© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეორე სექცია
ბატტისტა იტალიის წინააღმდეგ
(საჩივარი N 43978/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2 დეკემბერი 2014 წ.
საბოლოო
02/03/2015
გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44-ე მუხლის § 2 შესაბამისად. იგი შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.
საქმეზე ბატტისტა იტალიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ (მეორე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
აისილ კარაკასი, თავმჯდომარე
გიდო რაიმონდი,
ანდრაშ შაიო,
ნებოისა ვუჩინიჩი,
ჰელენ კელერი,
ეგიდიუს კურისი
რობერტ სპანო, მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმითი, სექციის რეგისტრატორი,
დახურული სხდომა ჩატარდა 2014 წლის 4 ნოემბერს,
იმავე თარიღით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
საქმის საფუძველია საჩივარი (N 43978/09) იტალიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2009 წლის 6 აგვისტოს, მიმართა იტალიის მოქალაქემ ბ-ნმა ალესსანდრო ბატტისტამ („მომჩივანი“). მომჩივანს წარმოდგენდა ბატონი ა.ბატტისტა, ნეაპოლელი ადვოკატი. იტალიის მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენდა მისი აგენტი, ქ–ნი ე.სპატაფორა. 2011 წლის 11 აპრილს საჩივრის შესახებ ეცნობა მთავრობას.
ფაქტები
საქმის გარემოებები
მომჩივანი დაიბადა 1967 წელს და ცხოვრობს ნეაპოლში. მეუღლესთან (დ.ლ.) განქორწინების თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოებისას, დროებითი საცხოვრებლის ორდერი გაიცა ორივე მშობლის მიმართ წყვილის ორ შვილთან (გ.ლ. და მ.თ) მიმართებით. 2007 წლის 29 აგვისტოს მომჩივანმა მეურვეობის მოსამართლეს ახალი პასპორტის გაცემის თხოვნით მიმართა, რომელშიც მისი ვაჟიშვილის გ.ლ.–ს ვინაობის ჩაწერა მოითხოვა. მომჩივნის ყოფილი მეუღლე არ დაეთანხმა ამ მოთხოვნას და განაცხადა, რომ მომჩივანი არ იხდიდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განქორწინებისას დაკისრებულ ალიმენტს. 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეურვეობის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და მიუთითა, რომ აღნიშნული პასპორტის გაცემა მიზანშეუწონელი იყო, ალიმენტზე ბავშვების უფლების დაცვის იმპერატიული ბუნებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა, რომ მომჩივანი, რომელიც ვალდებული იყო გადაეხადა 600 ევრო (EUR) თვეში, იხდიდა მხოლოდ მცირე რაოდენობას (EUR 45-დან 90-მდე) და არსებობდა საფრთხე, რომ ქვეყნიდან გასვლით იგი საერთოდ აარიდებდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს. 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მეურვეობის მოსამართლემ ბრძანა, რომ მ.თ.-ს სახელი ამოეღოთ მომჩივნის პასპორტიდან. 2007 წლის 21 ოქტომბერს ნეაპოლის პოლიციის კომისარმა (questore) მომჩივანს მოსთხოვა პასპორტის პოლიციის განყოფილებაში ჩაბარება და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შეცვალა ისე, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისთვის საზღვარგარეთ მგზავრობა.მომჩივანმა მეურვეობის მოსამართლის გადაწყვეტილება ნეაპოლის სასამართლოში გაასაჩივრა. იგი ამტკიცებდა, რომ:
– განქორწინების საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ დადგენილი პირობების თანახმად, მის შვილებს სკოლის არდადეგების ნაწილი, 10-დან 26 აგვისტომდე, მასთან უნდა გაეტარებინათ; აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი გეგმავდა ბავშვები დასასვენებლად სიცილიაზე თვითფრინავით წაეყვანა; ამ მიზნით საჭირო იყო, რომ მის პასპორტში ჩაწერილი ყოფილიყვნენ მისი შვილები;
- მისი ყოფილი მეუღლის განცხადების და მეურვეობის მოსამართლის გადაწყვეტილების გამო, ის და მისი შვილები ვერ გაემგზავრნენ დასასვენებლად;
- ბავშვების ვინაობა დედის პასპორტში ჩაწერეს;
- მისი თხოვნის უგულებელყოფა უტოლდებოდა სასჯელს, რომელიც გათვალისწინებული არ იყო კანონით;
11. 2008 წლის 7 თებერვალს მომჩივანმა ნეაპოლის მეურვეობის მოსამართლეს ახალი პასპორტის გაცემის თხოვნით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ მისი პასპორტი და პირადობის მოწმობა მის ყოფილ მეუღლეს ჰქონდა შენახული.
12. 2008 წლის 29 თებერვლის დადგენილებით, ნეაპოლის მეურვეობის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ის ალიმენტის თანხას არ უხდიდა თავის შვილებს და არსებობდა საშიშროება, რომ მას ქვეყნის დატოვება ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით უნდოდა.
მომჩივანმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაც ნეაპოლის სასამართლოში გაასაჩივრა და დავობდა, რომ დაირღვა მისი უფლება მიმოსვლის თავისუფლებაზე.
13. 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ნეაპოლის სასამართლომ გააერთიანა საჩივრები და დაუშვებლად სცნო ისინი.სასამართლომ აღნიშნა, რომ მეურვეობის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა 1967 წლის 21 ნოემბრის კანონი N 1185, რომელშიც ცვლილებები 2003 წელს პასპორტების შესახებ კანონით განხორციელდა (კანონი N.3)
14. სასამართლომ დაადგინა, რომ მეურვეობის მოსამართლეს გააჩნდა იურისდიქცია პასპორტის თაობაზე მომჩივნის მოთხოვნის და პასპორტში მისი ვაჟიშვილის ვინაობის ჩაწერის საკითხის განსახილველად. რაც შეეხება საჩივრის არსებით მხარეს სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით და აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა ერთ–ერთ კანონიერ საფუძველს პასპორტის გაცემაზე უარის თქმისთვის, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, პასპორტის შესახებ კანონის მე–12 მუხლის თანახმად.
15. 2008 წლის 4 ნოემბერს დ.ლ.–ს დააკისრეს ჯარიმა, 100 ევროს ოდენობით, მომჩივანთან შეხვედრაზე ბავშვების არ მოყვანის გამო.
16. 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, მეურვეობის მოსამართლემ დ.ლ–ის მოთხოვნის საფუძველზე გასცა პასპორტი დ.ლ.–სთვის, სადაც მისი ორივე შვილის ვინაობა დაფიქსირდა.
17. 2012 წლის 21 აგვისტოს მომჩივანმა ნეაპოლის მეურვეობის მოსამართლეს მოსთხოვა მისი შვილებისთვის ინდივიდუალური პასპორტების გაცემა, 2009 წლის N 135 საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
18. დ.ლ–ი აღნიშნულს შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ ეს პასპორტები ბავშვებს არ სჭირდებოდათ; მომჩივანს არ ჰქონდა ალიმენტი გადახდილი 2007 წლიდან და რომ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეოდა მომჩივნის წინააღმდეგ.
19. 2012 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მეურვეობის მოსამართლემ მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მან გაითვალისწინა, რომ მომჩივანსა და დ.ლ.–ს შორის დავა განქორწინების საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და დ.ლ.–ის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, რომელთანაც ცხოვრობდნენ ბავშვები, მიზანშეწონილი იყო ბავშვებისთვის პასპორტების გაცემის თაობაზე ნებისმიერი საკითხის განხილვის შეჩერება. მომჩივანს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
რელევანტური შიდა და საერთაშორისო სამართალი
20. 1967 წლის 21 ნოემბრის კანონი N. 1185, რომელშიც ცვლილებები განხორციელდა 2003 წელს პასპორტების შესახებ კანონით (კანონი N.3), ადგენს შემდეგს:
მუხლი 3
„პასპორტი არ გაიცემა:
(ა) ბავშვებზე, რომლებზეც ვრცელდება მშობლების მეურვეობა, მშობლების თანხმობის გარეშე ან მშობლების მეურვეობის არ არსებობის შემთხვევაში, მეურვეობის მოსამართლის თანხმობის გარეშე;
(ბ) მშობლებზე, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, მეურვეობის მოსამართლის თანხმობის გარეშე. ასეთი ნებართვა საჭირო არ არის მეორე მშობლის თანხმობის შემთხვევაში ან თუ მხოლოდ ერთ–ერთ მშობელს გააჩნია ბავშვებზე მეურვეობა. . .
მუხლი 12
პასპორტი შეიძლება ჩამოერთვას პირს, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და ვერ დაამტკიცებს, რომ ის იხდის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტის გადასახადს თავისი მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ...“
21. პრაქტიკაში არსებობს ორი გამონაკლისი გარემოება, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია პასპორტის გაცემა: როდესაც მოცემული პირი დაასაბუთებს, რომ საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას სხვა ქვეყანაში ან როდესაც პირს პროფესიული მიზეზებიდან გამომდინარე უწევს მოგზაურობა.
22. 2009 წლის N135 საკანონმდებლო აქტმა სავალდებულო გახადა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ინდივიდუალური პასპორტების ფლობა. 2009 წლის 25 ნოემბრიდან აღარ არის შესაძლებელი მცირეწლოვანი ბავშვების დაფიქსირება მათი მშობლების პასპორტებში. აღნიშნულ თარიღამდე, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ჩანაწერები ძალაში რჩება. მცირეწლოვანი ბავშვის პასპორტის მოქმედების ვადა განსხვავებულია ბავშვის ასაკის მიხედვით: სამი წელი, სამ წლამდე ასაკის მქონე ბავშვებისთვის და ხუთი წელი, სამიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მქონე ბავშვებისთვის.
23. 2008 წლის 18 დეკემბრის N 4/2009 რეგულაცია (EC) იურისდიქციის, გამოყენებადი სამართლის, აღიარების და გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და რჩენის ვალდებულების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ითვალისწინებს სხვადასხვა ზომას, რომელთა მიზანია რჩენის ვალდებულების საფუძველზე დაკისრებული თანხების გადახდის ხელშეწყობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
24. 2007 წლის 23 ნოემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენცია ალიმენტის ანაზღაურებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის ადმინისტრაციულ თანამშრომლობას და ალიმენტის გადახდევინების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების აღიარებისა და აღსრულების სისტემას.
25. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1955 წლის 17 მაისის N572 რეზოლუციით ((XIX) მოწვეულ იქნა რჩენის ვალდებულებების შესახებ გაეროს კონფერენცია, რომელზეც 1956 წლის 20 ივნისს მიიღეს და ხელმოსაწერად გახსნეს ნიუ იორკის კონვენცია საზღვარგარეთ ალიმენტის ამოღების შესახებ.
სამართალი
კონვენციის მე–4 ოქმის მე–2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
26. მომჩივანი ასაჩივრებდა სახელმწიფოს ჩარევას მის პირად ცხოვრებასა და მიმოსვლის თავისუფლებაში. კერძოდ, ის აცხადებდა, რომ არ არსებობდა ნორმატიული წესი, რომლის თანახმად მშობლებს, რომლებიც არ იხდიდნენ ალიმენტს, ეკრძალებოდათ პასპორტის ქონა ან საკუთარი შვილების ვინაობის პასპორტში შეტანა.
ის დაეყრდნო კონვენციის მე–4 ოქმის მე–2 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს ამ ტერიტორიაზე მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება.
2. ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის, საკუთარი ქვეყანა.
3. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაზე შეზღუდვის დაწესება, გარდა იმისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის ინტერესებისათვის ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
4. ზოგიერთ სივრცეში 1–ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლება ასევე შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, რომლებიც შემოღებულია კანონის შესაბამისად და გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო ინტერესებით.“
27. მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტაცია.
ა. დასაშვებობა
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი არ წარმოადგენს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის გაგებით. ის ასევე არ არის დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, საჩივარი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
ბ. საქმის არსებითი მხარე
1.მხარეთა მოსაზრებები
29. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი საფუძველი მისთვის პასპორტის გაცემაზე უარის სათქმელად. კერძოდ, ის აცხადებდა, რომ არასდროს ყოფილა მსჯავრდებული ოჯახის დახმარების ვალდებულების დარღვევისთვის (violazione degli obblighi di assistenza familiare), რაც სისხლის სამართლის კოდექსის 570–ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა, ასევე საალიმენტო ვალდებულებების გადაუხდელობისთვის. ის ასევე აცხადებდა, რომ არ ჰქონდა ნასამართლეობა.
30. მთავრობა მიუთითებდა, რომ კონსტიტუციის მე–16 მუხლის თანხმად მოქალაქის უფლება დატოვოს რესპუბლიკის ტერიტორია დამოკიდებულია მის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
31. მთავრობა აცხადებდა, რომ ჩარევა მომჩივნის უფლებაში გათვალისწინებული იყო კანონით, კერძოდ, 1967 წლის N 1185 კანონის მე–3 მუხლის (ა) და (ბ) პუნქტებით და ბავშვების დაცვას ისახავდა მიზნად: კერძოდ, მომჩივნის მიერ ალიმენტის დავალიანების გადახდის უზრუნველყოფას და დანაშაულის პრევენციას. მთავრობის მოსაზრებით, აღნიშნული ჩარევა აკმაყოფილებდა კროტერიუმს– „ აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, გადაუხდელ ვალებთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით.
32. მთავრობამ მიუთითა, რომ ნეაპოლის სასამართლომ თავისი 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება პროკურორს გაუგზავნა, რათა ამ უკანასკნელს დაედგინა, შესაძლებელი იყო თუ არა გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის 570–ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულისთვის- ოჯახის დახმარების ვალდებულების დარღვევა.
33. მთავრობამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 1997 წლის N 464 გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ 1967 წლის N 1185 კანონის შესაბამისი მუხლის არსი „ შვილების მიმართ მშობლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა“ იყო.
მთავრობა დამატებით აცხადებდა, რომ საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მეურვეობის მოსამართლის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიღებულ იქნა შედეგად „სამართალწარმოებისა, რომელიც არ მოიცავს პაექრობას“ რაც გულისხმობს, რომ ის არ ემსახურებოდა მშობლების სუბიექტურ უფლებებს შორის დავის საბოლოოდ გადაჭრის მიზანს.
34. მთავრობა დაეყრდნო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების, გაბანკროტების თუ სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების დარღვევებთან კავშირში.
2. სასამართლოს შეფასება
35. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე წამოჭრის ახალ საკითხს, იმდენად რამდენადაც სასამართლოს ადრე არ განუხილავს ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მნიშვნელოვანი ვალების არსებობის გამო, ისეთის როგორიცაა საალიმენტო დავალიანებები.
36. ადრინდელი საქმეები, რომლებიც სასამართლოს ან ადამიანის უფლებათა ყოფილ ევროპულ კომისიას განუხილავს მე-4 ოქმის მე-2 მუხლის ქვეშ, შეეხებოდა დაწესებულ შეზღუდვებს შემდეგთან დაკავშირებით, მაგალითად:
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება ( იხილეთ Schmidt v. Austria, ნო. 10670/83, კომისიის 1985 წლის 9 ივლისის განჩინება, განჩინებები და ანგარიშები (DR) 44, გვ.195; Baumann v. France, ნო. 33592/96, ECHR 2001 V; Földes and Földesné Hajlik v. Hungary, ნო. 41463/02, ECHR 2006 XII; Sissanis v. Romania, ნო. 23468/02, 25 იანვარი 2007; Bessenyei v. Hungary, ნო. 37509/06, 21 ოქტომბერი 2008; A.E. v. Poland, ნო. 14480/04, 31 მარტი 2009; Iordan Iordanov and Others v. Bulgaria, ნო. 23530/02, 2 ივლისი 2009; Makedonski v. Bulgaria, ნო. 36036/04, 20 იანვარი 2011; Pfeifer v. Bulgaria, ნო. 24733/04, 17 თებერვალი 2011; Prescher v. Bulgaria, ნო. 6767/04, 7 ივნისი 2011; და Miażdżyk v. Poland, ნო. 23592/07, 24 იანვარი 2012);
- სისხლის სამართლის სასჯელის აღსრულება ( იხილეთ M. v. Germany, ნო. 10307/83, კომისიის 1984 წლის 6 მარტის განჩინება, DR 37, გვ. 113);
- მომჩივნის ნასამართლეობა მის რეაბილიტაციამდე პერიოდში ( იხილეთ Nalbantski v. Bulgaria, ნო. 30943/04, 10 თებერვალი 2011);
- მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოება ( იხილეთ Luordo v. Italy, ნო. 32190/96, ECHR 2003 IX);
-საბაჟო ჯარიმების გადახდაზე უარის თქმა ( იხილეთ Napijalo v. Croatia, ნო. 66485/01, 13 ნოემბერი 2003);
- გადასახადების გადაუხდელობა (იხილეთ Riener v. Bulgaria, ნო. 46343/99, 23 მაისი 2006);
- კერძო პირების სასარგებლოდ სასამართლოს მიერ აღიარებული დავალიანებების გადაუხდელობა ( იხილეთ Ignatov v. Bulgaria, ნო. 50/02, 2 ივლისი 2009; Gochev v. Bulgaria, ნო. 34383/03, 26 ნოემბერი 2009; და Khlyustov v. Russia, ნო. 28975/05, 11 ივლისი 2013);
- „სახელმწიფო საიდუმლოების“ ცოდნა ( იხილეთ Bartik v. Russia, ნო. 55565/00, ECHR 2006 XV);
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოუხდელობა ( იხილეთ Peltonen v. Finland, ნო. 19583/92, კომისიის 1995 წლის 20 თებერვლის განჩინება, DR 80 A, გვ. 38 და Marangos v. Cyprus, ნო. 31106/96, კომისიის 1997 წლის 20 მაისის განჩინება, გამოუქვეყნებელი);
- დაინტერესებული პირის ფსიქიკური დაავადება, დანიშნულების ქვეყანაში მასზე სათანადო ზრუნვის მიზნით გასატარებელი ზომების არარსებობასთან ერთად (იხილეთ Nordblad v. Sweden, ნო. 19076/91, კომისიის 1993 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, გამოუქვეყნებელი);
- სასამართლოს განჩინებები, რომლებიც კრძალავენ მცირეწლოვანი ბავშვების უცხო ქვეყანაში გადაყვანას ( იხილეთ Roldan Texeira and Others v. Italy (dec.), ნო. 40655/98, 26 ოქტომბერი 2000 და Diamante and Pelliccioni v. San Marino, ნო. 32250/08, 27 სექტემბერი 2011);
- აკრძალვა, რომლის თანახმად ბულგარელს აკრძალული ჰქონდა ბულგარეთის ტერიტორიის დატოვება ორი წლის ვადით ამერიკის შეერტებული შტატების საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო (იხილეთ Stamose v. Bulgaria, ნო. 29713/05, ECHR 2012).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ საქმეებს და მოცემულ საქმეს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მათში ჩამოყალიბებული პრინციპები მცემულ საქმესაც მიესადაგება.
37. მე-4 ოქმის მე-2 მუხლის § 2-ით გარანტირებულია ყველასთვის უფლება დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა და გაემგზავროს მის მიერ არჩეულ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია, რომ ის მიიღონ. ეროვნული სასამართლოების უარი გაეცათ მომჩივნისთვის პასპორტი და უცხოეთში გამგზავრების მიზნებისთვის მისი პირადობის მოწმობის გაუქმება წარმოადგენდა ჩარევას აღნიშნულ უფლებაში ( იხილეთ, ზემოთ მითითებული, განჩინება საქმეზე Peltonen, გვ.43 და ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებები საქმეზე Baumann, §§ 62-63; Napijalo, §§ 69-73 და Nalbantski, § 61). შესაბამისად უნდა დადგინდეს აღნიშნული ჩარევა იყო თუ არა „კანონით გათვალისწინებული“, ემსახურებოდა თუ არა მე-4 ოქმის მე-2 მუხლის § 3-ით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ კანონიერ მიზანს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
38. გატარებული ღონისძიების კანონიერებასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აკეთებს მითითებას საკუთარ პრეცედენტულ სამართალზე, რომლის შესაბამისად, ტერმინი „კანონით გათვალისწინებული“ მოიაზრებს არა მარტო იმ გარემოებას, რომ გამოყენებულ საშუალებას უნდა გააჩნდეს საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ ასევე მოითხოვს, რომ ეროვნული კანონი აკმაყოფილებდეს ხარისხობრივ კრიტერიუმს, როგორიცაა დაინტერესებული პირისათვის კანონის ხელმისაწვდომობისა და კანონის გამოყენების შედეგების განჭვრეტადობის მოთხოვნა (იხილეთ Rotaru v. Romania [GC], ნო. 28341/95, § 52, ECHR 2000-V). იმისათვის რომ კანონი აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის კრიტერიუმს, ის საკმარისი სიზუსტით უნდა აყალიბებდეს პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც გამოყენებული იქნება ესა თუ ის ზომა, რათა დაინტერესებულ პირებს-საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კონსულტაციების შედეგად- საშუალება მიეცეთ თავიანთი ქმედებები კანონს შეუსაბამონ.
39. მთავრობის მტკიცების თანახმად, ჩარევა ეფუძნებოდა პასპორტების შესახებ 1967 წლის კანონის ( 1967 წლის 21 ნოემბრის კანონი N 1185) მე-12 მუხლს, რომელშიც ცვლილებები 2003 წლის N3 კანონით განხორციელდა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ ასრულებდა საკუთარი შვილებისთვის ალიმენტის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, ჩარევას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 1997 წლის N 464 გადაწყვეტილებაში, განაცხადა რომ 1967 წლის N 1185 კანონის შესაბამისი მუხლის არსი არის „შვილების მიმართ მშობლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა“.
40. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაწესებული შეზღუდვის მიზანს მომჩივნის შვილების ინტერესების დაცვა წარმოადგენდა და პრინციპში კანონიერი მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, კერძოდ, სხვათა უფლებების დაცვას- მოცემულ საქმეში, ეს არის ბავშვების უფლება მიიღონ ალიმენტი.
41. გადაუხდელი ვალების საფუძველზე დაწესებული შეზღუდვის პროპორციულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ასეთი ზომა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ის ხელს უწყობს დასახული მიზნის მიღწევას, მიზანი კი ვალის ამოღების უზრუნველყოფაა (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Napijalo, §§ 78-82). გარდა ამისა, მიღებული ზომა, რომლითაც იზღუდება ინდივიდის მიმოსვლის თავისუფლება და აღნიშნული გამართლებულია დასაწყისში, შესაძლოა დისპროპორციული გახდეს და დაარღვიოს ამ ინდივიდის უფლება, თუ აღნიშნული ზომა ავტომატურად გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Luordo, § 96, Földes and Földesné Hajlik, § 35).
42. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ხელისუფლება არღვევს ინდივიდის უფლებას დატოვოს საკუთარი ქვეყანა, მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ამგვარი დარღვევა, იმთავითვე და დარღვევის მთელი პერიოდის განმავლობაში, გამართლებული და პროპორციულია. ხელისუფლებას არ შეუძლია დიდი ხნით გააგრძელოს ინდივიდის მიმოსვლის თავისუფლების შემზღუდველი ზომა, ასეთი ზომის გამამართლებელი საფუძვლების რეგულარული გადასინჯვის გარეშე (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Riener, § 124 და Földes and Földesné Hajlik, § 35). ასეთი გადასინჯვა, როგორც წესი, უნდა ხორციელდებოდეს სულ მცირე საბოლოო ინსტანციის სასამართლოში, ვინაიდან აღნიშნული ინსტანციის სასამართლო უზრუნველყოფილია სამართალწარმოებისათვის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების საუკეთესო გარანტიებით ( იხილეთ Sissanis v. Romania, ნო. 23468/02, § 70, 25 იანვარი 2007). გადასინჯვის ფარგლები სასამართლოს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაითვალისწინოს ყველა ფაქტორი, მათ შორის შემზღუდველი ზომის პროპორციულობასთან დაკავშირებული ფაქტორები ( იხილეთ, mutatis mutandis, Le Compte, Van Leuven and De Meyere v. Belgium, 23 ივნისი 1981, § 60, Series A no. 43).
43. წინამდებარე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს 2008 წლიდან არ აქვს უცხოეთში გასამგზავრებლად ვარგისი პასპორტი თუ პირადობის მოწმობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს უარი ეთქვა უცხოეთში გასამგზავრებლად ვარგისი პასპორტისა თუ პირადობის მოწმობის გაცემაზე ალიმენტის გადაუხდელობის საფუძველზე. ეროვნულმა სასამართლოებმა მიუთითეს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 11-12), რომ მომჩივანი არ იხდიდა საალიმენტო გადასახადებს შვილების სასარგებლოდ და არსებობდა საფრთხე იმისა, რომ მომჩივნის გამგზავრების შემთხვევაში, ის შემდგომშიც აღარ გადაიხდიდა ალიმენტს.
44. საქმის მასალების და განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე იკვეთება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ ემსჯელათ მომჩივნის ინდივიდუალურ გარემოებებზე, ასევე მის შესაძლებლობაზე გადაეხადა დაკისრებული თანხები და აღნიშნული მსჯელობის გარეშე, ავტომატურად გამოიყენეს შემზღუდველი ზომა. ჩანს, რომ არ ყოფილა რაიმე მცდელობა სხვადასხვა უფლებების ბალანსირებისთვის. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მხედველობაში იქნა მიღებული იყო ალიმენტის მიმღებთა საკუთრებითი ინტერესები.
45. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ამოღების თაობაზე არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი თანამშრომლობა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედებს ეროვნული საზღვრების გარეთ დავალიანების ამოღების სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ, 2008 წლის 18 დეკემბრის N 4/2009 რეგულაცია (EC) იურისდიქციის, გამოყენებადი სამართლის, აღიარების და გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და რჩენის ვალდებულების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ; 2007 წლის 23 ნოემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენცია ალიმენტის ანაზღაურებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ; ნიუ იორკის კონვენცია საზღვარგარეთ ალიმენტის ამოღების შესახებ. აღნიშნული აქტები არ იქნა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების მიერ მომჩივნისთვის შემზღუდველი ზომის დაწესებისას. ეროვნულმა ხელისუფლებამ უბრალოდ აღნიშნა, რომ მომჩივანს პასპორტის გამოყენებით შეეძლო საზღვრებს გარეთ გამგზავრება და აღნიშნულით კი საკუთარი ვალდებულებებისთვის თავის არიდება.
46. სასამართლო ასევე შენიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მომჩივნისთვის დაკისრებულმა შეზღუდვამ არ უზრუნველყო მის მიერ ალიმენტის გადახდა.
47. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი დაექვემდებარა ავტომატური ხასიათის ზომას, მისი ფარგლებისა და ხანგრძლივობის შეზღუდვის გარეშე (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Riener, § 127). დამატებით, 2008 წლის შემდეგ ეროვნულ სასამართლოების არ გადაუსინჯავთ დაკისრებული ზომის მართებულობა და პროპორციულობა არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
48. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ზომის ავტომატური დაკისრება განუსაზღვრელი პერიოდით და დაინტერესებული პირის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე, ვერ ჩაითვლება აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
49. აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
50. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისთვის პასპორტის გაცემაზე უარი წარმოადგენდა ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში. აღნიშნული მუხლი შემდეგნაირად იკითხება:
„ 1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკომომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
51. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წამოჭრილი საჩივარი მჭიდროდ არის დაკავშირებული მე-4 ოქმის მე-2 მუხლთან დაკავშირებულ საჩივართან, რომელიც სასამართლომ ზემოთ განიხილა. შესაბამისად ის დასაშვებია.
52. მე-4 ოქმის მე-2 მუხლთან მიმართებით გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 48-49), სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ მის ცალკე განხილვას.
III. სხვა სავარაუდო დარღვევები
53. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი შვილების დედა პრიორიტეტულ მოპყრობას დაექვემდებარა, ვინაიდან მისგან განსხვავებით, მან შეძლო შვილების ვინაობა თავის პასპორტში დაეფიქსირებინა და აღნიშნული ფაქტი, მომჩივნის განმარტებით, კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
54. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო აღნიშნული საჩივრის დასაბუთება. იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საჩივარი წამოჭრის ზემოთ განხილულისგან დამოუკიდებელ საკითხს და იმდენად, რამდენადაც მას აქვს სავარაუდო დარღვევების განხილვაზე იურისდიქცია, სასამართლო ვერ ხედავს კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ საჩივარს დაუშვებლად აცხადებს.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
55. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„ თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა.ზიანი
56. მომჩივანმა თავისი და თავისი შვილების სახელით 30 000 EUR მოითხოვა მიყენებული არა-მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მას უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობის არ -ქონის გამო მიადგა.
57. მთავრობა არ დაეთანხმა წარმოდგენილ მოთხოვნას და განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო და არ შეესაბამებოდა სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
58. სასამართლო მომჩივანს არა-მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ 5 000 EUR აკუთვნებს.
ბ. ხარჯები
59. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 20 000 EUR ეროვნული სასამართლოების და ევროპული სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისთვის, თუმცა ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
60. მთავრობამ მოცემული თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია და დავობდა, რომ მომჩივანმა გაწეული ხარჯების აუცილებლობა და გონივრულობა ვერ დაადასტურა.
61. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია ხარჯების ანაზღაურებაზე თუ ნაჩვენები იქნება რომ ისინი რეალური და აუცილებელი იყო მოცემულ საქმეში და მათი ოდენობა გონივრულია. წინამდებარე საქმეში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტები, სასამართლო ადგენს არ მიაკუთვნოს მას რაიმე თანხა აღნიშნულ ნაწილში.
გ. საურავი
62. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1.ერთხმად აცხადებს კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლთან და კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებს დასაშვებად;
2.აცხადებს უმრავლესობით საჩივრის დანარჩენ ნაწილებს დაუშვებლად;
3. ერთხმად ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას;
4. ერთხმად ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-8 მუხლის ქვეშ საჩივრის განხილვის საჭიროება;
5. ერთხმად ადგენს
(ა)მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44 § 2 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს გადაუხადოს 5,000 EUR (ხუთი ათასი ევრო) არა-მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა.
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
6.უარყოფს. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ფრანგულად და საჯარო გახდა წერილობით 2014 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§2 და §3) მუხლის შესაბამისად.
აბელ კამპოსი აისილ კარაკასი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად,
წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე კურის განსხვავებული მოსაზრება.
ა.ი.კ.
ა.კ.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy