Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საქმე ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ
(Bregvadze v. Georgia)
საჩივარი N 49284/09
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
17 იანვარი 2019
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი დაიბადა 1987 წელს და ამ დროისთვის დაკავებულია ქ. რუსთავის ციხეში.
2007 წლის 3 დეკემბერს ტაქსის მძღოლმა პოლიციას შეატყობინა, რომ იგი ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით გაძარცვა, მათ თან წაიღეს მობილური ტელეფონი და 26 ლარი. იგი ამტკიცებდა, რომ შეძლებდა ორივე მათგანის ამოცნობას. მეორე დღეს მომჩივანი დააკავეს ტაქსის მძღოლზე შეიარაღებული ძარცვის მოტივით, თუმცა პირადი და სახლის ჩხრეკის შედეგად არ გამოიკვეთა დანაშაულებრივი ნიშნები. იმავე დღეს ტაქსის მძღოლმა ამოიცნო მომჩივანი. მომჩივანმა თავდაპირველი დაკითხვისას დეტალურად ისაუბრა თუ ვისთან გაატარა და ვინ ნახა იმ საღამოს. კერძოდ, იგი ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ საღამოს ქუჩაში სეირნობდა შეყვარებულთან და მის მეგობრებთან ერთად და რამოდენიმე ადამიანმა იგი სეირნობისას დაინახა.
2007 წლის 7 დეკემბერს, მომჩივნის ადვოკატმა მოითხოვა გამოკითხულიყო ის 12 ადამიანი, რომლებიც ადასტურებდნენ მომჩივნის ალიბს. 2007 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გამომძიებელმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა. გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ მომჩივნის შეყვარებული და მისი მეგობრები მიკერძოებულები იყვნენ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. რაც შეეხება დარჩენილ პოტენციურ მოწმეებს, გამომძიებლის განცხადებით, ისინი არ ყოფილან მომჩივანთან ერთად სადავო დანაშულის ჩადენის დროს. მომჩივნის მოთხოვნაზე უარი დაადასტურა ზედამხედველმა პროკურორმაც.
სასამართლოს შეფასება
სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებულის მოთხოვნაზე მოწმეთა დაკითხვის შესახებ უარი კეთილსინდისიერი, დასაბუთებული, ბრალდებასთან რელევანტურია და შესაძლოა გააძლიეროს დაცვის მხარის პოზიცია ან გახდეს ბრალდებულის გამართლების მიზეზი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს მისი უარი ამგვარ მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. ტოპიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, N 51355/10, § 42, 10 ოქტომბერი 2013, და პოლიაკოვი). წინამდებარე საქმეში, ეროვნულმა სასამართლოებმა მოთხოვნაზე უარი პროცედურულ საფუძველზე განაცხადეს. თუმცა, იმ დროისთვის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ბრალდებულს უფლება ჰქონდა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოწმის გამოძახების, თუკი ამისათვის არსებობდა შესაბამისი საფუძვლები. სასამართლოს აზრით, ის ფაქტი, რომ მომჩივნის ადვოკატი მის წარმომადგენლად ახალი დანიშნული იყო, არ წარმოადგენდა საფუძველს დაგვიანებული მოთხოვნისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისას, მომჩივანმა მოითხოვა იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებიც მის ალიბს ადასტურებდნენ. მოთხოვნა წერილობითი სახით იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მასზე, სწორედ იმ მოტივით, რომ მოთხოვნა არ იყო წერილობითი ფორმით წარდგენილი. უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ეს პროცედურული ხარვეზი და უარი თქვა მომჩივნის საკასაციო სარჩელზე იმ მოტივით, რომ იგი იყო დაუსაბუთებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივნის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ განხილული იქნა შესაბამისად. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მომჩივნის ბრალდების მამხილებელი მტკიცებულება, სასამართლოში მოწმეთა დაკითხვაზე უარს არ გააჩნია საზიანო გავლენა სამართალწარმოების სამართლიანობაზე მთლიანობაში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ბრალდებულია ტაქსის მძღოლზე შეიარაღებულ ძარცვაში; მის ერათადერთ დაცვის საშუალებას წარმოადგენდა ალიბი, შესაბამისად მან მოითხოვა მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც დაადასტურებდნენ მას. ეჭვგარეშეა, რომ შუამდგომლობა დასაბუთებული იყო და რელევანტური ბრალდების საგანთან, შესაბამისად შესაძლოა მისი მიხედვით ბრალდებულის მიმართ დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი (იხ. ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, № 17716/08 §61, და დოროხოვი რუსეთის წინააღმდეგ N 66802/01, § 74). ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულების შეფასების გარეშე, სტრასბურგის სასამრთლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს, მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, უნდა მიცემოდა საშუალება ეროვნული სასამართლოების წინაშე წარედგინა მტკიცებულება. როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა პროცედურული დარღვევის გზით, არ მისცეს მომჩივანს ამის საშუალება, ამით იგი დააყენეს არახელსაყრელ პირობებში სასამართლო საქმის წარმოებისას. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის 6§1 და 6§3 (d) მუხლები.
ზიანი
მომჩივანი ითხოვდა 80 000 ევროს (EUR) მორალური ზიანისთვის.
მთავრობამ გაასაჩივრა მომჩივნის მოთხოვნა, იმეორებდა იმ არგუმენტს, რომ მოცემულ საქმეში სახეზე არ იყო კონვენციის 6§1 და 6§3 (d) მუხლების დარღვევა. იგი აცხადებდა, რომ მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული და სტრასბურგის სასამართლოს მოუწდა პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით სამართლიანი შეფასებისკენ. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნიდან, რომელზეც მან დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 6§1 და 6§3(d) მუხლები, არ ჩანს რომ მომჩივანი არასწორედ იყო ბარლდებული (ბეუზე ბელგიის წინააღმდეგ) [დიდი პალატა] N71409/10 §199, 9 ნოემბერი 2018).
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, არსებულ საქმეზე დარღვევის დადგენა საკმარისია და არ აკმაყოფილებს მომჩივნის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.