დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 173
2014 წლის აპრილი
ბლაჟი რუმინეთის წინააღმდეგ (Blaj v. Romania)
(საჩივარი- 36259/04)
გადაწყვეტილება, 8 აპრილი, 2014 [ მე-3 სექცია]
მე-6 მუხლი
სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
სამართლიანი განხილვა
მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,გ’’ ქვეპუნქტი
სამართლებრივი დახმარების მეშვეობით დაცვა
In flagrante delicto პროცედურის მიხედვით, პოლიციის მიერ პირის დაკითხვის დროს, ადვოკატის ხელმისაწვდომობა არ იყო უზრუნველყოფილი/დახმარების გაუწევლობა: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ქრთამის აღებაში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მესამე მხარე, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობდა, მივიდა მასთან შესახვედრად და კონვერტში მოთავსებული თანხა დაუტოვა სამუშაო მაგიდაზე. პოლიციის ოფიცრები დაუყოვნებლივ შევიდნენ სამუშაო კაბინეტში და ფაქტზე დააკავეს მომჩივანი. ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციელებმა შეადგინეს დანაშაულის შესახებ ოქმი. მოგვიანებით, ამავე დღეს, მომჩივანს ეცნობა ბრალდების შესახებ, აგრეთვე მას განემარტა, რომ ჰქონდა დუმილისა და ადვოკატის ნახვის უფლება. შემდგომში, დაკითხვისას, მან ადვოკატისგან დახმარება მიიღო.
სამართალი – მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი და მე-3 პარაგრაფის ,,გ’’ ქვეპუნქტი: მომჩივანს დაკითხვისას არ გააჩნდა ადვოკატის მხრიდან დახმარების მიღების უფლება, რადგან ის ჯერ არ იყო სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ბრალდებული. In flagrante delicto პროცედურები მიზნად ისახავდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებას უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს და ოქმის შედგენას, სადაც მოცემული იქნებოდა ეჭვმიტანილის განცხადებები. გამომძიებლები უნდა შემოსაზღვრულიყვნენ მხოლოდ დანაშაულის ნივთმტკიცების შესახებ კითხვებით და მათ თავიდან უნდა აერიდებინათ აღნიშნული პროცესის დაკითხვად გადაქცევა.
წინამდებარე საქმეში in flagrante delicto პროცედურისას მოპოვებული ნივთ-მტკიცება საქმეს დაურთეს და მათ კითხვებზე მომჩივნის პასუხები აღნიშნეს ისე, რომ მომჩივნისთვის არ უკითხავთ გარემოებების, ან მოტივების შესახებ, რამაც მესამე მხარეს კონვერტის მის მაგიდაზე დატოვება აიძულა, ან ამ მესამე მხარესთან დადებული ნებისმიერი შეთანხმების შესახებ. შემდგომში, ბრალდების წარდგენისთანავე, იმავე დღეს და შემდგომშიც პროკურატურისა და უმაღლესი სასამართლოს წინაშე, მომჩივანს მის მიერვე არჩეული ადვოკატის დახმარება გაეწია; მომჩივანმა უარყო წარდგენილი ბრალდება. თუმცა, მას არასდროს შეუცვლია ის ჩვენება, რომელიც საგამოძიებო ოქმში იყო ასახული. ბოლოს, ოქმი წარმოადგენდა ერთ-ერთ ნივთმტკიცებას, რომელზე დაყრდნობითაც უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს ეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მომჩივნის პასუხების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც ოქმში ჩაწერილი იყო როგორც დანაშაულის შესახებ განცალკევებული განცხადება. გარდა ამისა, უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი ყოველთვის უარყოფდა დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, დანაშაულის ოქმში ჩაწერილმა მომჩივნის განცხადებამ არ დააზიანა იგი. მეტიც, მას წაყენებული ბრალდებების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია მაშინ, როდესაც ის პირველად დაიკითხა და მოათავსეს წინასასამართლო პატიმრობაში. მას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ადვოკატები წარმოადგენდნენ. ბოლოს, მომჩივანს არც ეროვნული სასამართლოების და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე არ განუცხადებია, რომ მან თავდაპირველი განცხადებები იძულების ქვეშ გააკეთა.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ დანაშაულის პროვოკაციის საფუძველზე არ დარღვეულა მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი, ვინაიდან მომჩივანი ეროვნული სასამართლოების წინაშე ადეკვატური პროცედურული გარანტიებით იყო უზრუნველყოფილი; არ დარღვეულა მე-8 მუხლი მომჩივნის სატელეფონო საუბრების მოსმენისას და ჩაწერისას; არ დარღვეულა მე-13 და მე-8 მუხლი ერთობლიობაში, ვინაიდან არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც მას პირად ცხოვრებაში ჩარევის, კერძოდ, საუბრების ჩაწერის, გასაჩივრების უფლებას მისცემდა; არ დარღვეულა 34-ე მუხლი საჩივრის წარდგენის უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვასასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy