დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 168
ნოემბერი 2013
Bouyid წინააღმდეგ ბელგია- 23380/09
გადაწყვეტილება 21.11.2013 [V სექცია]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
პოლიციის ოფიცრის მიერ პოლიციაში დაკითხვის დროს ინდივიდისათვის სახეში სილის სავარაუდო გაწვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები – მომჩივნები, ორი ძმა, რომელთაგან ერთ-ერთი მოვლენათა განვითარების დროს იყო არასრულწლოვანი, პოლიციის ოფიცრებმა ცალ-ცალკე დაკითხეს სხვადასხვა ინციდენტთან დაკავშირებით. ორივენი ამტკიცებდნენ, რომ მათ ოფიცრებმა ერთჯერადად სახეში ხელი გაარტყეს. მათ წარადგინეს სისხლისსამართლებრივი საჩივრები და მოითხოვეს სამოქალაქო მოსარჩელის სტატუსის მინიჭება, თუმცა უშედეგოდ.
სამართალი – მუხლი 3: პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც დაკითხვისას დაარტყეს ინდივიდებს, სულ მცირე, დაარღვიეს ეთიკა და გამოავლინეს პროფესიონალიზმის სავალალო ნაკლებობა. სასამართლომ დაიმოწმა „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაცია, რომელიც გამოიცა ბელგიაში კომიტეტის ვიზიტის შემდეგ 2005 წელს: თავისუფლებააღკვეთილი პირების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის რისკის გათვალისწინებით, კომპეტენტურ პირებს მოეთხოვებოდათ, გამოეჩინათ სიფრთხილე ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით არასრულწლოვნებუს მიმართ.* მიუხედავად ამისა, წინამდებარე საქმეში, თუნდაც გვევარაუდა, რომ ხელის გარტყმას ჰქონდა ადგილი, ორივე შემთხვევაში ეს იყო ცალკეული ინციდენტი, გამოწვეული არა აღიარების გამოძალვის მიზნით, არამედ პოლიციის ოფიცერთა დაუფიქრებლობით, რომელთაც ნერვებმა უმტყუნათ მომჩივანთა უპატივცემულო და პროვოკაციული საქციელის გამო. გარდა ამისა, ეს მოხდა დაძაბულ ატმოსფეროში, მომჩივანთა ოჯახის წევრების ჩართულობით, ადგილობრივი პოლიციის შენობაში. ასეთ ვითარებაში - იმის მიუხედავად, რომ მომჩივანთაგან ერთ-ერთი მოცემულ დროს მხოლოდ 17 წლისას წარმოადგენდა და გასაგები იყო მათი ძლიერი აღშფოთება - თუნდაც დაშვებულიყო, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამტკიცებდნენ, თითოეული გარტყმა წარმოადგენდა ერთჯერად აქტს ნერვიული დაძაბულობის ვითარებაში, რასაც არ მოჰყოლია რაიმე სერიოზული ან ხანგრძლივი შედეგი. მსგავსი ქმედებები, მიხედავად იმისა, რომ ისინი მიუღებელი იყო, ვერ ჩაითვლებოდა დამცირების ან შეურაცხყოფის იმ ხარისხის მატარებლად, რაც საკმარისი იქნებოდა მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად).
* დოკუმენტი CPT/Inf (2006) 15, § 11.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy