Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N47
2002 წლის ნოემბერი
ბელესი და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღნდეგ (Beles and Others v. the Czech Republic)
(საჩივარი– 47273/99)
გადაწყვეტილება, 12 ნოემბერი, 2002 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
ფაქტები: მომჩივნები არიან ჰომეოპათიური საზოგადოების წევრები. აღნიშნული საზოგადოება თავის მხრივ იმ ასოციაციის წევრია, რომელიც აერთიანებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელი ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ჰომეოპათიური გაერთიანება ამოერიცხათ წევრთა სიიდან, აღნიშნული გაერთიანების შვიდმა წევრმა, მათ შორის მომჩივნებმა, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო მათი სარჩელი, საქმის არსებითი მხარის განხილვის გარეშე. მან დაადგინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნები ვერ მოითხოვდნენ ასოციაციის წევრთა სიიდან მათი ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. რაც შეეხება მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ N89/1990 კანონის მე-15 მუხლს, რომელსაც მომჩივნები ასევე აფუძნებდნენ თავიანთ სარჩელს, სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა განეხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუმცა მას არ შეეძლო მისი შეცვლა ან დადასტურება. მომჩივნებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ისინი აცხადებდნენ, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი განეხილა საკითხი იმ მუხლის საფუძველზე, რომელსაც ისინი სარჩელს აფუძნებდნენ, მას გადაწყვეტილებაში უნდა აღენიშნა, რომ არ იყო უფლებამოსილი განეხილა საკითხი; ნაცვლად ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სადავო გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ მომჩივნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე უნდა წარედგინათ სარჩელი ხელახლა განხილვის თაობაზე და სასამართლო სარჩელს განიხილავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა მუხლის შესაბამისად, რის შედეგადაც ის ან გააუქმებდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ან ძალაში დატოვებდა. სააპელაციო სასამართლომ ამავდროულად უარყო მომჩივანთა საკასაციო საჩივარი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნები დავობდნენ, რომ ეროვნული სასამართლოების უარი, განეხილათ მათი სარჩელის არსებითი მხარე, არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს.
სამართალი: კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი:
48. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი ფუნქცია არ არის ეროვნული სასამართლოების მიერ დაშვებული ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომების განხილვა, თუ ის არ არღვევს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (გარსია რუიზი ესპანეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30544/96, § 28, ECHR 1999-I). მოცემულ საქმეში სასამართლოს მიერ მოხსენიებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები ეხებოდა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ განხილვას და შესაბამისად, არ იყო გამოყენებადი, ვინაიდან სამედიცინო საზოგადოება დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაცია იყო და არა სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა ეს საკითხი წამოჭრეს ეროვნული სამართალწარმოების დროს, თუმცა ეროვნულმა სასამართლოებმა და მთავრობამ [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე] ეს საკითხი უპასუხოდ დატოვეს. სტრასბურგის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი არ აზუსტებდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი სარჩელი შესაბამისი სასამართლოს წინაშე.
49. სასამართლომ რამდენიმე საქმეზე უკვე განაცხადა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა განიმარტოს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტის - კანონის უზენაესობის შუქზე, რომელიც მოითხოვს, რომ სამართალწარმოებაში ჩართულ ყველა პირს ჰქონდეს ეფექტიანი სასამართლო დაცვის საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას მიცემს დაიცვან სამოქალაქო უფლებები (იხ., ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ის დამატებით აღნიშნავს, რომ ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ გადასადგმელ ფორმალურ ნაბიჯებს და აგრეთვე ვადებს, რომლებიც დაცული უნდა იქნეს სარჩელის შეტანის დროს, მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფას და ზემოხსენებული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დაცვას. აქედან გამომდინარე, სადავო საკანონმდებლო ნორმები ან მათი გამოყენების ფორმა არ უნდა ართმევდეს მოსარჩელეებს არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენების შესაძლებლობას (იხ. მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ,N38366/97, 38688/97, 40777/98, 40843/98, 41015/98, 41400/98, 41446/98, 41484/98, 41787/98, 41509/98, §§ 33 and 36, ECHR 2000-I).
50. მოცემულ საქმეში წამოჭრილი განსახილველი საკითხი ეხება სამართლებრივ განსაზღვრულობას. პრობლემა არის არა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის განმარტება, არამედ პროცედურული ნორმის იმგვარი განმარტება, რომ მომჩივნებს ჩამოერთვათ მათი საქმის არსებითი ნაწილის განხილვის შესაძლებლობა, რასაც თან სდევდა რისკი იმისა, რომ სასამართლოს მიერ მათი ეფექტიანი დაცვის უფლება დაირღვეოდა (იხ., მირაგალ ესკოლანო და სხვები, ციტირებული ზემოთ, § 37).
51. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მომჩივნებს ვერ დაედებათ ბრალი იმაში, რომ მათ სარჩელი დააფუძნეს N83/1990 კანონის მე-15 მუხლს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტთან ერთად. შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, როდესაც პროცედურული დანაწესის განსაკუთრებით მკაცრი განმარტებით გადაწყვიტეს, არ განეხილათ მომჩივანთა სარჩელი, ძირი გამოუთხარეს მომჩივანთა სასამართლოს უფლების არსს, რაც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილს წარმოადგენს.
52. ამრიგად, მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
41-ე მუხლი: მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მხარეებთან შეთანხმებით, მან გადაწყვიტა, რომ დარღვევის დადგენა საკმარისი იყო მომჩივნების მიერ განცდილი არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები