დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 119
2009 წლის მაისი
ბრაუერი გერმანიის წინააღმდეგ (Brauer v. Germany)
(საჩივარი- 3545/04)
გადაწყვეტილება, 28 მაისი, 2009 [მე-5 სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
გამონაკლისი, რომელმაც ქორწინების გარეშე დაბადების საფუძვლით გამოიწვია განსხვავებული მოპყრობა, გერმანიის განსაკუთრებული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, რომელიც 1948 წელს დაიბადა, ბ-ნი შილდგენის უკანონო შვილია; მამამ იგი დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აღიარა. მომჩივანი 1989 წლამდე ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში (GDR) ცხოვრობდა, ხოლო მამა - დასავლეთ გერმანიაში (FRG). ისინი ამ პერიოდში რეგულარულად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და გერმანიის ხელახლა გაერთიანების შემდეგ შვილმა მამა მოინახულა. მამის სიკვდილის შემდეგ, მომჩივანმა ეროვნულ სასამართლოებში შეიტანა რამდენიმე სარჩელი, რათა დაეცვა თავისი მემკვიდრეობის უფლება.
1998 წელს მან შეიტანა განცხადება, რათა მიეღო მემკვიდრეობის მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის უფლებამოსილი იყო, მემკვიდრეობით მიეღო შილდგენის ქონების სულ მცირე 50%-იანი წილი. მომჩივნის განცხადება არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ იმ მიზეზით, რომ მიუხედავად მემკვიდრეობითი სამართლის მიმართულებით განხორციელებული რეფორმისა, 1969 წელს მიღებული ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის პირველი წინადადება კვლავ ძალაში რჩებოდა. ამ დებულების თანახმად, 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეშე დადებული ბავშვი არ იყო კანონისმიერი მემკვიდრე. საოლქო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება იმავე საფუძლით ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა გააგზავნა საოლქო სასამართლოში და მოსთხოვა მას, დაედგინა, იყო თუ არა მომჩივანი მართლა ბ-ნი შილდგენის ქალიშვილი და არსებობდნენ თუ არა სხვა მემკვიდრეებიც. თუკი მომჩივანი შეიძლებოდა, მიჩნეული ყოფილიყო ქონების მინიმუმ 50%–იან წილზე უფლებამოსილ პირად, მაშინ საოლქო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. საოლქო სასამართლომ გაიმეორა წინა გადაწყვეტილება იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით. თუნდაც 99%-იანი ხარისხით დადასტურებული ყოფილიყო, რომ მომჩივანი იყო ბატონი შილდგენის ქალიშვილი და არ არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები, ის კანონისმიერი მემკვიდრეობისგან გამოირიცხებოდა ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის 12(10)(2)-ის პირველი წინადადების შესაბამისად. საოლქო სასამართლოს განცხადებით, ეს დებულება არ იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მიუხედავად გერმანიის ხელახლა გაერთიანებისა, როგორც ეს აღნიშნა ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 1996 წლის გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ კვლავ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელახლა გადაუგზავნა საქმე იმ მოთხოვნით, რომ დაედგინათ, არსებობდნენ თუ არა სხვა „მეორე ან მესამე რიგის“ მემკვიდრეები; სააპელაციო სასამართლომ ასევე ხელახლა მოითხოვა, ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშთა (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის ჩანაწერის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განსაზღვა იმ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრეს სახელმწიფო წარმოადგენდა. საოლქო სასამართლომ კვლავ გაიმეორა წინა გადაწყვეტილებები, რომლებიც ისევ იმავე არგუმენტებს ეყრდნობოდა. სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მომჩივანს საჩივარზე იმ საფუძვლით, რომ იგი შებოჭილი იყო ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც მან მიიჩნია, რომ ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის პირველი წინადადება შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ახალი საჩივრის დაშვებაზე.
სამართალი – მთავრობა არ შეწინააღმდეგებია იმ ფაქტს, რომ ეროვნული სამართლის შესაბამისი დებულებების გამოყენებამ შექმნა ვითარება, რომლის თანახმადაც 1949 წლის 1 ივლისს გერმანიის გაყოფამდე ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მიმართ მოპყრობა იყო განსხვავებული, არამხოლოდ იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც ქორწინებაში დაიბადნენ, არამედ იმ ბავშვებთან მიმართებაშიც, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ როგორც ამ თარიღამდე - ეს ეხება იმ ბავშვებს, რომლებზეც ვრცელდებოდა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სამართალი თუ გარდაცვლილი მამა გერმანიის გაერთიანების დროს ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა- აგრეთვე ამ თარიღის შემდეგ. შესაბამისად, უნდა დადგინილიყო, იყო თუ არა გასაჩივრებული განსხვავებული მოპყრობა გამართლებული.
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ამჟამად დიდ ყურადღებას ანიჭებენ ქორწინებაში და ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა შორის თანასწორობის დაცვას. შესაბამისად, ძალიან წონადი მიზეზები უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა ქორწინების გარეშე დაბადების ნიშნით განსხვავებული მოპყრობა მიჩნეულ იქნეს კონვენციასთან შესაბამისად. მისაღწევი მიზნის ლეგიტიმურობა, რომელსაც ემსახურებოდა გასაჩივრებული დებულება, საკამათო იყო. კერძოდ, აღნიშნულ მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა და გარდაცვლილისა და მისი ოჯახის დაცვა. გარდა ამისა, როგორც ეს იყო სხვა ხელმომწერი სახელმწიფოების შემთხვევაში, გერმანიის საკანონმდებლო ხელისუფლებამ თანდათანობით შექმნა თანასწორი სტატუსი მემკვიდრეობის მიზნებისათვის ქორწინებაში და მის გარეთ დაბადებული ბავშვებისათვის. გერმანიის ხელახლა გაერთიანების შემდეგ, იმისათვის, რათა მომხდარიყო არახელსაყრელი მდგომარეობის თავიდან აცილება იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ განსხვავებულ სოციალურ კონტექსტში, მათ მიენიჭათ იგივე მემკვიდრეობითი უფლებები, რაც ჰქონდათ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებს, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის გაერთიანების დროს გარდაცვლილი პირი ცხოვრობდა ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში. თუმცა, საკანონმდებლო ხელისუფლება ინარჩუნებდა გამონაკლისს, რომელიც მოცემული იყო ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონში. ეს დებულება გამორიცხავდა 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს კანონისმიერი მემკვიდრეობისგან და მისი კონსტიტუციურობა ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა. მაშინ როდესაც კანონმდებლის მიერ ამ გამონაკლისის შენარჩუნება ასახავდა გერმანიის სახელმწიფოს საზოგადოებას იმ დროს და არსებობდა ნამდვილი პრაქტიკული და პროცედურული სირთულეები ბავშვის მამობის დადგენაში, ესეთი მდგომარეობა დიდი ხანია აღარ არსებობდა. საბოლოოდ, შეიქმნა ახალი ვითარება გერმანიის ხელახალი გაერთიანებითა და გერმანიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ქორწინებაში და ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვებს შორის იურიდიული სტატუსის გათანასწორებით. კერძოდ, ამ სფეროში ცვალებადი ევროპული კონტექსტის გათვალისწინებით, გარდაცვლილი პირებისა და მათი ოჯახების „ლეგიტიმური მოლოდინის“ დაცვის ასპექტი უნდა დაქვემდებარებოდა ქორწინებაში და ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვებს შორის თანაბარი მოპყრობის დაცვის მოთხოვნას.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გამოყენებული საშუალებები გათვალისწინებული მიზნის პროპორციული, სასამართლოსათვის ამ საქმეში სამი დამატებითი საკითხი იყო გადამწყვეტი. პირველ რიგში, მომჩივნის მამამ აღიარა იგი დაბადების შემდეგ და ჰქონდა რეგულარული კონტაქტი მასთან, მიუხედავად რთული გარემოებებისა, რომელიც დაკავშირებული იყო ორი გაყოფილი გერმანული სახელმწიფოს არსებობით. მას არ ჰყავდა არც მეუღლე და არც სხვა პირდაპირი შთამომავალი, არამედ მხოლოდ „მესამე რიგის“ მემკვიდრეები, რომლებსაც იგი აშკარად არ იცნობდა. შესაბამისად, ამ შორეული ნათესავების მიმართ „ლეგიტიმური მოლოდინის“ დაცვა, ვერ იქნება აქტუალური საკითხი. მეორე რიგში, მომჩივანმა გაატარა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც იგი გაიზარდა იმ სოციალურ კონტექსტში, რომელშიც ქორწინებაში და მის გარეთ დაბადებული ბავშვები თანასწორი სტატუსით სარგებლობდნენ. თუმცა, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო რაიმე სარგებელი იმ წესებისგან, რომელიც ქორწინებაში და ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების თანაბარ მემკვიდრეობის უფლებას ეხება, ვინაიდან მისი მამა არ იყო ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანიის ხელახალი გაერთიანების დროს. მაშინ როდესაც ეს განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სოციალურ კონტექსტში, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ეფექტი, რომელიც ამძიმებდა არსებულ უთანასწორობას 1949 წლის 1 ივლისამდე ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვებთან მიმართებაში, რომელთა მამებიც იყვნენ ყოფილი დასავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები. ბოლოს, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების (იურიდიული სტატუსის) შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის პირველი წინადადების გამოყენებამ მთლიანად გამორიცხა მომჩივნისთვის ნებისმიერი კანონისმიერი უფლების მინიჭება, მისთვის რაიმე ფინანსური კომპენსაციის მიკუთვნების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა რაიმე საფუძველი, რომლითაც ასეთი დისკრიმინაცია, რომელიც ეფუძნებოდა ქორწინების გარეშე დაბადებას, დღეს შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო. ამგვარად, გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არ იყო დაცული გონივრული პროპორციულობა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy