ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება პოლიციის ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისი საპროცესო გარანტიების გამოყენების გარეშე და წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის შესახებ.
საპროცესო გარანტიები, რომლებიც დაკავშირებულია მტკიცებულებების დასაშვებობასა და სანდოობასთან; სავარაუდო იძულების ხასიათი და ხარისხი; ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მასალების გამოყენება: არ არის დარღვევა.
სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო და საკმარისი მიზეზები განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების დასასაბუთებლად: დარღვევა.
დიდი პალატა
საქმე „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF BYKOV v. RUSSIA
განცხადება N4378/02
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2009 წლის 10 მარტი
ა. ფარული ოპერაცია
10. 2000 წლის სექტემბერში განმცხადებელმა მისი ჯგუფის წევრს - ვ-ს, ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ს-ს მოკვლა დაავალა. განმცხადებლის ვ-მ ბრძანება არ შეასრულა, სამაგიეროდ 2000 წლის 18 სექტემბერს მან განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურს („FSB”). მომდევნო დღეს ვ-მ განმცხადებლისგან მიღებული იარაღი ჩააბარა.
11. 2000 წლის 21 სექტემბერს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ოლქის პროკურორმა განმცხადებელის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის ორგანიზების ეჭვის საფუძველზე.
12. 2000 წლის 26 და 27 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურმა („FSB”) და პოლიციამ გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ფარული ოპერაცია ს-ს მკვლელობასთან დაკავშირებით განმცხადებლის განზრახვის შესახებ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
13. 2000 წლის 29 პოლიციამ ს-ს სახლში განახორციელა ორი ადამიანის გვამის აღმოჩენის ინსცენირება. მათ მედია საშუალებებში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი - ს. , მეორე - მისი საქმიანი პარტნიორი ი. იყო.
14. 2000 წლის 3 ოქტომბერს, მოქმედებდა რა პოლიციის მითითებების შესაბამისად, ვ. მივიდა განმცხადებლის სანახავად მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. სხეულზე ფარული რადიოგადამცემი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული, გარეთ მყოფი პოლიციის თანამშრომელი კი იღებდა და იწერდა ინფორმაციას. იგი განმცხადებელმა საკუთარ „საოჯახო სასტუმროში“ მიიღო, რომელიც მიერთებულია მის პირად რეზიდენციასთან. მითითებების შესაბამისად, ვ-მ განმცხადებელი საუბარში ჩააბა, შეატყობინა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. განხორციელებული ქმედების დასადასტურებლად კი მან განმცხადებელს ს-სა და ი-სგან წამოღებული რამდენიმე საგანი გადასცა: სამთო-მოპოვებითი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დამოწმებული ასლი, რომელზეც დატანილი იყო სპეციალური ქიმიური რეაგენტი, ს-სა და ი-ს კუთვნილი ორი საათი და 20,000 ამერიკული დოლარის (აშშ დოლარი) ოდენობის ნაღდი ფული. საუბრის ბოლოს, განმცხადებლის შეთავაზების შესაბამისად, ვ-მ ნაღდი ფული აიღო. პოლიციამ მოიპოვა ვ-სა და განმცხადებელს შორის თექვსმეტწუთიანი საუბრის ჩანაწერი.
15. 2000 წლის 4 ოქტომბერს განმცხადებლის საცხოვრებელი გაჩხრიკეს. ამოღებულ იქნა რამდენიმე საათი, მათ შორის, ს-სა და ი-ს კუთვნილი საათები. ჩატარდა ქიმიური ანალიზი და განმცხადებლის ხელებზე აღმოჩნდა იმ ქიმიური ნივთიერების კვალი, რომელიც გამოყენებულ იქნა ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების მარკირებისათვის. განმცხადებელი დააპატიმრეს.
16. 2001 წლის 27 თებერვალს განმცხადებელმა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ოლქის პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა, რომლის თანახმადაც, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე უკანონო იყო, რადგანაც ის მისი უფლებების საპროცესო დარღვევას შეიცავდა, მათ შორის, მის სახლში უკანონოდ შეჭრასა და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოყენებას. 2001 წლის 2 მარტს პროკურორმა უარყო მისი საჩივარი იმ საფუძველზე, რომ განმცხადებელმა ვ. ნებაყოფლობით შეუშვა სახლში და შესაბამისად, შეჭრას ადგილი არ ჰქონია. ასევე დადგინდა, რომ სასამართლოს მიერ უფლებამოსილების მინიჭება საჭირო არ არის რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოყენებისათვის, რადგანაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ კანონის შესაბამისად, ის საჭირო იყო მხოლოდ საკაბელო არხების ან საფოსტო მომსახურებების მეშვეობით გადაცემული ინფორმაციის მისაყურადებლად, რომელთაგანაც მოცემული ფარული ოპერაციისას არც ერთი არ ყოფილა გამოყენებული.
ბ. წინასწარი პატიმრობა
17. განმცხადებლის დაპატიმრების შემდეგ, 2000 წლის 6 ოქტომბერს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ოლქის პროკურორის მოადგილემ გამოძიების მსვლელობისას მისი დაკავების ბრძანება გასცა, რადგანაც ბრალის სიმძიმისა და რისკიდან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული „შეესაბამებოდა კანონს“, ასევე განმცხადებელს შესაძლოა ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე. ვადის შემდგომი გაგრძელება მოთხოვნილ იქნა უფლებამოსილი პროკურორის მიერ 2000 წლის 17 ნოემბერს (2000 წლის 21 დეკემბრამდე) და 2000 წლის 15 დეკემბერს (2001 წლის 21 მარტამდე). განმცხადებლის პატიმრობის გაგრძელების საფუძველს ბრალის სიმძიმე და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა.
სამართალი
I. კონვენციის მე- 5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
58. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა ზედმეტად ხანგრძლივი იყო და პატიმრობის ვადის გაგრძელება წარმატებით ხორციელდებოდა შესაბამისი და საკმარისი საფუძვლების მითითების გარეშე. ის დაეყრდნო კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს:
„ამ მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ ყველა პირს, უნდა ჰქონდეს... გონივრულ ვადაში სასამართლო განხილვის ან სასამართლო პროცესის მსვლელობისას განთავისუფლების უფლება. განთავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოზე გამოცხადების გარანტიებით.“
59. მთავრობამ მიუთითა, რომ განმცხადებლის პატიმრობა არ იყო ზედმეტად ხანგრძლივი და ასაბუთებდა, რომ მისი საქმის გამოძიებას დიდი დრო დასჭირდა სირთულისა და მოცულობის გამო. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მისი პიროვნებიდან გამომდინარე, არსებობდა აშკარა რისკი, რომ განმცხადებელი გაექცეოდა სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებას, ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულებას, რაც ასაბუთებდა მის ხანგრძლივ პატიმრობას.
60. განმცხადებელი ამტკიცებდა თავის საჩივარში, რომ მისი დაპატიმრების საფუძვლები და ვადის განმეორებით გაგრძელება არ იყო გამყარებული რაიმე სახის დასაბუთებით ან ფაქტობრივი ინფორმაციით.
61. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მე-5 მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფცია ყოველთვის გათავისუფლების სასარგებლოდ გადაიხრება. როგორც „ნოიმაისტერი ავსტრიის წინააღმდეგ“ საქმეში დადგინდა ( 1968 წლის 27 ივნისი, § 4, სერია A, N8) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეორე მხარე სასამართლო ორგანოებს არ აძლევს ბრალდებულის გონივრულ ვადაში სასამართლო პროცესზე წარდგენასა და სასამართლო პროცესის მსვლელობისას მის პირობით გათავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას. განაჩენის გამოტანამდე ის უდანაშაულოდ ითვლება და განსახილველი დებულების არსებით მიზანს წარმოადგენს მისი პირობითი გათავისუფლების მოთხოვნა მას შემდეგ, რაც პატიმრობის გაგრძელება აღარ იქნება გონივრული.
62. მოცემულ შემთხვევაში პატიმრობის გაგრძელების დასაბუთება შესაძლებელია, მხოლოდ იმ პირობებში, თუ არსებობს კონკრეტული მითითება საჯარო ინტერესის არსებობაზე, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად გადაწონის კონვენციის მე-5 მუხლში მოცემულ პიროვნების თავისუფლების პატივისცემის წესს (იხ.კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30210/96, §§ 110 და სხვა, ECHR, 2000-XI).
63. პირველ რიგში, ეროვნულ სასამართლო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ, რომ მოცემულ საქმეში ბრალდებული პირის წინასწარი პატიმრობა არ აღემატებოდეს გონივრულ ვადას. ამ თვალსაზრისით, უდანაშაულობის პრეზუმციისათვის სათანადო ყურადღების დათმობით, სასამართლო ორგანოებმა უნდა შეამოწმონ საჯარო ინტერესის ზემოთხსენებული მოთხოვნის სასარგებლოდ, ან მის საწინააღმდეგოდ არსებული ყველა არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს მე-5 მუხლში მოცემული წესისაგან გადახვევას და უნდა ასახონ ეს მიზეზები გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებებში მოცემული მიზეზებისა და განმცხადებლის მიერ თავის საჩივარში მითითებული უტყუარი ფაქტების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (იხ. ვაინსცტალი პოლონეთის წინააღმდეგ, N43748/98, § 50, 2006 წლის 30 მაისი და მაქკეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N543/03, § 43, ECHR, 2006‑X).
64. გონივრული ეჭვის არსებობა, რომ დაპატიმრებულმა პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, წარმოადგენს პატიმრობის გაგრძელების კანონიერების აუცილებელ წინაპირობას, მაგრამ დროთა განმავლობაში აღნიშნული საკმარისი აღარ არის და სასამართლომ უნდა დაადგინოს, კვლავ ასაბუთებს თუ არა სასამართლო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სხვა საფუძვლები თავისუფლების აღკვეთას. თუ ასეთი საფუძვლები „შესაბამისი“ და „საკმარისია“, სასამართლო უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა სამართალწარმოების პროცესის განმავლობაში „სათანადო გულმოდგინება“ გამოიჩინეს (იხ. ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 26 ივნისი, § 35, სერია 1, N207 და იაგჩი და სარგინი თურქეთის წინააღმდეგ, 1995 წლის 8 ივნისი, § 50, სერია A, N319-ა). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ასეთ საკითხებზე მტკიცების ტვირთი არ უნდა შებრუნდეს იმგვარად, რომ დაპატიმრებულ პირს დაევალოს მისი გათავისუფლების დასასაბუთებელი საფუძვლების გამოვლენა (იხ. ილჯიკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N33977/96, § 85, 2001 წლის 26 ივლისი).
65. სასამართლო ადგენს, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე და პროცესის მიმდინარეობისას განმცხადებელი დაპატიმრებული იყო ერთი წლის, 8 თვისა და 15 დღის განმავლობაში. ამ დროს სასამართლო ორგანოებმა სულ მცირე ათჯერ განიხილეს განმცხადებლის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ და მას ყოველ ჯერზე უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ბრალდების სიმძიმის, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და მისი მიმალვის ალბათობის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებები არ სცდებოდა აღნიშნული საფუძვლების ჩამონათვალს, რადგან არ ითვალისწინებდა მისი სათანადო და საკმარისი მიზეზებით დასაბუთებას. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დროთა განმავლობაში სასამართლოს დასაბუთება არ ჩამოყალიბებულა იმგვარად, რომ აესახა მიმდინარე მდგომარეობა და შეემოწმებინა, კვლავ მოქმედი იყო თუ არა აღნიშნული საფუძვლები საქმის წარმოების შემდგომ ეტაპზე. უფრო მეტიც, 2001 წლის 7 სექტემბრის განმცხადებლის პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებით აღარ განსაზღვრავდა ვადის რაიმე შეზღუდვას, ამგვარად იგულისხმებოდა, რომ ის დაპატიმრებული იქნებოდა სასამართლო პროცესის დასრულებამდე.
66. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ თვით საქმის გარემოებები და განმცხადებლის პიროვნება ცხადყოფდა მისი წინასწარი პატიმრობის დასაბუთებას, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ აღნიშნული თავისთავად ათავისუფლებდა სასამართლოებს ამგვარი დასკვნის მიღების მიზეზების ჩამოყალიბებისაგან, განსაკუთრებით მოგვიანებით ეტაპებზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. პირის დაპატიმრების უფლებამოსილების მიმნიჭებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებების შესახებ მითითება არ ხდებოდა ეროვნულ გადაწყვეტილებებში, სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს მათი დადგენა და იმ ეროვნული სახელისუფლებო ორგანოების ფუნქციების შესრულება, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს განმცხადებლის დაპატიმრების შესახებ (იხ. პანჩენკო რუსეთის წინააღმდეგ, N45100/98, §§ 99 და 105, 2005 წლის 8 თებერვალი და ილიჟკოვი, § 86).
67. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ უფლებამოსილმა სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ვადის ერთი წლით, 8 თვითა და 15 დღით გაგრძელების სათანადო და საკმარისი მიზეზები.
68. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.
III. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
84. განმცხადებელი ჩიოდა, რომ ის პოლიციამ მოტყუებით აიძულა ვ-სთან საუბრისას გაეკეთებინა საკუთარი თავის მამხილებელი განცხადებები და სასამართლომ ამ საუბრის ჩანაწერი სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად დაუშვა. ის ამტკიცებდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, რომელიც ადგენს:
„მის წინააღმდეგ ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების . . . გამორკვევისას ყველას აქვს თავისი საქმის სამართლიანი . . . განხილვის უფლება სასამართლოს მიერ“.
85. მთავრობამ მიუთითა, რომ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება განმცხადებლის მიმართ კანონიერად და ბრალდებულის უფლებების სათანადო პატივისცემით განხორციელდა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ, რომ განმცხადებლის გასამართლება ეყრდნობოდა საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებებს, რომლის მხოლოდ ნაწილი იქნა მოპოვებული ფარული ოპერაციის გზით. მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობოდნენ სასამართლოები, მოიცავდა ორმოცზე მეტი მოწმის ჩვენებას, ექსპერტის დასკვნებსა და ნივთმტკიცებებს, ასევე დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომლებიც წარმოადგენდნენ საკმარის და მყარ საფუძველს ბრალეულობის დასადგენად. მთავრობამ მიუთითა, რომ განმცხადებელს შეჯიბრებითი პროცესის მსვლელობისას შეეძლო გაესაჩივრებინა ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებები, და მან გამოიყენა ეს შესაძლებლობა.
86. მთავრობა კვლავ ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება და მათი გამოყენება არ არღვევდა მისი დუმილის უფლებას, რადგან ადგილი არ ჰქონია ზეწოლას, ან მისი ნების უპატივცემულობას. ისინი მიუთითებდნენ, რომ ჩანაწერის გაკეთების დროისათვის განმცხადებელი არ იყო დაპატიმრებული და მან არ იცოდა გამოძიების შესახებ. ვ-სთან საუბრისას ის თავისუფლად მოქმედებდა და თანაბარ მდგომარეობაში იყო თავის თანამოსაუბრესთან, რომელსაც მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა მასზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებები სრულიად საიმედო იყო და არ არსებობდა ჩანაწერის ან სხვა დაკავშირებული მტკიცებულების დაუშვებლობის საფუძველი. ამასთან დაკავშირებით, ისინი დავობდნენ, რომ ეს საქმე უნდა განესხვავებინათ „ალენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ საქმისაგან (N48539/99, ECHR, 2002‑IX), სადაც ფარული ოპერაცია ჩატარდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმ დროს, როდესაც განმცხადებელი განსაკუთრებით მოწყვლადი იყო და სასამართლომ აღნიშნული დაახასიათა როგორც „შემზღუდავი“.
87. ამის საწინააღმდეგოდ, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისთვის მსჯავრის დადება ეფუძნებოდა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს, დუმილის უფლებისა და საკუთარი თავის მხილების საწინააღმდეგო პრივილეგიის დარღვევით. ის ამტკიცებდა, რომ ვ-სთან მისი საუბარი ფაქტობრივად ფარულ დაკითხვას წარმოადგენდა, რომელსაც თან არ ახლდა რაიმე საპროცესო გარანტია. ბოლოს, ის უარყოფდა, რომ მისი საუბრის ჩანაწერს მტკიცებულებითი ღირებულება ჰქონდა და ითხოვდა, რომ ისინი მტკიცებულებების სახით არ დაეშვათ სასამართლო პროცესზე.
ა. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები
88. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, მის ერთადერთ ფუნქციას კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის საჩივრის განხილვა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა დაუშვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიიჩნევს, რომ ასეთი შეცდომა შესაძლოა კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლებისა და თავისუფლების სავარაუდო დარღვევას მოიცავდეს. როდესაც მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, ის არ აყალიბებს მტკიცებულების რაიმე წესს დასაშვებობის შესახებ, რომელიც ძირითადად ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს (იხ. შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1988 წლის 12 ივლისი, § 45, სერია N 140; ტექსეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ, 1998 წლის 9 ივნისი § 34, ანგარიშები 1998‑IV და ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 54810/00, §§ 94-96, ECHR, 2006‑IX).
89. შესაბამისად, სასამართლოს ფუნქციას პრინციპულად არ წარმოადგენს იმის განსაზღვრა, შეიძლება თუ არა, რომ კონკრეტული სახის მტკიცებულება, მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, დასაშვებად იქნეს ცნობილი. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: იყო თუ არა მთლიანად საქმის წარმოება, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვების გზები სამართლიანი. ეს გულისხმობს „უკანონობის“ გამოკვლევასა და კონვენციის სხვა მუხლის შესაძლებელი დარღვევის დადგენას (იხ. ხანი § 34; პ.გ და ჯ.ჰ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ N44787/98, § 76, ECHR, 2001‑IX; ჰეგლასი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ N5935/02, §§ 89-92, 2007 წლის პირველი მარტი და ალენი § 42).
90. იმის საკითხის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე დაცვითი უფლებების შესრულებას. განსაკუთრებით, უნდა შემოწმდეს, მიეცა თუ არა განმცხადებელს მტკიცებულებების ავთენტურობის გაპროტესტებისა და მათი გამოყენების გაპროტესტების საშუალება. გარდა ამისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, რადგან საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება (იხ. ხანი, §§ 35 , 37 და ალენი, § 43).
91. კონვენციის აღმოჩენილი დარღვევის ხასიათის შესწავლასთან დაკავშირებით, კერძოდ კი, საქმეებზე - ხანი (§§ 25-28) და პ.გ. და ჯ.ჰ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (§§ 37-38) სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარული მიყურადების მოწყობილობების გამოყენება მიჩნეულ იქნა მე-8 მუხლის დარღვევად, რადგანაც ასეთი მოწყობილობების გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და პირადი ცხოვრების პატივისცემის შესახებ განმცხადებლის უფლებაში ჩარევა „ კანონს არ შეესაბამებოდა“. თუმცა მისი საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვება, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ ეწინააღმდეგებოდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილ სამართლიანობის მოთხოვნებს.
92. რაც შეეხება თვითმამხილებელი ჩვენებისგან დაცვასა და დუმილის უფლებას, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ისინი ზოგადად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს წარმოადგენენ, რომლებიც საფუძვლად უდევს სამართლიან პროცესს. მათი მიზანია ბრალდებული პირის დაცვა სახელისუფლებო ორგანოების მიერ შეუსაბამო იძულებისაგან, მართლმსაჯულების შეცდომის თავიდან აცილება და მე-6 მუხლის მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა (იხ. ჯონ მურეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1996 წლის 8 თებერვალი, § 45, ანგარიშები 1996-I). უფლება, არ ამხილოს საკუთარი თავი, პირდაპირ დაკავშირებულია დუმილის უფლების გამოყენების შესახებ ბრალდებული პირის ნების პატივისცემასთან და გულისხმობს, რომ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება მოწოდებულია დაამტკიცოს საქმე ბრალდებულის ნების უგულვებელყოფის გზით და იძულების ან ჩაგვრის მეთოდების გამოყენებით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების გარეშე (იხ. საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1996 წლის 17 დეკემბერი, §§ 68‑69, ანგარიშები 1996-VI; ალენი, §44; ჯალოჰი, §§ 94-117 და ო’ჰალორანი და ფრენსისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N15809/02 და 25624/02, §§ 53-63, ECHR, 2007-...). იმ საკითხის განსაზღვრისას, მოუსპო თუ არა პროცედურამ საკუთარი თავის მხილების საწინააღმდეგო პრივილეგიის უფლება განმცხადებელს, სასამართლომ უნდა შეამოწმოს იძულების ბუნება და ხარისხი, პროცედურების განხორციელების შესაბამისი გარანტიების არსებობა და ის, თუ როგორაა გამოყენებული ამგვარად მოპოვებული მასალები (იხ. ჰეინი და მაქგინესი ირლანდიის წინააღმდეგ, N34720/97, §§ 54-55, ECHR, 2000‑XII და ჯ.ბ. შვეიცარიის წინააღმდეგ N31827/96, ECHR, 2001-III).
93. მე-6 მუხლში სამართლიანობის ზოგადი მოთხოვნები გამოიყენება ყველა სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებისას, განსახილველი სამართალდარღვევის ხასიათის მიუხედავად. საჯარო ინტერესი ვერ გაამართლებს ზომებს, რომლებიც აკნინებენ განმცხადებლის დაცვის უფლების ძირითად არსს, მათ შორის, საკუთარი თავის მხილების წინააღმდეგ პრივილეგიას, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლშია განსაზღვრული (იხ. (mutatis mutandis) ჰეინი და მკგინესი §§ 57-58).
ბ. ამ პრინციპების მოცემულ საქმეზე გავრცელება
94. სასამართლო ადგენს, რომ სასამართლო განხილვის პროცესზე „ოპერატიული ექსპერიმენტის“ გზით მოპოვებული მასალების გამოყენების გასაჩივრებისას განმცხადებელმა წარმოადგინა ორი არგუმენტი. პირველ რიგში, ის დავობდა, რომ ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მტკიცებულება, განსაკუთრებით ვ-სთან მისი საუბრის ჩანაწერი, არ იყო სანდო და აქედან გამომდინარე, მას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა ეროვნული სასამართლოების მიერ. მეორე რიგში, ის ამტკიცებდა, რომ ამგვარი მტკიცებულებების გამოყენება ეწინააღმდეგებოდა საკუთარი თავის მხილების საწინააღმდეგო პრივილეგიასა და დუმილის უფლებას.
95. რაც შეეხება პირველ საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოა მტკიცებულებათა სანდოობა, მეტი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმების სამართლიანი პროცედურების არსებობას (იხ. ალენი, § 47). მოცემულ საქმეში, განმცხადებელს შეეძლო ფარული ოპერაციისა და ამგვარად მოპოვებული თითოეული მტკიცებულების გაპროტესტება პირველი ინსტანციის სასამართლოში შეჯიბრებითი პროცესის ეტაპზე და ასევე ამ საფუძვლის სააპელაციო საჩივარში მითითება. პროტესტის საფუძველს წარმოადგენდა სავარაუდო უკანონობა, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად გამოყენებული მეთოდი და ფირზე ჩაწერილი საუბრის სავარაუდოდ არასწორი განმარტება. სასამართლოებმა განიხილეს ყველა ეს საკითხი და არ გაითვალისწინეს ისინი დასაბუთებულ გადაწყვეტილებებში. სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებელს არ გაუსაჩივრებია ის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც სასამართლოები მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ.
96. სასამართლო შემდგომ მიუთითებს, რომ სადავო ჩანაწერი ფარული ოპერაციის გზით მოპოვებულ ნივთმტკიცებებთან ერთად არ წარმოადგენდა იმ ერთადერთ მტკიცებულებას, რომელსაც ეროვნული სასამართლოები ეყრდნობოდნენ, როგორც განმცხადებლისთვის ბრალის წაყენების საფუძველს. ფაქტობრივად, სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების ძირითად მტკიცებულებას ვ-ს თავდაპირველი განცხადება წარმოადგენდა, რომლითაც ვ-მ რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურს („FSB”) აცნობა, რომ განმცხადებელმა მას ს-ს მოკვლა დაავალა და ამისთვის იარაღი გადასცა. ამ განცხადებამ, რომელიც ვ-მ ფარული ოპერაციის ჩატარებამდე გააკეთა, ოპერაციისგან დამოუკიდებლად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც კერძო პირმა და არა როგორც პოლიციის ინფორმატორმა, საფუძველი დაუდო გამოძიების დაწყებას, უფრო მეტიც, შემდგომი დაკითხვისას ვ-მ ყურადღება გაამახვილა მის მიერ გაკეთებულ მამხილებელ განცხადებებსა და სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მასსა და განმცხადებელს შორის დაპირისპირების ფაქტებზე.
97. მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა ვ-ს ჯვარედინი დაკითხვა სასამართლო პროცესზე, ამის განუხორციელებლობა არ იყო სახელისუფლებო ორგანოების ბრალეულობა, რომლებმაც მიიღეს ყველა საჭირო ზომა მისი ადგილმდებარეობის დასადგენად და მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, ინტერპოლის დახმარებისათვის მიმართვის ჩათვლით. პროცესზე სასამართლომ ზედმიწევნით შეამოწმა ვ-ს მიერ მამხილებელ განცხადებებზე უარის თქმის გარემოებები და მივიდა გონივრულ დასკვნამდე, რომ უარის თქმა არ იყო სანდო. უფრო მეტიც, 2000 წლის 10 ოქტომბერს დაკითხვის დროს დაპირისპირებისას განმცხადებელს მიეცა ვ-ს დაკითხვის შესაძლებლობა მისი მამხილებელი განცხადებების შინაარსთან დაკავშირებით. გარკვეული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ფაქტს, რომ განმცხადებლის ადვოკატი აშკარად ეთანხმებოდა ვ-ს წინასწარი ჩვენებების ხმამაღლა წაკითხვას საჯარო სასამართლო პროცესზე. საბოლოოდ, ვ-ს მამხილებელი განცხადებები დადასტურდა არაპირდაპირი მტკიცებულებებითაც, განსაკუთრებით მოწმეთა მრავალრიცხოვანი ჩვენებებით, რომელიც ამტკიცებდა განმცხადებელსა და ს-ს შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.
98. ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, სასამართლო ადგენს, რომ ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებები არ წარმოადგენს განმცხადებლის ბრალდების ერთადერთ საფუძველს და ის გამყარებული იყო სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. არ გამოვლენილა არც ერთი ფაქტი იმ დასკვნის გასამყარებლად, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით განმცხადებლის დაცვის უფლებები სათანადოდ ვერ შესრულდა ან ეროვნული სასამართლოების მიერ მათი შეფასება დაუსაბუთებელი იყო.
99. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, წარმოადგენდა თუ არა ფარული ოპერაცია და მისი მეშვეობით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება საკუთარი თავის მხილებაზე უარისა და დუმილის შესახებ განმცხადებლის უფლებების დარღვევას. განმცხადებელი დავობდა, რომ პოლიციამ გადააჭარბა დასაშვები ქმედების ზღვარს ვ-სთან მისი საუბრის ფარული ჩაწერით, რომელიც მოქმედებდა მათი მითითებების შესაბამისად. ის ჩიოდა, რომ მისი ბრალდება შედეგად მოჰყვა მოტყუებას და მისთვის დაგებულ მახეს, რაც არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის ცნებას.
100. სასამართლომ, მსგავსი განცხადებები ჰეგლასის საქმეშიც განიხილა. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი აღიარებდა ძარცვაში მის მონაწილეობას იმ პირთან საუბრისას, რომელსაც პოლიციამ ტანსაცმლის ქვეშ მოსასმენი მოწყობილობა დაუმაგრა. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა ჩანაწერის გამოყენებას. დაადგინა, რომ მას ჰქონდა შეჯიბრებითობის ეტაპით სარგებლობის შესაძლებლობა და მისი საუბარი სადავო ჩანაწერის გარდა ემყარებოდა სხვა მტკიცებულებებს; გამოყენებული ზომა მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი დანაშაულის გამოვლენას და ამგვარად ემსახურებოდა საჯარო ინტერესს. ჩანაწერის განხორციელებამდე განმცხადებელი ოფიციალურად არ დაუკითხავთ ან დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი არ წაუყენებიათ.
101. ჰეგლასის საქმეში ჩატარებული ფარული ოპერაციის გარემოებები არსებითად განსხვავდებოდა ალენის საქმის გარემოებებისგან, სადაც მე-6 მუხლის დარღვევა დადგინდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში განმცხადებელი წინასწარ პატიმრობაში იყო და გამომძიებლის მიერ დაკითხვისას აშკარად გამოხატავდა მის სურვილს, გამოეყენებინა დუმილის უფლება. მიუხედავად ამისა, პოლიციამ განმცხადებლის თანამესაკნეს მისცა მითითებები, ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ გამოეყენებინა განმცხადებლის მოწყვლადი და მგრძნობიარე მდგომარეობა. ამ გარემოებების ერთობლიობაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოების ქმედება მოიცავდა იძულებასა და შეზღუდვას და დაადგინა, რომ ინფორმაცია მოპოვებულ იქნა განმცხადებლის ნების უპატივცემულობის გზით.
102. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში განმცხადებელზე არ განხორციელებულა ზეწოლა იმ მიზნით, რომ მას თავის „სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში“ მიეღო ვ., ესაუბრა მასთან ან გაეკეთებინა რაიმე კომენტარი ვ-ს მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ალენის საქმეში მითითებული განმცხადებლისგან განსხვავებით, განმცხადებელი არ დაუკავებიათ, არამედ თავისუფალი იყო და დაცვისა და სხვა პერსონალის თანხლებით თავის კარ-მიდამოში იმყოფებოდა. მისი ვ-სთან ურთიერთობის ხასიათი, კერძოდ, ამ უკანასკნელის განმცხადებლისადმი დაქვემდებარება, არ ავალდებულებდა რაიმე ტიპის ქმედებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განმცხადებელს თავისუფლად შეეძლო, ენახა ვ. და ესაუბრა მასთან ან უარი ეთქვა ამგვარი მოქმედებების განხორციელებაზე. ირკვევა, რომ მას სურდა გაეგრძელებინა ვ-ს მიერ წამოწყებული საუბარი, რადგანაც ეს თემა მის პირად ინტერესს წარმოადგენდა. ამგვარად, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მტკიცებულებების მოპოვება შეიცავდა იძულების ან შეზღუდვის იმ ელემენტს, რომელიც სასამართლოს დადგენილებით ალენის შემთხვევაში არღვევდა განმცხადებლის დუმილის უფლებას.
103. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეფასების განხორციელებისას ეროვნული სასამართლოები პირდაპირ არ დაეყრდნენ განმცხადებლის ვ-სთან საუბრის ჩანაწერს ან მის სტენოგრამას და არ უცდიათ განმცხადებლის მიერ საუბრისას გაკეთებული კონკრეტული განცხადებების განმარტება. ამის ნაცვლად, მათ შეისწავლეს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ეხებოდა განმცხადებლისა და ვ-ს ურთიერთობასა და დიალოგში მონაწილეობის მისეულ უფრო მეტიც, სასამართლო პროცესზე ჩანაწერი არ იქნა მიჩნეული ჩვეულებრივ აღიარებად ან ფაქტის ცნობად, რომელიც ბრალის დადგენის საფუძველი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო; მან შეზღუდული როლი ითამაშა სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებების კომპლექსურ ერთობლიობაში.
104. შესაბამისი მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის გარანტიების, სავარაუდო იძულების ბუნების, ხარისხისა და ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მასალების გამოყენების შემოწმების შემდეგ, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებები საერთო ჯამში არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნებს.
105. აქედან გამომდინარე, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy