Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
აქსელ სპრინგერი SE გერმანიის წინააღმდეგ
Axel Springer Se v Germany
საჩივარი №8964/18
გადაწყვეტილება
2023 წელი, 17 იანვარი
ფაქტები
მომჩივანი, აქსელ სპრინგერ SE[1] არის ბერლინში რეგისტრირებული გამომცემლობა, რომელიც გამოსცემს ყოველდღიურ გაზეთს − Die Welt.
2013 წლის 4 ოქტომბერს, ამ გაზეთის მე-8 გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სახელმწიფო უსაფრთხოების სამინიტროს ქალბატონი გრეგორ გიზის გვერდით.“ იმ დროს, ბ-ნი გიზი იყო გერმანიის პარლამენტის წევრი და პოლიტიკური პარტია die Linke-ს (ყოფილი PDS) თავმჯდომარე. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პარტიის აღმასრულებელი დირექტორი კ. იყო გდრ-ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აგენტი; ასევე, იგი ეხებოდა 1989 წელს, კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის კუთვნილი უზარმაზარი აქტივების გაუჩინარებას.
ერთი კვირის შემდეგ, კ.-ს ადვოკატმა სთხოვა გამომცემლობას გამოექვეყნებინა პასუხი სტატიაზე, სადაც კ. აღნიშნავდა, რომ იგი არ მონაწილეობდა აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაუჩინარებაში. როდესაც მან უარი მიიღო პასუხის გამოქვეყნებაზე, კ.-მ შეიტანა სარჩელი ბერლინის რეგიონულ სასამართლოში, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მან დაადგინა, რომ სტატია რეალურად არ აკავშირებდა მას აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაუჩინარებასთან და ის ფაქტი, რომ ტექსტის ინტერპრეტაცია შეიძლებოდა სხვაგვარად, არ საჭიროებდა გამოსწორებას.
კ.-მ გაასაჩივრა ეს განჩინება. 2013 წლის 18 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ბერლინის პრესის შესახებ კანონზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა საჩივარი და დაავალა აქსელ სპრინგერის კომპანიას, რომ გამოექვეყნებინა პასუხი. შემდგომ მთავარ სამართალწარმოებაში, ბერლინის რეგიონულმა სასამართლომ კვლავ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება სასამართლო აკრძალვის მოთხოვნის თაობაზე, არსებითად იგივე მიზეზების გამო, რაც ადრე იყო.
შემდგომი სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, კომპანია აქსელ სპრინგერი ამტკიცებდა, რომ კ.-მ სტატიის გამოქვეყნებამდე უარი თქვა პასუხის გაცემაზე აქტივების გაქრობასთან დაკავშირებით. იგი ასევე, ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც კ.-მ თავის პასუხში მოიცვა, იყო ზემდეტი. 2014 წლის 16 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ კვლავ დაავალა აქსელ სპრინგერის კომპანიას გამოექვეყნებინა კ.-ს პასუხი, თუმცა უარყო მისი მოთხოვნა პირველ გვერდზე გამოქვეყნების მოთხოვნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ცალსახად არ იყო ნათქვამი, რომ მან დამალა აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივები, მან მიიჩნია, რომ მკითხველს შეეძლო ამ დასკვნის გამოტანა და კ.-ს ჰქონდა პასუხის გაცემის უფლება. ის ფაქტი, რომ კ.-მ არ უპასუხა გამომცემლობის კითხვებს, არარელევანტური იყო, რადგან მას ამის ვალდებულება არ ჰქონია. მოთხოვნილი შესწორება გამოქვეყნდა 2014 წლის 3 თებერვალს, გაზეთში Die Welt. შესწორების ქვემოთ დაბეჭდილი იყო რედაქტორის შენიშვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მასში მოცემული ინფორმაცია იყო სწორი და რომ გაზეთს არ ჰქონდა ინფორმაცია კ.-ს მიერ აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაუჩინარებასთან დაკავშირებით.
მომჩივანი კომპანია დავობდა, რომ შესწორების გამოქვეყნების ბრძანებით დაირღვა მისი გამოხატვის თავისუფლება კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით.
სასამართლოს შეფასება
30. არცერთი მხარე არ დავობს, რომ ეროვნული სასამართლოების ბრძანება შესწორების გამოქვეყნების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა. სტრასბურგის სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ჩარევა იყო დადგენლი კანონით კერძოდ, ბერლინის პრესის შესახებ კანონის მე-10 ნაწილით. იგი ემსახურებოდა კ.-ს რეპუტაციის დაცვას და შესაბამისად, ემსახურებოდა სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით.
31. უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
(ა) ზოგადი პრინციპები
32. ჩარევა ჩაითვლება „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ლეგიტიმური მიზნისთვის, თუ ის პასუხობს „აუცილებელ სოციალურ საჭიროებას“ და, კერძოდ, თუ იგი პროპორციულია ლეგიტიმური მიზნის და თუ ეროვნული ხელისუფლების მიერ დასაბუთება არის „რელევანტური და საკმარისი“ (იხ.: მაგ. Bagirov v. Azerbaijan, nos. 81024/12 and 28198/15, §98, 25 June 2020, and M.P. v. Finland, no. 36487/12, §51, 15 December 2016).
33. პრესა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა მომჩივანი კომპანიის უფლებებში ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ ევროპული სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ როგორც ზოგადი პრინციპი, გაზეთები და სხვა კერძო მედიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ თავისუფალი, გამოიყენონ სარედაქციო დისკრეცია, რათა გადაწყვიტონ გამოაქვეყნონ თუ არა კერძო პირების მიერ წარმოდგენილი სტატიები, კომენტარები და წერილები. სასამართლომ დაადგინა, რომ შესწორების გამოქვეყნების სამართლებრივი ვალდებულება შეიძლება ჩაითვალოს მედიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზების საკანონმდებლო ბაზის ნორმალურ ელემენტად (იხ.: Kaperzyński v. Poland, no. 43206/07, § 66, 3 April 2012; Rusu v. Romania, no. 25721/04, § 25, 8 March 2016; Marunić v. Croatia, no. 51706/11, §§ 50 and 54, 28 March 2017). ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრესის დაცვის მაღალი დონის გათვალისწინებით, უნდა არსებობდეს განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც გაზეთს შეიძლება კანონიერად მოეთხოვოს გამოქვეყნება, მაგალითად, უარის თქმა, ბოდიშის მოხდა ან განაჩენი ცილისწამების საქმეზე (იხ.: Melnychuk v. Ukraine (dec.), no. 28743/03, ECHR 2005-IX, and Eker v. Turkey, no. 24016/05, § 45, 24 October 2017). ამასთან დაკავშირებით, გასათვალისეწინებელია მომავალში პრესისთვის დაწესებული სანქციების პოტენციური მსუსხავი ეფექტი მისი, როგორც ინფორმაციის მიმწოდებლისა და საზოგადოებრივი დამკვირვებლის მოვალეობის შესრულებისას (იხ.: mutatis mutandis, Radio Twist a.s. v. Slovakia, no. 62202/00, § 53, ECHR 2006-XV, ინფორმაციის გაცემის უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით).
34. კონვენციის ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ პასუხის უფლების მიზანია ყველას მისცეს შესაძლებლობა დაიცვას თავი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული განცხადებებისა თუ მოსაზრებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის პირად ცხოვრებას, პატივს ან ღირსებას (იხ.: Ediciones Tiempo v. Spain, no. 13010/87, Commission decision of 12 July 1989, Decisions and Reports 62, p. 247). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პასუხის უფლების უპირველესი მიზანია პირებს მისცეს შესაძლებლობა გაასაჩივრონ მათ შესახებ პრესაში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია (იხ.: Gülen v Turkey (dec.), nos. 38179/16, 38384/16, 38389/16, 38394/16, 38400/16, 38410/16, §66, 8 September 2020; ასევე, იხილეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები).
35. რაც შეეხება შესაბამის კრიტერიუმებს, სასამართლო განიხილავს არსებობს თუ არა საკმარისი კავშირი განსახილველ განცხადებასა და მოთხოვნილ შესწორებას შორის და შეიძლება თუ არა ეს უკანასკნელი ჩაითვალოს პროპორციულ რეაქციად (იხ. Eker, §§ 49‑50 and Melnychuk). ამ შეფასების ერთ-ერთ მიშვნელოვანი ასპექტია პასუხის შინაარსი სადავო განცხადებასთან მიმართებით (იხ.: Eker, cited above, § 50). გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა, იქნება თუ არა პასუხის გამოქვეყნება დასჯადი დანაშაული (იქვე, § 49). წინამდებარე საქმის გარემოებებში, სასამართლო ასევე გაითვალისწინებს, აღემატება თუ არა პასუხის ხანგრძლივობა იმას, რაც აუცილებელია ინფორმაციის გასასწორებლად, რომელიც შეიცავს არაზუსტ ფაქტებს და იმ ვადას, რომლის ფარგლებშიც მოხდა შესწორების გაკეთების მოთხოვნა.
36. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი შეფასება ეკისრება ეროვნულ ხელისუფლებას, საბოლოო შეფასება იმის შესახებ, არის თუ არა ჩარევა აუცილებელი, რჩება სასამართლოს მიერ კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის განხილვის საგანი. ამ შეფასების გაკეთებისას, შესაბამის ეროვნულ ორგანოებს ეკისრებათ თავისუფალი შეფასების ფარგლები. ამ ფარგლების სიგანე მერყეობს და დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის, სადავო კონვენციური უფლების ბუნებაზე, მის მნიშვნელობაზე პირისთვის, ჩარევის ბუნებაზე და ჩარევის მიზნებზე. როგორც წესი, სახელმწიფოს გააჩნია ფართო თავისუფალი შეფასების ფარგლები თუ სახელმწიფოს მოეთხოვება დაამყაროს ბალანსი კონკურენტულ კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, ან კონვენციის განსხვავებულ უფლებებს შორის (იხ.: Klaus Müller v. Germany, no. 24173/18, § 66, 19 November 2020, სხვა მითითებებთან ერთად).
37. ისეთ საქმეებში, როგორიც არის წინამდებარე საქმე, რომელიც მოითხოვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაბალანსებას გამოხატვის თავისუფლებასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის შედეგი, თეორიულად, არ უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, იყო თუ არა იგი სასამართლოში შეტანილი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძვლით იმ პირის მიერ, რომელიც იყო ახალი ამბების საგანი, თუ მე-10 მუხლის საფუძველზე, გამომცემლის მიერ. მართლაც, პრინციპში ეს უფლებები იმსახურებს თანაბარ პატივისცემას. შესაბამისად, თავისუფალი შეფასების ფარგლები თეორიულად, ერთნაირი უნდა იყოს ორივე შემთხვევაში (იხ.: Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France [GC], no. 40454/07, § 91, 12 June 2014). როდესაც დაბალანსება განხორციელდა ეროვნული ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, სასამართლო მოითხოვს მტკიცე საფუძვლებს, რათა ჩაანაცვლოს თავისი შეხედულება ეროვნული სასამართლოების შეხედულებით (იქვე. § 92).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
38. ზემოაღნიშნული პრინციპებისა და მოსაზრებების ფონზე ჩარევის „აუცილებლობის“ შესწავლისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესწორების ობიექტი, შინაარსი, ხანგრძლივობა და დრო. ამ მიზნით გასათვალისწინებელია, inter alia, შემდეგი ასპექტები: სადავო განცხადების შინაარსისა და გავრცელების გამო შესწორებაში კანონიერი ინტერესის არსებობა; არის თუ არა საკმარისი კავშირი შესწორებასა და სადავო განცხადებას შორის და შესწორების პროპორციულობა მისი შინაარსისა და ხანგრძლივობის მიმართ, შესწორების განთავსება და ნებისმიერი შეფერხება სტატიის გამოქვეყნებასა და შესწორების მოთხოვნის წარდგენას შორის.
39. სასამართლო ლეგიტიმური ინტერესის საკითხთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს მუხლის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ეროვნული სასამართლოების მიერ. რეგიონული სასამართლოს აზრით, სტატია არ აკავშირებდა კ.-ს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაქრობასთან ისე, რომ მოითხოვდეს გამოსწორებას. იმავე კუთხით, მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ ორიგინალი ტექსტი არ შეიცავდა ასეთ ბრალდებას − არც პირდაპირ და არც ირიბად. პირიქით, განცხადება, რომელიც კ.-ს აკავშირებს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაუჩინარებას, წარმოადგენდა უბრალო ღირებულებით განსჯას. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რიგითი მკითხველი გაიგებდა სტატიას ისე, რომ კ. მონაწილეობდა აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაუჩინარებაში და რომ სტატია ამგვარად ასახავდა ფაქტს. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, შესწორება შეიძლება მოთხოვნილია მხოლოდ ფაქტობრივ ბრალდებებთან დაკავშირებით.
40. სასამართლო იმეორებს, რომ მისი ამოცანა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას არ არის ეროვნული ხელისუფლების ადგილის დაკავება, არამედ კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით გადაწყვეტილებების მიმოხილვა, რომლებიც მათ მიიღეს მათი თავისუფალი შეფასების უფლებამოსილების შესაბამისად (იხ.: Bédat v. Switzerland [GC], no. 56925/08, § 48 (iii), 29 March 2016).
41. სასამართლომ აღიარა, რომ მისაღები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც მოქმედებს მისი საჯარო უფლებამოსილებით, ვიდრე კერძო პირთან მიმართებაში (იხ.: Lingens v. Austria, 8 July 1986, § 42, Series A no. 103, and Oberschlick v. Austria (no. 1), 23 May 1991, § 59, Series A no. 204). თუმცა, ტოლერანტობის ეს მოთხოვნა არ გულისხმობს ფაქტობრივი უზუსტობების შემწყნარებლობის მოვალეობას.
42. სასამართლო აღნიშნავს, რომ სტატიის შინაარსის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სტატიაში არსებული განსხვავებული განცხადებები იმის შესახებ, რომ კ.-ს სახელი უკავშირდებოდა აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტიის აქტივების გაუჩინარებას, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ აკავშირებდა მას რაიმე კრიმინალურ ქმედებებთან. სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ ვრცელი და დასაბუთებული შეფასება გააკეთა სტატიის შინაარსთან დაკავშირებით, და მის ინტერპრეტაციას არ ჰქონდა რაიმე თვითნებობის ნიშნები. შესაბამისად, მისი დასკვნა, რომ კ.-ს ჰქონდა ლეგიტიმური ინტერესი მოთხოვნილ შესწორებაში, არ იწვევს შეშფოთებას.
43. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის შესწორებას ჰქონდა საკმარისი კავშირი სადავო მუხლთან.
44. მომჩივანი კომპანიის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ სასამართლოებს უარი ეთქვათ შესწორების შესახებ კ.-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ მან უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირის ქცევა გამოქვეყნებამდე მხოლოდ შეამცირებს მის „ლეგიტიმურ მოლოდინს“ კონკრეტულ გარემოებებში მისი პირადი ცხოვრების ეფექტურ დაცვასთან დაკავშირებით (იხ.: Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 101, 7 February 2012, სხვა მითითებებთან ერთად).
45. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ მაშინ როცა პრესამ კეთილსინდისიერი მოხსენება უნდა გააკეთოს, ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში „სანდო და ზუსტი“ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებისათვის (იხ.: Axel Springer AG, cited above, § 93) და ამგვარად, უნდა მისცეს დაინტერესებულ პირს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, ის ფაქტი, რომ სადავო ბრალდებები იყო წარმოდგენილი, არ ანიჭებს შეუზღუდავ თავისუფლებას გადაუმოწმებელი ბრალდებების გამოქვეყნების შესახებ. ის ასევე, არ გამორიცხავს დაინტერესებული პირის პასუხის უფლებას იმ ფაქტების შესწორების მიზნით, რომელსაც ამტკიცებს, რომ მცდარია. აქედან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი კომპანიის არგუმენტი არ ეხება კ. -ს მიერ ჩადენილ რაიმე უკანონო ქმედებას, სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე მისი უარი მოჩივანი კომპანიის კითხვებზე პასუხის გაცემაზე არ შეიძლება გახდეს არგუმენტი არასწორი ფაქტების გამოსწორების უფლების შეზღუდვისთვის.
46. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სადავო განცხადებები გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთში. არ არსებობს მითითება, რომ ადგილი ჰქონდა არასათანადო შეფერხებას სადავო სტატიის გამოქვეყნებასა და შესწორების მოთხოვნის წარდგენას შორის.
47. რაც შეეხება შესწორების შესახებ ბრძანების პროპორციულობას, სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ არსებობს არსებითი განსხვავება ფაქტების გამოსწორებასა და სანქციებს შორის, როგორიცაა გამოქვეყნების აკრძალვა, სისხლისსამართლებრივი სანქციები და ზიანის ანაზღაურების ბრძანება, ცილისწამების შესახებ საქმეებში სუბიექტური შეფასებისას (იხ.: mutatis mutandis, Lingens, cited above, § 46, and Oberschlick, cited above, § 63). შესწორების შესახებ ბრძანების პროპორციულობის დადგენისას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა კომპანიამ დეტალურად წარმოადგინა კ.-ს კავშირი კომპანიებთან, რომლებსაც სავარაუდო კავშირი აქვთ აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან. შესაბამისად, მან დადგინა, რომ კ.-ს პასუხში მოცემული ინფორმაცია ამ კუთხით არ აღემატებოდა იმას, რაც აუცილებელი იყო მომჩივანი კომპანიის ბრალდებების წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს ამ შეფასების გასაჩივრების საფუძველს. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ შესწორება უნდა დაბეჭდილიყო იმავე გვერდზე, რომელზეც გამოქვეყნდა თავდაპირველი სტატია, და რომ გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებაზე მას უარი ეთქვა. გარდა ამისა, არ არსებობს მითითება, რომ კ.-ს პასუხის ოდენობა აღემატებოდა სადავო განცხადებების ოდენობას (იხ.: Funke Woman Group GmbH v. Germany (dec.) [Committee], nos. 25845/17 and 34929/18, § 30, 7 December 2021). ანალოგიურად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პასუხის გამოქვეყნება დასჯადი დანაშაული იყო.
48. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ კ.-ს პასუხზე არ იყო მითითებული იმ საბოლოო ვერსიის თარიღი, რომლის გამოქვეყნებაც დაევალა მომჩივან კომპანიას, არამედ გამოქვეყნებული იყო თარიღი, როცა კ.-მ თავდაპირველად მიმართა მოთხოვნით მომჩივან კომპანიას. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუსაბამობა არ აქცევს გამოქვეყნებულ ინფორმაციას აშკარად არასწორს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პასუხის ტექსტი რამდენჯერმე იქნა შეცვლილი, პასუხის ძირითადი მესიჯი იდენტური იყო. სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, რომ არ დაეთანხმოს ამ შეფასებას.
49. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მის შესაფასებლად წარმოდგენილი გარემოებების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გაითვალისწინა პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებიც დადგენილია სტრასბუგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში პირადი ცხოვრების პატივისცემისა და გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების შესახებ.
სასამართლო ვერ ხედავს მტკიცე მიზეზებს, რომლებიც მოითხოვდა მისგან საკუთარი შეხედულების შეცვლას სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით.
50. შესაბამისად, არ დარღვეულა კონვენციის მე-10 მუხლი.
[1] SE- Societas Europeae, ევროპული კომპანია (მთარგმნელის კომენტარი).