დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2017 წლის მაისი
ბ.ვ. ბელგიის წინააღმდეგ (B.V. v. Belgium)
(საჩივარი- 61030/08)
გადაწყვეტილება, 2 მაისი, 2017 [მე-2 სექცია]
მე-3 მუხლი
ეფექტური გამოძიება
ფაქტები – მომჩივანი – ქ-ნი ბ.ვ. ეროვნებით ბელგიელია და ბრიუსელში ცხოვრობს.
ქ-ნი ბ.ვ. ამტკიცებდა, რომ 1996-1998 წლებში ის კოლეგამ - X-მა ორჯერ გააუპატიურა და ერთხელ აიძულა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. 1998 წლის 15 სექტემბერს მომჩივანმა მომხდარის შესახებ უამბო მენეჯერებს, რომლებიც დაუკავშირდნენ სამსახურში სექსუალური ძალადობისაგან დაცვის დანაყოფს, რომელმაც მოკვლევა ჩაატარა. 1998 წლის 25 სექტემბერს ქ-ნმა ბ.ვ-მ ჟანდარმერიაში შეიტანა საჩივარი, რომელსაც თან დაურთო სამედიცინო ცნობა და მოწმის სახელი და გვარი. ჟანდარმერიამ დაკითხა როგორც მომჩივანი, ასევე X. ქ-ნი ბ.ვ-ს მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შეწყდა, თუმცა ოფიციალურად მისთვის ამის თაობაზე არ უცნობებიათ.
2001 წლის 30 აპრილს, მას შემდეგ რაც მომჩივანმა შემთხვევით შეიტყო მისი საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ, მან პროკურორს X-ის წინააღმდეგ საქმის წარმოების განახლება სთხოვა. ქ-ნი ბ.ვ. დავობდა, რომ ჟანდარმერიას X არ დაუკითხავს და ითხოვდა მტკიცებულების ხელახლა მიღებას. 2002 წლის 14 თებერვალს ქ-ნმა ბ.ვ-მ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა და საჩივარი წარადგინა, რომ სამართალწარმოების პროცესში როგორც მხარეს მონაწილეობა მიეღო. 2002 წლის მარტისა და 2004 წლის ივნისის პერიოდში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა; გაირკვა, რომ ინციდენტის ადგილის შემოწმება აღარ იყო შესაძლებელი. 2004 წლის ივნისსა და ივლისში პოლიციამ დაკითხა მომჩივნის ექვსი ყოფილი კოლეგა.
2004 წლის სექტემბერში ქ-ნმა ბ.ვ-მ მიმართა ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს დანაყოფს, რომელმაც გამომძიებელი მოსამართლისგან გამოიხმო საქმე იმ საფუძვლით, რომ წარმართული გამოძიება ,,შეუსაბამოდ’’ გაჭიანურდა და გამომძიებელი მოსამართლე იმეორებდა მის მიერ მიცემული ჩანაწერების შინაარს, დამატებითი ზომების მიღების გარეშე. დაინიშნა ახალი გამომძიებელი მოსამართლე. პოლიციამ დაკითხა რამდენიმე ადამიანი და X-სა და ქ-ნ ბ.ვ-ს ჩაუტარდათ ფსიქიატრიული შემოწმება. გამომძიებელმა მოსამართლემ დოკუმენტი გაუგზავნა პროკურატურას, რომელმაც 2006 წლის 2 ოქტომბერს წარადგინა რეკომენდაციები, რომლის მიხედვით საქმის წარმოება საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო უნდა შეწყვეტილიყო.
მას შემდეგ, რაც ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები და პროკურატურამ კვლავ გაუწია რეკომენდაცია საქმისწარმოების შეწყვეტას, 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებით დადგინდა, რომ X-ის წინააღმდეგ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები. ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს დანაყოფის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ბრძანება ძალაში დარჩა. 2008 წლის 18 ივნისს საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქ-ნი ბ.ვ-ს მიერ გასაჩივრებული სამართლის საკითხები და დაადგინა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული იყო ადეკვატური მიზეზები.
კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა) მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა, რომ გამოძიება არ იყო სრული და ყოველმხრივი, ამასთანავე მისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლის მეშვეობით გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობის შესახებ საჩივრებს წარადგენდა. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გონივრულ ვადაში) მიხედვით, ის ასევე დავობდა, რომ სამართალწარმოება გონივრულ ვადაში არ ჩატარდა.
სამართალი – მე-3 მუხლი (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა): სასამართლოს მოსაზრებით, ქ-ნი ბ.ვ-ს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგამ გააუპატიურა და მასზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობა განახორციელა, სადავო იყო, შესაბამისად, შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივარი. კონვენციის მე-3 მუხლის დებულებები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვდა ეფექტური გამოძიების ჩატარებას. აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ საჩივრის წარდგენისთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა დაედგინათ ფაქტები და სავარაუდოდ ჩადენილ გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობასთან დაკავშირებული გარემოებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ეფექტური გამოძიების ჩატარების პროცედურული მოთხოვნის შესრულება შეფასდა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომლებიც მოიცავს საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატურობასა და გამოძიების სისწრაფესა და ყოველმხრივობას. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, შეეფასებინათ ბრალდებების სანდოობა და დაედგინათ საქმის გარემოებები; ამასთანავე, დაეცვათ საქმის დროულად წარმოების მოთხოვნა.
სასამართლომ შენიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ქ-ნმა ბ.ვ-მ წარადგინა საჩივარი (1998 წლის სექტემბერი), მისი სანდოობის შესამოწმებლად სათანადო ზომები არ მიუღიათ. პროკურატურის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტამდე, ერთადერთი ღონისძიება რაც გატარდა, იყო 1998 წლის დეკემბერში X-ის გამოკითხვა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა მას შემდეგ, რაც მომჩივანმა მოითხოვა როგორც მხარეს მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოების პროცესში, განხორციელდა დაგვიანებით, საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით თანმიმდევრული საგამოძიებო გეგმის არარსებობის პირობებში. სასამართლოს მოსაზრებით, მსგავს გარემოებებში, გამოძიება ვერ მიიჩნეოდა სრულყოფილად და საფუძვლიანად ჩატარებულად. შესაბამისად, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი.
მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გონივრულ ვადაში): მე-3 მუხლის დარღვევის დადგენის დროს გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის ცალკე განხილვის საჭიროება არ არსებობდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიამ არამატერიალური ზიანისთვის განმცხადებელს 20,000 ევრო, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის 13,000 ევრო უნდა გადაუხადოს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy