორგანოებს არ შეეძლოთ დაედგინათ, იყო თუ არა ძალის გამოყენება გამართლებული, რადგან არ მიეცათ საშუალება ემსჯელათ ჩარლი 2-ის და ჩარლი 12-ის კეთილსინდისიერი ვარაუდი ძალის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გონივრული; (ბ) ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო დაირღვა გამოძიების ქმედითუნარიანობა, რომელსაც შედეგად მოჰყვებოდა პასუხისმგებელი პირების დასჯა.
(i) გამოძიების ადეკვატურობა: შეეძლო თუ არა ხელისუფლებას სათანადოდ განეხილა ძალის გამოყენების გამართლებულობის საკითხი
(α) სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი
244. სასამართლოს მიერ თანმიმდევრულად გამოყენებული ტესტი იმის დასადგენად, იყო თუ არა ლეტალური ძალის გამოყენება გამართლებული განმარტებულია საქმეში მაკკენი და სხვები, § 200:
„სახელმწიფოს თანამდებობის პირების მიერ ძალის გამოყენება კონვენციის მეორე მუხლის მეორე პარაგრაფით განსაზღვრული ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ის ეფუძნება კეთილსინდისიერ ვარაუდს, რომელიც მართებულად აღიქმება იმ მომენტში, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდება მცდარი. ამის სხვაგვარად გაგება ტვირთად დააწვება სახელმწიფოს და შესაძლოა საზიანო იყოს, როგორც სამართალდამცავებისათვის მოვალეობების შესრულებისას, ასევე სხვა ადამიანებისათვის.“
245. მთავრობა ამტკიცებს, რომ ლეტალური ძალის გამოყენების რწმენის გონივრულობა უნდა განისაზღვროს სუბიექტურად. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა მიიღო ეს მტკიცებულება, მესამე მხარის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ კეთილსინდისიერი ვარაუდი უნდა შეფასდეს მიზანშეწონილობის ობიექტურობის სტანდარტის საწინააღმდეგოდ. თუმცა, აღნიშნული ტესტის გამოყენების შემთხვევაში მაკკენი და სხვების საქმის, ასევე შემდგომი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, აშკარად აუცილებელი გახდა „შესაბამისი საფუძვლების“ სუბიექტურად განსაზღვრა. რიგ შემთხვევებში, სასამართლომ ღიად განაცხადა, რომ ვინაიდან ის დაშორებულია განსახილველ მოვლენებს, არ შეუძლია სიტუაციის მისეული შეფასება შეცვალოს პოლიციელის მიერ გაკეთებული შეფასებით, რომელიც იძულებული იყო საჭირო რეაგირება მოეხდინა მოვლენათა ეპიცენტრის დროს, რათა თავიდან აეცილებინა თავისი და სხვა ადამიანების სიცოცხლის საფრთხე; უფრო სწორად, სასამართლომ მოვლენები უნდა განიხილოს საქმეში მონაწილე პირის(ების) თვალთახედვით, რომელიც მოქმედებდა საკუთარი თავის დასაცავად აღნიშნული მოვლენების დროს (იხ. ბაბბინსი, § 139 და ჯულიანა და გაჯჯიო, §§ 179 და 188). შესაბამისად, მეორე მუხლით განსაზღვრულ საქმეებში, როდესაც სასამართლო კონკრეტულად განიხილავდა იმ საკითხს, იყო თუ არა ეს ვარაუდი აღქმული კარგი მიზნებისთვის, რომელიც მართებული იყო იმ მომენტისათვის, მან არ გაითვალისწინა მიუკერძოებელი დამკვირვებლის აზრი; ამის ნაცვლად, სასამართლო შეეცადა თავი წარმოედგინა იმ ადამიანის ადგილზე, რომელმაც გამოიყენა ლეტალური ძალა, დაედგინა, ჰქონდა თუ არა სათანადო ვარაუდი და შეეფასებინა გამოყენებული ძალის აუცილებლობის ხარისხი (იხ. მაკარატზისი საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 50385/99, §§ 65-66, ECHR, 2004‑XI; ოლაჰი უნგრეთის წინააღმდეგ (განჩინება), 56558/00, 14 სექტემბერი, 2004 წ. და ჯულიანა და გაჯჯიო, § 189 ).
246. გარდა ამისა, ამ ტესტის გამოყენებისას სასამართლომ განიხილა გონივრულობა არა როგორც ცალკეული მოთხოვნა, არამედ შესაბამისი ფაქტორი - განმარტებისთვის, იყო თუ არა ოფიცრის (პოლიციელის) ვარაუდი კეთილსინდისიერი. მაკკენის და სხვების საქმეში სასამართლომ დაადგინა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე არარეალისტური ტვირთის დაკისრების საფრთხის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა მეორე მუხლის დარღვევის ფაქტი, რადგან ოფიცრებს „გულწრფელად სჯეროდათ, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, რომ საჭირო იყო ეჭვმიტანილების განადგურება, რათა მათ არ აეფეთქებინათ ბომბი და არ გამოეწვიათ ბევრი ადამიანის სიკვდილი“ ( მაკკენი და სხვები, § 200). ანალოგიური მიდგომა კეთილსინდისიერებაზე, შეიძლება შეგვხვდეს უამრავ სხვა საქმეში, მათ შორისაა ანდრონიკუ და კონსტანტინუ, § 192; ბაბბინსი, § 140; გოლუბევა რუსეთის წინააღმდეგ, N1062/03, § 102, 17 დეკემბერი, 2009 წ.;ვასილევსკა და კალუცკა პოლონეთის წინააღმდეგ, N 28975/04 და 33406/04, § 52, 23 თებერვალი, 2010 წ. და ჯულიანა და გაჯჯიო, § 189.
247. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სავარაუდოდ, პირი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა და გულწრფელად სწამდა ძალის გამოყენების აუცილებლობა, ამიტომ საქმე წარმართა მე-2 მუხლის დარღვევის კუთხით, რადგან აღნიშნული მომენტისთვის, რწმენა არ იყო აღქმული მართებულად და გამოყენებული ძალა გაგებული იყო სრულიად არაპროპორციულად. სასამართლომ არ გაიზიარა ის თვალსაზრისი, რომ ვარაუდი კეთილსინდისიერი იყო და მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა.
248. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მაკკენის და სხვების საქმეში ტესტის გამოყენების მიზანი იყო დაედგინათ, ჰქონდა თუ არა ადამიანს გულწრფელი და ჭეშმარიტი რწმენა იმისა, რომ ძალის გამოყენება აუცილებელი იყო. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა რწმენა სუბიექტურად გონივრული ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელიც იმ მომენტში დაფიქსირდა. იმ შემთხვევაში, თუ რწმენა სუბიექტურად არ იყო გონივრული (რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ემყარებოდა საკმარის საფუძვლებს), სასამართლოს გაუჭირდება იმ ფაქტის აღიარება, რომ რწმენა გულწრფელი და ჭეშმარიტი იყო.
(β) ინგლისსა და უელსში გამოყენებული ტესტის თავსებადობა
249. წინამდებარე საქმეში კორონერის (საგანგებო გამომძიებლის) მიერ აღწერილი ტესტის გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
„ნუთუ ოფიცერს (პოლიციელს) ჭეშმარიტად და გულწრფელად სჯეროდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო საკუთარი თავის და/ან სხვების დასაცავად ძალა გამოეყენებინა? ეს არის კითხვა სუბიექტური რწმენის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რწმენა მცდარი და შეცდომა არაგონივრული იყო, დაცვას მაინც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. რწმენის გონივრულობა რელევანტურია მხოლოდ სასამართლოს დასახმარებლად რწმენის გულწრფელობის დასადგენად.”
250. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ადრე უკვე განიხილა ტესტის თავსებადობა კონვენციის მეორე მუხლთან, ეს საქმეები არ ეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტაში. მართალია, ბენნეტტის შემთხვევაში, სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ არ არსებობდა „ დიდი სხვაობა ინგლისის კანონმდებლობაში თავდაცვის განმარტებასა და მეორე მუხლით განსაზღვრულ „აბსოლუტური აუცილებლობის“ ტესტს შორის“. თუმცა, ბენნეტტის საქმეში გადასაწყვეტი იყო, კორონერის (საგანგებო გამომძიებლის) მიერ გამოყენებული ტესტი, კერძოდ კი, ლეტალური ძალის გამოყენების „გონივრული გამართლება“ კონვენციის მეორე მუხლის „აბსოლუტური აუცილებლობის“ მოთხოვნასთან იყო თუ არა თავსებადი. მაშასადამე, სასამართლოს არ მოეთხოვებოდა ადგილობრივი კანონმდებლობის თავსებადობის დადგენა მოთხოვნასთან, რომ უნდა არსებობდეს იმ მომენტისათვის მართებული გულწრფელი რწმენა, საკმარისი დასაბუთებით. ეს საკითხი წამოიჭრა საქმეში კარაჰერის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება), N 24520/94, ECHR, 2000‑I. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივი მოსამართლის მიდგომა კარაჰერის საქმეში გარკვეულწილად განსხვავდება იმ მიდგომისაგან, რომელიც წინამდებარე საქმეშია გამოყენებული და მთავრობამ მიიღო ეს უკანასკნელი როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის ზუსტი ანარეკლი.
251. როგორც მხარეთა არგუმენტების, ისე ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ მოცემულ საქმეში თავდაცვის ტესტის მთავარი ამოცანაა ინგლისსა და უელსში გამოვლინდეს, იყო თუ არა ძალის გამოყენების აუცილებლობის რწმენა გულწრფელი და ჭეშმარიტი. ამ რწმენის სუბიექტური გონივრულობა (ან შესაბამისი საფუძვლის არსებობა) პრინციპულად ეხება იმ საკითხს, იყო ეს თუ არა რეალურად ჭეშმარიტი და გულწრფელი. როგორც კი ეს საკითხი განიხილება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დასვას კითხვა, იყო თუ არა გამოყენებული ძალა „აბსოლუტურად აუცილებელი“. ეს კითხვა არსებითად ეხება პროპორციულობას, რაც აიძულებს ხელისუფლებას კვლავ განიხილოს გონივრულობის საკითხი, ანუ იყო თუ არა გამოყენებული ძალის დონე გონივრული, ადამიანის გულწრფელი და ჭეშმარიტი რწმენის გათვალისწინებით.
252. ამ ფორმულირებით, შეუძლებელია ვთქვათ, რომ ინგლისსა და უელსში გამოყენებული ტესტი მნიშვნელოვნად განსხვავდება სასამართლოს მიერ გამოყენებული სტანდარტისაგან მაკკენის და სხვების საქმის განხილვისას და მაკკენის და სხვების შემდგომ პრეცედენტულ სამართალში. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ადრე უარი თქვა ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოში დაედგინა ნაკლოვანება მხოლოდ და მხოლოდ ფორმულირებაში სხვაობის გამო, რომელიც შეიძლება დაძლეულ იქნეს ეროვნული სასამართლოების ინტერპრეტაციის გზით (იხ. პერკი თურქეთის წინააღმდეგ, N 50739/99, § 60, 28 მარტი, 2006 წ. და ჯულიანა და გაჯჯიო, §§ 214 და 215), შეუძლებელია ითქვას, რომ ინგლისსა და უელსში თავდაცვის მიღებული განმარტება ჩამორჩება კონვენციის მეორე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტს.
253. ასევე აშკარაა, რომ მოცემულ საქმეში ყველა დამოუკიდებელმა ორგანომ განიხილა ჩარლი 2-ის და ჩარლი 12-ის ქმედებები და დეტალურად შეისწავლა მათი რწმენის სუბიექტური გონივრულობა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ჟან შარლ დე მენეზესი კამიკაძე , რომელსაც შეეძლო ბომბის აფეთქება ნებისმიერ წამს. სტოკველ ერთის ანგარიშში IPCC-მ აღნიშნა, რომ ჩარლი 2-ისა და ჩარლი 12-ის ქმედებები განხილულ უნდა იქნეს იმ დღის და ორი კვირის წინანდელი მოვლენების ჭრილში. კერძოდ კი, იგი შეეხო SFO-ს ბრიფინგს, სათვალთვალო ჯგუფების მიერ ბ-ნი დე მენეზესის იდენტიფიკაციას, „State Red-ის“ გადაწყვეტილებას, როდესაც SFO მივიდა სტოკველში და DSO-ს ბრძანებას - „გაეჩერებინათ“ ბ-ნი დე მენეზესი.
254. სამეფო პროკურატურამ (CPS) ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სტოკველზე მოვლენები „განვითარდა წამებში“ და არსებობდა „რამდენიმე დამოუკიდებელი მტკიცებულება ოფიცრების (პოლიციელების) სასარგებლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეეშინდათ ჟან შარლს არ აეფეთქებინა ბომბი“. მოგვიანებით, სამეფო პროკურატურამ (CPS) აღნიშნა, რომ თუკი ჩარლი 2 და ჩარლი 12 ნამდვილად ფიქრობდნენ, რომ მოქმედებდნენ თავდაცვის ფარგლებში, მაშინ მათი ქმედებები, რომლებიც დასრულდა ბ-ნი დე მენეზესის მკვლელობით, გონივრული იქნებოდა და არა უკანონო.
255. ანალოგიურად, კორონერმა (საგანგებო გამომძიებელმა) განმარტა, რომ მას უნდა გაეთვალისწინებინა ჩარლი 2-ის და ჩარლი 12-ის რწმენის გონივრულობა ძალის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რათა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ის კეთილსინდისიერი და გულწრფელი.
256. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა არ განიხილეს, კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნებთან თავსებადი გზით, იყო თუ არა ჩარლი 2-ისა და ჩარლი 12-ის მიერ ძალის გამოყენება გამართლებული არსებულ გარემოებებში.
(ii) გამოძიების ადეკვატურობა: შესაძლებელი იყო თუ არა პასუხისმგებელი პირების დადგენა და საჭიროების შემთხვევაში - დასჯა.
257. მართალია, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულები დარჩეს დაუსჯელი, სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონვენციის მეორე მუხლით დადგენილი საგამოძიებო ვალდებულება არის ერთ-ერთი საშუალება და არა შედეგი. ადრინდელ საქმეებში სასამართლომ განაცხადა, რომ „გამოძიებას უნდა შეეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაცია და დასჯა“ (იხ. ოგიური, §88). თუმცა პრეცედენტული სამართლის ბოლო საქმეებში აღნიშნული მოთხოვნა დაიხვეწა და ასე იკითხება „გამოძიების შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს განისაზღვროს, იყო თუ არა გამოყენებული ძალა გამართლებული არსებულ გარემოებებში.... და საჭიროების შემთხვევაში, დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები (იხ. ჯულიანა და გაჯჯიო, §301; მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი თურქეთის წინააღმდეგ, § 172). აქედან გამომდინარეობს, რომ მეორე მუხლი არ იწვევს მესამე მხარის გასამართლების ან დასჯის უფლებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის (იხ. მასტრომატტეო, § 90 და ჩილიხი, § 194). უფრო მეტიც, სასამართლოს ამოცანაა მთელი სამართალწარმოების გათვალისწინებით, დაადგინოს კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნის მიხედვით ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა თუ არა საქმე განსახილველად და რა მასშტაბით (ონარიელდიზი, § 95).
258. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მოცემულ საქმეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სათანადო ფიზიკური ან სამედიცინო მტკიცებულებების მოპოვება, სათანადო მოწმეების ან სათანადო ინფორმაციის მოძიება. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი მტკიცებულებები დეტალურად გაანალიზდა და შეფასდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, IPCC-ის მიერ, რომელმაც 890 მოწმეს ჩამოართვა ჩვენება და შეაგროვა 800-ზე მეტი მტკიცებულება; CPS-ის მიერ; მოსამართლის და ნაფიც მსაჯულთა მიერ - OCPM სისხლის სამართლის სასამართლო პროცესის დროს, როდესაც 47 მოწმე იქნა გამოძახებული ჩვენებების მიცემის მიზნით; კორონერის (საგანგებო გამომძიებლის) და ნაფიც მსაჯულების მიერ გამოძიების დროს, როდესაც 71 მოწმე იყო გამოძახებული. განმცხადებელი არ ცდილობდა საპირისპიროს დამტკიცებას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა - კონკრეტული ოფიცრების (პოლიციელების) მიმართ არ აღიძრას სისხლისსამართლებრივი დევნა და დევნა აღიძრას მხოლოდ OCPM-ის, როგორც პოლიციის ოფიცრების დამქირავებლის მიმართ - კონვენციის მეორე მუხლის პროცედურულ დარღვევას.
259. დღემდე სასამართლომ არ შეცვალა პროკურორის გადაწყვეტილება, რომელიც გამოძიების შედეგებიდან გამომდინარეობს და სხვა დანარჩენ ასპექტში შეესაბამება მეორე მუხლს. ფაქტობრივად, სასამართლომ გამოხატა პატივისცემა ხელშემკვრელი მხარეების მიმართ როგორც მათი პროკურატურის სისტემების ორგანიზების, ისე პროკურატურის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების გამოტანის კუთხით. კოლევის საქმეში სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„[იმ] ფაქტის მიუხედავად, რომ არსებობს პროკურატურის ბევრი სხვადასხვა სახელმწიფო სისტემა და განსხვავებული პროცესუალური ნორმა სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად, შესაძლოა, ისინი არ იყოს კონვენციასთან თავსებადი, რომელიც არ ითვალისწინებს რომელიმე ერთიან მოდელს ამ თვალსაზრისით... დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა იმ საქმეებში, რომლებშიც მონაწილეობენ მაღალი რანგის პროკურორები და სხვა თანამდებობის პირები, შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა გზით, როგორიცაა გამოძიება და დევნა პროკურატურის სისტემის გარეთ მყოფი ცალკე ორგანოს მიერ, სპეციალური გარანტიები გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მისაღებად, იერარქიული დამოკიდებულების, საზოგადოებრივი კონტროლის, სასამართლო კონტროლის და სხვა ღონისძიებების მიუხედავად. სასამართლოს ამოცანაში არ შედის დაადგინოს, რომელი სისტემა აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს. თუმცა, შესაბამისი წევრი ქვეყნის მიერ არჩეული სისტემა უნდა იძლეოდეს გარანტიას როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის დონეზე, რომ გამოძიება დამოუკიდებელი და ობიექტური იქნება ყველა გარემოებაში მიუხედავად იმისა, საქმეში ჩართულნი არიან თუ არა საჯარო პირები ” (§ 208).
260. ანალოგიურადაა, ბრექნელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმეში, N32457/04, §81, 27 ნოემბერი, 2007 წ., მიუხედავად სასამართლოს დადგენილებისა, თავდაპირველ საგამოძიებო ქმედებას აკლდა აუცილებელი დამოუკიდებლობა (შესაბამისად, ის არღვევდა მეორე მუხლის პროცედურულ ასპექტს), მან ვერ მოიძია საკმარისი საფუძველი გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის აღუძვრელობასთან დაკავშირებით, როდესაც „არ იყო ცალსახა, რომ დევნა წარმატებით დამთავრდებოდა“ და სასამართლოს არ შეეძლო „დაედანაშაულებინა ხელისუფლება აშკარა არაკეთილსინდისიერების ან ნების უქონლობის გამო“. ბლექნელის საქმეში საჩივარი წარდგენილ იქნა შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ; მიუხედავად ამისა, ეს ნათლად მეტყველებს სასამართლოს თავშეკავებულობაზე - ჩაერიოს პროკურატურის მიერ კეთილსინდისიერად მიღებულ გადაწყვეტილებაში სხვაგვარად ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების შემდგომ.
261. როგორც ითქვა, სასამართლომ, მოცემულ საქმეში დაადგინა, რომ „ინსტიტუციურ ხარვეზებს“ სისხლის სამართალში ან პროკურატურის სისტემაში შეუძლიათ კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა. კოლევის საქმეში (§209) სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის სისტემის ასეთმა ხარვეზებმა გამოიწვიეს საკმარისი გარანტიების ნაკლებობა, რათა დამოუკიდებლად გამოძიებულიყო მთავარი პროკურორის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის ცენტრალიზებულმა სტრუქტურამ „პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ჩატარებულიყო დამოუკიდებელი გამოძიება [მთავარი პროკურორის] კავშირის დასადგენად“. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმის ეფექტიანად გამოსაძიებლად არ არსებობდა არანაირი მსგავსი დაბრკოლება, განმცხადებელი აცხადებდა, რომ არსებობდა ეფექტიანი სისხლის სამართლის დევნის ხელისშემშლელი სხვა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები. ასეთი დაბრკოლებების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაუსჯელი დარჩეს სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულები და გამოიწვიოს სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობა ან შეთქმულება - უკანონო ქმედებებთან მიმართებაში. საპასუხოდ სასამართლოს მოუწევს განიხილოს განმცხადებლის თითოეული საჩივარი იმისათვის, რომ დაადგინოს არსებობდა თუ არა „ინსტიტუციური ხარვეზები“, რომლებმაც გამოიწვიეს კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული დარღვევა.
(α) სამეფო პროკურატურა (CPS)
262. ინგლისსა და უელსში გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის დევნის აღძვრის შესახებ იღებს სამეფო პროკურატურის პროკურორი. მთავრობა ამტკიცებდა, რასაც განმცხადებელი არ ასაჩივრებდა, რომ სამეფო პროკურატურა დამოუკიდებელი იყო კონვენციის მეორე მუხლის თანახმად. ისეთ მძიმე შემთხვევებში, როგორიც წინამდებარე საქმეა, დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას ზემდგომი პროკურორი იღებს. სასამართლოს არასოდეს განუცხადებია, რომ გადაწყვეტილება დევნის აღძვრის თაობაზე სასამართლომ უნდა მიიღოს (იხ. ჰიუ ჯორდანი, §§ 122-124, რომელშიც სასამართლო არ დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ საქმის აღძვრის გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის პირმა მიიღო). მართლაც, სულ მცირე 25 ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის დევნის აღძვრის შესახებ სახელმწიფო პროკურორი იღებს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო მოხელე თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს იმ პირობით, თუ არსებობს საკმარისი გარანტიები იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა და ობიექტურობა უზრუნველყოფილი იქნება.
263. გარდა ამისა, სასამართლოს თვალსაზრისით, მაქსიმოვის საქმეში გაკეთებული შეთავაზება - პროკურორებმა უნდა მოისმინონ მოწმეების ზეპირი ჩვენებები გადაწყვეტილებების გამოტანამდე, არ შეიძლება ავტორიტეტულად მივიჩნიოთ. მაქსიმოვის საქმეში, ბრალმდებელმა გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებას არ მოუსმენია მთავარი მოწმეების ზეპირი ჩვენებებისათვის. სიტუაცია მოცემულ საქმეში საკმაოდ განსხვავდება IPCC-სგან, დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ ამომწურავი გამოძიება ჩაატარა, რომელიც ყველა შესაბამისი მოწმის დაკითხვას მოიცავდა; CPS-სთვის ხელმისაწვდომი იყო გამოძიების საფუძველზე გაკეთებული დასკვნები ბრალმდებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოწმეების დაკითხვა და ჯვარედინი დაკითხვა კორონერის (საგანგებო გამომძიებლის) თანდასწრებით ჩატარდა. მან დაასკვნა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელსაც ნაფიც მსაჯულებს წარუდგენდნენ და შეძლებდნენ პოლიციის რომელიმე ცალკეული ოფიცრის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტის დადგენას. მოკვლევის შედეგად, CPS-მ გადახედა თავის პირველ გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ მტკიცებულება კვლავ არასაკმარისი იყო რომელიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არ არის არანაირი ნორმა, რომელიც დამოუკიდებელ პროკურორს ზეპირი ჩვენებების მოსმენას დაავალდებულებს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
264. შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საჩივრებმა CPS-ს როლსა და ორგანიზაციასთან დაკავშირებით ისეთი „ინსტიტუციური ხარვეზები“ გამოავლინა, რომლებმაც ხელისუფლებას ხელი შეუშალეს ბ-ნი დე მენეზესის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების ანგარიშვალდებულების ადეკვატურად უზრუნველყოფას.
(β) მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტი
265. მთავრობის განმარტებით, სისხლის სამართლის დევნის აღძვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, ინგლისისა და უელსის პროკურორებმა ორსაფეხურიანი ტესტი უნდა გამოიყენონ: პირველი, უნდა დასვან კითხვა, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები „გასამართლების რეალისტური პერსპექტივის“ უზრუნველსაყოფად თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ თითოეულ ბრალდებაზე (მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტი); მეორე, უნდა გადაწყვიტონ, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული საქმე საზოგადოების ინტერესს. გადაწყვეტილების მიღებისას მსჯავრის დადების რეალისტურ პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათ არ მოეთხოვებათ არითმეტიკული „51%-იანი წესის“ გამოყენება; ამის მაგივრად, უნდა გაარკვიონ, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მსჯავრის დადების საფუძველს მისცემს.
266. სადავო არ არის, რომ სახელმწიფოებს მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტის, გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, რათა სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რომლის წარმატებით დასრულება მეტად სათუოა, არ წარმოიშვას ფინანსური და მორალური დანახარჯები, საქმეში გიურთეკინის და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ, N 60441/13, 68206/13 და 68667/13 (განჩინება), 11 მარტი, 2014 წ., სასამართლომ იმპლიციტურად აღიარა შემდეგი:
„სისხლისსამართლებრივი დევნა, განსაკუთრებით ისეთი მძიმე ბრალდების საფუძველზე, როგორიცაა მასობრივ უკანონო მკვლელობებში მონაწილეობა, ყოველთვის სერიოზულ მიდგომას მოითხოვს ვინაიდან, ბრალდებული, რომელიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის წნეხის ქვეშაა, დიდ ზემოქმედებას განიცდის საზოგადოების მხრიდან და ეს უარყოფითად აისახება, როგორც მის რეპუტაციაზე, ისე პირად, ოჯახურ და პროფესიულ ცხოვრებაზე. კონვენციის მეექვსე მუხლის § 2-ში განმარტებული უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, დაუშვებელია ვარაუდი, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ ეჭვები იმდენად დიდია, რომ გამოსაყენებელ მტკიცებულებათა სტანდარტი შეუსაბამოა. მითქმა-მოთქმა და ჭორები იმდენად სახიფათო საფუძველს წარმოადგენს, რომ მათზე დაყრდნობამ შეიძლება ადამიანის ცხოვრება დაუნგრიოს.” (§ 27)
267. უფრო მეტიც, შემდეგი მიზეზების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა აღნიშნული ზღვრის დაწესებისას დისკრეციის კონკრეტული ზღვარი უნდა შეათანხმონ.
268. პირველი, მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტის შემოღებისას, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტი დააბალანსოს, მათ შორის, დაზარალებულების, პოტენციური ბრალდებულების და ზოგადად საზოგადოების; აღნიშნული ხელისუფლება ამგვარი შეფასების გასაკეთებლად, სასამართლოსთან შედარებით უფრო ინფორმირებულია. ამასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ მტკიცებულებათა ზღვრის ტესტი, რომელსაც ინგლისისა და უელსის პროკურორები იყენებენ, არ არის თვითნებური გადაწყვეტილება. პირიქით, ის ხშირად განხილვების, საზოგადოებასთან კონსულტაციების და პოლიტიკური დებატების საგანი იყო. კერძოდ, კოდექსის დეტალური განხილვა მოხდა 2003, 2010 და 2012 წლებში. ეს არის ზღვარი, რომელიც ყველა მიმართულებაზე ვრცელდება, ანუ ყველა ტიპის დანაშაულებზე, მიუხედავად იმისა, თუ პოტენციურად ვინ ჩაიდინა დანაშაული.
269. მეორე, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ერთიანი მიდგომა მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენ ტესტთან მიმართებით, რომელიც მათ სამართლებრივ სისტემებში გამოიყენება. წერილობით მტკიცებულებათა ტესტი სულ მცირე 24 ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებობს. ამ სახელმწიფოთაგან ოცში ზღვრის დასადგენი ტესტი ორიენტირებულია ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მტკიცებულებათა საკმარისი ოდენობის მისაღებად; თუმცა, პრაქტიკაში შეუძლებელია დაზუსტებით იმის მტკიცება, რომ სისხლის სამართლებრივ დევნაზე გადაწყვეტილების მიმღებები ამ სახელმწიფოებში ასევე არ ითვალისწინებენ ბრალდების უზრუნველყოფის პერსპექტივას. ტესტები განსხვავებულია იმ ოთხ ქვეყანაში, სადაც ტესტი მკაფიოდაა ფოკუსირებული ბრალდების პერსპექტივაზე. ავსტრიაში ტესტი წარმოადგენს „ბრალდების ალბათობას“; ისლანდიაში, მნიშვნელოვანია, არის თუ არა მტკიცებულება „ბრალდებისთვის საკმარისი ან სავარაუდო“; „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში“ საკითხი ასე დგას: არსებობს თუ არა „საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე პროკურორი შეძლებს ბრალდების წაყენებას“; პორტუგალიაში კი არსებითია „გონივრული შესაძლებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სასამართლო პროცესის დროს“.
270. ნებისმიერ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტი უნდა განიხილებოდეს მთლიანად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის კონტექსტში. ინგლისსა და უელსში დაწესებული ზღვარი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც დანერგილია ეს ტესტი და ასახავს ამ ქვეყნების ნაფიც მსაჯულთა სისტემას. მას შემდეგ, რაც ბრალდება წაყენებულია, მოსამართლე ვალდებულია გადასცეს საქმე ნაფიც მსაჯულებს განსახილველად, სანამ არსებობს „გარკვეული მტკიცებულებები“, რომელთა საფუძველზე სწორად მართულ ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ ადამიანის გასამართლება, თუნდაც ეს მტკიცებულებები „მყიფე ბუნების“ იყოს (ეს ე.წ. გელბრეითის ტესტია). ვინაიდან პირველი ინსტანციის მოსამართლეს არ შეუძლია სუსტი ან უსაფუძვლო საქმეების გაფილტვრა, მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტი სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის მიზნით შესაძლოა უფრო მკაცრი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთო სამართლის მქონე ქვეყნებმა, ინგლისისა და უელსის პროკურორების მიერ გამოყენებული ანალოგიური ზღვარი შემოიღეს.
271. ამ ვითარებაში არ შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტის დონე ინგლისსა და უელსში იმდენად მაღალი იყო, რომ გასცდა სახელმწიფოს დისკრეციის ზღვარს. ბრექნელის საქმეში, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიას ეხებოდა, სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მეორე მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოებს აწარმოონ სასამართლო საქმე, მაშინ როდესაც წარმატების პერსპექტივა გამოკვეთილი არ არის. ეს ძალიან ჰგავს ტესტს - „ბრალდების რეალისტური პერსპექტივა“, რომელიც ინგლისსა და უელსში გამოიყენება. ის ფაქტი, რომ ტესტი შემდგომში ინტერპრეტირებულ იქნა ეროვნული სასამართლოებისა და ხელისუფლების მიერ იმგვარად, რომ ბრალდება „უფრო სავარაუდოა, ვიდრე არა“, სასამართლოს აზრით, არ არის საკმარისი მისი სახელმწიფოს შეფასების საზღვრებს მიღმა დასაყენებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება დარწმუნებით იმის თქმა, რომ ინგლისისა და უელსის ტესტი უფრო მაღლა დგას ოთხ წევრ სახელმწიფოში მიღებულ ტესტზე, სადაც ზღვარი ბრალდების პერსპექტივაზეა ფოკუსირებული.
272. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იმ საქმეებში, სადაც სახელმწიფოს თანამდებობის პირების მხრიდან ძალა ლეტალური შედეგით იქნა გამოყენებული, ზღვარი უფრო დაბალი უნდა იყოს. თუმცა, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ამ პოზიციის მხარდაჭერა არ მოხდა. მართალია, გიურთექინის საქმე არ ეხებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ უკანონო მკვლელობას, სასამართლომ განმარტა, მართალია, დანაშაული კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, განსაკუთრებით „სერიოზულის“ კატეგორიაში ხვდებოდა (ამ შემთხვევაში, მასობრივი მკვლელობა), არ წამოადგენდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ძლიერი მტკიცებულებები. პირიქით, სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან დევნის შედეგები ასეთი სერიოზული ბრალდებების პირობებში განსაკუთრებით მკაცრი იქნებოდა ნებისმიერი ბრალდებულისთვის, დაუშვებელია საქმის ზედაპირულად განხილვა.
273. იგივე მოსაზრებები მართებულია სახელმწიფოს თანამდებობის პირთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების საქმეებში. საზოგადოების ნდობა როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე პროკურატურის სამსახურის მიმართ შეიძლება შეირყეს, თუ სახელმწიფოს წარმომადგენლები არ იქნებიან ანგარიშვალდებულნი ლეტალური ძალის გაუმართლებელი გამოყენების შემთხვევაში. ასეთი ნდობა ასევე შეირყევა, თუ სახელმწიფოებს დაეკისრებათ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ფინანსური და მორალური ხარჯების ანაზღაურება ბრალდების რეალისტური პერსპექტივის არარსებობის პირობებში. ამიტომ, მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლებას უფლება აქვს აღიაროს ის მოსაზრება, რომ საზოგადოების ნდობა პროკურატურის სისტემის მიმართ ყველაზე მყარად არის განმტკიცებული, თუკი სამართალწარმოება იწყება მაშინ, როდესაც მტკიცებულება იძლევა ამის საფუძველს და არ იწყება, როდესაც მტკიცებულება ამის საფუძველს არ იძლევა.
274. ნებისმიერ შემთხვევაში, ნათელია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დეტალურად განიხილა ზღვრის დაწევის საკითხი იმ საქმეებში, რომელზეც სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ შემთხვევებში პოტენციურ ბრალდებულებზე გაზრდილი ტვირთის დაწესება უსამართლო და არათანმიმდევრული იქნება. მიუხედავად ამისა, მათ უზრუნველყვეს, რომ სისტემაში არსებობდეს გარკვეული გარანტიები პოლიციის მიერ განხორციელებული გასროლის და საპატიმროებში სიკვდილიანობის საქმეებში: გენერალური პროკურორი პირადად იხილავს ყველა საბრალდებო გადაწყვეტილებას; ყველა საქმეში, გარდა ყველაზე მარტივისა, გადაწყვეტილება საქმის აღუძვრელობის შესახებ უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ადვოკატმა; პროკურორი ვალდებულია მისწეროს დაზარალებულის ოჯახს და აუხსნას მისი გადაწყვეტილება; ოჯახს უნდა შესთავაზონ შეხვდეს პროკურორს იმისათვის, რომ აუხსნან გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში არცთუ ისე ხშირად ხდება პოლიციის მხრიდან მკვლელობის ფაქტზე საქმის აღძვრა, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს თანამდებობის პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მეტად მკაცრი პოლიტიკაა. მთავრობის ინფორმაციით, 2003/4-2012/13 წლებში, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციების რიცხვი, რომლის დროსაც მოხდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, წლის განმავლობაში გამოიხატება ერთნიშნა ციფრებში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა, რომელთა დროს იარაღის გამოყენება ავტორიზებული იყო, 10 000-დან 20 000-მდე მერყეობს.
275. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში არც აშკარაა და სავარაუდო ის ფაქტი, რომ პოლიციის ცალკეული ოფიცრების წინააღმდეგ შესაძლებელია აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მაშინაც კი გელბრეითის ტესტი, მტკიცებულებების ზღვრის დასადგენი ტესტი რომ ყოფილიყო, რათა მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო (ანუ რაიმე მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, თუნდაც ის მყიფე ხასიათის ყოფილიყო). მართლაც, საწინააღმდეგო გამომდინარეობს მოცემული საქმის ფაქტებიდან. დამოუკიდებელმა სასამართლო ოფიცერმა - კორონერმა (საგანგებო გამომძიებელმა) გამოიყენა ზემოხსენებული ტესტი, რათა გადაეწყვიტა, მკვლელობის ვერდიქტი დაეტოვებინა თუ არა ნაფიც მსაჯულებისთვის და 71 მოწმის ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მან დაასკვნა, რომ ტესტის შედეგები საქმეში მონაწილე თითოეულ პოლიციელთან მიმართებით არ იყო დამაკმაყოფილებელი. ცალკეული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაშიც კი, მტკიცებულებების ზღვრის დასადგენი ტესტი გელბრეითის ტესტი რომ ყოფილიყო, სასამართლო მაინც არ მიიჩნევდა, რომ ასეთი ზღვარი ინგლისსა და უელსში იმდენად მაღალია, რომ ამით ირღვეოდეს მეორე მუხლი.
276. ზემოთ ხსენებულის ფონზე, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების ზღვრის დასადგენი ტესტი, რომელიც გამოიყენება ინგლისსა და უელსში, წარმოადგენდა „ინსტიტუციურ ხარვეზს“ ან მისი გამოყენება წარუმატებელი იყო პროკურატურის სისტემაში და ამან ხელი შეუშალა ბ-ნი დე მენეზესის სიკვდილში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.
(γ) პროკურატურის გადაწყვეტილებათა გადახედვა
277. როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილება, რომ ინგლისსა და უელსში არ აღიძრას სისხლისსამართლებრივი დევნა, ექვემდებარება სასამართლოს მიერ გადასინჯვას, თუმცა უფლებამოსილება გადასინჯვის თაობაზეზომიერად უნდა იყოს გამოყენებული; სასამართლოებს შეუძლიათ ჩაერიონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის გადაწყვეტილება არასწორია კანონთან მიმართებაში.
278. განმცხადებელმა ვერ წარმოუდგინა სასამართლოს დამარწმუნებელი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გადახედვის მოცულობის ფარგლები ძალზე შეზღუდულია. გიურთექინის საქმეში, § 28, სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მუხლის პროცედურული ვალდებულებით საგამოძიებო გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ გადახედვა არ არის აუცილებელი, თუმცა ამგვარი გადასინჯვები უდავოდ ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდა. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა ხელშემკვრელი სახელმწიფოების სისხლის სამართლის საგამოძიებო და მართლმსაჯულების სისტემების, შესაბამისი პროცედურების, ფუნქციონირების მიკრო დონეზე მართვა, რომლებიც შესაძლოა საკმაოდ განსხვავებული იყოს საკუთარი მიდგომებით და პოლიტიკით აგრეთვე, საქმეში მუსტაფა თუნჩი და ფესირე თუნჩი თურქეთის წინააღმდეგ, §233, სასამართლომ დაადგინა, რომ დამოუკიდებლობის საკმარისი ნორმატიული გარანტიების მქონე სასამართლოს ან მოსამართლის დამატებით ჩარევა იმისათვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო გამოძიების მთლიანად დამოუკიდებლად ჩატარება, თავისთავად არ წარმოადგენდა აბსოლუტურ მოთხოვნას.
279. სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დევნის არ დაწყებასთან დაკავშირებით გარკვეულ დონეზე ექვემდებარება სასამართლოს მიერ გადახედვას ან აპელაციას სულ მცირე 25 ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ამ ქვეყნებში საქმეთა გადასინჯვის სტანდარტი მნიშვნელოვნად განსხვავდება. აქედან შვიდ ქვეყანაში გადაწყვეტილება გასაჩივრებული უნდა იყოს მანამ, სანამ იგი გადაეცემა იერარქიულად ზემდგომ საფეხურზე მდგომ პროკურატურის უწყებას. თორმეტ ქვეყანაში პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ უწყებაში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ითქვას, რომ წევრ ქვეყნებში არსებობს ერთიანი მიდგომა როგორც გასაჩივრებასთან, ისე ასეთის არსებობის შემთხვევაში, გასაჩივრების მასშტაბთან დაკავშირებით.
280. ინგლისსა და უელსში, არსებობდა პროკურატურის გადაწყვეტილების გადახედვის უფლება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. მოცემულ საქმეში გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამოუკიდებელი უფროსი პროკურორის მიერ, რომელმაც წინასწარ გაიარა დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტაცია და ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები დეტალურად აუხსნეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სასამართლომ ვერ მოიძია თავის პრეცედენტულ სამართალში ნორმა, რომელიც გაამყარებდა განმცხადებლის მტკიცებას, რომ მეორე მუხლი მოითხოვდა ადმინისტრაციული სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გადახედვის უფრო ფართო უფლებამოსილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოთხოვნა, კერძოდ, ონარიელდიზის საქმეში დაფიქსირებული „დეტალური განხილვის“ მოთხოვნა. მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორის გადაწყვეტილება რაციონალური იყო და პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითა, რომ ეთანხმება პროკურატურის დასკვნებს.
281. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ გადახედვა ინგლისსა და უელსში შეიძლება მიჩნეულ იქნეს „ინსტიტუციურ ხარვეზად“, რომელმაც გავლენა იქონია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობაზე, უზრუნველეყო ბ-ნი დე მენეზესის სიკვდილში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.
(δ) ნაწილობრივი დასკვნა
282. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესის მთლიანობაში გათვალისწინებით, განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა, რომ არსებობდა რაიმე „ინსტიტუციური ხარვეზები“ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ან პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული დარღვევა მოცემული საქმის ფაქტებთან დაკავშირებით.
(iii) საერთო ( სრული) დასკვნა განმცხადებლის საჩივარზე მეორე მუხლთან დაკავშირებით
283. წინამდებარე საქმის გარემოებანი უდავოდ ტრაგიკულია და სავსებით გასაგებია ბ-ნი დე მენეზესის ოჯახის იმედგაცრუება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმე არავის წინააღმდეგ არ აღძრულა. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ „ადამიანის სიკვდილის საქმეზე ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი....რეაგირების გარეშე დარჩა“ (შეადარეთ ონარიელდიზი, § 116, რომელშიც არ დადასტურდა საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა განმცხადებლის ნათესავების გარდაცვალების საქმეში). როგორც კი დადასტურდა, რომ ბ-ნ დე მენეზესს არ ჰქონდა კავშირი 2005 წლის 21 ივლისს აფეთქების მოწყობის მცდელობასთან, დედაქალაქის პოლიციის სამსახურმა (MPS) საჯაროდ აღიარა, რომ ის შეცდომით იქნა მოკლული სპეცდანიშნულების ჯგუფის ოფიცრების მიერ. MPS წარმომადგენელი გაფრინდა ბრაზილიაში, რათა დაზარალებულის ოჯახისთვის პირადად მოეხადა ბოდიში და შეეთავაზებინა ფინანსური დახმარება. მათ ასევე რჩევა მისცეს ოჯახს გაეარათ დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტაცია და დაჰპირდნენ, რომ იურიდიულ ხარჯებს MPS-ი აანაზღაურებდა. აღნიშნული პოლიციის ოფიცრების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და OCPM-ის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა შემდგომში სიღრმისეულად განიხილეს IPCC-მ, CPS-მ, სისხლის სამართლის სასამართლომ, კორონერმა (საგანგებო გამომძიებელმა) და ნაფიცმა მსაჯულებმა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, დედაქალაქის პოლიციის სამსახური (MPS) დაეთანხმა კომპენსაციის სახით ოჯახისთვის გადაეხადა თანხა, რომლის ოდენობა არ იყო გამჟღავნებული და ამგვარად გადაეწყვიტა საკითხი.
284. როგორც მთავრობამ აღნიშნა, ზოგჯერ ადამიანების სიცოცხლე ეწირება სისტემის გაუმართაობას და არა ცალკეული პიროვნების შეცდომას, რასაც მოჰყვება სისხლის სამართლის ან დისციპლინური პასუხისმგებლობა. მაკკენის და სხვების საქმეში სასამართლომ პირდაპირ არ აღიარა, მაგრამ იგულისხმა, რომ რთულ საპოლიციო ოპერაციებში შეიძლება არსებობდეს როგორც ინსტიტუციური, ისე ინდივიდუალური ხარვეზები ან ორივე ერთად. მოცემულ საქმეში, IPCC-მ, CPS-მ, სისხლის სამართლის სასამართლომ, კორონერმა ( საგანგებო გამომძიებელმა) და ნაფიც მსაჯულებმა სიღრმისეულად შეისწავლეს პოლიციის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. OCPM-ის როგორც პოლიციის ოფიცრების დამსაქმებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის აღძვრის გადაწყვეტილება არ გამორიცხავდა, არც კანონში და არც პრაქტიკაში, სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესაძლებლობას პოლიციის ცალკეული ოფიცრების წინააღმდეგ. გადაწყვეტილება არ გამორიცხავდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობას რომელიმე ოფიცრის წინააღმდეგ გამოძიებაში, რაიმე ხარვეზის, სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობის ან უკანონო ქმედებების განხორციელებაში შეთქმულების გამო; ეს უფრო იმ ფაქტის გამო მოხდა, რომ დეტალური გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურორმა შეისწავლა საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და დაასკვნა, რომ მტკიცებულებები ცალკეული ოფიცრების წინააღმდეგ არასაკმარისი აღმოჩნდა, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ზღვრის დასადგენი ტესტის მიხედვით. თუმცა სასამართლომ ინსტიტუციური და ფუნქციონალური ხარვეზები გამოავლინა და შეიმუშავა საგანგებო რეკომენდაციები, რათა მომავალში არ განმეორებულიყო შეცდომა, რომელმაც ბ-ნი დე მენეზესის სიკვდილი გამოიწვია. CPS-ს თავის მიმოხილვაში გარკვევით აქვს დაფიქსირებული, რომ ოპერაცია „თეზევსი 2“ არასათანადო დონეზე იმართებოდა იმ მომენტიდან, როდესაც ის გადავიდა მეთაური მაკდაუელისგან მეთაურ დიქსის განკარგულებაში; არასათანადო დაგეგმვამ გამოიწვია ჟან შარლ დე მენეზესის სიკვდილი; ინსტიტუციური და ოპერაციული ხარვეზები „სერიოზული იყო, შესაძლებელი იყო მათი თავიდან აცილება და სწორედ მათ გამოიწვიეს უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი“.
285. აღნიშნულმა ინსტიტუციურმა ხარვეზებმა გამოიწვია OCPM-ის მსჯავრდება სამართალდარღვევებისათვის 1974 აქტის საფუძველზე, რომლებიც განმცხადებელმა არ მიიჩნია საკმარისად მძიმე დანაშაულად კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუმცა ეს არ წარმოადგენს „აშკარა არაპროპორციულობის“ შემთხვევას კანონდარღვევის ჩადენასა და დაკისრებულ სანქციას შორის (იხ. კასაპი და სხვები, § 59; ა. ხორვატიის წინააღმდეგ, § 66 და ალი და აიშე დურანები, § 66). იმ საქმეებში, რომლებშიც სასამართლომ დაადგინა ამგვარი „აშკარა არაპროპორციულობა“, პირები დამნაშავედ ცნეს სერიოზული დანაშაულების ჩადენაში, მაგრამ ზედმეტად მსუბუქი სასჯელი მიუსაჯეს. მოცემულ საქმეში დამოუკიდებელმა პროკურორმა შეაფასა ყველა მტკიცებულება და მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის დევნა OCPM-ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის 1974 აქტის საფუძველზე. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც OCPM დამნაშავედ ცნეს, სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ამ ტიპის დანაშაულებისათვის, „სასჯელი“ (GBP 175,000 ოდენობის ჯარიმა და GBP 385,000 ოდენობის ხარჯები) ზედმეტად მსუბუქი იყო.
286. შესაბამისად, სამართალწარმოების მთლიანობაში გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა პროცედურული ვალდებულება, კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება ბ-ნი დე მენეზესის მკვლელობის საქმეზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იყო ფაქტების დადგენა, განსაზღვრა, იყო თუ არა გამოყენებული ძალა გამართლებული არსებულ გარემოებებში, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში - დასჯა.
287. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის არ არის აუცილებელი, განიხილოს ცალკეული სისხლისსამართლებრივი დევნია ან დისციპლინური სამართალწარმოების როლი კონვენციის მეორე მუხლთან მიმართებით სახელმწიფოს პროცესუალური ვალდებულებების შესრულების პროცესში.
288. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეში კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
Full & Egal Universal Law Academy