ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე კაზანი რუმინეთის წინააღმდეგ
(Cazan v. Romania)
(განაცხადი no 30050/12)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
5 აპრილი 2016
საბოლოო
05/07/2016
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის მუხლი 44.2-ის თანახმად. შესაძლებელია, მასში შევიდეს სარედაქციო ცვლილება.
საქმეში კაზანი რუმინეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით :
ანდრაშ შაიო, პრეზიდენტი,
ვენსან გაეტანო,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩი,
ნონა წოწორია,
პაოლო პინტო დე ალბუკერკი,
იულია ანტოანელა მოტოჩი,
გაბრიელ კუჩსკო-სტადლმაიერი, მოსამართლეები,
და ფრანსუაზ ელენს-პასოსი, სექციის მდივანი,
2016 წლის 15 მარტს დახურული თათბირის შემდეგ,
იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (no 30050/12) რუმინეთის წინააღმდეგ, რომლითაც რუმინეთის მოქალაქე იონუტ კაზანმა («განმცხადებელი») ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (« კონვენცია ») 34-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 8 მაისს მიმართა სასამართლოს.
2. რუმინეთის მთავრობას («მთავრობა ») წარმოადგენდა ქ-ნი კ. ბრუმარი საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
3. განმცხადებელი ჩივის, რომ პოლიციის სამმართველოში მას შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა პოლიციელი, მაშინ როდესაც იგი, როგორც ადვოკატი, ამ დროს წარმოადგენდა კლიენტის ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. განმცხადებელი ჩივის, რომ მისი საჩივრის საპასუხოდ კომპეტენტურმა ორგანოებმა არ ჩაატარეს ეფექტური გამოძიება აღნიშნული პოლიციელის წინააღმდეგ.
4. 2013 წლის 30 იანვარს განაცხადი კომუნიცირდა მთავრობასთან.
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის გარემოებები
5. განმცხადებელი დაბადებულია 1979 წელს და ცხოვრობს კონსტანტაში. განმცხადებელი ადვოკატია.
A. 2010 წლის 12 ივლისის ინციდენტი
1. განმცხადებლის ვერსია
6. 2010 წლის 12 ივლისს განმცხადებელი, თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ს.გ-სთან ერთად, გამოცხადდა კონსტანტას პოლიციის განყოფილებაში, მისი კლიენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით. განმცხადებელს სურდა საქმის მასალების შესწავლა და გამოძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის გარკვევა. გამოძიებას უძღვებოდა კ.პ. განმცხადებელი და ს.გ. მიიღეს კ.პ-ს კაბინეტში.
7. განმცხადებელმა კ.პ-ს სთხოვა განმარტება სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც იდო სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა არ ცნობებია მის კლიენტს. ამ დროს კ.პ-მ დაიწყო განმცხადებლის შეურაცხყოფა, აცხადებდა რა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა მისთვის კითხვების დასმის არავითარი უფლება. განმცხადებელი და ს.გ. ფეხზე წამოდგნენ და კ.პ-ს კაბინეტის დასატოვებლად მოემზადნენ. ამ უკანასკნელმა მათ სთხოვა ოქმზე ხელის მოწერა, რითაც ისინი დაადასტურებდნენ, რომ გაეცნნენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. განმცხადებელი აცხადებს, რომ ოქმზე მითითებული იყო 6 თვის წინანდელი თარიღი. განმცხადებელმა უარი თქვა აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერაზე. პოლიციელმა მას განმეორებით მიაყენა შეურაცხყოფა, ძალდატანებით დასვა სკამზე და განუცხადა, რომ ის არ დართავდა მათ მისი კაბინეტის დატოვების უფლებას მანამ, სანამ ოქმს ხელს არ მოაწერდნენ. კ.პ. ტელეფონით დაუკავშირდა მორიგე პოლიციელს და მოსთხოვა, რომ ს.გ. და განმცხადებელი არ გაეშვა გარეთ, ხოლო თავად გასაღებით ჩაკეტა საკუთარი კაბინეტის კარი.
8. განმცხადებელმა უთხრა კ.პ-ს, რომ თუკი იგი მათ არ გაუშვებდა, იგი თავის მობილურ ტელეფონზე აკრეფდა გადაუდებელი დახმარების სამსახურის ნომერს. კ.პ-მ მოინდომა განმცხადებლისთვის ტელეფონის წაგლეჯა და ამ დროს მას გადაუგრიხა მარცხენა ხელის არა თითი, რომლითაც განმცხადებელს ტელეფონი ეჭირა. თავის მხრივ, ს.გ-მ სცადა გადაუდებელი დახმარების სამსახურის ნომრის აკრეფა საკუთარ მობილურ ტელეფონზე. ამის შემდეგ კ.პ-მ გააღო კაბინეტის კარი და განაგრძო განმცხადებლის შეურაცხყოფა. იგი დაემუქრა განმცხადებელს, რომ მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებოდა და მის კარიერას გაანადგურებდა. კ.პ-მ დახია წარმომადგენლობის ფორმა, რომლითაც ს.გ.-მ განმცხადებელს მისი საგამოძიებო ორგანოების წინაშე წარმომადგენლობის უფლება მიანიჭა. კ.პ-მ განმცხადებელს აუკრძალა მის კაბინეტში მიბრუნება. ამის შემდეგ ს.გ-სა და განმცხადებელს დართეს პოლიციის განყოფილების დატოვების უფლება.
2. მთავრობის ვერსია
9. 2010 წლის 12 ივლისს, 9 საათსა და 20 წუთზე განმცხადებელი და ს.გ. გამოცხადდნენ პოლიციის სამმართველოში. მისაღებში მათ პოლიციელმა მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა და მათი მონაცემები რეგისტრში შეიტანა. ამის შემდეგ მათ წარუძღვნენ კ.პ-ს კაბინეტში. განსახილველი დროისთვის კ.პ-ს ეკავა კონსტანტას სატრანსპორტო პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი კომისრის პოზიცია, რომელსაც კონკრეტული სირთულის საქმეების გამოძიება ევალებოდა.
10. თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ განმცხადებელმა უკმაყოფილება გამოთქვა სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და კ.პ-ს მოსთხოვა გარკვეული საკითხების დაზუსტება, კერძოდ, გამოძიების დაწყების შესახებ ბრძანების შესახებ, რომელიც განმცხადებლის კლიენტს არ ცნობებია.
11. 2010 წლის 12 ივლისს კ.პ-ს მიერ შედგენილ ოქმზე დაყრდნობით, მთავრობამ მიუთითა, რომ დაახლოებით 10 საათზე კ.პ-მ ს.გ-სა და განმცხადებელს წარუდგინა ოქმი ხელმოსაწერად. ოქმში მითითებული იყო, რომ დაინტერესებული მხარე გაეცნო სისხლის სამართლის ბრალდებას, ფაქტების სამართლებრივ კვალფიციკაციასა და კანონით გათვალისწინებილ უფლებებსა და მოვალეობებს. განმცხადებელმა უარი თქვა ოქმის ხელმოწერაზე და უთხრა ს.გ-ს რომ არც მას მოეწერა ხელი. განმცხადებელმა განაცხადა, რომ იგი ზემდგომ პროკურორთან იჩივლებდა იმის გამო, რომ ს.გ-მ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ შეტყობინება არ მიიღო.
12. განმცხადებელსა და ს.გ-ს სურდათ კაბინეტის დატოვება ოქმის ხელმოწერის გარეშე ; კ.პ-მ დაჟინებით მოითხოვა, რომ მათ ხელი მოეწერათ. იგი სატელეფონო ზარის გამოყენებით დარწმუნდა, რომ პოლიციელმა მისაღებში სათანადოდ ჩაინიშნა განმცხადებლისა და ს.გ-ს ვიზიტი პოლიციის სამმართველოში. კ.პ-მ ხელახლა სცადა მათი დაყოლიება ოქმის ხელმოწერაზე. კ.პ-მ და განმცხადებელმა ერთმანეთს განუცხადეს, რომ თითოეული მეორეს წინააღმდეგ იჩივლებდა. კ.პ-მ განმცხადებელს მისი წარმომდგენლობის ფორმა დაუბრუნა და აცნობა, რომ ს.გ-ს მალე დაიბარებდნენ ზეპირ მოსმენაზე, როგორც ეჭვმიტანალს.
13. კონსტანტას პოლიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავრობა მიუთითებს, რომ პოლიციის განყოფილებაში კარები სამუშაო დღის დასრულებამდე არ დაკეტილა გასაღებით; ამასთანავე, გასაღებები, ზოგადად, არ ეკეთა კარებში.
14. დასასრულს, მთავრობა დასძენს, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე განმცხადებელმა უპატივემულობა გამოიჩინა და შენიშვნები გამოთქვა კ.პ-ს მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებზე. ამ უკანასკნელმა განმცხადებელს მოახსენა, რომ მას შეეძლო ეჩივლა კომპეტენტურ ორგანოში. მითითებული შენიშვნების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ განმცხადებელმა და ს.გ-მ დატოვეს კ.პ-ს კაბინეტი.
B. განმცხადებლის სამედიცინო ექსპერტიზა
15. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ განმცხადებელი გამოცხადდა კონსტანტას სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში, საიდანაც ის გაგზავნეს იმავე ქალაქის საავადმყოფოში მარცხენა ხელის არა თითზე რენტგენოგრაფიის გასაკეთებლად. საავადმყოფოს ორთოპედიულმა სამსახურმა იმავე დღეს გასცა ცნობა, რომ განმცხადებელს აღნიშნული თითი ნაღრძობი ჰქონდა. შესაბამისად, განმცხადებლის არა თითი უძრაობისთვის ჩასვეს თაბაშირში.
16. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მიერ 2010 წლის 16 ივლისს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, განმცხადებელს აღენიშნებოდა ტრავმული დაზიანება, რაც, შესაძლოა, გამოეწვია თითის ფალანგათაშორისო სახსარზე მეტისმეტ წნეხს და, შესაძლოა, დათარიღებულიყო 2010 წლის 12 ივლისით. შესაბამისად, განმცხადებელს ეძლეოდა 5-7 დღის განმავლობაში მკურნალობის ჩატარების რეკომენდაცია.
C. სისხლის სამართლის პროცესი
17. 2010 წლის 13 ივლისს განმცხადებელმა კ.პ-ს წინააღმდეგ შეიტანა სისხლის სამართლებრივი საჩივარი შეურაცხმყოფელი ქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და უპატივცემულობის გამო. 2010 წლის 15 ივლისს კ.პ-მაც შეიტანა სისხლის სამართლებრივი საჩივარი განმცხადებლის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებებისა და მართლმსაჯულების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის გამო. აღნიშნული ორი საჩივარი გაეგზავნა კონსტანტას სააპელაციო სასამართლოსთან არსებულ პროკურატურას (« პროკურატურა»), რომელმაც 2010 წლის 16 ივლისს გადაწყვიტა მათი გაერთიანება.
18. 2010 წლის 4 აგვისტოს განმცხადებელმა პოლიციას მისცა ჩვენება და გაიმეორა ფაქტობრივი გარემოებების საკუთარი ვერსია.
19. 2010 წლის 6 აგვისტოს, თავის მხრივ, ს.გ-მ მისცა ჩვენება პოლიციას. მან აღნიშნა, რომ კ.პ-ს ქმედება იყო უსიამოვნო, მას ხელი შეუშალა კაბინეტის დატოვებაში, დაჟინებით ითხოვდა, რომ ს.გ-ს ხელი მოეწერა კონკრეტულ დოკუმენტებზე და განმცხადებლის კითხვებზე უზრდელური ტონით პასუხობდა. ასევე, კ.პ-მ განმცხადებელს ხელიდან წაჰგლიჯა ტელეფონი და ორივეს დაემუქრა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ს.გ. განმცხადებელს გაჰყვა სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში, რადგან განმცხადებელს მარცხენა ხელი აწუხებდა.
20. 2011 წლის 4 აგვისტოს პროკურატურამ მოუსმინა განმცხადებელს, რომელმაც გაიმეორა ფაქტობრივი გარემოებების საკუთარი ვერსია.
21. 2011 წლის 8 აგვისტოს პროკურატურამ მოუსმინა კ.პ-ს. მან უარყო განმცხადებელზე თავდასხმის ფაქტი და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მათი საუბრის დასაწყისში ჩამოართვა ხელი მისალმების ნიშნად. მან დაადასტურა, რომ აქტიური დისკუსია ჰქონდა განმცხადებელთან, თუმცა განმცხადებლისგან განსხვავებით, თავად ყოველთვის კორექტული იყო. მან კარისკენ გზა გადაუღობა განმცხადებელს, რათა იგი დაერწმუნებინა, მოეწერა ხელი ოქმზე. მან მისაღებს დაურეკა მხოლოდ იმ მიზნით, რათა დარწმუნებულიყო, რომ განმცხადებლისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირადი მონაცემები აღრიცხული იყო, რის შემდეგადაც მათ მისცა შენობის დატოვების შესაძლებლობა. მთელი აღნიშნული დროის განმავლობაში სამართალწარმოების სხვა მონაწილე იცდიდა კორიდორში და მას შემდეგ რაც განმცხადებელი წავიდა, აღნიშნულმა პირმა გამოთქვა შეშფოთება განმცხადებლის ქმედებების გამო.
22. 2011 წლის 23 აგვისტოს პროკურატურამ როგორც კ.პ-ს, ისე განმცხადებლის სასარგებლოდ უარი თქვა საქმისთვის მსვლელობის მიცემაზე. კ.პ-ს წინააღმდეგ მიმართული ბრალდების საპასუხოდ პროკურატურამ მიუთითა, რომ არ არსებობდა განმცხადებლის მიერ მითითებული დანაშაულის შემადგენლობისთვის საჭირო ელემენტების ერთობლიობა. განმცხადებლის საჩივრის საპასუხად 2011 წლის 14 ოქტომბერს ზემდგომმა პროკურორმა ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება.
23. 2011 წლის 10 ოქტომბერს განმცხადებელმა კონსტანტას სააპელაციო სასამართლოს (« სააპელაციო სასამართლო ») მიმართა. განმცხადებელსა და კ.პ-ს ზეპირ მოსმენაზე მოუსმინეს 2011 წლის 27 ოქტომბერს.
24. 2011 წლის 22 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელშიც სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა არ არის ნახსენები (იხილეთ მე-16 პარაგრაფი ზევით), მითითებულია შემდეგი :
« საქმეში მოცემული მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, საქმის მასალებისა და ცნობების გათვალისწინებით, [სააპელაციო] სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს სავარაუდო დანაშაულში (...) კ.პ-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი. »
D. დისციპლინური საჩივარი ადვოკატთა ასოციაციაში
25. პარალელურად, გაურკვეველ დღეს, 2010 წლის 12 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით, კ.პ-მ განმცხადებლის წინააღმდეგ დისციპლინური საჩივრით მიმართა კონსტანტას ადვოკატთა ასოციაციას. 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადვოკატთა ასოციაციის საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და მიუთითა, რომ განმცხადებელმა საკუთარი პროფესიული მოვალეობა კანონის შესაბამისად შეასრულა და მისი ქმედება არ იწვევდა დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 2011 წლის 19 და 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციების ეროვნული გაერთიანების საბჭომ არ დააკმაყოფილა კ.პ-ს შემდგომი საჩივარი.
E. სხვა გარემოებები
26. 2010 წლის 30 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლოსთან არსებულმა პროკურატურამ დააკმაყოფილა განმცხადებლის, როგორც ს.გ-ს წარმომადგენლის მოთხოვნა, რომ კ.პ. ჩამოცილებოდა ს.გ-ს სისხლის სამართლის საქმეს, რადგან განმცხადებელსა და კ.პ-ს შორის მიმდინარე პარალელური სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფები 17-24 ზემოთ), ჩნდებოდა ეჭვი გამოძიების ორგანოების მიუკერძოებლობის შესახებ.
27. ამასთანავე, 2010 წლის 12 ივლისის ინციდენტი ადგილობრივი პრესით გახმაურდა და შედეგად პოლიციამ ჩაატარა შიდა გამოძიება. 2010 წლის 9 აგვისტოს აღნიშნულ გამოძიებაზე პასუსხისმგებელმა პოლიციელმა მოითხოვა დისციპლინური პროცესის დაწყება კ.პ-ს წინააღმდეგ. სასამართლოსთვის უცნობია ამ პროცედურის შედეგები.
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა
28. სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები, იმჟამად მოქმედი რედაქციით, განხილულია საქმეში პოედე რუმინეთის წინააღმდეგ (Poede c. Roumanie) (no 40549/11, §§ 35-36, 15.09.2015).
III. ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები
29. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2011 წლის 19 სექტემბრის რეკომენდაცია Rec(2001)10 პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის შესახებ განხილულია გადაწყვეტილებაში ბუიდი ბელგიის წინააღმდეგ (Bouyid c. Belgique) ([დიდი პალატა], no 23380/09, §§ 50-51, CEDH 2015). აღნიშნულ რეკომენდაციაში მოცემულია შემდეგი:
III. პოლიცია და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა
« (...)
10. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში პოლიციამ პატივი უნდა სცეს დაცვის მხარის ადვოკატის როლს. საჭიროებისამებრ, პოლიცია უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტურ სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, თავისუფლება-აღვკეთილ პირთა საქმეებზე ».
30. რეკომენდაცია Rec(2001)10-ის განმარტებითი ბარათი რეკომენდაციის მე-10 მუხლის შესახებ აზუსტებს შემდეგს :
« მე-10 მუხლი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში პოლიცია პატივს უნდა სცემდეს დაცვის მხარის ადვოკატთა როლს. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს, რომ პოლიცია არ უნდა ჩაერიოს ადვოკატთა საქმიანობაში გაუმართლებლად, არ უნდა შეავიწროოს ან დაამციროს ისინი. ამასთანავე, პოლიციამ არ უნდა გაუთანაბროს ადვოკატები მათ დაცვის ქვეშ მყოფებს. პოლიციის მხრიდან სამართლებრივი დახმარების უფლების უზრუნველყოფა დამნაშავეთათვის განსაკუთრებით საჭიროა აღნიშნული პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში. »
სამართლებრივი გარემოებები
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ
31. განმცხადებელი მიუთითებს, რომ იგი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას პოლიციელის მხრიდან მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, წარმოადგენდა საკუთარ კლიენტს, როგორც ადვოკატი ; ხოლო მისი სისხლის სამართლებრივი საჩივრის საპასუხოდ კომპეტენტურ ორგანოებს არ ჩაუტარებით ეფექტური გამოძიება აღნიშნული პოლიციელის წინააღმდეგ. განმცხადებელი ეყრდნობა კონვენციის მე-3, მე-6, მე-10, მე-14 და მე-17 მუხლებს.
სასამართლო, რომელიც თავად წყვეტს ფაქტების სამართლებრივ კვალიფიკაციას, ადგენს, რომ აღნიშნული მოთხოვნები უნდა გაერთიანდეს და მართებულად მიიჩნევს, რომ ისინი მე-3 მუხლის ქვეშ განიხილოს:
« არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს».
A. დასაშვებობა
32. სასამართლოს აზრით, მოცემული განაცხადი არ არის ცალსახად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის 3.a ქვეპუნქტის თანახმად და იგი ვერ ხედავს მისი დაუშვებლად ცნობის რაიმე სხვა მიზეზს. შესაბამისად, სასამართლო განაცხადს დასაშვებად მიიჩნევს.
B. არსებითი ნაწილი
1. მე-3 მუხლის მატერიალური მხარის დარღვევა
ა) მხარეთა მოსაზრებები
33. განმცხადებელს არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მან მხარი დაუჭირა განაცხადის ფორმაში წარმოდგენილ მოთხოვნებს.
34. საქმეზე კლაასი გერმანიის წინააღმდეგ (Klaas c. Allemagne) (22.09.1993, § 30, სერია A no 269) დაყრდნობით მოპასუხე მთავრობა განმცხადებლის მოთხოვნებს დაუსაბუთებლად მიიჩევს. მისი აზრით განმცხადებელი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგებელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას არ დაქვემდებარებია. მთავრობა აღიარებს, რომ განმცხადებელსა და კ.პ-ს შორის, მართლაც, გაიმართა გაცხარებული საუბარი და ამ ინციდენტის შემდეგ განმცხადებელს დაუდგინდა მსუბუქი დაზიანება მარცხენა ხელზე; თუმცა ამ ორ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დგინდება. ექიმი-ექსპერტის დასკვნით, დაზიანების სავარაუდო მიზეზია დაჭიმულობა, რაც არ გულისხმობს მაინცდამაინც თავდასხმას.
35. ალტერნატიულად, მოპასუხე მთავრობა ეყრდნობა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, ექიმი-ექსპერტის დასკვნას, რომ მიღებულ დაზიანებას ჰქონდა უმნიშვნელო შედეგი განმცხადებლის ჯანმრთელობაზე და მიიჩნევს, რომ განმხადებლის დაზიანებებს არ მიუღწევია აუცილებელი სისასტიკის მინიმალური ზღვარისთვის და არ ხვდება კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში.
36. ასევე ალტერნატიულად, მოპასუხე მთავრობა ხაზს უსვამს, რომ საქმეში მონაწილე პირთა განცხადებები წინააღმდეგობრივია და არ არის საკმარისი დარღვევის დასადგენად. მთავრობა ეყრდნობა წინააღმდეგობებს ს.გ-სა და განმცხადებლის ჩვენებებს შორის კ.პ-ს საქციელის აღწერასთან დაკავშირებით; მათ შორის, იმ ფაქტთან მიმართებაში, გამოჰგლიჯა თუ არა კ.პ-მ ს.გ-ს ხელიდან მობილური ტელეფონი. ამასთანავე, მთავრობა დასძენს, რომ არაფერი ადასტურებს იმ გარემოებას, არის თუ არა განმცხადებელი ცაცია, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის განცხადებით მან მობილური ტელეფონი სწორედ მარცხენა ხელში აიღო. რაც შეეცხება კ.პ-ს, მას არ შეეძლო ობიექტური ჩვენების მიცემა, რადგან ის მარტო იყო თავის კაბინეტში, რომელზეც არ ხორციელდებოდა ვიდეო-თვალთვალი. დაბოლოს, კ.პ. შიშობდა, რომ განხილული ინციდენტის გამოყენებით განმცხადებელი ცდილობა კ.პ. აეცილებინა ს.გ-ს სისხლის სამართლის საქმისთვის.
37. მთავრობა ასკვნის, რომ კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევას არ ქონდა ადგილი.
ბ) სასამართლოს შეფასება
38. სასამართლო იშველიებს კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილის ზოგად პრინციპებს, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ გაიმეორა გადაწყვეტილებაში ბუიდი (იხილეთ ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 81 – 90).
39. სასამართლო აღნიშავს, რომ არსებითად მხარეების ვერსიები 2010 წლის 12 ივლისის ინციდენტის შესახებ წინააღმდეგობრივია. უდავოა, რომ განმცხადებელმა იღრძო მარცხენა ხელის არა თითი, რომლისთვისაც ხუთიდან შვიდ დღემდე მკურნალობა დასჭირდა, თუმცა მხარეები ვერ თანხმდებიან აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე. მოპასუხე მთავრობამ ხაზი გაუსვა განმცხადებლის მოთხოვნების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობას (იხილეთ 35-ე პარაგრაფი ზემოთ).
40. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო იმეორებს მის მიერ დადგენილ პრინციპს, რომ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც პირს შეემთხვა მაშინ, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის ან მსგავსი სახელმწიფო ორგანოს კონტროლის ქვეშ, მტკიცების ტვირთი გადადის სახელმწიფოზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როდესაც არ მომხდარა თავისუფლების აღკვეთა, როგორც ასეთი და კონტექსტი განსხვავებულია, მაგალითად, ხდება პიროვნების ვინაობის შემოწმება ან უბრალო დაკითხვა (ბუიდი, იხილეთ ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 84). სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება აკრძალულია, როდესაც ეს არ არის მკაცრად განპირობებული დაინტერესებული მხარის ქმედებით; მაშინ, როდესაც პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი ან, ზოგადად, იმყოფება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პირისპირ (ბუიდი, იხილეთ ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 88). მაშინ, როდესაც ციტირებული ბუიდის საქმისგან განსხვავებით, მოცემულ საქმეში განმცხადებელი საკუთარი ნებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, იგი - როგორც კლიენტის ინტერესების დამცველი ადვოკატი, პოლიციაში მისული კლიენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად - იქ დაუპირისპირდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს.
41. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განმცხადებელი მოქმედებდა, როგორც ადვოკატი. სასამართლოს აღიარებული აქვს ადვოკატთა განსაკუთრებული სტატუსი, რომლებიც, როგორც განსასჯელებსა და სასამართლოებს შორის შუამავალნი, ცენტრალურ როლს იკავებენ მართლმსაჯულების განხორციელებაში (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Morice c. France) [დიდი პალატა], no 29369/10, §§ 132‑133, 23.04.2015). ადვოკატები სარგებლობენ ექსკლუზიური უფლებებითა და პრივილეგიებით, რომლებიც განსხვავდება ქვეყნების მიხედვით; შესაბამისად, სასამართლომ ადვოკატებს გარკვეული თავისუფლება მიანიჭა სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით (კასადო კოკა ესპანეთის წინააღმდეგ (Casado Coca c. Espagne), 24.02.1994, § 46, სერია A no 285‑A, და სტერი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Steur c. Pays‑Bas), no 39657/98, § 38, CEDH 2003‑XI). განხილული პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დასაცავია ადვოკატის უფლება, მისდიოს საკუთარ პროფესიას და ასეთ დროს არ დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას.
42. სასამართლო ასკვნის, რომ პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს ადვოკატთა როლს, გაუმართლებლად არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში, არ დაამციროს ან შეავიწროოს ისინი (იხილეთ ზემოთ 29-30-ე პარაგრაფები, პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის მე-10 პარაგრაფი და მისი განმარტებითი ბარათი) და, შესაბამისად, არ დაუქვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას ადვოკატთა არაადამიანური მოპყრობისაგან დასაცავად.
43. სასამართლო ასკვნის, რომ ზემოთ ციტირებულ ბუიდის საქმეში განმეორებული პრინციპი მტკიცების ტვირთის პოლიციაზე გადასვლის შესახებ უნდა გამოვიყენოთ მოცემულ საქმეში და, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს წარმომადგენლებზე.
44. როგორც ეროვნული ორგანოების, ასევე, მოცემული სასამართლოს წინაშე განმცხადებელმა წარმოადგინა 2010 წლის 12 ივლისის სამედიცინო ცნობა და 2010 წლის 16 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა, რომელთა თანახმად მან იღრძო მარცხენა ხელის არა-თითი და საჭიროებდა ხუთიდან შვიდ დღემდე მკურნალობას (იხილეთ მე-15 და მე-16 პარაგრაფები ზემოთ; საპირისპიროდ იხილეთ ჩელიქი თურქეთის წინააღმდეგ (no 1) (Çelik c. Turquie), no 39324/02, § 33, 20.01.2009). მაგრამ მთავრობას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რითაც ეჭვქვეშ დააყენებდა განმცხადებლის მონათხრობს, როდესაც ის გამუდმებით იმეორებდა, რომ პოლიციელმა მას მარცხენა ხელის არა თითი გადაუგრიხა, როდესაც ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა. მართალია, პოლიციელი შიდა პროცესის ფარგლებში დაბეჯითებით უარყოფდა განმცხადებელზე თავდასხმას, ეს უკანასკნელი ასეთივე დაბეჯითებით ამტკიცებდა საპირისპიროს (იხილეთ მე-18 და მე-20 პარაგრაფები ზემოთ). ამასთანავე, რადგან გამოძიებას მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს (იხილეთ 58-62-ე პარაგრაფები ზემოთ), შეუძლებელია ვივარაუდოთ პოლიციელის განცხადების ნამდვილობა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიებას მის საწინააღმდეგოდ არაფერი დაუდგენია (ბუიდი, ციტირებულია ზემოთ § 96).
45. შესაბამისად, სასამართლო საკმარისად დადგენილად მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა მარცხენა ხელის არა თითი პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას იღრძო.
46. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის განცხადებით, განმცხადებლის მიერ მიღებული დაზიანება არ აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოხვდეს კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ დაზიანება არ იყო ზედაპირული იმდენად, რამდენადაც განმცხადებელს ხუთ-შვიდ-დღიანი მკურნალობის რეკომენდაცია გაეწია (იხილეთ მე-16 პარაგრაფი ზემოთ).
47. სასამართლოს სურს, ასევე, ხაზი გაუსვას, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ მოპყრობა არავითარ შემთხვევაში არ იყო განპირობებული თავად განმცხადებლის ქმედებით. რომც ვივარაუდოთ, რომ განცმხადებელმა უპატივცემულობა გამოიჩინა პოლიციელის მიმართ (იხილეთ მე-14 პარაფრაფი ზემოთ), საქმეში არაფერი მიუთითებს და არც მთავრობა აცხადებს, რომ სახეზე იყო ძალადობრივი ქმედება, რომელიც საპასუხო ფიზიკური ძალის გამოყენებას საჭიროებდა.
48. განხილული მტკიცებულებები საკმარისია სასამართლოსთვის, რომ მოცემულ საქმეში დაადგინოს დამამცირებელი მოპყრობა (mutatis mutandis, ბუიდი, ციტირებულია ზემოთ, § 112).
49. მაშასადამე, დგინდება კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა.
2. მე-3 მუხლის პროცესუალური მხარე
ა) მხარეთა მოსაზარებები
50. განმცხადებელს არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მან მხარი დაუჭირა განაცხადის ფორმაში წარმოდგენილ მოთხოვნებს.
51. მე-3 მუხლის მატერიალურ ნაწილზე მითითებით, მთავრობა ამტკიცებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნები არ დასტურდება იმგვარად, რომ ამოქმედებულიყო გამოძიების ჩატარების ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან.
52. ალტერნატიულად, მოპასუხე მთავრობა აღნიშნავს, რომ განმცხადებლის სისხლის სამართლებრივი საჩივრის შედეგად დაიწყო საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება. მართალია, საქმე დანაშაულის არარსებობს გამო დაიხურა, მაგრამ არ არსებობს აღნიშნული დასკვნის დაუსაბუთებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. გამოძიების ორგანოებმა მიმართეს ყველა საჭირო ქმედებას: მათ მოუსმინეს როგორც განმცხადებელს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ასევე, პოლიციელს. ასევე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა დართულ იქნა საქმეზე. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოძიებამ დაასკვნა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა პოლიციელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგინდებოდა. აღნიშნული დასკვნა განმცხადებლის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ სასამართლომაც დაადასტურა. მოპასუხე მთავრობა ყურადღებას ამახვილებს, რომ განმცხადებელს, როგორც ადვოკატს, სასამართლოსთვის შეეძლო მოეთხოვა დამატებითი გამოძიების ჩატარება, რაც მას არ გაუკეთებია.
53. მთავრობის მითითებით, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ პოლიციელი მართლაც შეეხო განმცხადებელს რათა მისთვის გადაუდებელი დახმარების სამსახურის გამოძახებაში ხელი შეეშალა, არ დგინდებოდა განმცხადებლისთვის დაზიანების მიყენების განზრახვა; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, შეურაცხმყოფელი ქმედების დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია განზრახვის დადგენა. ამასთანავე, დაუდევრობით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულს, თუკი მიყენებული დაზიანების სამკურნალოდ ათ დღეზე ნაკლებია საჭირო. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ განმცხადებელს მიეღწია საკუთარი საჩივრის განხილვისთვის, იყო სარჩელის შეტანა დელიქტური ვალდებულების დარღვევისთვის ძველი სამოქალაქო კოდექსის 998-999-ე მუხლების თანახმად, რაც მას არ გაუკეთებია.
54. დასასრულს, მთავრობის აზრით, გამოძიება მიმდინარეობდა დამოუკიდებლად და დროულად, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად და არ დგინდება კონვენციის მე-3 მუხლის პროცესუალური მხარის დარღვევა.
ბ) სასამართლოს შეფასება
55. სასამართლო იშველიებს კონვენციის მე-3 მუხლის პროცესუალური მხარის ზოგად პრინციპებს, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ გაიმეორა გადაწყვეტილებაში ბუიდი (იხილეთ ციტირებული ზემოთ, 114-123-ე პარაგრაფები).
56. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, განსაკუთრებით, განმცხადებლის სამედიცინო ექსპერტიზის ცნობაზე დაყრდნობით, არაადამიანური მოპყრობის არგუმენტი დასაბუთებულია სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.
57. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება ჩატარდა. ახლა მან უნდა შეაფასოს გამოძიების სათანადო გულმოდინება და მისი „ეფექტურობა“.
58. სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებელსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზეპირად მოუსმინეს 2010 წლის აგვისტოში (იხილეთ მე-18 და მე-19 პარაგრაფები ზემოთ), ხოლო თავად პოლიციელს მოუსმინეს მხოლოდ 2011 წლის აგვისტოში, ინციდენტიდან ერთი წლის შემდეგ (იხილეთ 21-ე პარაგრაფი ზემოთ). მოპასუხე მთავრობამ ვერ ახსნა დაყოვნების მიზეზი. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ აღნიშნული ზეპირი მოსმენების გარდა, საქმეზე არავითარი სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მართალია, არ იყვნენ პირდაპირი თვითმხილველები, მაგრამ განმცხადებლისა და ს.გ-ს გარდა განსახილველ დროს პოლიციის განყოფილებაში იყვნენ სხვა პირები, როგორც პოლიციელები, ასევე, სხვადასხვა საქმის მხარეები (იხილეთ 19-21-ე პარაგრაფები ზემოთ). ასევე, არ ყოფილა განმცხადებლისა და პოლიციელის დაპირისპირება და არც ის ექიმები დაუკითხავთ, ვინც განმცხადებელს კონსულტაცია გაუწია ან უმკურნალა. აღნიშნული ზომები მეტად მოჰფენდა ნათელს საქმის გარემოებებს.
59. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, არც გამოძიებას და არც სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია განმცხადებლის მიწოდებული, საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, განსაკუთრებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (იხილეთ მე-16 პარაგრაფი ზემოთ). მით უფრო, 2011 წლის 22 ნოემბრის მოკლე გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ, მართალია, არ შეიტანა ეჭვი, რომ 2010 წლის 12 ივლისის ინციდენტი განმცხადებლის მიერ საჩივარში აღწერილი სცენარით წარიმართა; მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა იმის მითითებით, რომ საქმეში არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდა კ.პ-ს პასუხისმგებლობას და ეს ისე გააკეთა, რომ არ შეისწავლა, ხომ არ იყო მტკიცებულებების არარსებობა გამოწვეული გამოძიების ხარვეზიანობით.
60. აღნიშნულის გათვალისწინებით და მთავრობის არგუმენტის განხილვის გარეშე - რომელიც შეეხება საქმის გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას; განსაკუთრებით, აუცილებელ განზრახვას რუმინეთში სისხლის სამართლის დანაშაულის დასადგენად (53-ე პარაგრაფი ზემოთ) - სასამართლო უთითებს, რომ ის საქმეში ერთვება ფაქტობრივი გარემოებების განხილვის შემდეგ, ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარების ვალდებულება ეკისრებოდა გამოძიების ეროვნულ ორგანოებს, ხოლო მათ არ გამოუყენებიათ მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი.
61. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს განმცხადებლის შესაძლებლობაზე, მიემართა ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო სამართლებრივი წესისთვის (პარა. 53 ზემოთ), სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი, რომ თუკი ხელისუფლების ორგანოები შეძლებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან განზრახ არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისგებისას უბრალო კომპენსაციით შემოფარგლულიყვნენ, დამნაშავეთა დევნისა და დასჯის გარეშე, სახელმწიფოს წარმომადგენლები ზოგიერთ შემთხვევაში შეძლებდნენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დარღვევას ისე, რომ ფაქტობრივად დაუსჯელნი დარჩებოდნენ; ეს კი აუცილებელ ეფექტს დაუკარგავდა წამებასა და არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე აბსოლუტურ სამართლებრივ აკრძალვას, რაც აღნიშნული აკრძალვის ფუნდამენტურობას ეწინააღმდეგება (ამ მიმართულებით, იხილეთ, გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen c. Allemagne), [დიდი პალატა], no 22978/05, § 119, CEDH 2010, ციტირებული ნაწილები).
62. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლის საქმეზე არ ყოფილა ეფექტური გამოძიება და ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის პროცესუალური ნაწილის დარღვევას.
II. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევის შესახებ
63. განმცხადებელი, ასევე, ჩივის, რომ 2010 წლის 12 ივლისს კ.პ-ს კაბინეტში თავისუფლება შეუზღუდეს იმ მიზნით, რომ მას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ხელი მოეწერა კ.პ-ს შედგენილ ოქმზე. იგი ეყრდნობა კონვენციის 5.1. მუხლს, რომლის თანახმად:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
d)არსრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლ-დამოკიდებული პირების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;
f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.“
64. მოპასუხე მთავრობა არ ეთანხმება ამ მოთხოვნას. ეყრდნობა რა განმცხადებლისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩაკეტა თუ არა გასაღებით კ.პ-მ თავისი კაბინეტის კარი, ასევე, კონსტანტას პოლიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მე-13 პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის თავისუფლება არ აღკვეთილა. მეორეს მხრივ, ინციდენტი 5-10 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა და მისი ხანმოკლეობა ვერ დაეხმარება განმცხადებელს, რომ თავისუფლების აღკვეთა ამტკიცოს.
65. სასამართლო მიუთითებს, რომ საჩივარი არ არის აშკარად უსაფუძვლო კონვენციის 35.3.(a) მუხლის თანახმად და ის ვერ ხედავს მისი დაუშვებლად ცნობის რაიმე სხვა მიზეზს. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში განაცხადი დასაშვებია.
66. სასამართლო იხსენებს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირისთვის „თავისუფლების აღკვეთის“ დასადგენად, უნდა გავცდეთ მის კონკრეტულ შემთხვევას და მხედველობაში მივიღოთ კრიტერიუმების ერთობლიობა, როგორებიცაა შესაფასებელი ქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, შედეგი და განხორციელების გზა (გუზარდი იტალიის წინააღმდეგ (Guzzardi c. Italie), 6.11.1980, § 92, სერია A no 39, და მოგოში რუმინეთის წინააღმდეგ (Mogoş c. Roumanie) (განჩინება), no 20420/02, 6.05.2004). ასევე, კონვენციით დაცული უფლებების დარღვევის დასადგენად, ხშირად საჭიროა გავცდეთ ფაქტების ზედაპირულ აღქმას და გამოყენებულ ლექსიკონს (იხ. მაგალითად, კონვენციის 5.1. მუხლის შესახებ, ვან დრუგენბროკი ბელგიის წინააღმდეგ (Van Droogenbroeck c. Belgique), 24.06.1982, § 38, სერია A no 50).
67. მოცემულ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ფაქტების ორ საპირისპირო ვერსიას წარმოადგენენ, კერძოდ, ჩაკეტა თუ არა კ.პ-მ თავისი კაბინეტის კარი გასაღებით, რათა განმცხადებლისთვის არ მიეცა მისი დატოვების შესაძლებლობა (მე-7 და მე-13 პარაგრაფები ზემოთ). ამ მხრივ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განმცხადებლის დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებისას მიცემული ჩვენების ფარგლებში არ ახსენებს კ.პ-ს მხრიდან საკუთარი კაბინეტის კარის გასაღებით ჩაკეტვის ფაქტს (მე-19 პარაგრაფი ზემოთ).
68. სასამართლო იმეორებს, რომ პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს ადვოკატთა როლს, გაუმართლებლად არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში, არანაირი ფორმით არ დაამციროს ან შეავიწროოს ისინი (42-ე პარაგრაფი ზემოთ). რომც ვივარაუდოთ, რომ მოცემულ საქმეში პოლიციელი მართლაც მოიქცა ისე, როგორც ამას განცმხადებელი ამბობს, მხარეები არ დავობენ აღნიშნული ქმედების ხანმოკლეობის შესახებ, რომელიც ათ წუთს არ გადასცილებია. სასამართლომ რომც მიიჩნიოს, რომ ადგილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთას, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ხანმოკლე იყო (ფოკა თურქეთის წინააღმდეგ (Foka c. Turquie), no 28940/95, § 75, 24.06.2008), სასამართლო ასკვნის, რომ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს არ აღკვეთია თავისუფლება კონვენციის 5.1. მუხლის მიზნებისთვის. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემობას, რომ განმცხადებელი საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და მის მიერ გასაჩივრებული ინციდენტიდან ძალიან მოკლე დროში შეძლო მისი დატოვება (იხილეთ, საპირისპიროდ, კრეანგა რუმინეთის წინააღმდეგ (Creangă c. Roumanie) [დიდი პალატა], no 29226/03, §§ 94-100, 23.02.2012).
69. სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის 5.1 მუხლი არ დარღვეულა.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების შესახებ
70. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად,
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. »
ა. ზიანი
71. განმცხადებელი არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვს 100 000 ევროს.
72. მთავრობის მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი თანხა მეტისმეტია, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით.
73. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს არამეტერიალური ზიანისთვის 11 700 ევრო უნდა განესაზღვროს.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
74. განმცხადებელს არ წარმოუდგენია გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.
გ. საურავი
75. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
აღნიშნული საფუძვლით, სასამართლო ერთხმად:
1. ცნობს განაცხადს დასაშვებად;
2. ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური მხარის დარღვევას;
3. ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის პროცესუალური მხარის დარღვევას;
4. არ ადგენს კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას;
5. ადგენს
ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი თვის ვადაში, განმცხადებელს არამატერიალური ზიანისთვის გადაუხადოს 11 700 (თერთმეტი ათას შვიდასი) ევრო, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსით;
ბ) მითითებული ვადის გასვლიდან გადარიცხვის დღემდე გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი საურავი, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
6. უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შედგენილია ფრანგულ ენაზე, წერილობით კომუნიცირებულია 2016 წლის 5 აპრილს, სასამართლოს წესების 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად.
ფრანსუაზ ელენს-პასოსიანდრაშ შაიო
მდივანიპრეზიდენტი
Full & Egal Universal Law Academy