Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ
(Bokhonko v. Georgia)
საჩივარი N 6739/11
22 ოქტომბერი, 2020
ფაქტები:
მომჩივანი, ორესტ ბოხონკო, უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ამჟამად საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება; მას ნარკოდანაშაულის გამო შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით.
წინამდებარე საქმე ეხება მომჩივნის მტკიცებას, რომ დაკავების დროს მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, კერძოდ იგი გაშიშვლებულ მდგომარეობაში გაჩხრიკეს და ასევე შეუმოწმეს უკანა ტანი.
მოვლენათა განვითარების ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ბ-ნი ბოხონკო დააკავეს 2008 წლის 27 სექტემბერს თბილისის აეროპორტში მას შემდეგ, რაც პოლიციის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად მას ქვეყანაში უკანონო ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა. ჩატარდა მომჩივნის სხეულის შემოწმება და მისი უკანა ტანიდან ამოღებულ იქნა ყვითელი ბალონი, რომელიც შეიცავდა თეთრ ნივთიერებას. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ნივთიერება მეტადონი იყო.
მომჩივანს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისა და გადატანის ფაქტზე.
გამოძიების ეტაპზე და სამართალწარმოების დროს დაკითხვისას მომჩივანი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო და ნარკოტიკები მას „ჩაუდეს“. იგი, ასევე, ამტკიცებდა, რომ სცემეს და აიძულეს, გაშიშვლებულიყო და გაეკეთებინა სხეულის აზიდვები, რასაც პოლიციელები მობილური ტელეფონებით იღებდნენ. მომჩივნის განცხადებით, პოლიციელებმა მას უკანა ტანი ორჯერ შეუმოწმეს და მას შემდეგ, რაც მეორე შემოწმებისას გონების დაკარგვის შემდეგ გამოფხიზლდა, უთხრეს, რომ ნარკოტიკები აღმოუჩინეს.
მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2009 წლის ივნისში. სასამართლოები ძირითადად დაეყრდნენ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკებს, სამი პოლიციელისა და ჩხრეკის დროს იქ მყოფი თარჯიმნის ჩვენებებს. მათ დაადასტურეს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები, რიმლის მიხედვითაც უარყოფდნენ მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტს და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება მომჩივნის მიერ აზიდვების შესრულების დროს აღმოაჩინა. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საჩივრები არასათანადო მოპყრობისა და პროცედურული დარღვევების თაობაზე არ დააკმაყოფილეს, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
მომჩივნის მოთხოვნა საგამოძიებო და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართ მისი სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, 2008 წლის 17 ოქტომბერს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
პროკურატურის მიერ 2013 წელს დაწყებული გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ახლაც მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი ასაჩივრებდა პოლიციის მიერ მისი დაკავებისა და ჩხრეკის ფორმას; აგრეთვე ხელისუფლების ორგანოების მარცხს, გამოეძიებინათ ზემოხსენებული ჩხრეკის გარემოებები. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტსა და მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მომჩივანი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება არასამართლიანი იყო, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიყენეს მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულ იქნა არასათანადო მოპყრობის შედეგად; მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა და მისი მსჯავრდება ეფუძნებოდა პოლიციის მიერ მისთვის ,,ჩადებულ’’ მტკიცებულებას. გარდა ამისა, მომჩივანი დავობდა, რომ მისთვის უზრუნველყოფილი არ იყო ადეკვატური თარჯიმნის მომსახურეობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
სასამართლოს შეფასება
70. მომჩივნის ჩხრეკასთან დაკავშირებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირველ რიგში შეისწავლოს მისი საჩივრის პროცედურული ნაწილი.
a) გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობა
(i) ზოგადი პრინციპები
71. სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულების პრინციპები, ცოტა ხნის წინ შეჯამდა საქმეში ჯერონოვიჩი ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], no. 44898/10, §§ 103-07, 5 ივლისი 2016), და ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], no. 23380/09, §§ 114-23, ECHR 2015).
(ii) მოცემული პრინციპების გამოყენება
72. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ბრალდებები, მთლიანობაში, წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის შესახებ სადავო საჩივარს, რაც გულისხმობს, სახელმწიფოს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო ვალდებულებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება (შედარებისთვის ო.რ. და ლ.რ. მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ no. 24129/11, § 60, 30 ოქტომბერი 2018; იხ. ასევე, ვალაშინასი ლიეტუვას წინააღმდეგ, no. 44558/98, § 117, ECHR 2001‑VIII; და იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 39084/97, § 110, ECHR 2003‑XII (ამონარიდები), სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ თუნდაც ერთჯერად სხეულის შემოწმებასაც კი შეეძლო გამოეწვია დამამცირებელი მოპყრობა, მისი ჩატარების წესის გათვალისწინებით, კერძოდ, თუ ის მიზნად ისახავდა დამცირებას და ღირსების შელახვას).
73. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩატარდა რეალურად გამოძიება, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად მომჩივნის 2008 წლის 6 ოქტომბრის დეტალური განცხადებისა გარემოებების და სხეულის შემოწმების და ანალური შემოწმების ჩატარების მეთოდის შესახებ და მიუხედავად მისი ადვოკატის 2008 წლის 13 ოქტომბრის საჩივრისა, სადაც განმეორებით დეტალურად აღწერდა თავისი კლიენტის ბრალდებებს, სისხლის სამართლის საჩივარი 2008 წლის 17 ოქტომბერს არ დაკმაყოფილდა, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე, საგამოძიებო ნაბიჯის გადადგმის გარეშე, რაც შეეხება ჩხრეკას, პროკურორმა დაასკვნა, რომ რადგან ეს იყო სხეულის შემოწმება და არა სხეულის დათვალიერება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სავალდებულო მოთხოვნები შესრულებული იყო. მომჩივნის შემდგომი საჩივარი უპასუხოდ დარჩა და ვერ მოხერხდა მისი სასამართლო წესით გასაჩივრება.
74. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მომჩივნის სისხლის სამართლის საჩივრის საპასუხოდ არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დააკმაყოფილებდა კონვენციის მოთხოვნებს, ეფექტურობის შესახებ. 2013 წლის 23 იანვარს საკითხის ხელახლა გახსნის შესახებ ინფორმაცია და მთავრობის განცხადებები, რომ ის კვლავ მიმდინარეობს, ვერ მოახდენს გავლენას ამ დასკვნაზე, რადგან აღნიშნული დამატებითი გამოძიება დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი დაგვიანებით დაიწყო და არ ჰქონია კონკრეტული შედეგები. შესაბამისად, გამოძიების პირველი ეტაპის არაეფექტურობამ და სისხლის სამართლის სამართალწარმოების მეორე ეტაპის დაწყების შეფერხებამ, მათმა საერთო ხანგრძლივობამ, უკვე ზიანი მიაყენა ხელახალი საქმის წარმოების პოტენციურ ეფექტურობას, რამაც სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება იყო არაეფექტური კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის (იხ. ნიკოლაე ვირგილიუ ტანასე რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] no. 41720/13, § 171, 25 ივნისი 2019; იხ. ასევე, გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ [კომიტეტი], no. 40009/12, § 52, 27 ივნისი 2019, მასში არსებული შემდგომი მითითებებით).
75. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთვევაში ზემოაღნიშნული საკმარისი იქნებოდა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულების დარღვევას, მოცემულ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით გადაამოწმოს, შეიძლება ჰქონდეს თუ არა გავლენა მომჩივნის ნარკოტიკთან დაკავშირებულ სასამართლო საქმისწარმოების რაიმე განვითარებას, ზემოაღნიშნული კონვენციის საკითხის შეფასებაზე. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ როგორც ზემოთ არსებულ დასკვნაშია მოცემული, სასამართლო განხილვა იყო მისთვის ხელმისაწვდომი ფორუმი, რათა გამოეხატა თავისი პრეტენზიები ჩხრეკის ჩატარების მეთოდთან დაკავშირებით. მართალია, მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში, ეროვნული სასამართლოები იდგნენ სამართლებრივი ვალდებულების წინაშე, რომ შეესწავლათ მხოლოდ ის საკითხი იყო თუ არა ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის გზით მოპოვებული და არ შეეძლოთ ნებისმიერი დამნაშავისთვის დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გამოვლინდებოდა. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შეიძლება გამოეწვია ცალკეული საქმისწარმოებები დამნაშავის წინააღმეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციურ შესაძლებლობას, რომ მომჩივნის სასამართლო პროცესზე შეიძლებოდა დადგენილიყო ჩხრეკისა და ნებისმიერი პასუხისმგებელი პირის შესახებ ფაქტები, წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენები მხედველობაში იქნეს მიღებული მომჩივნის საჩივრის განხილვის დროს, რომელიც ეხება სახელმწიფოს მხრიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
76. სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებთან და შემდგომი სააპელაციო საქმისწარმოების განხილვასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ არსებული სამედიცინო მტკიცებულებები არ ადასტურებს მომჩივნის ბრალდებებს ძალადობის შესახებ, მათ უბრალოდ არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ მინიმუმ ორი მოთხოვნა სათანადო სამედიცინო შემოწმების შესახებ უარყოფილი იქნა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე, ეროვნული სასამართლოები ყურადღებას ამახვილებდნენ მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფიზიკურ ასპექტზე და არ ითვალისწინებდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც სავარაუდო მოპყრობის შედეგად შეიძლებოდა დამდგარიყო. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ მომენტში არ განიხილეს, იყო თუ არა სხეულის შემოწმება გამოყენებული როგორც უკიდურესი საშუალება, ჩატარდა თუ არა იგი მომზადებული კადრების მიერ და მომჩივნის პირადი ცხოვრებისა და ღირსების დაცვის გათვალისწინებით (იხ. იანკოვი, §100, და ვალაშინასი, § 117, ორივე ციტირებული ზემოთ; იხ. ასევე, ვეინვრაითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no. 12350/04, § 42, ECHR 2006‑X). ამასთან, ეს ელემენტები იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის, მომჩვნის მიმართ მოპყრობის მე-3 მუხლთან შესაბამისობის შეფასებისას (იხ. ვიკტორკო პოლონეთის წინააღმდეგ, no. 14612/02, § 53, 31 მარტი 2009, მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად, და ვეინვრაითი, ციტირებული ზემოთ, § 42). ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო იყო ზემოხსენებული ელემენტების უფრო მჭიდრო შეფასება, კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩხრეკა ჩატარდა წინასწარი სასამართლო ბრძანების გარეშე.
77. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის ოფიცრების მიერ ჩხრეკის გარემოებების ვერსიის განხილვისას, კერძოდ ანალურ შემოწმებასთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასამართლოებმა არ განიხილეს წინასასამართლო და სასამართლო მტკიცებულებების შეუსაბამობები. შესაბამისად, დაინტერესებულ პოლიციის ოფიცრებს არცერთ წინასასამართლო განცხადებაში არ უხსენებიათ შავი ბაწარი და ყვითელი ბუშტის ამოღება უკანა ტანში შეღწევის გარეშე. სინამდვილეში, ჩხრეკის შესახებ ოქმში ნახსენები იყო მხოლოდ ყვითელი ბუშტი. სტრასბურგის სასამართლოს აზრით, ეს საკითხი საჭიროებდა შემდგომ გამოკვლევას, რადგან როგორც ჩანს, შავი ბაწრის და სხეულში შეღწევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყვითელი ბუშტის ამოღება მომჩივნის უკანა ტანიდან. გარდა ამისა, ყვითელი ბუშტი, შავი ბაწარით თუ მის გარეშე, გაქრა მომჩივნის საქმის მასალებიდან, რამაც წარმოქმნა სხვა დამატებითი მნიშვნელოვანი სირთულე მოცემულ საქმეში და მოითხოვა, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მეტად დელიკატური შეფასება. საკმაოდ ფორმალურ განცხადებაში დასკვნის გაკეთებით, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა თავისი ბრალდებები დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ჩხრეკის თაობაზე, ეროვნულმა სასამართლოებმა მტკიცების ტვირთი მთლიანად მას დააკისრეს. მათ ეს გააკეთეს, მიუხედავად მომჩივნის საკმაოდ დეტალური და თანმიმდევრული განცხადებებისა ჩხრეკის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით და არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მისი განმეორებითი მოთხოვნები სამედიცინო გამოკვლევის და სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული.
78. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესის დროს განვითარებული მოვლენები ვერ შეცვლის მის დასკვნას მომჩივნის საჩივართან მიმართებით, მე-3 მუხლის საფუძველზე ეფექტური გამოძიების ნაკლებობასთან დაკავშირებით.
79. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება გამოეძიებინა მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით, სხეულის შემოწმების ჩატარების მეთოდთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი.
(b) სავარაუდო არსებითი დარღვევა სხეულის შემოწმების ჩატარების მეთოდთან დაკავშირებით
(i) ზოგადი პრნციპები
80. პრინციპები, რომლებიც ეხება სხეულის შემოწმების შესაბამისობას კონვენციის მე-3 მუხლთან, კარგად არის განვითარებული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში და შეჯამებულია საქმეებში: ჯულინი ესტონეთის წინააღმდეგ (nos. 16563/08 და3 სხვა, § 185, 29 მაისი 2012) და ფრეროტი საფრანგეთის წინააღმდეგ (no. 70204/01, §§ 36-38, 12 ივნისი 2007).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება
81. სტრასბურგის სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ სადავოა საქმესთან დაკავშირებული ფაქტები. მომჩივანი დავობს, რომ იგი დაექვემდებარა ძალადობრივ და დამამცირებელ სხეულის შემოწმებას, რომელსაც თან ახლდა სხეულის აზიდვები და განმეორებითი ანალური შემოწმება, ხოლო მთავრობა აცხადებდა, რომ სხეულის შემოწმება ჩატარდა მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და რომ არავითარი ანალური შემოწმება მომჩივნის მიმართ არ ჩატარებულა.
82. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. ამ მტკიცებულების შესაფასებლად, სტრასბურგის სასამართლო მიმართავს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს, თუმცა დასძენს, რომ ასეთი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და დასკვნებთან ერთად ან მსგავსი სადავო პრეზუმფციებისგან (იხ. ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], no.23380/09, §§ 83, ECHR 2015). მოცემულ საქმეში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის ანალური შემოწმება ჩატარდა მის მიერ აღწერილ გარემოებებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ სხეულის შემოწმება მიზნად ისახავდა მომჩივნის შეშინებას ან დამცირებას, ან/და მისი ჩატარების მეთოდით მან განიცადა ტკივილი ან დამცირება, იმ დონემდე, რომ ტანჯვამ გადალახა მკაცრი ზომების ზღვარი მე-3 მუხლის შესაბამისად. თუმცა, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ იმის დადგენის შეუძლებლობა, იყო თუ არა ჩხრეკის დროს მომჩივნის მიმართ მოპყრობა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, მომდინარეობს ეროვნული ხელისუფლების მარცხისგან ეფექტურად გამოეძიებინა მისი ბრალდებები, რომლებიც როგორც უკვე ზემოთ დადგინდა, მიმდინარეობდა ამ დებულების პროცედურული ვალდებულებების დარღვევით.
83. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას.
მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა) საჩივარი, რომელიც ეხებოდა სამართალწარმოების არასამართლიანობას იმ საფუძვლით, რომ სხეულის შემოწმების დროს მოპოვებული მტკიცებულება ეროვნულმა სასამართლოებმა დასაშვებად ცნეს და გამოიყენეს
(i) ზოგადი პრინციპები
91. სასამართლო იმეორებს, რომ მართალია, კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს სამართლიანი განხილვის უფლებას, თუმცა ის არ ადგენს რაიმე წესებს მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ, რაც პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანია (ჯალო გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], no. 54810/00, § 94, ECHR 2006‑IX, და დე ტომასო იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], no. 43395/09, § 170, ECHR 2017 (extracts); აგრეთვე ელ ჰასკი ბელგიის წინააღმდეგ, no. 649/08, § 81, 25 September 2012). ამრიგად, სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს, კონკრეტული მტკიცებულება- მაგალითად, ეროვნული კანონის მიხედვით უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება- უნდა იქნეს თუ არა დასაშვებად ცნობილი ან არის თუ არა მომჩივანი დამნაშავე. კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის შემდეგი - სამართალწარმოება მთლიანობაში, რაც ასევე მოიცავს მტკიცებულებების მოპოვების ფორმას, იყო თუ არა სამართლიანი (იხ. ჯალო, ციტირებული ზემოთ, § 95, ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], no. 4378/02, § 89, 10 მარტი, 2009).
92. იმის განხილვისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, ყურადღება უნდა გამახვილდეს, დაცული იქნა თუ არა დაცვის მხარის უფლებები. კერძოდ, განხილულ უნდა იქნეს მომჩივანს მიეცა თუ არა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა მტკიცებულებების ავთენტურობა და ამ მტკიცებულებების გამოყენება. დამატებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, რაც ასევე გულისხმობს იმის გათვალისწინებას, მტკიცებულებების მოპოვების ფორმა ხომ არ წარმოშობს ეჭვებს მისი სანდოობისა და სიზუსტის შესახებ (იხ. ბიკოვი, ციტირებული ზემოთ, § 90 და ერკაპიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, no. 51198/08, § 72, 25 აპრილი, 2013, აგრეთვე კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, (no. 36416/06, §§ 61-65 and 73, 14 მარტი, 2019). მტკიცების ტვირთი პროკურატურას ეკისრება და ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ., აჟდარიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, no. 20883/09, § 35, 13 დეკემბერი, 2011, შემდგომი მითითებებით).
93. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას. მსგავსი მტკიცებულების გამოყენება, რომელიც მოპოვებულ იქნა კონვენციით უზრუნველყოფილი აბსოლუტური და ძირითადი უფლების დარღვევით, ყოველთვის წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს სამართალწარმოების სამართლიანობასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მტკიცებულების დასაშვებობა არ არის მსჯავრდებისათვის გადამწყვეტი (იხ., ელ ჰასკი, ციტირებული ზემოთ, § 85, შემდგომი მითითებებით).
(ii) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
94. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მსჯავრდება ძირითადად ეფუძნებოდა ნივთიერ მტკიცებულებას, კერძოდ, ჩხრეკის დროს აღმოჩენილ ნარკოტიკებს და ჩხრეკის განმახორციელებელი სამი პოლიციელისა და იქ მყოფი თარჯიმნის ჩვენებას. ეროვნული სასამართლოების მიერ ამ მტკიცებულებათა შეფასება, უფრო კონკრეტულად კი ამ მტკიცებულებათა მოპოვების ფორმის შეფასება, ცენტრალური მნიშვნელობის იყო მთლიანობაში სამართალწარმოების პროცედურული სამართლიანობისთვის (იხ., კობიაშვილი, ციტირებული ზემოთ, § 60; კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (კომიტეტი), no. 30364/09, §§ 33-39, 7 მაისი, 2020).
95. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით ორი არგუმენტი ჰქონდა. პირველი, ის აცხადებდა, რომ ჩხრეკა, რომელსაც თან ახლდა გაშიშვლება, განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი ფორმით და შესაბამისად, მთავარი მტკიცებულება, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება, მოპოვებული იყო არასათანადო მოპყრობის შედეგად. მეორე რიგში, ის ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციამ ,,ჩაუდო’’ და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს ამ კუთხით მისი არგუმენტების სათანადოდ შეფასება. მართალია, მომჩივნის არგუმენტები დამაბნეველი იყო, ვინაიდან გაურკვეველია ის ამტკიცებდა იმას, რომ მტკიცებულება უკანა ტანის შემოწმების ე.ი. არასათანადო მოპყრობის შედეგად იყო მოპოვებული თუ დავობდა, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჩაუდო’’. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა, რომ მომჩივანი გაჩხრიკეს გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ამასთანავე, პროკურატურის პოზიცია სამართალწარმოების დროს იმგვარი იყო, რომ ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა ჩხრეკის დროს, მომჩივნის უკანა ტანიდან. აქედან გამომდინარე, ეროვნულ სასამართლოებს დეტალურად უნდა განეხილა სულ მცირე მომჩივნის ორი არგუმენტიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ, რომ მოპოვებული მტკიცებულება არასათანადო მოპყრობის შედეგად იქნა მოპოვებული და ამრიგად დაუშვებელი იყო.
96. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს, რომ გამოყენებული იქნა არასათანადო მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება, სასამართლო აცხადებს, რომ, მის ხელთ არსებული საქმის მასალების საფუძველზე, ამ კონტექსტში ვერ დაადგენს კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევას. თუმცა, საქმეში ამგვარი დოკუმენტების არარსებობა დაკავშირებული იყო იმ დასკვნასთან, რომ მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის მიხედვით, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დროს სათანადოდ არ განიხილეს მომჩივნის არგუმენტი ჩხრეკის უკანონობასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა თანაბრად რელევანტურია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სამართალწარმოების არასამართლიანობასთან დაკავშირებული მომჩივნის საჩივრის განხილვისას. მომჩივანმა შექმნა prima facie საქმე ნამდვილ მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელიც პოტენციურად არასათანადო მოპყრობის შედეგად იქნა მოპოვებული. ეს მტკიცებულება მთავარ საფუძვლად ედო მომჩივნის მსჯავრდებას. ფაქტობრივად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, დამოუკიდებლად მსჯავრდებისთვის საკმარისი არ იყო. ამის გათვალისწინებით, ეროვნულმა სასამართლოებმა, როდესაც სათანადოდ არ განიხილეს ჩხრეკისა და უკანა ტანის შემოწმების ფორმასთან დაკავშირებული ბრალდებები, ვერ უზრუნველყვეს მომჩივნის მთავარი არგუმენტის ადეკვატური განხილვა, რომელიც ეხებოდა მტკიცებულებების გამოყენების უკანონობას. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს მტკიცებულებათა ხარისხი და აგრეთვე მათი მოპოვების გარემოებები, წარმოშობდა თუ არა ეჭვებს მტკიცებულებათა სანდოობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით (იხ., მეჰმეტ დუმანი თურქეთის წინააღმდეგ, no. 38740/09, §§ 45-46, 23 ოქტომბერი, 2018; აბდულკადიროვი და დახთაიევი რუსეთის წინააღმდეგ, no. 35061/04, §§ 79-81, 10 ივლისი, 2018; და ტურბილევი რუსეთის წინააღმდეგ, no. 4722/09, § 87, 6 ოქტომბერი, 2015).
97. მართალია, მთავრობა ცალკე სამართალწარმოებაში ამტკიცებდა, რომ ჩხრეკასთან დაკავშირებული გარემოებები დაექვემდებარა სასამართლო გადასინჯვას, ჩხრეკის შემდგომი სასამართლო განხილვის კონტექსტში. თუმცა, რომც დავუშვათ, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალის განმხილველ სასამართლოს შეეძლო გაეთვალისწინებინა ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით მანამდე ჩატარებული სასამართლო განხილვა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა საქმეებში კობიაშვილი და მეგრელიშვილი (ორივე ციტირებულია ზემოთ), რომ ჩხრეკის შემდგომი სასამართლო განხილვა არ არის ადეკვატური და საკმარისი ჩხრეკის გარემოებების, აგრეთვე მტკიცებულებების ავთენტურობისა და სარწმუნოობის დადგენის მიზნისთვის (იხ., კობიაშვილი, §§ 67-69, და მეგრელიშვილი, §§ 35).
98. შეჯამების სახით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების ფორმა შეიძლებოდა იმგვარი ყოფილიყო, რომ გამოეწვია ეჭვი აღნიშნული მტკიცებულების სანდოობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით. ამ მტკიცებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩხრეკის ფორმასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის არაადეკვატურობა, რაც გამოიხატა ეროვნული სასამართლოების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ მომჩივნის განცხადებების არაადეკვატურ განხილვაში, გამამყარებელი მტკიცებულებების სისუსტესთან ერთად, მომჩივნის სამართალწარმოებას არასამართლიანად აქცევდა. ამ დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ აღარ მიიჩნევს განიხილოს, ეროვნულ სასამართლოებს უნდა ემსჯელათ თუ არა მომჩივნის არგუმენტზე, რომ მას პოლიციელებმა ნარკოტიკები ,,ჩაუდეს’’.
99. შესაბამისად, მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
ბ) საჩივარი თარჯიმნის მომსახურების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით
(i) ზოგადი პრინციპები
100. თარჯიმნის უფასო დახმარების უფლებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები განვითარებულია სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში და შეჯამებულია საქმეზე ჰერმი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (no. 18114/02, § 69-71, ECHR 2006‑XII).
(II) ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
101. სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, არც ეროვნულ დონეზე და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, მომჩივანი არ დავობდა, რომ მან საკმარისად არ იცოდა რუსული ენა. გარდა ამისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება მომჩივნის ან მისი ადვოკატების მხრიდან რაიმე სახის საჩივარი, ფორმალური ან არაფორმალური, სამართალწარმოების დროს თარჯიმნის მომსახურებასთან დაკავშირებით.
102. რაც შეეხება თარგმნილი დოკუმენტების ნაკლებობასთან დაკავშირებულ ბრალდებას, მომჩივანი სამართალწარმოების დროს დავობდა, რომ დაკავების შემდეგ მას არ მიეცა ბრალდების წერილობითი თარგმანი, რაც არღვევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით გარანტირებულ მის უფლებას. ამასთან მიმართებით, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს დაკავებიდან ორმოცდარვა საათის განმავლობაში ბრალი ხმამაღლა წაუკითხა პროკურორმა, რაც მას თარჯიმანმა უთარგმნა დაცვის მხარის ადვოკატის თანდასწრებით. გარდა ამისა, შესაბამისი გადაწყვეტილება აგრეთვე ითარგმნა რუსულ ენაზე; ამრიგად, მთავრობის განცხადებით, კონვენციის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლო აღნიშნავს საქმის განმხილველი მოსამართლის დასკვნას, რომლის მიხედვით ნათელი არ არის, რომ მომჩივანს ნამდვილად გადაეცა ბრალდების დადგენილება იმ ენაზე, რომელიც მას ესმოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ახსნა-განმარტების არარსებობის პირობებში, სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავ რაიმე მიზეზს, რათა გადაუხვიოს ეროვნული სასამართლოს დასკვნისგან. მიუხედავად ამისა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნისთვის ბრალის წარდგენიდან ძალიან მალევე, მომჩივანმა და მისმა ადვოკატებმა წარმოადგინეს დეტალური არგუმენტები, რომლითაც ასაჩივრებდნენ ბრალდების ძირითად ასპექტებს და აღწერდნენ მოვლენათა განვითარების თავიანთ ვერსიას, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანმა საკმარისად გაიგო მის წინააღმდეგ არსებული ბრალი და აგრეთვე თუ რას ეფუძნებოდა აღნიშნული ბრალდება (იხ., ჰერმი, ციტირებული ზემოთ, § 70; იხ., აგრეთვე, mutatis mutandis, პეტუჰოვსი გერმანიის წინააღმდეგ(განჩინება) [კომიტეტი], no. 60705/08, 9 მარტი, 2010, და კამასინსკი ავსტრიის წინააღმდეგ, 19 დეკემბერი, 1989, § 85, Series A no. 168).
103. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის მასალების მიხედვით, სამართალწარმოების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მომჩივნისთვის უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურეობა. კერძოდ, 2008 წლის 27 სექტემბერს თარჯიმანი ესწრებოდა დაკავებასა და ჩხრეკას. 2008 წლის 29 სექტემბერს მომჩივანს თარჯიმანმა უთარგმნა ბრალის წარდგენა. 2008 წლის 6 ოქტომბერს მომჩივანი დაიკითხა თარჯიმნის დახმარებით. 2008 წლის 14 ნოემბერს მომჩივანს გაეგზავნა თარგმნილი ბრალდების შესახებ დადგენილება და გამოძიების დასრულების შესახებ ინფორმაცია, თუმცა მან უარყო ჩაბარება. მიუხედავად ამისა ბრალდების შესახებ დადგენილება მას მიეცა მოგვიანებით, სამართალწარმოების დაწყების დროს. ასევე მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მომჩივანს სამართალწარმოების დროს ეხმარებოდა თარჯიმანი.
104. ყოველივე ზემოხსენებულის და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ კონვენცია არ მოითხოვს ყველა ოფიციალური დოკუმენტის წერილობით თარგმანს და თარჯიმნის ზეპირად დახმარებამ შესაძლოა დააკმაყოფილოს კონვენციის მოთხოვნები (იხ., ჰუსეინი იტალიის წინააღმდეგ (განჩინება), no. 18913/03, ECHR 2005‑III, და ჰერმი, ციტირებული ზემოთ, § 70), სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მომჩივანმა მიიღო სათანადო დახმარება, რამაც მისთვის შესაძლებელი გახადა სამართალწარმოებაში ადეკვატური მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი არ დარღვეულა.
41-ე მუხლი
მომჩივანს, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლომ 10, 000 ევრო მიაკუთვნა. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სამართალწარმოების არასამართლიანობის გამო კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას (ამასთან დაკავშირებით იხ. ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, no. 17716/08, § 74, 7 ივნისი, 2018).