Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
ი.ბ. საქართველოს წინააღმდეგ
I.B. v. Georgia
საჩივარი N4639/23
11.07/2024
ფაქტები
1. წინამდებარე საქმე ეხება სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობას შრომითი დავის დროს, რომელიც გაგრძელდა ექვსი წელი და ათი დღე და სავარაუდო ეფექტური ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობას. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის 6 § 1 და მე-13 მუხლებს.
2. 2016 წლის 20 ივნისს მომჩივანმა დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება საკუთარი დამსაქმებლის წინააღმდეგ.
3. 2016 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 23 იანვრამდე, სანამ სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, ამ უკანასკნელმა სასამართლომ და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯამში შვიდი გადაწყვეტილება გამოიტანეს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: (ა) მომჩივნის შუამდგომლობა დროებითი ღონისძიებების მიღების შესახებ, მოპასუხის საბანკო აქტივების გაყინვის სახით (რაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული), (ბ) მის მიერ შეტანილი შემდგომი შუამდგომლობა მიღებული ზომების ცვლილებების შესახებ, (გ) ორივე მხარის მიერ შეტანილი შესაბამისი სარჩელები.
4. 2016 წლის 22 დეკემბერსა და 2017 წლის 24 ივლისს მომჩივანს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამცნობა, რომ დისციპლინური საჩივარი, სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა ყოფილიყო ოფიციალური საჩივრის ფორმით. როგორც ჩანს, ასეთი საჩივარი არ წარდგენილა.
5. 2018 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტლება ზეპირი მოსმენით. მომჩივანი არ აღადგინეს თანამდებობაზე, მაგრამ უკანონო გათავისუფლებისათვის კომპენსაციის სახით ერთჯერადად მიანიჭეს 18,830 აშშ დოლარი (USD) და შემოსავლის დაკარგვისთვის 6,268 აშშ დოლარი (USD).
6. 2019 წლის 15 იანვარს მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც მიიღეს განსახილველად 2019 წლის 21 მარტს, მას შემდეგ რაც მან გადაიხადა შესაბამისი სასამართლო ბაჟი.
7. 2019 წლის 3 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
8. 2020 წლის 17 იანვარს მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
9. 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის თებერვალში უზენაესი სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია, რომელიც მოითხოვდა წერილობით წარედგინა საკუთარი მოსაზრებები, არ იქნა მიწოდებული. პირველ შემთხვევაში მისამართი იყო არასრული, მეორე შემთხვევაში კი ადრესატი არ იყო მითითებული. წერილი საბოლოოდ ჩაბარდა 2021 წლის 1 მარტს.
10. 2022 წლის 5 მაისს სასამართლომ ჩანიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, რათა გაეგო სურდათ თუ არა მხარეებს საქმის მორიგებით დასრულება და 10 დღე მისცა მოლაპარაკებისთვის.
11. 2022 წლის 30 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო განჩინება და ზეპირი განხილვის გარეშე მომჩივნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
შესაბამისი ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე, 194-ე, 197-ე და 1971-ე მუხლების თანახმად, დროებითი ღონისძიების თაობაზე პირველად შუამდგომლობა გადაწყდება მათი წარდგენიდან ერთი დღის ვადაში; საკითხზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ხუთი დღის ვადაში; შუამდგომლობა, რომელიც მოითხოვს დროებითი ღონისძიების შეცვლას, უნდა გადაწყდეს ხუთი დღის განმავლობაში; ხოლო სასამართლოს მიერ დროებითი ზომების მიღების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე გადაწყვეტილების ვადა არის ოცი დღე, მას შემდეგ, რაც ასეთი საჩივარი განიხილება მისი წარდგენიდან ხუთი დღის განმავლობაში.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის 6 § 1 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა
13. მომჩივანი დავობდა სამოქალაქო სამართლწარმოების გადაჭარბებულ ხანგრძლივობასა და შესაბამისი ეფექტური ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობაზე.
14. მთავრობამ განაცხადა, რომ წარდგენილი საჩივარი დაუშვებელი უნდა ყოფილიყო ოთხ ალტერნატიულ საფუძველზე დაყრდნობით. პირველ რიგში, მომჩივანს არ უხსენებია ეროვნულ დონეზე თავისი შუამდგომლობების შესახებ დროებით ღონისძიებებთან მიმართებით და ამრიგად, ბოროტად გამოიყენა ინდივიდუალური საჩივრის უფლება. მეორე, მას დისციპლინური საჩივრის წარდგენით არ ამოუწურავს ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მთავრობამ აღნიშნა, რომ 2017 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა, რომლის მეშვეობითაც ინსპექტორს მიეცა მოსამართლეების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამოკვლევის შესაძლებლობა, სხვა საკითხებთან ერთად, საქმეთა განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას წარადგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამ უკანასკნელს კი მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დისციპლინური სამართალწარმოების საჭიროების შესახებ. მესამე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანს არ განუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი, რამდენადაც ეროვნულმა სასამართლოებმა მას მიანიჭეს სოლიდური კომპენსაცია სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებისათვის. და ბოლოს, მისი მტკიცებით საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა შრომითი დავა განიხილეს გონივრულ ვადაში.
15. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მთავრობამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების ხანგრძლივობა (ორ წელსა და ოთხ თვეზე მეტი) აიხსნებოდა მხარეთა ქმედებებით. კერძოდ, ეს პერიოდი, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა დროებითი ღონისძიებების შესახებ შუამდგომლობების განხილვას მაშინ, როცა სამართალწარმოების არსებითი მხარე მხოლოდ ცხრა თვე გაგრძელდა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 3 და 5). რაც შეეხება სამართალწარმოების ხანგრძლივობას უზენაესი სასამართლოს წინაშე (ორ წელსა და ექვს თვეზე მეტი), მთავრობის მტკიცებით, ამის ახსნა შეიძლება მოპასუხე მხარისთვის მოსაზრებების წარდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებული სირთულეებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 9) და სასამართლოს მცდელობით რომ შეეფასებინა მხარეების სურვილი საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 10).
16. მომჩივანი მთავრობას არ დაეთანხმა, თუმცა დეტალური განმარტების გარეშე.
17. რაც შეეხება ინდივიდუალური საჩივრის უფლების სავარაუდო ბოროტად გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა, მართალია არ გააკეთა განმარტება (იხ. პარ. 16) პირველადი საჩივრის მხარდასაჭერად წარმოდგენილი მასალა მოიცავდა მისი საჩივრების ასლს დამსაქმებლის წინააღმდეგ სამართალწარმოების შესახებ, რომელიც შეიცავდა მოთხოვნაა დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს იმ დასკვნის მიღების საფუძველი, რომ მომჩივანს სურდა სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. ამ საკითხთან მიმართებით, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხ. Gross v. Switzerland [GC], no. 67810/10, § 28, ECHR 2014, შემდგომი მითითებებით), მომჩივნის უმოქმედობა არ შეიძლება მიიჩნეოდეს ინდივიდუალური საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებად, კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით.
18. რაც შეეხება ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართული სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს არც კონკრეტულ პრევენციულ საშუალებას, რომელსაც შეუძლია პროცესის დაჩქარება და არც კომპენსატორულ საშუალებას, როგორც ასეთი. ხოლო რაც შეეხება დისციპლინურ წარმეობას, მის ეფექტურობასთან დაკავშირებით არგუმენტი სასამართლომ ადრე უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა საქმეში Schrade v. Georgia ([Committee], no. 15016/07, §§ 41-42, 11 March 2021). მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინარული წარმოება დაიწყო და მოიცვა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციას, სასამართლო ვერ ხვდება თუ როგორ შეიძლება დისციპლინარული სამართალწარმოების წყების დამატებამ შემოთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტური გახადოს სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საქმეებში. რაც მნიშვნელოვანია, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალებები რომელთაც არ აქვთ დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც ქმნის გაუგებრობას და არღვევს კონვენციის 35 § 1 მუხლში მოცემულ ოთხი თვის წესს (ადრე 6 თვის წესი), არ არის ეფექტური საშუალებები კონვენციის 35 § 1 მუხლის მნიშვნელობით (იხილეთ, Nicholas v. Cyprus, no. 63246/10, § 38, 9 იანვარი 2018). შესაბამისად, მომჩივანი არ იყო ვალდებული რომ ესარგებლა მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალებით.
19. რაც შეეხება მნიშვნელოვანი ზიანის საკითხს, სასამართლო აღნიშნავს რომ კომპენსაცია მომჩივანმა საბოლოოდ მიიღო დამქირავებლის მიერ მისი უკანონოდ გათავისუფლებიდან ექვსი წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მომჩივანს საერთოდ არ განუცდია რაიმე ზიანი კომპენსაციის მიღების დაგვიანების გამო.
20. ამასთან, მომჩივნის საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით ან დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
21. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის „გონივრულობა“ უნდა შეფასდეს საქმის გარემოებებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის სირთულე, მომჩივნის და შესაბამისი სტრუქტურების ქმედება და ის საკითხი თუ რა იდო მომჩივნისთვის სასწორზე დავის დროს (მრავალ სხვასთან ერთად იხილეთ, Pélissier and Sassi v. France [GC], no. 25444/94, § 67, ECHR 1999‑II, და Frydlender v. France [GC], no. 30979/96, § 43, ECHR 2000‑VII). ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეკისრებათ საკუთარი სამართლებრივი სისტემის ორგანიზება ისე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა შეძლონ მე-6 მუხლით გათვალისწინებული „გონივრული ვადის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხილეთ Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], no. 76943/11, § 142, 29 ნოემბერი 2016).
22. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სამოქალაქო სამართალწარმოება დაიწყო 2016 წლის 20 ივნისს და დასრულდა 2022 წლის 30 ივნისს. აქედან გამოდინარე, გამოსაკვლევი პერიოდი მოიცავს 6 წელს და 10 დღეს, იურისდიქციის სამ ინსტანციასთან მიმართებით.
23. სასამართლო მხედველობაში იღებს მთავრობის არგუმენტს, რომ მხარეების ქმედებამ გავლენა იქონია სამართალწარმოების ხანგრძლივობაზე (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 15). თუმცა, ამის მიუხედავად იგი არ მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ საკუთარი საქმეში დროებითი ღონისძიებების დაწესების საპროცესო შესაძლებლობის გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართალწარმოების ხანგრძლივობაზე მთლიანობაში. გვერდზე რომ გადავდოთ ის საკითხი შეეძლო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით მანამ, სანამ მიღებული იქნებოდა დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლო მხედველობიდან არ უშვებს ამგვარი შუამდგომლობის განხილვისთვის საკმაოდ მოკლე ვადებს (იხ. პარაგრაფი 12). იმ ვარაუდის არარსებობის გამო, რომ პირველ ინსტანციაში გაიმართა საქმის ერთზე მეტი ზეპირი მოსმენა, დროებითი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება საკმარისად ვერ ასახავს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ორი წელი და ოთხი თვე დასჭირდა მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად.
24. რაც შეეხება მთავრობის განცხადებას უზენაესი სასამართლოს წინაშე დაყოვნების შესახებ (იხ. პარაგრაფი 15, ზემოთ), მცირედ შეყოვნებას ჰქონდა ადგილი მოპასუხის მხრიდან ხოლო ერთი სასამართლო საქმის მოსმენა მხარეთა პოზიციების შესაფასებლად, საკმარისი არ არის აშკარა გახანგრძლივებული უმოქმედობის და ორ წელსა და ექვს თვეზე მეტი ხნით გაჭინაურების გასამართლებლად.
25. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ იყო მომჩივნის საქმის კომპლექსურობა როგორც სამართლებრივი ასევე ფაქტობრივი გარემოებების მხრივ, სასამართლო არ არის დარწმუნებული იმაში რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს შეუძლიათ გაათავისუფლონ სამ სასამართლო ინსტანციაში სამოქალაქო სამართალწარმოების ექვს წელზე მეტი ხნით გაჭინაურების პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, ამ საქმეში სამართალწაროების ხანგრძლივობა იყო გადაჭარბებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა იდო მომჩივანისთვის სასწორზე (იხ. პარაგრაფი 19) და ვერ აკმაყოფილებდა “გონივრული ვადის” მოთხოვნას.
26. რაც შეეხება იმ საკითხს ისარგებლა თუ არა მომჩივანმა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებით საკუთარ სარჩელზე სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან მიმართებით, კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში, სასამართლომ უკვე აღნიშნა რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალება არ იყო ეფექტური. შესაბამისად, მას არ შეუძლია დაადგინოს, რომ მომჩივანს მიეცა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი, სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაირღვა კონვენციის 6§1 და §13 მუხლები.
კონვენციის მუხლი 41-ის პრაქტიკული გამოყენება
28. მომჩივანმა მოითხოვა 144,197.1 ევრო (EUR) მატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის და 150,000 ევრო (EUR) არამატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის. მან ასევე მოითხოვა 9,237.07 ევროს (EUR) კომპენსაცია ეროვნულ სასამართლოებთან და სასამართლოსთან (სტრასბურგის) გაწეული დანახარჯებისთვის.
29. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივრები მატერიალურ და არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით იყო დაუსაბუთებული და გადაჭარბებული. რაც შეეხება ხარჯებსა და დანახარჯებს მთავრობამ განაცხადა რომ მომჩივანმა ვერ შეძლო წარმომადგენლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაც შეუძლებელს ხდის იმის შეფასებას, იყო თუ არა შესაბამისი ხარჯები აუცილებელი ან გონივრულად გაწეული.
30. სასამართლო არ ცნობს, რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის; აქედან გამომდინარე ის უარყოფს ამ მოთხოვნას. თუმცა, ის ანიჭებს მომჩივანს 400 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით ნებისმიერი გადასახადის გადახდას რომელიც შეიძლება დაეკისროს მას.
31. სასამართლოს წინაშე არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, იგი ანიჭებს მომჩივანს იურიდიულ ხარჯებსა და დანახარჯებთან და დამატებით ნებისმიერ გადასახადთან დაკავშირებით რომელიც შეიძლება მას დაეკისროს 1000 ევროს (EUR) კომპენსაციის სახით.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
ცნობს საჩივარს დასაშვებად;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას;ადგენსა) რომ მოპასუხე მხარემ უნდა გადაუხადოს მომჩივანს სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანხები, რომლებიც კონვერტირებული უნდა იყოს ანგარიშწორების თარიღისთვის მოქმედი კურსით, ეროვნულ ვალუტაში:
(I) 400 EUR (ოთხასი ევრო), დამატებით ყველანაირი გადასახადი რაც შეიძლება იქნას დაკისრებული მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით;
(II) 1000 EUR (ათასი ევრო), დამატებით ყველანაირი გადასახადი, რაც შეეიძლება იქნას დაკისრებული ხარჯებთან და დანახარჯებთან მიმართებით;
ბ) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის გასვლიდან ანგარიშწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, დამატებით სამი პროცენტული პუნქტი;
უარყოფს მომჩივნის სარჩელის დარჩენილ ნაწილს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.