დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
მეორე სექცია
ჩელიქბილექი თურქეთის წინააღმდეგ
(განაცხადი no. 27693/95)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
31 მაისი, 2005 წ.
საბოლოო
31/08/2005
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ (მეორე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ბ-ნი ჟ.-პ. კოსტა, თავმჯდომარე,
ბ-ნი გაბრიელ ბარეტო,
ბ-ნი კ. იუნგვიერტი,
ვ. ბუტკევიჩი,
მ. უგრეხელიძე,
ე. ფურა-სანდსტრომი, მოსამართლეები,
ფ. გოლქუქლუ, ad hoc მოსამართლე,
და ქ-ნი ს. დოლი, სექციის მდივანი,
მოითათბირა 2005 წლის 10 მაისს და იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო თურქეთის მოქალაქის ბ-ნი აბდურაჰმან ჩელიქბელიქის (შემდგომში „განმცხადებელი“) განაცხადი (no. 27693/95) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც შემოტანილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 25-ე მუხლის შესაბამისად 1995 წლის 13 ივნისს.
2. განმცხადებელი წარმოდგენილ იქნა დოქტორ ანკე სტოკის მიერ, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ლონდონში. თურქეთის მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) არ დაუნიშნავს საკუთარი წარმომადგენელი სასამართლოში საქმის წარმოებისათვის.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი ძმა გატაცებული და მოკლული იქნა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. განმცხადებელმა მიუთითა კონვენციის, მე-2, მე-3, მე-6 და მე-14 მუხლებზე.
4. განაცხადი სასამართლოს გადაეცა 1998 წლის 1-ლ ნოემბერს, როდესაც ძალაში შევიდა კონვენციის მე-11 დამატებითი ოქმი (მე-11 დამატებითი ოქმის 5.2 მუხლი).
5. განაცხადი დაეწერა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). აღნიშნულ სექციაში შემადგენლობა პალატისა, რომელსაც უნდა განეხილა საქმე, ჩამოყალიბებული იყო რეგლამენტის 26.1 მუხლის შესაბამისად. ბ-ნმა რიზა თურმენმა, თურქეთიდან არჩეულმა მოსამართლემ, არ ისურვა განხილვაში მონაწილეობა (რეგლამენტის 28-ე მუხლი). შესაბამისად, მთავრობამ დანიშნა პროფესორი ფეიაზ გიოლქიუქლუ როგორც ad hoc მოსამართლე (კონვენციის 27.2 მუხლი და რეგლამენტის 29.1 მუხლი).
6. 1999 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლომ განაცხადი დასაშვებად გამოაცხადა.
7. განმცხადებელმაც და მთავრობამაც წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მხარეებთან მოთათბირების საფუძვლზე დაასკვნა, რომ საჭირო არ იყო ზეპირი მოსმენა საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით (რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი in fine), მხარეებმა წერილობით უპასუხეს ერთმანეთს მათ მიერვე წარმოდგენილ განცხადებასა და შესაგებელზე.
8. 2004 წლის 1-ლ ნოემბერს სასამართლომ შეცვალა საკუთარი სექციების შემადგენლობა (რეგლამენტის 25.1 მუხლი). საქმე გადაეცა ახლად შექმნილ მეორე სექციას (რეგლამენტის 52.1 მუხლი)
ფაქტები
საქმის გარემოებები
9. განმცხადებელი, წარმოშობით ქურთი თურქეთის მოქალაქე, დაიბადა 1951 წელს და ცხოვრობს დიარბაქირში.
„ა“. შესავალი
10. მხარეთა შორის დავა ეხება განმცხადებლის ძმის აბდულქადირ ჩელიქბილექის მკვლელობის ფაქტს.
11. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტები ჩამოყალიბებულია ქვემოთ „ბ“ სექციაში (ნახეთ პარაგრაფები 12-23). მთვარობის მიერ მითითებული ფაქტები შეჯამებულია „გ“ სექციაში (ნახეთ პარაგრაფები 24-28). მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულება შეჯამებულია „დ“ ნაწილში (იხ. პარაგრაფები 29-46 ქვემოთ).
„ბ“. განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტები
12. 1994 წლის 9 ივნისს განმცხადებლის ძმამ აბდულქადირ ჩელიქბილექმა დიარბაქირის სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოში (შემდგომში „დიარბაქირის სასამართლო“) მისცა ჩვენება პროკურორს. ის აცხადებდა, რომ გაგონილი ჰქონდა იმის თაობაზე, რომ ვიღაც ქალბატონი, სახელად ამბერ ილმაზი, გადმოვარდნილიყო სამსართულიანი სახლის სახურავიდან სამხედრო ოპერაციის ჩატარების დროს. ოპერაცია განხორციელდა დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე 8 ივნისის საღამოს 1994 წელს. მოწმის მტკიცებით, ამის შემდგომ მან ასევე გაიგო, რომ ქ-ნი ილმაზის ქმარი, ფეთი იასარი, იყო ქმპ-ის[1] (PKK) წევრი და რომ ბ-ნი იასარი იმ დროისათვის იხდიდა 36-წლიან სასჯელს აღნიშნული პარტიის წევრობისათვის. მოწმემ საბოლოოდ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე ინფორმაცია ქ-ნი ილმაზისა და ქმპ-ს შორის კავშირის შესახებ (იხ. პარაგრაფი 30 ქვემოთ).
13. აღნიშნული ჩვენების მიცემის შემდეგ აბდულქადირი რამდენჯერმე გახდა დაკვირვების ობიექტი. 1994 წლის ნოემბერში აინურ ჩელიქბილექს, აბდულქადირ ჩელიქბილექის ცოლს, ეწვია ორი პოლიციელი, რომელთაც მას დაუსვეს კითხვები მეუღლის ადგილსამყოფლის შესახებ.
14. დაახლოებით დღის 11 სააათზე 1994 წლის 14 დეკემბერს აბდულქადირი წავიდა ესნაფლარის კაფეში, რომელიც მდებარეობდა დიარბაქირის ცენტრში. მისი იქ მისვლიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კაფეს წინ გაჩერდა თეთრი რენო, რომელშიც ისხდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოთხი პოლიციელი. ამასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი მანქანით სწორედ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები სარგებლობენ. ორი პოლიციელი მანქანაში დარჩა, დანარჩენი ორი კი კაფეში შევიდა. ეს უკანასკნელი ორი პოლიციელი სწორედ ისინი იყვნენ, ვინც მანამდე ეკითხებოდა აინურ ჩელიქბილექს მისი ქმრის ადგილსამყოფლის შესახებ. მხოლოდ უშიშროების ძალის წარმომადგენლებს ჰქონდათ დიარბაქირის კაფეში ცეცხლსასროლი იარაღით შესვლის უფლება. როდესაც განმცხადებლის ძმამ დატოვა კაფე, ანალოგიურად კაფედან გამოვიდნენ პოლიციელებიც. გარეთ გამოსვლისთანავე ორივე პოლიციელმა მკლავებში ჩაავლო ხელი აბდულქადირს და იძულებით მოათავსა იქვე მომლოდინე თეთრ რენოში. აღნიშნულს შეესწრო კაფეში მყოფი ყველა ადამიანი. მანქანა დიარბაქირის პოლიციის შტაბის მიმართულებით წავიდა. ორი მოქალაქე, რომლებიც კაფეში იმყოფებოდნენ სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პოლიციელების მიერ აბდულქადირის წაყვანისას, მოგვიანებით მოუყვა განმცხადებელს ინციდენტის თაობაზე და და ასევე დაამატა, რომ ორივე გამტაცებელი ნამდვილად პოლიციელი იყო.
15. 1994 წლის 15 დეკემბერს განმცხადებელმა მიაკითხა ადამიანის უფლებათა ასოციაციის დიარბაქირის ცენტს, რათა ეცნობებინა მათთვის შემთხვევის თაობაზე. მას ურჩიეს მიემართა პეტიციით პროკურატურის ოფისისათვის დიარბაქირის სასამართლოში. განმცხადებელი წავიდა აღნიშნულ სასამართლოში პეტიციის შესატანად. თუმცა სასამართლოს მისაღებში მყოფმა პოლიციის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ მისი ძმის სახელი არ იყო მოხსენიებული პოლიციის სიაში. განმცხადებელი მომდევნო დღეების განმავლობაშიც რამდენჯერმე მივიდა სასამართლოში და წარუმატებლად ეცადა მიეღო ინფორმაცია თავისი ძმის შესახებ.
16. დაახლოებით დილის 7 საათსა და 30 წუთზე 1994 წლის 21 დეკემბერს პოლიციის სამი ოფიცერი მივიდა განმცხადებლის სახლში და უთხრა, რომ მისი ძმა იყო დაჭრილი და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. როდესაც ოფიცრებს მიჰყავდათ განმცხადებელი თავიანთი მანქანისაკენ, მას უთხრეს, რომ მისი ძმის გვამი ნაპოვნი იქნა დიარბაქირში არსებული მარდინქაპის სასაფლაოსთან. განმცხადებელი პოლიციელებთან ერთად წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც მისი ძმა იქნა ნაპოვნი. ადგილზე მისვლისას იგი გაჩხრიკეს და ჯიბიდან ამოუღეს წერილობითი მიმართვა, რომელიც განკუთვნილი იყო დიარბაქირის სასამართლოს პროკურორისათვის. მიუხედავად თხოვნისა, განმცხადებელს არ დაუბრუნეს პოლიციელებმა აღნიშნული პეტიცია. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ პეტიციის დაუბრუნებლობით პოლიციელები მიზნად ისახვდნენ შეესუსტებინათ მისი პოზიცია შემდგომში სახელომწიფოს ოფიცილურ პირების წინააღმდეგ მიმართული რაიმე საქმის წარმოებისას.
17. გამცხადებლის ძმის გვამი იყო მარდინკაპის სასაფლაოს მახლობლად მდებარე ნაგვის გროვაზე. მთელ სხეულზე შეინიშნებოდა წამების კვალი და ჩანდა, თითქოს ფეხის გულებზე კანი პინცეტებით ჰქონდა ამძვრალი. მისი მკლავები, ფეხები და თავი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მსხვილ შამფურზე ჰქონდათ წამოცმული. სხეული მთლიანად გაშავებულ-გალურჯებული იყო და ნაჭდევები შეიმჩნეოდა ყელზე.
18. მას შემდეგ, რაც პოლიციამ განმცხადებელს აჩვენა მისი ძმის გვამი, იგი თავიანთი მანქანით წაიყვანეს ძმის სახლში, სადაც ჩაატარეს ჩხრეკა. ჩხრეკის დროს განმცხადებელმა პოლიციის რადიოთი მოისმინა, რომ პროკურორი აპირებდა მისი ძმის გვამის სანახავად წასვლას. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე პოლიციამ ჩხრეკა შეწყვიტა, რათა შეერთებოდა პროკურორს; ასევე მათთან ერთად წაიყვანეს განმცხდებელიც. პროკურორს არანაირი კითხვა არ დაუსვამს განმცხადებლისათვის. პოლიციამ ჩაინიშნა ადგილმდებარეობა გვამისა, რომელიც შემდეგ წაიღო სახელმწიფო საავადმყოფოს მორგში. პოლიციის მანქანით მორგში წაიყვანეს განმცხდებელიც. ამასთან, მორგისგენ მიმავალ გზაზე მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პოლიციელი განმცხადებელს დაემუქრა, რომ ქუჩაში ანალოგიურად მოკვდებოდა თეფესიქის (Tepecik) სოფლის ყველა მაცხოვრებელი.
19. მორგში ყოფნისას ზოგიერთმა სხვა პოლიციელმა განმცხადებელს უთხრა, რომ სოფლის მცველებმა გადაწვეს სოფელი თეფესიქი და რომ, შესაძლოა, იმავე მცველებს მოეკლათ მისი ძმაც. აღნიშნულზე განმცხადებელმა უპასუხა, რომ მას არ სჯეროდა, თითქოს მცველების მიერ იქნა მისი ძმა მოკლული; ასევე, დაამატა, რომ თუ მცველების მიერ იქნა გარდაცვლილი მოკლული, მათ ამ ქმედების ჩადენაში უეჭველად დაეხმარებოდნენ პოლიციელებიც. პოლიცის ოფიცრებმა განმცხადებელს უთხრეს, რომ ლეილა, გარდაცვლილის ქალიშვილი, ფიქრობდა, რომ დაღუპული მოკლული იქნა პოლიციის მიერ. როდესაც განმცხადებელს ჰკითხეს, იზიარებდა თუ არა ამ მოსაზრებას, მან ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა.
20. გარდაცვლილის გვამს მორგში გაკვეთა ჩაუტარდა. განმცხადებელი ექიმს შეეკითხა მისი ძმის ყელზე არსებული ნაჭდევების თაობაზე, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ, როგორც ჩანდა, რაღაც ჰქონდათ შემოხვეული სიკვდილის შემდეგ მისი ძმისათვის კისერზე და ამის საშუალებით იყო ნათრევი გვამი. გაკვეთის პროცესის დასრულების შემდეგ გვამი დასასაფლავებლად გადააგზავნეს.
21. ვიდრე განმცხადებელი მორგში იმყოფებოდა, პოლიციელთა სხვა ჯგუფი დაბრუნდა მისი ძმის სახლში ჩხრეკის დასასრულებლად. აღნიშნულმა პოლიციელებმა ლეილას უთხრეს, რომ, მამამისის თქმით, გარდაცვლილს ჰქონდა ამანათი, რომელშიც შესაძლოა ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და სთხოვეს მას ამ ამანათის გადაცემა. განმცხადებლის აზრით, ეს შეკითხვა მიანიშნებდა, რომ უშიშროების ძალებს მართლაც ჰყავდათ დაკავებული მისი ძმა და რომ ეს უკანასკნელი სსწორედ მათ მიერ იქნა დაკითხული, ნაწამები და მოკლული. იმავე დღესვე განმცხადებელს ჩამოართვეს ჩვენება მარდინკაპის პოლიციის შენობაში (იხ. პარაგრაფი 37 ქვემოთ).
22. აღნიშნულ მოვლენებამდე გარკვეული ხნით ადრე განმცხადებლის უფროსი შვილი შეუერთდა ქმპ-ს. განმცხადებელი აღნიშნულს საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა ძმის სიკვდილიდან 10 დღის შემდეგ ადამიანი, რომელიც მას Cevat-ის სახელით გაეცნო პოლიციის ანტი-ტერორისტული სამსახურიდან, მივიდა მასთან სახლში და უთხრა განმცხადებელს, რომ მისი შვილი გაწევრიანდა ქმპ-ში და სთხოვდა ეცნობებინა უშიშროების ძალებისთვის შვილის სახლში დაბრუნების შესახებ. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი დარწმუნდა, რომ სწორედ მის ძმას ჰქონდა წამების დროს გამხელილი უშიშროების ძალებისთვის ფესიჰის თაობაზე.
23. 1996 წლის ივნისში დიარბაქირის ქუჩიდან თავად განმცხადებელიც მოიტაცეს ოფიციალურმა პირებმა. იგი ჩასვეს მანქანაში და არ მისცეს საუბრისა და ირგვლივ ყურების შესაძლებლობა. იგი გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც გამტაცებლებს სურდათ მისი დახვრეტა, მაგრამ შემდგომში გადაიფიქრეს და წაიყვანეს სწრაფი რეაგირების ძალების განყოფილებაში დიარბაქირში, სადაც იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 31 დღის განმავლობაში, ვიდრე ციხეში მოათავსებდნენ 14 თვით. პატიმრობაში ყოფნისას მას დაემუქრნენ რამდენჯერმე. მუქარის შენაარსი გამოიხატებოდა შემდეგში: „ნუ გაჰყვები შენი ძმის და შენი შვილის გზას. თუ ასე მოიქცევი, შენც მოგკლავთ.“ ამ მუქარებმა უფრო დაარწმუნა განმცხადებელი, რომ სწორედ მთავრობა იყო პირდაპირ პასუხისმგებელი მისი ძმის მოტაცებისა და მკვლელობისათვის.
„გ“ მთავრობის მიერ მითითებული ფაქტები
24. დაახლოებით დილიდ 7 საათსა და 30 წუთზე 1994 წლის 21 დეკემბერს მარდინკაპის პოლიციის განყოფილებას გამვლელებმა შეატყობინეს, რომ ადამიანი იწვა მარდინკაპის სასაფლაოსთან დიარბაქირში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოლიციის ოფიცრებმა იპოვეს გვამი, ხელებით კისერზე მიკრული. იგი იწვა ნაგვის გროვაზე სასაფლაოს გვერდით. პოლიციამ გვამს უპოვა პირადობის მოწმობა და აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილის სახელი იყო აბდულქადირ ჩელიქბილექი.
25. პოლიციის მიერ ინფორმირების შემდეგ მორიგე პროკურორი ბ-ნი მეჰმედ თიფთიქჩი და ექიმი ლოქმან იავუზი მივიდნენ შემთხვევის ადგილას. იქ მათ აღმოაჩინეს ფეხის რამდენიმე ნაკვალევი, თუმცა შეუძლებელი იყო მათი შესწავლა, რადგან ნაკვალევი ერთმანეთში იყო არეული. რაიმე ჩხუბის ან კონფლიქტის კვალი არ ჩანდა. შეისწავლეს მანქანის საბურავის კვალი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი დატოვებული იყო გვამის აღმოჩენის შემდეგ. მას შემდეგ, რაც შედგა ოქმის შემთხვევის თაობაზე და შეიქმნა მონახაზი გვამის ადგილმდებარეობის შესახებ, გვამი წაიღეს მორგში.
26. გვამზე ნაპოვნი პირადობის მოწმობის საფუძველზე, დაუკავშირდნენ მსხვერპლის ოჯახს. მსხვერპლის ძმა, აბდურაჰმან ჩელიქბილექი, მიიყვანეს მორგში, სადაც მან ამოიცნო თავისი ძმის ცხედარი, შემდეგ კი გვამს ჩაუტარდა აუტოპსია.
27. 1994 წლის 21 დეკემბერს მიცემული ჩვენების მიხედვით, განმცხადებელმა და მსხვერპლის ცოლმა, აინურმა, არ იცოდნენ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო აბდულქადირის მკვლელი. ისინი უთითებდნენ, რომ საერთოდ არ ჰყავდათ მტრები. განმცხადებელმა ასევე თქვა, რომ, რამდენადაც იცოდა, მისი ძმა დაპატიმრებული ჰყავდათ იარაღით ვაჭრობისათვის 1980 წლის 12 სექტემბრის პუტჩის შემდეგ. მსხვერპლის მეუღლემ ასევე განაცხადა, რომ მას სურდა შეეტანა საჩივარი მისი ქმრის მკვლელის/მკვლელების წინააღმდეგ. მისი საჩივარი ფორმალური წესების დაცვით დარეგისტრირდა 28 დეკემბერს, 1994 წელს.
28. პროკურორმა დაიწყო გამოძიება საქმეზე ნომრით 1994/9249, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პროკურორმა ასევე მოსთხოვა პოლიციას, რათა მუდმივ რეჟიმში აცნობონ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
„დ“. მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები
29. მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა შემდეგი ინფორმაცია.
30. 1994 წლის 9 ივნისს განმცხადებლის ძმას აბდულქადირ ჩელიქბილექს დიარბაქირის სასამართლოში პროკურორმა ჩამოართვა ჩვენება. როგორც ბ-ნი ჩელიქბილექი ამტკიცებდა, მას გაგონილი ჰქონდა, რომ ვიღაც ქალბატონი სახელად ამბერ ილმაზი სამსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას. სამხედრო ოპერაცია განხორციელდა წინა დღით, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე. მან ასევე განაცხადა იმის შესახებაც, რომ იცოდა, ანბარას მეუღლე ქმპ-ის წევრობისათვის იხდიდა 36-წლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. რამდენადაც მას ჰქონდა ინფორმაცია, მისი თქმით, თავად ანბარა არღიშნული ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა.
31. დილის 7 საათსა და 45 წუთზე 1994 წლის 21 დეკემბერს პოლიციის უფროსის მოადგილემ და პოლიციის ოფიცერმა შემთხვევის ადგილზე შეადგინეს ოქმი. ამ ოქმის თანახმად, იმავე დილის 7 საათსა და 30 წუთზე რამდენიმე ადამიანმა შეატყობინა მათ, რომ ენახათ გზის პირას დაგდებული ადამიანი, მარდინკაპის სასაფლაოსთან. როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ იხილეს მამაკაცის გაყინული გვამი, მარჯვენა მხარეს გადაბრუნებული, გზასა და სასაფლაოს კედელს შუა. გვამი სასაფლაოს შესასვლელიდან დაახლოებით 150-200 მეტრის დაშორებით იწვა. ცხედარს ხელები შეკრული ჰქონდა ზურგს უკან, მისივე ქურთუკის ქამრით. სხეულზე ნაპოვნი პირადობის მოწმობის მიხედვით, გარდაცვილის სახელი იყო აბდულქადირ ჩელიქბილექი. შემთხვევის ადგილზე სხვა მტკიცებულება არ აღმოჩენილა.
32. პოლიციის ოფიცრის მიერ დილის 9 საათისათვის შედგენილ მონახაზში, სადაც ნაჩვენები იყო გვამის ადგილმდებარეობა, მიეთითა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო დახრჩობის შედეგად.
33. იმავე დღეს შედგენილი სხვა ოქმის თანახმად, მორიგე პროკურორმა და პათოლოგმა დაათვალიერეს გვამი გარდაცვლილისა, „რომელიც სადენით იყო დამხრჩვალი“. ისინი დაუკვირდნენ გვამთან არსებულ უამრავ ნაკვალევს, თუმცა ანაბეჭდის აღება ვერ მოხერხდა მათივე სიმრავლის გამო და ასევე იმ მიზეზით, რომ ისინი ერთმანეთში იყო არეული. ანალოგიურად, არ მოხდა გვამის მახლობლად საბურავის ნაკვალევის ანაბეჭდის აღებაც, ვინაიდან დაასკვნეს, რომ აღნიშნული ნაკვალევი იმ სატრანსპორტო საშუალების მიერ იყო დატოვებული, რომელსაც არაფერი საერთო შემთხვევასთან არ ჰქონდა. ასევე, ადგილზე არანაირი ნიშანი არ ჩანდა რაიმე კონფლიქტისა და ვერ იქნა მიკვლეული რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიმანიშნებელი იქნებოდა დანაშაულის ჩამდენის (ჩამდენთა) შესახებ. ოქმში აღინიშნა, რომ გვამს ფოტოსურათები გადაუღეს პოლიციელებმა. პროკურორმა ბრძანება გასცა წაეღოთ გვამი დიარბაქირის სახელმწიფო საავადმყოფოს მორგში აუტოპსიის ჩასატარებლად.
34. გაკვეთის საფუძველზე შედგენილი ანგარიშის მიხედვით, გვამი საავადმყოფოში მიტანილ იქნა იმავე დილით დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე. განმცხადებელი უკვე იმყოფებოდა საავადმყოფოში, როდესაც მისი ძმის გვამი მიიტანეს. მან ამოიცნო თავისი ძმა და მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი არ გამოჩენილა ბოლო 8 დრის განმავლობაში, რა დროის მანძილზეც ოჯახი უშედეგოდ ცდილობდა მის მოძებნას. განმცხადებელმა ასევე დაამატა, რომ არ იცოდა სავარაუდოდ ვის მიერ იყო მოკლული მისი ძმა.
35. პროკურორის დაკვირვებით, სხეულს უკვე აღენიშნებოდა გვამური გაშეშება. ასევე, შეინიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და სილურჯეები სახისა და ტანის მიდამოებში. ექიმმა დაასკვნა, რომ ზოგიერთი ეს დაზიანება გამოწვეული იყო სამი დღით, ზოგიერთი კი დაახლოებით 6-12 დღით ადრე.
36. ექიმის მიერ ჩატარებული გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილი გამოიწვია მექანიკურმა ასფიქსიამ (ხუთვამ), ხოლო მკვლელობა ჩადენილი იყო განზრახ. გაითვალისწინა რა, რომ სხეულის გაშეშების პროცესი უკვე სახეზე იყო, ექიმის დასკვნით, სიკვდილი უნდა დამდგარიყო დახლოებით 10-15 საათის წინ. აუტოპსიის შემდეგ გვამს კვლავ გადაუღეს სურათები, პროკურორმა კი გასცა დასაფლავების ნებართვა და მისცა მითითება პოლიციელებს ჩაეტარებინათ სრული და ამომწურავი გამოძიება.
37. 1994 წლის 21 დეკემბერს, დღის 3 საათსა და 30 წუთზე, მარდინკაპის პოლიციის განყოფილებაში პოლიციის უფროსმა განმცხადებელს ჩამოართვა ჩვენება. განმცხადებელი უთითებდა, რომ მისი ძმა სახლში არ დაბრუნებულა 1994 წლის 14 დეკემბერს. მომდევნო დღეს განმცხადებელი წავიდა იმ კაფეში, რომელსაც ხშირად სტუმრობდა მისი ძმა და გამოჰკითხა ხალხს, ხომ არ ენახათ იგი. მას უამბეს, რომ წინა დღით ოთხი ადამიანი იმყოფებოდა კაფეში და ისინი პირდაპირ გაემართნენ აბდულქადირისკენ, რომელიც კაფეში იჯდა. აღნიშნულმა ადამიანებმა და აბდულქადირმა ერთად დატოვეს კაფე, ჩასხდნენ თეთრ რენოში და წავიდნენ. ამასთან, მანქანის ნომერი არ ჩანდა „გარკვევით“. განმცხადებელი ამბობდა, რომ მან არ იცოდა აღწერილი ამბები, რაც მას კაფეში უამბეს, რამდენად წარმოადგენდა სიმართლეს. ის ასევე უთითებდა, რომ იგი ეცადა პეტიციით მიემართა დიარბექირის პროკურორისთვის, მაგრამ მისი თხოვნა არ იქნა მიღებული. მან ასევე დაამატა, რომ კონკრეტულად არავისზე მიჰქონდა ეჭვი, ხოლო მათს ოჯახს მტრები არ ჰყოლია. ასევე მიუთითა, რომ იარაღთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულისთვის 1980 წლის შემდეგ მის ძმას სასჯელი ჰქონდა მოხდილი ციხეში.
38. იმავე დღეს მარდინკაპის პოლიციის განყოფილების უფროსმა ჩვენება ჩამორთვა აინურ ჩელიქბილექს, განმცხადებლის გარდაცვლილი ძმის აბდულქადირის ქვრივს. ქ-ნი ჩელიქბილექი ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი სახლიდან გავიდა დაახლოებით დღის 11 საათზე 1994 წლის 14 დეკემბერს. როდესაც მეუღლე სახლში საღამოს აღარ დაბრუნდა, მან შეატყობინა მაზლს, განმცხადებელს, და სთხოვა სათანადოდ მოეკვლია, სად შეიძლებოდა ეპოვათ მისი ქმარი. მიუხედავად მათი მცდელობისა, დაკარგული მაინც ვერ იქნა ნაპოვნი. მას კონკრეტულად არავისზე ჰქონდა ეჭვი და არც ოჯახს მტრები არ ჰყოლია. მან განმცხადებლისგან შეიტყო, რომ მეუღლე თეთრი რენოთი წაეყვანათ კაფედან. ასევე, გარდაცვლილის მეუღლემ პროკურორს სთხოვა, დაეწყო დევნა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა მიერაც მოკლული იქნა მისი მეუღლე.
39. საბოლოოდ, 1994 წლის 21 დეკემბერს მარდინკაპის პოლიციის უფროსმა გადასცა ანგარიში დიარბექირის პოლიციის შტაბს, რომლითაც აღნიშნულ შტაბს ატყობინებდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნაპოვნი გვამის შესახებ. ამ ანგარიშს მან მიამაგრა ორივე ჩვენება (იხ. პარაგრაფები 37-38 ზემოთ), ადგილზე შედგენილი ანგარიშები და იმავე დილით გაკეთებული მონახაზი (იხ. პარაგრაფები 31-33 ზემოთ).
40. როგორც ირკვევა, აღნიშნული ანგარიში და მისი დანართები გადაეგზავნა დიარბაქირის პროკურორის ოფისს, რომელმაც დაიწყო გამოძიება მკვლელობის საქმეზე იმავე დღეს. გამოძიებას ნომრად მიენიჭა 1994/9249.
41. 1994 წლის 23 დეკემბერს პროკურორმა მითითებები მისცა დიარბაქირის პოლიციის შტაბს, რათა მოეძებნათ მკვლელობის ჩამდენ(ებ)ი.
42. 1995 წლის 6 იანვარს პროკურორმა კვლავ გაუმეორა მითითება დიარბაქირის პოლიციის შტაბს და ითხოვა სამი თვის შუალედით ეცნობებინათ ხოლმე მისთვის საქმეში რაიმე განვითარების შესახებ, ვიდრე ამოიწურებოდა კანონით დადგენილი ზღვრული ვადა 2014 წლის 20 დეკემბერს. პროკურორმა გაუმეორა მითითებები პოლიციის შტაბს 1996 წლის 1-ლ იანვარს, 1996 წლის 28 თებერვალს და 1996 წლის 29 მარტს.
43. 1996 წლის 20 ივნისს ანკარის გენერალური უშიშროების შტაბმა წერილი გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ უკანასკნელის მიერ 1996 წლის 10 იანვარს განხორციელებული პირდაპირი თხოვნის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც შტაბს ეთხოვა „წარმოედგინა დაღუპულის კრიმინალური წარსულის ანგარიში, რითაც დადასტურდებოდა აბდურჰამან ჩელიქბილექის (რომელმაც განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიას) გარდაცვლილი ძმის ჩართულობა ყალბისმქმნელობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში“. საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, აბდულქადირ ჩელიქბილექი პასუხისგებაში იყო მიცემული 1985 და 1986 წლებში ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ყალბისმქნელობის დანაშაულთათვის და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა.
44. 1996 წლის 1-ლ დეკემბერს დიარბაქირის პროკურორის ოფისს მარდინკაპის პოლიციის უფროსმა შეატყობინა, რომ ისინი კვლავაც ეძებდნენ დანაშაულის ჩამდენ პირებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინათ მათი პოვნა.
45. 1996 წლის 1-ლ დეკემბერს მარდინკაპის პოლიციისთვის შედგენილ პოლიციის ოფიცრის ანგარიშში მითითებულია, რომ ისიც ასევე ეძებდა დანაშაულის ჩამდენებს, მაგრამ ვერც მან შეძლო ეპოვა ისინი.
46. დიარბაქირის პროკურორმა გაუმეორა თავისი მითითებები დიარბაქირის პოლიციის შტაბს 1996 წლის 6 დეკემბერს, 1997 წლის 6 იანვარს და საბოლოოდ 1999 წლის 15 მარტს.
II. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა
47. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა გადმოცემულია გადაწყვეტილებაში Tepe v. Turkey (no. 27244/95, §§115-122, 9 მაისი, 2003).
სამართალი
I.მთავრობის წინასწარი პრეტენზია
48. სასამართლო შეახსენებს მხარეებს, რომ, როგორც 1999 წლის 22 ივნისის თავის გადაწყვეტილებაში მან განმარტა, საკითხი იმის თაობაზე, ჩატარდა თუ არა სისხლის სამართლის საქმის ეფექტური გამოძიება კონვენციის შესაბამისად, მჭიდროდ უკავშირდება განმცხადებლის მიერ წარდგენილ საჩივართა შინაარსს და ეს უკანასკნელი ნაწილია საქმის არსებითი მხარისა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მხარეთა მიერ გამოთქმული არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ეს ყოველივე განიხილოს განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისას (იხ. პარაგრაფი 79-94 ქვემოთ).
II. სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება და ფაქტების დადგენა
„ა“. მხარეთა არგუმენტები
1. განმცხადებელი
49. განმცხადებელმა მიუთითა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის, რათა იგი გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნებულიყო, რომ მისი ძმა სწორედ პოლიცილეთა მიერ იყო განზრახ მოკვდინებული. განმცხადებელმა სასამართლოს ყურადღება მიაპყრო ადგილობრივ ხელისუფალთა წარუმატებლობაზე, ჩაეტარებინათ სათანადო გამოძიება და ასევე მოთხოვნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტების მათ მიერ სასამართლოსათვის გადაუცემლობაზე. აღნიშნული ხარვეზები, განმცხადებლის აზრით, მიანიშნებდა ხელისუფალთა სურვილზე, დაემალათ და არ გაემხილათ მკვლელების ვინაობა.
50. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევისათვის, თუ სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა არ დარწმუნდებოდა, რომ მისი ძმა პოლიციაში პატიმრობისას იყო მოკლული, საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო თანაბარი ალბათობის[2] საფუძველზე, რომელიც, მისი აზრით, იყო საპატიმრო დაწესებულებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეებში შესაბამისი ტესტი. ოფიციალურ პირთა რესურსებისა და ვალდებულებების გათვალისწინები, მხოლოდ მათ, და არა მისი გარდაცვლილი ძმის ოჯახს, შეეძლოთ მოეპოვებინათ მტკიცებულებები მისი ძმის დაღუპვის მიზეზების თაობაზე. ოჯახი ხელისუფალთა მხრიდან მოელოდა ეფექტური გამოძიების ჩატარებას, თუმცა გამოძიება იყო უკიდურესად არაადაკვატური და, უფლებამოსილ პირთა უმოქმედობის შედეგად, ოჯახს არ ჰქონდა საშუალება დამატებით წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება.
2. მთავრობა
51. როგორც მთავრობამ მიუთითა, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აბდულქადირ ჩელიქბილექი უშიშროების ძალის წევრების მიერ იქნა მოკლული. ამ არგუმენტის გასამყარებლად მთავრობამ აღნიშნა, რომ სერიოზული წინააღმდეგობა იყო განმცხადებლის მიერ პროკურორთან მიცემულ ჩვენებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის წინაშე მის მიერ განაცხადის ფორმით წარმოდგენილ პრეტენზიებს შორის. კონკრეტულად, განმცხადებელს არასოდეს არ უხსენებია პროკურორთან განაცხადში გამოთქმული პრეტენზიები. უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნულის შესახებ გაიგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიამ მთავრობას შეატყობინა განაცხადის თაობაზე.
52. გარდა ამისა, ის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა სავარაუდოდ მიიღო კაფეში მყოფი ადამიანებისგან, იყო მეორადი და ვერ იქნებოდა გადამწყვეტი. ასევე, როდესაც განმცხადებელმა დიარბაქირის სასამართლოს მიმართა, მას იქ შეატყობინეს, რომ მისი ძმა დაკავებული არ ყოფილა.
53. განმცხადებლის კრიმინალური წარსულის შესახებ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ნარკოტიკული და თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მის წინააღმდეგ ადრე რამდენჯერმე იყო აღძრული საქმე. 1986 წლის 5 ნოემბერს იგი დააკავეს ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფის ჩამოყალიბებაში სავარაუდო ჩართულობისათვის და ჰეროინის ფლობისათვის. შესაბამისად, არსებობდა შესაძლებლობა იმისა, რო განმცხადებლის ძმა სწორედ მაფიური ტიპის შურისძიებას ემსხვერპლა.
54. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავად განმცხადებლის წინააღდეგ იყო სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული ქმპ-ის წევრობისათვის და რომ ასევე დადგენილი იყო მისი შვილის ფეთიჰის აქტიური წევრობა და ჩართულობა ამ ორგანიზაციაში.
55. უფრო მეტიც, განმცხადებელი დაიკითხა და იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში 1996 წელს ქმპ-ის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას. ქმპ-ის წევრობისათვის მის წინააღმდეგ დაწყებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა და დიარბაქირის სასამართლომ გასცა ბრძანება მისი დაპატიმრებისათვის აღნიშნული წარმოების მიმდინარეობის განმავლობაში.
„ბ“. მუხლი 38.1 და სასამართლოს მიერ გამოტანილი შემდგომი დასკვნები
56. ვიდრე დაიწყებდეს მტკიცებულებათა შეფასებას, სასამართლო კიდევ ერთხელ გაიმეორებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი ინდივიდუალური საჩივრის შეფასებისას იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოებმა გამოიყენონ ყველა საჭირო საშუალება წარმოდგენილ განაცხადთა სათანადო და ეფექტური გამოკვლევისათვის (იხ. Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, § 70, ECHR 1999–IV). ამ ტიპის საქმეთა განხილვას ახასიათებს ის, რომ როდესაც განმცხადებელი ინდივიდუალურად სდებს ბრალს სახელმწიფოს წარმომადგენლებს კონვენციით გარანტირებული მისი უფლებების დარღვევაში, გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოს აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული პრეტენზიების დადასტურება თუ უარყოფა. მთავრობის მიერ მის ხელთ არსებული ასეთი ინფორმაციის წარმოუდგენლობამ დამაკმაყოფილებელი ახსნის გარეშე შესაძლოა არა მხოლოდ განმცხადებლის პრეტენზიის დასაბუთებულობასთან მიმართების დასკვნების გაკეთებას შეუწყოს ხელი, არამედ ასევე შეიძლება უარყოფითად აისახოს კონვენციის 38.1 (ა) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხე სახელმწიფოს მიერ შესრულებაზეც (იხ. Timurtaş v. Turkey, no. 23531/94, §§ 66 და 70, ECHR 2000-VI).
57. ამ კონტექსტში სასამართლომ შეშფოთებით აღნიშნა რამდენიმე საკითხი, რომლებიც შეეხება მთავრობის მიერ გაცემულ პასუხს სასამართლოს მიერ გამოთხოვილ დოკუმენტებსა და ინფორმაციაზე. გარდა კონკრეტული დოკუმენტების ინდივიდუალურად გამოთხოვისა, სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში ასევე ითხოვა მთელი საგამოძიებო მასალების წარმოდგენა.
58. რაც შეეხება ადგილობრივი გამოძიების მასალებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობას სასამართლომ 1999 წლის 2 ივლისს მოსთხოვა სრული საგამოძიებო მასალები. პასუხად, მთავრობამ სასამართლოს გამოუგზავნა „რამდენიმე დოკუმენტი მასალებიდან, მოთხოვნილი სასამართლოს მიერ, რომლებიც მათი დაკვირვებით მანამდე არ იქნა წარმოდგენილი“. ამის შემდეგ სასამართლომ სთხოვა მთავრობას დაედასტურებინა, იყო თუ არა ამ დრომდე წარმოდგენილი დოკუმენტები სრული საგამოძიებო მასალები განმცხადებლის ძმის გარდაცვალების საქმეზე. თუმცა აღნიშნულ შეკითხვაზე არანაირი პასუხი არ გაცემულა.
59. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს დაკვირვებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს სრულ საგამოძიებო მასალებებს. ზემოთ განხილული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რამდენიმე დოკუმენტი გამოძიების ფაილებიდან არ გაეგზავნა არც კომისიას და არც სასამართლოს.
60. უპირველეს ყოვლისა, ზემოთ ხსენებული ადგილზე შედგენილი ოქმისა 1994 წლის 21 დეკემბერს და ასევე გვამის გაკვეთის თაობაზე შედგენილი მთლიანი ანგარიშიდან იკვეთება (იხ. პარაგრაფები 33 და 36 ზემოთ), რომ განმცხადებლის ძმის სხეულს გადაუღეს ფოტოსურათები როგორც იმ ადგილას, სადაც ის იპოვეს, ასევე გაკვეთის დროსაც. არც ერთი ასეთი ფოტოსურათი არ იქნა წარდგენილი კონვენციით გათვალისწინებული ორგანოებისათვის.
61. ამავდროულად, არც ანკარის უშიშროების გენერალური შტაბისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 1996 წლის 10 ივნისს (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ) გაგზავნილი წერილი, რომლითაც განმცხადებლის გარდაცვლილი ძმის კრიმინალური წარსულის თაობაზე იქნა მოთხოვილი ინფორმაცია, არ გადასცემია კონვენციის ორგანოებს.
62. საბოლოოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1999 წლის 2 ივლისს მთავრობას სპეციალურად ეთხოვა სასამართლოსაგან, რათა წარმოედგინა დიარბაქირის ოლქის პატიმრობის დაწესებულებაში 1994 წლის დეკემბერში წარმოებული ჩანაწერები და ცნობები. მიუხედავად 1999 წლის 17 სექტემბერს ანალოგიური მასალის კიდევ ერთხელ მოთხოვნისა, მთავრობამ ეს არ გააკეთა. თუმცა 2000 წლის 23 თებერვალს სასამართლოსადმი გაკეთებულ მიმართვაში მთავრობა აცხადებდა, რომ, 1999 წლის 17 სექტემბერს სასამართლოს მიერ გაკეთებული თხოვნის შესაბამისად, უფლებამოსილმა პირებმა შეამოწმეს დიარბაქირის პატიმრობის დაწესებულების ჩანაწერები და დაადგინეს, რომ აბდულქადირ ჩელიქბილექი იქ არ იმყოფებოდა 1994 წლის დეკემბერში. მიუხედავად ამისა, მთავრობას არ დაურთავს თავის მომართვაზე დაწესებულების ეს ჩანაწერები.
63. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე ახსნა-განმარტება სასამართლოს მხრიდან შესაბამისი დოკუმენტების და ინფორმაციის წარმოდგენაზე მოთხოვნის უგულებელყოფის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოო მიიჩნევს, რომ მას შეუძლია გამოიტანოს მთავრობის ქმედებებიდან დასკვნები ამ შემთხვევაში. ამასთან, მიუთითებს რა მოპასუხე მთავრობის მხრიდან საქმის განხილვის პროცესში თანამშრომლობის მნოშვნელობაზე (იხ. პარაგრაფი 56 ზემოთ), სასამართლო ასკვნის, რომ მთავრობამ ვერ შეასრულა 38.1 („ა“) მუხლით ნაკისრი ვალდებულება - უზრუნველეყო სასამართლო ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო მასალითა და საშუალებით.
„გ“ სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასება
64. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი ძმა წაიყვანეს სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პოლიციის ოფიცრებმა 1994 წლის 14 დეკემბერს და შემდეგ მოკლეს იგი.
65. მთავრობამ უარყო სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენლის ჩართულობა განმცხადებლის ძმის გატაცებასა თუ შემდგომში მკვლელობაში და მიუთითა, რომ მკვლელობა იყო მაფიური შურისძიების შედეგი.
66. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, ზოგადად, სასამართლო ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ არსებული მტკიცებულების სტანდარტით (იხ. გადაწყვეტილება Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი, 1978 წელი,, Series A no. 25, pp. 64-65, § 161). მტკიცებულების ასეთ სტანდარტს ქმნის საკმარისად მყარი, ნათელი და ურთიერთშეთანხმებული დასკვნების, ასევე, ფაქტების თაობაზე არსებული ურთიერთთანმხვედრი და გაუბათილებელი პრეზუმფციების ერთობლიობა. როდესაც საქმის გარემოებების შესახებ მთლიან ინფორმაციას, ან მის დიდ ნაწილს, ექსკლუზიურად ფლობენ ხელისფლების წარმომადგენლები - როგორც ეს მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საპატიმროში ადამიანთა მოთავსებისას ხდება - წარმოიშობა მყარი ვარაუდები ასეთ დაწესებულებაში ყოფნისას მიყენებულ დაზიანებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხე მხარეზე, რათა მან წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი ახსნა-განმარტებები (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, ECHR 2000-VII, § 100).
67. სასამართლომ უკვე მიუთითა მთავრობის მხრიდან პატიმრობის დაწესებულების შესაბამისი ჩანაწერების წარმოუდგენლობაზე (იხ. პარაგრაფრი 62 ზემოთ). სასამართლოს აზრით, აღნიშნული ჩანაწერები იქნებოდა გადამწყვეტი განმცხადებლის ბრალდებების სისწორის დასადასტურებლად თუ უარსაყოფად (cf. Tepe case, ციტირებული ზემოთ, §§ 48 and 163).
68. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ან ან დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ჩანაწერებზე ყურადღება გამახვილებულ იქნა გამომძიებელი პირების მხრიდან. კონკრეტულად, არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ანგარიშები შემოწმებულ იქნა ან
გამოძიების წამმართველი პროკურორის (იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ) ან იმ პოლიციის ოფიცრის მიერ (იხ. პარაგრაფები 15 და 52 ზემოთ), რომელმაც დიარბაქირის სასამართლოში შეატყობინა განმცხადებელს, რომ მისი ძმა პოლიციელთა მხრიდან არ ყოფილა დაკავებული. ასეთ პირობებში, არც განმცხადებლს და არც კონვენციის ორგანოებს არ ჰქონდათ არანაირი წვდომა აღნიშნულს დოკუმენტებზე მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე.
69. სასამართლოს შეფასებით, საკუთარი პრეტენზიების დასადასტურებლად განმცხადებელმა ყველაფერი გააკეთა, რაც გონივრულობისა და რეალისტურობის ფარგლებში მოეთხოვებოდა მას. წინამდებარე საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს შეუსაბამოდ მიაჩნია დაასკვნას, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები თავისი პრეტენზიის დასადასტურებლად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ინფორმაცია მთავრობის ხელში იყო მოქცეული. ასეთ ვითარებაში სასამართლო ისევ იმეორებს, რომ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხე მთავრობას აქვს წვდომა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ბრალდების გამამყარებელ თუ უარმყოფელ ინფორმაციაზე, მთავრობის მხრიდან დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტების გარეშე ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობამ, შესაძლებელია, პრეტენზიის დასაბუთებულობასთან მიმართებით კონკრეტული დასკვნების გამოტანას შეუწყოს ხელი.
70. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ, როდესაც თავის ექსკლუზიურ მფლობელობაში არსებული, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით მთავრობა ხელს უშლის სასამართლოს ფაქტების დადგენაში, სწორედ მთავრობამ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ ვერ გაამყარებდა განმცხადებლის ბრალდებებს ასეთი დოკუმენტები (იხ. Akkum and Others v. Turkey, no. 21894/93, § 211, 24 March 2005).
71. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმოწმებს მთავრობის მხრიდან გაკეთებულ მიმართვას, რომ კომპეტენტურმა პირებმა მოიკვლიეს საპატიმრო დაწესებულების შესაბამისი ჩანაწერები 1999 წლის 17 სექტემბრისა და 2000 წლის 23 თებერვლის გარკვეულ შუალედში და დაადგინეს, რომ აბდულქადირ ჩელიქბილექი 1994 წლის დეკემბერში იქ არ იმყოფებოდა. თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მტკიცებულებათა შეფასება და ფაქტების დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა და მისივე გადასაწყვეტია წარმოდგენილი დოკუმენტების მტკიცებულებითი ძალის შეფასება. ფაქტია, რომ მთავრობამ, მიუხედავად საკმარისი შესაძლებლობის არსებობისა, არ წარმოადგინა დაწესებულების ჩანაწერები და არც განმარტა სასამართლოს მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზები.
72. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს დასკვნით, მთავრობის მითითება იმის თაობაზე, თითქოს ჩანაწერები შემოწმებულ იქნა ხელისუფალთა მხრიდან, არის არასაკმარისი ზემოხსენებული მტკიცების ტვირთისაგან მისი გათავისუფლებისათვის იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერები ვერ დაადასტურებდა განმცხადებლის პრეტენზიის მართებულობას. შესაბამისად, სასამართლოს ისღა დარჩენია დაასკვნას, რომ განმცხადებლის ძმა მართლაც იქნა დაკავებული და დაპატიმრებული სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ, როგორც ამტკიცებს განმცხადებელი. ამდენად, მთავრობის ვალდებულებაა ახსნას რა ვითარებაში იქნა აბდულქადირ ჩელიქბილექი მოკლული, როცა ის ჯერ კიდევ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ხელში იმყოფებოდა. ვინაიდან არანაირი მსგავსი განმარტება მთავრობას არ შემოუთავაზებია, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო აეხსნა აბდულქადირ ჩელიქბილექის მკვლელობის გარემოებები.
III. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
73. კონვენციის მე-2 მუხლის თანხმად:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან.
ბ. კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად.
გ. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
1) აბდულქადირ ჩელიქბილექის მკვლელობა
ა. მხარეთა მიერ ფაქტებზე მითითება
74. განმცხადებელი უთითებდა, რომ მისი ძმა მოკლულ იქნა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით.
75. მთავრობამ უარყო ეს ბრალდება.
ბ. სასამართლოს შეფასება
76. მე-2 მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლება და ადგენს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ამ უფლების ხელყოფა შეიძლება იქნეს გამართლებული, წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ფუნდამენტურ ნორმა-დებულებას კონვენციისა, რომლიდან გადახვევაც დაუშვებელია. მე-3 მუხლთან ერთად იგი ასევე იცავს ევროპის საბჭოში შემავალ დემოკრატიულ საზოგადოებათა ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას. შესაბამისად, გარემოებები, როდესაც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება გამართლებული იყოს, უნდა იქნეს მკაცრად რეგლამენტირებული. კონვენციის, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებათა უფლებების დამცავი ინსტრუმენტის, მიზანი მოითხოვს მე-2 მუხლის იმგვარად განმარტებასა და გამოყენებას, რომ მისი დაცვითი მექანიზმი იყოს შედეგიანი და ეფექტური (იხ. McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, Series A no. 324, pp. 45-46, §§ 146-147).
77. მე-2 მუხლის ტექსტი, მთლიანობაში წაკითხული, წარმოაჩენს, რომ იგი მოიცავს არა მხოლოდ განზრახ ჩადენილ მკვლელობას, არამედ იმ შემთხვევებსაც, როცა ნებადართულია ისეთი „ძალის გამოყენება“, რომელსაც, როგორც გაუფრთხილებელი შედეგი, შეიძლება მოჰყვეს სიცოცხლის ხელყოფა. თუმცა, წინასწარ გამიზნულად თუ განზრახ სასიკვდილო ძალის გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მხედველობაში მიიღება ხელყოფის აუცილებლობის შეფასებისას. ნებისმიერი გამოყენება ძალისა არ უნდა სცდებოდეს „აბსოლუტური აუცილებლობის“ ზღვარს იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც ჩამოყალიბებულია „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში. აღნიშნული ტერმინი გულისხმობს, რომ აქ აუცილებლობის გაცილებით უფრო მკაცრი ტესტი უნდა იქნეს გამოყენებული, ვიდრე ჩვეულებრივ, იმ შემთხვევებში, როდესაც ფასდება სახელმწიფოს ქმედებების „აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-8-მე-11 მუხლების მე-2 პუნქტების მიხედვით. შესაბამისად, გამოყენებული ძალა მკაცრად თანაზომიერი უნდა იყოს დაშვებული მიზნის მიღწევისათვის (ibid., პ. 46, §§ 148-149).
78. მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილოს სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები და მხედველობაში მიიღოს არა მარტო სახემწიფოს წარმომადგენელთა ქმედებები, არამედ მთლიანად არსებული გარემოებები. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს მაშინ, როდესაც იგი ემყარება კეთილსინდისიერ რწმენას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნევა დასაბუთებულად, თუმცა მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდება (ibid., პარაგრაფები 58-59, 200). 79. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება აბდულქადირ ჩელიქბილექის სიკვდილის თაობაზე (იხ. პარაგრაფი 71 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-2 მუხლის აბდულქადირ ჩელიქბილექის მკვლელობასთან დაკავშირებით.
2. გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობა
80. განმცხადებელმა მიუთითა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი ხელისუფალთა მხრიდან მისი ძმის მკვლელობის თაობაზე ადეკვატური და ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. განმცხადებელმა ყურადღება გაამახვილა, inter alia, გამოძიების შემდეგ ხარვეზებზე: ა) არ იქნა დაცული ის ადგილი, სადაც გარდაცვლილის გვამი იპოვეს, განსაკუთრებით ეს შეეხება ფეხის ნაკვალევებს და საბურავის კვალს, რომელთა ანაბეჭდებიც, როგორც მთავრობა უთითებს, არ აუღიათ. ბ) არანაირი მტკიცებულება არ იყო იმის თაობაზე, რომ გატარდა ზომები თითის ანაბეჭდების ასაღებად, თუმცა დადგენილი იყო მსხვერპლის დახრჩობის ფაქტი. გ) პროკურორმა არ ჩამოართვა ჩვენება კაფეს მეპატრონესა და სტუმრებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დიარბაქირის მიდამოებში მორიგედ მყოფ ოფიცრებს, ასევე რიგით ადამიანებს, რომელთაც შეატყობინეს 1994 წლის 21 ნოემბერს პოლიციას გვამის პოვნის შესახებ. დ) არც გვამისთვის გადაღებული ფოტოსურათები და არც დიარბაქირის ოლქის საპატიმრო ადგილების ჩანაწერები არ უჩვენებიათ განმცხადებლისათვის. და ბოლოს, ე) მკვლელობის გამოძიების დროის ხანგრძლივობა. 81. მთავრობამ მიუთითა, რომ აბდულქადირ ჩელიქბილექის გვამთან ახლოს არანაირი მტკიცებულება არ იქნა ნაპოვნი, რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა დანაშაულის ჩამდენთა ვინაოობისათვის. პროკურორმა გამოძიება დაიწყო გაკვეთის ჩატარებითა და გარდაცვლილის ცოლისა და ძმის დაკითხვით. ეს გამოძიება გაგრძელდებოდა 2014 წლის 20 დეკემბრამდე და პროკურორს ყოველ სამ თვეში შეატყობინებდნენ გამოძიების პროცესში მიღწეული რაიმე განვითარების თაობაზე. 82. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კოვნენციის მე-2 მუხლით დადგენილი სიცოცხლის დაცვის ვალდებულება, კოვნენციის 1-ლი მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან ერთად - „საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები“, თავისი შინაარსით მოითხოვს, რომ რაიმე ფორმით უნდა ჩატარდეს ეფექტური ოფიციალური გამოძიება, როდესაც ძალის გამოყენების შედეგად მოკლულია ადამიანი (იხ., mutatis mutandis, McCann and Others, ციტირებული ზემოთ, § 161; იხ. ასევე Kaya v. Turkey, 1998 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-I, § 105). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ვალდებულება არ შემოიფარგლება იმ მხოლოდ შემთხვევებით, როდესაც მკვლელობა აშკარად სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ იქნა ჩადენილი (იხ. Salman, ციტირებული ზემოთ, § 105). 83. სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ, განმცხადებლის მითითებით, მან მიაკითხა დიარბაქირის სასამართლოს პროკურორის ოფისს პეტიციის წარსადგენად, სადაც მისაღებში პოლიციელისაგან მოისმინა, რომ მისი ძმა არ იყო მოხსენებული მათ ხელთ არსებულ სიებში (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით განმცხადებელმა პროკურორთან ჩვენება მისცა 1994 წლის 21 დეკემბერსაც (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). 84. განმცხადებლის ინფორმაცია, რომ ის მივიდა დიარბაქირის სასამართლოში, დადასტურებულ იქნა მოპასუხე მთავრობის მიერაც, რომლის ახსნა-განმარტებითაც, განმცხადებელმა მიაკითხა დიარბაქირის სასამართლოს, სადაც მას პოლიციის ოფიცრებმა შეატყობინეს, რომ მისი ძმა დაკავებული არ ყოფილა. 85. შესაბამისად, მთავრობის მტკიცება, თითქოს განმცხადებელს გამოძიებაზე უფლებამოსილ პირთათვის არასოდეს განუცხადებია პრეტენზია საკუთარი ძმის პოლიციელთა მხრიდან დაკავების გამო (იხ. პარაგრაფი 51 ზემოთ), არის დაუსაბუთებელი მთავრობისავე ზემოთ ხსენებული აღიარებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, განმცხადებელს რეალურად უთხრეს დიარბაქირის სასამართლოში, რომ მისი ძმა პოლიციის მიერ დაკავებული არ ყოფილა (იხ. პარაგრაფი 52 ზემოთ). ასეთი პასუხი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მხოლოდ ისეთ შეკითხვას, რომელიც მიზნად დაისახავდა გამოერკვია, დაკავებული ჰყავდა თუ არა პოლიციას პიროვნება. 86. განსახილველი მოვლენების განვითარების დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, პროკურორი, რომელსაც ნებისმიერი გზით შეატყობინებდნენ დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე, ვალდებული იყო გამოეძიებინა ფაქტები, რათა გადაეწყვიტა დევნის დაწყების საკითხი. გარდა ამისა, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულად ითვლებოდა ინდივიდისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა დროულად და სათანადოდ მიაწოდა ცნობა სასამართლოს კომპეტენტურ პირებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მომენტიდან ხსენებულ პირებს გააჩნდათ ვალდებულება ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება აბდულქადირ ჩელიქბილექის გაუჩინარების თაობაზე. 87. მთავრობის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არავითარი დოკუმენტი, რომელიც მიანიშნებდა, რომ გაუჩინარებისთანავე, გადამწყეტ დღეებში, გადაიდგა რაიმე ნაბიჯი ხსენებული პირების მხრიდან. კონკრეტულად, როგორც განმცხადებელმა მიუთითა, არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ან კაფეს მეპატრონე თუ სტუმრები ან რომელიმე პოლიციელი დაიკითხა პროკურორის მიერ. უფრო მეტიც, არაფერი არ ადასტურებს, რომ საპატიმრო დაწესებულების შესაბამისი ჩანაწერები მოიძია პროკურორმა გაცხადებული პრეტენზიის სისწორის შესამოწმებლად. ანალოგიურად, ჩვენებები არ ჩამოართვეს არც განმცხადებლს და არც მისი ძმის მეუღლეს. 88. სასამართლოს დასკვნით, გამოძიებაზე უფლებამოსილმა პირებმა საერთოდ არაფერი იღონეს აღნიშნულ გადამწყვეტ დღეებში - იმ პერიოდში, როდესაც დიდი რაოდენობა ადამიანებისა იქნა დახოცილი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. 89. რაც შეეხება განმცხადებლის ძმის მკვლელობის გამოძიებას, სასამართლოს აზრით, აბდულქადირ ჩელიქბილექის გვამის პოვნა ipso facto წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე, რათა ჩატარდეს გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების ეფექტურად გამოძიება (იხ. mutatis mutandis, Ergi v. Turkey, 1998 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, Reports 1998-IV § 82; Yaşa v. Turkey, 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports 1998-VI § 100). 90. როგორც ადგილზე დათვალიერების ოქმებიდან ჩანს, არანაირი სერიოზული მოკვლევა შემთხვევის ადგილას, სადაც გვამი იქნა ნაპოვნი, არ ჩატარებულა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს განმცხადებლის მიერ ხაზგასმულ ხარვეზებსა და შეცდომებზე (იხ. პარაგრაფი 79 ზემოთ). 91. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის თანდასწრებით შედგენილ ოქმში საუბარია აბდულქადირ ჩელიქბილექის მავთულსადენით დახრჩობის თაობაზე, მთავრობამ არ წარმოადგინა არანაირი ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ჩატარდა ამ მავთულსადენის ან სხვა დაკავშირებული მტკიცებულების საძიებო პროცედურები - მაგალითად, თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა ან დნმ-ის ანალიზი. 92. რაც შეეხება პროკურორის მიერ ამის შემდეგ ჩატარებულ გამოძიებას, სასამართლოს შეფასებით, აქაც არავითარი სერიოზული ნაბიჯი არ გადადგმულა, კონვენციის ორგანოებისადმი მოწოდებული დოკუმენტების თანახმად. გამოძიება შემოიფარგლებოდა გვამის გაკვეთითა და განმცხადებლისა და გარდაცვლილის მეუღლისათვის ჩვენებების ჩამორთმევით. 93. სასამართლო შენიშნავს, რომ გამოძიება გაგრძელდება კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, 2014 წლამდე. თუმცა, როგორც ჩას, გამოძიების ეს პერიოდი შემოიფარგლა მხოლოდ პროკურორსა და პოლიციას შორის წერილების გაცვლით, რომლებშიც პოლიცია სტანდარტულად ამტკიცებს, რომ კვლავაც ეძებს დანაშაულის ჩამდენებს (იხ. პარაგრაფები 41-42 და 44-46 ზემოთ). რადგანაც ამ წერილებში ნახსენები არაა რაიმე პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც გადაიდგა ან აპირებენ, რომ გადაიდგმება, სასამართლო ვერ მიიჩნევს მათ სერიოზული გამოძიების ჩატარების დამადასტურებელ საბუთად. 94. უკვე ხაზგასმული უაღრესად სერიოზული ხარვეზების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება განმცხადებლის ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით, რასაც მოითხოვდა კონვენციის მე-2 მუხლი. 95. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიას განმცხადებელის მიერ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობასთან დაკავშირებით და ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მის პროცედურულ ნაწილში.
IV. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
96. განმცხადებელმა პრეტენზია გამოთქვა კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებითაც, რომ მისი ძმის გატაცებამ და მკვლელობამ, ასევე ხელისუფალთა მხრიდან გამოხატული გულგრილობამ გამოიწვია მისი მწუხარება და ტანჯვა, რაც გაუთანაბრდა არაადამიანურ მოპყრობას. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად: „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას.“ 97. მთავრობას, განმცხადებლის პრეტენზიის ფაქტობრივი საფუძვლების უარყოფის გარდა, სპეციალური შეპასუხება არ წარმოუდგენია კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში გამოთქმულ საჩივართან დაკავშირებით. 98. თუმცა სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს იმ ფაქტში, რომ ძმის მკვლელობამ განმცხადებლის დიდი ტანჯვა და ტკივილი გამოიწვია, მიუხედავად ამისა, იგი ვერ ხედავს საფუძველს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დასადასტურებლად (იხ., a contrario, გაუჩინარების საქმეები; Tanlı v. Turkey, no. 26129/95, § 159, ECHR 2001-III (ამონარიდები)). 99. შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი.
V. კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა
100. კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში განმცხადებელი ასაჩივრებდა, რომ მისი ძმის მკვლელობის არაადაკვატური გამოძიების შედეგად, მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი იმ დამნაშავეთა წინააღმდეგ, რომლებიც ვერ იქნენ იდენტიფიცირებულნი. 101. კომისიისა და სასამართლოსათვის წარდგენილ მიმართვებში განმცხადებელი ასევე ამტკიცებდა, რომ გამოძიების სათანადოდ წარუმართაობამ გამოიწვია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაც. 102. მთავრობას განმცხადებლის მითითებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია სპეციალური შეპასუხება. 103. დასაწყისში სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ დაუმოწმებია კონვენციის მე-13 მუხლი თავის სააპლიკაციო ფორმაში. ეს მუხლი პირველად ნახსენები იქნა 1996 წლის 27 იანვრის მიმართვებში. 104. მიუხედავად ამისა, სასამართლო იმეორებს, რომ ვინაიდან საქმეში არსებული ფაქტების სამართლებრივი შეფასება სწორედ მისი კომპეტენციაა, იგი არ თვლის თავს შებოჭილად განმცხადებლის, მთავრობისა თუ კომისიის შეფასებებით. პრინციპზე jura novit curia დაყრდნობით, მაგალითად, სასამართლოს თავისი ინიციატივით განუხილავს საჩივრები იმ მუხლებისა თუ პუნქტების მიხედვით, რომლებზეც არ უთითებდნენ მხარეები. საჩივარი წარმოადგენს მასში მითითებული ფაქტების და არა მარტო სამართლებრივი საფუძვლებისა და არგუმენტების ნაკრებს (იხ. Guerra and Others v. Italy, 1998 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports 1998-I, § 44; Powell and Rayner v. the United Kingdom 1990 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, Series A no. 172, p. 13, § 29; იხ. ასევე Assenov and others v. Bulgaria, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Reports 1998-VIII, §132).
105. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო შენიშნავს, რომ მას განუხილავს მსგავსი საჩივრები კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში მე-6 მუხლის ნაცვლად, რადგანაც ჩათვალა, რომ ასეთი პრეტენზიები მჭიდროდ უკავშირდებოდა განმცხადებლის უფრო ზოგად უკმაყოფილებას ხელისუფალთა მხრიდან გამოძიების ჩატარების თაობაზე. კონვენციის მე-13 მუხლი მიჩნეულ იქნა შესაფერის და საჭირო დებულებად, რადგანაც კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ვერ გამოასწორებს მხოლოდ კომპენსაციის მიცემა მსხვერპლის ნათესავებისათვის (იხ., mutatis mutandis, Kaya, ციტირებული ზემოთ, §§ 104-105). 106. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საჩივარი მთლიანად მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, თუ როგორ გამოიძია პროკურორმა მისი ძმის მკვლელობის საქმე. გარდა ამისა, განმცხადებელს არ უცდია თვითონ წარედგინა რაიმე სამოქალაქო სარჩელი. შესაბამისად, საჩივარი უნდა შემოწმდეს მხოლოდ კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში, რომლის თანახმადაც „ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“ 107. სასამართლო იმეორებს, რომ ეროვნულ დონეზე გარანტირებულია კონვენციის მე-13 მუხლით ხელმისაწვდომობა იმგვარ სამართლებრივ საშუალებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას იმ ფორმით, რა ფორმითაც ამ უფლებებს დაიცავს შიდა მართლწესრიგი. შესაბამისად, მე-13 მუხლი მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ისეთი ნორმის არსებობას, რომ მოხდეს კონვენციაზე დაფუძნებული „სადავო საჩივრის“[3] განხილვა, საჩივრის წარმდგენს კი ადეკვატურად შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. თუმცა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მინიჭებული აქვთ გარკვეული დისკრეცია, როგორ შეასრულებენ აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებას. მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების მასშტაბები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სახის (როგორ) საჩივარს წარადგენს განმცხადებელი კონვენციაზე დაყრდნობით. მაგრამ მე-13 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი საშუალება უნდა იყოს „ეფექტური“ როგორც პრაქტიკული, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით; კერძოდ, იმ გაგებით, რომ მის განხორციელებას გაუმართლებლად არ შეეშალოს ხელი მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფალთა ქმედებებისა და შეცდომების გამო (იხ. Aksoy v. Turkey, 1996 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, Reports 1996-VI, p. 2286, § 95; Aydın v. Turkey, 1997 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports 1997-VI, pp. 1895-96, § 103; Kaya, ციტირებული ზემოთ, § 106). 108. სიცოცხლის უფლების ფუნდამენტურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მე-13 მუხლი, გარდა შესაბამის შემთხვევებში კომპენსაციის გადახდისა, ასევე მოითხოვს ყოველმხრივ და ეფექტურ გამოძიებას, რომლის საშუალებითაც უნდა შეიძლებოდეს სიცოცხლის ხელმყოფი პირების გამოვლენა და დასჯა. ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაზარალებული მხარის ხელმისაწვდომობა საგამოძიებო პროცესზე და მის მიმდინარეობაზე (იხ. Kaya, ციტირებული ზემოთ, § 107). 109. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად განმცხადებლის ძმის სიკვდილისათვის. ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, განმცხადებლის საჩივარი არის „სადავო“ მე-13 მუხლის მიზნებისათვის (იხ. Salman, ციტირებული ზემოთ, § 122, და იქ მითითებული ავტორიტეტული წყაროები). 110. შესაბამისად, კომპეტენტურ პირებს ჰქონდათ ვალდებულება, განმცხადებლის ძმის მკვლელობის საქმეზე ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება. ზემოთ მითითებული მიზეზებიდან გამომდინარე, არავითარი ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა მე-13 მუხლის შესაბამისად, რომლის მოთხოვნების შეიძლება უფრო ფართო იყოს ვიდრე მე-2 მუხლით დადგენილი გამოძიების ვალდებულება (იხ. Kaya, ციტირებული ზემოთ, § 107). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელს არ მიეცა ეფექტური საშუალება მისი ძმის სიკვდილის გამოძიებასთან მიმართებით და, შესაბამისად, ვერ შეძლო მის განკარგულებაში მყოფი სხვა რომელიმე ხელმისავწდომი საშუალების გამოყენებაც, მათ შორის უფლებისა - მოეთხოვა კომპენსაცია. 111. შედეგად, დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.
VI. მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებთან ერთობლიობაში.
112. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ, ქურთული წარმომავლობის გამო, იგი და მისი გარდაცვლილი ძმა დაექვემდებარა დისკრიმინაციას კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებთან ერთობლიობაში. მე-14 მუხლის თანახმად:
„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის გამო.“
113. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან უკვე დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების დარღვევა და აღარ მიიჩნევს საჭიროდ განიხილოს საჩივრების კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
VII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
114. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
1) მატერიალური ზიანი
115. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი გარდაცვლილი ძმა, რომელიც მისი სიკვდილის დადგომისას 38 წლის იყო, იმყოფებოდა ქორწინებაში და ჰყავდა 1 წლის ასაკის ტყუპი ქალიშვილები. ის მუშაობდა გამყიდველებსა და მყიდველებს შორის ბროკერად ბამბის ბაზარზე დიარბაქირში და შოულობდა 6,672.88 ფუნტ სტერლინგს (GBP) წელიწადში. მოცემული მომენტისათვის თურქეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებით, განმცხადებელმა გამოთვალა მისი ძმის მიერ მიუღებელი შემოსავალი - სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით 111,437.09 ფუნტის ოდენობით. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 12,710.28 ფუნტი იმ ხარჯების შესაბამისად, რაც მან გარდაცვლილი ძმის ტყუპების აღსაზრდელად გასწია.
116. მთავრობამ მიუთითა, რომ აპლიკანტს არ უნდა მისცემოდა კომპენსაცია, რადგან მან ვერ დაასაბუთა საკუთარი ბრალდებები. მთავრობამ ასევე პროტესტი გამოთქვა მიუღებელი შემოსავლის გამოთვლის წესსზე, რომელიც დანერგილი იყო გაერთიანებულ სამეფოში გამოყენებისათვის. საბოლოოდ, მან განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულმა კომპენსაციამ არ უნდა გამოიწვიოს უსაფუძვლო გამდიდრება.
117. რაც შეეხება განმცხადებლის მხრიდან მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას, სასამართლო პრაქტიკით დადგინდა, რომ უნდა არსებობდეს აშკარა მიზეზობრივი კავშირი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ანაზღაურებასა და კონვენციის დარღვევას შორის. ანაზღაურებამ კი, შესაბამის შემთხვევაში, შეიძლება მოიცვას მიუღებელი შემოსავლის სახით კომპენსაციის მიღების უფლებაც (იხ., სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის, Barberà, Messegué and Jabardo v. Spain (Article 50), 1994 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, Series A no. 285-C, pp. 57-58, §§ 16-20).
118. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განმცხადებლის გარდაცვლილი ძმის აბდულქადირ ჩელიქბილექის ასაკსა და ოჯახურ მდგომარეობაზე, ასევე, იმ ფაქტზე, რომ, როგორც დადგინდა, ხელისუფლება იყო სიკვდილზე პასუხისმგებელი კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 78 ზემოთ). ასეთ პირობებში, არსებობდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მე-2 მუხლის დარღვევასა და იმ ზიანს შორის, რომელიც მიადგა აბდულქადირ ჩელიქბილექის ოჯახს მისი ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვის შედეგად.
119. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, სასამართლო განმცხადებელს ანიჭებს 60,000 ევროს აბდულქადირ ჩელიქბილექის ქვრივისა და შვილების სასარგებლოდ.
2) არამატერიალური ზიანი
120. განმცხადებელი ითხოვდა 40,000 ფუნტს მისი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით და 10,000-ს მის (საკუთარი თავის) მიმართ კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევის გამო.
121. მთავრობამ მიუთითა, რომ განმცხადებელს არ უნდა მიენიჭოს კომპენსაცია, რადგან მან ვერ დაასაბუთა თავისი ბრალდებები.
122. სასამართლოს შეფასებით, მან უკვე დაადგინა, რომ ხელისუფლების ოფიციალური პირები იყვნენ პასუხისმგებელნი გარდაცვლილის დაღუპვის გამო. გარდა ამ ნაწილში მე-2 მუხლის დარღვევისა, სასამართლოს დასკვნით, კომპეტენტურმა პირებმა არ აწარმოებს ეფექტური გამოძიება და არ უზრუნველყვეს სათანადო სამართლებრივი საშუალების ხელმისაწვდომობა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებისა და მე-13 მუხლის დარღვევით. ასეთ პირობებში, მსგავს საქმეეში მინიჭებული კომპენსაციების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ადგენს სამართლიან კომპენსაციას 20,000 ევროს ოდენობით არაქონებრივი ზიანისათვის აბდულქადირ ჩელიქბილექის ქვრივისა და შვილების სასარგებლოდ. ასევე, პირადად განმცხადებელს ანიჭებს 3,500 ვეროს მისთვის მიყენებული არქონებრივი ზიანის გამო.
3) ხარჯები და გაწეული დანახარჯები
123. განმცხადებელი მოითხოვდა 11,966,90 ფუნტს სასამართლოში საჩივრის წარსადგენად გაწეული ხარჯებისათვის. ხარჯები მოიცავდა: ა) 3,080 ფუნტს - ბრიტანელი ადვოკატების მომსახურების საფასურს. ბ) 2,970 ფუნტს თურქეთში დაფუძნებული ადვოკატების მომსახურების საფასურს. გ) 510 ფუნტს ბრიტანეთში დაფუძნებული ადვოკატების მიერ გადათარგმნაში გაწეული ხარჯებისათვის დ) 156,90 ფუნტს ბრიტანეთში დაფუძნებული ადვოკატების მიერ გაწეიული ადმინისტრაციული ხარჯებისათვის. ე) 950 ფუნტს თურქეთში დაფუძნებული ადვოკატების მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებისათვის ვ) 2,500 ფუნტს „ქურთისტანის ადამიანის უფლებათა პროექტის“ (KHRP) მიერ დაქირავებული მუშაკებისათვის გადასახდელად სამართლებრივი დახმარებისა და ადმინისტრაციული დანახარჯებისათვის. ზ) 375 ფუნტს (KHRP)-ის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებისათვის და, საბოლოოდ, თ) 1,425 ფუნტს (KHRP)-ის მიერ გაწეული თარგმნისათვის საჭირო ხარჯებისათვის.
124. მთავრობა პროტესტს გამოთქვამდა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ხარჯები იყო გადაჭარბებული და ფიქტიური. ასევე, მთავრობას მიაჩნდა, რომ არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ რეალურად იქნა გაწეული მითითებული ოდენობის ხარჯები. 125. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლო განმცხადებელს ანიჭებს 8,000 ევროს და ასევე ყველა იმ გადასახადის ანაზღაურებას, რომელთაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა. თანხა გადარიცხული იქნეს განმცხადებლის წარმომადგენლის ანგარიშზე ბრიტანეთში ფუნტ სტერლინგებში, როგორც მოითხოვდა თავად განმცხადებელი.
4) საურავი
125. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ოდენობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმადუარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიას.ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება კონვენციის 38-ე მუხლის მიხედვით, გადაეცამ ფაქტების დასადგენად ყველა საჭირო მასალა სასამართლოსათვის.ადგენს, რომ მთავრობა პასუხისმგებელია განმცხადებლის ძმის სიკვდილისათვის კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მოპასუხე სახწელმწიფოს თანამდებობის პირთა მხრიდან განმცხადებლის ძმის მკვლელობის საქმის ეფექტურად გამოუძიებლობის გამო.ადგენს, რომ არ დარღვეული კონვენციის მე-3 მუხლი.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.ადგენს, რომ საჭირო აღარაა გაირკვეს დაირღა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებთან მიმართებით.ადგენს, რომ ა) მოპასუხე სახელმწიფომ იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს ქონებრივი ზიანისათვის 60,000 (სამოცი ათასი) ევრო და ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა. გადასახდელი თანხა კონვერტირებულ იქნეს ახალ თურქულ ლირაში და გადახდილი იქნეს ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით განმცხადებლისათვის აბდულქადირ ჩელიქბილექის ქვრივისა და შვილების სასარგებლოდ. ბ) ზემოხსენებულ სამთვიან პერიოდში მოპასუხე სახელმწიფომ ახალ თურქულ ლირაში გადაანგარიშებით და ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით არაქონებრივი ზიანისათვის განმცხადებელს გადაუხადოს: 1) 20,000 ევრო აბდულქადირ ჩელიქბილექისა ქვრივისა და შვილების სასარგებლოდ. 2) 3,500 უშუალოდ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო. 3) და ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგრის მითითებული თანხები. გ) ზემოხსენებულ სამთვიან პერიოდში მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს მის მიერ მითითებულ გაერთიანებული სამეფოს ბანკის ანგარიშზე გადაუხადოს 8,000 ევრო გაწეული დანახარჯებისათვის, კონვერტირებული ფუნტ სტერლინგებში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა. დ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლის შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორებამდე ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება უბრალო პროცენტები ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლი განაკვეთით, რომელსაც დაემატება სამი პროცენტული პუნქტი.უარყოფსს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გაცხადებულია 2005 წლის 31 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ს. დოლე, სექციის მდივანი. ჟ.-პ. კოსტა, თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ბ-ნი კოსტას შემდგომი ნაწილობრივ თანმხვედრი აზრი.
ჟ.-პ.კ ს.დ.
მოსამართლე კოსტას ნაწილობრივ თანმხვედრი აზრი
ვეთანხმები სასამართლოს დასკვნებს, თუმცა ერთ საკითხთან დაკავშირებით მიჭირს კოლეგებს დავეთანხმო, ვინაიდან პრეცედენტული სამართალი, ჩემი აზრით არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული და ღიაა ცვლილებებისათვის. მე ვგულისხმობ განმცხადებლის პრეტენზიას, რომ მისი ძმის გატაცებამ და სიკვდილმა, ასევე კომპეტენტური პირების გულგრილობამ, გამოიწვია მისი დამწუხრება და ტანჯვა, რაც გაუთანაბრდა არაადამიანურ მოპყრობას. სასამართლომ უარყო აღნიშნული საჩივარი.
სასამართლო პრაქტიკა მართლაც სავსეა ნიუანსებით და იგი იშვიათად იზიარებს, რომ მსხვერპლის ოჯახის წევრი თვითონ მიჩნეულ იქნეს მსხვერპლად კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევიდან გამომდინარე. სასამართლო დაეთანხმა ასეთ საჩივარს, მაგალითად, საქმეში Kurt v. Turkey (1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III). ამ საქმეში დაპატიმრებული პირის დედა, რომელიც ესწრებოდა დაპატიმრების პროცესს და შემდეგში არ მიუღია ცნობები შვილის შესახებ (პროკურორს არც განუხილავს მისი საჩივარი), მიჩნეულ იქნა მის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის დაღვევის მსხვერპლად, ხაგნრძლივი ნერვიულობის გამო, რაც მან განიცადა.
ამის საპირისპიროდ, საქმეში Çakici v. Turkey (no. 23657/94, ECHR 1999-IV) სასამართლო არ დაეთანხმა განმცხადებლის საჩივარს იმის თაობაზე, რომ იგი იყო მე-3 მუხლის დაღვევის მსხვერპლი, რადგანაც თავად არ ესწრებოდა უშიშროების ძალების მიერ მისი ძმის წაყვანას და არ უცდია ვითარება გამოეძია და მიემართა საჩივრებით კომპეტენტური პირებისათვის, ასევე არ არსებობდა მძიმე ემოციური მდგომარეობა, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ხელისუფალთა პასუხს დასმულ კითხვებზე (იხ. Çakici, § 99). ასევე შევნიშნავ, რომ კომისიის წევრთა დიდმა უმრავლესობამ აღნიშნულ საქმეში გამოხატა საპირისპირო აზრი.
წინამდებარე შემთხვევაშიც განმცხადებელი არ შესწრებია მისი ძმის მოტაცებას პოლიციის მიერ, არამედ აღნიშნულის მოწმენი გახლდნენ სხვა პირები. თუმცა, მან თავად გადადგა არაერთი ნაბიჯი, განსაკუთრებით ეს შეეხება პროკურორთა და სასამართლოსთან დაკავშირებას. მოტაცებიდან ერთი კვირის შემდეგ პოლიციის მიერ დილიდანვე აღელვებულმა იხილა თავისი ძმის გვამი, რომელსაც აღენიშნებოდა წამების შემაძრწუნებელი ნიშნები. გარდა ამისა, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავრობა იყო პასუხისმგებელი ამ დაღუპვისათვის, ხოლო კომპეტენტურმა პირებმა არ გამოიძიეს სათანადოდ მკვლელობის საქმე (მე-2 მუხლის ორმაგი დარღვევა).
ასეთ პირობებში შესაძლებელი იყო დაგვესკვნა, რომ განმცხადებლის ტანჯვამ მიაღწია არაადამიანური მოპყრობის ზღვარს, თუმცა მე მაინც არ მიმაჩნია ასეთი დასკვნა მართებულად ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, სტრესი, რომელსაც იწვევს ხანგრძლივი გაუჩინარება და რომელიც არ აძლევს ოჯახს გლოვის საშუალებას, ალბათ, უფრო მეტად მძიმე და არაადამიანურია, ვიდრე უეცარი შეტყობინება მკვლელობის შესახებ, თუმცა მწუხარებამაც, როგორც ასეთმა, შეიძლება მიაყენოს პირს დიდი ტანჯვა. მეორე მხრივ, პრეცედენტული სამართალი მხედველობაში იღებს ოჯახური კავშირების სიახლოვეს და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშობლისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულებას, ვიდრე დედმამიშვილურ ურთიერთობას (იხ. Çakici, § 98). აქედან გამომდინარე, კვლავაც ღრმად ვარ დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში წინამდებარე საქმეში.
[1] ქურთისტანის მშრომელთა პარტია
[2] balance of probabilities (მთარგმნელის შენიშვნა).
[3] Arguable complaint (მთარგმნელის შენიშნვნა).
Full & Egal Universal Law Academy