Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N227
2019 წლის მარტი
ბოგონოსოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bogonosovy v. Russia)
(საჩივარი- 38201/16)
გადაწყვეტილება, 5 მარტი, 2019 [მე-3 სექცია]
მე-8 მუხლი
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
მომჩივანი ბავშვის გაშვილების შემდეგ ჩამოაშორეს შვილიშვილის ცხოვრებას: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – აღნიშნული საქმე ეხებოდა ბაბუას, რომელსაც სურდა შვილიშვილთან ურთიერთობის შენარჩუნება, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ის გაშვილებულ იქნა.
საჩივარი წარდგენილ იქნა ბებია-ბაბუის მიერ, თუმცა 2018 წლის აგვისტოში ქ-ნი ბოგონოსოვა გარდაიცვალა.
ბ-ნი ბოგონოსოვი ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში. ბებია-ბაბუა 1998 წელს განქორწინდნენ, თუმცა ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მომჩივნის შვილიშვილი, მ., დაიბადა 2006 წელს. მისი დედა, მომჩივნის შვილი, გარდაიცვალა 2011 წელს და მას შემდეგ მ. ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. მომჩივნებს მ-ს აღზრდაში ეხმარებობა მათი ნათესავები, ზ.-ს ოჯახი, რომლებსაც საბოლოოდ 2013 წელს მისი შვილად აყვანის უფლება მიეცა.
გაშვილების შემდეგ შვილიშვილთან კონტაქტის თვალსაზრისით შექმნილი პრობლემის გამო, ბ-ნმა ბოგონოსოვმა გაასაჩივრა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება. მიუხედავად საჩივრის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლისა, სასამართლომ განიხილა მომჩივნის საჩივარი, თუმცა 2015 წლის მაისში სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა შვილად აყვანის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვდა, რომ შვილად აყვანის პროცესში ჩართული ყოფილიყო ისეთი ნათესავები, როგორიცაა ბებია-ბაბუა, კანონმდებლობა აგრეთვე არ ითვალისწინებდა მათი ინფორმირების ვალდებულებას. მეორე მხრივ, საოჯახი კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით, ბებია-ბაბუას ჰქონდა ბავშვთან ურთიერთობის შენარჩუნების უფლება და მათ შეეძლოთ სასამართლოს ბრძანების მოპოვება, თუ მშვილებელი მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში ხელს შეუშლიდნენ.
მიუხედავად ამისა, როცა ბ-ნმა ბოგონოსოვმა წარადგინა მსგავსი მოთხოვნა, რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება. სასამართლომ დაადგინა, რომ შვილად აყვანის პროცესში არ იყო აღნიშნული, რომ ის შეძლებდა ბავშვთან ოჯახური კავშირის გაგრძელებას. ამრიგად, მას არ ჰქონდა სასამართლოს ბრძანების მოთხოვნის უფლება, რომლის მიხედვითაც მშვილებელ მშობლებს დაევალებოდათ ბაბუისთვის შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება მიცემა. ქ-ნი ბოგონოსოვას შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასცა მსგავსი ბრძანება, თუმცა ის ზ.-ს ოჯახის საჩივრის შემდეგ შეიცვალა. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ არც სამოქალაქო და არც საოჯახო კანონმდებლობა არ აძლევდა ქ-ნ ბოგონოსოვას გაშვილების შემდეგ ბავშვთან ურთიერთობის შენარჩუნების უფლებას.
სამართალი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნ ბოგონოსოვს შვილიშვილთან ჰქონდა ოჯახური კავშირი მე-8 მუხლის გაგებით, ვინაიდან ის მასზე ზრუნავდა 2008 წლის მაისიდან 2013 წლის ივლისამდე, სანამ ბავშვი ზ.-ს ოჯახში გადავიდოდა საცხოვრებლად. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ შვილად აყვანის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით მომჩივანს დააჯერა, რომ მას შეეძლო გამოეყენებინა საოჯახო კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოეთხოვა სასამართლო ბრძანება მშვილებელი მშობლების წინააღმდეგ. ფაქტობრივად კი, მსგავსი უფლება წარმოიშობოდა, თუ შვილად აყვანის თაობაზე გადაწყვეტილებაში ნახსენები იქნებოდა ბავშვის ბებია-ბაბუასთან კავშირის შენარჩუნების საჭიროება, ამ შემთხვევაში კი ასე არ იყო.
სტრასბურგის სასამართლომ წარმოშვა საკითხი, იყო თუ არა საკმარისად ნათელი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ეხებოდა გაშვილებულ ბავშვსა და მის ნამდვილ ოჯახს შორის კავშირის შენარჩუნებას. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული კანონმდებლობა საკმარისად ნათელი იყო და დაადგინა, რომ საქალაქო სასამარლოს უნდა განეხილა ბ-ნი ბოგონოსოვის უფლება - შეენარჩუნებინა შვილიშვილთან კავშირი, როდესაც იხილავდა მის საჩივარს შვილად აყვანის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თუმცა, საქალაქო სასამართლომ ეს საკითხი არ განიხილა.
ნაცვლად ამისა, საქალაქო სასამართლომ კანონმდელობა იმგვარად განმარტა და გამოიყენა, რომ ბაბუა ბავშვის გაშვილების შემდეგ სრულად გამოირიცხა მისი ცხოვრებიდან, მიუხედავად იმისა, რომ გაშვილების შემდეგ კონტაქტის უფლება სასამართლოს წინაშე განხილვის საგანი იყო. ეროვნული სასამართლოების მარცხმა, განეხილათ უნდა ჰქონოდა თუ არა ბ-ნ ბოგონოსოვს გაშვილების შემდგომ შვილიშვილთან კავშირი, გამოიწვია მისი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა. ეროვნულ სასამართლოს უნდა ემსჯელა, იყო თუ არა ბაბუასთან ურთიერთობა ბავშვის ინტერესებში და დადებითი პასუხის შემთხვევაში შვილად აყვანის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შესაბამისი დათქმა გაეკეთებინათ. ამის მაგივრად, საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა შვილად აყვანის გადაწყვეტილება და მომჩივანს დააჯერა, რომ მას შეეძლო ზემოხსენებული კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ბრძანების მოპოვება. თუმცა, სინამდვილეში მისთვის ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი არ იყო, ვინაიდან შვილად აყვანის თაობაზე გადაწყვეტილებაში ბაბუასთან ურთიერთობის გაგრძელების შესახებ კონკრეტული დათქმის არარსებობის პირობებში, ვერ იქნებოდა წარდგენილი მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის აღდგენის თაობაზე.
შესაბამისად, ეროვნული სასამართლოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის განმარტებამ და გამოყენებამ მომჩივანი სრულად გამორიცხა მისი შვილიშვილის ცხოვრებიდან, რითაც დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები