Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2006 წლის აპრილი
ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ (Brasilier v. France)
(საჩივარი- 71343/01)
გადაწყვეტილება, 11 აპრილი, 2006
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
ფაქტები – მომჩივანი, ბენოიტ ბრასილიერი, 51 წლის საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც ცხოვრობს პარიზში.
1997 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის მონაწილეობას იღებდა, როგორც კანდიდატი, ხოლო მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო პარლამენტის მოქმედი წევრი, პარიზის მაშინდელი მერი ჟან ტიბერი.
1997 წლის მაისში, როდესაც გაიმართა არჩევნების პირველი ტური, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბნებში ვერ იპოვა მისი ვერცერთი საარჩევნო ბიულეტენი, მიუხედავად იმისა, რომ 60 000 ეგზემპლარი ჰქონდა დაბეჭდილი და ის დროულად გადასცა ოფიციალურ პირს, რომელმაც სავარაუდოდ ისინი მიაწოდა პარიზის მუნიციპალურ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ბიულეტენების განაწილებაზე. იმავე დღეს მომჩივანმა საჩივარი აღძრა და დავობდა, რომ მისი ბიულეტენები მოიპარეს. 1997 წლის 10 ივლისს პროკურორმა აცნობა მომჩივანს მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ საჩივრის საფუძველზე საქმის წარმოებას ვერ დაიწყებდა.
1997 წლის ივნისსა და ივლისში მომჩივანმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საჯარო დემონსტრაციაში. ერთ-ერთ ასეთ დემონსტრაციაში დარიგდა ბროშურები, სადაც მოთხოვნილი იყო არჩევნების გაუქმება და ბ-ნ ტიბერს ადანაშაულებდნენ ბიულეტენების გაყალბებაში. დამატებით, მერიის წინ განათავსეს ბანერები ლოზუნგებით ,,ტიბერი, შიგ საარჩევნო ყუთში ჩაგვარტყი’’ და ,,გზა გადაკვეთე თაღლითობისა და ქურდობის სამსახურისთვის’’.
ბ-ნმა ტიბერიმ საჩივარი შეიტანა უცნობი პირის ან პირების წინააღმდეგ და დავობდა, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელის ცილისწამებას და ცილისმწამებლური ბრალდებების გამოქვეყნებას. სასამართლო გამოძიება დაიწყო მომჩივნის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ბროშურებისა და ლოზუნგების დაწერასა და გავრცელებაზე და აგრეთვე ბანერების გამოფენაზე.
ცოტა ხნის შემდეგ, 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევნების გაუქმების მოთხოვნა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სერიოზულმა და განმეორებითმა მოვლენებმა განაპირობა იმ დასკვნის გაკეთება, რომ პარიზის მეხუთე ოლქისთვის საარჩევნო სიები არ იყო შედგენილი სათანადო გამჭვირვალობით და ამომრჩევლის ბარათები უკანონოდ გამოიყენებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მიიჩნევს, რომ ამ მოვლენებმა გავლენა არ იქონია კენჭისყრის საბოლოო შედეგზე. რაც შეეხება საჩივარს, რომ მომჩივნისა და სხვა კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენები არ იყო საარჩევნო უბნებზე, საკონსტიტუციო საბჭომ დაადგინა, რომ კანდიდატებმა საარჩევო ბიულეტენები საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადაში მუნიციპალურ ორგანოებს ვერ გადასცეს.
1999 წლის 19 მარტს ბ-ნი ბრასილიერი გაამართლა პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ, რომელმაც მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები ჯდებოდა დემონსტრაციის მიზნის ფარგლებში, ხოლო დემონსტრაცია ავტორიზებული იყო ხელისუფლების ორგანოს მიერ. ბ-ნი ტიბერის საჩივრის საფუძველზე, პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება. თუმცა, მან მიიჩნია, რომ ბ-ნ ბრასილიერს ეკისრებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვინაიდან მან არ წარმოადგინა ცილისმწამებლური ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, მას ბ-ნი ტიბერისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა ერთი ფრანკის გადახდის ვალდებულება. მომჩივანმა წარუმატებლად გაასაჩივრა სამართლის საკითხები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მას ბ-ნი ტიბერისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით ერთი ფრანკის გადახდას ავალდებულებდა, არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლს.
სამართალი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის მე-10 მუხლით განმტკიცებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს.
რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’, სასამართლომ აღნიშნა, რომ საფრანგეთის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივანს ეკისრებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვინაიდან მან ვერ წარმოადგინა ბანერსა და ბროშურებზე მოცემული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტები, რომელთა სინამდვილე უნდა დადგინდეს და შეფასებითი მსჯელობა, რომელიც დამტკიცებას არ ექვემდებარებოდა. სასამართლომ დამატებით განაცხადა, მაშინაც კი, როდესაც განცხადება შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს, ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია ამ განცხადების ფაქტობრივ საფუძველზე.
განსხვავებით პარიზის სააპელაციო სასამართლოსგან, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები ეხებოდა საჯარო ინტერესის მქონე საკითხებს და, ბანერებისა და ბროშურების ზოგადი ტონის გათვალისწინებით, უნდა მიჩნეულიყო შეფასებით მსჯელობად და არა ფაქტად.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ საფრანგეთის სასამართლოების დასკვნა, რომ ფაქტები დანახული უნდა ყოფილიყო ,,მწვავე დაპირისპირების კონტექსტში’’, რაც მოიცავდა მერის სხვა ოპონენტებსა და ფრანგულ პრესაში დაბეჭდილ არაერთ სტატიას. გარდა ამისა, ყოფილი მერის წინააღმდეგ, რომელიც მომჩივნის ოპონენტი იყო და რომელმაც მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, დაიწყო გამოძიება თაღლითური მანიპულაციების გამო, რასაც შეეძლო 1997 წლის არჩევნების შედეგების შეცვლა. მიუხედავად ამისა, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება არ ნიშნავს მის დამნაშავედ ცნობას, თუმცა მოცემულ საქმეში არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პირი, რომელსაც ,,ცილი დასწამეს’’ მერის უფლებამოსილების განხორციელების დროს პასუხისმგებელი იყო არჩევნების ორგანიზებასა და სათანადოდ გამართვაში.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სიტყვებს ცალსახად ჰქონდა ნეგატიური კონოტაცია, თუმცა მიუხედავად გარკვეული მტრული განწყობისა და განცხადებების სერიოზულობისა, სადავო ბანერებისა და ბროშურების მთავარი განსახილველი საკითხი იყო არჩევნების ჩატარება, ხოლო ღია პოლიტიკური დებატები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის სათანადოდ ფუნქციონირებისათვის.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური დებატების კონტექსტში და მიიჩნია, რომ პოლიტიკური კომენტარები ვერ შეიზღუდებოდა სათანადო საფუძვლის გარეშე. სადავო განცხადებები მიმართული იყო პარლამენტის წევრისკენ, რომელიც აგრეთვე პარიზის მერი და უდავოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო პოლიტიკასა და მედიაში. მომჩივანი თავად იყო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი. ოპოზიციის წევრების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, რომლებიც წარმოადგენენ მათი ამომრჩევლების წუხილსა და იცავდნენ მათ ინტერესებს, სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვდა, შეფასების უფრო მკაცრი სტანდარტის გამოყენებას. ამასთან კავშირში სასამართლომ გაიმეორა, რომ პირს, რომელიც ეწინააღმდეგება ოფიციალურ იდეებსა და პოზიციებს, უნდა ჰქონდეს არჩევნების კანონიერების განხილვის შესაძლებლობა და არჩევნების გასაჩივრების კონტექსტში, კომენტარების გარკვეული სიხისტე უფრო შეწყნარებული იქნება, ვიდრე სხვა გარემოებებში.
რაც შეეხება მომჩივნისთვის დაკისრებულ სანქციას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფრანკის დაკისრება შესაძლო ზიანის ანაზღაურებიდან ყველაზე მცირე ვარიანტი იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არ იყო per se საკმარისი მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გასამართლებლად. უფრო მეტიც, სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, შესაძლოა ჰქონოდა ,,მსუსხავი ეფექტი’’ ამ უფლებით სარგებლობაზე.
დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნი ბრასილიერისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები