© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
Bბაუმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(141/1996/760/961)
Gგადაწყვეტილება
სტრასბურგი
19 თებერვალი 1998
წინამდებარე გადაწყვეტილება ექვემდებარება რედაქციულ გადასინჯვას გადაწყვეტილებებისა და განჩინებების 1998 წლის ანგარიშში საბოლოო ფორმით გამოქვეყნებამდე. ამ ანგარიშების მოძიება შესაძლებელია გამომცემლობაში Carl Heymanns Verlag KG (Luxemburger Straße 449, D-50939 Köln), რომელიც ასევე მოაგვარებს მათ გავრცელებას აგენტების დახმარებით ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი ქვეყნიდან.
აგენტთა სია
ბელგია: Etablissements Emile Bruylant (rue de la Régence 67,
B-1000 Bruxelles)
ლუქსემბურგი: Librairie Promoculture (14, rue Duchscher
(place de Paris), B.P. 1142, L-1011 Luxembourg-Gare)
ჰოლანდია: B.V. Juridische Boekhandel & Antiquariaat
A. Jongbloed & Zoon (Noordeinde 39, NL-2514 GC ‘s-Gravenhage) SUMMARY[1]
დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება
გაერთიანებული სამეფო – დევნა, რომელიც შედეგად მოჰყვა აბორტის კამპანიის მონაწილის მხრიდან ფურცლების გავრცელებას საყოველთაო არჩევნებამდე (სახალხო წარმომადგენლობის შესახებ 1983 წლის კანონის (the People Act 1983) 75-ე მუხლი).
I.მთავრობის წინასწარი შეკამათება (მოსარჩელის, როგორც “მსხვერპლის” სტატუსი)
მოსარჩელის წინააღმდეგ აღძრული დევნა _ მისთვის იმის მითითება, რომ იმყოფება მომავალში მის წინააღმდეგ ხელახალი დევნის აღძვრის რისკის ქვეშ, თუკი არ შეიცვლის საქციელს _ ამ გარემოებებში მოსარჩელეს შეეძლო ემტკიცებინა, რომ მას ზიანი მიაყენა უშუალოდ კანონმა და ამიტომაც წარმოადგენდა “მსხვერპლს” კონვენციის 25-ე (§1) მუხლის გაგებით.
დასკვნა: წინასწარი შეკამათება უარყოფილია (ერთხმივად).
II. კონვენციის მე-10 მუხლი
A. SezRudvis arseboba
B. 1983 წლის კანონის 75-ე მუხლით არაუფლებამოსილი პირის მიერ 5 გირვანქა სტერლინგზე (GBP 5) მეტი თანხის დახარჯვის აკრძალვა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის გასავრცელებლად, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
“კანონით გათვალისწინებული”
შეზღუდვა გათვალისწინებული იყო კანონით.
C. Kკანონიერი მიზანი
სხვათა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისა და ელექტორატის უფლებების დაცვა.
D. A”უცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ”
სახელმწიფოს გააჩნია თავისუფალი შეფასების ფარგლები თავისუფალი არჩევნების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის განსაზღვრისას.
1983 წლის კანონის 75-ე მუხლი პრაქტიკაში მოქმედებდა, როგორც სრული დაბრკოლება მოსარჩელისათვის, გამოექვეყნებინა ინფორმაცია აბორტის მოწინააღმდეგე კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით _ არ იყო აუცილებელი, კანდიდატებს შორის თანაწორობის უზრუნველსაყოფად დაწესებულიყო GBP5-ზე ნაკლები დანახარჯის ფარგლები _ არათანაზომიერი შეზღუდვა.
დასკვნა : არის დარღვევა (თოთხმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ).
III. კონვენციის 50-ე მუხლი
A.მორალური ზიანი: დარღვევის აღიარება საკმარისად იქნა მიჩნეული.
B. ხარჯები: მოთხოვნილი თანხის ნაწილობრივი ანაზღაურება.
დასკვნა: მოპასუხე სახელმწიფომ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს განსაზღვრული თანხა (ერთხმივად).
სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი
6.11.1980, Sunday Times v. the United Kingdom (no. 1); 8.7.1986, Lingens v. Austria; 2.3.1987, Mathieu-Mohin and Clerfayt v. Belgium; 26.10.1988, Norris v. Ireland.
საქმეში ბაუმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[2],
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა, რომელიც შეიქმნა სასამართლოს A რეგლამენტის[3] 51-ე მუხლის შესაბამისად და რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან:
ბ-ნი რ. ბერნჰარდტი, პრეზიდენტი,
ბ-ნი თორ ვილიამსონი,
ბ-ნი ლ. ე. პეტიტი,
ბ-ნი ბ. უოლში,
ბ-ნი რ. მაკდონალდი,
ბ-ნი კ. რუსო,
ბ-ნი ა. შპილმანი,
ბ-ნი ნ. ვალტიკოსი,
ბ-ნი ე. პალმი,
ბ-ნი ა. ნ. ლოიზოუ,
ბ-ნი ჯონ ფრილენდი,
ბ-ნი ა. ბ. ბაკა,
ბ-ნი მ. ა. ლოპეზ როშა,
ბ-ნი ლ. ვილდჰაბერი,
ბ-ნი დ. გოტჩევი,
ბ-ნი პ. იამბრეკი,
ბ-ნი უ. ლოჰმუსი,
ბ-ნი ე. ლევითსი,
ბ-ნი ჯ. კასადევალი,
ბ-ნი პ. ვან დეიკი
და აგრეთვე ბ-ნი ჰ. პეტსოლდი, გამწესრიგებელი, და ბ-ნი პ. ჯ. მაჰონი, გამწესრიგებლის მოადგილე,
საიდუმლო თათბირის შედეგად, 1997 წლის 25 ოქტომბერსა და 1998 წლის 29 იანვარს,
აცხადებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ბოლოს მოხსენიებულ დღეს.
პროცედურა
1. საქმე სასამართლოს გადასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ (ამიერიდან მოხსენიებულია როგორც “კომისია”) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, შესაბამისად, 1996 წლის 19 ოქტომბერსა და 1997 წლის 7 იანვარს კონვენციის 32-ე (§1) და 47-ე მუხლების საფუძველზე. მას საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 24839/94) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილი იქნა კომისიაში 1994 წლის 11 მარტს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 25-ე მუხლის შესაბამისად ბრიტანელი მოქალაქის, ქ-ნი ფილის ბაუმანის მიერ.
კომისიის მოთხოვნაში მითითებული იყო კონვენციის 44-ე და 48-ე მუხლები (მუხლი 44, მუხლი 48) და გაერთიანებული სამეფოს განცხადება სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციის აღიარების შესახებ (მუხლი 46). კომისიის მოთხოვნისა და მთავრობის საჩივრის მიზანს წარმოადგენდა სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, ააშკარავებდა თუ არა საქმეში არსებული ფაქტები მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.
2. სასამართლოს A რეგლამენტის 33-ე (§3(d)) მუხლის შესაბამისი გამოკითხვის საპასუხოდ მოსარჩელემ განაცხადა, რომ სურდა პროცესში მონაწილეობის მიღება და დანიშნული ჰყავდა ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენდა სასამართლოში (რეგლამენტის 30-ე მუხლი).
3. პალატის შემადგენლობაში ex officio შევიდნენ სერ ჯონ ფრილენდი, ბრიტანული მოქალაქეობის მქონე არჩეული მოსამართლე (კონვენციის 43-ე მუხლი) და ბ-ნი რ. ბერნჰარდტი, სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი (რეგლამენტის მე-2 (§4(b)) მუხლი). 1996 წლის 29 ოქტომბერს, გამწესრიგებლის თანდასწრებით, სასამართლოს პრეზიდენტმა ბ-ნმა რ. რისდალმა წილისყრის მეშვეობით გამოავლინა დანარჩენი შვიდი მოსამართლის გვარი. ესენი იყვნენ ბ-ნი ლ. ე. პეტიტი, ბ-ნი ბ. უოლში, ბ-ნი კ. რუსო, ბ-ნი ა. შპილმანი, ბ-ნი ა. ნ. ლოიზოუ, ბ-ნი მ. ა. ლოპეზ როშა და ბ-ნი პ. იამბრეკი (კონვენცის 43-ე მუხლი და რეგლამენტის 2-ე (§5) მუხლი.
4. ბ-ნი ბერნჰარდტი, როგორც პალატის პრეზიდენტი (რეგლამენტის 21-ე (§6) მუხლი), რომელიც მოქმედებდა გამწესრიგებლის მეშვეობით, დაეთათბირა მთავრობის აგენტს, მოსარჩელის წარმომადგენელსა და კომისიის დელეგატს პროცესის ორგანიზაციის თაობაზე (რეგლამენტის 37-ე (§1) და 38-ე მუხლები). ამის შედეგად გამოცემული ბრძანებისა და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ვადის შესაბამისად, გამწესრიგებელმა მიიღო მთავრობის წერილობითი პასუხი 1997 წლის 3 ივნისს, ხოლო მოსარჩელისა _ 1997 წლის 18 ივლისს.
5. პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად, საქმის საჯარო მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 1997 წლის 27 აგვისტოს. მანამდე სასამართლომ გამართა მოსამზადებელი შეხვედრა.
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
(a) მთავრობის მხრიდან:
ბ-ნი დ. ბენტლი, უცხოეთისა და თანამეგობრობის უწყება, აგენტი
ბ-ნი დ. პანიკი, დედოფლის მრჩეველი,
ბ-ნი დ. ანდერსონი, დამცველი,
ბ-ნი რ. ქლეიტონი, საშინაო უწყება, მრჩეველი
(b)კომისიის მხრიდან
ბ-ნი ლ. ლუკაიდისი, დელეგატი,
(c) მოსარჩელის მხრიდან:
ბ-ნი ჯ. რობერტსონი, დედოფლის მრჩეველი, დამცველი
ბ-ნი დ. პრაისი, სოლისიტორი
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ლუკაიდისის, ბ-ნი პანიკისა და ბ-ნი რობერტსონის მიმართვები.
6. 1997 წლის 29 აგვისტოს გამართული თათბირის შედაგად პალატამ გადაწყვიტა, თავისი იურისდიქცია დაეთმო დიდი პალატისათვის (რეგლამენტის 51-ე მუხლი).
7. დიდი პალატის შემადგენლობაში ex officio შევიდნენ: ბ-ნი რისდალი, სასამრთლოს პრეზიდენტი, და ბ-ნი ბერნჰარდტი, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაპირველი პალატის ყველა წევრთან და სათადარიგო მოსამართლესთან ერთად. სათადარიგო მოსამართლეებს წარმოადგენდნენ ბ-ნი ე. პალმი და ბ-ნი ჯ. კასადევალი (რეგლამენტის 51-ე (§2 (a) და (b)) მუხლი). 1997 წლის 30 აგვისტოს, პრეზიდენტმა, გამწესრიგებლის თანდასწრებით, წილისყრის მეშვეობით გამოავლინა დამატებით კიდევ ცხრა მოსამართლის ვინაობა დიდი პალატის შესავსებად. ესენი იყვნენ ბ-ნი თორ ვილიამსონი, ბ-ნი რ. მაკდონალდი, ბ-ნი ნ. ვალტიკოსი, ბ-ნი ა. ბ. ბაკა, ბ-ნი ლ. ვილდჰაბერი, ბ-ნი დ. გოტჩევი, ბ-ნი უ. ლოჰმუსი, ბ-ნი ე. ლევიტსი და ბ-ნი პ. ვან დეიკი (რეგლამენტის 51-ე §2 (c) მუხლი).
8. მთავრობის აგენტთან კომისიის დელეგატისა და მოსარჩელის თანხვდენილი მოსაზრებების შეთანხმების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ, 1997 წლის 25 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ პალატის მიერ თავისი იურისდიქციის დათმობის გამო საქმის შემდგომი მოსმენა აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა (რეგლამენტის 38-ე მუხლი 51-ე (§6) მუხლთან ერთობლიობაში).
9. შემდგომში, ბ-ნმა ბერნჰარდტმა ჩაანაცვლა ბ-ნი რისდალი, რომელსაც აღარ შეეძლო საქმის შემდგომ განხილვაში მონაწილეობა მიეღო, როგორც დიდი პალატის პრეზიდენტს (რეგლამენტის 21-ე (§5) მუხლი).
ფაქტების შესახებ
I. საქმის გარემოებები
10. ქ-ნი ფილის ბაუმანი დაბადებულია 1926 წელს და ცხოვრობს ლონდონში. იგი არის დაუბადებელ ბავშვთა დაცვის საზოგადოების (“SPUC”) აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 50,000 წევრს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აბორტსა და ადამიანის ემბრიონზე ექსპერიმენტების ჩატარებას. ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი კანონმდებლობის შეცვლას, რომელიც უშვებს აბორტს ორსულობის ოცდაორ კვირამდე და ემბრიონზე ექსპერიმენტებს თოთხმეტ დღემდე.
11. უმთავრეს პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მკვეთრი პოლიტიკა აბორტისა და ემბრიონზე ექსპერიმენტების ჩატარების საკითხებზე. ისინი მიჩნეულია მორალის საკითხებად და პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შეთავაზებულ კანონებს ხმა მისცენ თავიანთი სინდისის შესაბამისად. ქ-ნი ბაუმანისა და SPUC-ის შეხედულებით, თუკი ამომრჩევლები იმყოფებოდნენ პოზიციაში, რომ შეეძლოთ თავიანთი წარმომადგენლების არჩევის მეშვეობით მიეღწიათ საკანონმდებლო ცვლილებებისათვის, მაშინ, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მათი ინფორმირება არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შეხედულებების შესახებ აბორტსა და მასთან დაკავშირებულ თემებზე.
12. 1992 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე წინა უახლოეს პერიოდში, ქ-ნმა ბაუმანმა მოახერხა გაევრცელებინა დაახლოებით მილიონნახევარი პროკლამაცია ამომრჩეველთა შორის მთელს გაერთიანებულ სამეფოში. მათ შორის ჰალიფაქსის ამომრჩეველთა შორის გაავრცელა 25,000 ცალი შემდეგი შინაარსის პროკლამაცია:
“ჩვენ არ გკარნახობთ, თუ ვის მისცეთ ხმა, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია აკონტროლებდეთ იმას, თუ რა განზრახვები გააჩნიათ კანდიდატებს აბორტის ან ადამიანის ემბრიონის ზღვის გოჭად (guinea-pig) გამოყენების საკითხებზე ხმის მიცემისას.
ტერი მარტინი, კონსერვატორი.
ბ-ნმა მარტინმა საჯაროდ განაცხადა თავის მყარი ვალდებულების შესახებ დაიცვას დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლე. თუკი არჩეული იქნება, იგი მხარს დაუჭერს აბორტის საფუძვლების გამკაცრებას და აბორტის აკრძალვას მოთხოვნის საფუძველზე. იგი ხმას მისცემს აბორტის აკრძალვას ოცდაოთხი კვირის შემდეგ, რამდენადაც ამჟამად კანონი უშვებს აბორტს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვის დაბადებამდე ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვების მიმართ ან სხვა საფუძვლებზე. იგი ხმას მისცემს ადამიანის ემბრიონის შექმნისა და წამლების გამოცდის მიზნით ზღვის გოჭად მისი გამოყენების აკრძალვას.
ალისონ მაჰონი, ლეიბორისტი.
ქ-ნი მაჰონი წამყვანი ფიგურაა აბორტის მომხრეთა შორის. როგორც პარლამენტის წევრმა, მან ხმა მისცა ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვებთან მიმართებაში აბორტის დაშვებას ორსულობის ნებისმიერ დროს ბავშვის დაბადებამდე. მან ხმა მისცა იმ ექიმთა სავალდებულო რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რომლებიც თავიანთი სინდისის გამო ეწინააღმდეგებიან აბორტს, მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებისა, რომ შესაძლოა, იგი შავ სიად გამოყენებულიყო. Mმან ასევე ხმა მისცა ადამინის ემბრიონის ზღვის გოჭებად გამოყენების დაშვებას წამლების გამოცდისა თუ სხვა ექსპერიმენტულლი პროგრამების განხორციელების დროს.
იან ჰოუელი, ლიბერალ-დემოკრატი.
თუკი არჩეული იქნება, ბ-ნი ჰოუელი მხარს დაუჭერს აბორტის საფუძვლების გამკაცრებას და აბორტის აკრძალვას მოთხოვნის საფუძველზე. იგი ხმას მისცემს აბორტის ვადის შემცირებას 24 კვირამდე ან უფრო ნაკლებ დრომდე, სადაც კი ამჟამად კანონი უშვებს აბორტს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვის დაბადებამდე ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვების მიმართ ან სხვა საფუძვლებზე. იგი მხარს დაუჭერს ადამიანის ემბრიონის დაცვას სხვადასხვა კვლევით პროგრამებში ზღვის გოჭად მისი გამოყენებისგან.
D”დაუბადებელ ბავშვთა დაცვის საზოგადოება”
პროკლამაციის უკანა გვერდზე, სურათთან ერთად, მინაწერით _ “დაუბადებელი ბავშვი ჩასახვიდან ათ კვირაში”, დაბეჭდილი იყო:
“სიცოცხლის პირველი კვირეები
დღე 1: ჩასახვა _ სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმის შედეგად მოხდა განაყოფიერება. გენეტიკური მაკიაჟი დასრულებულია. განისაზღვრა თვალებისა და თმის ფერი, სქესი, და თვით სხეულის აგებულებაც კი. უნიკალური ინდივიდუალური არსება საშვილოსნოს ფალოპის მილში უკვე არსებობს.
დღე 12: იმოგზაურა საშვილოსნოში და მიემაგრა მას.
დღე 17 : ვითარდება სისხლძარღვები.
დღე 21 : გული იწყებს ცემას. Eეს არანაკლებ შთამბეჭდავია, ვიდრე დაბადება, მაგრამ გაცილებად ნაკლებად შთამბეჭდავი, ვიდრე განაყოფიერება.
დღე 26: ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბება დადგენილია.
დღე 30: იწყება რეგულარული სისხლისმიმოქცევა სისხლძარღვთა დახურულ სისტემაში. განვითარებას იწყებს ცხვირი და ყურები.
დღე 42: ჩონჩხი და რეფლექსები უკვე არსებობს. ჩამოყალიბებულია ღვიძლი, თირკმელები და ფილტვები. რეაგირებს პირის გარშემო შეხებისას.
დღე 45 : უკვე შესაძლებელია ტვინში გამომუშავებული ელექტროიმპულსების ჩაწერა.
დღე 56 : ფილტვების გარდა, ფუნქციონირებს ყველა ორგანო. Eეს არსება ახლა მხოლოდ უნდა გაიზარდოს და მომწიფდეს, როგორც ბავშვი, რომელიც იზრდება დედის სხეულში.
დღე 65: ბავშვს შეუძლია მუშტების ქნევა და ხელისგულზე მოხვედრილ საგნებზე ჩაბღაუჭება. ტუჩები იწყებს კოორდინირებულ მოძრაობას.
კვირა 12 : სხეულის მთელი ზედაპირი მგრძნობიარეა ყოველგვარი შეხებისას.
კვირა 16. ბავშვს დაბადებამდე ნახევარი დრო უკვე გავლილი აქვს. გული ტუმბავს 50 პინტა (1 პინტა _ 0.57 ლ) სისხლს დღეში.
კვირა 28 : თვალები გახელილია. ბავშვს ესმის საჭმლის მონელების პროცესი დედის ორგანიზმში, დედის გულისცემა და ხმა, ისევე როგორც ხმები სხეულის გარედან.
მე-9 თვე : დაბადება _ სრულიად განსხვავებული ეტაპი უკვე კარგად განვითარებულ პროცესში.
ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ ბავშვს აქვს ტკივილის შეგრძნება უკვე საწყისი სტადიებიდანვე. შესაბამისად, ჩვენ ვანადგურებთ მათ ტკივილის მიყენებით ჩასახვიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო ზოგჯერ, კერძოდ ნაკლის მქონე ბავშვების შემთხვევაში, მათი დაბადების უკანასკნელ პერიოდამდე.”
13. ქ-ნი ბაუმანს ბრალი წარუდგინეს სისხლისსამართლებრივი დარღვევისათვის სახალხო წარმომადგენლობის შესახებ კანონის 75-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, რომელიც კრძალავს არაუფლებამოსილი პირის მიერ 5 გირვანქა სტერლინგზე (“GBP”) მეტი თანხის დახარჯვას არჩევნებამდე პერიოდში ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის გამოქვეყნებისას საარჩევნო კანდიდატის მხარდაჭერისა თუ მისი არჩევის უზრუნველყოფის მიზნით. (იხ. ქვემორე მე-17-მე-19 პარაგრაფები).
14. 1993 წლის 27 სექტემბერს საუთვარკის სამეფო სასამართლოში (Southwark Crown Court) ქ-ნი ბაუმანის საქმის განხილვისას, მოსამართლემ იგი გაამართლა, რამდენადაც სასამართლოში გამოძახების უწყება, როლითაც მას ბრალი წაეყენა დარღვევისათვის, არ იყო გამოცემული სავარაუდო დანახარჯის გაწევიდან ერთწლიან ვადაში, რაც დადგენილი იყო 1983 წლის კანონის 176-ე მუხლით. ამის მიუხედავად, ინფორმაცია პროცესის შესახებ გადაიცა პრესით.
15. მანამდე, 1979 წელს, ქ-ნი ბაუმანი მსჯავრდებული იქნა ანალოგიური დარღვევის გამო იმავე კანონმდებლობის საფუძველზე ჩრდილოეთ ილფორდის არჩევნების წინა პერიოდში პროკლამაციების გავრცელებისათვის. იგი ასევე იქნა მსჯავრდებული 1982 წელს ევროპული არჩევნების პერიოდში პროკლამაციების გავრცელებასთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში მას დაეკისრა ჯარიმა და დევნის ხარჯების გადახდა.
შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
A. საპარლამენტო არჩევნები
16. საყოველთაო არჩევნების დღეს ადგენს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ჩვეულებრივ ცხადდება კენჭისყრის დღემდე ოთხიდან ექვს კვირამდე ადრე.
17. საარჩევნო მიზნებისათვის გაერთიანებული სამეფო დაყოფილია ამომრჩეველთა ოლქებად. თითოეული ოლქი წარმოდგენილია პარლამენტის თითო წევრით _ იმ პირით, ვინც მიიღო ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა თავის ოლქში. კანდიდატთა უმეტესობა შერჩეულია უმთავრესი პოლიტიკური პარტიებიდან, თუმცა ზოგიერთი მათგანი მონაწილეობს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. კანდიდატის საარჩევნოდ დასახელება ხელმოწერილი უნდა იქნეს ათი ადამიანის მიერ, რომლებიც ამ ოლქში არიან რეგისტრირებულნი. თითოეულმა კანდიდატმა უნდა შეიტანოს GBP 500 საარჩევნო ოლქის მოხელესთან. თუ კანდიდატი ვერ მოაგროვებს კანონიერად ცნობილი ხმების 5%-ს მაინც, ეს თანხა დაექვემდებარება ჩამორთმევას.
B. საარჩევნო დანახარჯების კონტროლი
18. გაერთიანებულ სამეფოში საარჩევნო კანდიდატები სახელმწიფოსაგან არ იღებენ არავითარ სახსრებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად. იმ კანდიდატთა მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, ვისაც არ გააჩნია სერიოზულ სახსრებზე ხელმისაწვდომობა, ხარჯების რაოდენობა, რომელიც შეიძლება გასწიოს კანდიდატმა, კონტროლდება კანონის საფუძველზე (1983 წლის კანონი, 76-ე მუხლი) საარჩევნო როგორც კამპანიის განმავლობაში, ისე მის შემდეგ. თანხის ოდენობა განსხვავდება საარჩევნო ოლქის სიდიდისდა მიხედვით, მაგრამ ზღვრულ ოდენობას ამჟამად წარმოადგენს GBP 8,300. იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს ზღვრული ოდენობის შესახებ კანონის მოთხოვნისათვის გვერდის ავლა, კანდიდატის ყველა საარჩევნო დანახარჯი გადის საარჩევნო აგენტის ხელში, რომელიც ვალდებულია არჩევნების შემდეგ წარადგინოს შესაბამისი ანგარიში (1983 წლის კანონი, 73-ე, 76-ე და 81-ე მუხლები).
19. 1983 წლის კანონის 75-ე(1) მუხლის მიხედვით, არჩევნებში კანდიდატის მხარდასაჭერად ნებისმიერი ხარჯის გაწევა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გაწეულია საკუთრივ ამ კანდიდატის ან მისი აგენტის მხრიდან.
“არავითარი ხარჯი, გარდა იმისა, რაც გაღებულია საკუთრივ კანდიდატის, მისი აგენტისა და აგენტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ, არ შეიძლება გაწეულ იქნეს ვინმეს მხრიდან ამა თუ იმ კანდიდატის არჩევნების მხარდასაჭერად ან უზრუნველსაყოფად შემდეგი მიზნებით:
(a) საჯარო შეხვედრების უზრუნველსაყოფად ან რაიმე საჯარო გამოჩენის ორგანიზაციისათვის; ან
(b) რეკლამების, ცირკულარებისა და პუბლიკაციების გამოსაცემად; ან
(c) ამომრჩევლისათვის კანიდატის, ან არჩევნებში მისი მხარდაჭერისა თუ სხვა კანდიდატის უგულვებელყოფის შესახებ თავისი შეხედულებების სხვაგვარად წარსადგენად. მაგრამ ამ მუხლის (c) პუნქტი _
(i) არ შეზღუდავს არჩევნების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთით, პერიოდული გამოცემით ან ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ან დამოუკიდებელი სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მაუწყებლობით ... (ii) არ გამოიყენება დანახარჯის მიმართ, რომელიც არ აჭარბებს ჯამში 5 გირვანქა სტერლინგს (GBP 5) .
სიტყვები _ “არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა ან უზრუნველყოფა”, ლორდთა პალატის განმარტების მიხედვით, მოიცავს რომელიმე (სხვა) კონკრეტული კანდიდატის ან კანდიდატების ხელის შეშლის განზრახვას (Director of Public Prosecutions v. Luft [1977], სააპელაციო საქმეები, 962).
20. ქ-ნ ბაუმანს ბრალი წარედგინა 1983 წლის კანონის 75-ე (5) მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, რომელშიც მითითებულია:
a) “თუ პირი _
გაიღებს ხარჯებს ან ნებისმიერ სხვა პირს სთავაზობს თავის დახმარებას, ხელშეწყობას, რჩევებს ან მატერიალურ საშუალებებს მის წასქეზებლად, რათა მან გაიღოს ხარჯები 75-ე მუხლის საწინააღმდეგოდ ... ის დამნაშავედ იქნება ცნობილი კორუფციული საქმიანობისათვის ...”.
21. მაქსიმალური სასჯელს 75-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებაში წარმოადგენს ერთი წლით პატიმრობა და/ან ჯარიმა GBP 5,000-მდე. დამატებით, მსჯავრდებულ პირს ხუთ წლამდე ვადით შეიძლება ჩამოერთვას არჩევნებში ხმის მიცემის, თემთა პალატაში არჩევისა და მისი წევრობის, ანდა სასამართლო ან საჯარო უწყებაში თანამდებობის დაკავების უფლებები (1983 წლის კანონი, მუხლები 160(4), 168(1) და 173).
22. 75-ე მუხლი შეეხება მხოლოდ იმ ხარჯებს, რომლებიც გაწეულია კონკრეტულ სარჩევნო ოლქში კონკრეტული კანდიდატის არჩევნებთან დაკავშირებით. Eეს არ უკრძალავს პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც შეძლებულ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, დახარჯონ ფული რეკლამაში პოლიტიკური პარტიის ან საერთო ტენდენციის მხარდასაჭერად ან მის საწინააღმდეგოდ ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე, იმ პირობით, თუ არ მოქმედებენ რომელიმე საარჩევნო ოლქში რომელიმე კონკრეტული კანდიდატის საარჩევნო შანსების ხელშეწყობის ან მათთვის ზიანის მიყენების განზრახვით (იხ. R. v. Tronoh Mines [1952] 1 ყველა ინგლისური ანგარიში 697). არ არსებობს არც პოლიტიკური პარტიებისათვის კერძო შემოწირულობების განხორციელების, ანდა პრესის ძალაუფლების შეზღუდვა ნებისმიერი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად თუ მის საწინააღმდეგოდ (იხ. 1983 წლის კანონი, მუხლი 75(1)(c)(i) _ ზემორე მე-19 პარაგრაფი).
პროცესი კომისიაში
23. 1994 წლის 11 მარტს კომისიაში საჩივარი (no. 24839/94) შეტანილ იქნა ერთობლივად ქ-ნი ბაუმანისა და SPUC-ის მიერ. საჩივარში ორივე მოსარჩელემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ქ-ნი ბაუმანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება. მათ ასევე გამოიხმეს კონვენციის მე-13 მუხლი.
24. 1995 წლის 4 დეკემბერს კომისიამ საჩივარი მისაღებად ცნო, რამდენადაც იგი შეეხებოდა ქ-ნი ბაუმანის სამდურავს მე-10 მუხლის საფუძველზე. თუმცაღა, კომისიამ დაასკვნა, რომ საკუთრივ ორგანიზაცია (SPUC) თავად ვერ მოითხოვდა ეღიარებინათ მსხვერპლად მხოლოდ იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ქ-ნი ბაუმანის წინააღმდეგ დევნა განხორციელდა. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში მან მიუღებლად გამოაცხადა.
1996 წლის 12 სექტემბრის თავის ანგარიშში (მუხლი 31) კომისიამ გამოთქვა აზრი, რომ სახეზე იყო კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (ოცდარვა ხმა ერთის წინააღმდეგ). სრული ტექსტი კომისიის აზრისა და ასევე განსხვავებული აზრისა, რომელიც ანგარიშშია გადმოცემული, წინამდებარე გადაწყვეტილებაზეა თანდართული.[4]
სასამართლოში წარდგენილი საბოლოო მოსაზრებები
25. თავიანთ შენიშვნებში და სასამართლოში საქმის მოსმენის დროს, მთავრობამ, კომისიისაგან განსხვავებით, განაცხადა, რომ საჩივარი ცნობილი უნდა ყოფილიყო მიუღებლად კონვენციის 25-ე მუხლის საფუძველზე. როგორც ალტერნატივა, მან მიუთითა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონვენციის მე-10(§1) მუხლის გაგებით, და რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეზღუდვა მართლაც არსებობდა, იგი აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-10 (§2) მუხლის გაგებით.
მოსარჩელემ სთხოვა სასამართლოს, ეღიარებინა მე-10 მუხლის დარღვევა და მიენიჭებინა მისთვის სამართლიანი დაკმაყოფილება 50-ე მუხლის საფუძველზე.
სამართლის შესახებ
I. მთავრობის წინასწარი შეკამათება
26. მთავრობის განცხადებით, ქ-ნ ბაუმანს არ გააჩნდა საფუძველი ემტკიცებინა, რომ წარმოადგენდა კონვენციის დარღვევის მსხვერპლს კონვენციის 25-ე (§ 1) გაგებით, რომელიც მიუთითებს:
“კომისიას შეუძლია მიიღოს პეტიცია ... ნებისმიერი პირისაგან ..., რომელიც ამტკიცებს, რომ არის რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მხრიდან ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის მსხვერპლი ...” .
მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 1993 წლის 28 სექტემბერს საქმის განმხილველმა მოამართლემ მსაჯულებს მოსარჩელის გამართლების ინსტრუქცია მისცა, და განაცახა, რომ ამ გარემოებებში, შეუძლებელი იყო იმის თქმა, რომ იგი აუცილებლად იქნებოდა მსჯავრდებული, განხილვა რომ გაგრძელებულიყო, ან რომ კანონი მის საზიანოდ იყო გამოყენებული.
27. მოსარჩელის განმარტებით, 1083 წლის კანონის 75-ე მუხლის საფუძველზე მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შედეგად მან განიცადა წუხილი, დაესვა “დამნაშავის” დაღი და დაზარლდა მატერიალურად პოლიციის მიერ მისთვის ჩვენებების ჩამორთმევის, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნისა და ყოველივე ამის სრულად განსაჯაროებისას.
28. კომისიამ მისაღებობის საკითხზე თავის განჩინებაში გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელე პირდაპირ დაზარალდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად და შესაბამისად, შეეძლო ემტკიცებინა, რომ წარმოადგენდა ამ ჩარევის მსხვერპლს.
29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ განხორციელდა ჩარევის ღონისძიება, კერძოდ სისხლისსამართლებრივი დევნა. მართალია, საბოლოო ჯამში ის გაამართლეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური მიზეზის, ანუ იმის შედეგი, რომ უწყება არ იქნა კანონით დადგენილ ვადაში გაცემული (იხ ზემორე მე-14 პარაგრაფი). თავისთავად ფაქტი, რომ დევნის განმახორციელებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსარჩელის წინააღმდეგ პროცესი წამოეწყო, სულ მცირე, წარმოადგენდა მისთვის იმის მკვეთრ მითითებას, რომ თუკი მომავალი არჩევნების დროს იგი თავისი საქციელის მოდიფიცირებას არ მოახდენდა, დაექვემდებარებოდა ხელახალ სისხლისსამართლებრივ დევნას და სავარაუდოდ იქნებოდა მსჯავრდებული და დასჯილი.
ასეთ გარემოებებში სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ-ნი ბაუმანს შეეძლო საფუძვლიანად ემტკიცებინა, რომ იგი პირდაპირ დააზარალა საკუთრივ კანონმა (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის იხ. Norris v. Ireland, 1988 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სერია A no. 142, გვ. 16, § 31) და რომ შესაბამისად წარმოადგენდა კონვენციის დარღვევის მსხვერპლს 25-ე (§1) მუხლის გაგებით.
მთავრობის წინასაწარი შეკამათება შესაბამისად უარყოფილი იქნა.
ii.კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
30. ქ-ნ ბაუმანს ნაგულვები აქვს მისი გამოხატვის თავისუფლების დარღვევა კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია:
“ 1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, ვინაიდან ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”
კომისია დაეთანხმა დარღვევის არსებობას, მაგრამ მთავრობამ სადავოდ გახადა ეს გარემოება.
A. შეზღუდვის არსებობა
31.Mმთავრობამ აღნიშნა, რომ ქ-ნი ბაუმანის გამოხატვის თავისუფლება არ ყოფილა შეზღუდული, რამდენადაც 1983 წლის კანონის 75-ე მუხლი ზღუდავდა მხოლოდ არაუფლებამოსილი პირის მიერ დანახარჯის გაწევას საპარლამენტო არჩევნების დროს რომელიმე კანდიდატის არჩევნების მხარდასაჭერისა თუ მისი გამარჯვების უზრუნველყოფის მიზნით, და არა საზოგადოდ მის თავისუფლებას, გამოეთქვა და გაევრცელებინა ინფორმაცია (იხ. ზემორე მე-19 პარაგრაფი).
32. მოსარჩელის მსგავსად, კომისიამ მიიჩნია, რომ თავისთავად ფაქტმა, რომ დევნის განმახორციელებელმა ხელისუფლებამ მისი ქმედება აშკარად შეაფასა, როგორც კანონით დაწესებული აკრძალვის ფარგლებში მოქცეული, გამოიწვია მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სწორედ იმ შიშის მეშვეობით, რომელიც მოსარჩელეს დევნის განხორციელების გამო გაუჩნდა.
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1983 წლის კანონის 75-ე მუხლი პირდაპირ არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ სამაგიეროდ იგი GBP5-მდე შემოფარგლავს იმ თანხის ოდენობას, რაც არაუფლებამოსილ პირს შეუძლია არჩევნების პერიოდში დახარჯოს პუბლიკაციებსა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე. უფრო მეტიც, იგი არ ზღუდავს ხარჯს ინფორმაციისა თუ შეხედულებების გასავრცელებლად საზოგადოდ, იგი ზღუდავს მხოლოდ იმ ხარჯს, რომელიც გაწეულია შესაბამის პერიოდში “საარჩევნო კანდიდატის არჩევნებში ხელშეწყობისა და მისი უზრუნველყოფისათვის”.
ამის მიუხედავად, სრულიად უდავოა, რომ 75-ე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რომელმაც პირდაპირ დააზარალა ქ-ნი ბაუმანი (იხ. ზემორე 29-ე პარაგრაფი).
34. განსახილველი რჩება საკითხი იმის თაობაზე, იყო თუ არა შეზღუდვა “კანონით გათვალისწინებული”, ემსახურებოდა თუ არა კანონიერ მიზანს, და იყო თუ არა იგი “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
B. “კანონით გათვალისწინებული”
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის წინაშე არავის მიერ ყოფილა საკამათოდ მიჩნეული ის გარემოება, რომ 1983 წლის კანონის 75-ე მუხლში მითითებული დანახარჯის აკრძალვა “გათვალისწინებული იყო კანონით”.
B. კანონიერი მიზანი
36. მთავრობამ აღნიშნა, რომ 1883 წლის კანონის 75-ე მუხლში მითითებული დანახარჯის ზღვრული ოდენობა ემსახურებოდა სხვათა უფლებების დაცვას სამი სხვადასხვა გზით. პირველი, იგი ხელს უწყობდა სამართლიანობის მიღწევას კონკურენტებს შორის არჩევნებში იმით, რომ შეძლებულ მესამე მხარეებს აღუკვეთავდა საშუალებას, განეხორციელებინათ კამპანია რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად ან მის საწინააღმდეგოდ, ანდა გამოექვეყნებინათ მასალა, რომელზე რეაგირებაც იძულებულს გახდიდა კანდიდატს, გამოეყო თანხები თავისი საარჩევნო ბიუჯეტიდან, რომლის ოდენობაც კანონით იყო შეზღუდული. (იხ. ზემორე მე-18 პარაგრაფი). მეორე, მესამე მხარეთა მხრიდან დანახარჯების შეზღუდვა ხელს უწყობდა კანდიდატთა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ინტერესთა ძლიერი ჯგუფების ზეგავლენისაგან. მესამე, იგი იმას უზრუნველყოფდა, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური დებატების დროს არ მომხდარიყო საერთო საზრუნავის ძირითადი საკითხებიდან აქცენტის გადატანა ცალკეულ საკითხებზე.
37. მოსარჩელის აზრით, 75-ე მუხლი არ ემსახურებოდა არავითან კანონიერ მიზანს და წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების შეკვეცას. მეტისმეტად დაუჯერებელი იყო, რომ ცალკეულ საკითხებზე ორიენტირებულ ჯგუფებს, როგორიც იყო SPUC, შესძლებოდათ ძირითადი პოლიტიკური პლატფორმებიდან ამომრჩეველთა ყურადღება სხვა საკითხაბზე გადაეტანათ იმგვარი ხაარისხით, რომ ამით საარჩევნო პროცესი შეეფერხებინათ. გარდა ამისა, არ იქნებოდა სწორი თქმულიყო, რომ ხარჯის ოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა უზრუნველყოფდა კანდიდატთა თანასწორობას; ისინი უკვე იყვნენ უთანასწორო მდგომარეობაში, რამდენადაც დამოკიდებულნი აღმოჩნდნენ იმაზე, მოიპოვეს თუ არა მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც თავისუფალნი იყვნენ დაეხარჯათ შეუზღუდავი რაოდენობის თანხა საარჩევნო კამპანიის დროს ეროვნული მასშტაბით, თუკი არ ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ ან ზიანი მიეყენებინათ რომელიმე კონკრეტული კანდიდატისათვის (იხ. ზემორე 22-ე პარაგრაფი).
38. სასამართლო მიიჩნევს, რომ 75-ე მუხლის მიზანს, განსაკუთრებით საარჩევნო დანახარჯის საკითხებზე 1983 წლის კანონის სხვა დეტალური დებულებების კონტექსტში, აშკარად წარმოადგენს კანდიდატებს შორის თანასწორობის მიღწევაში წვლილის შეტანა. შესაბამისად, ის, კომისიის მსგავსად, ასკვნის, რომ მოსარჩელის მიმართ ამ კანონის გამოყენება ემსახურებოდა სხვათა, სახელდობრ ჰალიფაქსის ელექორატისა და საარჩევნო კანდიდატების უფლებების დაცვას. გარდა ამისა, დევნა ისახავდა ამგვარი დარღვევების პრევენციის მიზანს მთელს გაერთიანებულ სამეფოში.
იგი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ამ საკითხზე წამოყენებული არგუმენტები გაცილებით უფრო მეტად შეესატყვისება სხვა საკითხს, კერძოდ იმას, იყო თუ არა ეს შეზღუდვა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”, რაც ახლა უნდა შეფასდეს.
C. “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”
39. მთავრობის აზრით, 1983 წლის კანონის 75-ე მუხლმა დააწესა დანახარჯის მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვა (იხ. ზემორე 31-ე პარაგრაფი), რომელიც თავისი შინაარსით არ აღემატებოდა იმას, რაც აუცილებელი იყო დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ქ-ნ ბაუმანს შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის სხვა საშუალებები, მაგალითად, გამოეცა თავისი გაზეთი, პრესაში გამოექვეყნებინა წერილები და სტატიები, მიეცა ინტერვიუები რადიოსა თუ ტელევიზიისათვის, წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზე, ანდა გამოექვეყნებინა საინფორმაციო მასალები ელექტორატის ინფორმირების მიზნით რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისა თუ უარყოფისაკენ მოწოდების გარეშე.
40. მოსარჩელე, ისევე, როგორც კომისია, მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არ იყო თანაზომიერი. მისი რწმენით, არ არსებობდა მწვავე სოციალური საჭიროება ჩახშობილიყო ფაქობრივად სწორი ინფორმაცია მორალის მნიშვნელოვან საკითხებზე კანდიდატთა შეხედულებების შესახებ, რომლებიც საჯარო თანამდებობებზე უნდა აერჩიათ. პირიქით, არსებობდა მწვავე სჭიროება, რომ დაშვებულიყო არჩევნებამდე ასეთი საკითხების ჩართვა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მთავრობის იმ მოსაზრებისაგან საპირისპიროდ, რომ თითქოს შეზღუდვა აუცილებელი იყო კანდიდატებს შორის თანაწორობის მისაღწევად, მოსარჩელემ განაცხადა, რომ სინამდვილეში, არავითარი მაჩვენებელი იმისა, რომ მის მიერ გავრცელებული მასალები რომელიმე კონკრეტული კანდიდატის საზიანოდ მოქმედებდა, არ არსებობდა. საქმე ისაა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას შეეძლო აბორტის სფეროში განსხვავებული პოლიტიკის როგორც მხარდამჭერების, ისე მოწინააღმდეგეთა ყურადღება მიეპყრო. გარდა ამისა, მოსარჩელის მტკიცებით, შეზღუდვა ალოგიკური იყო, რამდენადაც კანონი, იმავდროულად, არავითარ შეზღუდვას არ აწესებდა მასმედიაზე, გამოექვეყენებინა მთელი ქვეყნის მასშტაბით რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო მასალა, ისევე როგორც არ ზღუდავდა მათ მხარდამჭერებს, გაეწიათ მატერიალური ხარჯი რეკლამისათვის საერთო-ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე, თუკი არ ცდილობდნენ გაეზარდათ ან შეემცირებინათ რომელიმე კონკრეტული კანდიდატის საარჩევნო პერსპექტივები.
41. სასამართლო, პირველ რიგში, მიიჩნევს, რომ 1983 წლის კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული დანახარჯის შეზღუდვა მხოლოდ მრავალთაგან ერთ-ერთი მექანიზმია კონტროლისა და ბალანის სისტემისა, რომელიც ზედმიწევნით არის დამუშავებული გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კანონმდებლობით. ამ კონტექსტში აუცილებელია, კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება განხილულ იქნეს თავისუფალი არჩევნების უფლების ჭრილში, რომელიც 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით არის დაცული და რომელიც ითვალისწინებს:
“მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკა-ნონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.”
42. თავისუფალი არჩევნები და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკური დებატების თავისუფლება, ერთობლიობაში, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის დედააზრი და საფუძველთა საფუძველია (იხ. Mathieu-Mohin and Clerfayt v. Belgium, 1987 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, სერია A no. 113, გვ. 22, § 47, და Lingens v. Austria, 1986 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება, სერია A no. 103, გვ. 26, §§ 41–42). ეს ორი უფლება ურთიერთდაკავშირებულია: მაგალითად, როგორც სასამართლომ წარსულში მიუთითა, გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი “აუცილებელი” პირობაა “საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევისას ხალხის მიერ თავისი შეხედულებების გამოხატვის უზრუნველსაყოფად” (იხ. ზემოაღნიშნული Mathieu-Mohin and Clerfayt-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, გვ. 24, § 54). ამ მიზეზთა გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და შეხედულებების თავისუფალი ბრუნვა დაშვებული იყოს.
43. ამის მიუხედავად, ზოგიერთ გარემოებებში, ეს ორი უფლება შეიძლება ერთმანეთთან ღირებულებით კონფლიქტში აღმოჩნდეს და, ამის გამო, შესაძლოა, აუცილებლად იქნეს მიჩნეული არჩევნებამდე პერიოდში ან უშუალოდ არჩევნების დროს გამოხატვის თავისუფლებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება _ რომლებიც ჩვეულებრივ, მიუღებელი იქნებოდა სხვა დროს _ რათა დაცული იქნეს “ ხალხის მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვა საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევისას ”. სასამართლო აღიარებს, რომ ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის ძიებისას, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ თავისუფალი შეფასების ფარგლები, რასაც ისინი საერთოდ ახორციელებენ თავიანთი საარჩევნო სისტემის ორგანიზაციისას (იხ. ზემოაღნიშნული Mathieu-Mohin and Clerfayt-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, გვ. 23 და 24, §§ 52 და 54).
44. წინამდებარე საქმის ფაქტებთან მიმართებაში სასამართლოს ამოცანას შეადგენს იმის განსაზღვრა, იყო თუ არა, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ქ-ნი ბაუმანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასახული კანონიერი მიზნის პროპორციული და, იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების მიერ ამის გასამართლებლად წარმოდგენილი არგუმენტები შესაბამისი და საკმარისი (იხ. ზემოაღნიშნულ Lingens-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, გვ. 26, § 40).
45. ამასთან მიმართებაში იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 1983 წლის კანონის 75-ე მუხლით დაშვებული იყო არაუმეტეს GBP 5-ის დანახარჯის გაწევა. იგი იმეორებს, რომ ეს შეზღუდვა გამოიყენებოდა საყოველთაო არჩევნებამდე მხოლოდ ოთხიდან ექვს კვირამდე პერიოდის განმავლობაში (იხ. ზემორე მე-16 და მე-18_19 პარაგრაფები). თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ქ-ნ ბაუმანს მართლაც შეეძლო თავისუფალი კამპანიის ჩატარება ნებისმიერ სხვა დროს, ეს, სასამართლოს აზრით, ვერ მოემსახურებოდა მისი განზრახვის განხორციელებას, გამოექვეყნებინა აბორტის მიმართ სამი კანდიდატის დამოკიდებულების შესახებ მასალა, სულ მცირე, ჰალიფაქსის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სწორედ კრიტიკულ დროს, როდესაც მათი აზრები ფოკუსირებული იყო თავიანთი წარმომადგენლების არჩევაზე (იხ. ზემორე მე-11 პარაგრაფი).
46. სასამართლო მიუთითებს მთავრობის მოსაზრებაზე, რომ მოსარჩელეს ალტერნატიული მეთოდების გამოეყენება შეეძლო. თუმცა, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მოსარჩელეს პრაქტიკულად გააჩნდა კომუნიკაციის სხვა ქმედით არხებზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, ვერ იქნა ნაჩვენები, რომ მას გააჩნდა რეალური საშუალებები საიმისოდ, რომ თავის პროკლამაციებში მითითებული მასალა გამოექვეყნებინა გაზეთში, ან გადაეცა რადიოთი თუ ტელევიზიით. მართალია, მას შეეძლო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა და ამ გზით ისეთი ხარჯის გაწევის უფლება მოეპოვებინა, როგორიც კანდიდატებისათვის იყო კანონით დადგენილი, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო, რომ მას წინასაწარ შეეტანა GBP 500, რომელსაც იგი, დიდი ალბათობით ვეღარ დაიბრუნებდა (იხ. ზემორე მე-17 და მე-18 პარაგრაფები). გარდა ამისა, მის სურვილს შეადგენდა არა პარლამენტში არჩევა, არამედ ამომრჩევლებისათვის საინფორმაციო მასალის მიწოდება.
47. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ 1983 წლის კანონის 75-ე მუხლი, ყველა პრაქტიკული თვალსაზრისით, მოქმედებდა, როგორც სრული დაბრკოლება ქ-ნი ბაუმანისათვის, გამოექვეყნებინა ინფორმაცია ჰალიფაქსის მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად აბორტის მოწინააღმდეგე კანდიდატების სასარგებლოდ. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ აუცილებელი იყო ხარჯების GBP 5-მდე შეზღუდვა კანდიდატების თანასწორობის უზრუნველყოფის კანონიერი მიზნის მისაღწევად; განსაკუთრებით კი იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ არ არსებობდა არავითარი შეზღუდა პრესისა, დაეჭირათ ან არ დაეჭირათ მხარი რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის არჩევისათვის, ისევე როგორც, არ არსებობდა შეზღუდვა მათი მხარდამჭერებისა, განეხორციელებინათ რეკლამა ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე, თუკი ისინი არ იყო გამიზნული კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კონკრეტული კანდიდატის საარჩევნო შანსების გაძლერებისა თუ შემცირებისაკენ (იხ. ზემორე 22-ე პარაგრაფი). სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ შეზღუდვა არაპროპორციული იყო დასახულ მიზანთან მიმართებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინრეობს, კონვენციის მე-10 მუხლი დარღვეულია.
III. კონვენციის 50-ე მუხლის გამოყენება
48. მოსარჩელე მოითხოვს სამართლიან დაკმაყოფილებას კონვენციის 50-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მიუთითებს:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან ღონისძიება მთლიანად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება კონვენციის საფუძველზე ... ნაკისრ ვალდებულებებს, და თუ შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა ამ გადაწყვეტილებისა თუ ღონისძიების შედეგების გამოსწორების შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. მორალური ზიანი
49. ქ-ნი ბაუმანი მოითხოვს GBP 15,000 ოდენობის კომპენსაციას იმ შეწუხებისა და მღელვარების გამო, რაც მან განიცადა სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად და იმისთვისაც, რომ მას “დამნაშავის” ერთგვარი დამღა დაესვა.
50. მთავრობის აზრით, კონვენციის დარღვევის აღიარება მისთვის ადეკვატური მისაგებელი იქნებოდა.
51. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კონვენციის დარღვევის აღიარება წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას იმ მორალური ზიანისა, რომელიც მოსარჩელემ განიცადა.
B.სამართლებრივი ხარჯები
1.საქმის განხილვა შიდა სასამართლოებში
52. ქ-ნი ბაუმანმა მოითხოვა სამართლებრივი ხარჯების იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც ვერ იქნა დაფარული მისთვის მინიჭებული სამართლებრივი დახმარების შედეგად, კერძოდ, მთლიანობაში GBP 1,633.64.
53. მთავრობამ აღნიშნა, რომ შიდა სასამართლოებში გაწეული ხარჯები არ უნდა ანაზღაურებულიყო.
54. სასამართლო დარწმუნებულია, რომ მოსარჩელის მიერ შიდა სამართლებრივ პროცესებში გაწეული ხარჯები აუცილებელი იყო და წარმოადგენს გონივრულ თანხას რაოდენობრივად (იხ. Sunday Times v. the United Kingdom (no. 1), 1980 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, სერია A no. 38, გვ. 13, § 23). შესაბამისად, მიაკუთვნებს მას მთლიანად, დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად, რაც შეიძლება დაბეგვრას დაექვემდებაროს.
2. განხილვა სტრასბურგის სასამართლოში
55. მოსარჩელემ მოითხოვა სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვის გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, GBP 35,490.
56. მთავრობის აგენტმა სასამართლოში საქმის მოსმენის დროს განაცხადა, რომ ეს თანხა გადაჭარბებული იყო.
57. სასამართლო, ემყარება რა სამართლიანობის საწყისებს, მოსარჩელეს ანიჭებს GBP 25,000 სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვის გამო გაწეული ხარჯებისათვის, დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად, რაც შეიძლება ექვემდებარებოდეს დაბეგვრას.
D.საურავი (საჯარიმო საპროცენტო სარგებელი)
58. სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კანონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის გაერთიანებულ სამეფოში არსებობს, შეადგენს წელიწადში 8%-ს.
ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, სასამართლოუარყოფს ერთხმივად მთავრობის წინასწარ შეკამათებას;
მიიჩნევს თოთხმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ, რომ დარღვეულია კონვენციის მე-10 მუხლი;
მიიჩნევს ერთხმივად, რომ კონვენციის დარღვევის აღიარება წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მორალური ზიანისათვის, რომელიც მოსარჩელემ განიცადა.
მიიჩნევს ერთხმივად
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის ვადაში, გაწეულ სამართლებრივ ხარჯებთან დააკავშირებით, მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 26,633.64 გირვანქა სტერლინგი (ოცდაექვსი ათას ექვსასოცდაცამეტი გირვანქა სტერლინგი და საამოცდაოთხი პენსი) დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად, რაც შეიძლება ექვემდებარებოდეს დაბეგვრას;
(b) რომ ამ თანხას დაემატება პროცენტები ყოველწლიური 8%-იანი საპროცენტო განაკვეთის შკალის მიხედვით ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან ვალის სრულ დაფარვამდე.
5.უარყოფს ერთხმივად დარჩენილ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად, და გამოცხადებულია საქმის საჯარო მოსმენის დროს ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 1998 წლის 19 თებერვალს.
ხელმოწერილია: რუდოლფ ბერნჰარდტი
პრეზიდენტი,
ხელმოწერილია : ჰერბერტ პეტსოლდი
გამწესრიგებელი
კონვენციის 51-ე (§2) მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 43-ე (§2) მუხლის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განცალკევებული აზრები:
(a) ბ-ნი პეტიტის, ბ-ნი ლოპეზ როშასა და ბ-ნი კასადევალის ერთობლივი თანხვდენილი აზრი:
(b) ბ-ნი ვალტიკოსის ნაწილობრივ გამიჯნული აზრი;
(c) ბ-ნი ლოიზოუს, ბ-ნი ბაკასა და ბ-ნი იამბერკის ერთობლივი ნაწილობრივ გამიჯნული აზრი ;
(d) სერ ჯონ ფრილენდის ნაწილობრივ გამიჯნული აზრი, რომელსაც შეუერთდა ბ-ნი ლევითსი.
ინიციალები : რ.ბ.
ინიციალები : ჰ.პ.
განცალკევებული აზრები არ არის გადათარგმნილი, მაგრამ არსებობს ინგლისურად და ფრანგულად გადაწყვეტილების ოფიციალურ ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@echr.coe.int.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@echr.coe.int.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@echr.coe.int.
[1]. Gგამწესრიგებლის მიერ შესრულებული ეს შეჯამება არ არის სასამართლოსათვის სავალდებულო.
[2] Gგამწესრიგებლის შენიშვნები:
საქმეს მიეცა ნომერი 141/1996/760/961. პირველი ნომერი წარმოადგენს საქმის რიგით ნომერს საქმეების ჩამონათვალში, რომელიც სასამართლოს გადაეცა შესაბამის წელს (მეორე ნომერი). ბოლო ორი ნომერი მიუთითებს საქმის რიგით ნომერს იმ საქმეების ჩამონათვალში, რომელიც სასამართლოს გადაეცა მისი შექმნის დღიდან, და რიგით ნომერს კომისიისათვის წარდგენილი თავდაპირველი საჩივრების ჩამონათვალში.
[3] სასამართლოს რეგლამენტი A გამოიყენებოდა სასამართლოსათვის გადაცემული ყველა საქმის მიმართ მე-9 ოქმის ძალაში შესვლამდე (1994 წლის 1 ოქტომბერი), ხოლო ამის შემდეგ, მხოლოდ იმ საქმეების მიმართ, რომლებიც შეეხებოდა სახელმწიფოებს, რომლებისთვისაც ეს ოქმი არ იყო სავალდებულო. იგი შეესაბამება რეგლამენტს, რომელიც ძალაში შევიდა 1983 წლის 1 იანვარს, და რომელიც შემდგომში შესწორებულ იქნა რამდენჯერმე.
[4]4. გამწესრიგებლის მითითება. პრაქტიკული მიზნებისათვის ეს თანდართული მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაწყვეტილების დაბეჭდილ ვერსიასთან ერთად. (გადაწყვეტილებებისა და განჩინებების 1998 წლის ანგარიშში), მაგრამ კომისიის ანგარიშის ასლის მოპოვება შესაძლებელია გამწესრიგებელთან.
Full & Egal Universal Law Academy