ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახის გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ.
პირები, რომლებიც მინიმუმ 28 წლის განმავლობაში არიან დანიის მოქალაქეები, ოჯახის გაერთიანებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობები გააჩნიათ: დარღვევა.
დიდი პალატა
საქმე „ბიაო დანიის წინააღმდეგ“
CASE OF BIAO v. DENMARK
განაცხადი N. 38590/10
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2016 წლის 24 მაისი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებლები არიან ცოლ-ქმარი. პირველი განმცხადებელი არის ნატურალიზებული დანიის მოქალაქე, წარმოშობით ტოგოდან, რომელიც ცხოვრობდა განაში 6-დან 21 წლამდე, დანიაში საცხოვრებლად გადავიდა 1993 წელს - 22 წლის ასაკში, 2002 წელს მიიღო დანიის მოქალაქეობა. იგი მეორე განმცხადებელთან დაქორწინდა 2003 წელს, განაში. მეორე განმცხადებელი არის ეროვნებით განელი, დაიბადა და გაიზარდა განაში. ქორწინებამდე იგი ნამყოფი არ იყო დანიაში და არ ფლობდა დანიურ ენას. ქორწინების შემდეგ მეორე განმცხადებელმა მოითხოვა დანიაში ბინადრობის ნებართვა, რაზეც უარი ეთქვა უცხოელთა საქმეების მართვის ორგანოს მიერ იმ მიზეზით, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესახებ კანონის მოთხოვნებს (ცნობილია, როგორც „ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა“), რომლის თანახმადაც, წყვილს, რომელიც ითხოვს ოჯახის გაერთიანებას, არ უნდა გააჩნდეს უფრო ძლიერი კავშირები სხვა ქვეყანასთან - განმცხადებლის შემთხვევაში განასთან. ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სულ მცირე 28 წლის განმავლობაში არიან დანიის მოქალაქეები, ასევე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ეროვნებით დანიელები, მაგრამ დაიბადნენ და კანონიერად ცხოვრობენ დანიაში 28 წლის განმავლობაში (ე.წ. სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესახებ კანონის 28-წლიანი წესი). განმცხადებლებმა დანიის სასამართლოში უშედეგოდ გაასაჩივრეს ოჯახის გაერთიანების მოთხოვნაზე უარი. განმცხადებლების საჩივრის მიხედვით, 28-წლიანი წესი განსხვავებულ შედეგს იწვევს დანიის მოქალაქეების ორი ჯგუფის მიმართ, კერძოდ, დანიის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დანიაში არიან დაბადებულნი და დანიის მოქალაქეობა მოგვიანებით მოიპოვეს. აღნიშნული წესის თანახმად, პირველი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნას 2030 წლამდე, სანამ მას 59 წელი შეუსრულდება.
მეორე განმცხადებელი დანიას ეწვია ტურისტის სტატუსით. რამდენიმე თვის შემდეგ, წყვილი საცხოვრებლად გადავიდა შვედეთში, სადაც 2004 წელს შეეძინათ შვილი. შვილმა დანიის მოქალაქეობა მიიღო მამის მხრიდან.
სამართალი
I. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
62. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათთვის ოჯახის გაერთიანების უფლების მინიჭების შესახებ დანიის ხელისუფლების უარით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი ცალკე აღებული მე-14 მუხლთან კომბინაციაში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, განმცხადებლებმა გაასაჩივრეს 2004 წლის 1 იანვარს სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც აუქმებდა ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნას მათთვის, ვინც დანიის მოქალაქეობას ფლობდა სულ მცირე 28 წლის განმავლობაში (ცნობილია, როგორც 28-წლიანი წესი), რაც განაპირობებს არასამართლიან განსხვავებულ მოპყრობას დანიის მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ: კერძოდ, დანიაში დაბადებულ ეროვნებით დანიელ მოქალაქეებსა და იმ მოქალაქეებს შორის, მსგავსად ბატონი ბიაოსა, რომლებმაც დანიის მოქალაქეობა მოიპოვეს მოგვიანებით, ასევე ეთნიკურად დანიელი დანიის მოქალაქეებსა და სხვა ეთნიკური წარმოშობის დანიელ მოქალაქეებს შორის.
63. კონვენციის მე-8 მუხლი შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადობაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად:
ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
გ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
88. სასამართლო არაერთგზის აღნიშნავს, რომ მე-14 მუხლი ავსებს კონვენციისა და მისი ოქმების სხვა არსებით დებულებებს. აღნიშნული მუხლი ვერ იარსებებს დამოუკიდებლად, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ ზემოხსენებული დებულებებით განმტკიცებულ „პირის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან“ კავშირში. მე-14 მუხლის გამოყენება აუცილებლად არ გულისხმობს კონვენციით გარანტირებული არსებითი უფლების დარღვევას. ამდენად, მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა სცდება კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უფლებას, რაც უზრუნველყოფილია წევრი სახელმწიფოების მხრიდან. იგი შეეხება ასევე იმ დამატებით უფლებებს, რომლებიც ექცევა კონვენციის ნებისმიერი მუხლის მოქმედების სფეროში, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ნებაყოფლობით უზრუნველყოფენ. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია იმისთვის, რომ ის მოექცეს კონვენციის ერთ-ერთი მუხლის მოქმედების სფეროში (იხ. სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება)[დიდი პალატა], N 65731/01 და N65900/01, §§ 39-40, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2005-X; ი.ბ. საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N43546/02, §§ 47-48, 2008 წლის იანვარი; ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N29381/09 და N32684/09, §72, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2013).
89. სასამართლომ პრეცედენტული სამართლით დაადგინა, რომ კონვენციის მე-14 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, დისკრიმინაციად ჩაითვლება მხოლოდ განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც გააჩნია იდენტიფიცირებადი მახასიათებლები ან „სტატუსი“. ამასთან, მე-14 მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ანალოგიურ ან მსგავს გარემოებაში პირის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას (იხ. კარსონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N42184/05, § 61, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2010; ბურდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა] N13378/05, § 60, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2008 დ.ჰ. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის [დიდი პალატა], 57325/00, § 175, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2007-IV; და კჯელდსენი, ბასკ მადსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ, დეკემბერი 1976, § 56, სერია A, N 23). მე-14 მუხლში ჩამოთვლილია კონკრეტული საფუძვლები, რომლებიც განსაზღვრავს „სტატუსს“, მათ შორისაა, რასა, ეროვნება ან სოციალური წარმომავლობა და დაბადება. თუმცა სია არის საილუსტრაციო და არ არის ამომწურავი (იხ. ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1976 წლის 8 ივნისი, § 72, სერიები A, N 22 და კარსონი და სხვები, §70). „ნებისმიერი სხვა სტატუსი“- ჩანაწერის მიხედვით, საილუსტრაციოა და არა ამომწურავი. „სხვა სტატუსი“ ზოგადად ფართოდ განიმარტება (იხ. კარსონი და სხვები §70); აღნიშნული ჩანაწერის ინტერპრეტაცია არ შემოიფარგლება თანდაყოლილი პერსონალური მახასიათებლებით (იხ. კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 7205/07, §§ 56-58, 2010 წლის 13 ივლისი).
90. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე, კერძოდ, თუ ამგვარი მოპყრობა არ ემსახურება კანონიერ მიზნებს ან გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი. დისკრიმინაციის ცნება მე-14 მუხლის მნიშვნელობით ასევე მოიცავს შემთხვევებს, როდესაც პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სხვა პირისა თუ პირთა ჯგუფისგან განსხვავებით, დაუსაბუთებლად ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციით არ არის გათვალისწინებული უკეთესი მოპყრობის უზრუნველყოფა (იხ. აბდულაზის, კაბალეს და ბალკანდალი, § 82).
91. ზოგადი პოლიტიკა ან ღონისძიება, რომელსაც კონკრეტული ჯგუფის მიმართ აქვს არაპროპორციული საზიანო გავლენა, შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციულად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული პოლიტიკა ან ღონისძიება კონკრეტულად ამ ჯგუფზე მიმართული, თუნდაც არ ხასიათდებოდეს დისკრიმინაციული განზრახვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარ პოლიტიკასა თუ ღონისძიებას აქვს „ობიექტური და გონივრული“ დასაბუთება (იხ. ს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N43835/11, §161, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2014 (ამონაწერი) და დ.ჰ. და სხვები, §§ 175 და 184-185).
92. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც განმცხადებელი დაამტკიცებს მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტს, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამგვარი მიდგომა გამართლებული იყო (იხ. დ.ჰ. და სხვები §177 ).
93. ხელშემკვრელი მხარეები სარგებლობენ გარკვეული დისკრეციული უფლებით, შეაფასონ მსგავს სიტუაციაში განსხვავებული მოპყრობის მართებულობა (იხ. ჰემელაინენი ფინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N37359/09, §108, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2014; იქსი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N19010/07, §98, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2013 და ვალიანატოსი და სხვები, §76). შეფასების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები განსხვავდება გარემოებების, განსახილველი საკითხისა და მისი საფუძვლების მიხედვით, მაგრამ კონვენციის მოთხოვნების დაცვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეკისრება სასამართლოს. ჩვეულებრივ, შეფასების თავისუფლების ფართო არე აქვთ სახელმწიფოებს, როდესაც საქმე შეეხება ეკონომიკური ან სოციალური სტრატეგიის შესახებ ზოგადი გადაწყვეტილებების მიღებას (იხ. ბურდენი §60; კარსონი და სხვები, §61; შერიფი იითი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N3976/05, §70, 2010 წლის 2 ნოემბერი და სტამერი ავსტრიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N37452/02, §89, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო). სასამართლოს წინაშე საფუძვლიანი მიზეზების წარდგენის შემთხვევაში, სასამართლომ შეიძლება ეროვნების საფუძველზე განსხვავებული მოპყრობა განიხილოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. გაიგუსუი ავსტრიის წინააღმდეგ 1996 წლის 16 სექტემბერი, §42, განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ანგარიში 1996‑IV; კოუა პოირეზი საფრანგეთის წინააღმდეგ, N40892/98, §46, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2003-X; ანდრეევა ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N55707/00, §87, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2009 და პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ N5335/05, §52, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2011).
94. თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია პირის მიმართ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით განსხვავებული მოპყრობის გამართლება. სხვათა შორის, პირის ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაცია წარმოადგენს რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას (იხ. დ.ჰ. და სხვები §176; ტიმიშევი რუსეთის წინააღმდეგ N55762/00 და 55974/00, §56, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005‑XII; და ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N43577/98 და N43579/98, §145, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005‑VII).
2. ზემოაღნიშნული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
(ა) კონვენციის მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
95. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი ფაქტები, კერძოდ, ოჯახის გაერთიანების მოთხოვნაზე უარი და განმცხადებლების მიმართ 28 წლის წესის გამოუყენებლობა, ექცევა მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში. სასამართლოც ეთანხმება მოცემულ გარემოებას. აღნიშნულისა და 88-ე თავში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, მოცემულ საქმეში წარმოდგენილ ფაქტებთან მიმართებაში მე-14 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს მე-8 მუხლთან ერთობლიობაში (იხ. ჰოდი და აბდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ N22341/09, §43, 2012 წლის ნოემბერი).
(ბ) მე-14 მუხლის შესაბამისობა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
(i) დგინდება თუ არა დისკრიმინაციის ფაქტი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან
96. უდავოა, რომ განმცხადებლები იყვნენ იმ წყვილის მსგავს სიტუაციაში, რომელთაგან ერთი იყო ეროვნებით დანიელი და მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ითხოვდა ოჯახის გაერთიანებას დანიაში. ამასთან, მთავრობა და ეროვნული სასამართლო აღიარებდნენ, რომ 28-წლიანი წესი დანიის მოქალაქეების მიმართ განსხვავებულ მიდგომას უზრუნველყოფდა, იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანი იყვნენ პირები დანიის მოქალაქეები. თუ პირი დანიის მოქალაქე იყო 28 წლის განმავლობაში, „ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნიდან“ გამონაკლისი წესი მოქმედებდა. თუ პირი 28 წლის განმავლობაში არ იყო დანიის მოქალაქე, აღნიშნული გამონაკლისი არ მოქმედებდა.
ამდენად, განმცხადებლების მოსაზრებით, საქმის სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ 28-წლიანი წესი უზრუნველყოფდა განსხვავებულ მიდგომას დაბადებით დანიელ მოქალაქეებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც მოგვიანებით მიიღეს დანიის მოქალაქეობა, რაც წარმოადგენს რასისა ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით არაპირდაპირ დისკრიმინაციას.
97. უნდა გვახსოვდეს, რომ 2003 წლის 1 ივლისს, უცხოელთა საქმეების მართვის ორგანომ არ დააკმაყოფილა მეორე განმცხადებლის მოთხოვნა ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ, რადგან განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნებს. 2004 წლის 27 აგვისტოს ლტოლვილთა, იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამინისტრომ, იგივე საფუძვლით არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი. განმცხადებლებმა ვერ ისარგებლეს ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნიდან, კერძოდ, 28-წლიანი წესიდან გამონაკლისით, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 1 იანვარს, რადგან პირველი განმცხადებელი 28 წლის განმავლობაში არ იყო დანიის მოქალაქე.
98. სასამართლო აღნიშნავს, რომ 28- წლიანი წესიდან გამონაკლისი მიღებულ იქნა 2003 წლის 27 დეკემბერის N1204 აქტით, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 1 იანვარს, ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის მოქმედების შესამსუბუქებლად დანიის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც 28 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ დანიის მოქალაქეები. ამდენად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტის მე-9 თავის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
„თუ 1(i)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემა არ შეესაბამება გამონაკლის, როდესაც პირი 28 წლის განმავლობაში არ არის დანიის მოქალაქე , თუმცა 1(i)(b)-(d) ქვეპუნქტების შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მეუღლის ან თანამცხოვრები პირის კავშირი დანიასთან უფრო მჭიდროა, ვიდრე სხვა ქვეყანასთან. დანიის რეზიდენტი მოქალაქეები, რომლებიც აყვანილ იქნენ საზღვარგარეთ ექვს წლამდე ასაკში და რომლებმაც დანიის მოქალაქეობა მოიპოვეს არა უგვიანეს აყვანისა, დაბადებიდან დანიის მოქალაქეებად ითვლებიან“
ზემოაღნიშნული დებულების ფორმულირება განასხვავებს მხოლოდ რეზიდენტ პირებს, რომლებიც 28 წლის განმავლობაში იყვნენ დანიის მოქალაქეები და რეზიდენტ პირებს, რომლებიც 28 წლის განმავლობაში არ იყვნენ დანიის მოქალაქეები.
99. მოსამზადებელი სამუშაოების თანახმად, შემოთავაზებული დებულების მიზანია უზრუნველყოს, რომ დანიელმა ექსპატრიატებმა, რომლებიც სულ მცირე 28 წლის განმავლობაში იყვნენ დანიის მოქალაქეები, დანიაში შეძლონ ოჯახის გაერთიანება. შემოთავაზებული დებულების მიზნობრივ ჯგუფში ერთიანდებიან პირები, რომლებსაც დანიის მოქალაქეებისა და დანიაში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად ზემოთ ხსენებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტის მე-9 თავის მე-7 პუნქტის თანახმად, არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ოჯახის გაერთიანების უფლება. ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის შემოთავაზებული ცვლილების მიზანია „დანიელ ექსპატრიატებს მიეცეთ დანიაში დაბრუნების რეალური შესაძლებლობა უცხოელ მეუღლესთან ან თანამცხოვრებ პირთან ერთად და ასევე ახალგაზრდა დანიელებს მიეცეთ შესაძლებლობა იცხოვრონ საზღვრებს გარეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარანტიით, რომ მეუღლესთან ან თანამცხოვრებ პირთან ერთად დაბრუნება არ აეკრძალებათ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირის მოთხოვნის დაუცველობის გამო“.
100. ამასთან, მოსამზადებელი სამუშაოების თანახმად, „განსაკუთრებული მიზეზების გამო“ ვალდებულებისგან გათავისუფლება დასაშვებია დანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისი დებულებებით გათვალისწინებულ სიტუაციებში. უფრო კონკრეტულად, მე-9 თავის მე-7 ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ადრეული ბავშვობიდან 28 წლის განმავლობაში კანონიერი ბინადრობა მოექცევა „განსაკუთრებული მიზეზების“ მოქმედების სფეროში არა დანიური წარმოშობის დანიის მოქალაქეებისათვის. შესაბამისად, პირები, რომლებიც არ არიან დანიური წარმოშობის მოქალაქეები, მაგრამ დაიბადნენ და გაიზარდნენ დანიაში, ან დანიაში საცხოვრებლად ჩავიდნენ ადრეულ ბავშვობაში, თავისუფლდებიან ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის შესრულებისგან, რადგან ისინი კანონიერად ცხოვრობდნენ დანიაში 28 წლის განმავლობაში.
101. ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, სასამართლო არ არის მზად დააკმაყოფილოს მთავრობის სარჩელი, რომ განსხვავებული მოპყრობა უკავშირდება მხოლოდ მოქალაქეობის ხანგრძლივობას, რამაც გამოიწვია განმცხადებლების მიმართ იმ წყვილისგან განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ითხოვდა ოჯახის გაერთიანებას და სადაც ერთ-ერთი მეუღლე იყო დანიის მოქალაქე 28 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბატონი ბაიო კი დანიის მოქალაქე უფრო მოკლე ხნის განმავლობაში იყო.
102. განმცხადებლის განცხადებით, 28-წლიანმა წესმა პრაქტიკაში გამოიწვია განსხვავებული მოპყრობა დანიაში დაბადებულ მოქალაქეებსა და დანიის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც მოქალაქეობა მოგვიანებით მოიპოვეს. ამასთან, დანიაში დაბადებული მოქალაქეების უმრავლესობა ეთნიკურად დანიელია, ხოლო პირები, რომლებმაც მოქალაქეობა მიიღეს მოგვიანებით, ძირითადად სხვა ეთნიკური წარმომავლობის არიან და არა დანიური, აქედან განსხვავებული მოპყრობა გულისხმობს რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით არაპირდაპირ დისკრიმინაციას. განმცხადებლებმა, სხვა საკითხებთან ერთად, მიუთითეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის უმცირესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, 28-წლიანი წესის საფუძველზე ხდება განსხვავებული მოპყრობა ეთნიკურად დანიელი მოქალაქეებისა და სხვა ეთნიკური წარმომავლობის დანიის მოქალაქეების მიმართ ოჯახის გაერთიანების უფლებით სარგებლობისას.
103. სასამართლომ წინა საქმეებში დაუშვა, რომ განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა განხორციელდეს ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიებების არაპროპორციული საზიანო ზემოქმედების ფორმით, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაციას (იხ. ჰუგ ჯორდანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ N24746/94, §154, 2001 წლის 4 მაისი). ასეთი სიტუაცია შესაძლოა გაუთანაბრდეს „არაპირდაპირ დისკრიმინაციას“, რაც აუცილებლად არ მოითხოვს დისკრიმინაციის განზრახვის არსებობას (იხ. დ.ჰ. და სხვები, §184)
104. აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეში მართებულია გამოკვლეულ იქნეს, 28-წლიანი წესის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდმა იქონია თუ არა არაპროპორციული საზიანო ეფექტი იმ პირებზე, რომლებმაც პირველი განმცხადებლის მსგავსად, დანიის მოქალაქეობა მიიღეს მოგვიანებით და ასევე განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მქონე დანიის მოქალაქეებზე (იხ. დ.ჰ. და სხვები, §185).
105. ამ მიზნით, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს შეამოწმოს უცხოელთა შესახებ აქტის შესაბამისი დებულება ისტორიულ კონტექსტში. იგი აღნიშნავს, რომ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა დანიის კანონმდებლობით განისაზღვრა 2000 წლის 3 ივნისს, როგორც ოჯახის გაერთიანების ერთ-ერთი პირობა დანიის რეზიდენტი პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ დანიის მოქალაქეები.
106. 2002 წლის 1 ივლისს, ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა გავრცელდა ასევე დანიის მოქალაქეებზე შემდეგი მიზეზით:
„... გამოცდილებამ აჩვენა, რომ ინტეგრაცია განსაკუთრებით რთულია ოჯახებში, სადაც თაობებს დანიაში მოჰყავთ მეუღლეები თავიანთი ან მშობლების ქვეყნებიდან. უცხოელ რეზიდენტ პირებსა და უცხოური წარმოშობის დანიელ მოქალაქეებში გავრცელებულია თავიანთი ქვეყნის წარმომადგენელთან ქორწინება, სხვა მიზეზებს შორის მშობლების ზეგავლენის გამო. აღნიშნული მოდელი ხელს უწყობს იმ პირების შეკავებას იმ სიტუაციაში, სადაც ისინი, სხვებზე უფრო მეტად, განიცდიან დანიური საზოგადოებისგან იზოლაციისა და შეუთავსებლობის პრობლემებს. ამდენად, აღნიშნული მოდელი ხელს უშლის დანიაში ახლად ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციას. მთავრობამ დაადგინა, რომ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა, როგორი ფორმულირებაც მას აქვს დღეს, საკმარისად არ ითვალისწინებს რეზიდენტ უცხოელებსა და უცხოური წარმოშობის რეზიდენტ დანიის მოქალაქეებს შორის ქორწინების მოდელს. აქვე უნდა აღინიშნოს დანიის მოქალაქეები, რომლებიც კარგად არ არიან ინტეგრირებულნი დანიურ საზოგადოებაში, შეიძლება დადგნენ დიდი პრობლემის წინაშე დანიაში ახლად ჩამოსული მეუღლის ინტეგრაციის პროცესში“.
107. ზემოაღნიშნულის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის დანიის მოქალაქეებზე გავრცელებამ იმოქმედა დანიელ ექსპატრიატებზე, რომლებსაც შეექმნათ დანიაში თავიანთ უცხოელ მეუღლეებთან ერთად დაბრუნების პრობლემები.
108. დიდ პალატაში სამართალწარმოებისას, სასამართლომ მიიწვია დანიის მთავრობის წარმომადგენლები იმისათვის, რომ განემარტა, რამდენმა ადამიანმა მიიღო სარგებელი 28-წლიანი წესის მოქმედებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტის მე-9 თავის მე-7 პუნქტის შესაბამისად და რამდენი იყო მათ შორის დანიური წარმოშობის დანიის მოქალაქე.
109. როგორც უკვე აღინიშნა, მთავრობამ სამწუხაროდ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მთავრობამ წარმოადგინა 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმი - ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის გამოყენებასთან დაკავშირებით ოჯახის გაერთიანების საქმეში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტის მე-9 თავის მე-7 პუნქტის შესაბამისად და დანიაში ოჯახის გაერთიანების შესახებ სტატისტიკა.
110. ამდენად, სასამართლომ ზუსტად ვერ დაადგინა, რამდენ პირზე იმოქმედა დადებითად უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტის მე-9 თავის მე-7 პუნქტის მოქმედებამ და რამდენი იყო აქედან დანიური წარმოშობის დანიის მოქალაქე და სხვა წარმომავლობის მქონე დანიის მოქალაქე.
111. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მას შეუძლია დაადგინოს შემდეგი:
ა) როგორც მოსალოდნელი იყო, დანიაში დაბადებული ყველა ექსპატრიატი, რომელსაც უცხოელ მეუღლესთან ერთად დანიაში დაბრუნებისას შეექმნებოდა პრობლემები ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ისარგებლებდნენ მოცემული 28-წლიანი წესით 28 წლის ასაკიდან.
ბ) ყველა სხვა დანიაში დაბადებული რეზიდენტი მოქალაქე ასევე ისარგებლებდა 28-წლიანი წესით 28 წლის ასაკიდან.
გ) ამასთან, მოსამზადებელი სამუშაოების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დანიის მოქალაქეები და დაიბადნენ და გაიზარდნენ დანიაში ან დანიაში ჩავიდნენ ბავშვობაში, ან პირები, რომლებიც დანიაში კანონიერად ცხოვრობენ 28 წლის განმავლობაში, ასევე ისარგებლებდნენ 28-წლიანი წესით, როდესაც ისინი მიაღწევდნენ 28 წლის ასაკს ან ამ ასაკის მიღწევის შემდეგ.
დ) უმეტესობა, ბატონი ბიაოს მსგავსად, რომლებმაც დანიის მოქალაქეობა მიიღეს მოგვიანებით, ვერ ისარგებლებს 28-წლიანი წესის მოქმედებით, რადგან ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ ამ პირის მიერ მოქალაქეობის მიღებიდან 28 წლის შემდეგ. მთავრობის განმარტებით, როგორც განმცხადებელმა განაცხადა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ კატეგორიაში მოხვედრილ პირებს მოუწევთ 28 წელი ლოდინი ოჯახის გაერთიანების უფლების მინიჭებისთვის, რადგან განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ წყვილს, რომელიც გაიზარდა იმავე ქვეყანაში და იმ შემთხვევაში, თუ წყვილიდან ერთ-ერთი მოგვიანებით მიიღებს დანიის მოქალაქეობას, ზოგადად დააკმაყოფილებს ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნას დანიის მოქალაქეობის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში ან 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში კანონიერი ცხოვრების შემდეგ. სასამართლო აღნიშნავს, რომ 28-წლიანი წესის განმარტებით ბარათში არ არის ნახსენები, რომ 28-წლიან წესს არ ექნება არაპროპორციული საზიანო მოქმედება პირებზე, რომლებმაც დანიის მოქალაქეობა მიიღეს მოგვიანებით, რადგან ეს პირები ნებისმიერ შემთხვევაში დააკმაყოფილებენ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნების კრიტერიუმებს უფრო მალე. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ამ საკითხზე არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები.
გარდა ამისა, ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა ავტომატურად შესრულებულად არ ჩაითვლება მოქალაქეობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ ან 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში კანონიერი ცხოვრების შემდეგ. ამასთან, აღნიშვნის ღირსია, რომ თუ პირი მიიღებს დანიის მოქალაქეობას (დ კატეგორია), მაგალითად, 28 წლის ასაკში (შესაბამისად, დანიაში 9 წლის განმავლობაში კანონიერი ცხოვრების შემდეგ, იხ. მე-14 და 30-ე პუნქტები) ზოგადად, მას კვლავ მოუწევს დაიცადოს სამი წელი იმისთვის, რომ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს. 28 წლის დანიაში დაბადებული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს დანიაში (ბ კატეგორია) დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის შესრულებისგან 28 წლის ასაკში და 28 წლის დანიაში დაბადებული ექსპატრიატი (ა კატეგორია) ასევე გათავისუფლდება ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის შესრულებისგან, 28 წლის ასაკის მიღწევისას, მიუხედავად იმისა, რომ ექსპატრიატი დანიაში მხოლოდ მცირე პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. შესაბამისად, პირებმა, რომლებმაც დანიის მოქალაქეობა მოიპოვეს მოგვიანებით, მართალია, 28 წელი არ უნდა იცადონ ოჯახის გაერთიანებისთვის, მაგრამ მათ უნდა დაიცადონ 3 ან მეტი წელი, რაც სასამართლოს თვალსაზრისით, ვერ აბათილებს იმ ფაქტს, რომ 28-წლიანი წესის გამოყენებას არ აქვს საზიანო გავლენა დანიის მოქალაქეზე განმცხადებლის შემთხვევაში.
112. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ გონივრულ ფარგლებში შესაძლოა ივარაუდებოდეს, რომ ა კატეგორიის დანიის ექსპატრიატების უმრავლესობა ბ კატეგორიის დანიაში დაბადებული და მცხოვრები დანიის მოქალაქეებისა, რომლებზეც 28 -წლიანი წესის მოქმედების გავრცელება დადებით შედეგს იძლევა, ჩვეულებრივ არიან დანიური ეთნიკური წარმომავლობის, როდესაც დ კატეგორიის პირები, რომლებმაც მოქალაქეობა მოგვიანებით მიიღეს, წესის თანახმად, უცხო ეთნიკური წარმომავლობის არიან.
113. შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს გარემოება, რომ გ კატეგორიის უცხოელებმა და უცხოური ეთნიკური წარმოშობის პირებმა შეიძლება სარგებელი ნახონ 28-წლიანი წესის მოქმედებით, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ 28-წლიანი წესი ირიბად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს დანიური წარმოშობის დანიის მოქალაქეებს და არახელსაყრელ პირობებს უქმნის ან არაპროპორციული საზიანო გავლენა აქვს პირებზე, რომლებმაც განმცხადებლის მსგავსად, დანიის მოქალაქეობა მოიპოვეს მოგვიანებით, არიან უცხო ეთნიკური წარმომავლობის და არა დანიური წარმომავლობის.
114. მტკიცების ტვირთი უნდა გადავიდეს მთავრობაზე, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ კანონმდებლობის განსხვავებული მოქმედება ემსახურება კანონიერ მიზნებს და წარმოადგენს ობიექტური ფაქტორების შედეგს, რომელიც არ უკავშირდება ეთნიკურ წარმომავლობას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება პირის მხოლოდ ეთნიკურ წარმომავლობას, უნდა დასაბუთდეს თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ასევე ეროვნების ნიადაგზე პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა დასაშვებია მხოლოდ მყარი და საფუძვლიანი მიზეზით. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ეთნიკურ წარმომავლობასთან კავშირში არმყოფი მყარი და საფუძვლიანი მიზეზი, რათა ამგვარი არაპირდაპირი დისკრიმინაცია შესაბამისობაში მოვიდეს კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნებთან მე- 8 მუხლთან ერთობლიობაში.
(ii) მისაღწევი მიზნის ლეგიტიმურობა
115. მთავრობამ განაცხადა, რომ 28-წლიანი წესი დაწესდა ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნისგან გამონაკლისების დასაშვებად მათთვის, ვისაც გააჩნდა მყარი და ხანგრძლივი კავშირი დანიასთან. წესის არსი მდგომარეობდა ამგვარ სიტუაციაში მყოფი პირებისთვის უცხოელ მეუღლესთან ოჯახის გაერთიანების უფლების უპრობლემოდ მინიჭებაში, რადგან ეს უკანასკნელი უპრობლემოდ ინტეგრირდებოდა დანიურ საზოგადოებაში. კერძოდ, წესის შემოღების მიზანს წარმოდგენდა დანიელ ექსპატრიატებს საშუალება მისცემოდათ დანიაში მოეპოვებინათ ოჯახის გაერთიანების უფლება, რადგან აღნიშნული ჯგუფი უნებლიედ და უსამართლოდ მოექცა 2002 წელს დაწესებულ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის მოქმედების სფეროში. 28-წლიანი წესი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნიდან გამონაკლისს, ემსახურებოდა იმიგრაციის კონტროლისა და ინტეგრაციისათვის პირობების გაუმჯობესების ლეგიტიმურ მიზანს.
116. განმცხადებლების მტკიცებით, სადავო კანონმდებლობა არ იქნა მიღებული დანიური ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობის მოქალაქეებისათვის და ამდენად არ ემსახურება კანონიერ მიზნებს. განმცხადებლებმა მიუთითეს უზენაესი სასამართლოს უმცირესობის დასკვნაზე.
117. სასამართლოს თვალსაზრისით, როდესაც საქმე შეეხება იმიგრაციას, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მე-8 მუხლი - სახელმწიფოზე ვალდებულების დასაკისრებლად პატივი სცეს დაქორწინებული წყვილის მიერ საცხოვრებელი ქვეყნის არჩევანს ან გასცეს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლება. მიუხედავად ამისა, საქმე, რომელიც შეეხება წყვილის ცხოვრებას და ასევე იმიგრაციას, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლები ქვეყანაში შემოუშვას მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ნათესავები, განსხვავდება ყოველი კონკრეტული პირის გარემოებებისა და ზოგადი ინტერესის მიხედვით (იხ. იენესე ნიდერლანდების წინააღმდეგ, § 107).სასამართლო ხშირ შემთხვევაში ადგენს, რომ იმიგრაციის კონტროლი, რომელიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საერთო ინტერესს, ემსახურება კანონიერ მიზნებს კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ზაკაიევი და საფანოვა რუსეთის წინააღმდეგ N11870/03, §40, 2010 წლის 11 თებერვალი; ოსმანი დანიის წინააღმდეგ, N38058/09, § 58, 2011 წლის 14 ივნისი; ჯ.მ. შვედეთის წინააღმდეგ (განჩინება) N47509/13, §40, 2014 წლის 8 აპრილი და ფ.ნ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება) N3202/09, §37, 2013 წლის 17 სექტემბერი).
118. როგორც აღინიშნა, წინამდებარე საქმე შეეხება კონვენციის მე-14 მუხლის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში გამოყენებას, რის შედეგადაც იმიგრაციის კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც ექცევა კონვენციის 8.2 მუხლის მოქმედებაში, მათ შორის, კანონიერი მიზნის არსებობის მოთხოვნა, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია, რაც შეუსაბამობაში მოდის კონვენციის მე-14 მუხლისა და მე-8 მუხლის მოთხოვნებთან. როგორც ჩანს, მოცემულ საკითხზე პრეცედენტული სამართლის საქმეები მწირია. ჰუდისა და აბდის საქმეში(§53) სასამართლომ მიიჩნია, რომ ემიგრანტთა გარკვეული ჯგუფის მიმართ შეღავათების შეთავაზება შეიძლება მიიჩნიოს კანონიერ მიზნად კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის. აბდულაზისის, კააბალესა დაა ბალკანდალის საქმეების შემთხვევაში (§ 87) სასამართლომ ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია მთავრობის მიერ განსხვავებული მოპყრობა დაბადების ნიშნით, კერძოდ, „გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქალის წინაშე არსებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად, როდესაც ის, ქორწინებისას, იძულებულია საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდეს ქმართან“ ანუ მოქალაქეთა ჯგუფის განსაზღვრა, რომელთაც ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირი აქვთ ქვეყანასთან.
119. უზენაესი სასამართლოს უმრავლესობამ დაადგინა, რომ 28-წლიან წესს აქვს იგივე მიზანი, როგორიც გაერთიანებულ სამეფოში დაბადების მოთხოვნას, რაც დადგინდა აბდულაზიზ, კაბალესა და ბალკანდალის შემთხვევებში , კერძოდ, გამოიყო მოქალაქეების ჯგუფი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირი ქვეყანასთან.
120. უზენაესი სასამართლოს უმცირესობამ, კანონიერ მიზნებზე ყურადღების მიპყრობის გარეშე გამოხატა მკაფიო მოსაზრება, რომ ეთნიკური წარმოშობის დანიის მოქალაქეებისა და სხვა ეთნიკური წარმოშობის დანიის მოქალაქეების მიმართ ირიბად განსხვავებული მოპყრობა 28-წლიანი წესის გამოყენების საფუძველზე იწვევს განზრახულ შედეგებს.
121. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო სასამართლოს წინაშე დასაბუთდეს, იყო თუ არა არაპირდაპირი დისკრიმინაცია, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში, როგორც ამას განმცხადებელი ამტკიცებს ან შეესაბამებოდა თუ არა მთავრობის მიერ შემოღებული 28-წლიანი წესის მიზნები კონვენციის კანონიერ მიზნებს. სასამართლოს მოცემულ საქმეში მიაჩნია, რომ საქმის განხილვა უნდა შემოიფარგლოს იმ გარემოების დადგენით, არსებობდა თუ არა გარემოება, რომელიც არ არის კავშირში ეთნიკურ წარმომავლობასთან და ჰქონდა თუ არა განსხვავებულ მოპყრობას საფუძვლიანი მიზეზი.
(iii) მისაღწევი მიზნების დასაბუთება
122. სასამართლო აღნიშნავს, რომ 28-წლიანი წესის შემოღების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა გარემოება, რომ 2002 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ აქტში განხორციელებული ცვლილებით ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა უნებლიედ გავრცელდა ასევე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საზღვრებს გარეთ მცხოვრებ დანიის მოქალაქეებზე, რომლებმაც ოჯახი შექმნეს დანიის საზღვრებს გარეთ და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებდნენ ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნებს ქვეყანაში დაბრუნებისას. გამოირკვა, რომ აღნიშნული წესი ხელს შეუწყობდა დანიელი ექსპატრიატების ოჯახის წევრების დანიურ საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას, რადგან მათ დამყარებული აქვთ მჭიდრო კავშირები დანიასთან, რაც ასევე ვრცელდება მათ მეუღლეებზე ან თანამცხოვრებ პირებსა და ბავშვებზე.
123. საყურადღებოა, რომ 28-წლიანი წესის შემოღებისთვის განხორციელებული მოსამზადებელი სამუშაოების დროს ხაზგასმულ იქნა „2002 წელს შემოღებული ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნის გამკაცრების ფუნდამენტური მიზანი“, კერძოდ, უცხოელებისთვის უკეთესი ინტეგრაციის პირობების უზრუნველყოფას ხელი არ შეეშლებოდა გამონაკლისის დადგენით. 2002 წელს ქვეყანასთან კავშირის წესის გამკაცრების „ფუნდამენტური მიზანი“ განიმარტა ცვლილების მოსამზადებელი სამუშაოების დროს.
124. სასამართლოს შეხედულებით, საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებული მასალის მიხედვით, მთავრობის სურვილი იყო, ერთი მხრივ, გაეკონტროლებინა იმიგრაცია და გაეუმჯობესებინა ინტეგრაციის პროცესი „ორივე ჯგუფისთვის, რეზიდენტი უცხოელებისა და უცხოური წარმოშობის რეზიდენტი დანიელი მოქალაქეებისათვის“, რომელთა „ფართოდ გავრცელებული ქორწინების მოდელი“ იყო „თავიანთი წარმოშობის ქვეყნის წარმომადგენელთან ქორწინება“ და მეორე მხრივ, ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნას გაუთვალისწინებლად არ ემოქმედა „დანიის მოქალაქეებზე, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ საზღვრებს გარეთ და ოჯახები შექმნეს დანიის საზღვრებს გარეთ“.
125. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ 28-წლიანი წესის შემოღების დასაბუთება მეტწილად ეფუძნება საკმაოდ ჰიპოთეტურ არგუმენტებს, კერძოდ, როდესაც დანიის მოქალაქემ მჭიდრო კავშირი დაამყარა დანიასთან, მას პესპექტივა ჰქონდა უცხოელ მეუღლესთან ოჯახის გაერთიანების წარმატებული ინტეგრაციის თვალსაზრისით. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მოქალაქეობის 28 წელზე ან ნაკლებ ხანგრძლივობაზე. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ პირველი განმცხადებელი დანიის მოქალაქე იყო მხოლოდ ორი წლის განმავლობაში, ამიტომ ეთქვა უარი ოჯახის გაერთიანებაზე. მოცემულ სიტუაციაში 28-წლიანი წესის შედეგი არ შეიძლება მივიჩნიოთ არაპროპორციულად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი მსჯელობით მხედველობაში არ მიიღება ფაქტი, რომ დანიის მოქალაქეობის მოპოვებისთვის, პირველი განმცხადებელი დანიაში ცხოვრობდა 9 წლის განმავლობაში, სრულყოფილად იცოდა დანიური ენა და იცნობდა დანიურ საზოგადოებას, ასევე დამოუკიდებლად ინახავდა საკუთარ თავს.
უფრო კონკრეტულად, 2004 წლის აგვისტოში, როდესაც ბატონ ბიაოს უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანებაზე, იგი არა მარტო დანიის მოქალაქე იყო ორი წლის განმავლობაში, არამედ ის დანიაში ცხოვრობდა ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ოთხი წლის განმავლობაში ქორწინებაში იყო დანიის მოქალაქესთან, ესწრებოდა სხვადასხვა კურსებს, ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჰყავდა 6 წლის ვაჟიშვილი, რომელიც დაიბადა 2004 წლის 6 მაისს და იყო დანიის მოქალაქე მამის მოქალაქეობის გამო. 28-წლიანი წესის განმცხადებელზე გავრცელებისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი ელემენტი. სასამართლოს აზრით, აღნიშნული ელემენტები მნიშვნელოვანია შეფასების დროს - ჰქონდა თუ არა ბატონ ბიაოს მჭიდრო კავშირი დანიასთან იმისათვის, რომ მას წარმატებული ინტეგრაციის თვალსაზრისით უცხოელ მეუღლესთან ოჯახის გაერთიანების პერსპექტივა ჰქონოდა.
126. სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტები 2002 წლის 1 ივლისს შემოღებულ აქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ქვეყანასთან კავშირის მოთხოვნა გავრცელდა ეროვნებით დანიელ მოქალაქეებზე, უარყოფით გავლენას ახდენს სხვა ეთნიკური წარმოშობის დანიის მოქალაქეებზე. მაგალითად, „ქორწინების მოდელთან“ დაკავშირებით, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებით „ხელს უწყობს იმ პირების შეჩერებას ისეთ სიტუაციაში, სადაც ისინი განიცდიან დანიურ საზოგადოებაში იზოლაციისა და ადაპტაციის პრობლემას“. აღნიშნული მოდელი „ხელს უწყობს დანიაში ახლად ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციას“. ამასთან კავშირში სასამართლო მიუთითებს კონსტანტინე მარკინის რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე, N30078/06, §§142‑143, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი (ამონაწერი)), სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ მიკერძოებული ვარაუდები ან კონკრეტულ ქვეყანაში გაბატონებული სოციალური სტერეოტიპები არ წარმოადგენს სქესობრივ ნიადაგზე განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად საკმარის დასაბუთებას. სასამართლო ადგენს, რომ მსგავსი მსჯელობა უნდა იქნეს გამოყენებული ნატურალიზებულ მოქალაქეთა მიმართ.
127. ამდენად, მთავრობის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არგუმენტები და მასალა ვერ ადასტურებს, რომ სადავო კანონმდებლობის გამოყენება, რამაც განსხვავებული მოპყრობა გამოიწვია, ეფუძნება ეთნიკურ წარმომავლობასთან კავშირში არმყოფ ობიექტურ ფაქტორებს.
128. 28-წლიანი წესის განმცხადებლებზე გავრცელების შესახებ სასამართლო განხილვისას, დანიის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობამ დაადგინა, რომ გამონაკლისი ეფუძნებოდა ობიექტურ კრიტერიუმებს და ზოგადად, ობიექტურად გამართლებული იყო მოქალაქეთა ჯგუფის შერჩევა, რომელთაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ დანიასთან და ამ ჯგუფისთვის ოჯახის გაერთიანების უფლების მინიჭება არ წარმოადგენდა პრობლემას, რისი არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ ამგვარი პირის უცხოელი მეუღლე ან თანამცხოვრები პირი წარმატებით ინტეგრირდებოდა დანიურ საზოგადოებაში. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ 28-წლიანი წესის პირველ განმცხადებელთან მიმართებით გამოყენება არ შეიძლება ჩათვლილიყო არაპროპორციულად.
129. უმრავლესობა ეყრდნობოდა აბდულაზიზის, კაბალესა და ბალკანდალის გადაწყვეტილებებს, რადგან მიიჩნევდა, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები მატერიალური ასპექტებით იდენტური იყო ბალკნდალის შემთხვევისა. ორივე, ეს უკანასკნელი და ბატონი ბიაო, ქვეყანაში საცხოვრებლად გადმოვიდნენ ზრდასრულ ასაკში. ბატონი ბიაოს უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების შესახებ განაცხადზე, მაშინ როდესაც ის დანიაში 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ შორის, ორი წელიწადი როგორც დანიის მოქალაქე. ქალბატონ ბალკნდალის უარი ეთქვა განცხადებაზე მაშინ, როდესაც იგი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა რვა წლის განმავლობაში - ორი წელიწადი როგორც ბრიტანეთის მოქალაქე. ამასთან, იმ განცხადებაზე დაყრდნობით (§ 88), რომ „ზოგადად არსებობს დამაჯერებელი სოციალური მიზეზები იმ პირების მიმართ სპეციალური მოპყრობისთვის, რომელთაც ქვეყანასთან კავშირი დაბადებიდან აქვთ“, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „28 წლის განმავლობაში დანიის მოქალაქეობის ქონის კრიტერიუმს გააჩნია იგივე მიზანი, როგორიც დაბადების მოთხოვნას გაერთიანებულ სამეფოში“, რაც სასამართლოს მიერ 1985 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ იქნა მიჩნეული კონვენციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მოქალაქეთა ჯგუფების განსაზღვრა, რომელთაც გააჩნიათ ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირი ქვეყანასთან“.
130. სასამართლო მიუთითებს მის დასკვნაზე, რომ 28 წლის წესს გააჩნია არაპირდაპირი დისკრიმინაციული ეფექტი, რომელიც უკეთეს პირობებში აყენებს დანიური წარმოშობის დანიის მოქალაქეებს და არახელსაყრელ პირობებს სთავაზობს ან არაპირდაპირი დისკრიმინაციული გავლენა აქვს პირებზე, ვინც დანიის მოქალაქეობა მოგვიანებით მოიპოვა და სხვა ეთნიკური წარმომავლობისაა. უზენაესი სასამართლო ადგენს, რომ სადავო დისკრიმინაციის საკითხი ეფუძნება მოქალაქეობის ხანგრძლივობას, რაც ექცევა „სხვა სტატუსის“ მოქმედების ქვეშ კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოყენებული პროპორციულობის ტესტი განსხვავდება სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტისგან, რომელიც მოითხოვს საფუძვლიანი მიზეზის არსებობას, რომელიც არ არის ეთნიკურ წარმოშობასთან კავშირში, 28-წლიანი წესის არაპირდაპირი დისკრიმინაციული მოქმედების დასასაბუთებლად.
131. ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე სახელმწიფოს მხრიდან თავისი მოქალაქეების არაპირდაპირი დისკრიმინაციის სფეროში ძალზედ რთულია განსხვავებული მოპყრობის საკითხის საერთაშორისო სტანდარტებსა და განვითარებებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმდენად რამდენადაც, კონვენცია წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის პირველ და უმთავრეს სისტემას, ყურადღება უნდა მიექცეს ხელშემკვრელ სახელმწიფოებში შეცვლილ პირობებს და სასამართლომ, უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი საკითხის სტანდარტებთან შესაბამისობა (იხ. დჰაჰბი იტალიის წინააღმდეგ N17120/09, §47, 2014 წლის 8 აპრილი; კონსტანტინე მარკინი, § 126 და ფაბრიზი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N16574/08, §56, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2013 (ამონაწერი)).
132. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებელი დაეყრდნო ეროვნების შესახებ ევროპული კონვენციის 5.2 მუხლს. აღნიშვნის ღირსია გარემოება, რომ ამ კონვენციის რატიფიცირება მოხდა ევროპის საბჭოს 20 წევრი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, დანიის. ამასთან, ეროვნების შესახებ ევროპული კონვენციის 5.2 მუხლთან დაკავშირებული განმარტებითი ბარათის თანახმად, მიუხედავად არასავალდებულო ხასიათისა, აღნიშნული თავი წარმოადგენს დეკლარაციას, რომელიც მიმართულია დაბადებით მოქალაქეებსა და სხვა მოქალაქეების, მათ შორის, ნატურალიზებული პირების ეროვნების საკითხთან დაკავშირებული წესების გამოყენების დისკრიმინაციული ხასიათის აღმოფხვრისაკენ. აღნიშნული წარმოადგენს ევროპული სტანდარტის ერთგვარ ტენდენციას, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს მოცემული საქმის განხილვისას.
133. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში დამკვიდრებულია სხვადასხვა მიდგომა ოჯახის გაერთიანების უფლების მინიჭების საკითხში. 29 ქვეყნის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობს ქვეყანა, დანიის მსგავსად, სადაც განსხვავებულად ეპყრობიან თავიანთ მოქალაქეებს ოჯახის გაერთიანების უფლების მინიჭების საკითხში.
134. ევროკავშირის სამართალთან მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს სასამართლოს დასკვნები, inter alia, საქმეებზე - პონომარიოვი (§ 54) და ს.ვ. ბელგიის წინააღმდეგ (1996 წლის 7 აგვისტო §38, ანგარიში 1996‑III), სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისადმი პრეფერენციული მოპყრობა... ეფუძნება ობიექტურ და გონივრულ გამართლებას, რადგან კავშირი აწესებს სპეციალურ სამართლებრივ წესრიგს, უფრო მეტიც, აწესებს უპირატეს მიდგომებს ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ ეროვნული ნიშნით და არა „დაბადებით მოქალაქეობისა“ და „ნატურალიზაციით მიღებული მოქალაქეობის“ განსხვავებით, ან მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაციით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სამართალი არ განასხვავებს პირებს, რომლებმაც მოქალაქეობა მიიღეს დაბადებით იმ პირებისგან, რომელთაც მოქალაქეობა მოიპოვეს რეგისტრაციით ან ნატურალიზაციით.
135. ევროკავშირის სამართლის მიხედვით, ოჯახის გაერთიაენების შესახებ წესები არ ვრცელდება განმცხადებლის საქმეზე 2004 წლის აგვისტოში. სასარგებლო იქნება სადავო დანიური კანონმდებლობის შედარება ევროკავშირის სამართალთან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი განმცხადებელი საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის 2004/38/EC დირექტივის ძალით, რომელიც შეეხება ევროკავშირის მოქალაქისა და მისი ოჯახის წევრების უფლებას, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და თავისუფლად იცხოვროს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ასევე, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს იუსტიციის, თანასწორობისა და სამართლებრივი რეფორმის მინისტრის წინააღმდეგ საქმეზე 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებელს და მის შვილს უფლება აქვთ შვედეთიდან მოითხოვონ დანიაში ცხოვრების ნებართვა.
136. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დამოუკიდებელმა ორგანომ გამოთქვა წუხილი, რომ 28 -წლიანი წესი შეიცავს არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნიშნებს. მითითება კეთდება ევროპული კომისიის ანგარიშზე რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ „რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია შეშფოთებულია ფაქტით, რომ დანიასთან კავშირის 28-წლიანი წესი უტოლდება არაპირდაპირ დისკრიმინაციულ მოპყრობას იმ პირების მიმართ, რომლებიც დაბადებულნი არ არიან დანიაში და იმ პირებს, რომლებმაც დანიის მოქალაქეობა მოგვიანებით მოიპოვეს“. დისკრიმინაციულია ასევე „წესი, რომლის მოთხოვნებიც არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც დანიის მოქალაქეობას ფლობენ 28 თუ 26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან პირებზე, რომლებიც დაიბადნენ დანიაში, ან დანიაში საცხოვრებლად ბავშვობაში გადმოვიდნენ, ან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობდნენ 28 თუ 26 წლის განმავლობაში და არაპროპორციულ შედეგს იწვევს არა ეთნიკური წარმომავლობის დანიის მოქალაქეებზე. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა იგივე მოსაზრება გამოთქვა.
137. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ასევე გამოხატა თავისი დამოკიდებულება 28-წლიანი წესის მოქმედებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წესი დანიაში დაბადებულ მოქალაქეებს მეტ უპირატესობას ანიჭებს ნატურალიზებულ დანიის მოქალაქეებთან შედარებით.
(iv) სასამართლოს დასკვნა
138. მოცემულ საქმეში, თავისუფლების ძალიან დაბალი შეფასების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მთავრობამ ვერ შეძლო წარმოედგინა მყარი და საფუძვლიანი მიზეზები, რომლებიც არ უკავშირდება ეთნიკურ წარმომავლობას 28-წლიანი წესის არაპირდაპირი დისკრიმინაციის ეფექტის დასასაბუთებლად. აღნიშნული წესი დადებით შედეგს იწვევს მხოლოდ დანიური წარმოშობის დანიის მოქალაქეებისათვის და არახელსაყრელ პირობებს უქმნის ან არაპროპორციული საზიანო ეფექტი აქვს პირებზე, რომლებმაც მოქალაქეობა მოიპოვეს მოგვიანებით ან სხვა ეთნიკური წარმომავლობის არიან.
139. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში სახეზეა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
Full & Egal Universal Law Academy