დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
ბარფოდი დანიის წინააღმდეგ (Barfod v. Denmark)
(საჩივარი- 11508/85)
გადაწყვეტილება, 22 თებერვალი, 1989 2010
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
მომჩივანი დავობდა, რომ ცილისწამებისთვის მისი მსჯავრდება არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლს: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები – წინამდებარე საქმე ეხება 1919 წელს დაბადებულ დანიის მოქალაქეს, რომელიც პროფესიით ძვირფასეულობის მჭედელია და ცხოვრობს ნარსაქში, გრენლანდიაზე.
1979 წელს, როდესაც გრენლანდიის ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა გადასახადები დაეწესებინა დანიის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გრენლანდიაში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე მუშაობდნენ, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე პირმა (მათ შორის ბ-ნმა ბარფოდმა) გაასაჩივრა გრენლანდიის უმაღლესი სასამართლოს წინაშე. მათ იდავეს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა იმ საფუძვლით, inter alia, რომ ისინი ვერ სარგებლობდნენ გრენლანდიის ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით და არც რაიმე სარგებელი მიუღიათ გრენლანდიის სამთავრობო ორგანოებისგან. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენდა პროფესიონალ მოსამართლეს. დანარჩენი ორი (Lay Judge)[1] ადგილობრივი მთავრობის მიერ იყო დასაქმებული. სასამართლომ მოცემული საქმე ერთხმად ადგილობრივი მთავრობის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მომჩივანმა ერთ-ერთ ჟურნალში განაცხადა, რომ ორი არაპროფესიონალი მოსამართლე დანიის კონსტიტუციის საფუძველზე არ იყვნენ კვალიფიციურები; მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა მათი შესაძლებლობა, მიუკერძოებლად გადაეწყვიტათ საქმე, რომელიც მათი დამსაქმებლის წინააღმდეგ იყო მიმართული. მომჩივნის განცხადებით, „თავიანთი მოვალეობა შეასრულა გრენლანდიის ორმა არაპროფესიონალმა მოსამართლემ, რომლებიც სხვათაშორის პირდაპირ ადგილობრივი მთავრობის მიერ არიან დანიშნულნი მუზეუმის დირექტორად და კონსულტანტად ურბანულ დასახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქმის განხილვისას ხმები ასე გადანაწილდა: ორი ერთის წინააღმდეგ ადგილობრივი მთავრობის სასარგებლოდ; მოსამართლეთა ამგვარი შემადგენლობით ის საკითხი თუ ვინ ვის მისცა ხმა წარმოსახვის დიდ უნარს არ საჭიროებს.“
უმაღლესი სასამართლოს პროფესიონალმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ ორ მოსამართლეზე გაკეთებულ ამ განცხადებებს შეეძლოთ საზოგადოების თვალში შეელახათ სასამართლო სისტემის რეპუტაცია და ამასთან, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ მისადმი ნდობა. როგორც გრენლანდიის სასამართლო ხელისუფლების პირველი პირი, მან განცხადებით მიმართა გრენლანდიის პოლიციის უფროსს და ამ საკითხზე სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყება მოთხოვა. შედეგად ნარსაქის რაიონული სასამართლოს წინაშე, მომჩივანს ბრალი დაედო ცილისწამებაში გრენლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. სასამართლომ დამნაშავედ ცნო მომჩივანი ხსენებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის დანაწესის შესაბამისად, მან ვერ მოახერხა გაემართლებინა საკუთარი სიტყვები ორი მოსამართლის მისამართით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 2000 დანიური კრონის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მომჩივანმა გაასაჩივრა აღმოსავლეთ დანიის უმაღლეს სასამართლოში, თუმცა საქმე ისევ გრენლანდიის უმაღლეს სასამართლოს გადაეცა, ვინაიდან ის იქნა მიჩნეული კომპეტენტურ განმხილველ ორგანოდ. როდესაც უმაღლესმა სასამართლომ განიხილა საქმე, ზემოთ ხსენებული პროფესიონალი მოსამართლე (რომელიც ვერ განიხილავდა საქმეს, რომლის სამართალწარმოებაშიც მონაწილეობდა) ჩაანაცვლა ერთ-ერთმა მისმა მოადგილემ.
მოცემულ გადაწყვეტილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მომჩივანმა არასათანადოდ შეაფასა ხმების გადანაწილება 1981 წლის საქმეზე, განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ დასაბუთების კონკრეტულ ასპექტთან მიმართებით დაფიქსირდა, ადგილობრივი მთავრობის სასარგებლო დასკვნა სამივე მოსამართლემ ერთხმად მიიღო. მომჩივანმა შემდეგ განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა, მიეცათ შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში. 1985 წლის 14 მარტს მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ ცილისწამებისთვის მისი მსჯავრდება არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლს.
სამართალი – მე-10 მუხლი:
25. სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მომჩივნის მსჯავრდება ცალსახად წარმოადგენდა საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევას მისი გამოხატვის თავისუფლებაში, როგორც ეს გამყარებულია კონვენციის მე-10 მუხლში. თუმცა, ამგვარი ჩარევები არ მოვა კონვენციასთან წინააღმდეგობაში, თუ შესრულებული იქნება მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფში გაწერილი წინაპირობები.
26. მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ჩარევა „გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით“ და არც ის, რომ მის მიზნებს, როგორც ეს მთავრობამ განმარტა, წარმოადგენდა სხვათა რეპუტაციის დაცვა და ირიბად, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნება. კომისიის მსგავსად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ აღნიშნულ ასპექტებთან მიმართებით ჩარევა აკმაყოფილებდა მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მოთხოვნებს.
27. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე სადავოდ გამხდარი ერთადერთი საკითხი ეხებოდა იმას, იყო თუ არა ზემოთ ხსენებული მიზნების მისაღწევად მოცემული ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
28. სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამგვარი საჭიროების არსებობისა და ზომის შეფასების კუთხით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული ფარგლებით, თუმცა ის მჭიდროდ დაკავშირებულია ევროპულ ზედამხედველობასთან, რაც მოიცავს, როგორც კანონმდებლობის, ასევე დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ზედამხედველობას. მაშასადამე, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოდის თუ არა „შეზღუდვა“ და „ჯარიმა“ შესაბამისობაში გამოხატვის თავისუფლებასთან. აღნიშნულის განსახორციელებლად, სასამართლომ 1984 წლის 3 ივლისის სადავო გადაწყვეტილება უნდა განიხილოს როგორც მთლიანად, საქმესთან ერთიანობაში, ასევე, უშუალოდ მომჩივნის სტატიაში გაკეთებულ შესაბამის განცხადებებთან მიმართებით. კერძოდ, მან უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა მოცემული ჩარევა „მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული“, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით (იხ. საქმე მიულერი და სხვები ; 24 მაისი 1988, სერია A, # 133, გვ. 21-22,$ 32-33).
29. მოცემულ საქმეში პროპორციულობა გულისხმობს, რომ მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფში მოცემული მიზნების მიღწევის ინტერესი უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების ღიად განხილვის მნიშვნელობის საპირისპიროდ (იხილეთ mutatis mutandis, Lingens-ის საქმე; 8 ივლისი 1986, სერია A. # 103, გვ. 26,$. 42). მოცემულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დასაცავად, სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს, (როგორც ეს მომჩივანმა და კომისიამ გამოკვეთეს) იმ უდიდესი მნიშვნელობის საკითხს, რაც გულისხმობს საზოგადოების წახალისებაზე უარის თქმას, სისხლისსამართლებრივი თუ სხვა სახის სანქციების შიშის გამო, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე.
30. მომჩივნის სტატია შეიცავდა ორ ელემენტს: პირველი, გადასახადებთან დაკავშირებული 1981 წლის საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის კრიტიკას და მეორე, განცხადებას, რომ ორმა არაპროფესიონალმა მოსამართლემ „შეასრულეს მათი მოვალეობა“, რაც ამ კონტექსტში შესაძლოა ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ მათ ხმები მისცეს, როგორც ადგილობრივი მთავრობის მიერ დანიშნულმა პირებმა, ვიდრე დამოუკიდებელმა დ მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა.
31. მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მხოლოდ მეორე ელემენტმა გამოიწვია. თუმცა, კომისიის აზრით, მოცემული განცხადება ეხებოდა საჯარო ინტერესის მქონე საკითხებს, რომელიც მოიცავდა საჯარო ადმინისტრაციის, მათ შორის სასამართლოს, ფუნქციონირებას. კომისიის თანახმად, საჭიროების ტესტი ამგვარ საკითხებში განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს: ამდენად, იმის გათვალისწინებითაც, რომ სტატია შესაძლოა ორ არაპროფესიონალ მოსამართლეზე შეტევად იქნას განმარტებული, სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებაზე საჯარო დებატის არსებობის ზოგადი ინტერესი უფრო აღმატებულად უნდა შეფასდეს, ვიდრე ორი არაპროფესიონალი მოსამართლის ინტერესი, დაცული იყვნენ ხსენებულ სტატიაში გამოხატული კრიტისაგან.
მომჩივანი ამ შეხედულებას უჭერდა მხარს. კერძოდ, ის აღნიშნავდა, რომ მისი განცხადებები უკავშირდებოდა ისეთ საკითხს, რომელიც აშკარა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო, ვინაიდან ყურადღებას ამახვილებდა უმაღლესი სასამართლოს მიერ არაკვალიფიციურ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით დაშვებულ პროცედურულ შეცდომაზე.
მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ კომისიამ მომჩივნის სადავო განცხადება მინიმუმამდე დაიყვანა, მიიჩნია რა ის, როგორც მხოლოდ უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობის კრიტიკა. ის კი ფაქტობრივად წარმოადგენდა საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებას, რაც ეწინააღმდეგებოდა გრენლანდიის სისხლის სამართლის კოდექსი 28-ე მუხლს. მთავრობა ასევე არ დაეთანხმა საჭიროების ტესტის კომისიისეულ განმარტებას: მათ მძიმე ტვირთი დააკისრეს ეროვნულ სახელმწიფო ორგანოთა მიხედულების ფარგლებს. მთავრობის თანხმად, მომჩივნის ბრალდებები იყო ცილისმწამებლური ხასიათის, არ იყო გამყარებული არანაირი მტკიცებულებით და ფაქტობრივად, მცდარი გახლდათ. მეტიც, განურჩევლად იმისა, იყვნენ თუ არა არაპროფესიონალი მოსამართლეები მართლაც არაკვალიფიციურები 1981 წლის საქმის განხილვის მიზნებისთვის, მომჩივნის ბრალდებები ხელს არ უწყობდა ისეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომლის დაცვაც ღირებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
32. გრენლანდიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მის დასკვნას, რომელიც იურისდიქციის სათანადოდ განხორციელებისას გააკეთა, რომ ,,სტატიაში მოცემული სიტყვები, რომელთა თანახმად,,, არაპროფესიონალმა მოსამართლეებმა შეასრულეს დაკისრებული ვალდებულები... კერძოდ, მათი, როგორც ადგილობრივი მთავრობის თანამშრომლების ვალდებულება, გადაწყვეტილება მიეღოთ მის [მთავრობის] სასარგებლოდ- წარმოადგენს სერიოზულ ბრალდებას, რაც სავარაუდოდ დააკნინებს მათ საზოგადოების თვალში’’. მომჩივნის მსჯავრდების სხვა გარემოებებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მიზნად არ ისახავდა კონვენციით გათვალისწინებული მისი უფლების შეზღუდვას, კერძოდ, 1981 წლის საგადასახადო დავის საქმეზე გამოეთქვა კრიტიკა უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით. დანამდვილებით, მისი უფლება გამოეთქვა მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღიარებულ იქნა უმაღლესი სასამართლოს 1984 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით.
33. გარდა ამისა, ვერ იქნება მიჩნეული, რომ მომჩივნის მსჯავრდების შედეგად, შეიზღუდა აღნიშნული უფლება.
ორ არაპროფესიონალ მოსამართლეზე პირადი თავდასხმის გარეშეც შესაძლებელი იყო უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობის სადავოდ გახდა. დამატებით, არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მომჩივანი მართებულად მიიჩნევდა, რომ მის მიერ კრიტიკის ფარგლებში წამოჭრილი ორი საკითხი იმდენად დაკავშირებული იყო ერთმანეთთან, რომ არაპროფესიონალ მოსამართლეთა მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს ლეგიტიმურს ხდიდა. უმაღლესი სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა ამ უკანასკნელთა მიმართ გაკეთებული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულება, არ გასაჩივრებულა; შესაბამისად, მომჩივანმა ბრალდებები დააფუძნა იმ ფაქტს, რომ არაპროფესიონალი მოსამართლეები დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივი მთავრობის მიერ, რომელიც 1981 წლის საგადასახადო დავაში მოპასუხე მხარე იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა წარმოშვას აზრთა სხვადასხვაობა სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, ის ცალსახად არ ადასტურებდა მიკერძოების არსებობას და მომჩივანს არ შეიძლება არ სცოდნოდა ეს.
34. შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი, დაეცვა არაპროფესიონალი მოსამართლეების რეპუტაცია, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მომჩივნის ინტერესთან, მონაწილეობა მიეღო საჯარო დებატებში უმაღლესი სასამართლოს სტრუქტურული მიუკერძოებლობის საკითხთან დაკავშირებით. დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განხილვისას, უმაღლესმა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სადავო განცხადება გამოქვეყნდა 1981 წელს სასამართლოს შემადგენლობასთან მიმართებით მომჩივნის მიერ გამოთქმული კრიტიკის კონტექსტში.
35. მომჩივანი დავობდა, რომ 1981 წლის საგადასახო საქმის პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, არაპროფესიონალი მოსამართლეების მიმართ მის მიერ გამოთქმული ბრალდებები აღქმული უნდა იყოს პოლიტიკური დებატების ნაწილად, რომელსაც კრიტიკის მიმართ უფრო ფართო ფარგლები აქვს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს. არაპროფესიონალი მოსამართლეები ახორციელებდნენ სამოსამართლო ფუნქციებს. სადავო განცხადებები მიმართული იყო არა 1981 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების დასაბუთების კრიტიკისაკენ, არამედ როგორც უმაღლესი სასამართლოს 1984 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა, აღნიშნული განცხადებები პირადად არაპროფესიონალი მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებლური ბრალდებებს წარმოადგენდა; აღნიშნული ბრალდებები გამოთქმული იყო დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე და სავარაუდოდ საზოგადოების თვალში დააკნინებდა არაპროფესიონალ მოსამართლეებს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროპორციულობის საკითხის განხილვისას საგადასახადო დავის პოლიტიკური ფონი ვერ მიიჩნევა რელევანტურ გარემოებად.
36. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ წინამდებარე საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
დასკვნა: კონვენციის მე-10 მუხლი არ დარღვეულა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] Lay Judge - სხვადასხვა სამართლებრივი კულტურის ქვეყნებში, სამოქალაქო სამართლის საქმეების განსახილველად მოსამართლედ გამწესებული პირი, რომელიც, როგორც წესი, საჭიროებს სათანადო სამართლებრივ ინსტრუქციას. ამ ინსტიტუტით ხასიათდება ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არ ჰყავთ ნაფიცი მსაჯულები.