დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 115
2009 წლის იანვარი
ბრანკო ტომაშიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomasic and others v. Croatia)
(განაცხადი 46598/06)
გადაწყვეტილება, 15 იანვარი, 2009 (1-ლი სექცია)
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ყველა გონივრული ღონისძიების მიღება, რათა დაეცვა მომჩივნების ნათესავების სიცოცხლე იმ პირისგან, რომელიც მანამდე მათ მიმართ განხორციელებული მკვლელობის მუქარის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი: დარღვევა
ფაქტები: მომჩივნები არიან M.T–სა და მისი მცირეწლოვანი შვილის, V.T–ს ნათესავები, რომლებიც 2006 წლის აგვისტოში მოკლა M.M-მ, ბავშვის მამამ. M.T. და M.M. ცხოვრობდნენ ერთად M.T–ს მშობლების სახლში 2005 წლის ივლისამდე, იმ პერიოდამდე, როდესაც M.M. ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. 2006 წლის იანვარში M.T–მ საჩივარი შეიტანა M.M.–ს წინააღმდეგ იმ საფუძვლით, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თანმდევი სამართალწარმოებისას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიპოვეს ფსიქიატრიული დასკვნა, რომლის თანახმადაც მოსალოდნელი იყო, რომ M.M-ს კვლავ ჩაედინა მსგავსი დანაშაულები მომავალში. აღნიშნული დასკვნა ხაზს უსვამდა, რომ საჭირო იყო მისი ფსიქიატრიული მკურნალობა. 2006 წლის 15 მარტს მუნიციპალურმა სასამართლომ M.M. დამნაშავედ ცნო ყუმბარის მეშვეობით M.T.–სა და მათი შვილის მოკვლის, ამასთანავე თვითმკვლელობის, არაერთგზისი მუქარისათვის. მომჩივანს მიესაჯა 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და უსაფრთხოების ზომის სახით, მას პატიმრობის პერიოდში, და საჭიროების შემთხვევაში მას შემდეგაც, უნდა გაევლო იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. 2006 წლის 28 აპრილს მეორე ინსტანციის სასამართლომ მკურნალობის პერიოდი შეამცირა მისი პატიმრობის ვადით. M.M–მ მოიხადა სასჯელი და გათავისუფლდა 2006 წლის 3 ივლისს. 2006 წლის 15 აგვისტოს მან ესროლა და მოკლა M.T. და V.T. , შემდეგ კი იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა.
სამართალი: ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები და ფსიქიატრიული გამოკვლევის დასკვნა ეჭვგარეშედ აჩვენებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, M.T–სა და V.T–ს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მუქარების სერიოზულობის შესახებ და მათ დასაცავად უნდა გატარებულიყო ყველა გონივრული ღონისძიება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედების რამდენიმე ხარვეზზე მიუთითა. პირველი, არ ჩატარებულა M.M–ს უძრავი ქონების ან სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა მის წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების საწყის ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ იგი განმეორებითად იმუქრებოდა ყუმბარის გამოყენების თაობაზე. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მიზნებისათვის შედგენილი ფსიქიატრიული დასკვნა ხაზს უსვამდა M.M-ს განგრძობითი ფსიქიატრიული მკურნალობის აუცილებლობას, მთავრობამ ვერ დაამტკიცა, რომ ასეთი მკურნალობა ნამდვილად და სათანადოდ ჩატარდა. წარმოდგენილი დოკუმენტები აჩვენებდა, რომ ციხეში მისი მკურნალობა შედგებოდა ციხის ადმინისტრაციასთან სასაუბრო სესიებით, რომელთაგან არც ერთი არ იყო ფსიქიატრი. გარდა ამისა, არც შესაბამისი რეგულაციები და არც სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობის ბრძანება გასცა, არ წარმოადგენდა საკმარის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მკურნალობა. მართლაც, საპატიმრო სასჯელის აღსრულების შესახებ კანონში მოცემული ზოგადი წესები სათანადოდ არ მოიცავდა უსაფრთხოების ზომად გამოყენებული სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხს და ამგვარად, მას მთლიანად ციხის მმართველობის დისკრეციაში ტოვებდა; მათ თავად უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი რეგულაციები უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რათა უზრუნველყოფილიყო სისხლის სამართლის სანქციის მიზნის სათანადოდ მიღწევა. საბოლოოდ, M.M. არ შეამოწმეს ციხიდან გათავისუფლებამდე, რათა შეეფასებინათ, კვლავ წარმოადგენდა თუ არა იგი საფრთხეს M.T–სა და V.T–სთვის. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ შესაბამისმა ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მიიღეს ადეკვატური ზომები, რათა დაეცვათ M.T–სა და V.T–ს სიცოცხლე.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41 – 40,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy