Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N181
2015 წლის იანვარი
ასიე გენჩი თურქეთის წინააღმდეგ (Asiye Genc v. Turkey)
(საჩივარი- 24109/07)
გადაწყვეტილება, 27 იანვარი, 2015 (მე-2 სექცია)
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი
ეფექტიანი გამოძიება
ახალშობილი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საავადმყოფოებმა უარი განაცხადეს მის მიღებაზე: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – 2005 წლის 31 მარტს მომჩივანს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა სახელმწიფო საავადმყოფოში. მალევე, პატარას დაეწყო სუნთქვის პრობლემები. ვინაიდან, საავადმყოფოში არ არსებობდა ახალშობილთა შესაბამისი განყოფილება, ექიმებმა გადაწყვიტეს ბავშვი გადაეყვანათ სხვა საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობდა 110 კმ-ის მოშორებით.
2005 წლის 1-ელ აპრილს, დაახლოებით ღამის 1:15 წუთზე, ამ უკანასკნელმა საავადმყოფომ უარი თქვა ბავშის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილი არ იყო. დაახლოებით, ღამის 2 საათისთვის, ბავშვი გადაიყვანეს მედიკო-ქირურგიისა და მეანობის ცენტრში, სადაც მორიგე ექიმის განცხადებით არ იყო თავისუფალი ინკუბატორები და მშობლებს შესთავაზა ბავშვი ისევ სახელმწიფო საავადმყოფოში წაეყვანათ. დაბრუნებისთანავე, სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმებმა ხელმეორედ თქვეს უარი ბავშვის მიღებაზე ახალშობილთა განყოფილებაში ადგილის უქონლობის გამო. ამის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში.
2005 წლის 6 აპრილს, ბავშვის მშობლებმა სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანეს და საქმეზე დაიწყო ორი გამოძიება. სისხლის სამართლის გამოძიება სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ შეწყდა და ადმინისტრაციული გამოძიება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო - დაიხურა იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, რადგან თანამშრომლებს არ ჩაუდენიათ რაიმე დანაშაული.
სამართალი - მუხლი 2 - სახელმწიფო საავადმყოფოს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა მომჩივნის ახალშობილი შვილის გარდაცვალების საფრთხის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ მას სხვა საავადმყოფო უარს ეტყოდა მიღებაზე. არც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულობა და არც სასწრაფო სამედიცინო მკურნალობის საჭიროება არ ყოფილა სადავო. არსებული რისკის მიუხედავად მანამ, სანამ ბავშვის გადაყვანა გადაწყდებოდა, საავადმყოფოს თანამშრომლებს არ მიუღიათ საჭირო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი აუცილებლად მიიღებდა შესაბამის მკურნალობას სხვა საავადმყოფოში. საავადმყოფოებს შორის კომუნიკაცია არ არსებობდა, ხოლო სხვადასხვა განყოფილებებმა უარი თქვეს ბავშვის მიღებაზე არასაკმარისი რესუსრების გამო.
საავადმყოფოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა და ის ფაქტი, რომ არცერთმა ექიმმა არ აიღო ახალშობილ ბავშვზე პასუხისმგებლობა, არ შეიძლება გამართლებული იყოს უბრალოდ სივრცის არარსებობით. რეგიონის საავადმყოფოებში არსებული სამედიცინო საშუალებების რაოდენობა და მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ სახელმწიფომ შესაბამისად არ უზრუნველყო სახელმწიფო საავადმყოფოს მომსახურების ორგანიზება და ფუნქციონირება, ან უფრო ფართოდ რომ ვთქვათ - ჯანდაცვის სისტემა. ასევე, საავადმყოფოებში ადგილის ნაკლებობა არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ პაციენტთა გაუთვალისწინებელი რაოდენობის შემოდინებით.
არსებული ხარვეზების გამო, ნაადრევად დაბადებულ ბავშვს, რომლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ იყო, უმიზნოდ გადაადგილებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანით, იმ იმედით, რომ იგი მიიღებდა შესაბამის მკურნალობას. სწორედ ამ პირობების გამო იგი საბოლოოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. შესაბამისად, მომჩივნის შვილი არის საავადმყოფოს არასათანადო მომსახურების მსხვერპლი, რადგან მას ჩამოერთვა შესაბამის გადაუდებელ მკურნალობაზე წვდომის უფლება. ბავშვი მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ მას მკურნალობა საერთოდ არ შესთავაზეს. ასეთი ვითარება წარმოადგენს სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს, რაც საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლეს.
ის ფაქტი, რომ სადავო საავადმყოფოს თანამშრომლებს არც ბრალი წარედგინათ და არც სამართალწარმოება დაწყებულა მათ წინააღმდეგ, წარმოშობს კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე განსახილველ საკითხს. ამ საკითხთან ერთად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული სასამართლოს რეაგირება ჯანდაცვის მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან მიმართებით.
ლეგიტიმური მოლოდინი არსებობდა იმისა, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოები გამოიკვლევდნენ, არსებულ საქმეზე დადგენილი ხარვეზები შეესაბამებოდნენ თუ არა (და რა დოზით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების მიზნებსა და საავადმყოფოს შიდაგანაწესში. ასევე არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დააკისრებდნენ პასუხისმგებლობას შესაბამის პირებს. მიუხედავად ამისა, არ ყოფილა იმის მცდელობა, რომ გამორკვეულიყო თუ როგორ განხორციელდა ახალშობილი ბავშვის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიღების წესები ან ნეონატალურ განყოფილებებს შორის კოორდინაცია. არც ის დადგენილა, თუ რატომ იყო ძირითადი სამედიცინო საშუალებების ნაკლებობა საავადმყოფოებში და კერძოდ, თუ რატომ იყო ინკუბატორების გარკვეული რაოდენობა გაფუჭებული. შესაბამისად, ამ ტრაგედიაზე სასამართლო სისტემის რეაგირება არ იყო შესაბამისი იმისათვის, რომ დადგენილიყო ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები. კერძოდ, გამოძიება არ დასრულებულა, არ გამოძიებულა არცერთი ზემოაღნიშნული გადამწყვეტი ფაქტორი, რომლებიც დაკავშირებულია ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტის ხარვეზებთან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რომლითაც ბავშვს ჩამოერთვა გადაუდებელი სასწრაფო დახმარების შესაძლებლობა ასევე, შიდა გამოძიებების არაადეკვატურობა და უკმარისობა, წარმოადგენს კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მომჩივნის შვილთან მიმართებით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
41-ე მუხლი:
მომჩივანი ითხოვდა 100.000 ევროს მორალური ზიანისთვის, თუმცა არ მოუთხოვია მატერიალური ზიანის ან ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურება.
მთავრობამ, მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია და სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომ არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.
მიუკერძოებულ საფუძვლებზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიენიჭოს 65.000 ევრო მორალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა კონვენციის დარღვევის შედეგად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები