დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 142
2011 წლის ივნისი
ბელიზი მალტის წინააღმდეგ (Bellizi v. Malta)
(საჩივარი- 46575/09)
გადაწყვეტილება, 21 ივნისი, 2011 [მე-3 სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
მიუკერძოებელი ტრიბუნალი
დამოუკიდებელი ტრიბუნალი
ორმაგი დევნა: დაუშვებელი
ფაქტები – პირველმა მომჩივანმა და მისმა ცოლმა გემსაბმელი სადგურის გამოყენების ნებართვის მისაღებად სამოქალაქო საქმის წარმოება დაიწყეს. სამოქალაქო სამართალწარმოების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, მომჩივნებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და აცხადებდნენ, რომ დაირღვა კონვენციის სხვადასხვა უფლება.
მომჩივნები (პირველი მომჩივანი და მისი შვილები, როგორც პირველი მომჩივნის ცოლის მემკვიდრეები) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო მიუკერძოებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე იმყოფებოდა ადვოკატთა იმ გუნდში, რომლებიც მომჩივნის საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოების დროს მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ.
სამართალი - მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
საქმის არსებითი გარემოებები - სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპები ვრცელდება როგორც ნაფიც მსაჯულებზე, აგრეთვე არაიურისტ და პროფესიონალ მოსამართლეებზე, სხვა თანამდებობის პირებზე, რომლებიც ახორციელებენ სამოსამართლო ფუნქციებს, როგორიცაა, სასამართლოს ექსპერტ-კონსულტანტები და სასამართლოს მოხელეები - მაგალითად, თანაშემწეები.
ერთი და იმავე პირის მიერ სამართალწარმოების ფარგლებში სხვადასხვა ფუნქციების განხორციელება ან ამ პროცესში მონაწილე სხვა პირებთან იერარქიული ან სხვა სახის კავშირის არსებობა, ობიექტურად იწვევს საფუძვლიან ეჭვებს სასამართლოს მიუკრძოებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ზემოხსენებული კავშირი ისეთი ბუნებისა და ხარისხის, რომელიც მიუთითებდა სასამართლოს მიკერძოებულობაზე.
მოცემულ საქმეში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მომჩივნის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ეროვნულ სამართლებრივ და სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა თანაშემწეების ფუნქციათა სპეციფიკის გათვალისწინებით. მოსამართლის თანაშემწის ფუნქციებს წარმოადგენს საქმის წარმოების დროს დახმარების გაწევა და, სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობა, მოწმეთა დაკითხვა და ფიცის ქვეშ ჩვენების აღება, მტკიცებულებების მიღება და სხდომების ჩატარება. მოსამართლეთა თანაშემწეები ასევე უფლებამოსილნი არიან წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სასამართლოს წინაშე არსებულ სადავო საქმეებთან დაკავშირებით. ასეთი ამოცანები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების დროს.
მოცემულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე აქტიურად წარმოადგენდა მომჩივნის მოწინააღმდეგე მხარეს სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე, თუმცა მისი ჩართულობა დროებითი იყო და იგი აღნიშნულ საქმეს გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თითქმის ექვსი წლით ადრე. რაც შეეხება მის მონაწილეობას საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, აღინიშნა, რომ მისი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის, ძირითადი ფუნქციების გარდა, მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ საქმე მინდობილი იყო თანაშემწეზე. მართლაც, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, თანაშემწე შეიძლება ჩართული იყოს ნებისმიერი საქმის განხილვაში, თუმცა მხოლოდ სასამართლოს მოთხოვნით; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მისი თანაშემწე არ ყოფილა მოცემულ საქმეში ჩართული. მომჩივნებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული განცხადება და დაადასტურეს, რომ მათ არ იცოდნენ თავმჯდომარის თანაშემწეს ვინაობა, შესაბამისად, დაადასტურეს, რომ აღნიშნულ პირს არ დაუკითხავს მოწმეები, არ მიუღია რაიმე მტკიცებულება, არ ჩაუტარებია სხდომები და არ დაუდგენია საპროცესო ვადები.
შესაბამისად, რადგან არ დგინდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის მონაწილეობა სადავო სამართალწარმოებაში, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც წარმოშობდა ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებული იყო.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy