ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება წინასწარი დაკავების გონივრულობის შესახებ.
წინასწარი დაკავების შესაბამისი და საკმარისი საფუძვლების არარსებობა, გარდა დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვისა: დარღვევა
დიდი პალატა
საქმე „ბუზადჯი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ“
CASE OF BUZADJI v. THE REPUBLIC OF MOLDOVA
განცხადება N23755/07
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2016 წლის 5 ივლისი
ფაქტობრივი გარემოებები
ბიზნესმენი განმცხადებელი დააკავეს 2007 წლის მაისში და ოფიციალურად წაუყენეს ბრალი იმ ღია სააქციო კომპანიის მიმართ თაღლითობაში, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს წაყენებული ბრალის სიმძიმის, საქმის სირთულისა და შეთქმულების რისკის გათვალისწინებით. მისი წინასწარი პატიმრობა გარკვეული მიზეზების გამო 2007 წლის ივლისამდე გაგრძელდა, შემდეგ ეროვნული სასამართლოები დაეთანხმნენ მის მოთხოვნას, გამოეყენებინათ შინაპატიმრობა, რომელმაც 2008 წლის მარტამდე გასტანა, ბოლოს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამართალი
61. განმცხადებელი თავის განცხადებაში კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დავობდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებაში არასაკმარისი საფუძველი მიუთითეს. სასამართლო უფრო შესაფერისად მიიჩნევს, განიხილოს საჩივარი კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რომელშიც ნათქვამია:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს. მას უფლება აქვს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
გ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
84. კონვენციის მე-5 მუხლი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებთან ერთობლიობაში, მიეკუთვნება იმ ძირითადი უფლებების კატეგორიას, რომელიც პირის ფიზიკურ უსაფრთხოებას იცავს (იხ. მისი კავშირი მე-2 და მე-3 მუხლებთან „გაუჩინარების საქმეებში”, როგორიცაა ქურთი თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 25 მაისი, § 123, განაჩენებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიშები, 1998-III) და მისი მნიშვნელობა გადამწყვეტია. ძირითადი მიზანი თავისუფლების თვითნებური ან გაუმართლებელი აღკვეთის პრევენციაა (იხ. ლუკანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 20 მარტი, § 41, ანგარიშები 1997‑II; ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N71503/01, § 171, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2004‑II და ილაშკუ და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N48787/99, § 461, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2004‑VII). სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში დადგენილია დასაბუთების სამი ძირითადი სტანდარტი: გამონაკლისების ყოვლისმომცველი ბუნება, რომელიც მკაცრად უნდა განიმარტოს (იხ. ცულა იტალიის წინააღმდეგ, 1989 წლის 22 თებერვალი, § 41, სერიები A, N148). აღსანიშნავია, რომ მოცემული დებულებები არ იძლევა გამამართლებელი არგუმენტების ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას (განსაკუთრებით კონვენციის მე-8 მუხლიდან მე-11 მუხლამდე); ასევე არსებითი თვალსაზრისით დაკავების კანონიერების მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობის დაცვას (იხ. ვინტერვრეპი ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1979 წლის 24 ოქტომბერი, § 39, სერიები A, N33) და სავალდებულო სასამართლო კონტროლის დროულობის მნიშვნელობა (მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად) (იხ. მაკქეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N543/03, § 34, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2006‑X).
85. თავისუფლების აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახე, სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, არის წინასასამართლო პატიმრობა. ასეთი პატიმრობა მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ზოგადი წესიდან გამონაკლისია, რომლის შესაბამისადაც ყველას აქვს თავისუფლების უფლება, აღნიშნული მოცემულია კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტში. მხედველობაში მისაღები ვადის ათვლა იწყება პირის დაკავებიდან (იხ. ტომაში საფრანგეთის წინააღმდეგ, 1992 წლის 27 აგვისტო, § 83, სერიები A, N241‑A) ან დაპატიმრებიდან (იხ. ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 26 ივნისი, § 34, სერიები A, N 207) და სრულდება მაშინ, როდესაც იგი გათავისუფლდება ან მსჯავრი დაედება, თუნდაც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ.ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ, 1968 წლის 27 ივნისი, გვ. 23, § 9, სერიები A, N7; ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N26772/95, § 147, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000‑IV; კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, N47095/99, § 110, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2002‑VI და სოლმაზი თურქეთის წინააღმდეგ, N27561/02, §§ 23-24, 2007 წლის 16 იანვარი).
86. მიუხედავად იმისა, რომ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტი იმ საფუძვლებს ადგენს, როდის შეიძლება დასაშვები იყოს წინასწარი პატიმრობა (იხ. დე იონგი და ვან დენ ბრინკი ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1984 წლის 22 მაისი, §44, სერიები A, N77), პუნქტი 3, რომელიც წინა დებულებასთან ერთობლიობაში უნდა მოიაზრებოდეს, ასევე ადგენს კონკრეტულ საპროცესო გარანტიებს, მათ შორის იმას, რომ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს გონივრულ ვადას, ანუ მოცემული დებულება არეგულირებს მის ხანგრძლივობას.
87. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თაობაზე სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, გონივრული ეჭვის არსებობა ხანგრძლივი პატიმრობის დასაშვებობის წინაპირობაა, მაგრამ ეს საფუძველი არ არის საკმარისი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ: სასამართლომ შემდეგ უნდა დაადგინოს: (1) რამდენად ამართლებს სასამართლო ორგანოების მიერ დასახელებული სხვა საფუძვლები თავისუფლების აღკვეთის გაგრძელებას და (2) იყო თუ არა ეს საფუძვლები „შესაბამისი“ და „საკმარისი“ , გამოიჩინეს თუ არა ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა „განსაკუთრებული გულმოდგინება“ საქმისწარმოებისას (იხ. ლეტელიე, § 35 და იდალოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N5826/03, § 140, 2012 წლის 22 მაისი). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავისუფლების ნებისმიერი პერიოდით აღკვეთის დასაბუთება, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად ხანმოკლეა ეს ვადა, დამაჯერებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელისუფლებო ორგანოების მიერ. პირის გათავისუფლების თუ დაკავების გადაწყვეტილების მიღებისას სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ მისი სასამართლოზე გამოცხადების უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები .
88. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის „შესაბამის“ და „საკმარის“ საფუძვლებად (გონივრული ეჭვის არსებობის გარდა) მიჩნეულია ისეთი საფუძვლები, როგორიცაა მიმალვის საშიშროება, მოწმეებზე ზეწოლის რისკი ან მტკიცებულების გაყალბების რისკი, შეთქმულების რისკი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკი და დაკავებულის დაცვის საჭიროება (იხ. შტოგმულერი ავსტრიის წინააღმდეგ, 1969 წლის 10 ნოემბერი, § 15, სერიები A, N9; ვემჰოფი, § 14; ტომაში, § 95; ტორთი ავსტრიის წინააღმდეგ, 1991 წლის 12 დეკემბერი, § 70, სერიები A, N224; ლეტელიე, § 51 და ი.ა. საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 23 სექტემბერი, § 108, განაჩენებისა და გადაწყვეტილების შესახებ ანგარიშები 1998‑VII).
89. პრეზუმფცია ყოველთვის გათავისუფლების სასარგებლოდ უნდა იყოს დაშვებული. როგორც დადგენილია საქმეში ნოიმაისტერი ავსტრიის წინააღმდეგ (1968 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, სერიები A, N8, გვ. 37, § 4), მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გათავისუფლებას სასამართლო განხილვამდე, არ აძლევს სასამართლო ორგანოებს არჩევანს, უზრუნველყონ ბრალდებულის პროცესზე გამოცხადება გონივრულ ვადაში ან გაათავისუფლონ იგი სასამართლო განხილვამდე. აღნიშნული ითვალისწინებს ბრალდებულის დაკავებას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა გასცდეს გონივრული ვადის ფარგლებს (იხ. ვემჰოფი, § 5); თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარი გამოძიების ხანგრძლივობა არაა სადავო, ასეთი დაკავების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს გონივრულ ვადას (იხ. შტოგმულერი, §5). გადაწყვეტილების მიღებამდე, იგი უნდა ითვლებოდეს უდანაშაულოდ. მოცემული დებულების მიზანია პირის პირობითი განთავისუფლება მაშინვე, როგორც კი დაკავების გაგრძელება აღარ იქნება მიჩნეული გონივრულად (იხ. მაკქეი, § 41).
90. შეკითხვა იმის შესახებ, არის თუ არა წინასწარი დაკავების ვადა გონივრული, არ უნდა შეფასდეს აბსტრაქტულად, ანუ არის თუ არა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გონივრული, უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით. ხანგრძლივი ვადით დაკავება შეიძლება იქნეს გამართლებული მოცემულ საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, გადაწონის კონვენციის მე-5 მუხლში მოცემულ პირის თავისუფლების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ წესს (იხ.ლაბიტა, § 152, და კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30210/96, §§ 110 და მომდევნო პარაგრაფები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000‑XI). განსაკუთრებით მიმალვის რისკთან დაკავშირებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს შესაბამისი პირის ხასიათზე, მის მორალზე, აქტივებზე, იმ სახელმწიფოსთან კავშირზე, სადაც ხორციელდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და პირის საერთაშორისო კონტაქტებზე (იხ. ნოიმაისტერი, § 10).
91. თავდაპირველად ეროვნული სასამართლო ორგანოების ვალდებულებაში ექცევა იმის უზრუნველყოფა, რომ მოცემულ საქმეში ბრალდებული პირის წინასწარი დაკავების ვადა არ აღემატებოდეს გონივრულ ვადას. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის გათვალისწინებით, მათ უნდა გამოიკვლიონ ყველა ფაქტი, რომელიც ადასტურებს ან ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ინტერესის ზემოაღნიშნული მოთხოვნის არსებობას ან ამართლებს მე-5 მუხლით დადგენილი წესიდან გადახვევას. სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ და ასახონ აღნიშნული გარემოებები განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაში. სასამართლომ სწორედ გადაწყვეტილებებში ასახულ საფუძვლებსა და განმცხადებლის მიერ თავის საჩივარში კარგად დოკუმენტირებულ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (იხ. კუდლა, § 110 და იდალოვი, § 141).
2. არსებობს თუ არა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განვითარების საჭიროება
(ა) დაკავების საწყისი პერიოდი და „კონკრეტული ვადის გასვლასთან“ დაკავშირებული პრობლემა
92. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. 87-ე აბზაცი), გონივრული ეჭვის არსებობა არის ხანგრძლივი პატიმრობის დასაშვებობის წინაპირობა, მაგრამ ეს საფუძველი არაა საკმარისი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული დათქმა პირველად შტოგმულერის საქმეში დადგინდა (იხ.§ 4). მოგვიანებით მოცემული მიდგომა ცნობილი გახდა, როგორც „ლეტელიეს პრინციპი“, რომელიც არაერთგზის დადასტურდა დიდი პალატის რამდენიმე მომდევნო გადაწყვეტილებაში (იხ. ლაბიტა, § 153; კუდლა, §111; მაკქეი, § 44; ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N4378/02, § 64, 2009 წლის 10 მარტი; იდალოვის საქმეში, § 140). აღნიშნულმა პრინციპმა შესაძლებელი გახადა განგვესხვავებინა პირველი ეტაპი, როდესაც გონივრული ეჭვის არსებობა საკმარისი საფუძველია დაკავებისთვის და მეორე ეტაპი, რომელიც „კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ“ დგება და მხოლოდ გონივრული ეჭვი არ არის საკმარისი, ამ დროს სხვა „შესაბამისი და საკმარისი“ საფუძვლებია საჭირო ეჭვმიტანილის დასაკავებლად.
93. ვინაიდან განმცხადებელი სამართალწარმოებისას სასამართლოში არ დავობდა იმაზე, რომ არ არსებობდა გონივრული ეჭვი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ გამოიკვლიოს ეს საკითხი. თუმცა დამატებითი საფუძვლების გათვალისწინებით (გარდა ეჭვის გონივრულობისა), რომლებსაც ეყრდნობიან ეროვნული სასამართლოები, ჩნდება კითხვა დროის იმ მონაკვეთთან დაკავშირებით, როდესაც მოითხოვებოდა ასეთი დამატებითი საფუძვლები. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ეფუძნება „კონკრეტული ვადის გასვლის“ მნიშვნელობას.
94. სასამართლოს აქამდე არ განუსაზღვრავს საკუთარ პრეცედენტულ სამართალში „კონკრეტული ვადის გასვლის“ მნიშვნელობა და არ დაუდგენია მასთან დაკავშირებით ზოგადი კრიტერიუმები. ახლახან განხილულ მაგიი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (N26289/12, N29062/12 და N29891/12, 2015 წლის 12 მაისი) სასამართლომ აღიარა, რომ არ არსებობდა ფიქსირებული ვადა, რომელიც გამოიყენება „კონკრეტული ვადის გასვლის“ განსამარტად. მან აღნიშნა:
88. იმ გონივრული ეჭვის არსებობა, რომ დაპატიმრებულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, წინასწარი დაკავება არის კანონიერი, მაგრამ ამ ვადის ამოწურვასთან ერთად აღარ იარსებებს საკმარისი საფუძველი პატიმრობის გაგრძელებისთვის. სასამართლოს არ უცდია ამ კონცეფციის ფიქსირებულ დღეებში, კვირებში, თვეებში ან წლებში ან სხვადასხვა პერიოდში გადაყვანა დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით (იხ. შტოგმულერი ავსტრიის წინააღმდეგ, N1602/62, § 4, 1969 წლის 10 ნოემბერი).”
95. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საქმეში (იხ. ტურკანი და ტურკანი მოლდოვას წინააღმდეგ, N39835/05, § 54, 2007 წლის 23 ოქტომბერი; ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ, N30779/04, § 67, 2007 წლის 6 ნოემბერი; ოსმანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, N67604/10, §§ 40-41, 2012 წლის 6 ნოემბერი და ზაიდოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, N11948/08, §62, 2014 წლის 20 თებერვალი), სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ მხოლოდ გონივრული ეჭვის არსებობა თავისთავად ვერ გაამართლებს წინასწარ პატიმრობას და საჭიროა დამატებითი საფუძვლების არსებობა.
96. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარგებლო იქნებოდა თავისი პრეცედენტული სამართლის შემდგომი განვითარება ეროვნულ სასამართლო ორგანოების ვალდებულებებთან დაკავშირებით, რათა მათ დაასაბუთონ წინასწარი პატიმრობის გაგრძელება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე ნაწილის მიზნებისთვის.
97. ხელახლა უნდა იქნეს განმეორებული, რომ დაკავების ვადის გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელი პერიოდის ათვლა იწყება პირის თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.
98. პირს იმავე პერიოდიდან აქვს უფლება მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, „დაუყოვნებლივ იქნეს წარდგენილი მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელის წინაშე“, რომელიც სთავაზობს დამოუკიდებლობის აუცილებელ გარანტიებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მხარეებისგან. დებულება მოიცავს საპროცესო მოთხოვნას მოსამართლისთვის ან კანონით უფლებამოსილი სხვა მოხელისათვის, მოუსმინონ მის წინაშე წარდგენილ პირს, ასევე მოიცავს არსებით მოთხოვნას იმავე მოხელისთვის, განიხილოს დაკავების დამადასტურებელი ან საწინააღმდეგო გარემოებები, ან არსებობს თუ არა საფუძვლები დაკავების გასამართლებლად და გასათავისუფლებლად ასეთი საფუძვლების არსებობისას (იხ. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1978 წლის 18 იანვარი, § 199, სერიები A, N25; შისერი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1979 წლის 4 დეკემბერი, § 31, სერიები A, N34 და მაკქეი, § 35). მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სასამართლო მოხელისგან მოითხოვს, განიხილოს დაკავების არსი (იხ. ტ.ვ. მალტას წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 25644/94, § 41, 1999 წლის 29 აპრილი; აკუალინა მალტას წინააღმდეგ, [დიდი პალატა], N25642/94, § 47, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 1999‑III და მაკქეი, § 35).
99. დაპატიმრებისა და დაკავების პირველადი შესწავლა მიზნად ისახავს კანონთან შესაბამისობის გამოკვლევას და იმის დადგენას, არსებობს თუ არა გონივრული ეჭვი, რომ დაკავებულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. ანუ დაკავება ექცევა ნებადართული გამონაკლისის ფარგლებში, რომლებიც დადგენილია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტით. როდესაც მიჩნეულია, რომ დაკავება არ ექცევა ნებადართული გამონაკლისების ფარგლებში, სასამართლო მოხელეს უნდა ჰქონდეს უფლება გაათავისუფლოს პირი (მაკქეი, § 40). უბრალო ეჭვის არსებობა საკმარისია, თუ არა კანონიერი დაკავების ვადის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მოცემულია არა პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტში, არამედ მე-3 პუნქტში: ეს უკანასკნელი დებულება პირველ დებულებასთან ერთობლიობაში, მოითხოვს პირის დაუყოვნებელ განთავისუფლებას, როდესაც მისი დაკავება აღარ იქნება გონივრული (იხ. დე იონგი, ბალიეტი და ვან დენ ბრინკი, § 44 ).
100. პრეცედენტული სამართლის შემდგომი განვითარების საჭიროება გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გონივრული ეჭვის არსებობა შეიძლება საკმარისი იყოს, როგორც დაკავების გაგრძელების საფუძველი, მეორე ასპექტის თანახმად, ექვემდებარება განსხვავებულ და ნაკლებად ზუსტ მოთხოვნას ვადასთან დაკავშირებით, განსხვავებით მუხლის პირველი ასპექტისგან, რომელიც შეიცავს მოთხოვნას, „დაუყოვნებელი“ (როგორც მოცემულია კონვენციის ტექსტში), „გარკვეული ვადის გასვლის“ შემდეგ პირის დაკავება დასაბუთებული უნდა იქნეს დამატებითი, შესაბამისი და საკმარისი საფუძვლებით. სასამართლომ ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნა, რომ „ორივე ნაწილი ანიჭებს განსაზღვრულ უფლებებს და ისინი არ არიან დაკავშირებული ლოგიკური, ან დროის თვალსაზრისით“ (იხ.მაკქეი, § 31 და მედვედევი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N3394/03, § 119, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2010 – ეს უკანასკნელი შეეხება მუხლის მხოლოდ პირველ მხარეს). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ კონტექსტში ვადის ათვლა დაიწყება დაკავებიდან და უფლებამოსილ სასამართლო ორგანოს მოეთხოვება დაადგინოს, არსებობს თუ არა დაკავების გამამართლებელი საფუძვლები, ასეთის არარსებობისას, გაათავისუფლოს პირი. ამგვარად, პრაქტიკაში ხშირად მეორე ნაწილის თანახმად, გარანტიების გავრცელება გარკვეულწილად გადაფარავდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარანტიებს, რაც იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც სასამართლო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დაკავებაზე პირველი ნაწილის თანახმად, იმავდროულად გასცემს ბრძანებას წინასწარი პატიმრობის თაობაზე, რომელიც ექვემდებარება მეორე ნაწილით განსაზღვრულ გარანტიებს. ასეთ დროს ეჭვმიტანილის სასამართლოს წინაშე პირველად წარდგენა წარმოადგენს „გზაჯვარედინს“, როდესაც გარანტიების ორივე წყება ამოქმედდება და ამ გარანტიების მეორე წყება გადაწონის. ამის მიუხედავად საკითხი, თუ როდის გამოიყენება გარანტიების მეორე წყება სრული მოცულობით, იმ გაგებით, რომ დამატებითი, შესაბამისი და საკმარისი საფუძვლების არსებობაა სავალდებულო გონივრულ ეჭვთან ერთად, კვლავ ეფუძნება „გარკვეული ვადის გასვლის“ საკმაოდ ბუნდოვან ცნებას.
101. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის ოცდათერთმეტი მაღალი ხელშემკვრელი მხარის უმრავლესობის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც მოცემულია შედარებითი სამართლის გამოკითხვაში, შესაბამისი სასამართლო ორგანოები ვალდებულნი არიან, დაასახელონ „შესაბამისი და საკმარისი“ საფუძვლები განგრძობითი დაკავებისთვის, თუ დაუყოვნებლივ არა, მაშინ დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მოსამართლე პირველად იკვლევს ეჭვმიტანილის წინასწარი დაკავების საჭიროებას. ასეთი მიდგომა, კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არა მარტო გაამარტივებდა და უფრო მეტად აშკარა და ცხადს გახდიდა კონვენციის პრეცედენტულ სამართალს ამ სფეროში, არამედ ასევე გააძლიერებდა დაცვას გონივრული ვადის გასვლის შემდეგ დაკავებასთან დაკავშირებით.
102. ზემოაღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები გარანტიების მეორე წყების პირველ წყებასთან „სინქრონიზაციისთვის“. აღნიშნული გულისხმობს, რომ სასამართლო მოხელის ვალდებულება, წარადგინოს პატიმრობის მიზანშეწონილობის დამადასტურებელი შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები გონივრული ეჭვის არსებობასთან ერთად, უკვე ვრცელდება პატიმრობის შესახებ პირველ გადაწყვეტილებაზე, „დაუყოვნებლივ“ დაპატიმრების შემდეგ .
(ბ) შინაპატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები
(i) არის თუ არა შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთა და განაცხადა თუ არა განმცხადებელმა უარი თავისუფლების უფლებაზე
103. როგორც სხვა ბევრ საკითხში, სასამართლო საკუთარ პრეცედენტულ სამართალში ითხოვს თავისუფლების აღკვეთის ცნების ავტონომიურ განმარტებას. კონვენციის სისტემატური წაკითხვა აჩვენებს, რომ მე-5 მუხლი არ ვრცელდება გადაადგილების თავისუფლების უბრალო შეზღუდვებზე, მაგრამ ხვდება მე-4 ოქმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროში. თუმცა, გადაადგილების შეზღუდვასა და თავისუფლების აღკვეთას შორის განსხვავება მხოლოდ ხარისხის ან სიმძიმის ასპექტს შეეხება და არა ხასიათის ან შინაარსის ასპექტს. იმის დასადგენად, პირს „აღეკვეთა თავისუფლება“ თუ არა მე-5 მუხლის თანახმად, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს კონკრეტული სიტუაცია და ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა სადავო ზომის სახე, ხანგრძლივობა, განხორციელების შედეგები და ფორმები (იხ. გუზარდი იტალიის წინააღმდეგ, 1980 წლის 6 ნოემბერი, §§ 92-93, სერიები A, N39).
104. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით (იხ.მანჩინი იტალიის წინააღმდეგ, N44955/98, §17, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2001‑IX; ლავენტი ლატვიის წინააღმდეგ, N58442/00, §§ 64-66, 2002 წლის 28 ნოემბერი; ნიკოლოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (N2), N40896/98, § 60, 2004 წლის 30 სექტემბერი; ნინესჩუ მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, N47306/07, § 53, 2014 წლის 15 ივლისი და დელიჯორგჯი ალბანეთის წინააღმდეგ, N6858/11, § 75, 2015 წლის 28 აპრილი), შინაპატიმრობა მისი ხარისხისა და სიძლიერის გათვალისწინებით, მიჩნეულია კონვენციის მე-5 მუხლში მითითებული თავისუფლების აღკვეთად.
105. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს ამ პრეცედენტული სამართლიდან გადახვევისათვის. განმცხადებლის შინაპატიმრობის მეთოდების გათვალისწინებით, იგი მიიჩნევს, რომ მის მიმართ ამ ზომის გამოყენება 2007 წლის 26 ივნისიდან 29 ივნისამდე და 2007 წლის 20 ივლისიდან 2008 წლის 12 მარტამდე, ე.ი. შვიდ თვენახევრის პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენდა კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთას. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ პირველ შემთხვევაში შინაპატიმრობა ასევე მიჩნეულ იქნა თავისუფლების აღკვეთად შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად და მთავრობა თვითონ დაეთანხმა იმას, რომ განმცხადებლის შინაპატიმრობა წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთას.
106. ერთი საკითხი, რომელიც წამოჭრა მთავრობამ, იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა თვითონ მოითხოვა შინაპატიმრობა და არ გაუსაჩივრებია სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ ზომის გამოყენების შესახებ. ეს ბადებს მნიშვნელოვან კითხვას, კონკრეტულად, თქვა თუ არა განმცხადებელმა უარი თავისუფლების უფლებაზე.
107. საქმეში შტროკი გერმანიის წინააღმდეგ (N61603/00, § 75, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2005‑V), სასამართლომ აღნიშნა, რომ თავისუფლების უფლება კონვენციაში მითითებული გაგებით მეტისმეტად მნიშვნელოვანია „დემოკრატიულ საზოგადოებაში“ იმისთვის, რომ პირმა ვერ ისარგებლოს კონვენციით დადგენილი გარანტიებით მხოლოდ იმ საფუძველით, რომ თანხმობას აცხადებს პატიმრობაზე. დაკავებამ შეიძლება დაარღვიოს მე-5 მუხლი, მაშინაც კი, როდესაც შესაბამისი პირი შეიძლება დაეთანხმოს მას (იხ. დე ვილდე, ოომსი და ვერსიპი ბელგიის წინააღმდეგ, 1971 წლის 18 ივნისი, § 65, სერიები A, N12).
108. მთავრობის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, განმცხადებელმა თვითონ მოითხოვა შინაპატიმრობა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებულ საქმეში, ასეთი ზომის ამ სახით გამოყენებისას, იძულების აშკარა ელემენტი იყო. კერძოდ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან აშკარად იკვეთება, რომ განმცხადებლის თანხმობა შინაპატიმრობაზე განპირობებული იყო იმითი, რომ აერიდებინა პატიმრობის გაგრძელება მას შემდეგ, რაც სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მისი მრავალი habeas corpus მოთხოვნა. ასევე ნათელი ხდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პატიმრობის განმავლობაში და მზად იყო დათმობებზე წასულიყო, რათა მალე დასრულებულიყო ეს პროცესები. აღნიშნული ქცევა გასაგებია იმ პირისგან, რომელსაც მანამდე გადატანილი აქვს გულის შეტევა, ინსულტი და ხედავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. სასამართლოს აზრით, განმცხადებელი იყო აშკარა ზეწოლის ქვეშ, როდესაც იგი გადაიყვანეს შინაპატიმრობაში. ასეთ შემთხვევებში, გონივრულია დავასკვნათ, რომ განმცხადებელი არ გაასაჩივრებდა შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
109. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არაა მზად დაეთანხმოს განმცხადებლის დამოკიდებულებას შინაპატიმრობასთან დაკავშირებით და გასაჩივრებასთან დაკავშირებულ უმოქმედობის ზომას, რომელმაც თავისუფლების უფლებაზე უარის თქმას გამოიწვია.
110. ასეთი ვითარება, მაშინაც კი თუ დავუშვებთ, რომ განმცხადებელი დაეთანხმა შინაპატიმრობას, არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს დაკავების შემდეგ გათავისუფლებასთან, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა. ასევე, შეუძლებელია ეს მიჩნეულ იქნეს როგორც კომპენსაციის ფორმა, რომელიც შეესაბამება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს კომპენსაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განმცხადებლისთვის მსხვერპლის სტატუსის არარსებობასთან დაკავშირებით მთავრობის პროტესტი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(ii) შინაპატიმრობის შეფარდების საფუძვლები
111. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შინაპატიმრობის გასამართლებლად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საფუძვლები იყო საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ საპატიმრო დაწესებულებაში დასაკავებლად, რადგან პირველი ზომა უფრო მსუბუქი (შემწყნარებელი) იყო, ვიდრე უკანასკნელი.
112. შინაპატიმრობა უმეტეს შემთხვევაში დაკავებულისათვის ნაკლებად შემზღუდველი ზომაა და ნაკლებ ტანჯვას ან უხერხულობას აყენებს მას, ვიდრე ჩვეულებრივი პატიმრობა ციხეში. ეს გამოწვეულია იმით, რომ პატიმრობაში ყოფნა მოითხოვს პირის ინტეგრაციას ახალ და ზოგჯერ მტრულ გარემოში ასევე სხვა პატიმრებთან ერთად აქტივობების განხორციელებას, ან რესურსების გაზიარებას, დისციპლინის დაცვას, ადმინისტრაციის მხრიდან ყოველდღიურად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ზედამხედველობას და კონტროლს. მაგალითად, დაკავებულს არ შეუძლია თავისუფლად აირჩიოს, როდის წავიდეს დასაძინებლად, მიიღოს საკვები, დაიკმაყოფილოს პირადი ჰიგიენის საჭიროებები, გავიდეს სუფთა ჰაერზე ან განახორციელოს სხვა აქტივობები. შესაბამისად, საპატიმრო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთასა და შინაპატიმრობას შორის არჩევანის გაკეთებისას, არსებულ საქმეში, პირების უმეტესობა, უკანასკნელს აირჩევდა.
113. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავების სხვადასხვა სახეს შორის რეჟიმი არ განუსხვავებიათ ლატელიეს საქმის შემთხვევაში (იხ. ზემოთ 92-ე აბზაცი). უფრო მეტიც, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ლავენტის შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს უნდა გამოეკვლია განმცხადებლისთვის ხანგრძლივი პერიოდით წინასწარი პატიმრობის მისჯისთვის საფუძვლების შესაბამისობა და საფუძვლიანობა, მოპასუხე მთავრობა წარუმატებლად ამტკიცებდა, რომ უნდა გამოყენებულიყო სხვა კრიტერიუმი გასაჩივრებული თავისუფლების აღკვეთის საფუძვლების შესაფასებლად, რადგანაც განმცხადებელი საავადმყოფოსა და შინაპატიმრობაში იყო. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავრობის ის არგუმენტი, რომლის შესაბამისადაც მე-5 მუხლი არ არეგულირებდა დაკავების პირობებს, რომელსაც მთავრობა ასაბუთებდა იმ მიდგომებით, რომლებიც მანამდე გამოყენებულ იქნა მანჩინის საქმეში და მასში მითითებულ სხვა საქმეებში. სასამართლომ დააკონკრეტა, რომ „ხარისხისა“ და „ინტენსიურობის“ ცნებები პრეცედენტულ სამართალში, როგორც მე-5 მუხლის გამოყენების კრიტერიუმი, ეხება მხოლოდ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ხარისხს და არა განსხვავებას კომფორტის დონეს, ან სხვადასხვა საპატიმროებში არსებულ შიდა რეჟიმებს შორის. ამგვარად, სასამართლომ განაგრძო იმავე კრიტერიუმის გამოყენება თავისუფლების აღკვეთის მთლიანი პერიოდისთვის, მიუხედავად, იმისა თუ სად იყო განმცხადებელი დაკავებული.
114. სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მიდგომის გამოყენების საფუძველი აღნიშნულ საქმეში არ არსებობს. რთულად განხორციელებადი იქნებოდა პრაქტიკაში, თუ ვინმე სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად, წინასწარ შეაფასებდა დაკავების გამამართლებელ საფუძვლებს, იმ განსხვავებებზე დაყრდნობით, რომელიც არსებობს დაკავების პირობებსა და დაკავებულის მიერ განცდილი (დის)კომფორტის დონეს შორის. ასეთი გამამართლებელი საფუძვლები პირიქით უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმის შესაბამისად, რომელიც პრაქტიკული და ეფექტურია მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვის მნიშვნელობის დაკნინების გარეშე. საბოლოოდ, სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს არსებული საქმის გამოკვლევისას იმავე მიდგომის გამოყენებას, როგორც ეს ლავენტის საქმეში მოხდა.
3. არსებობდა თუ არა მოცემულ საქმეში შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები
115. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საქმეში განმცხადებლის დროებითი დაკავების გამამართლებელი საფუძვლების გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოები, რომლებმაც გამოსცეს პირველადი ბრძანება 2007 წლის 5 მაისს განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის შესახებ, დაეყრდნენ მხოლოდ მის ვაჟიშვილებთან შეთქმულების რისკს და მისთვის წაყენებული დანაშაულის სიმძიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საფუძველი, როგორც წესი, მითითებულია ხოლმე მიმალვის რისკის კონტექსტში, ეროვნულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმალვის რისკი მოწმეებზე ზეწოლისა და განმცხადებლის მიერ მტკიცებულების გაყალბების რისკთან ერთად არ იყო დამტკიცებული ბრალმდებლის მიერ და მტკიცებულებები არ იყო სარწმუნო.
116. განმცხადებელმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამტკიცებდა, რომ შეთქმულების რისკი არ ყოფილა ბრალმდებლის მიერ მითითებული და ნებისმიერ შემთხვევაში, მას უამრავი დრო ჰქონდა საკუთარ შვილებთან შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ასეთი განზრახვის შემთხვევაში. თუმცა მისი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მის პროტესტზე რეაგირება არ ჰქონია.
117. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მითითებით ბრალმდებელი არ დაეყრდნო ისეთ მიზეზს, როგორიცაა საკუთარ შვილებთან შეთქმულებაში მონაწილეობის საფრთხე. გარდა ამისა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათელი ხდება, რომ განმცხადებლისა და მისი შვილების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 2006 წლის ივლისში, ანუ განმცხადებლის დაპატიმრებამდე ათი თვით ადრე, აქედან გამომდინარე, მას მართლაც, ექნებოდა საკმარისი დრო შეთქმულებაში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა. ასეთ გარემოებებში სასამართლოს არ მიაჩნია ეს არგუმენტი სარწმუნოდ. უფრო მეტიც, იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონია რეაგირება განმცხადებლის მიერ გამოთქმულ საწინააღმდეგო არგუმენტებზე. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა განმცხადებლის ქცევა, 2006 წლის ივლისში დაწყებულ გამოძიებასა და იმ პერიოდს შორის, როდესაც პირველად გაიცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ.
118. განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ვადის პირველად და მეორედ გაგრძელებისას, 2007 წლის 16 მაისსა და 5 ივნისს სასამართლოები არ დაეყრდნენ შეთქმულების რისკს, რომელიც ერთადერთი დამატებითი საფუძველი იყო, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოებმა პირველად გასცეს მისი დაპატიმრების ბრძანება. ამ შემთხვევაში სასამართლოებმა სხვა დამატებით მიზეზებზე მიუთითეს, კონკრეტულად კი - მიმალვის საფრთხეზე, მოწმეებზე ზეწოლის რისკსა და მტკიცებულების გაყალბების რისკზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს იგივე საფუძვლები იყო, რომელიც მიუთითა ბრალმდებელმა პირველ მოთხოვნაში განმცხადებლის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, მაგრამ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული, როგორც დაუსაბუთებელი მოთხოვნა. განმცხადებლის დაკავების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული ახსნა-განმარტება, რატომ გახდა ეს საფუძვლები რელევანტური და საკმარისი მხოლოდ მოგვიანებით (იხ. კუტალიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ, N18785/13, §51, 2014 წლის 27 ნოემბერი), ისეთი მიზეზით, როგორიცაა განმცხადებლის ქცევა. როგორც პირველი დაკავების ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, შეფასება არ გაკეთებულა სასამართლოების მიერ განმცხადებლის ხასიათის, მისი მორალის, მისი ქონების, ქვეყანასთან კავშირისა და სისხლისსამართლებრივი გამოძიების პირველი ათი თვის განმავლობაში მისი ქცევის შესახებ.
119. ვადის მესამედ გაგრძელების თაობაზე ბრალმდებლის განცხადების განხილვისას, 2007 წლის 26 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალმდებლის მოსაზრება დაკავებასთან დაკავშირებით და არსებითად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკავების ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის დამადასტურებელი საფუძვლები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებლის შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ.
120. შინაპატიმრობიდან სამი დღის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2007 წლის 29 ივნისის ბრძანება დაკავების შესახებ, ვინაიდან კიდევ ერთხელ მიიჩნია, რომ განმცხადებელი შეიძლება მიმალულიყო, მოეხდინა ზეწოლა მოწმეებზე, გაეყალბებინა მტკიცებულება და შეთქმულებაში მიეღო მონაწილეობა საკუთარ შვილებთან, თუ შინაპატიმრობაში იქნებოდა. შესაბამისად, მან გამოსცა ბრძანება მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ საპატიმრო დაწესებულებაში. სასამართლოს არ განუმარტავს ის საფუძვლები, რის გამოც არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხებოდა მისი დაკავების საფუძვლის არარსებობას და ასევე არ განუმარტავს მისი ვარაუდის საფუძველი, რომ ეჭვმიტანილი შეიძლება მიმალულიყო, მოეხდინა ზეწოლა მოწმეებზე და გაეყალბებინა მტკიცებულებები.
121. ვადის მესამედ გაგრძელების შესახებ ბრალმდებლის შუამდგომლობის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყველა ის საფუძველი, რომელიც მითითებული იყო ბრალმდებლის მიერ და დაადგინა, რომ არ არსებობდა ეჭვის საფუძველი, რომლის თანახმად, განმცხადებელი მიიმალებოდა ან ხელს შეუშლიდა გამოძიებას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გამოსცა ბრძანება მისი შინაპატიმრობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით 2008 წლის მარტამდე გაგრძელდა. შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა ასეთი ზომების გამოყენების მხარდამჭერ არც ერთ საფუძველს, გარდა მომჩივნის მიმართ წაყენებული დანაშაულის სიმძიმისა.
122. ზემოაღნიშნული პრობლემების გარდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მოყვანილი საფუძვლები განმცხადებლის დაკავებისა და დაკავების ვადის გაგრძელების შესახებ ტრაფარეტული და აბსტრაქტული იყო. მათ გადაწყვეტილებებში უბრალოდ მითითებული იყო დაკავების საფუძვლები ყველანაირი მცდელობის გარეშე დაესაბუთებინათ, თუ კონკრეტულად განმცხადებლის საქმის რომელი გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სასამართლოების მიდგომა თანმიმდევრული იყო. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოები არ დაეთანხმნენ ბრალმდებლის განცხადებას განმცხადებლის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულების გაყალბების საფრთხის შესახებ, როგორც უსაფუძვლოს და ნაკლებად სარწმუნოს, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევებში ისინი დაეთანხმნენ იმავე მიზეზებს გარემოებების ნებისმიერი აშკარა ცვლილებების მითითებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე. სასამართლოს თვალსაზრისით, როდესაც სასწორზე დგას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა თავისუფლების უფლება, ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან დამაჯერებლად აჩვენონ, რომ დაკავება საჭიროა. აღნიშნული ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მომხდარა.
123. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება განმცხადებლის წინასწარი დაკავებისა და დაკავების ვადის გაგრძელების შესახებ. აქედან გამომდინარე, არსებულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy