დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 154
2012 წლის ივლისი
ბ.ს. ესპანეთის წინააღმდეგ (B.S. v. Spain)
(საჩივარი- 47159/08)
გადაწყვეტილება, 24 ივლისი, 2012 [მე-3 სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
ფაქტები – აპლიკანტი, ქალბატონი ბ.ს. არის წარმოშობით ნიგერიელი. იგი დაიბადა 1977 წელს და კანონიერად ცხოვრობს ესპანეთში 2003 წლიდან.
2005 წლის 15 ივლისს ბ.ს. პალმა დე მალიორკასთან ელ არენალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იგი მუშაობდა მეძავად. პოლიციის ორმა თანამშრომელმა მას ვინაობა ჰკითხა და სთხოვა ადგილის დატოვება, რაც აპლიკანტის მხრიდან უპირობოდ შესრულდა. ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ადგილზე დაბრუნებისას, მან შეამჩნია პოლიციის იგივე თანამშრომლები უახლოვდებოდნენ მას და სცადა გაქცევა. აპლიკანტი დავობდა, რომ პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს, ჩაარტყეს ხელკეტი მარცხენა ბარძაყსა და წვივში და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ამასთან, ერთ-ერთმა ოფიცერმა რასობრივი ნიშნით მიაყენა შეურაცხყოფა.
2005 წლის 21 ივლისს პოლიციის იმავე ოფიცრებმა კვლავ შეაჩერეს და გამოკითხეს იგი. ერთ-ერთმა მათგანმა ხელკეტი დაარტყა ბ.ს-ს მარცხენა ხელზე. აპლიკანტმა სარჩელი შეიტანა პალმა დე მალიორკას გამომძიებელ მოსამართლესთან და საავადმყოფოში წავიდა მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ. ექიმებმა დაუდგინეს რბილი ქსოვილების ანთება და უმნიშვნელო შეშუპება მარცხენა ხელზე.
გამომძიებელმა მოსამართლემ სთხოვა პოლიციის მთავარ სამმართველოს ინციდენტის შესახებ ანგარიშის შედგენა. პოლიციის უფროსმა თავის ანგარიშში განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირი პატრულირება ხორციელდებოდა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით მრავლად იყო ქურდობისა და თავდასხმის ფაქტები. პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ბ.ს. შეჩერებულ იქნა გამოკითხვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა გაქცევას, პოლიციის ოფიცრებს არ დაუმცირებიათ და არ გამოუყენებიათ ფიზიკური ძალა. პოლიციის უფროსმა გამომძიებელ მოსამართლეს მიაწოდა ინციდენტების დროს მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც განსხვავდებოდა ბ.ს-ს მიერ მის ჩვენებაში აღნიშნულისგან. 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, გამომძიებელმა მოსამართლემ გამოსცა დროებითი ბრძანება და შეწყვიტა სამართალწარმოება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის საკმარისი მტკიცებულებები.
ბ.ს-მ მოითხოვა გადაწყვეტილების გადასინჯვა, დავობდა რა, რომ პოლიციის ოფიცრებმა გამოიჩინეს დისკრიმინაციული მიდგომა. იგი ასევე ითხოვდა, რომ მტკიცებულებათა შესაკრებად განხორციელებულიყო სხვადასხვა ზომები, ისეთი როგორიცაა: პოლიციის შესაბამისი ოფიცრების იდენტიფიცირება, მოწმეთაგან ჩვენებების მიღება. 2007 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსამართლემ უარი განაცხადა ამ გადაწყვეტილების გადასინჯვაზე, დაადგინა, რომ ბ.ს-ს ბრალდებები პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ ობიექტურად არ მტკიცდებოდა.
ბ.ს-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც განხილულ იქნა ბალეარიკის კუნძულების რაიონული სასამართლოს მიერ. სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და ბრძანა მცირე დანაშაულზე საქმის განახლება პოლიციის იმ ორი თანამშრომლის მიმართ, რომლებმაც შეაჩერეს აპლიკანტი. აღნიშნული ოფიცრები იდენტიფიცირებულნი იყვნენ პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე. 2008 წლის 11 მარტს, გამომძიებელმა მოსამართლემ ზეპირი განხილვის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება პოლიციელების გამართლების შესახებ, რადგან პროცესის დროს ბ.ს-მ ისინი ვერ ამოიცნო.
2005 წლის 23 ივლისს ბ.ს. კვლავ შეჩერებულ იქნა გამოკითხვის მიზნით. მოგვიანებით იგი მოათავსეს დაზარალებულთა განყოფილებაში, სადაც ექიმმა დაადგინა ტკივილი მუცლის არეში, ასევე, ხელისა და მუხლის სისხლჩაქცევები. ორი დღის შემდეგ, მომჩივანმა შეიტანა სისხლისსამართლებრივი საჩივარი. ის დავობდა, რომ იგი ხელკეტით ცემეს ხელსა და მუხლზე. ბ.ს. ჩიოდა, რომ იგი რასობრივი ნიშნით იყო დაზარალებული. ამასთან, აპლიკანტი აცხადებდა, რომ იგი იძულებით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში იმ აღიარებითი ჩვენების ხელმოსაწერად, თითქოს მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს. გამომძიებელმა მოსამართლემ დაიწყო სასამართლო გამოძიება. ბ.ს-მ მოითხოვა, რომ პოლიციის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც პატრულირებდა შესაბამის ტერიტორიაზე 15 და 23 ივლისს, გამოძახებული ყოფილიყო ამოსაცნობად ორმხრივი სარკის გამოყენებით. მისი ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ პოლიციის მთავარი სამმართველოდან მოითხოვა ინციდენტის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
პოლიციის უფროსის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ბ.ს. აღიარებდა პროსტიტუციით დაკავებას იმ ტერიტორიაზე, სადაც შეჩერებულ იქნა. ერთადერთი მიზეზი მისი საჩივრებისა იყო ის, რომ აღნიშნული საქმიანობის ნება დაერთოთ საჯარო გზატკეცილზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხელშეშლის გარეშე. ბრალდებული ოფიცრების ვინაობასთან დაკავშირებით პოლიციის უფროსმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 15 და 21 ივლისს მართლა მოხდა პოლიციის მხრიდან აპლიკანტის საქმიანობაში ჩარევა, 23 ივლისს ასეთი ჩარევა არ განხორციელებულა. 2006 წლის 22 თებერვალს გამომძიებელმა მოსამართლემ გამოსცა დროებითი ბრძანება და შეწყვიტა წარმოება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. ბ.ს-მ მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვა. თუმცა წინამდებარე და შემდგომი გასაჩივრება წარუმატებელი აღმოჩნდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, ბ.ს. დავობდა, რომ ეროვნული პოლიციის ოფიცრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას, როცა გამოსაკითხად შეაჩერეს. აპლიკანტი ჩიოდა, რომ იგი დაექვემდებარა დისკრიმინაციულ მოპყრობას მისი საქმიანობის - პროსტიტუციით დაკავების, მისი კანის ფერისა და სქესის გამო. ბ.ს. ასაჩივრებდა გამომძიებელი მოსამართლის მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას, რომელმაც 2007 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ „საჯარო ადგილას პროსტიტუცია იყო სამარცხვინო სპექტაკლი“. ბოლოს, იგი დავობდა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული მოკვლევა აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით არაადეკვატური იყო.
სამართალი – მე-3 მუხლი: სასამართლომ მიიჩნია, როდესაც პირი აცხადებს, რომ იგი დაექვემდებარა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობას პოლიციის ან სახელმწიფო ორგანოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ კონვენციის მე-3 მუხლი 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში მოითხოვს, რომ ჩატარდეს ეფექტური ოფიციალური გამოძიება, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას.
ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ.ს-მ ორჯერ განაცხადა არასათანადო მოპყრობის შესახებ, 2005 წლის 21 და 25 ივლისს. მისი საჩივრები რეალურად იქნა გამოკვლეული. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ გამომძიებელი მოსამართლეები გამოითხოვდნენ ანგარიშებს პოლიციის მთავარი სამმართველოდან და მხოლოდ აღნიშნულ მასალას ეყრდნობოდნენ სამართალწარმოების შეწყვეტისას. გარდა ამისა, ანგარიშები ბალეარიკის კუნძულების პოლიციის უფროსის მიერ იყო მომზადებული, რომელიც პოლიციის ბრალდებული თანამშრომლების ოფიციალური ზემდგომი თანამდებობის პირი იყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 მარტს, საქმის ზეპირი განხილვის დროს, ბრალდებულები ოფიციალურად არ იყვნენ იდენტიფიცირებულნი ბ.ს-ს მიერ. სასამართლოს მოსაზრებით, ზეპირი მოსმენა ვერ ჩაითვლებოდა, როგორც დამაკმაყოფილებელი მოთხოვნა კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა დაედგინა პოლიციის შესაბამისი თანამშრომლების ვინაობა. ეროვნულმა სასამართლოებმა უარი განაცხადეს ბ.ს-ს მოთხოვნაზე - ამოცნობის ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან დიდი დრო იყო გასული და ოფიცრების ამოცნობა გართულდებოდა. ამასთან, ისინი პატრულირების დროს ჩაფხუტებს ატარებდნენ. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ბ.ს-ს ეს მოთხოვნა არ იყო გადაჭარბებული.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბ.ს-ს მიერ მიწოდებული სამედიცინო დასკვნების თანახმად, აღინიშნებოდა მარცხენა ხელზე ანთება და შეშუპება, მას შემდეგ, რაც აპლიკანტი 2005 წლის 21 ივლისს შეაჩერეს და გამოკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა. სამედიცინო დოკუმენტაცია ასევე მოიცავდა ინფორმაციას მუცლის ტკივილისა და ხელის და მუხლის დალურჯების შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო 2005 წლის 23 ივლისის ინციდენტით. წინამდებარე ასპექტი არ იქნა გამოძიებული იმ საფუძვლით, რომ სამედიცინო დასკვნები დაუთარიღებელი, ხოლო დაზიანებების გამომწვევი მიზეზები არასაკმარისად დამაჯერებელი იყო. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დასკვნები უნდა ყოფილიყო სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოძიების დაწყების საფუძველი. საბოლოოდ, გამომძიებელმა მოსამართლეებმა არ მიიღეს ზომები ინციდენტის მოწმე პირების გამოსაკითხად; არც ბ.ს-ს ბრალდებები გამოიკვლიეს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, რათა ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ იყო საკმარისად სრულყოფილი და ეფექტური კონვენციის მე-3 მუხლის დასაკმაყოფილებლად და დაადგინა წინამდებარე დებულების დარღვევა გამოძიების არაეფექტურობიდან გამომდინარე.
სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა აბსოლუტურია. მან დაადგინა, რომ ბ.ს-ს მიერ მოწოდებული სამედიცინო დასკვნები არასაკმარისი იყო მისთვის მიყენებული დაზიანებების შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით და სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულება საშუალებას არ იძლეოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილიყო, თუ როგორ მოხდა დაზიანების მიყენება. სასამართლოს მიერ შესაბამისი დასკვნის მიღების შეუძლებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ბ.ს-ს საჩივრებზე, ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა არ ჩაატარეს ყოვლისმომცველი და ეფექტური გამოძიება. შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ამ კუთხით.
კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში: სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო ორგანოები, როდესაც ძალადობრივ შემთხვევებს იძიებენ, ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გამოააშკარავონ ნებისმიერი რასობრივი მოტივი და დაადგინონ, არსებობდა თუ არა ეთნიკური ნიშნით სიძულვილი ან წინასწარი განწყობა თამაშობდა თუ არა როლს მოვლენების განვითარებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის 21 და 25 ივლისის საჩივრებში, ბ.ს. უთითებდა პოლიციის ოფიცრების მხრიდან რასისტული გამოთქმების შესახებ. ბ.ს. ასევე აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა არ შეაჩერეს „ევროპული ფენოტიპის“ ქალბატონი, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ეროვნული სასამართლოების მხრიდან, იხილავდნენ რა აპლიკანტის საქმეს, არ ყოფილა გამოკვლეული წინამდებარე რასისტული მიდგომები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ბ.ს-ს განსაკუთრებული მოწყვლადობა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან იგი იყო წარმოშობით აფრიკელი ქალი, რომელიც პროსტიტუციას ეწეოდა. სახელმწიფო ორგანოებს არ ჰქონდათ მიღებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა დაედგინათ იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა მოვლენების განვითარებაში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ ესპანეთი ვალდებული იყო გადაეხადა აპლიკანტისთვის 30,000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურებისა და 1,840.50 ევრო - გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების გამო.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy