© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივრები №39692/09, 40713/09 და 41008/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 15 მარტი
გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებას
საქმე ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს, დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, პრეზიდენტი
ნიკოლას ბრატცა,
ჟან-პოლ კოსტა,
ჟოსეფ კასადევალი,
ნინა ვაჟიცი,
დინ შპილმანი,
ლეხ გარლიცკი,
ინეტა ზემელე,
პაივი ჰირველა,
ჯორჯიო მალინვერნი
ლუის ლოპეს გერა,
ლედი ბიანკუ,
კრისტინა პარდალოსი,
განა იუდკივსკა,
ვინცენტ ა. დე გაეტანო,
ანგელიკა ნუსბერგერი,
ერიკ მოსე, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილი, სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე,
განიხილა რა საქმე 2011 წლის 14 სექტემბრის და 2012 წლის 15 თებერვლის დახურულ სხდომებზე,
2012 წლის 15 თებერვალს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№39692/09), რომელიც 2009 წლის 17 ივლისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ბრიტანეთის მოქალაქემ, ქ-მა ლუის ამელია ოსტინმა („პირველი მომჩივანი“) შემოიტანა; მეორე საჩივარი (№ 40713/09), 2009 წლის 27 ივლისს ორმაგი, საბერძნეთი-ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე ბ-მა ჯორჯ ბლეკმა („მეორე მომჩივანი“) შემოიტანა; მესამე საჩივარი (№41008/08) ორმაგი, ბრიტანეთი-ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე ქ-მა ბრონვინ ლოვენტალმა („მესამე მომჩივანი“) და ბრიტანეთის მოქალაქემ, ბ-მა პიტერ ოშეამ („მეოთხე მომჩივანი“), 2009 წლის 27 ივლისს შემოიტანეს. სამივე საჩივარი იყო წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ.
2. პირველ მომჩივანს სასამართლოს წინაშე წარმოადგენდნენ - ლუის კრისტიანი, კატარინ კრეიგი, ჰეტერ უილიამსი და ფილიპა კაუფმანი. მეორე მომჩივანს წარმოადგენდა ჯეიმს ველჩი. მესამე და მეოთხე მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბ-ბი ბენ ემერსონი, მაიკლ ფორდამი, ალექს ბაილინი და ჯონ ჰალფორდი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი - ბ-ნი ჯონ გრეინგერი, საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროდან.
3. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ლონდონის ცენტრში მიმდინარე დემონსტრაციის დროს პოლიციის კორდონმა შვიდი საათის განმავლობაში მათ თავისუფლება შეუზღუდა (ეს ზომა ცნობილია როგორც „შეკავება“ („kettling“)), რითაც კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი დაირღვა.
4. საჩივარი განსახილველად სასამართლოს მეოთხე სექციას გადაეცა (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 2010 წლის 21 სექტემბერს სასამართლომ საჩივრების გაერთიანება და მთავრობისთვის გადაგზავნა გადაწყვიტა. მან საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთობლივად განხილვის შესახებ დადგენილება გამოიტანა (მუხლი 29-ე, ნაწილი 1-ლი). 2011 წლის 12 აპრილს პალატამ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და სასამართლო რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
6. მომჩივნებმა და მთავრობამ საქმის დასაშვებობისა და არსებითობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
7. საქმის ზეპირი მოსმენა 2011 წლის 14 სექტემბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში შედგა (სასამართლო რეგლამენტის 59-ე მუხლი, მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის მხრიდან
ბ-ნი ჯ. გრაინგერი,სახელმწიფო წარმომადგენელი,
ბ-ნი დ. პანიკი,
ბ-ნი ჯ. სეგანი,ადვოკატი,
ბ-ნი ს.პაპალეონტი,
ბ-ნი მ. პურდასიმრჩევლები;
(ბ) მომჩივნების მხრიდან
ბ-ნი ბ.ემერსონი,
ქ-ნი პ.კაუფმანი,
ქ-ნი ა. მაკდონალდი,
ბ-ნი ი.სტილი,ადვოკატი,
ქ-ნი კ. კრეიგი,
ბ-ნი ჯ. ჰალფორდი,
ბ-ნი ჯ. უელჩიმრჩევლები,
ქ-ნი ლ.ა. ოსტინი,
ბ-ნი ჯ. ბლეკი,
ქ-ნი ბ. ლოვენტალიმომჩივნები.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნ პანიკის, ქ-ნი კაუფმანისა და ქ-ნი ემერსონის
გამოსვლები.
ფაქტები
1.საქმის ფაქტობრივი გარემოებები
8. პირველი მომჩივანი დაიბადა 1969 წელს და ცხოვრობს ბასილდონში; მეორე მომჩივანი დაიბადა 1949 წელს და ცხოვრობს ლონდონში; მესამე მომჩივანი დაიბადა 1972 წელს და ცხოვრობს ლონდონში; მეოთხე მომჩივანი დაიბადა 1963 წელს და ცხოვრობს უემბლიში.
9. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგნაირად.
ა. მომჩივანთა მონაყოლი, თუ რა გადახდათ მათ თავს 2001 წლის 1 მაისს
10. 2001 წლის 1 მაისს, ლონდონის ცენტრში ოქსფორდის მოედანთან, დემონსტრაციის მიმდინარეობისას, მომჩივნები პოლიციის კორდონის შიგნით მოექცნენ (რეჯენტისა და ოქსფორდის ქუჩების კვეთაზე).
11. პირველი მომჩივანი, ქ-ნი ლუის ოსტინი სოციალისტური პარტიის წევრია და ბევრ დემონსტრაციაში მიუღია მონაწილეობა, წინა სამაისო დემონსტრაციების ჩათვლით. 2001 წლის 1 მაისს, მან თავისი 11 თვის ქალიშვილი ბაგა-ბაღში დატოვა, და მის უკან წამოყვანას საღამოს 16.30 წთ-ზე აპირებდა. ის თავის მეგობართან ერთად ესექსიდან ლონდონის ცენტრში გაემგზავრა. დღის ორ საათზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ოქსფორდის მოედანზე მისვლამდე, მათ მსოფლიო ბანკის წინ გლობალიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. დაახლოებით დღის 15.45 წთ-ზე ქ-ნი ოსტინი დემონსტრაციიდან უნდა წამოსულიყო, რათა თავისი შვილი ბაგა-ბაღიდან წამოეყვანა. მან საქმის ვითარება კორდონში მდგომ ორ პოლიციელს აუხსნა, თუმცა პასუხად მიიღო ის, რომ კორდონიდან ვერ გავიდოდა, ხოლო როდის მიეცემოდა ამის საშუალება, გაურკვეველი იყო. ქალბატონმა ოსტინმა ბავშვის ბაგა-ბაღიდან გამოყვანა მეგობარს სთხოვა. კორდონიდან გამოსვლის საშუალება მას მხოლოდ საღამოს 21.30 წთ-ზე მიეცა.
12. 2001 წლის 1 მაისს, შუადღის ორიდან 14.30-წთ-მდე მეორე მომჩივანი ოქსფორდის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზიასთან მისასვლელად, ოქსფორდის მოედნის გადაკვეთას ცდილობდა. პოლიციის ოფიცერმა მას უთხრა, რომ ის ოქსფორდის ქუჩით მოძრაობას ვერ შესძლებდა ვინაიდან დემონსტრაციის მონაწილეები ახლოვდებოდნენ და ჩრდილოეთით, პარალელური, მარგარეტ ქუჩით წასვლა ურჩია. მომჩივანმა რჩევა გაითვალისწინა, მაგრამ მარგარეტ და რეჯენტ ქუჩებს შორის მას სამხრეთისკენ მიმავალი, ჩაფხუტებითა და ფარებით აღჭურვილი, პოლიციის კორდონი დახვდა. მომჩივანი იძულებული გახდა გადასულიყო ოქსფორდის მოედანზე დაახლოებით დღის 14.30 წთ-ზე. მან უმალვე მოითხოვა მისი კორდონიდან გამოშვება. მას უთხრეს, რომ იმათთვის, ვინც აქციაში მონაწილეობას არ იღებს, გასასვლელი ოქსფორდის მოედნის ბონდის ქუჩის მხრიდანაა, თუმცა როდესაც ის იქ მივიდა, გასასვლელი იქაც არ აღმოჩნდა. მომჩივანმა კორდონიდან თავის დაღწევა საღამოს 21.20 წთ-მდე ვერ შესძლო.
13. მესამე მომჩივანს დემონსტრაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის მუშაობდა ოქსფორდის მოედანზე. ის იმყოფებოდა შესვენებაზე, როდესაც დღის 14.10 წთ-ზე ბრუნდებოდა თავის სამუშაო ადგილზე და მას გზა გადაუღობა პოლიციის ოფიცერთა მწკრივმა, რომელსაც ქუჩა ჰქონდა გადაკეტილი. ქალბატონი მობრუნდა და სხვა მიმართულებით სცადა წასვლა, თუმცა დაინახა, რომ ის გასასვლელიც პოლიციის მიერ ბლოკირებული იყო. პოლიცია მისი მიმართულებით დაიძრა. პოლიციის კორდონის შიგნით მას ყოფნა საღამოს 21.35-მდე მოუწია. მან და დანარჩენმა მომჩივნებმა არაერთხელ მიმართეს პოლიციელებს, რათა მისცემოდათ ბლოკირებული ადგილის დატოვების საშუალება, თუმცა პოლიციელები პასუხობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ბრძანება, არავინ გაეშვათ.
14. მეოთხე მომჩივანი ასევე ოქსფორდის მოედნის მახლობლად მუშაობდა და შესვენებიდან დაბრუნებისას, ოქსფორდის მოედანზე ის პოლიციის კორდონში მოექცა. იქიდან გამოსვლა მან მხოლოდ დაახლოებით საღამოს 20.00 სთ-ზე მოახერხა.
ბ. ეროვნული სამართალწარმოება
უზენაესი სასამართლო
15. 2001 წლის 1 მაისის მოვლენების შემდეგ, დაახლოებით 150 ადამიანმა, რომელთაც ოქსფორდის მოედანზე თავისუფლება შეეზღუდათ, სამართალწარმოების მიზნით, სხვადასხვა ფირმის წარმომადგენელ ადვოკატებს მიმართეს. სხვადასხვა პოტენციურმა მომჩივნებმა, მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, დედაქალაქის პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად დაიწყეს მიმოწერა, რათა მათი საჩივრები ეფექტიანად ყოფილიყო განხილული. გადაწყდა, რომ პირველი მომჩივანი და ბ-ნი ჯეფრი სექსბი, გამვლელი, რომელიც ასევე კორდონის შიგნით მოექცა, იქნებოდა „ტესტ“ მომჩივანი. სამართალწარმოება თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოში დაიწყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ 1998 წლის ადამიანის უფლებების შესახებ კანონისა და კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მათი თავისუფლების ხელშეუხებლობა დაირღვა. თავდაპირველად, პირველმა მომჩივანმა საჩივარი ასევე კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად - შეკრებებისა და გამოხატვის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიტანა, თუმცა შემდეგ გასაჩივრებაზე უარი განაცხადა. დედაქალაქის პოლიციამ პირობა მისცა დანარჩენი მომჩივნების (მათ შორის მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნის) წარმომადგენლებს რომ, „საცდელი“ საქმის დამთავრებისთანავე მათ მიერ შიდა სასამართლოებში სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ხანდაზულობის არგუმენტის გამოყენება არ მოხდებოდა.
(ა) მოსამართლე ბ-ნი ტუგენდხატის მიერ მოპოვებული ფაქტები
16. უზენაესს სასამართლოში სხდომები, მოსამართლე ტუგენდხატის წინაშე, სამი კვირა გაგრძელდა, მათ შორის ექვსი დღე ზეპირ ჩვენებებს დაეთმო. მან მოისმინა - 18 სამოქალაქო მოწმისა და ორი ექსპერტის ჩვენება, დამატებით 138 მოწმის ჩვენება, ასევე გაეცნო რამოდენიმე ათას-გვერდიან წერილობით მტკიცებულებას, ხელისა და სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე პოლიციის ვერტმფრენებიდან გადაღებულ ვიდეომასალას. 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაში (([2005] EWHC 480 (QB)), მოსამართლე ტუგენდხატი 500 პუნქტს, მტკიცებულებებსა და ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ შეფასებებს უთმობს. მის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი მონაცემები შეგვიძლია შევაჯამოთ შემდეგნაირად:
17. მოსამართლე ტუგენდხატმა დაადგინა, რომ 1999 წლის 18 ივნისსა და 30 ნოემბერს, ასევე 2000 წლის 1 მაისის დღესასწაულზე ლონდონში, საზოგადიებრივი წესრიგის მნიშვნელოვან დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ამის გამეორების საფრთხე, პოლიციელების აზრით, 2001 წელსაც არსებობდა. ხსენებულ სამივე დემონსტრაციაზე კაპიტალიზმსა და გლობალიზაციას აპროტესტებდნენ. 1999 წლის 18 ივნისის აქციის ორგანიზატორებმა პოლიციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გაავრცელეს პროკლამაციები მსგავსი იმისა, რაც 2001 წლის დემონსტრაციის ორგანიზატორების მიერ გავრცელდა. 1999 წლის 18 ივნისის დღის მეორე ნახევარში, 3 000-დან 5 000-მდე დემონსტრანტმა ნიღბებში, 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის ზარალი გამოიწვიეს და სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს საზოგადოების წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომელთა შორის თერთმეტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. იგივე თემებზე, თითქმის იმავე დროს ჩატარებული დემონსტრაციებისას საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევა მოხდა სხვა ქვეყნებშიც, მაგ: 1999 წლის 30 ნოემბერს სიეტლში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მიტინგი), 2000 წლის 16 აპრილს ვაშინგტონში (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიტინგი), 2000 წლის 11-13 სექტემბერს მელბურნში (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აზია-წყნარი ოკეანის სამიტი), 2000 წლის 26 სექტემბერს პრაღაში (საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა მიტინგი) და 2001 წლის 22 აპრილს ქუებეკში (ამერიკის სამიტის მიტინგი). 2001 წლის 1 მაისის დემონსტრაციის ჩასატარებლად, გათვალისწინებული იყო, კერძოდ ლონდონში, წინა დემონსტრაციების გამოცდილება და რეკომენდაციები.
18. 2001 წლის 1 მაისისთვის პოლიციამ შეტყობინება ორი ღონისძიების შესახებ მიიღო - საპირველმაისო მარში და შეკრება და ახალგაზრდა სტუდენტ სოციალისტთა მარში - რომელიც ლონდონის სხვადასხვა უბანში უნდა გამართულიყო. გარდა ამისა, დაზვერვამ დაადგინა, რომ აქტივისტ - ეკოლოგების ფართო კოალიცია, ანარქისტები და საპროტესტო ჯგუფის მემარცხენე ფრთა - პროტესტის გამოხატვას, სამაგიდო თამაშის „მონოპოლიის“ მიხედვით კვადრატებად დაყოფილ ლონდონის 24 უბანში აპირებდნენ. ხოლო დამაგვირგვინებელი ღონისძიება დღის 16 სთ-ზე, ოქსფორდის მოედანზე შეკრებით უნდა დასრულებულიყო. „1 მაისის მინოპოლიის“ პროტესტის ორგანიზატორებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ და დემონსტრაციის ჩასატარებლად ნებართვაც არ აუღიათ, ისინი ცდილობდნენ საპროტესტო აქციების ადგილმდებარეობისა და მათი ხასიათის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო. აქციის მონაწილეებს პირდაპირ (და ირიბათ) ნიღბების გაკეთებისა და არეულობის მოწყობისკენ მოუწოდეს (იხ. მოსამართლე ტუგენდხატის გადაწყვეტილება, პარაგრაფები 206-225). პოლიციის სპეც. განაყოფისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტთა „500-დან 1000-მდე აქტივისტი კონფრონტაციის, ძალადობისა და არეულობის მოწყობას შეეცდებოდნენ“. სპეც. განაყოფის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხალხის მართვას სათანადოდ ვერ შესძლებენ, ეს საპროტესო აქცია, ლონდონში ჩატარებულ ყველა დემონსტრაციას შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თვალსაზრისით - საკუთრების განადგურებით, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისა და სიკვდილის რისკითაც კი - ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხის შემცველი იქნებოდა. რისკ-ჯგუფებს საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიციის ოფიცრები და დემონსტრაციის სხვა მონაწილეები წარმოადგენდნენ. 2001 წლის 24 აპრილს, ლონდონის მერმა, ლონდონის საღამოს მთავარ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოხატა თავისი თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ საპირველმაისო აქციის ორგანიზატორები განგებ ცდილობდნენ არეულობების მოწყობას და ლონდონის მაცხოვრებლებს დემონსტრაციაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. იგივე გაფრთხილებებს 2001 წლის მარტსა და აპრილში სხვა მრავალი გაზეთიც ავრცელებდა.
19. იმ დღისთვის პოლიციაში სპეციალურ (კარგი ხილვადობის მქონე) ქურთუკებში ჩაცმული დაახლოებით 6 000 ქვეითი პოლიციელისა და დამატებით ცხენოსანი პოლიციელების გამოყენება დაიგეგმა. იმ დროისთვის ეს იყო პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა რაც კი ლონდონში ოდესმე გამოყენებულა. 2001 წლის 1 მაისს საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, ინგლისში ამ საქმეში ყველაზე გამოცდილი - როგორც მამაკაცი ისე ქალი ოფიცრები - გამოიყვანეს. ვინაიდან წინასწარ იყო გათვალისწინებული, რომ დასკვნითი ღონისძიება დღის 16 სთ-ზე ოქსფორდის მოედანზე შეკრება იქნებოდა, აკუსტიკური სისტემა სწორედ მანდ დამონტაჟდა. პოლიციამ თავის სამოქმედო სტრატეგიად საზოგადების გამხნევება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გამოაცხადა; ნებისმიერი კანონიერი პროტესტის გამოხატვის მხარდაჭერა; საზოგადოებრივი არეულობის თავიდან აცილება და ისეთი შენობების, როგორიცაა - ბუკინგემის სასახლე და პარლამენტი - დაცვა; დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო დანაშაულის შემთხვევაში დამნაშავის დასაკავებლად ყველა ზომის გატარება; და ზოგადად, დანაშაულის (არეულობის) მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა პოლიციისთვის რთული იყო იმის განსაზღვრა თუ რა მოხდებოდა და საჭიროების შემთხვევაში რა ქმედებებს გაატარებდა.
20. 2001 წლის 1 მაისის დილას, ლონდონის სხვადასხვა უბანში, რამოდენიმე მცირე მასშტაბის დემონსტრაცია გაიმართა. დაახლოებით დღის 1 საათისთვის, დემონსტრანტებმა შეკრება ჰაიმარკეტზე, მსოფლიო ბანკის ოფისების წინ დაიწყეს. ისინი დაიძრნენ პიკადილის მოედნისკენ, შემდეგ რიჯენტ ქუჩის გავლით, ოქსფორდის მოედნისკენ. გამოთვლებით დადგინდა, რომ დღის 14 საათისთვის, ოქსფორდის მოედანზე, 1 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო უფრო მეტი რაოდენობა შემოერთებას აპირებდა. ადამიანების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც რიჯენტ ქუჩიდან მოდიოდა, ნიღბები ეკეთა. პოლიციის ინფორმაციით, ოქსფორდის მოედანზე შეკრება დღის 16 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა იმ დროისათვის იქ შეკრებილთა რიცხვი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, და პოლიციელების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოედანზე უფრო მეტი ხალხის შემოსვლა აღეკვეთათ.
21. დაახლოებით დღის 14 საათისთვის, პოლიციამ ხალხის შესაკავებლად კორდონი დააყენა. გადაწყვეტილება დაეფუძნა მიღებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 500-დან 1 000-მდე აქტივისტის მხრიდან 1 მაისის საპროტესტო აქციისას მოსალოდნელი იყო ძალადობა, ასევე იმას თუ რა მოხდა წინა ანალოგიური დემონსტრაციების დროს და არა იმას, თუ როგორ იქცეოდა იქ შეკრებილი ხალხი იმ მომენტისთვის. წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაში იქნა მიღებული. კორდონის დაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5-10 წთ-ში შედარებით მეჩხერად, ხოლო დაახლოებით 20-25 წთ-ში, პოლიციის დამატებითი ძალების შემომატებასთან ერთად, ადგილი სრულად გადაიკეტა. ჭყლეტვის თავიდან ასაცილებლად და ხალხის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, კორდონის შიგნით საკმაო ადგილი იყო. მიუხედავად ამისა, რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა რთულდებოდა. ამინდი ცივი და წვიმიანი იყო. საჭმელი და სასმელი ხელმიუწვდომელი, ხოლო საპირფარეშოსთან მისვლა ან თავშესაფრის პოვნა შეუძლებელი იყო.
22. კორდონის დაყენების შესახებ იქ შეკრებილი ადამიანები არ გაუფრთხილებიათ, ვინაიდან პოლიცია შიშობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი კორდონის გარღვევას შეეცდებოდა, მას ამის შესაჩერებლად საკმარისი ძალა არ გააჩნდა. პირველი განცხადება აკუსტიკური სისტემის საშუალებით, დღის 16 სთ-ზე გაკეთდა. იქ შეკრებილ ხალხს ატყობინებდნენ, რომ კორდონის შიგნით მოქცევა, მათი უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა. პოლიციის უფროსმა ეროვნულ სასამართლოებში მიცემულ ჩვენებებში აღიარა, რომ ხალხის ინფორმირება უფრო ადრე, ალბათ 15.15წთ-ზე ან 15.30წთ-ზე მაინც უნდა მომხდარიყო.
23. დღის 14.25წთ-ზე, მთლიანი კორდონის განთავსებიდან 5 წთ-ის შემდეგ, ოპერაციის უფროსმა ხელმძღვანელმა, ჩრდილოეთით, რიჯენტის ქუჩაზე განლაგებული კორდონიდან ხალხის კონტროლირებადი გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა მოუწია მას შემდეგ, რაც კორდონის შიგნით და გარეთ მყოფმა ადამიანებმა რაკეტების სროლა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობა წამოიწყეს, ასევე ხალხის მასამ რიჯენტის ქუჩაზე კორდონის გარღვევა სცადა. 14.55 წთ-ზე პოლიციამ ჩრდილოეთ მხარეს ხალხის დაშლა ისევ გადაწყვიტა, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის გამო, ისევ გადაიფიქრა. დახლოებით იმავე დროს, 16 სთ-ზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ოქსფორდის მოედნისკენ სულ უფრო მეტმა ხალხმა დაიწყო შეგროვება. დღის 15.40 წუთისთვის ვითარების შესახებ პოლიციის პატაკის თანახმად, ოფიცრები ხალხის მჭიდრო მასას შორის მოექცნენ, მათ ეჯიკავებოდნენ და ესროდნენ ბოთლებს. საღამოს 16.30წთ-ზე კორდონს გარეთ დახლოებით 400-500 ადამიანი სამბას ჯგუფს მოჰყვებოდა, რამაც ოქსფორდის ქუჩისკენ კორდონის გახსნას ხელი შეუშალა. საღამოს 16.55 წთ-ზე მოხდა შექმნილი ვითარების განხილვა, თუმცა კორდონიდან ხალხის კოლექტიური გაშვება ძალადობისა და არეულობის რისკის გამო გამოირიცხა. საღამოს 17.15 წთ-ზე საპროტესტო აქციაში მონაწილე 25-მა ნიღბიანმა აქტივისტმა ოქსფორდის ქუჩაზე სერიოზული არეულობა დაიწყო, რამაც არეულობაში რამოდენიმე ასეული ადამიანის ჩათრევა განაპირობა. საღამოს 17.20წთ-ზე კორდონის შიგნით სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ პოლიციელებმა ხალხის კოლექტიური გაშვება ვერ გაბედეს, ვინაიდან მახლობლად დიდი, უწესრიგო ხალხის მასა იყო განლაგებული.
24. საღამოს 17.55წთ-ზე კორდონის შიგნით მყოფთა გაშვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. თუმცა ძალადობა ისევ დაიწყო და დაშლის შესახებ გადაწყვეტილება კვლავ გაუქმდა. საღამოს 19 სთ-ზე დაიწყო ხალხის მცირე ჯგუფებისა და ცალკეული ადამიანების კორდონიდან გაშვება, თუმცა 19.20 წთ-ზე ისევ შეწყდა, ვინაიდან პოლიციას კორდონს გარეთ მდგომ აქციის მონაწილეებთან პრობლემები შეექმნათ; მათ მოსაპირკეთებელი ქვის ფილები და ცეცხლმოკიდებული რაკეტები დაუშინეს პოლიციას, ხოლო კორდონიდან გათავისუფლებული დემონსტრანტები ჯერ კიდევ სიახლოვეს იმყოფებოდნენ. საღამოს 19.30 წთ-ზე პოლიციის დამატებითი ძალების თანხლებით, კორდონიდან კოლექტიური გაშვება განახლდა. მიუხედავად ამისა, ხალხის გათავისუფლება მალევე ისევ შეწყდა, ვინაიდან ოქსფორდის მოედნის კორდონიდან გაშვებულები, დიდი პორტლანდის ქუჩის ჩრდილოეთით განლაგებულ, მანამდე მოძალადე აქციის მონაწილეთა დიდ მასას უერთდებოდნენ. საღამოს 20 საათისთვის პორტლანდი უკვე თავისუფალი იყო, ხოლო ოქსფორდის მოედნიდან ხალხის ათ-ათ კაციანი ჯგუფების გაშვება განახლდა. 21.45 წთ-ზე ხალხის დაშლა თითქმის დამთავრდა. ოქსფორდის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არეულობის გამო დაახლოებით 100 ადამიანი დააკავეს. კოლექტიური გათავისუფლების სტრატეგიის ნაწილი გახლდათ კორდონიდან გმაოყვანილი ადამიანების ნაწილის ან ყველას მოძებნა, მათი ვინაობისა და მისამართების ჩაწერა და ფოტოების გადაღება.
25. პოლიციის გამოთვლით, დემონსტრაციის პიკზე, კორდონის შიგნით - მაქსიმუმ 2 000, ხოლო კორდონს გარეთ 1 000 ადამიანი იმყოფებოდა. სასამართლოზე, დოკუმენტური და ვიდეომასალის ანალიზმა ცხადჰყო, რომ დღის განმავლობაში, კორდონიდან, 392 ადამიანი ინდივიდუალურად გათავისუფლდა. სასამართლოზე ეს ციფრი ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ მოსამართლე ტუგედხარტმა დაადგინა, რომ ინდივიდუალურად გათავისუფლებულთა რიცხვი „უფრო ოთხასისკენ იხრებოდა ვიდრე ორასისკენ“. გათავისუფლებულთა შორის უმრავლესობა ოქსფორდის მოედნის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს იმყოფებოდნენ, ხოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან ადამიანთა მცირე რაოდენობა გამოუშვეს. დაფიქსირებული გათავისუფლების უმეტესობა 16.00 საათამდე მოხდა, აქედან - 12 ადამიანი 16.00 სთ-სა 17.00 სთ-ს შორის გაათავისუფლეს; 89 ადამიანი 17.00-სა და 18.00 სთ. შორის; 59 - 18.00-სა და 19.00 სთ-ს შორის და 12 ინდივიდუალურად გაშვებული ადამიანი საღამოს 19.00 სთ-ზე. პოლიციის ოფიცერთათვის ხალხის მასიდან კონკრეტული ადამინების ამორჩევა და გათავისუფლება იმ ნიშნით, რომ ისინი საზოგადებრივი წესრიგისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, იყო რთული. გათავისუფლებულთაგან რამოდენიმე პოლიციის ჩანაწერებში იდენტიფიცირებული იყო როგორც დემონსტრაციაში შემთხვევით მოყოლილი გამვლელები. იყვნენ აგრეთვე - ფსიქოლოგიურ სტრესში მყოფი ადამიანები, ფეხმძიმე ქალები, ხანშიშესულები და ბავშვები.
(ბ) მოსამართლე ტუგენდხარტის დასკვნები
26. მოსამართლე ტუგენდხარტმა დაასკვნა, რომ წინა დემონსტრაციების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტებისა და პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე დემონსტრაციის ორგანიზატორთა და დემონსტრანტთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის ცუდი კოორდინაციის გამო, პოლიციას გააჩნდა გონივრული ეჭვი იმისა, რომ არსებობდა რეალური საშიშროება საკუთრების დაზიანების, ფიზიკური დაზიანებებისა და სიკვდილისაც კი. საფრთხის ძირითად წყაროს ჭყლეტვა და რაკეტების სროლა წარმოადგენდა. ოქსფორდის მოედანზე შექმნილი ვითარებისა და ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ძალადობისა და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, პოლიციას სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დღის 14.00 საათისთვის მთლიანი კორდონი განეთავსებინა, არ ჰქონდა, რაც პოლიციის მხრიდან ადექვატური ქმედება იყო. ხალხის შეკავების ძირითად მიზანს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის კორდონს შიგნით, წარმოადგენდა; ოქსფორდის მოედანზე საკუთრების დაცვა; და მესამე პირთა უფლებების დაცვა. პოლიციის კომპეტენციაში იქ შეგროვილი ადამიანების ერთმანეთისგან დაშორიშორება შედიოდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის კითხვების დასმა და მოძებნა.
27. დღის 14.20წთ-დან არავის ჰქონდა საშუალება ნებართვის გარეშე კორდონიდან გამოსულიყო. ოქსფორდის მოედანზე მინიმალური თავისუფლებით, ეს ზომა თავისუფლების აღკვეთას ჰგავდა და რაც დრო გადიოდა, უფრო მძიმე ხდებოდა. არავინ ელოდა იმას, რომ ხალხს ამდენი ხანი გადაადგილების საშუალება შეეზღუდებოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, მათი უსაფრთხოდ გაშვების შესაძლებობა განიხილებოდა.
28. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რომ პოლიციას ხალხი ერთიანად გაეთავისუფლებინა იმაზე ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მომენტებში გზა, საიდანაც ხალხს გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, ბლოკირებული იყო ადამიანებით, რომლებიც ოქსფორდის მოედანზე მოხვედრას ცდილობდნენ. არ იქნებოდა გონივრული და უსაფრთხო, რომ კორდონიდან გასული ხალხის ნაწილი, მათი ქმედებების კონტროლის გარეშე, შეკრებილთა სხვა ნაწილს შეერთებოდა. გარდა ამისა, იყო დროის ხანგრძლივი პერიოდები, როდესაც პოლიციას კორდონიდან ადამიანთა მშვიდოებიანი გათავისუფლების რესურსი არ გაჩნდა, ხოლო დედაქალაქის პოლიციის კომისარს არ წარმოედგინა, რომ იმ დღეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიციელი უნდა განელაგებინა, ვიდრე მან ეს გააკეთა. ერთ-ერთი მიზეზი არასაკმარისი რესურსებისა ხალხის გარკვეული ნაწილის მხრიდან კორდონში მდგარ პოლიციელებთან არაშეთანხმებული ქმედება იყო. მოსამართლის შეფასებით, ხალხის მასის 40%, ჯიკაობითა და რაკეტების სროლით, განუწყვეტლივ აქტიურ აგრესიას გამოხატავდა, რაც ასევე პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილის არქონაზე მიანიშნებდა. ისინი, ვინც არ ჯიკაობდა და რაკეტებს არ ისროდა, არ ემიჯნებოდა იმ უმცირეს ნაწილს, ვინც ამას აკეთებდა. შედეგად, კორდონში იმდენი პოლიციელი უნდა მდგარიყო, რამდენიც ხალხის მხრიდან კორდონის გასარღვევად შეთანხმებულ მოწოლას გაუძლებდა. იმ შემთხვევაში, თუ კორდონს შიგნით მოქცეული ადამიანები პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, მათთან პოლიციელების მცირე რაოდენობის დატოვება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენი ძალების მიმართვა აქციის ორგანიზებული დაშლისთვის. რესურსების არასაკმარისობის კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ კორდონს გარეთ მდგარი ადამიანები პოლიციის მხრიდან კონტროლსა და მითითებების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ. პოლიცია აკეთებდა ყველაფერს, რისი გაკეთებაც მსგავსს რთულ ვითარებაში შეიძლებოდა. ოქსფორდის მოედანზე ხალხის კორდონიდან ორგანიზებული დაშლისთვის საჭირო რესურსები სხვა და სხვა ადგილზე სწორად და სათანადოდ იყო განლაგებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოქსფორდის მოედანზე პოლიციას ხალხისთვის (უკონტროლო) არაორგანიზებული დაშლის უფლება მიეცა. მოსამართლის აზრით, ეს პოლიციელების მხრიდან წესრიგის დაცვის, ასევე იქ შეკრებილი ადამიანების, მესამე პირებისა და პოლიციის ოფიცრების ფიზიკური დაზიანებებისგან და მესამე პირთა საკუთრების ზარალისგან დაცვის მათზე დაკისრებული პირდაპირი ვალდებულებების უგულვებელყოფა იქნებოდა.
29. ოქსფორდის მოედანზე შექმნილ ვითარებაში, კერძოდ, როდესაც პოლიციელებს კორდონს შიგნით მყოფი მშვიდობიანი და აგრესიული ან პოტენციურად აგრესიული მოქალაქეების დაშორიშორებასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნათ, მოსამართლემ ადამიანების გაშვების სხვა, უფრო ეფექტური საშუალება ვიდრე იმ დროს იყო გამოყენებული, ვერ მოიძია. კორდონის მოწყობის შემდეგ, ხალხის ორგანიზებული დაშლისთვის გამოყენებული ნებისმიერი ზომა დიდ დროს დაიკავებდა. რომ არ ყოფილიყო ჩხრეკა და ჩვენებების ჩამორთმევა, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ყველაფერ ამას, ოცი წუთი თუ მეტი. თუ კორდონიდან გათავისუფლება ჩხრეკისა და ჩვენებების ჩამორთმევის პარალელურად უნდა წარმართულიყო, ამას იმდენივე დრო დასჭირდებოდა, რამდენ ხანსაც საღამოს 19.30 წუთზე ისევ დაწყებული გაშვება გაგრძელდა - ერთიდან ორ საათამდე.
30. რაც შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებულ განცხადებებს, მოსამართლე ტუგენდხარტმა დაადგინა, რომ არსებობდა დაცვის უზრუნველყოფის საჭიროება და პოლიციის ქმედებები იყო აუცილებელი.
31. რაც შეეხება მე-5 მუხლს, მოსამართლემ დაადგინა, რომ კორდონის შიგნით ადამიანების დაკავება მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთას ნიშნავდა. მან დაადგინა, რომ ოქსფორდის მოედანზე კორდონში მოქცეული ყველა მოქალაქის მოსამართლის წინაშე წარდგენა პოლიციას არ უცდია, მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთა კორდონში მოქცევა ისე, რომ დანაშაულში გონივრულ საფუძველზე ეჭვმიტანილთა დაკავება და სასამართლოში მიყვანა ყოფილიყო შესაძლებელი, ასევე იმათი, ვისი დაკავებაც დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა, რაც მე-5 მუხლის, 1-ლი ნაწილის (გ) პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
32. ამასთან, მოსამართლე ტუგენხარტმა დაადგინა, რომ საქმის უჩვეულო გარემოებების გათვალისწინებით, სიტყვისა და შეკრებების თავისუფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. მოწმეთაგან ვერც ერთმა ვერ ახსნა, რა იყო ოქსფორდის მოედნისკენ მსვლელობის მიზანი და რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ იქ ან სხვა რომელიმე ადგილას კორდონი არ განლაგებულიყო. მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზატორების მიერ წინასწარ დარიგებული ბეჭდური მასალა, როგორც მინიმუმ, იქ შეკრებილთა გარკვეული ნაწილის მიმართ არეულობისა და დანაშაულებრივი ქმედებებისკენ მოწოდებას შეიცავდა, მათ შორის, სავარაუდო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ხულიგნობას, საკუთრების დანაშაულებრივ განადგურებასა და ქურდობას. რომ არ ყოფილიყო კორდონი, იმ არეულობაში, რომელიც იქ შეიქმნა, კანონიერი პროტესტის გამოხატვა ნებისმიერისთვის შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ოქსფორდის მოედანზე ვინმეს რეალურად ჰქონდა სურვილი განეხორციელებინა საკუთარი სიტყვით გამოსვლის უფლება, მაგრამ პრაქტიკულად ვერ შეძლო. მოსამართლე ტუგენხარტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმე ეხებოდა არა სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი შეკრების უფლების ხელყოფას, არამედ საზოგადოებრივი წესრიგისა და თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებებს, ამიტომ მან ყველა მომჩივანის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
(გ) სააპელაციო სასამართლო
33. მოსამართლე ტუგენხარტის თანხმობით, ქ-ნ ოსტინსა და ბ-ნ საქსბის სააპელაციო სასამართლოში კონვენციის მე-5 მუხლთან, კერძოდ თავისუფლების უკანონო ხელყოფასთან დაკავშირებით, გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მიეცათ. 2007 წლის 15 ოქტომბრის ([2007] EWCA Civ 989) გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
34. თავისუფლების უკანონო ხელყოფის შესახებ საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსალოდნელი არეულობის თავიდან ასაცილებლად, პოლიციას ჰქონდა უფლება გაეტარებინა ზომები, რომელიც უდანაშაულო მესამე მხარის კანონიერ უფლებებში ჩარევას ან მათ შეზღუდვას აღკვეთდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წესრიგისა და მესამე პირთა უფლებების დასაცავად ყველა სხვა შესაძლო გონივრულად საჭირო და პროპორციული ზომა უკვე მიღებული იყო. ოქსფორდის მოედანზე დემონსტრაციის მსვლელობისას ქ-ნი ოსტინის მიმართ ამ ზომის გამოყენება იყო კანონიერი, ვინაიდან ეს აუცილებელი გახდა სხვების მიერ გამოწვეული გარდაუვალი არეულობის თავიდან ასაცილებლად.
35. მე-5 მუხლთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივართან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კორდონის შიგნით მოქცევა თავისუფლების აღკვეთას არ წარმოადგენდა. ბ-ნმა სერ ენტონი კლარკმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებისას, განაცხადა შემდეგი:
„102. ... პირველი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, თავიდანვე შეეზღუდათ თუ არა მომჩივნებს თავისუფლება. ჩვენი აზრით, არა. იმ მომენტისთვის შექმნილ ვითარებაში განხორციელებული შეზღუდვა მკვეთრად არ განსხვავდებოდა მოსამართლის მიერ მოყვანილი სხვა მრავალი სახის დაკავებასა ან თავისუფლების შეზღუდვისგან რაც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთად ვერ ჩაითვლება. კარგი მაგალითია, ფეხბურთზე შეკრებილი ხალხის მასა. მათთვის იმ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც მათი გადაადგილება დიდი ხნის განმავლობაში შეზღუდულია, ჩვეული მოვლენაა. ნაწილობრივ ხალხის მასისგან ცალკეული ადამიანების დაცვა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში შეკრებილთა, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარეთა შორის ძალადობის თავიდან ასაცილებლად ... სხვა მაგალითებია... მაგ: როდესაც მძღოლები ავარიის შედეგად პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების გამო, მრავალი საათის განმავლობაში გაჩერებულები არიან ავტომაგისტრალზე. ასეთ შემთხვევებში, შესაძლებელია კონკრეტულ ადგილებში პოლიციამ ცალკეული მძღოლები დაგეგმილზე მეტ ხანს გააჩეროს.
103. ჩვენი აზრით, ეს სწორედ მსგავსი შემთხვევა გახლდათ. მოსამართლის მიერ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, პოლიციას სხვა ალტერნატივა, გარდა კორდონის დაყენებისა, რაც მან გააკეთა კიდეც, არ ჰქონდა. ისინი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ორგანიზებულ გაშვებას ორი-სამი საათის განმავლობაში ვარაუდობდნენ. მოსამართლემ დაადგინა, რომ პოლიციელებს რამოდენიმე მიზანი ამოძრავებდათ - უსაფრთხოება და დანაშაულის პრევენცია იმ ცალკეული ადამიანების მხრიდან, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. ამ ვითარებაში, კორდონის განთავსება, ჩვენი აზრით, არ შეიძლება თვითნებური დაკავების მცდელობად ჩაითვალოს, რასაც სტრასბურგის სასამართლო მე- 5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. ამის გამო ჩვენ ვთვლით, რომ მოსამართლე შეცდა, როდესაც თავის დასკვნაში მომჩივანთა 14. 20 წუთიდან უკანონო დაკავება დაადგინა.
104. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდან უნდა ვიმსჯელოთ საკითხზე, თუ რამდენად უკანონოდ იყვნენ ისინი დაკავებული შემდგომ. ჩვენს გადაწყვეტილებაში ამ კითვაზე პასუხი არის „არა“. ასე მაგალითად, დღის განმავლობაში, პოლიციამ არა ერთხელ გასცა კონტროლირებადი გაშვების ბრძანება, მხოლოდ იმის დასადგენად, რომ ამ საქმის ბოლომდე უსაფრთხოდ მიყვანა შეუძლებელი იყო... ჩრდილოეთისკენ კონტროლირებადი გაშვების დაწყების ბრძანება, კორდონს შიგნით და გარეთ მყოფი აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო, სამჯერ შეჩერდა და თავიდან გადაიხედა, რის შედეგადაც საბოლოოდ, ხალხის გათავისუფლება 20.02 წუთმდე არ დაწყებულა ... მთელი ამ ხნის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სერიოზულ ძალადობას, თუმცა არა მომჩივანთა მხრიდან ... მოსამართლის დასკვნის მიხედვით ... ეს არ იყო უბრალოდ ოქსფორდის მოედანზე, სტატიკურ მდგომარეობაში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეთა პოლიციის მიერ კორდონში მოქცევა, რაც 7 საათს გაგრძელდა. ეს იყო დინამიური, ქაოტური და არეული ვითარება, რომელშიც კორდონს გარეთ, მაგრამ უშუალო სიახლოვეს მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა არეულობის სერიოზულ საფრთხეს ჰქმნიდა, ისინი საფრთხეს, ისევე როგორც კორდონში მდგომ, ისე მის გარეთ მყოფ პოლიციის ოფიცრებსაც უქმნიდნენ.
105. ამ გარემოებებში არაგონივრულია იმის მტკიცება, რომ დადგა დრო, როდესაც ის რაც თავდაპირველად თავისუფლების აღკვეთად ვერ ჩაითვლებოდა, შემდგომში კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთაში გადაიზარდა. ამიტომ, ვითვალისწინებთ რა ყველა მნიშვნელოვან გარემოებას, მოსამართლის დასკვნის საპირისპიროდ ვაცხადებთ, რომ კონვენციით გათვალისწინებულ თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას ადგილი არ ჰქონდა.
(დ) ლორდთა პალატა
36. ქ-ნ ოსტინს, ისევე როგორც ბ-ნ საქსბის კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გასაჩივრების საშუალება ლორდთა პალატაში მიეცათ. საქმეზე სასამართლო მოსმენები 2008 წლის 24 და 25 ნოემბერსა და 2009 წლის 28 იანვარს ჩატარდა. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, მათ საჩივარზე ეთქვათ უარი იმ საფუძვლით, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი არ ვრცელდებოდა მოცემულ შემთხვევაზე, რადგან მომჩივნების თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა ([2009] UKHL 5).
37. ლორდ ხოუპმა კრეიგხედიდან, რომელსაც დანარჩენი ლორდები დაეთანხმნენ, თავისი მიდგომა „თავისუფლების აღკვეთის“ ინტერპრეტაციისადმი შემდეგნაირად ახსნა:
„23. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენება ხალხის მასის კონტროლისთვის მიღებულ ზომებთან დაკავშირებით არის საკითხი, რომელიც ამ მომენტამდე არ დამდგარა ისე, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყურადღება მიექცია. ამგვარად, არ არსებობს პირდაპირი მითითება იმისა, მოქმედებს თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი მაშინ, როდესაც პოლიცია ზღუდავს გადაადგილებას მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაიცვას ხალხი დაშავებისგან და არ დაუშვას კერძო საკუთრების დაზიანება. თუმცა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არეულობის თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომები სიახლეს არ წარმოადგენს. ხშირად აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, მაგალითად, ფეხბურთის მატჩების დროს, რომ მოპაექრე მხარეების გულშემატკივრები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ, რამაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს. პოლიციის მხრიდან, ავარიის შედეგად, საავტომობილო გზაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მძღოლებისთვის შესაძლებელია შეიზღუდოს გადაადგილება, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების ხანძრისგან ან ტერორისტული აქტისგან დასაცავად. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი ტიპის შეზღუდვა, თუ ის პროპორციულია და არა თვითნებური, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევად არ განიხილებოდა.
24. პოლიციის მიერ ამ შემთხვევაში გამოყენებული შეზღუდვები, ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითს თუ შევადარებთ, უფრო მასშტაბური და ინტენსიური იყო. მაგრამ ლორდმა პანიკმა მოსარჩლეს განუმარტა, რომ გარემოებებისა და შეზღუდვის მიზნის უგულებელყოფა არაგონივრული იქნებოდა. დაკავება ამ ცნების პირდაპირი მნიშვნელობით, მიზნად არავის დაუსახავს. იმ შემთხვევაში, თუ კორდონი იქ მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში იდგებოდა, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა აღარ გაჩნდებოდა. ის ფაქტი, რომ იმ ადგილზე კორდონს დგომა დიდი ხნის განმავლობაში მოუწია არაფერს ცვლის, ვინაიდან კორდონიდან ხალხის იმაზე ადრე გათავისუფლება, ვიდრე ეს მოხდა, პოლიციისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, შეუძლებელი იყო. მისი თქმით, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც კითხვაზე - რამდენად შეესაბამებოდა მომხდარი მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის კონტექსტს, პასუხია - ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესტთა შორის ბალანსი უნდა ყოფილიყო დაცული. რა თქმა უნდა, აუცილებელია განსაკუთრებით აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მე-5 მუხლი წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომლის მნიშვნელობაც უმთავრესია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ა - ვ პუნქტების გარდა შეზღუდვის დაწესების გამართლება შეუძლებელია, ამ მუხლის გამოყენების ფარგლების ფრთხილ იდენტიფიკაციის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.
25. ქ-მა უილიანსმა მოსარჩელის სახელით განაცხადა, რომ მეორეს მხრივ, მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა გამოყენებული ზომა, არ იყო რელევანტური. ის ფაქტი, რომ ეს იყო აუცილებელი და პროპორციული საპასუხო რეაქცია, გამოყენებული ზომის მე-5 პუნქტის 1-ლი ნაწილის ა - ვ პუნქტებით გათვალისწინებული, კანონიერების დადგენის წინა პირობას წარმოადგენდა. თუმცა ამაზე შორს ის არ წასულა. არ არსებობდა ბალანსი საწყისი კითხვის განხილვისას, რამდენად შეესაბამებოდა პოლიციის მიერ გამოყენებული ზომები მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილს. მიზნისა და ბალანსის შესახებ კითხვები მხოლოდ ა - ვ პუნქტებში ჩამოთვლილი შემთხვევების განხილვისას წამოიჭრა.
არის კი მიზანი შესაბამისი?
26. გადაწყვეტილება იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას, რა თქმა უნდა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ძალიან სენსიტიურია. მე-5 მუხლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება , რაც სრულად ყოველ ცალკეულ ფაქტზეა დამოკიდებული, დიდი მნიშვნელობის მატარებელი არაა. მაგრამ მნიშვნელობას იძენს მაშინ როდესაც კანონთან დაკავშირებული საკითხები სააშკარაოზე გამოდის. მოცემულ კონტექსტში გარკვეულ დახმარებას ის საქმეები უწევენ, რომლებშიც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით მიზანი და განზრახვა განიხილება.
27. თუ მიზანი მნიშვნელოვანია, შეზღუდვის დანიშნულებასა და ცალკეული ადამიანის ინტერესებს შორის უნდა მოხდეს ბალანსი. მუხლის კონტექსტის განხილვისას ვარაუდი იმისა, რომ საწყისს ეტაპზე არსებობდა ბალანსი, არ მოიხსენიებოდა საქმეებში ენგელი ნიდერლანდების წინააღმდეგ (No 1) (1976) 1 EHRR 647 ან გუზარდი იტალიის წინააღმდეგ (1980) 3 EHRR 333. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს გამომდინარეობდა უშუალოდ მუხლის ფორმულირებიდან. მაგრამ ვფიქრობ, რომ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არსებობს საკმარისი მინიშნებები იმისა, რომ ბალანსის საკითხი არის კონვენციის განუყოფელი ნაწილი და ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის პირველი მნიშვნელობის ფუნდამენტური უფლებების ფარგლებში საკითხის განხილვისას, მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს“.
ლორდმა ჰოუპმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და განჩინებები განიხილა, მათ შორის: X გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ, № 8819/79, 1981 წლის 19 მარტის კომისიის განჩინება, განჩინებები და ანგარიშები (DR) vol. 24, p. 158; გუენატი შვედეთის წინააღმდეგ, № 24722/94, 1995 წლის 10 აპრილის კომისიის განჩინება DR vol. 81-B, p. 13; ჰ.მ. შვედეთის წინააღმდეგ, № 39187/98, ECHR 2002‑II; ნიელსენი დანიის წინააღმდეგ, 1988 წლის 28 ნოემბერი, Series A no. 144; სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისი, Series A no. 161; ოხალორანი და ფრანსიზი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], nos. 15809/02 and 25624/02, ECHR 2007‑III; ნ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 26565/05, 27 May 2008, და დაასკვნა:
„34. შესაბამისად მინდა განვაცხადო, რომ ფუნდამენტური უფლებების შემთხვევაშიც კი, რომელთა გამოყენებისას შეზღუდვების დაწესება კონვენციით დაშვებული არ არის, პრაგმატული მიდგომა უნდა არსებობდეს, რომელიც ყველა გარემოებას სრულად გათვალისწინების შესაძებლობას მოგვცემს. ადამიანის თავისუფლების აღკვეთის ერთი შემთხვევაც კი, რომელიც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთანაა დაკავშირებული მე-5 მუხლში ნახსენები არ არის. ეს მე-10 მუხლის მე-2 ნაწილთან მკვეთრ წინააღმდეგობაშია, რომელიც თავის მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უფლებას მკაფიო კვალიფიკაციას აძლევს. მაგრამ მე-5 მუხლის კონტექსტში განხილული საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის მიღებული ზომების მნიშვნელობა კონვენციის მე-2 მუხლშია მოცემული - იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის მხრიდან ხალხის მასის შესაკავებლად სათანადო ზომები არ გატარდება, ხალხის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. ეს ის ვითარებაა, როდესაც ფუნდამენტური უფლებების თანხმობაში მოსაყვანად, სამართლიანი ბალანსის ძიება აუცილებელია. იმ ფარგლებში, რაც ხალხის მასაზე კონტროლის მხრივ მე-5 მუხლშია მოცემული, რა თქმა უნდა, როგორც ცალკეული ადამიანების, ისე საზოგადოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ამგვარად, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს კეთილსინდისიერი და პროპორციული იმ ვითარებისა, რომელმაც მიღებული ზომები აუცილებლობად გახადა. მეტად მნიშვნელოვანია ფუნდამენტური პრინციპის დაცვა იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი, რაც კი ადამიანის თავისუფლების უფლებას ეხება, თვითნებური არ უნდა იყოს. თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, სწორი დასკვნა იქნებოდა, რომ საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები, რომელიც ცალკეული ადამიანების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული, მე-5 მუხლის დარღვევას არ წარმოადგენს“.
ლორდ ნიუბერგერი აბოტსბერიდან დაეთანხმა იმ აზრს, რომ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონდა და აღნიშნა შემდეგი:
„58. იმ მომენტში, როდესაც არეულობაა მოსალოდნელი, პოლიციამ მის აღმოსაფხვრელად ყველა გონივრული ღონე უნდა იხმაროს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ფიზიკურ პირებზე ძალადობასა და საკუთრების მოსპობას ეხება. თანამდეროვე დემოკრატიის პირობებში მცხოვრები ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, კონკრეტულ ვითარებაში, პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ სივრცეში მისი გადაადგილების შეზღუდვას გონივრულ და სწორ ზომად მიიჩნევდა. ამგვარად, ვთქვათ შეურაცხადი ან მთვრალი შეიარაღებული ადამიანი იმყოფება ერთ-ერთ შენობაში. პოლიცია, უფლებამოსილია იქ შეკრებილი ადამიანების თავისუფალი გადაადგილება დიდი ხნის განმავლობაში შეზღუდოს, თუნდაც ეს იყოს პატარა ოთახი, რომელშიც უამრავი ადამიანი იმყოფება. ანალოგიური ხდება საფეხბურთო მატჩების დროს, როდესაც პოლიცია გუნდების გულშემატკივართა მხრიდან ქაოსისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად, როგორც წესი და სავსებით სწორადაც, მათ ერთმანეთისგან იზოლაციაში ამყოფებს; ხშირად თავისუფალი გადაადგილება ერთ, ან ორივე ჯგუფს, საკმაოდ პატარა სივრცეში, არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში აქვს შეზღუდული. ან ავტომაგისტრალზე ავარიის შემთხვევაში, წესისამებრ და ისევ და ისევ მართებულია, რომ პოლიცია ერთი ან ორი საათის განმავლობაში ავტომძღოლებსა და მგზავრებს მათ ადგილებზე დარჩენას სთხოვს. ყველა ამ შემთხვევაში, პოლიცია აკავებს ადამიანებს მათივე უსაფრთხოების მიზნით, რათა ძალადობა და საკუთრების დაზიანება თავიდან აიცილოს.
59. ჩემი აზრით, ასევე, თუ დემონსტრაციის მსვლელობისას მასიური არეულობა და ძალადობაა მოსალოდნელი, პოლიცია მის აღმოსაფხვრელად, ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, გარკვეული ზომების მისაღებად სრულ მზადყონაში უნდა იყოს. მსგავსი ზომები ხშირად დემონსტრანტთა გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც ზოგჯერ, დემონსტრაციაში შემთხვევით აღმოჩენილ ადამიანებზეც ვრცელდება. რიგ შემთხვევაში, ეს რამოდენიმე ხნით საკმაოდ პატარა სივრცეში ადამიანთა დაკავებას გულისხმობს.
60. მეჩვენება, რომ მსგავს შემთხვევებში არარეალურია იმის მტკიცება, რომ მე-5 მუხლი იწყებს ამოქმედებას, თუ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პირობებია, როდესაც პოლიციის ქმედებები პროპორციულია და გონივრული და ყოველი შეზღუდვა - შეეხება ეს დისკომფორტსა და დროს - მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც შესაბამისი მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი, კერძოდ, სერიოზული მასობრივი არეულობებისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
61. მომჩივნების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ მაგალითში, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე თანხმობა იმ პირთა პრეროგატივაა, ვისაც ეს შეზღუდვა შეეხო. მე არ ვარ დარწმუნებული ამ ანალიზის სრულყოფილებაში, სულ მცირე იმიტომ, რომ თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ თანხმობა უნებლიეთ იყო მიცემული, ეს არ მოიცავს იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანმა პოლიციას შეატყობინა რომ წინააღმდეგი იყო დაკავების, თუმცა, თუ ე.წ. უნებლიე თანხმობა მე-5 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის საკმარისი საფუძველია, მაშინ მეჩვენება, რომ მოცემულ საქმეში შესაძლებელია თავისუფლების შეზღუდვის გამართლება, რადგან ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში, განსაკუთრებით კი ის, რომელიც არეულობის სერიოზული რისკის შესახებ ცოდნის მიუხედავად დემონსტრაციაზე მივა, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თანხმობის მიმცემი პოლიციის მიერ მისი პოტენციური დაკავებისა, თუ ეს დაკავება სეიროზული საზოგადოებრივი არეულობისა და ძალადობის თავიდან აცილების გონივრული და პროპორციული ზომაა.
62. შესაბამისად, ვეთანხმები რა სააპელაციო სასამართლოს, ვაცხადებ, რომ ზემომოყვანილ [57] პარაგრაფში, მოსამართლის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში პოლიციის ქმედებები მომჩივნის მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევად ვერ ჩაითვლება. მოცემულ საქმეში შეშფოთების საბაბს თავისუფლების შეზღუდვის დიდი პერიოდი, კერძოდ, თითქმის შვიდი საათი, იძლევა. თუმცა გამოტანილი დასკვნების მიხედვით, სერიოზული მასობრივი არეულობებისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული გონივრული და პროპორციული შეზღუდვები, არ არღვევს მე-5 მუხლს, და ვთვლი, რომ თვით ფაქტი თავისუფლების შეზღუდვის უჩვეულოდ ხანგრძლივი პერიოდისა ვერ შეცვლის ვითარებას იმგვარად, რომ გატარებული ზომები მე-5 მუხლის პირობებს არ შეესაბამებოდეს. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისის გასამყარებალად დაგვეხმარება რამოდენიმე საქმე, სადაც ჩაითვალა, რომ საპატიმროში ხანმოკლე თავისუფლების აღკვეთა მე-5 მუხლს არ ეწინააღმდეგება, მაგ. იხ. ნოვოტკა სლოვაკეთის წინაღმდეგ (საჩივარი No 47244/99) 2003 წლის 4 ნოემბერი.
63. როგორც უკვე აღინიშნა, ვთვლი, რომ პოლიციის განზრახვა არის რელევანტური, განსაკუთრებით არა-სტანდარტულ საქმეებში, როგორიც არის ეს საქმე და სადაც განზრახვა გარე ფაქტორებითაა განპირობებული. თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციამ კორდონს შიგნით მოქცეული ადამიანები იმაზე მეტ ხანს გააჩერა, ვიდრე ეს იქ შეკრებილთა კონტროლისთვის იყო საჭირო და ამით დემონსტრანტები დასაჯა ან „ჭკუა ასწავლა“, ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული მოსაზრებები წამოიჭრება. მსგავსს გარემოებებში ვიფიქრებდი, რომ კორდონის მიერ დროის გადაჭარბება მე-5 მუხლის მნიშვნელობით ნამდვილად თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდა. თუმცა, როგორც მოსამართლის მიერ ცხადად და საგულდაგულოდ გაკეთებული დასკვნებიდან გამომდინარეობს, რაც სააპელაციო სასამართლოში სრულიად სამართლიანად არ გასაჩივრდა, მოცემულ საქმეში მსგავსი მოსაზრებების განხილვა არც იგეგმება.
64. გარდა ამისა, ჩემი აზრით ყურადსაღებია, რომ, თუ მოცემულ საქმეში მე-5 მუხლის ფარგლებში თავისუფლების შეზღუდვა მართლაც განხორციელდა, პოლიციისთვის (ბ) და (გ) პუნქტებით დაშვებული გამონაკლისით გამოყენება შეუძლებელი გახდება, ევროპულ სასამართლოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ლოულესი ირლანდიის წინააღმდეგ (No 3) (1961) 1 EHRR 15) საქმის გათვალისწინებით. მიმაჩნია, ის ფაქტი, რომ ა-ვ პუნქტებში დაშვებული გამონაკლისებით თავისუფლების შეზღუდვა გამართლებული ვერ იქნება, ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მე-5 მუხლის ფარგლებში თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა. ჩემთვის იქნებოდა ძალზე გასაკვირი, თუ პოლიციას აღნიშნულ ვითარებაში მყისიერი მოქმედების საშუალება არ მიეცემოდა, თანაც ისე, რომ მე-5 მუხლის გათვალისწინებით, დაკავებულთა უფლებები არ დარღვეულიყო.
ლორდი კარსველი დაეთანხმა ლორდ ხოუპს, ხოლო ლორდ სკოტი ფოსკოტიდან დაეთანხმა ლორდ ხოუპსა და ნეუბერგერს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „გადაწყვეტილების გამოტანისას გასათვალისწინებელია შეზღუდვისა და დაკავების მიზანი და იმ პირთა განზრახვა, რომელთაც განახორციელეს დაკავება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას.“
ლორდ უოკერი გესტინგთორპიდან დაეთნახმა ლორდ ხოუპს და შენიშვნის სახით დაამატა:
„43. 26-ე პარაგრაფში მის მიერ გამოხატულ მოსაზრებებში ის სვამს კითხვას - „არის კი მიზანი შესაბამისი?“ მისი დასკვნა არის მეტად წინდახედული, ანუ, მაშინაც კი, როდესაც საქმე ფუნდამენტურ უფლებებს ეხება (პარაგრაფი 34), ყველა გარემოების გათვალისწინებით, არსებობს პრაგმატული მიდგომის საშუალება. გამოვხატავ რა პატივისცემას, ვეთანხმები, რომ მსგავსი საკითხი დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ ცხადჰყო, რომ იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას, ყველა თანმდევ გარემოებას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს: იხ. მაგ: ჰმ -ი შვეიცარიის წინააღმდეგ (2004) 38 EHRR 314, პარ. 42: აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები, რაოდენ ფართო არ უნდა იყოს, მიზნებს არ შეიცავენ.
44. დაკავების მიზანი, რომელიც შესაძლოა თავისუფლების აღკვეთად იყოს მიჩნეული, ზოგადად რელევანტურია, თუმცა არა იმ მნიშვნელობით, თუ რამდენად მოხდა დადგენილი ზღვარის გადაკვეთა, არამედ შესაძლებელია თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ა-ვ პუნქტების გათვალისწინებით თავისუფლების შეზღუდვის გამართლება. იხ. მაგალითად (მე-5 მუხლის, 1-ლი ნაწილის, (ე) პუნქტთან დაკავშირებით) ნიელსენი დანიის წინააღმდეგ (1988) 11 EHRR 175; ლიტვა პოლონეთის წინააღმდეგ (2001) 33 EHRR 1267; უოლი შვედეთის წინააღმდეგ, (2002 წლის 10 დეკემბერი) განჩინება დასაშვებობის შესახებ 41403/98; ჰმ-ი შვეიცარიის წინააღმდეგ, ჰლ-ი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2005) 40 EHRR 32; ენბორნი შვედეთის წინააღმდეგ (2005) 41 EHRR 633; და სტორკი გერმანიის წინააღმდეგ (2006) 43 EHRR 96. თუ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის პირადი ხელშეუხებლობისა და თავისუფლების შეზღუდვას, კეთილი ზრახვები, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ა-ვ პუნქტებში ჩამოთვლილი გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც მკაცრად უნდა იყოს გაგებული, განხორციელებული შეზღუდვის გამამართლებელი ვერ გახდება.
45. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ე) პუნქტით გათვალისწინებული საქმეების უმეტესობა ეხება აშკარად გამოხატულ ან სავარაუდო თანხმობას (ფსიქიატრიული მეურვეობისა ან ხანდაზმულთა სახლში დასაშვებობაზე). ზოგიერთი ადრეული საქმე კითხვებს ბადებს, ვინაიდან ეყრდნობა „მშობელთა უფლებებს“ (განსაკუთრებით ნილსენის საქმე, ცხრა შვიდის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც თორმეტი წლის ბიჭის ფსიქიატრიული მეურვეობის დასაშვებობა მისი დედის „დედობის უფლების“ გამო თავისუფლების შეზღუდვად არ ჩაითვალა). ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების პირადი ავტონომიისადმი განსხვავებულ მიდგომაზე მიმანიშნებელი ნათელი მესიჯი იყო სტროკის საქმე (თუმცა თანაგრძნობას იწვევს ამ საქმეში 18 წლის მომჩივანი, როდესაც იგი მკურნალობის მიზნით ბრემენის კლინიკის დახურულ პალატაში გაამწესეს, და მან მორალური ზიანისთვის განსაკუთრებით დიდი თანხა მიიღო).
46. გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობ X გერმანიის წინააღმდეგ განჩინებასთან დაკავშირებით, (1981 წლის 19 მარტი, განჩინება დასაშვებობის შესახებ 8819/79); პოლიციის განყოფილება შიშის მომგვრელი შეიძლება იყოს ნებისმიერისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და შემდეგი განხილვა საკმაოდ არაგულწრფელია:
‘მოცემულ საქმეში, პოლიციის ქმედება ბავშვების თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული არ ყოფილა, მიზანი იყო ინფორმაციის მიღება, თუ რა გზით მოიპოვეს ბავშვებმა მათთან ნაპოვნი ნივთები და ინფორმაცია სკოლაში მომხდარი ქურდობების შესახებ’.
47. თუმცა, ყოველივე ამის მერე ვასკვნი, რომ მოცემულ საქმეში უმნიშვნელოვანესია, დაისვას მარტივი კითხვა: რას აკეთებდა პოლიცია 2001 წლის მაისში ოქსფორდის მოედანზე? რა ხდებოდა მის თავს? რას გეგმავდნენ? თავის სრულ რეზიუმეში ლორდმა ხოუპმა მოსამართლის უდავო მონაცემებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება გააკეთა: პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური დაზანებებისა და მატერიალური ზარალის თავიდან ასაცილებლად, პოლიცია საკმაოდ რთულ ამოცანას ახორციელებდა. ოპერაციის ხელმძღვანელმა უფროსმა ოფიცრებმა ყველა ღონე გამოიყენეს, რათა 1974 წლის 15 ივნისს რედ ლაიონ სკვერში მომხდარი უბედურება თავიდან აეცილებინათ. პოლიციის მიზანს ხალხის დაშლა წარმოადგენდა, ხოლო ის ფაქტი, რომ ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა, პოლიციელებისაგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა განაპირობეს.
სამართალი
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის სავარაუდო დარღვევა
38. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ თავისუფლება კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით შეეზღუდათ. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად:
(ა) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; ა
(ბ) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
(გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი, ან გონივრულადაა მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ან მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
(დ) არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
(ე) პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება;
(ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციისთვის.
39. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი არ გამოიყენებოდა, ვინაიდან თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა. ალტერნატიულ არგუმენტად მათ განაცხადეს, რომ თავისუფლების შეზღუდვა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) და/ან (გ) პუნქტების შესაბამისად მოხდა.
ა. მხარეთა არგუმენტები
მთავრობა
40. მთავრობა ამტკიცებდა, რომ პოლიციის მხრიდან მომჩივნებისთვის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საზოგადოების ინტერესებსა და თითოეული ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დანერგვა კონვენციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მსგავსი ბალანსის დანერგვის პრინციპი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს გასდევდა და იმაზე მსჯელობისას, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას, ყურადღება სწორედ რომ ამაზე უნდა გამახვილებულიყო. კონვენციის მე-8, მე-11 მუხლებისგან განსხვავებით, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი არ მოიცავს ზოგად დებულებას შეზღუდვების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ცნებას „თავისუფლების შეზღუდვა“ ზედმეტად ფართო მნიშვნელობა არ მინიჭებოდა.
41. თავდაპირველად, თავისუფლების შეზღუდვის ცნების განმარტებისთვის შესაბამისი პრინციპები სასამართლომ განავითარა საქმეებში, ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1976 წლის 8 ივნისი, §§ 58-59, Series A no. 22, ასევე გუზარდი იტალიის წინააღმდეგ, 1980 წლის 6 ნოემბერი, §§ 92-93, Series A no. 39 და ბევრ მომდევნო საქმეში. ამ პრეცედენტულმა სამართალმა ცხადჰყო, რომ საკითხი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას, კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. გამოყენებული ზომის ხანგრძლივობა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხალხის მასის კონტროლს ხანგძლივი დრო დასჭირდა, თავისუფლების ხელყოფის დადგენისთვის თავისთავად საკმარისი არაა, რაც ცხადი გახდა საქმეებში ღამის საკომენდანტო საათთან დაკავშირებით: იხ. რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ, 1994 წელი 22 თებერვალი, Series A no. 281‑A და ტრიჯონისი ლიტვის წინააღმდეგ, № 2333/02, 2005 წელი 15 დეკემბერი. გამოყენებული ზომის მიზანი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია და სასამართლოს მიერ თავისუფლების ხელყოფის დადგენის საპირწონეც კი შეიძლება გახდეს, თუ საქმე ეხება გარკვეულ ადგილას ხარნგრძლივი დროით პირის ფიზიკურ დაკავებას: იხ. 59-ე პარაგრაფში ზემოხსენებული ენგელის საქმე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო დისციპლინის კონტექსტი მხედველობაშია მისაღები; ასევე იხ. ნიელსენი დანიის წინააღმდეგ და ჰ.მ. შვეიცარიის წინააღმდეგ, ორივე საქმეში აღინიშნა, რომ სასამართლომ მხედველობაში დაკავების უკან მდგომი ჰუმანიტარული მიზნები მიიღო. ეს მიდგომა პრინციპში იყო მართებული, ვინაიდან მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
42. მოცემულ მომენტამდე სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ამ საქმეში მოყვანილი გარემოებები არ განხილულა, კერძოდ, ვითარება, როდესაც პოლიციამ სერიოზული არეულობის, ფიზიკური დაზიანებებისა და სიკვდილის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ადამიანების გარკვეული დროით დაკავების სახით, პროპორციული ზომები განახორციელა. თუ გაირკევევა, რომ 2001 წლის მაისში ოქსფორდის მოედანზე კორდონის განთავსება მე-5 მუხლის განმარტებას ეწინააღმდეგებოდა, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა პოლიცია ვალდებული გახდება მოძალადე დემონსტრანტებთან ურთიერთობის ალატერნატიული მეთოდები მოძებნოს, რომელიც მე-5 მუხლის დარღვევად არ ჩაითვლება, თუმცა შესაძლოა აღმოჩნდეს ბევრად უფრო საშიში, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.
43. იმის დასადგენად, რომ კორდონის განთავსებას თავისუფლების შეზღუდვა არ მოჰყოლია, ლორდთა პალატამ და სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრინციპები მართებულად გამოიყენეს. საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს. ეს ნათლად, ეროვნული სასამართლოების მიერ მოყვანილ მაგალითებში, როგორიცაა - ფეხბურთის მატჩების დროს ხალხის მასის კორდონში მოქცევა ან ავტომაგისტრალებზე საცობების შემთხვევაში - გამოჩნდა. მაშინ კითხვა მდგომარეობს შემდეგში - იყო თუ არა კორდონის მოქმედების დროის ხანგრძლივობა თავისუფლების შეზღუდვის მანიშნებელი? ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, კერძოდ, პოლიციის მხრიდან კორდონს შიგნით თუ გარეთ მდგომთა უსაფრთხოების დაცვის მიზანზე, და ასევე იმ გარემოებაზე, ჰქონდა თუ არა მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად პოლიციას სხვა ზომების გატარების შესაძლებლობა.
44. მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლების შეზღუდვას ჰქონდა ადგილი, ის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტით გამართლებული იყო, რათა „კანონით დადგენილი ვალდებულება“ - დაეხმარო პოლიციელს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებაში - ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მეორე ალტერნატივაა, თავისუფლების შეზღუდვა მე- 5 მუხლის 1-ლი ნაწილის (გ) პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან თითოეული მომჩივნის დაკავება საზოგადოებრივი წესრიგის მოსალოდნელი დარღვევის თავიდან ასაცილებლად იყო აუცილებელი.
2. მომჩივნები
45. მომჩივნების აზრით, იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა თავისუფლების შეზღუდვას ადგილი, აუცილებელი იყო ცალკეულ ადამიანებთან მიმართებაში თითოეული კონკრეტული შემთხვევის შეფასება, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი „გარკვეულ შემოსაზღვრულ ადგილზე დროის არც თუ ისე უმნიშვნელო მონაკვეთით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას“ და მისცეს თუ არა იქ მყოფმა (ქალბატონებმა ან ბატონებმა) ამაზე „თანხმობა“ (იხ. სტორკი გერმანიის წინააღმდეგ, no. 61603/00, § 74, ECHR 2005‑V). როდესაც გამოყენებული ზომა, დაკავების კლასიკურ კონტექსტში არ განიხილება, უნდა შეფასდეს შეზღუდვის ხასიათი და მასშტაბი, აგრეთვე დროის ხანგრძლივობა და მომჩივანზე ზემოქმედება. მაგალითად, რაც უფრო ხანგრძლივია დაკავება და რაც უფრო მძლავრია ხელისუფლების მხრიდან იძულების ხარისხი, მით უფრო მოკლე დროა საკმარისი თავისუფლების ხელყოფის დასადგენად.
46. მომჩივნების აზრით, მთავრობის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების კლასიკური ვითარების მიღმა, კეთილი ზრახვებისა ან საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენებული ზომები თავისუფლების შეზღუდვას არ წარმოადგენდა, ახალ და საკამათო ვარაუდებს ემყარებოდა. მომჩივნები არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ზომა გამოიყენებოდა იმ ვითარებაში, რომელიც სხვაგვარად, თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდა, ის განზრახვა და მიზანი, რომლისთვისაც ის გამოიყენეს უმნიშვნელო იყო შეფასებისთვის, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას. გატარებული ზომის მიზანს მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმისათვის, რომ დადგენილიყო, თუ რამდენად შეესაბამებოდა თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტული ფაქტი მე-5 მხულის 1-ლი ნაწილის ა-ვ პუნქტებით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელთა განმარტებაც თავისთავად ვიწროდ უნდა მომხდარიყო. შეუძლებელი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით თავისუფლების შეზღუდვის ცნების ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც განსხვავებული იქნებოდა სხვა კეთილი ზრახვებისა თუ საზოგადოების ინტერესებისთვის შემოღებული ზომების შემთხვევაში.
47. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობის მცდელობა საზოგადოებრივი ინტერესებისა და ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის საფუძველზე საკუთარი არგუმენტები დაეცვათ, მცდარი იყო. სამართლიანი ბალანსი კონვენციით დაცული უფლებების თვით ფორმულირებაშია მოცემული. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ბალანსის ხარჯზე, შეემცირებინა უფლების დაცვის ფარგლები. სასამართლოს მხრიდან სამართლიანი ბალანსის ნებისმიერი შეფასება შესაბამისი მუხლის სტრუქტურაში ექცეოდა, მაგალითად ცალკეული მუხლების ფარგლებში პოზიტიური ვალდებულებების განსაზღვრის დროს. მთავრობის მთავარი მოსაზრება სწორი რომ ყოფილიყო, სახელმწიფოებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, გვერდი აუარონ მე-5 მუხლის დაცვას, მაგ., მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ა-ვ პუნქტებით არ-გათვალისწინებული მიზნებით ადამიანთა დაკავების მეშვეობით, თუ ასეთი დაკავების აუცილებლობა იარსებებდა; ასეთ შემთხვევებში, მე-5 მუხლით გათვლისწინებული პროცედურული და არსებითი გარანტიები არ ამოქმედდებოდა
48. მომჩივნები არ ამტკიცებდნენ იმას, რომ თავისუფლების შეზღუდვა კორდონის განთავსების მომენტიდან განხორციელდა. თუმცა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ხასიათიდან გამომდინარე, მისი იძულებითი გამოყენება, მათზე ზეგავლენა და კორდონს შიგნით დროის ხანგრძლივი პერიოდით დაკავება, მათი თავისუფლების შეზღუდვის ნათელი მაგალითი გახლდათ. ის ფაქტი, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ ეს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად აუცილებელი ზომა იყო, მოცემულ საკითხთან არანაირ კავშირში არ იყო.
49. თავისუფლების შეზღუდვა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის არც ერთი პუნქტით გამართლებული არ ყოფილა. კერძოდ, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტის გათვალისწინებით მომჩივნები „კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად“ არ იყვნენ დაკავებულები, ვინაიდან ეს გამართლება შეიძლება წამოჭრილიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული და კონკრეტული ვალდებულება დაეკისრებოდა, ხოლო თავისუფლების შეზღუდვა ამ ვალდებულების შესასრულებლადაა საჭირო. „ვალდებულება“ თავისთავად თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (გ) პუნქტის გათვალისწინებით „როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენცია“ საჭიროა შემდეგი - ცალკეული ადამიანის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად მისი დაკავება და მეორე, დაკავების პერიოდში ხელისუფლების განზრახვა სისხლის სამართალწარმოებისას კომპეტენტური სასამართლო ორგანოების წინაშე ცალკეული ადამიანების წარდგენა. არც ერთი ამ მოთხოვნათაგან მათ საქმეებში არ წარმოდგენილა.
ბ. სასამართლოს შეფასება
1.დასაშვებობა
50. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი იმის შესახებ, შეეზღუდათ თუ არა მომჩივნებს თავისუფლება და აქედან გამომდინარე გამოსაყენებელი იყო თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი, მომჩივნების საჩივრის არსებით მხარესთან უშუალოდ არის დაკავშირებული. ის, შესაბამისად, დასაშვებობის საკითხს არსებით მხარესთან ერთად განიხილავს.
51. ის ადგენს, რომ არ არსებობს სხვა საფუძველი საქმის დაუშვებლად ცნობის და შესაბამისად აცხადებს მას დასაშვებად.
2. არსებითი მხარე
(ა) ძირითადი პრინციპები
52. როგორც მხარეებმა სწორედ აღნიშნეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ე.წ. „შეკავებასა“ („kettling“) ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის მიერ ხალხის ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენების შესახებ მსჯელობს. ამ ვითარებაში, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის განმარტებისას, განსაკუთრებით კი იმის განსაზღვრისას, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას, სასამართლო შემდეგი ძირითადი პრინციპებით იხელმძღვანელებს.
53. პირველ რიგში, როგორც სასამართლომ არა-ერთხელ აღნიშნა, კონვენცია წარმოადგენს ცოცხალ ინსტრუმენტს, რომლის განმარტება დემოკრატიულ სახელმწიფოებში დღეს გამეფებული თანამედროვე პირობებისა და იდეების ფონზე უნდა ხდებოდეს (იხ. სხვა წყაროებთან ერთად, ტირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1978 წელი 25 აპრილი, § 31, Series A no. 26; კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ [GC], no. 39594/98, § 70, ECHR 2001-VI; ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 28957/95, § 75, ECHR 2002‑VI; და უფრო ახალი, ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ [GC], no. 23459/03, § 102, ECHR 2011). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვე მოთხოვნილებების, პირობების, მოსაზრებებისა და სტანდარტების საპასუხოდ, სასამართლომ კონვენციით აღიარებული უფლებების გარდა, ახალი უფლებები დაადგინოს (იხ. ჯონსტონი და სხვები ირლანდიის წინააღმდეგ, 1986 წელი 18 დეკემბერი, §§ 51-54, Series A no. 112) ან გააბათილოს არსებული უფლებები, ან შექმნას ახალი „გამონაკლისი“ ან „გამართლება“, რასაც კონვენცია აშკარად არ ცნობს (იხ. მაგალითად, ზემომოყვანილ 57-ე პარაგრაფში ენგელი და სხვები და ჩიულა იტალიის წინააღმდეგ, 1989 წელი 22 თებერვალი, § 41, Series A no. 148).
54. მეორე, კონვენცია მთლიანობაში უნდა განიხილებოდეს და განიმარტებოდეს ისე, რომ ცალკეულ დებულებებს შორის შიდა თანმიმდევრულობისა და ჰარმონიის წახალისება მოხდეს (სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.) [GC], nos. 65731/01 and 65900/01, § 48, ECHR 2005 X).
55. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელსაც მოცემულ საქმეში შეზღუდვის შემოღებისას ჰქონდა ადგილი, სიცხადის შესატანად, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს იმის შეხსენებას, რომ კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი თავისუფალი გადაადგილების უფლებას ადგენს. მართალია, მომჩივნები ამ დებულებას არ დაყრდნობიან, ვინაიდან გაერთიანებულ სამეფოს მე-4 ოქმის რატიფიცირება არ მოუხდენია; თუმცა, სასამართლოს აზრით, მე-5 მუხლისა და მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დებულებათა მნიშვნელობისა და შინაარსის გათვალისწინებით, შემდეგი განმარტებების გაკეთება სასარგებლო იქნებოდა. პირველი, მე-5 მუხლის განმარტება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული მე-4 ოქმის მოთხოვნები იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, რომელთაც ხსნებული ოქმის რატიფიცირება არ მოუხდენიათ. ამავდროულად, ხსენებული ოქმის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის, დანაშაულის პრევენციისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა დაშვებულია. კონვენციის მე-11 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფალი შეკრების უფლებაში ჩარევა, პრინციპში, გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობის აქტებს და შეზღუდვა არეულობებისა ან დანაშაულებების თავიდან ასაცილებლად, ასევე სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავადა აუცილებელია (იხ. ჯულიანი და გაჯიო იტალიის წინააღმდეგ [GC], no. 23458/02, § 251, ECHR 2011). მან ასევე დაადგინა, რომ ზოგიერთ კარგად განსაზღვრულ გარემოებაში, მე-2 და მე-3 მუხლები შესაძლოა გულისხმობდნენ ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებებს, გაატარონ პრევენციული ოპერატიული ზომები იმ პირთა დასაცავად, რომლებსაც სხვათა დანაშაულებრივი ქმედებების გამო სერიოზული საფრთხე ემუქრებათ (ჯულიანი და გაჯიო, ზემომოყვანილ 244-ე პარაგრაფში; პ.ფ. და ე.ფ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, (dec.), no. 28326/09, § 36, 23 November 2010). იმაზე მსჯელობისას, თუ რამდენად შეასრულეს ადგილობრივმა მთავრობებმა მათზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, სასამართლომ განაცხადა, რომ გაითვალისწინებს სირთულეებს, რომელთაც თანამედროვე საზოგადოებაში პოლიცია აწყდება, ადამიანური ქცევის არაგანჭვრეტადობას და ოპერატიულ არჩევანს, რომელიც განსახორციელებელია პრიორიტეტებისა და რესურსების გათვალისწინებით (ჯულიანი და გაჯიო, ზემოთ 245-ე პარაგრაფში; პ.ფ. და ე.ფ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზემომოყვანილ მე-40 პარაგრაფში).
56. როგორც სასამართლოს მიერ უკვე აღინიშნა, ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისას, პოლიცია დისკრეციის მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ხშირად რთულია და პოლიცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელ ინფორმაციასა და დაზვერვის მასალებს ფლობს, მათი მიღებისას როგორც წესი უკეთეს მდგომარეობაშია (იხ. პ.ფ. და ე.ფ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზემოთ 41-ე პარაგრაფში). მეტიც, 2001 წლისთვის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მიღწევებმა შესაძლო გახადეს პროტესტანტთა სწრაფი და ფარული მობილიზაცია ამ დრომდე უცნობი მასშტაბით. ხელშემკვრელ სახელმწიფოებში პოლიცია ეჯახება ახალ გამოწვევებს, რომელიც შესაძლოა კონვენციაზე მუშაობისას გათვალისწინებული არ ყოფილა, ხოლო მათთან გამკლავების ახალი ტექნოლოგიები გამომუშავდა, მათ შორის დაკავება და შეკავება („kettling“). მე-5 მუხლის ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ პოლიციისთვის საკუთარი მოვალეობების შესრულება, როგორიცაა წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა, შეუძლებელი გახდეს იმ პირობით, რომ გაითვალისწინებენ მე-5 მუხლის ფუძემდებელ პრინციპებს, რომელიც ადამიანს თვითნებობისგან იცავს (იხ. საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, [GC], no. 13229/03, §§ 67 74, ECHR 2008).
57. როგორც ზემოთ აღინიშნა, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი არ ეხება თავისუფალი გადაადგილების უბრალო შეზღუდვას, რაც მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით რეგულირდება. იმის დადგენისას, “შეეზღუდა თუ არა თავისუფლება“ რომელიმე ადამიანს მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით, ამოსავალ წერტილად კონკრეტული ვითარება უნდა იქცეს, ასევე გასათვალისწინებელია მთელი რიგი კრიტერიუმები, როგორიცაა გამოყენებული ზომის სახე, ხანგრძლივობა, შედეგები და საშუალება. თავისუფლების აღკვეთასა და თავისუფლების შეზღუდვას შორის განსხვავება ხარისხსა და ინტენსიურობაში მდგომარეობს და არა ბუნებასა თუ შინაარსში (იხ. ზემოთ ენჯელი და სხვები, პარაგრაფი 59; გუზარდი, 92-93 პარაგრაფები; სტროკი, პარაგრაფი 71 და ასევე უფრო ახალი, მედვედევი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ [GC], no. 3394/03, §§ 73, ECHR 2010).
58. როგორც ლორდმა უოკერმა აღნიშნა (იხ. პარაგრაფი 37), განხორციელებული საკამათო ზომის მიზანი ზემონახსენებ გადაწყვეტილებებში, როგორც ყურადსაღები ფაქტორი არ ხსენებულა. როგორც სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან ხდება ნათელი, საზოგადოების ძირითადი ინტერესი, როგორიცაა მაგალითად - საზოგადოების დაცვა ცალკლეული ადამიანებისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხისგან, არ უკავშირდება ისეთ საკითხს, როგორიცაა, შეეზღუდა თუ არა ადამიანს თავისუფლება, თუმცა შესაძლოა უკავშირდებოდეს საკითხს - იყო თუ არა გამართლებული თავისუფლების შეზღუდვა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის რომელიმე პუნქტით (იხ. სხვა მრავალ მაგალითს შორის, ა. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 3455/05, § 166, 2009 წელი 19 თებერვალი; ენჰორნი შვედეთის წინააღმდეგ, no. 56529/00, § 33, ECHR 2005 I; მ. გერმანიის წინააღმდეგ, no. 19359/04, 2009 წელი 17 დეკემბერი). იგივე უნდა ითქვას, როდესაც ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება დაცვა, მკურნალობა ან მოვლა, გარკვეულწილად თავისუფლების შეზღუდვის ობიექტი ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ადამიანი ნამდვილად დასთანხმდა ისეთ გარემოებებში მოთავსებას, რომელიც სხვანაირად თავისუფლების შეზღუდვად ჩაითვლებოდა (იხ. სტროკი, ზემოთ 74-78 პარაგრაფებში, ბოლოდროინდელი და აქვე მოყვანილი საქმეები, სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ [GC], no. 36760/06, § 117, 2012 წელი 17 იანვარი; ასევე იხ. თანხმობის კანონიერებასთან დაკავშირებით, ამუური საფრანგეთის წინააღმდეგ, 1996 წელი 25 ივნისი, § 48, ანგარიშები დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებზე 1996-III).
59. თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ გატარებული ზომის „სახისა“ და „განხორციელების ხერხის“ მხედველობაში მიღებით, შესაძლებლობა ეძლევა გაითვალისწინოს შეზღუდვასთან დაკავშირებული კონკრეტული ვითარება და გარემოებები და გასცდეს საკანში დაკავების პარადიგმას (იხ. მაგ. ენგელი და სხვები, ზემოთ 59-ე პარაგრაფი; ამუური, ზომოთ 43-ე პარაგრაფი;). რა თქმა უნდა, მიღებული ზომების კონტექსტი აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც წესი, თანამედროვე საზოგადოებაში იქმნება გარემოებები, როდესაც მოქალაქეები საკუთარი კეთილდღეობისა და ინტერესების გათვალისწინებით, მოწოდებულნი არიან თავისუფლებისა და გადაადგილების შეზღუდვა აიტანონ. როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და ლორდთა პალატამ აღნიშნეს, საზოგადოების წევრები ზოგადად აღიარებენ, რომ შესაძლოა დროებითმა შეზღუდვებმა გარკვეულ კონტექსტში, იმოქმედონ მათ თავისუფალ გადაადგილებაზე, მაგ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომაგისტრალებზე მგზავრობისას, ან საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისას (იხ. ზემოთ პარაგრაფები 35-ე და 37-ე). სასამართლო არ თვლის, რომ თავისუფლების შეზღუდვის ცალკეული ფაქტი, რომელთა ხანგრძლივობა ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლების ნებაზე არაა დამოკიდებული და სერიოზული დაზიანებებისა და რეალური საფრთხის ასაცილებლადაა საჭირო, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით „თავისუფლების შეზღუდვად“ შეფასდეს.
60. მე-5 მუხლი იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ, იცავს პიროვნებას სახელმწიფოს მხრიდან მისი თავისუფლების ხელშეუხებლობის თვითნებური დარღვევისგან. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა)-(ვ) პუნქტები წარმოადგენენ ამომწურავ ჩამონათვალს იმ საფუძვლებისა, რომლებიც ადამიანებისთვის თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას იძლევიან; თავისუფლების შეზღუდვის არც-ერთი სხვა შემთხვევა არ იქნება მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისი, თუ ის არ დაეყრდნობა ერთ-ერთ ზემოხსენებულ საფუძველს (იხ. სხვა წყაროებს შორის, ალ-ჯედა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 27021/08, § 99, 2011 წელი 7 ივლისი). გამორიცხული არაა, რომ ადამიანთა მასის შეკავების მეთოდების გამოყენებამ, გარკვეულ გარემოებებში, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა გამოიწვიოს, რაც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევას გამოიწვევს. თითოეულ შემთხვევაში, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის განმარტება უნდა მოხდეს გამოყენებული მეთოდების შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით; ასევე ყურადსაღებია, პოლიციის ვალდებულება დაიცვას წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება, რაც მათ ნაციონალური კანონმდებლობითა და კონვენციით ევალებათ.
(ბ) მოცემულ საქმეში ზოგადი პრინციპების გამოყენება
61. საკითხი, ჰქონდა თუ არა თავისუფლების შეზღუდვას ადგილი, ეფუძნება საქმის კონკრეტულ გარემოებებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის სისტემის ფარგლებში, ის მხოლოდ მეორეხარისხოვანია (სუბსიდიურია) ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სისტემებთან მიმართებაში (იხ. ა. და სხვები, ზემოთ 154-ე პარაგრაფში). სუბსიდიარობა კონვენციის საფუძველთა საფუძველია და ემყარება 1-ლი და მე-19 მუხლების ერთობლივ წაკითხვას. კონკრეტულ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის საკუთარ თავზე აღებისას, მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, სასამართლომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როგორც წესი, თუ ეროვნულ სამართალწარმოებას ჰქონდა ადგილი, სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების საკუთარი შეფასებით ჩანაცვლება, და სწორედ რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაადგინონ ფაქტები მათ წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. თუმცა, სასამართლო არ არის შებოჭილი ეროვნული სასამართლოების დასკვნებით და თავისუფალია მის წინაშე წარდგენილი მასალების ფარგლებში საკუთარ შეფასებაში; ნორმალურ გარემოებებში, აუცილებელია დამაჯერებელი ელემენტების არსებობა, რათა ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტებს სასამართლო გაემიჯნოს (ჯულიანი და გაჯიო, ზემოთ 180-ე პარაგრაფში). მართალია, კონვენციის მე-19 და 32-ე მუხლების თანახმად, სწორედ სასამართლოს ეკისრება კონვენციის საბოლოო განმარტებისა და გამოყენების როლი და ის უნდა დაეყრდნოს საკუთარ მსჯელობაში ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტებს, თუმცა თავის სამართლებრივ დასკვნაში - ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით - სასამართლო ეროვნული სასამართლოების სამართლებრივი დასკვნებით შეზღუდული არ არის. (იხ. მაგ. სტროკი, ზემოთ 72-ე პარაგრაფში).
62. პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ტუგენდხარტის გადაწყვეტილება სამ-კვირიან სასამართლო მოსმენებს მოჰყვა, რომლის მიმდინარეობისას მან 2001 წელს მაისში, ოქსფორდის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი მოცულობის მტკიცებულებები განიხილა, მათ შორის, ზეპირი ჩვენებები, დოკუმენტური, ვიდეო და ფოტო მასალა (იხ. ზემოთ მე-16 პარაგრაფი). მან დაადგინა, რომ inter alia, პოლიციის ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობას 500-დან 1000-მდე მოძალადე აქტივისტი აპირებდა და რომ არა ხალხის მასის ეფექტური კონტროლი, არსებობდა რეალური საფრთხე სერიოზული დაზიანებების, საკუთრების გადანდგურების და სიკვდილისაც კი. პოლიცია ოქსფორდის მოედანზე დემონსტრანტებს 16.00 საათისთვის ელოდებოდა და მათთვის, ორი საათით ადრე, 1 500-ზე მეტი ადამიანის გამოჩენა, დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. დაზვერვიდან მიღებული ინფორმაციისა და მსგავს დემონსტრაციებზე ხალხის მასის ქცევიდან გამომდინარე, ძალადობის, დაზიანებებისა და საკუთრების გადადგურების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ 14.00 საათისთვის კორდონის განთავსება გადაწყვიტა. 14.20 წუთისთვის, ადგილზე სრული კორდონის განთავსების შემდეგ, პოლიციის თანხმობის გარეშე ტერიტორიის დატოვება არც ერთ ადამიანს არ შეეძლო. ჭყლეტვის თავიდან ასაცილებლად, კორდონს შიგნით გადასაადგილებლად იყო სივრცე, მაგრამ რაც შეეხება პირობებს - არ იყო თავშესაფარი, წყალი, საკვები და საპირფარეშო. დღის მეორე ნახევრისა და მთელი საღამოს განმავლობაში, პოლიცია ხალხის კოლექტიურ გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა კორდონს შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი მოძალადე და პოლიციასთან კონფრონტაციაში მყოფი უმცირესობის საქციელმა, პოლიციას ხალხის გაშვება რამოდენიმეჯერ შეაწყვეტინა. შედეგად, ხალხის სრული გათავისუფლება 21.30 წუთამდე ვერ მოხერხდა. თუმცა, დაახლოებით 400-მდე პირი, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც დემონსტრაციაში არ მონაწილე პირი, ასევე კორდონის შიგნით სერიოზულად დაშავებული პირები, პოლიციამ გამოუშვა (იხ. ზემოთ მე-17-25-ე პარაგრაფები). მოცემულ სამართალწარმოებაში, დადგენილი ფაქტები, არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ამიტომ სასამართლოს მათი უარყოფის საფუძველი არ გააჩნია. პირველ, მეორე და მესამე მომჩივანს კორდონს შიგნით ყოფნა, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაშია მოუწიათ, ხოლო მეოთხეს - ხუთნახევარი.
63. სასამართლომ მომჩივნების კონკრეტული სიტუაცია, ენგელი და სხვები საქმეში წარმოდგენილი კრიტერიუმებისა და მომდევნო პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით უნდა გააანალიზოს (იხ. ზემოთ 57-ე პარაგრაფი). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს შორის არსებობდა განსხვავება - პირველი მომჩივანი ოქსფორდის მოედანზე როგორც დემონსტრაციის მონაწილე იმყოფებოდა იმ დროს, როცა დანარჩენი მომჩივნები შემთხვევითი გამვლელები იყვნენ - სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს განსხვავება არ ცვლის საკითხს იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას.
64. ენგელის საქმის კრიტერიუმების შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ კორდონს შიგნით დაკავების იძულებითი ხასიათი, მისი ხანგრძლივობა და მომჩივნებზე მისი გავლენა ფიზიკური დისკომფორტისა და ოქსოფრდის მოედნიდან წასვლის შეუძლებლობის თვალსაზრისით, თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებს.
65. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიღებული ზომის „სახე“ და “განხორციელებული ზომის ხერხი“ უნდა გაითვალისწინოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, გატარებული ზომის კონტექსტი ძალზედ მნიშვნელოვანია.
66. აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ ზომა, არასტაბილურ და საშიშ ვითარებაში, ადამიანთა დიდი მასის იზოლაციისა და შესაკავებლად გატარდა. როგორც მთავრობამ აღნიშნა (იხ.ზემოთ 42-ე პარაგრაფი), პოლიციამ ხალხის კონტროლის მიზნით, მისი კორდონს შიგნით შეკავება არჩია, ვიდრე უფრო მკაცრი ზომების გამოყენება, რასაც შესაძლოა, ხალხის მასაში ადამიანთა დაშავების რისკი გაეზარდა. როგორც პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაასკვნა, ოქსფორდის მოედანზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სერიოზული დაზიანებების რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პოლიციას სხვა ალტერნატივა, გარდა სრული კორდონის განთავსებისა, არ ჰქონდა (იხ. ზემოთ 26-ე პარაგრაფი). სასამართლო არ ემიჯნება მოსამართლის მიერ გაკეთებულ დასკვნებს იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, სრული კორდონის განთავსება გამოყენებად ზომებს შორის ნაკლებად შემზღუდავი და, ამავდროულად, მეტად ეფექტიანი იყო. გასათვალისწინებელია, რომ მომჩივნები არ ამტკიცებენ იმას, რომ კორდონის განთავსებისთანავე, მათ, მის შიგნით მოქცევით, თავისუფლება შეეზღუდათ (იხ. ზემოთ 48-ე პარაგრაფი).
67. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით, სასამართლოსთვის შეუძლებელი იყო იმ მომენტის დაფიქსირება, თუ როდის გადაიქცა გამოყენებული ზომა - თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა - თავისუფლების აღკვეთად. გასაოცარია, რომ სრული კორდონის განთავსებიდან 5 წუთში, პოლიცია ჩრდილოეთის მხრიდან კონტროლირებად გათავისუფლებას გეგმავდა. 30 წუთის შემდეგ, პოლიციამ ხელმეორედ სცადა გათავისუფლების დაწყება, მაგრამ კორდონს შიგნით მოქცეული და გარეთ მყოფი ადამიანების ძალადობრივი ქმედებების გამო, ისევ შეაჩერა. 15.00 საათსა და 18.00 საათს შორის, პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებდა, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ახალი ჯგუფის შემოერთებამ ვითარება დაძაბა და პოლიციამ კორდონს შიგნით მოქცეული ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, მათი გაშვება არამიზანშეწონილად ჩათვალა. კონროლირებადი გათავისუფლება 17.55 წუთზე განახლდა, მაგრამ 18.15 წუთზე ისევ შეჩერდა; 19.00 საათზე ისევ განახლდა, ხოლო 19.20 წუთზე კვლავ შეჩერდა; 19.30 წუთზე ისევ დაიწყო და შეწყდა; შემდეგ დაიწყო 10-10 კაციანი ჯგუფების გაშვება, ვიდრე 21.45 წუთზე ყველა ადამიანი არ გათავისუფლდა (იხ. ზემოთ 24-ე პარაგრაფი). ამგვარად, პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაადგინა, რომ ვითარება, რომელიც 14.00 საათზე პოლიციის მიერ კორდონის შემოყვანისას არსებობდა, გაგრძელდა 20.00 საათამდე, როცა შესაძლებელი გახდა კოლექტიური გაშვების შეუწყვეტლივ განხორციელება (იხ. ზემოთ 24-ე პარაგრაფი). ამის გათვალისწინებით, ვინაიდან შექმნილი მდგომარეობა პოლიციის მუდმივი კოტროლის ქვეშ იყო, მაგრამ არსებობდა იგივე საფრთხის შემცველი პირობები, რომლებმაც 14.00 საათიდან ადრიან საღამომდე კორდონის განთავსება განაპირობეს, სასამართლი თვლის, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კორდონს შიგნით მოქცეული ადამიანების თვისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა. ვინაიდან თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა, სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, შეესაბამებოდა თუ არა გამოყენებული ზომა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) ან (გ) პუნქტებს, საჭიროებას არ წარმოადგენს.
68. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემომოყვანილი დასკვნები იმის შესახებ, რომ თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა, ამ საქმის სპეციფიურ და განსაკუთრებულ ფაქტებს ეყრდნობა. გარდა ამისა, ეს საქმე კონვენციის მე-10 ან მე-11 მუხლებთან დაკავშირებით რაიმე საჩივარს არ შეიცავს და სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაადგინა, რომ კორდონს შიგნით მოქცეული ადამიანების თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლება მე-10 და მე-11 მუხლების მნიშვნელობით არ დარღვეულა (იხ. ზემოთ 32-ე პარაგრაფი). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის მასის კონტროლისთვის ეროვნული ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები, პირდაპირ ან ირიბად, დემონსტრაციების ხელისშეშლასა ან ჩახშობას არ უნდა ემსახურებოდეს, რადგან ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი შეკრებებისა და აზრის გამოხატვის უფლება ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია. სერიოზული დაზიანებებისა და ნგრევის თავიდან ასაცილებლად, პოლიციის მიერ კორდონის განთავსება რომ არ ყოფილიყო აუცილებელი, გამოყენებული ზომის „სახე“ იქნებოდა განსხვავებული და მისი იძულებითი და შეზღუდვითი ხასიათი საკმარისი იქნებოდა მე-5 მუხლის ფარგლებში მის მოსაყვანად.
69. დასკვნის სახით, ვინაიდან მე-5 მუხლი არ ვრცელდება საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მოცემულ საქმეში ეს დებულება არ დარღვეულა.
ამ საფუძველზე სასამართლო
1. აცხადებს ერთხმად საჩივარს დასაშვებად;
2. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და საჯაროდ წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 15 მარტს, ღია მოსმენის დროს ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
მაიკლ ობოილიფრანსუაზ ტულკენსი
სასამართლო მდივნის პრეზიდენტი
მოადგილე
კონვენციის 45-ე მუხლის მეორე ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა ტულკენსის, სპილმენისა და გარლიცკის ერთობლივი განსაკუთრებული თვალსაზრისი თან ერთვის.
ფ.ტ.
მ.ო.ბ.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy