დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 207
2017 წლის მაისი
ბალსანი რუმინეთის წინააღმდეგ (Balsan v. Romania)
(საჩივარი- 49645/09)
გადაწყვეტილება, 23 მაისი, 2017 [მე-4 სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყო სათანადო ზომების განხორციელება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ: დარღვევა
ფაქტები – აპლიკანტი, ანჟელიკა კამელია ბალსანი, არის წარმოშობით რუმინელი. იგი დაიბადა 1957 წელს და ცხოვრობს პეტროსანში (რუმინეთი).
ქ-ნი ბალსანი 1979 დაოჯახდა და მას ოთხი შვილი შეეძინა. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ქორწინების განმავლობაში ქმარი მისი შვილებისა და მის მიმართ აგრესიული იყო. დაძაბულობამ იმატა 2007 წელს განქორწინების თაობაზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას და გაგრძელდა 2008 წელსაც, როდესაც ისინი განქორწინდნენ. მოცემულ პერიოდში ქმარი მომჩივანს რვაჯერ დაესხა თავს, რის შედეგადაც მიიღო ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც აღწერილია სამედიცინო დასკვნებში და საჭიროებდა მკურნალობას ორიდან ათი დღის განმავლობაში.
2007-2008 წლებში ქ-ნმა ბალსანმა სახელმწიფოს დახმარება რამდენჯერმე სთხოვა პოლიციაში დარეკვით, შესაბამისი დაცვის მინიჭების თაობაზე პოლიციის უფროსისთვის განცხადების მიმართვითა და ფორმალური სისხლისსამართლებრივი საჩივრის წარდგენით. რაც შეეხება საჩივარს, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე, მიჩნეულ იქნა, რომ ოჯახში ძალადობის პროვოცირება მომჩივანმა განზრახ გამოიწვია და აღნიშნული ძალადობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ სისხლის სამართლის ჩარჩოში მოხვედრილიყო. ამრიგად, რაც შეეხება 2007 წელს მომხდარ 3 ინციდენტს, სასამართლოებმა, საბოლოოდ გაამართლეს მომჩივნის მეუღლე, რომელსაც ბრალი ედებოდა სხეულის დაზიანებაში; ხოლო რაც შეეხება 2008 წელს მომხდარ 5 ინციდენტს, პროკურატურამ გადაწყვიტა ბრალი არ წაეყენებინა. თითოეული ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, მომჩივნის მეუღლე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. სისხლისსამართლებრივი გამოძიებისა და სამართალწარმოების დროს ქ-ნი ბალსანი ხელისუფლების ყურადღებას ამახვილებდა მისი მეუღლის მხრიდან ძალადობაზე და აფრთხილებდა მათ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. მიუხედავად ამისა, კონკრეტული ზომები არ გატარებულა და მომჩივნის მოთხოვნა, სასამართლოს მიერ დამცავი ორდერების გამოცემის თაობაზე, პასუხგაუცემელი დარჩა.
ქ-ნი ბალსანი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი დაცვა ოჯახში ძალადობისგან და მიუხედავად მისი არაერთი საჩივრისა, ქმარს პასუხისმგებლობა არ დააკისრეს. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შემწყნარებლობა თავს უიმედოდ და დამცირებულად აგრძნობინებდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წინამდებარე საქმეს განიხილავს კონვენციის მე-3 (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების საფუძველზე.
სამართალი – მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა): ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელსაც მომჩივანი არაერთხელ დაექვემდებარა და მისი დაზიანებები, სამედიცინო დასკვნისა და პოლიციის ანგარიშის თანახმად, საკმარისად სერიოზული იყო, რათა მიეღწია კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის დადგენილი სისასტიკის მინიმალური ზღვრისთვის. უფრო მეტიც, რუმინეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ძალადობის შესახებ, იქედან გამომდინარე, რომ ქ-ნ ბალსანს დახმარებისთვის არაერთხელ მიუმართავს როგორც პოლიციისთვის, ასევე სასამართლოსთვის. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებული იყო საჩივრების საფუძველზე გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები და თავიდან აერიდებინა შემდგომი ძალადობის ფაქტები. მართლაც, რუმინეთში არსებობდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებდა ოჯახში ძალადობის გასაჩივრებისა და ხელისუფლებისგან შესაბამისი დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობას; ქ-ნმა ბასლანმა აღნიშნული შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებები სრულად გამოიყენა. სტრასბურგის სასამართლომ შეშფოთებით განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მომჩივანი მის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებლად მიიჩნია და დაასკვნა, რომ ძალადობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში მოქცეულიყო. ამგვარმა მიდგომამ, რომელიც ხელისუფლებამ გამოამჟღავნა საქმეში, სადაც ოჯახში ძალადობის ფაქტი არ იყო სადავო, ეროვნულ კანონმდებლობას წაართვა მიზანი; გარდა ამისა, ის არ შეესაბამებოდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნი ბალსანი კვლავ ჩიოდა შემდგომში განხორციელებული ძალადობის შესახებ, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე ზომა, რომელიც დაიცავდა მას. ერთადერთი სანქცია – ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მოძალადეს დაეკისრა, არაეფექტური იყო შემდგომი ძალადობის შეჩერების თვალსაზრისით.
ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ ქ-ნი ბალსანის საჩივრების განხილვის მეთოდი არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს, ვინაიდან ქმრის ძალადობის წინააღმდეგ ის არ უზრუნველყოფდა მომჩივანს ადეკვატური დაცვით.
მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა): ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვით რუმინეთში ოჯახში ძალადობა შეწყნარებული იყო და ადამიანების უმრავლესობის მიერ ნორმალურ მოვლენად მიიჩნეოდა. უფრო მეტიც, მოსახლეობამ შეიძლება საკმარისად არც იცოდა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით რუმინეთში არსებული ფართო სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შესახებ; თვითონ ქალებმაც შეიძლება არ იცოდნენ თავიანთი უფლებები. როგორც ჩანს, რუმინეთში არც ხელისუფლება აფასებდა ოჯახში ძალადობის სერიოზულობას და მასშტაბს, რაც დადასტურდა წინამდებარე საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით. ხელისუფლების უმოქმედობა ასახავდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ქ-ნი ბალსანის მიმართ.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ძალადობა, რომელსაც დაექვემდებარა ქ-ნი ბალსანი, სქესის ნიშნით განხორციელდა, რაც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. მსგავსი ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის შესახებ მიუხედავად მთავრობის მიერ კანონისა და ეროვნული სტრატეგიის მიღებისა, სასამართლო სისტემის უმოქმედობა და მოძალადეების დაუსჯელობა, რაც ასევე დაფიქსირდა მოცემულ საქმეში, ცხადყოფდა, რომ ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას იჩენდა. ამრიგად, დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთს, არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ქალბატონი ბალსანისთვის 9,8000 ევრო უნდა გადაეხადა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy