Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2017 წლის დეკემბერი
ბეკარინი და რიდოლფი იტალიის წინააღმდეგ (Beccarini and Ridolfi v. Italy)
(საჩივარი- 63190/16)
გადაწყვეტილება, 7 დეკემბერი, 2017
მე-8 მუხლი
ფაქტები – წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ბებია-ბაბუა უვლიდა ორ შვილიშვილს, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ. ბებია-ბაბუამ სოციალურ სამსახურებს არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით. სოციალურმა სამსახურმა სამართალწარმოება დაიწყო იმ საფუძვლით, რომ ბებია და ბაბუა ვერ აკმაყოფილებდნენ ბავშვების სპეციალურ საჭიროებებს და ბავშვები ჩამოაშორა ბებიისა და ბაბუის მზრუნველობას.
სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს, ბებიასა და ბაბუას სურდა შვილიშვილთან ურთიერთობის შენარჩუნება. თუმცა, სოციალურმა სამსახურმა მხარი არ დაუჭირა ბებიასა და ბაბუასთან შვილიშვილების ურთიერთობას, ძირითადად იმის გამო, რომ სასამართლო პოტენციურად განიხილავდა ბავშვების გაშვილების საკითხს, თუმცა ამასთანავე იმიტომ, რომ ბებია-ბაბუასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭა ბავშვების დედას. იტალიის სასამართლოებმა სამართალწარმოების დროს განაცხადეს, რომ ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის კავშირი არ უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ბავშვები მოგვიანებით მოათავსეს დედის მზრუნველობის ქვეშ, თუმცა სამართალწარმოების დამთავრებამდე არ დაგეგმილა ბავშვებსა და ბებია-ბაბუას შორის ურთიერთობის შენარჩუნება. დედასა და ბავშვების ბებია-ბაბუას შორის მტრული დამოკიდებულების გამო, დედამ უარი განაცხადა მათთვის კონტაქტის უფლების მინიჭებაზე. ბებია-ბაბუამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საჩივარი წარადგინეს და დავობდნენ, რომ სამართალწარმოების დროს ვერ შეძლეს შვილიშვილების ნახვა და შედეგად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
სამართალი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობა ექცევა მე-8 მუხლით გათვალისწინებული ,,ოჯახური ცხოვრების’’ ცნებაში. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური შვილად აყვანის საქმეებში სასამართლო უნდა იყოს ფრთხილი ბავშვთა ინტერესების დაცვის კუთხით, რამაც შესაძლებელია გაამართლოს ბავშვებსა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაზე დაწესებული შეზღუდვები, თუმცა მოცემულ საქმეში სოციალური სამსახური არ მოქმედებდა სათანადო გულმოდგინებით და ასევე მას არ გამოუვლენია ძალისხმევა, რათა უზრუნველეყო შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუას შორის ოჯახური კავშირები.
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობა ,,თითქმის სრულად გაწყვეტილი’’ იყო. შესაბამისად, იმის გამო, რომ სოციალურმა სამსახურმა არ გადადგა ,,ადეკვატური ან საკმარისი ნაბიჯები’’ მათ შორის ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები