Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
(Batiashvili v. Georgia)
საჩივარი N8284/07
2019 წლის 10 ოქტომბერი
ფაქტები: მომჩივანი, ირაკლი ბათიაშვილი, 1961 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს თბილისში.
2006 წლის ივლისში საქართველოში წარმოიქმნა დაძაბულობა იმის გამო, რომ შესაძლო იყო კოდორის ხეობაში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტი დაწყებულიყო. აღსანიშნავია, რომ ეს დაჯგუფება 1992-1993 წლებში საქართველოს მთავრობას აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის უსისხლო პოლიციის ოპერაციის შედეგად კოდორის ხეობაზე კონტროლი მოიპოვა.
2006 წლის 22 ივლისს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას. მომდევნო დღეს საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირების ლიდერის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის უფლება; შესაბამისად, აღნიშნული ფორმირების ლიდერისა და ოპოზიციის თვალსაჩინო წევრის, მომჩივნის, სატელეფონო საუბარი ჩაწერილ იქნა. სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 2006 წლის 25 ივლისს ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა.
მომჩივანმა უარყო ვითარება და განაცხადა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. მაღალი პოლიტიკური ფიგურები საჯაროდ აკეთებდნენ კომენტარებს ანტისამთავრობო საქმიანობაში მომჩივნისა და ადგილობრივი ლიდერის ჩართულობაზე და მომჩივნის დამნაშავეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ აყენებდნენ. 2006 წლის 29 ივლისს მომჩივანი დააპატიმრეს. მას ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო. მომჩივანი დამნაშავედ ცნეს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის გადაწყვეტამდე ის პრეზიდენტმა შეიწყალა.
მომჩივანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საჩივარი წარადგინა რამდენიმე საკითხთან მიმართებით. კერძოდ, კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, ის დავობდა, რომ განჩინება მისი წინასწარი პატიმრობის თაობაზე არ იყო საკმარისად დასაბუთებული, კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, ის დავობდა, რომ სააპელაციო სამართალწარმოება, რომელიც ეხებოდა მისი პატიმრობის გადასინჯვას, ზეპირი მოსმენის გარეშე წარიმართა და აგრეთვე მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო საქმის მასალები. გარდა ამისა, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მომჩივანი აცხადებდა, რომ პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები და მისი სატელეფონო საუბრის დამონტაჟებული ვერსიის ტელევიზიით გავრცელება არღვევდა მის უდანაშაულობის პრეზუმფციას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი
სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ საკითხი იმის თაობაზე, იყო თუ არა პატიმრობა გონივრული უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღნიშნული მიზეზებისა და მომჩივნის მოთხოვნებში დოკუმენტირებული ფაქტების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები.
გონივრული ეჭვის არსებობა იმის შესახებ, რომ დაპატიმრებულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, არის განგრძობადი პატიმრობის კანონიერების წინაპირობა, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მხოლოდ ეს საფუძველი საკმარისი აღარ არის. მსგავს საქმეებში, სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეროვნული სასამართლო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სხვა მიზეზები ამართლებდა თუ არა თავისუფლების შეზღუდვას. როდესაც ასეთი საფუძველი ,,შესაბამისი’’ და ,,საკმარისია’’ სტრასბურგის სასამართლო აფასებს, ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიჩინა თუ არა ,,განსაკუთრებული გულისხმიერება’’ სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს. გამოძიების კომპლექსურობა და განსაკუთრებული ხასიათი ის ფაქტორებია, რომლებიც ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს.
რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, რომელიც მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია, ეს უკანასკნელი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2006 წლის 24 ნოემბერს. შესაბამისად, სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ გასაჩივრებული წინასწარი პატიმრობა თითქმის ოთხ თვემდე გაგრძელდა.
აღნიშნული პერიოდის გონივრულობა აბსტრაქტულად ვერ შეფასდება. ამასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის თავდაპირველი პატიმრობის პერიოდი (2 თვე) განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს 30 ივლისის განჩინებით, რომელიც შემდგომში, 3 აგვისტოს, მეორე ინსტანციამაც დაადასტურა. ეს პერიოდი გაგრძელდა ორჯერ, თითოეულ შემთხვევაში თითო თვით, პირველი ინსტანციის მიერ და შემდგომში დადასტურდა სააპელაციო სასამართლოს მიერაც. შესაბამისად, იმისათვის რომ დადგინდეს, იყო თუ არა მომჩივნის პატიმრობა გონივრული, კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეაფასოს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული მიზეზები, ისევე როგორც მომჩივნის მიერ გათავისუფლების თაობაზე განცხადებებში წამოჭრილი არგუმენტები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა გონივრული ეჭვისა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, ეროვნულმა სასამართლომ მისი გათავისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტებად მიუთითა მიმალვის საფრთხის არსებობა, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი შეფასება არ გაუკეთებია, და აგრეთვე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის რისკები. ამ უკანასკნელ არგუმენტთან დაკავშირებით ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაში იყო და ძირითადად მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იყო; ამასთანავე, პოტენციური მოწმეები ჯერ არ იყვნენ დაკითხულნი. მომჩივნის შუამდგომლობას, რომელიც ეხებოდა მის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, იმავე საფუძვლებით უარი ეთქვა. მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ ზემოთ მოცემული მიზეზები წარმოადგენდა მომჩივნის პატიმრობის გაგრძელების შესაბამის და საკმარის საფუძვლებს.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიჩინა თუ არა ,,განსაკუთრებული გულისხმიერება’’ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დროს. ეროვნული სასამართლოები გამუდმებით უთითებდნენ საქმის კომპლექსურობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ შეძლეს ოთხი თვის განმავლობაში გამოძიების დასრულება; სასამართლოები აგრეთვე უთითებდნენ მომჩივნის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულების განადგურების საფრთხეზე. ეროვნულმა სასამართლოებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადგილი არ ჰქონდა თვითნებურ გაჭიანურებას. სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მომჩივანი გამოძიების დასრულების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებმა მომჩივნის საქმის განხილვის დროს არ გამოიჩინეს განსაკუთრებული გულისხმიერება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი
სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით პროცედურული სამართლიანობის მოთხოვნა არ ადგენს ერთიან სტანდარტს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს კონტექსტის, ფაქტებისა და გარემოებების მიუხედავად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამართალწარმოება შეჯიბრებითი უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს ,,თანასწორობას’’ მხარეებს, პროკურორსა და დაპატიმრებულ პირს შორის. ეროვნული კანონმდებლობა ამ მოთხოვნას შეიძლება სხვადასხვა ფორმით აკმაყოფილებდეს, თუმცა რა მეთოდიც არ უნდა იქნეს შერჩეული, ის უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეორე მხარეს მიეწოდება ინფორმაცია წარდგენილი მტკიცებულებების შესახებ და მათზე საპასუხო კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა მიეცემა.
სასამართლომ განაცხადა, რომ ნორმალურ პირობებში კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის პროცედურული მოთხოვნები შესრულებულია, როდესაც დაპატიმრებული პირი წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც იმსჯელა გათავისუფლების შესახებ მის შუამდგომლობაზე, თუნდაც სააპელაციო წარმოების დროს მეორე ინსტანციის სასამართლოს წინაშე განხილვას ის თავად არ დაესწროს.
რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე ესწრებოდა ყველა სასამართლო პროცესს, რომელიც ეხებოდა მის წინასწარ პატიმრობას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე, მის წინაშე არსებული საქმის მასალების საფუძველზე. ეს განჩინებები შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დარჩა ძალაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინებები. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები შესრულდა.
რაც შეეხება მომჩივნის ხელმისაწვდომობას საქმის მასალებზე, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე გალუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განჩინება) N40008/04, 2006 წლის 24 ოქტომბერი) აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გადასინჯვის პროცედურები სწრაფი წესით უნდა ყოფილიყო განხილული. აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც ასევე კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ძირითად პრინციპს წარმოადგენს, ეროვნულ სასამართლოებს ვერ მოეთხოვებათ ყველა გარემოებაში უზრუნველყონ მხარეებს შორის მტკიცებულებების გაცვლა, ვინაიდან ეს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ 24-საათიან ვადაში გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს გახდიდა.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად აუცილებელი უნდა იყოს საპირწონე საჯარო ინტერესით. სადაც არ არის შესაძლებელი საქმის მასალების სრული ხელმისაწვდომობა, კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი მოითხოვს, რომ ამით გამოწვეული სირთულეები დაბალანსებული იყოს იმგვარად, რომ პირს კვლავ ჰქონდეს შესაძლებლობა, ეფექტურად გაასაჩივროს მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო შესაბამისი მტკიცებულებების სია. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდებები ეხებოდა მის მიერ შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერისთვის მხარდაჭერის გაწევას, რაც მას გამოთქმული ჰქონდა თავის სატელევიზიო გამოსვლებში, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო იყო და მათ შორის განხორციელებული სატელეფონო საუბარი მედიით გაშუქდა, ეს ფაქტორები აბალანსებდა მომჩივნის დაპატიმრების თავდაპირველ ეტაპზე მის შეზღუდულ ხელმისაწვდომობას საქმის მასალებზე, ვინაიდან მას კვლავ შეეძლო მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების ეფექტური გასაჩივრება.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით დარღვევა არ დაადგინა.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი
სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც სამართლიანი სასამართლო უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია. კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს წინასწარი აზრის გამოხატვას, რომ პირი ,,რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში’’ დამნაშავეა, მანამ სანამ კანონის შესაბამისად არ დადგინდება მისი დამნაშავეობა. ეს აკრძალვა აგრეთვე ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლებზეც; მიმდინარე სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებით მათ არ უნდა გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას ბრალდებულის დამნაშავეობაში დაარწმუნებს.
სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე განაცხადა, რომ კონვენციის მე-10 მუხლით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას, რაც, გარკვეულწილად, მოიცავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასაც. შესაბამისად მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ვერ შეზღუდავს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმდინარე სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, თუმცა აღნიშნული დანაწესი მოითხოვს, რომ მათ ეს გააკეთონ უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დაცვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი ასაჩივრებდა ხელისუფლების მიერ პრესისთვის ინფორმაციის მიწოდების დასაშვები ფარგლების დარღვევას, კერძოდ, ის აცხადებდა, რომ მასსა და დაჯგუფების ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი მედიაში გავრცელებამდე დამონტაჟდა ისე, რომ ამოიჭრა საუბრის გარკვეული ნაწილი და შეიქმნა შთაბეჭდილება იმისა, რომ მომჩივანმა შესაბამის უწყებას არ აცნობა დანაშაულის შესახებ. შემდეგში მომჩივანს ბრალი დაედო სწორედ დანაშაულის შეუტყობინებლობაში.
მხარეების მიერ წარდგენილი პოზიციები განსხვავდება როგორც იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა საუბრის ჩანაწერი დამონტაჟებული, აგრეთვე იმასთან მიმართებით ეს ჩანაწერი ხელისუფლებამ დაამონტაჟა თუ კერძო ტელევიზიამ.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს თანმიმდევრული პოზიცია ჰქონდა, რომელიც ეროვნულ დონეზე არაერთხელ გააჟღერა, მათ შორის პოლიციის მიერ პირველად დაკითხვის დროს. კერძოდ, ის აცხადებდა, რომ აუდიო ჩანაწერი იმგვარად იყო დამუშავებული, რომ მასსა და ე.კ-ს შორის დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოღებული იყო; ამ უკანასკნელმაც დაადასტურა, რომ მომჩივანმა სამხედრო დახმარებაზე მას უარი განუცხადა.
განსხვავებით მომჩივნისგან, მთავრობის მიერ ეროვნულ დონეზე და სტრასბურგის სასამართლოსთვის წარმოდგენილ ინფორმაციას შორის შეუსაბამობა იკვეთებოდა. მთავრობამ ევროსასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობდა აუდიო ჩანაწერის ერთადერთი ვერსია- ის, რომელიც ტელევიზიით გაშუქდა შეესაბამებოდა მომჩივნის საქმის მასალებში არსებულ ჩანაწერს. ამის საპირისპიროდ, პროკურატურამ დაადასტურა ჩანაწერის სრული ვერსიის არსებობა, რომელიც მომჩივნის პირად საქმეში მტკიცებულების სახით იყო წარმოდგენილი და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა; მისი ავთენტურობა და სანდოობა არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. შესაბამისად, აუდიო ჩანაწერის სრული არსებობა დადასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ჩანაწერის ტრანსკრიპტით. ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობდა ჩანაწერის ორი ვერსია, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ სათანადო ახსნა-განმარტება ვერ წარმოადგინა.
რაც შეეხება საკითხს თუ ვინ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი, მთავრობის არგუმენტი ეროვნულ დონეზე იყო ის, რომ კერძო ტელევიზიამ ალბათ შეამცირა ვიდეო, რაც საეთერო დროის შეზღუდულობით იყო განპირობებული. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე კი მთავრობამ განაცხადა, რომ კერძო ტელევიზიის გადასაწყვეტი იყო, თუ რომელ ნაწილს მიიჩნევდა იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ეთერში გასულიყო. სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ორივე არგუმენტზე. პირველ რიგში, ის არგუმენტი, რომ ტელევიზიას შეზღუდული საეთერო დრო ჰქონდა არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან იმ ჩანაწერის ხანგრძლივობა, რაც ტელევიზიით გადაიცა, ერთი წუთი და ორმოცი წამი იყო. იმ ჩანაწერის ხანგრძლივობაც, რომლის ტრანსკრიპტიც მოცემული იყო სისხლის სამართლის საქმეში, იდენტური იყო. რაც შეეხება იმ ზოგად არგუმენტს, რომ ტელევიზიას შეეძლო ეთერში გაეშვა დიალოგის ის ნაწილი, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევდა, ეს არ შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მთავრობის მიერ წარდგენილ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა ჩანაწერის მხოლოდ ერთი ვარიანტი.
ზემოხსენებულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩანაწერი მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უფრო მეტიც, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო აღნიშნული ტელევიზიისთვის მომჩივნის მიერ მიცემულ ინტერვიუს მას შემდეგ, რაც გავრცელდა სადავო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მედიის მიმართ ვერ იარსებებს მოლოდინი იმისა, რომ გადაამოწმოს მათთვის გადაცემული ინფორმაცია, როდესაც არსებობს საპირწონე საჯარო ინტერესი განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სამხედრო აჯანყება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, არსებობდა თუ არა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტი მომჩივნის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ აუდიო ჩანაწერი მედიისთვის გადაცემამდე დამონტაჟდა. ამასთან მიმართებით სასამართლომ განაცხადა, რომ მტკიცებულების შეფასებისას ის არ არის შეზღუდული რაიმე წესებით და გადაწყვეტილებას იღებს ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასების შედეგად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის ეჭვი ვიდეო ჩანაწერის დამონტაჟებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო.
რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა მსგავსი ქმედება კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს, სასამართლომ აღნიშნა, მართალია, აუდიო ჩანაწერი ტელევიზიით გაშუქდა 2006 წლის 25 ივლისს და მომჩივანს ოფიციალურად ბრალი წარედგინა 2006 წლის 29 ივლისს, თუმცა ის მოვლენებს მთლიანობაში შეაფასებს. კერძოდ, სასამართლომ ყურადღების მიღმა არ დატოვა ის ფაქტი, რომ ჩანაწერი მოპოვებულ იქნა 2006 წლის 22 ივლისს დაწყებული წინასწარი გამოძიების ფარგლებში. უფრო მეტიც, საგამოძიებო ორგანოებმა ჩანაწერის მედიისთვის გადაცემამდე მონტაჟის მეშვეობით იმგვარი ფონი შექმნეს, თითქოს დაჯგუფების ლიდერი, ე.კ., აჯანყების ფარგლებში თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან და მომჩივანი ამ ყოველივეს ამართლებდა. 2006 წლის 26 ივლისს მომჩივანი მოწმის სტატუსით დაიკითხა, მან განაცხადა, რომ აუდიო ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ხელისუფლების ორგანოებმა მისთვის ფორმალურად ბრალის წაყენება და დაპატიმრება მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, 2006 წლის 29 ივლისს გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ დამონტაჟებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც მედიაში გავრცელდა. მოვლენების ეს თანმიმდევრობა, მთლიანობაში აღებული, ცხადყოფდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, მომჩივნის მდგომარეობაზე გავლენა იქონია საგამოძიებო ორგანოების ქმედებამ, რომელმაც მტკიცებულების გაყალბებით მომჩივანთან მიმართებით არასწორი ეჭვები გააჩინა, რათა შემდგომში ამ მასალაზე დაყრდნობით მისთვის სისხლისსამართლებრივი ბრალი წარედგინათ.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების დროს მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდება გაუქმდა, თუმცა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც სასამართლოს გადაეცა 2006 წლის 24 ნოემბერს - თითქმის ოთხი თვის შემდეგ, რაც ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა- კვლავ მოხსენებული იყო აღნიშნული ბრალი მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მტკიცებულების სიყალბე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენა გაცდა აუდიო ჩანაწერის მედიისთვის გადაცემის ფაქტს და გაგრძელდა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სატელეფონო აუდიო ჩანაწერის ტელევიზიით გაშუქების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა გააკეთეს რამდენიმე განცხადება და გამოთქვეს მოსაზრებები კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მომჩივნის როლზე. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას სასამართლოს მიერ მისი ბრალის დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა დაადგინა.
კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში
სტრასბურგის სასამართლომ არ განიხილა საჩივრის ის ნაწილი, რომლითაც მომჩივანი მე-18 და მე-5 (1) მუხლების (პოლიტიკური დევნით დაკავება) ერთობლივი დარღვევით დავობდა. სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობა განხორციელდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენდა, მისი თავისუფლების შეზღუდვისათვის ხომ არ არსებობდა რაიმე სხვა ფარული მოტივები. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ისევე როგორც მომჩივნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების განცხადებები, ვერ მიიყვანდა სასამართლოს დასკვნამდე, რომ ეროვნული სასამართლოები მოქმედებდნენ ფარული მოტივებით, რათა მომჩივანი ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას. სასამართლოს წინაშე არსებული საქმის მასალები, აგრეთვე მომჩივნის წინააღმდეგ განხორციელებული სწრაფი და დასაბუთებული ეროვნული სამართალწარმოება, არ მიუთითებდა იმაზე, რომ მომჩივნის პატიმრობის უკან მსგავსი მოტივები იდგა.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივარი ამ ნაწილში აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
სამართლიანი დაკმაყოფილება: სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.