Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N147
2011 წლის დეკემბერი
ჩენგიზ კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ (Cengiz Kilic v. Turkey)
(საჩივარი- 16192/06)
გადაწყვეტილება, 6 დეკემბერი, 2011
მე-8 მუხლი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
ფაქტები – მომჩივანი განქორწინებულია. მას ჰყავს 2001 წელს დაბადებული ვაჟი, რომელზე მეურვეობაც სასამართლომ დედას მიაკუთვნა. კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები, რათა მას შეენარჩუნებინა შვილთან ურთიერთობა; ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ბავშვის დედის მიერ შექმნილი დაბრკოლებების გადალახვა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მას ბავშვთან კონტაქტის უფლება ეძლეოდა.
სამართალი - მე-8 მუხლი:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
122. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლი მართალია, პირველ რიგში, მიზნად ისახავს პირთა დაცვას ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან, თუმცა ოჯახური ცხოვრების ,,დაცულობის’’ უფლება აგრეთვე მოიცავს პოზიტიურ ვალდებულებებსაც. დამატებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დებულების მიხედვით ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის განსხვავება არ არის მოცემული ზუსტი დეფინიციით. ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა; ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფალი ფარგლებით (იხ. Keegan v. Ireland, 26 მაისი, 1994, § 49, Series A n 290).
123. რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - გადადგას გარკვეული ნაბიჯები, სასამართლო იმეორებს, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას, გაატაროს ღონისძიებები მის შვილთან გაერთიანების მიზნით და ხელისუფლების ვალდებულებას განახორციელოს მსგავსი ღონისძიებები (მაგალითისთვის, იხილეთ,, , Neulinger and Shuruk v. Switzerland [GC], n 41615/07 , § 140, ECHR 2010 -.., Ignaccolo-Zenide v. Romania , n 31679/96 , §94, ECHR 2000-I, და Nuutinen v. Finland , n 32842/96 , § 127, ECHR 2000-VIII).
124. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს პრეცედენტული სამართლით დადგენილ პრინციპს, რომ კონვენციის მიზანია დაიცვას არა თეორიული და ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტიანი უფლებები (see, mutatis mutandis , Artico v. Italy , 13 May 1980, § 33, series A n o 37). სასამართლო აცხადებს, რომ ოჯახური ცხოვრების დაცულობა მოითხოვს, მშობელსა და შვილს შორის სამომავლო ურთიერთობები მოწესრიგდეს ყველა რელევანტური ფაქტორის გათვალისწინებით. მე-8 მუხლის მიხედვით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა ( W. v. United Kingdom , 8 ივლისი, 1987, § 65, Series A n o 121,McMichael v. United Kingdom , 24 თებერვალი, 1995, §§ 87 და 92, Series A no o 307-B, და Dore v. Portugal , n o 775/08 , § 45, 1-ლი თებერვალი, 2011).
125. ამ კონტექსტში სასამართლომ აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა ფასდება მისი განხორციელების სიჩქარით. ნამდვილად, მშობლის უფლებასთან დაკავშირებული პრიცედურები, მათ შორის გადაწყვეტილებების აღსრულება, საჭიროებს დაუყოვნებლივ მიდგომას, ვინაიდან დროის გასვლას შეიძლება ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები შვილებსა და იმ მშობლებს შორის, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ ( Ignaccolo-Zenide , cited above, § 102; see also Pini and Others v. Romania , nos . 78028/01 and 78030/01 , § 175, ECHR 2004-V).
126. მოცემულ საქმეში გადამწყვეტი მნიშველობის საკითხი იყო, მიიღო თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ ყველა ზომა, რომელიც მათ გონივრულად მოეთხოვებოდათ იმ სამართალწარმოების კონტექსტში, რომელიც ეხებოდა მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღდგენას.
127. სასამართლო, საქმის მასალებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ განქორწინებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების 2 ეტაპის დროს, 2005-2008 წლების პერიოდში, მომჩივანმა სულ მცირე ათჯერ მოითხოვა შვილთან ურთიერთობის შენარჩუნება ან აცნობა სასამართლოს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელებას დედა ხელს უშლიდა.
გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მომჩივანს შვილთან კონტაქტი არ ჰქონდა ან ძალიან შეზღუდულად.
128. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მშობლებისა და ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ იქნა მოთხოვნილი 2008 წლის სექტემბრამდე, შესაბამისი დასკვნები კი წარდგენილ იქნა 2008 წლის დეკემბერში, წყვილის დაშორებიდან და მომჩივნის მიერ განქორწინების მოთხოვნის წარდგენიდან 7 წლის შემდეგ.
129. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აცხადებს, რომ ექსპერტთა დასკვნების მიხედვით, მომჩივანსა და შვილს შორის ადეკვატური ურთიერთობის გარეშე დროის გასვლამ იქონია გადამწყვეტი როლი ამ უკანასკნელის მხრიდან მამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
130. მართალია, სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის ნახვისა და მეურვეობის უფლების ჭრილში მხარეთა მიერ შეუსრულებლობა განსაკუთრებით რთულად მოსაწესრიგებელია სასამართლოების მეშვეობით, თუმცა სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები არ აჩვენებდა, რომ საოჯახო საქმეების განმხილველმა მოსამართლემ გამოავლინა ძალისხმევა, მხარეების შერიგების მიზნით ან რომ მან გადადგა ნაბიჯები, რათა ხელი შეეწყო სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის.
131. რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლებელს გახდიდა მომჩივანსა და მის შვილს შორის ოჯახური კავშირის აღდგენას, სასამართლო იმეორებს, რომ მართალია, ამ სენსიტიურ სფეროში ბავშვებთან მიმართებით იძულებითი ღონისძიებების გამოყენება არ არის სასურველი, თუმცა სანქციების გამოყენება არ უნდა გამოირიცხოს იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, ცალსახად უკანონოდ იქცევა (Maire v. Portugal , n o 48206/99 , § 76, ECHR 2003-VII). თუმცა, მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა თავიდან აირიდეს ბავშვის დედის მიმართ მსგავსი ღონისძიებების გამოყენება.
132. სასამართლო დამატებით იხსენებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება - გაატაროს პოზიტიური ღონისძიებები, რომლებიც მშობლის შვილთან ურთიერთობის აღდგენის შესაბამისია- არ არის აბსოლუტური. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში ჩართული ყველა პირის თანამშრომლობა და შეხედულებები მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია ( Maumousseau and Washington v. France , n o 39388/05 , § 83, 6 December 2007).
ამასთან კავშირში სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლო სისტემაში არ იყო დანერგილი სამოქალაქო მედიაცია, რომლის არსებობაც სასურველი იქნებოდა, როგორც დავის მონაწილე პირებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი საშუალება.
133. სასამართლო მოიხმობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას Rec (98) საოჯახო მედიაციაზე, რომლის მიხედვით საოჯახო მედიაციის გამოყენებას შეუძლია ,,გააუმჯობესოს ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია, შეამციროს კონფლიქტი, წარმოქმნას შეთანხმებები, უზრუნველყოს მშობლებსა და შვილებს შორის პიროვნული კავშირის გაგრძელება, შეამციროს ფინანსური და სოციალური ხარჯები, რაც თან ახლავს განქორწინებას როგორც მხარეებისთვის, ასევე სახელმწიფოებისთვის’’.
134. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ გადადგა ყველა პრაქტიკული ღონისძიება, რომელიც გონივრულად საჭირო იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, მან ვერ შეასრულა კონვენციის მე-8 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები.
135. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
41-ე მუხლი: მომჩივანს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 17 000 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები